ღამით რუსეთი კიევს დრონებით დაესხა თავს – სამხედრო ადმინისტრაცია

11 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ჰაერიდან შეუტიეს კიევს. ეს უკვე მეორედ მოხდა ივლისში. წინასწარი ინფორმაციით, რუსეთმა ამჯერადაც ირანული „შაჰედები“ გამოიყენა თავდასხმისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს ტელეგრამზე.

„ირანული დრონები სამხრეთიდან, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქიდან გაუშვეს. კიევის მიმართულებით მოძრავი ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე განადგურდა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ. კიდევ ერთხელ მადლობა თავდაცვას შესანიშნავი მუშაობისთვის“ – წერს კიევის სამხედრო ადმინისტრაცია.

მოგვიანებით კიევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ კიევის რეგიონის ორ რაიონში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 12 კერძო სახლი და ერთი მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა, მაგრამ დაზიანება უმნიშვნელოა, მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

2023 წლის მაისში რუსეთი რეგულარულად ესხმოდა თავს კიევს. უკრაინული მედიის ცნობით, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების მიერ გაშვებული 250-ზე მეტი საჰაერო სამიზნე გაანადგურეს უკრაინის დედაქალაქის თავზე, თუმცა, რუსეთის თავდასხმებს მაინც მოჰყვა მსხვერპლი და დანაკარგი.

ივნისში კიევზე თავდასხმების რაოდენობა შემცირდა, ხოლო ივლისში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალები „შაჰედებით“ დაესხნენ თავს კიევს.

ხვალიდან გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივლისის 21 საათიდან 12 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან დროგამოშვებით წვიმა, დღისით – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 13-14 ივლისს ბათუმში და მთელ აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღებისთვის 1 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, 1 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2023 წლის ივლისის დასაწყისში, ერთ-ერთ პირზე გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 8 850 აშშ დოლარის ოდენობის, 50 და 100 დოლარის ნომინალის ყალბი კუპიურა.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

დიდაჭარაში მიწის აზომვა დასრულდა – შედეგების გადამოწმება რეესტრში შეიძლება

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის დიდაჭარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

მესაკუთრეებმა/დაინტერესებულმა პირებმა მონაცემები 10 აგვისტომდე უნდა გადაამოწმონ და შენიშვნების შემთხვევაში მიმართონ რეესტრს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რეესტრი აზომვის მონაცემებს მათ მიერ მოწონებულად ჩათვლის.

  • რეესტრის ინფორმაციით, მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე

დღეს, 10 ივლისს, საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აზომვის მონაცემების გადამოწმება ასევე შესაძლებელია ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, თუმცა ეს მონაცემები აღნიშნულ ვებგვერდზე არ იძებნება.

  • „მონაცემების გაცნობა ასევე შესაძლებელია ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, დიდაჭარის ადმინისტრაციულ შენობაში, იუსტიციის სახლებში“, – აცხადებს საჯარო რეესტრი.

„2023 წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში მესტიის, ხულოს, ხობის, დმანისისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

„იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის [მიწის აზომვის] შედეგებს, გთხოვთ, 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.“ – აღნიშნულია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციული ერთეულები, სადაც მიწის ნაკვეთების აზომვითი მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა / სხვადასხვა სოფლებში აზომილი მიწის ნაკვეთების შესახებ მონაცემებს რეესტრი პერიოდულად აქვეყნებს / წყარო: საჯარო რეესტრი

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2025 წლამდე უნდა დასრულდეს. ამასთან, „2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2025 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, ამავე პერიოდის განმავლობაში, არ გაითვალისწინება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას“.

საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესი ხულოს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზეა დაწყებული, თუმცა, ვერ გვითხრეს, როდის გამოქვეყნდება მონაცემები თითოეული თემის შემთხვევაში.

კონკრეტულად აჭარის რომელი მუნიციპალიტეტის რომელ თემში [სოფლებში] არის დაგეგმილი მიწის უფასო რეგისტრაცია და კონკრეტულად როდის დაიწყება აზომვითი სამუშაოები – ამის შესახებ გეგმა-გრაფიკი „ბათუმელებმა“ იუსტიციის სამინისტროდან და საჯარო რეესტრიდან ოფიციალურად, წერილობითაც გამოითხოვა, თუმცა პასუხები არ მიგვიღია.

აჭარის მუნიციპალიტეტებში მიწის უფასოდ აზომვა იმ გეგმა-გრაფიკის მიხედვით კი, რაც საჯარო რეესტრს საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული, არ მიმდინარეობს.

მთავარი ფოტო: ხულო, სოფელი დიდაჭარა, ივლისი, 2023 წელი / ფოტო: ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

ამავე თემაზე:

საჯარო რეესტრისთვის აჭარაში აღარ გამოიდარა – როდის დაიწყებენ მიწის უფასოდ აზომვას

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 235 020 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
  • ტანკი – 4 089 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 983 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 4 385 ერთეული [+14]
  • MLRS – 672 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 414 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 693 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 966 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 640 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 455 თვითმფრინავი
  • 241 ვერტმფრენი
  • 4 966 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 649 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 137 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 413 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 592 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინაში „ბაირაქტარის“ დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყეს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინელმა დამცველებმა ერთ კვირაში გაათავისუფლეს 14 კვ. კილომეტრი – მალიარი

 

ბათუმში, ურეხის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 10 ივლისს, ბათუმში, ურეხში, ზედაღელის დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა მალაყმაძეების ოჯახში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მწყერი ძლიერ ნალექს მოჰყვა – დღეს ბათუმში თითქმის მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა, რასაც ქალაქის ზოგიერთი ქუჩის დატბორვა მოჰყვა.

მალაყმაძეების ოჯახში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მათ ეზოში მეწყერი ჩამოწვა – იგივე მოხდა 3-4 წლის წინ და მეორედ – დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. ოჯახში ამბობენ, რომ მერიაში უთხრეს, რომ მათ საკითხს განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილების შესახებ მათთვის უცნობია.

ბათუმში სამშენებლო ნებართვებს 150 000 – 200 000 დოლარად ყიდიან – ვის ეკუთვნის ეს „ბიზნესი“

ბათუმში სამშენებლო ნებართვები იყიდება და „დიდი ფული კეთდება“. მოგება, რაც ამ საქმიდან მშენებლობის ნებართვის მფლობელს რჩება, უმეტეს შემთხვევაში 100 ათასობით „უფასო ფულია“, რადგან ფულს იხდიან მხოლოდ შეთანხმებულ პროექტში. სამშენებლო ადგილი, მშენებლობის ხარჯი და ასე შემდეგ, ნებართვის მიმღების საზრუნავი არ არის. სქემა ასეთია – „იღებ ნებართვას, შემდეგ ამ ნებართვას ყიდი და საქმიდან გადიხარ“.

უფრო მარტივად რომ ავხსნათ, გაყიდული სამშენებლო ნებართვების უმეტესობა მშენებლობას სხვის მიწაზე ითვალისწინებს, ანუ მშენებლობის მსურველს ნებართვის მიღების პროცესში სამშენებლო მიწის ნაკვეთი არ ეკუთვნის.

ხშირ შემთხვევაში გარიგება დამატებით ბენეფიტებსაც ითვალისწინებს. შეიძლება ეს იყოს ბინა ან ბინები, აპარტამენტი ან აპარტამენტები ზღვის ხედით, კომერციული ფართობები…

სამშენებლო ნებართვებით „ფულის კეთების“ შესაძლებლობაზე ინფორმაცია „ბათუმელებს“ ამ დრომდეც ჰქონდა – კონკრეტულმა პირებმა, რიგი გარემოებების გამო, ზედმიწევნით კარგად იციან, როგორ „ლაგდება“ სქემა, რომლის მიხედვითაც სხვისი ქონების გამოყენებით ფულის შოვნა შეიძლება. ამ შემთხვევაში მთავარი ფიგურანტი არის ის, ვისაც, „საქმის გაკეთება“, ანუ ნებართვის მიღება შეუძლია.

  • კომპანიის 50% დაფუძნებიდან 10 დღეში 393 104 ლარად გაიყიდა – როგორ?

ახალდაფუძნებული კომპანია, შპს „მაგი დეველოპმენტი“ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 11-სართულიან კორპუსს აშენებს. მშენებარე კორპუსში ბინები უკვე იყიდება. კომპანიის 50 პროცენტი მესაკუთრემ, არჩილ აბულაძემ, 393 104 ლარად, კომპანიის დაფუძნებიდან ათ დღეში გაყიდა. ახალდაფუძნებული კომპანიისთვის ეს წარმოუდგენლად მომგებიანი გარიგებაა.

შპს „მაგი დეველოპმენტის“ 50 პროცენტის მყიდველი ჰენრი ცომაიაა, პარალელურად შპს „დექსტერ დეველოპმენტის“ ყოფილი მფლობელი და დირექტორი. ის ფლობდა ასევე შპს „ბმ მოტორსის“ წილებს.

შპს „მაგი დეველოპმენტი“ არჩილ აბულაძემ 2021 წლის 13 დეკემბერს პარტნიორთან ერთად დააფუძნა – კომპანიის წილების ნახევარს თანადამფუძნებელი, მამუკა აბუსელიძე დღემდე ფლობს.

დაფუძნებიდან 11 დღეში, 2021 წლის 11 დეკემბერს, კომპანიამ ბათუმში, აღმაშენებლის 12ზ-ში 1313 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა. რეესტრის ამონაწერში რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება „გადახდის განვადების პირობით“. ამ დროისთვის მიწის ნაკვეთის ყოფილ მესაკუთრეს უკვე მზად ჰქონდა მშენებლობის განახლებული ნებართვა.

დოკუმენტების მიხედვით, აღმაშენებლის #12ზ-ში მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერიისგან 2021 წლის ნოემბერში მიიღო, შპს „მაგი დეველოპმენტის“, შემდგომში მშენებელი კომპანიის დაფუძნებამდე ერთი თვით ადრე.

როგორც დოკუმენტებშია მითითებული, ახალი ნებართვა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა „ძველის ხარჯზე“, 2017 წელს გაცემული შეთანხმების საფუძველზე გასცა. მან ნაკვეთის მესაკუთრეს მშენებლობის ნებართვის ვადა 2023 წლამდე გაუგრძელა.

არჩილ ჩიქოვანმა შესაბამის ბრძანებას ნებართვის განახლების თაობაზე ხელი 2021 წლის 29 ნოემბერს მოაწერა.

პროექტის რენდერი აღმაშენებლის ქუჩაზე

დოკუმენტებით დგინდება ისიც, რომ თავიდან აღმაშენებლის #12ზ-ში მშენებლობას შპს „იაშამ გრუპი“ გეგმავდა. კომპანია, მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედაც იყო დარეგისტრირებული და მშენებლობის ნებართვაც მიიღო ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ხელმოწერით.

ამ ბრძანებას ხელი ყოფილმა მერმა გიორგი ერმაკოვმა 2017 წლის 30 ივნისს მოაწერა. მართალია, აქ აღმაშენებლის #12 დ – არის მითითებული და არა 12 ზ – თუმცა საკადასტრო კოდი და მიწის ფართობი იგივეა.

მოგვიანებით მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ნოდარ დიასამიძე დაფიქსირდა. როგორც რეესტრის ამონაწერშია მითითებული, მან ქონება სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიბრუნა.

კომპანიის დაფუძნებამდე არჩილ აბულაძეს სამშენებლო ბიზნესი არ ჰქონია, ის 2013 წლიდან ფლობს კომპანიას შპს „იმპექსს“, რომელიც ტენდერებში მონაწილეობს და სახელმწიფო დაკვეთებს იღებს, ძირითადად სარემონტო სამუშაოებზე.

ეს კომპანია მუშაობდა გორგილაძის #8-ში მდებარე სკვერის მოწყობის სამუშაოებზე, თუმცა სკვერის მოწყობის სამუშაოების ტენდერი ამ კომპანიას არ მოუგია. „იმპექსი“ სავარაუდოდ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „ნიუ სთაილის“ ქვეკონტრაქტორი იყო. 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, არჩილ აბულაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამიდ­­აშვილი და აქტიური მხარდამჭერია. განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდებში აქტიურობს – ჩართულია „ოცნების“ სასარგებლო აგიტაციაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მან „ოცნებას“ 10 000 ლარი შესწირა. 

არჩილ აბულაძემ „ბათუმელებთან“ თორნიკე რიჟვაძესთან ნათესაობა უარყო. მე სამშენებლო კომპანია არ მაქვს, სარემონტო კომპანია მაქვს. არ ვარ თორნიკე რიჟვაძის ნათესავი“, – გვითხრა მან. 

შპს „იმპექსი“ არჩილ აბულაძემ 2013 წელს გიორგი ზოიძესთან ერთად დააფუძნა, ისინი კომპანიის წილებს თანაბრად იყოფდნენ. 2019 წელს გიორგი ზოიძემ თავისი 50% არჩილ აბულაძეს უსასყიდლოდ დაუთმო.

  • არჩილ აბულაძის პარტნიორი

შპს „მაგი დეველოპმენტის“თანამესაკუთრე მამუკა აბუსელიძე კიდევ ორი კომპანიის მფლობელია. 2016 წელს მას შპს „აჭარა ბილდინგი“ დაუფუძნებია ელგუჯა ფარტენაძესთან ერთად. ისინი კომპანიის წილებს თანაბრად ინაწილებენ. კომპანიის საქმიანობის სფეროებად სამშენებლო მასალებით ვაჭრობა და მშენებლობაა მითითებული.

შპს „აჭარა ბილდინგმა“ 2019 წელს კაჭარავას ქუჩის #7-ში, ე.წ. „ვოქსის“ კორპუსის მიმდებარედ მშენებლობის ნებართვა მიიღო. ნაკვეთი კომპანიამ 2018 წელს მესაკუთრეებთან გარიგების საფუძველზე დაირეგისტრირა.

მიმდინარე მშენებლობა
რენდერი

2022 წლის ივნისში მამუკა აბუსელიძემ კიდევ ერთი კომპანია „კომფორტ ჰაუსი“ დააფუძნა, თუმცა რეესტრში ამ კომპანიის საკუთრებად ჯერ არაფერია დარეგისტრირებული.

  • შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი – ფასი: 150 000 დოლარი

2022 წლის აპრილში შპს „ონიქსმა“ მერიასთან შეთანხმებული არქიტექტორული პროექტი 150 000 დოლარად გაყიდა. კომპანიას ბათუმში, ლორთქიფანიძის #24/36-ში მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აეშენებინა.

შპს „ონიქსმა“ ლორთქიფანიძის #24/36 -ში ამ მისამართზე სამშენებლო პროექტის პირველი ეტაპი მერიას 2019 წელს შეათანხმა. ეს მხოლოდ არქიტექტურული პროექტია, რაც, ცხადია, არ არის საბოლოო ნებართვა, ნებართვის მიღებამდე კიდევ ორი ეტაპია გასავლელი.

ბათუმი, ლორთქიფანიძის #36
პროექტის მიხედვით, მშენებლობა იგეგმება ამ სახლის და მის მიმდებარედ გამწვანებულ სივრცეში

შეთანხმების მიხედვით, პროექტის ახალი მფლობელი იღებს ვალდებულებას, რომ ორი წლის განმავლობაში მიმართავს მერიას და მიიღებს სამშენებლო ნებართვას შეთანხმებულ მისამართზე. ასევე, აქვს უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს პროექტში ცვლილება.

ამ ყველაფრის სანაცვლოდ შპს „ეკოლაინმა“ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან ერთ თვეში შპს „ონიქსს“ 150 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.

2022 წლის 3 მაისს შპს „ონიქსმა“ მერიას ოფიციალურად აცნობა, რომ მშენებლობისთვის საჭირო რესურსი არ გააჩნია, ამიტომაც შეთანხმებულ პროექტს შპს „ეკოლაინს“ გადასცემს და მერიას ამ ცვლილების შეთანხმება სთხოვა.

შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი ბათუმში, გრიგოლ ლორთქიფანიძის #24/36-ში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებდა. დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას ოთხი საკადასტრო ერთეული მიწის ნაკვეთი ერთ საკადასტრო კოდზე უნდა გაეერთიანებინა.

ამ მიწის ნაკვეთებიდან ორის ამონაწერი 2019 წლის შემდეგ არ განუახლებიათ, ორის კი – 2017 წლის შემდეგ. ამ ამონაწერების მიხედვით, არც ერთი მათგანის მფლობელი შპს „ონიქსი“ არ არის და რეესტრში არც რაიმე შეთანხმებაა ასახული.

საჯარო რეესტრის 2020 წლის მონაცემების მიხედვით [მას შემდეგ ამონაწერი არ განახლებულა], შპს „ონიქსის“ მფლობელი ბელორუსის მოქალაქე იჰარ ზარეცკია. შპს „ეკოლაინის“ 50 პროცენტს გიორგი დავითაძე ფლობს, დარჩენილი 50 პროცენტი კი იმავე პირის, იჰარ ზარეცკის საკუთრებშია.

  • ბათუმის ვიცე-მერის დედამ კომპანია მშენებლობის ნებართვის მიღების პირობით 215 000 აშშ დოლარად გაყიდა

შპს „Best Offer Group“-ი ბათუმში, ლორთქიფანიძის 30/32-ში სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ეს კომპანია ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის დედამ, კლარა დავითაძემ, 215 000 დოლარად გაყიდა იმ პირობით, რომ ერთ თვეში, კომპანიის საკუთრებაში უკვე დარეგისტრირებულ ფართობზე მშენებლობის ნებართვას მიიღებდა. მან ეს პირობა ერთ თვეში შეასრულა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „Best Offer Group“-ი ბათუმის ვიცე-მერმა ლევან დავითაძემ 2011 წელს დააფუძნა. მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ამ კომპანიის მოგება 2015-2019 წლებში ნული ლარი იყო. 2016 წელს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დირექტორის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ, ლევან დავითაძემ ეს კომპანია დედას გადაუფორმა უსასყიდლოდ.

ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვიცე-მერის დედამ საჩუქრად მიღებული კომპანია, რომელსაც მანამდე მოგება არ ჰქონია, 2020 წელს სარფიანად გაყიდა. ამ გარიგებამ მას სოლიდური თანხა – 215 000 აშშ დოლარი მოუტანა. გარიგება ასევე ითვალისწინებდა ლევან დავითაძის დედისთვის ბათუმის პრესტიჟულ უბანში, ზღვასთან ახლოს, 400 კვ.მეტრი ფართობის გადაცემასაც, მშენებარე კომპლექსის მე-17 სართულზე, ზღვისა და მთის ხედებით. გარიგებაში მონაწილეობდა საქართველოს ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანია.

ვიცე-მერის დედა საჯარო რეესტრის ამონაწერში დღემდე ამ კომპანიის კრედიტორად ფიქსირდება.

ლევან დავითაძის მიერ დაფუძნებული კომპანია Best Offer Group-ი, რომელიც ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ იყიდა, სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსს ბათუმის ახალ ბულვართან აშენებს.

მიმდინარე მშენებლობა
ბათუმში, ლორთქიფანიძის #30-32 -ში მიმდინარე მშენებლობა

ცვლილება კომპანიის მონაცემებში 2020 წლის სექტემბერში აისახა, კლარა დავითაძემ კომპანიის ასივე პროცენტი შპს „ჯორჯიან ვიზინგს“ მიჰყიდა.

შეთანხმების მიხედვით, კლარა დავითაძემ აიღო ვალდებულება, რომ თავად უზრუნველყოფდა 26-სართულიანი კორპუსის პროექტის მესამე ეტაპის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას და შესაბამის ხარჯებსაც თვითონ გაიღებდა.

ვიცე-მერის დედამ ასევე აიღო ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მიღებას ზუსტად 30 სამუშაო დღეში შეძლებდა. მან პირობა შეასრულა. შეთანხმებას ხელი 2020 წლის 3 სექტემბერს მოეწერა. მერიის ინფორმაციით, შპს Best Offer Group-მა მშენებლობის ნებართვა 2020 წლის 22 ოქტომბერს მიიღო. ნებართვას ხელი მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა მოაწერა.

ამ გარიგებამდე ცოტა ხნით ადრე, 2020 წლის სექტემბერში, მიწის ნაკვეთები ბათუმში, ლორთქიფანიძის #30-32-ში შპს Best Offer Group-მა მესაკუთრეებთან გარიგების საფუძველზე დაირეგისტრირა. გარიგება მშენებლობის მომსახურებას გულისხმობდა. რეესტრში თავიდანვე ჩაიწერა სოლიდარული თავდებობის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირი მონაწილეობდა. ეს მესამე პირი კი სწორედ ყოფილი შს მინისტრის კომპანია – „ჯორჯიან ვიზინგი“ იყო.

შპს „ჯორჯიან ვიზინგის“ 50 პროცენტი ალექსანდრე ჭიკაიძეს, 50 პროცენტი კი თორნიკე ქორთოშიძეს ეკუთვნის. კომპანიას უტა მაღლაფერიძე ხელმძღვანელობს.

სამშენებლო კოდექსის დამტკიცებამდე ანუ ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე, „ბათუმელებს“ პროცესში მონაწილეებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულ მისამართებზე ნებართვებს სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული მოხელეების დახმარებით იღებდნენ ის კომპანიები ან პირები, რომლებსაც მშენებლობისთვის რესურსი არ გააჩნდათ.

მნიშვნელოვანია პირველი ეტაპის, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების დოკუმენტიც. მერიაში ყოველთვის განმარტავენ, რომ ასეთი შეთანხმების შემდეგ მერია პროცედურის გაგრძელებაზე უარს ვერ იტყვის: „კომპანია გვიჩივლებს და მოიგებს“ – ამის საილუსტრაციოდ, მაგალითად, ბათუმის ყოფილი მერი ლაშა კომახიძე შპს „პროგრეს-სიტის“ მაგალითს ასახელებდა ხოლმე. კომპანიამ სასურველი სიმაღლის პროექტის მშენებლობაზე უარის გამო, რაც პირველ ეტაპზე ჰქონდა შეთანხმებული, მერიას უჩივლა და სასამართლო დავა მოუგო. 

კომპანიებმა ახალი კოდექსის ამოქმედებამდე ნებართვები მიიღეს და თაროზე შემოდეს იმ იმედით, რომ მათ მომავალში გამოიყენებდნენ და გამოიყენეს კიდეც.

„ბათუმელები“ ასევე წერდა სამშენებლო პროექტების შესახებ, მათ შორის ქალაქის ცენტრში, რომლებზეც ნებართვა გაიცა, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. მათ შორის არის პროექტებიც, რომლებიც სამშენებლო მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც არის შეთანხმებული.

„ბათუმელები“ ესწრებოდა ზონალური საბჭოს სხდომებს, სადაც ეს პროექტები განიხილეს. ამ სხდომებზე ჩანაწერი ადასტურებს, როგორ ჩქარობდნენ კონკრეტული პირები ნებართვების მიღებას კონკრეტულ მისამართებზე.

ნებართვები გაიცა, წლები გავიდა, თუმცა ამ მისამართებზე მშენებლობა არ დაწყებულა.

რა გამოიძიეს მარტის აქციებზე, სადაც 21 ჟურნალისტი დაზარალდა – მედიაომბუდსმენის ანგარიში

სახელმწიფოს ამ დრომდე არავინ დაუსჯია 2023 წლის მარტის ცნობილი აქციების შემდეგ, როცა შსს-მ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სამართალდამცველებმა იძალადეს აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებს კი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში შეუშალეს ხელი.

რა ეტაპზეა იმ საქმეების გამოძიება, სადაც 21 ჟურნალისტი დაზარალებულად მიიჩნიეს? – „მედიაომბუდსმენის“ ახალი ანგარიშის მიხედვით, ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. „მედიაომბუდსმენმა“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მიიღო მიმდინარე გამოძიების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია.

7-9 მარტის მოვლენებზე გამოძიება გრძელდება სსკ-ის 333-ე [სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება] და სსკ-ის 154- მუხლით [ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა]. „მედიაომბუდსმენი“ აღნიშნავს, რომ უცნობია, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის კუთხით 2 მარტის საქმეზე, როცა პარლამენტის შენობიდან ჟურნალისტები გამოაძევეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, რაც ამ უწყებამ „მედიაომბუდსმენს“ მიაწოდა, გამოძიების დაწყებიდან დღემდე 7 – 9 მარტის საქმეზე გამოკითხულია 142 მოქალაქე, მათ შორის 19 ჟურნალისტი და 24 პოლიციელი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა 18 ადამიანს ჩაუტარდა.

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შემთხვევის ადგილი 8 სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა, იდენტიფიცირებულია გამოძიებისთვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები…. ამ დრომდე აქციის 33 მონაწილეს და მათ შორის 8 ჟურნალისტს შესთავაზეს სისხლის სამართლის მასალების გაცნობა,“ – აღნიშნულია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში.

2023 წლის 7-9 მარტს სხვადასხვა წყაროდან ჯამში 124 შეტყობინება დაფიქსირდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა

„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშიდან ასევე ჩანს, როგორ ცდილობენ სახელმწიფო უწყებები ინფორმაციის მიჩქმალვას, როცა საქმე მარტის მოვლენებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას უკავშირდება.
„საქართველოს პარლამენტმა არ გასცა ინფორმაცია, თუ რა ზომები მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ 2 მარტს ჟურნალისტების გამოძევების და უფლებების დარღვევის ფაქტზე. შსს-მ არ გასცა ინფორმაცია აქციების დაშლისას გამოყენებული ადამიანური და ტექნიკური რესურსების შესახებ,“ – აღნიშნულია „მედიაომბუდსმენის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მედიაომბუდსმენი“ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქების დროს დაზარალებული 21 ჟურნალისტის და ოპერატორის ინტერესებს USAID Media Program/USAID მედია პროგრამას მხარდაჭერით იცავს.

ბათუმში ავტომანქანა ბავშვს დაეჯახა – ის რეანიმაციაშია

დღეს, 10 ივლისს, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მყოფ ბავშვს დაეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ბავშვი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაახლოებით 6-7 წლის ბავშვი რეანიმაციაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

ბათუმში ქარმა ხე მოგლიჯა და მანქანებს დაეცა | ფოტო

დღეს, 10 ივლისს, ბათუმში, სევერიანე აჭარელის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა და ავტომანქანებს დაეცა.

ხემ ასევე დააზიანა და წააქცია ელექტროგადამცემი ბოძი.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილი
10 ივლისი, ბათუმი

 

უკრაინელმა დამცველებმა ერთ კვირაში გაათავისუფლეს 14 კვ. კილომეტრი – მალიარი

3-9 ივლისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 14 კვადრატული კილომეტრი; სამხრეთით – 10,2 კვადრატული კილომეტრი და ქვეყნის აღმოსავლეთით – 4 კვადრატული კილომეტრი.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი წერს ტელეგრამზე.

„აღმოსავლეთით, ოპერატიული (ტაქტიკური) პოზიციის გაუმჯობესებისა და ფრონტის ხაზის გასწორების შედეგად, გათავისუფლებული ტერიტორიების ფართობი კვირაში 4 კვ.კმ-ით გაიზარდა. მთლიანი გაწმენდილი ტერიტორია აღმოსავლეთით 24 კვ.კილომეტრია.

სამხრეთით, გარკვეულ რაიონებში შეტევითი მოქმედებების შედეგად, უკრაინის თავდაცვის ხაზიდან მტრის სიღრმეში წინსვლა ხდება. დეოკუპირებული ტერიტორია ერთ კვირაში 10,2 კვ.კმ-ით გაიზარდა. გათავისუფლებული მიწის საერთო ფართობი 168,6 კვ.კმ-ია“ – წერს მალიარი.

მისივე თქმით, გასული კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე 39 სარაკეტო და 334 საჰაერო დარტყმა განახორციელა. რუსეთმა უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ გამოიყენა 343402 საარტილერიო და სარაკეტო ჭურვი.

_____________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი/facebook

ავარია ჩაქვის გვირაბში – 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნები

დღეს, 10 ივლისს, ავარია მოხდა ჩაქვის გვირაბში, სადაც ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შსს-ში დაუდასტურეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებს შორის 3 არასრულწლოვანია – ისინი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

 

უკრაინაში „ბაირაქტარის“ დრონების ქარხნის მშენებლობა დაიწყეს

უკრაინაში დაიწყო „ბაირაქტარების“ მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა – ამის შესახებ უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა დღეს, 10 ივლისს, ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

მისი განმარტებით, საუბარია მშენებლობაზე და არა შემდეგ ეტაპზე.

ქარხნის მშენებლობა, სავარაუდოდ, დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება, ქარხანაში ააწყობენ თავდასხმით დრონს – Bayraktar TB2-ს, მძიმე დრონს – Akıncı-ის და Kızılelma-ს, გამანადგურებელ დრონს.

თურქული წარმოების Bayraktar TB2 დარტყმის უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ წარმოებულ ომში აქტიურად გამოიყენეს.

ბაირაქტარს, რომელიც 2015 წლიდან გამოიყენება, შეუძლია ჰაერში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში გაჩერება და მართვადი საბრძოლო მასალის სროლა – 2,5-დან 37,5 კილოგრამამდე.

უკრაინამ ბაირაქტარის დრონები თურქეთიდან ჯერ კიდევ 2021 წელს შეიძინა. 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში Bayraktar-ების ქარხანა აშენდებოდა სამხედრო დრონების შესაქმნელად.

დაჭრილი რუსები ნელა გაჰყავთ ფრონტიდან, რაც მათი სიკვდილის მიზეზი ხდება – ბრიტანული დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 10 ივლისს წერს, რომ რუსეთი არ იყო მზად ფრონტიდან ამ რაოდენობით დაჭრილების სამედიცინო მომსახურების გასაწევად.

დაზვერვის ცნობით, უკრაინაში შეჭრიდან, ყოველდღიურად, საშუალოდ 400-მდე ადამიანი ტოვებს ბრძოლის ველს [საუბარია როგორც დაღუპულებზე, ასევე დაშავებულებზე] და ეს იწვევს საავადმყოფოების გადატვირთვას, განსაკუთრებით ფრონტის წინა ხაზზე. გარდა ამისა, ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ჰოსპიტლებში ადგილები გადანახულია ოფიცრებისთვის.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ციტირებს რუსეთის კალაშნიკოვის ომის მედიცინის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელს, არტემ კატულინს, რომელმაც აპრილში თქვა, რომ „სავარაუდოდ, ომში დაღუპულთა 50-მდე პროცენტს არ ჰქონდა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება“, ანუ ადამიანების გადარჩენა შეიძლებოდა დროული სამედიცინო დახმარების პირობებში.

დაზვერვის ცნობით, დაჭრილების ძალიან ნელი ევაკუაცია და რუსული, სამედიცინო რეზინის არასათანადო გამოყენება დაჭრილებში, არის სიკვდილიანობისა და ამპუტაციის წამყვანი მიზეზი.

___________

ფოტოზე: რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალი. კადრი რუსული მედიის ვიდეომასალიდან.

უკრაინა ფრონტზე სამი მიმართულებით უტევს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მომზადებულ ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ 9 ივლისს უკრაინულმა ძალებმა ჩაატარეს კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორზე.

ISW-ი, რომელიც მიმოხილვის მომზადებისას ძირითადად ეყრდნობა უკრაინულ და რუსულ ღია წყაროებს, უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე სირსკისზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინული ძალები წარმატებით აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის მიმართულებით და, ასევე, უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით.

ISW-ი მიმოხილვაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინული ძალები ახორციელებენ თავდასხმებს დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და უკრაინული მცირე ჯგუფები თავს ესხმიან რუსეთის პოზიციებს – მათი სამიზნეა რუსეთის უკანა პოზიციები, იარაღის საწყობები და ინფრასტრუქტურა.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულის შეთანხმებას ვადა ეწურება 17 ივლისს და სავარაუდოდ კრემლისგან მოსალოდნელია მუქარა, რომ არ გაახანგრძლივებს შეთანხმებას.

მუდმივი მალვა, ძალადობა და სიღარიბე – სექსმუშაკი ქალები საქართველოში

„19 წლის გავთხოვდი, ქმარი სვამდა და მცემდა… მუდამ შარზე იყო, რამდენჯერ გავუგდივარ ღამით თოვლსა და წვიმაში გარეთ, მერე ჩუმად ვიპარებოდი ბავშვებთან; მშობლებთან დაბრუნებულს მითხრეს, უნდა მოითმინოო. ფსიქოლოგიურად ძალიან მიჭირდა, საკუთარ თავში ჩავიკეტე… გამიჭირდა გაჩერება, წასასვლელი კი არსად მქონდა… ნაცნობმა გოგომ, თურქეთში, ეს სამუშაო შემომთავაზა“, – ჰყვება ირინა ბათუმიდან, ის ახლა 46 წლისაა და 15 წელია სექსსამუშაოშია ჩართული.

სექსმუშაკი ქალები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე უფლებრივი მდგომარეობის მხრივ. ადრეულ ასაკში „გათხოვება“, ოჯახში ძალადობა და სიღარიბე – ეს სამი ფაქტორი აერთიანებს ყველა იმ ისტორიას, რომლებიც „ბათუმელებს“ სექსსამუშაოში ჩართულმა ქალებმა უამბეს.

  • ოჯახში ძალადობა და სიღარიბე

თეა 16 წლის იყო, როცა სრულწლოვანი ბიჭისგან დაორსულდა, რომელზეც დააქორწინეს. იქამდე სამხრეთ საქართველოში, დედასთან და მოძალადე მამასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ცოლსა და შვილზე ფიზიკურად ძალადობდა – „ერთხელ დედა მაშით სცემა, კბილები სულ ჩამტვრეული ჰქონდა“. – იხსენებს თეა. – „რამდენჯერ, მთვრალს, მეც სასტიკად ვუცემივარ“. 

თეა დღეს 23 წლისაა, 13 წლის ასაკში, ოჯახის ახლობლის მხრიდან, რამდენჯერმე გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, თუმცა ეს ამბავი დღემდე არ გაუმხელია ოჯახის წევრებისთვის. 

სექსსამუშაოში, ქმართან სამწლიანი თანაცხოვრების დასრულების შემდეგ, თბილისში ჩაერთო: „მაშინ კონსულტანტად ვმუშაობდი ერთ-ერთ მაღაზიაში, შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობდი, რომელსაც შინ არაფერი მოჰქონდა, ყველაფერს ჩემგან ელოდა, საჭმელსაც, სიგარეტსაც. ეს საქმე ერთ-ერთმა სექსმუშაკმა გოგომ შემომთავაზა, რომელიც შემთხვევით გავიცანი, მაშინ უარი ვუთხარი… მაგრამ მერე ვიფიქრე – რატომაც არა, ასე ქუჩაში ყოფნას, ჩემი ფული მექნება, ჩემი ტელეფონი მექნება… და გადავწყვიტე“.

თეა

 ბავშვობაში სექსუალური ძალადობის შემთხვევას იხსენებს 26 წლის ტრანსგენდერი ქალი თბილისიდან ნათია, რომელიც 11 წელია სექსსამუშაოშია ჩართული. „8 წლის ვიყავი. სპეციალურად ისეთ ადგილას წამიყვანა, სადაც ვერც ჩემს ხმას გაიგონებდა ვინმე, ვერც დამინახავდა. პირველად ისე ცუდად გავხდი, გონება დავკარგე. 13-14 წლამდე ძალადობდა. ახლაც იქ ცხოვრობს, მაგრამ აბა, რას დავუმტკიცებ…“

ნათია ჰყვება, რომ სექსსამუშაოში თბილისში ჩაერთო, სადაც მე-9 კლასის დამთავრებისთანავე გადავიდა საცხოვრებლად და სტილისტის კურსებზე ჩააბარა:

„ერთ საღამოს სალონიდან ფეხით წამოვედი, დავინახე, ცირკთან გოგოები იდგნენ. მეთქი, რა მაგარი „ნაშებია“, ახლოს მივედი, კაცის ხმით ლაპარაკობდნენ. ერთ-ერთმა სახლში დამპატიჟა. კაბა მოვირგე, მე იქამდეც მაინტერესებდა ასეთი ტანსაცმელი, თმა… მალევე გამოვერკვიე ვინ ვიყავი და მეც გადავწყვიტე ამ საქმეში ჩართვა“. 

ნათია ამბობს, რომ თავიდან ეს საქმე საკმაოდ მომხიბვლელად ეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ეზიზღება, „გავიგე, რომ სექსსამუშაოში კარგი ფული იშოვება. ახალი რომ ვიყავი, დაინტერესებაც მეტი იყო. ძალიან დავიღალე… ევროპაში წასვლაზე ვფიქრობ, იქ ყველანაირ სამსახურში მოვახერხებ მუშაობას, მხვეტავად, მიმტანად… ოღონდ იქაც „ბოზი“ არ ვიყო“.   

  • თვითდესტრუქციული ქცევა და ადიქციები

 სექსსამუშაოში ჩართვა საქართველოში დიდწილად ასოცირდება საკუთარი უსაფრთხოებისა და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მაღალ რისკებთან. ჩვენი რესპონდენტები, ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების ჭარბად მოხმარებასა და სექს-სამუშაოს შორის მჭიდრო კავშირს ხედავენ; ზოგიერთი მათგანი თვითდესტრუქციული ქცევის ისეთ ფორმაზე საუბრობს, როგორიც სხეულის დაზიანებაა.

ანას ფეხზე უამრავ წვრილ ნაწიბურს ვხედავ. „ეს ახალია“ – მეუბნება ის. სხეულის თვითდაზიანება ანამ 18 წლის წინ, ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში დაიწყო. ის ბოლო ხუთი წელია, თითქმის ყოველდღე მოიხმარს ალკოჰოლს.

„ძალიან ხშირად ვსვამ. პივა და არაყი – იმიტომ, რომ ფხიზლად ვერ იარსებებ ამ გზაზე. დასალევით თითქოს ივიწყებ ამ ყველაფერს, მაგრამ რომ გაიღვიძებ, პრობლემა პრობლემად რჩება, აქეთ კიდევ ორგანიზმს აზიანებ. ცოტა ღვიძლი და ნაღველი მაწუხებს. ვსვამ მეხუთე წელია. სხვა გზა არ არის, უნდა დალიო“, – ჰყვება ის. 

„ამ საქმიდან გამომდინარე ყველა ვეძებთ რამე განტვირთვას და მოსვენებას – აგერ სიგარეტს მოვწევ, რომ დავმშვიდდე; სხვა პლანს მოწევს, რომ ცოტა განიმუხტოს; დღეს წამალს გავიკეთებ; ხვალ ტაბლეტს ვიყიდი – 20 ლარი ღირს აფთიაქში და დავლევ, რომ დღეს ცოტათი დავასვენო ტვინი და ხვალ უკეთესი დღე იქნება… მაგრამ ხვალ ყოველთვის უარესია. გუშინ რომ ერთი ტაბლეტი გინდოდა, ხვალ 10 ტაბლეტი გინდა… ეს სიტუაციაა ზოგადად [თემში].

მე უფრო დასალევთან მაქვს პრობლემა, ზოგი – პლანზეა, ზოგი – წამალზე, ზოგი – რაზე, ზოგი – რაზე. იღლები ძალიან, იმაზე ფიქრობ, როდის ვინ მოვა, რომ საჭმელი ჭამო. და კიდევ, როგორი ადამიანი შეგვხდება, არ იცი. მუდმივად სტრესია“, – ჰყვება 37 წლის მაია, რომელიც ბათუმში, სექსსამუშაოში 10 წლის წინ ჩაერთო.

მაია

ნათია, ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალი თბილისიდან ამბობს, რომ მისი შეფასებით, სექსსამუშაო პირდაპირ კავშირშია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან. მას, მუშაობის 11-წლიან პერიოდში, რამდენჯერმე ჰქონია ადიქციასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა, რის დაძლევასაც კლიენტების მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ართულებს.

„ჩემი შეფასებით, ახლა საქართველოში მეტამფეტამინის [გულისხმობს ალფა პვპ-ს] პანდემიაა, ძალიან ბევრ კლიენტს აქვს, ბევრი მოიხმარს, დიდიც და პატარაც. მე მაგას არ ვყიდულობ, მაგრამ ვიცი იაფია, ადვილად ხელმისაწვდომია და სწრაფად იწვევს შეჩვევას“, – ამბობს ის.

„ალფა პვპ“ ძლიერი სტიმულატორია, რომელიც ეფექტებით ჰგავს მეტამფეტამინს.ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც აბაზანის მარილებს. Alternative Georgia წერს, რომ ამ ნარკოტიკულ საშუალებაზე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული.

ნათია
  • შეიარაღებული თავდასხმები, ქურდობები და ფულის წართმევის მცდელობები

სექსმუშაკი ქალები ძალიან ხშირად ხდებიან როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები. ასევე ხშირია ფულის არ გადახდის, გადახდილი ფულის უკან წართმევისა და ფულის მოპარვის შემთხვევები.

კლიენტების მიერ ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალების მიმართ ტრანსფობიური სიძულვილის გამოვლინებაზე საუბრობს ნათია: „კონფლიქტის ძირითადი მიზეზი არის ფული და აგრესია. თანხის გადახდა არ უნდოდათ, მოუპარავთ კიდეც ფული; აგრესიაა ძირითადად აქტის შემდეგ, ეს როგორ გავაკეთე, იგინებიან, რამდენს უცდია მოტყუება, თითქოს ეს გამოცდილება პირველია მათთვის“.

ნათია რამდენიმე წელია არც ერთ ქალაქში „პლეშკაზე“ აღარ გადის. ამბობს, რომ მისთვის ეს საფრთხის შემცველი სივრცეა. იგი ბათუმის “პლეშკაზე” არაერთხელ გამხდარა ცივი იარაღით თავდასხმის ობიექტი. ყველა ჯერზე პოლიციამ ან სხვა სექსმუშაკმა ქალებმა გადაარჩინეს.

„სახლში მოსულ კლიენტს იარაღი დაუდია კისერზე, შიშით ყველაფერი გავაკეთე, რასაც მეუბნებოდა… ამას წინათაც კლიენტს მოყვა მეგობარი, აი, ამხელა ღორის საკლავი დანა ამოიღო ზურგს უკნიდან და მაგიდაზე დადო. რაღაცნაირად იყურებოდა, კბილებს აკრაჭუნებდა, ძალიან შემეშინდა, ვთხოვე ამ ბიჭს, რომ რაც შეიძლება მალე წაეყვანა“, – იხსენებს ნათია.

მაია: „რა საფრთხეები გვემუქრება პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს? პირველ რიგში, კუბოთი გატანა სასტუმროდან, მეორე – გადამდები ავადმყოფობისგან დაცული არ ხარ, მესამე – თუ ვერ მოემსახურე ისე, როგორც „საჭიროა“, შეიძლება ჩხუბში გადაიზარდოს ყველაფერი – ბათუმში მოხდა, კაცმა ქალი მოკლა სასტუმროში იმის გამო, რომ ისე არ მოემსახურა, როგორც უნდოდა; მეოთხე – შეიძლება უბრალოდ აგერ ვისხდეთ ორივე, ლაპარაკის დროს გაგიქანოს, გხეთქოს ხელუკუღმა, იმიტომ, რომ უბრალოდ ისეთი არ ხარ, მას რომ უნდიხარ.

ფულის გადახდაზეც ხდება პრობლემები… მე ფიზიკურად არ ვარ სუსტი, მიწყობს ხელს აღნაგობა, თუ წამოსულა იერიში, უარესი გამიკეთებია, მოწინააღმდეგე რომ ხედავს ამას, ნასვამია თუ ფხიზელი – უკვე უკან იხევს. სხვებისთვის გამკლავების გზები შეიძლება იყოს პოლიციით დაშინება, ცოლთან დარეკვით დამუქრება და ფიზიკური შეწინააღმდეგებაც“.

ირინა

ირინა: „თავიდანვე დამეწყო შიშები, შუქს არ ვაქრობდი, კარს არ ვკეტავდი, რომ მარტო არ დავრჩენილიყავით. არ იცი როგორი შეგხვდება, ზოგი ნორმალურად გექცევა, ზოგი ძალიან უხეშად; ზოგჯერ ფულს გაძლევენ, „ვერ შვებიან“, ამაზე აგრესიულები ხდებიან და უკან გთხოვენ ფულს, რომ არ მიმიცია, უჩხუბიათ – ხელიც დაურტყამთ. ფული როგორ დავაბრუნო, ჩემი რა ბრალია, მე ხომ ის დრო ვიმუშავე. ბევრჯერ ჩალურჯებულიც ვიყავი, ისე, რომ 10 დღე არ გავსულვარ გარეთ“.

„არის კატეგორია, გარეთ არ ეტყობათ, ძალიან ნორმალურ ადამიანს თამაშობენ, აი, აქ მოვლენ, კარები ჩაიკეტება და მორჩა, „მოდი, აგერ!“ და ცხოველურად, აგრესიულად და უხეშად გექცევიან, შენ კიდევ ხმას არ იღებ, რომ აქ [საცხოვრებელში] პრობლემა არ შეგექმნას, მეორე – უნდა გაუძლო ის 20 წუთია თუ რაც არის, რომ… წვალობ, ბევრჯერ ცრემლები წამომსვლია, ისე ცხოველურად მომქცევიან, არ ვიცი, საიდან მოდიან ეს ადამიანები. რადგან მომუშავე ვარ, ველურად უნდა მომექცე?“ – ირინა. 

  • ნდობა და უნდობლობა – პოლიციასთან ურთიერთობა

სექსმუშაკი ქალები, პოლიციასთან ურთიერთობის სხვადასხვანაირ გამოცდილებაზე საუბრობენ. ზოგიერთისთვის პოლიცია დიდი იმედია, სხვები კი მაქსიმალურად ერიდებიან პოლიციასთან კომუნიკაციას.

ანას, მაგალითად, 15 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ ჰყავს პოლიცია გამოძახებული. „საერთოდ აზრზე არ ვიყავი, რატომ მომხვდა წიხლი. ისეთი სტრესი იყო. ზურგიდან დამარტყეს ფეხი, საერთოდ არ ველოდი. ეს გარეთ მოხდა, ნაცნობი ბიჭი იყო, ამ საქმიდან ვიცნობდი, ვიღაცამ რაღაც ენა მიუტანა დამახინჯებულად, ის კი ჩემზე გადმოვიდა“.

ირინა ამბობს, რომ კლიენტებთან კონფლიქტურ სიტუაციაში ურჩევნია პრობლემა თვითონ მოაგვაროს –  სჯერა, რომ პოლიცია მყისიერ საფრთხეს აარიდებს, მაგრამ მიაჩნია, რომ მომავალში ამ მოძალადისგან ვეღარ დაიცავს: 

„იცი, რა არის? მარტო რომ ხარ და არავინ რომ არ გყავს… კარგი, გამოიძახე, ვთქვათ, დააკავეს, ბოლოს ხომ გამოვა ის კაცი, მე კი აქ ვარ, რომ მოვიდეს და დანა გამიყაროს, არ მინდა, არაფრით ვარ დაცული. პოლიცია იმ მომენტში ამარიდებს საფრთხეს, მაგრამ მერე? მე მარტო ვარ ამ ქალაქში, დაკავებულმა შეიძლება სხვაც მომიგზავნოს. ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ გოგო მოუკლავთ, ისეც შიშები მაქვს“.

ქართული კანონმდებლობით, პროსტიტუცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და სამართალდამრღვევად მიიჩნევა სექსმუშაკი. მას იმ თანხის ოდენობით აჯარიმებენ, რაც კლიენტისგან აიღო. აქტის მონაწილე მეორე მხარეს – კლიენტს არავითარი სანქცია არ ემუქრება. 

გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი კი ამბობს, რომ პროსტიტუციის ამკრძალავი კანონმდებლობა არ უნდა სჯიდეს სექსმუშაკს და მიმართული უნდა იყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც ქალთა სექსუალური ექსპლუატაციისგან იღებენ სარგებელს. 

ასეთი რეგულაციები მოქმედებს შვედეთში, ნორვეგიაში, ისლანდიაში, კანადაში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და საფრანგეთში. 

2018 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოში პროსტიტუციის დეპენალიზაცია მოითხოვა. საქმის არსებითი განხილვა აქედან 2 წელიწადში დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ მიუღია.

„მე, პირადად, კლიენტთან რაიმე საფრთხე თუ არის, პოლიცია გამოვიძახო – არარსებულია, დაო! იმას გაამართლებენ, შენ გაგამტყუნებენ, იმიტომ, რომ შენ ხარ „ბოზი“ [სექსმუშაკი]. ამიტომ სისულელეა. პირიქით არ გტკუცონ 2000-ლარიანი ადმინისტრაციული, ჭკვიანად უნდა იყო. მაგას ჯობია, გენერალურში გადარეკო ან სამმართველოში, ამათთან არანაირი აზრი არ აქვს. პოლიციას მტერი ენდო, ყველა ერიდება მათთან ურთიერთობას“, – ამბობს მაია. 

ნათია ამბობს, რომ პოლიცა მას ბევრჯერ დახმარებია, თბილისშიც და ბათუმშიც. „შეიძლება დიდად არც იმათ ეხატებოდე გულზე, მაგრამ გეხმარებიან“, – ამბობს ის.

  • ჯანმრთელობა

სექსსამუშაოსთან ერთად, სიღარიბისა და ადიქციების გამო პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს სხვადასხვა სახის ჯანდაცვის სერვისზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნა აქვთ; ამავე დროს, იგივე ფაქტორები ამ სერვისებზე წვდომის მთავარ ბარიერს წარმოადგენს.

ქალები ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე იტესტებიან, რადგან ამას სათემო ორგანიზაციები უფასოდ სთავაზობენ, თუმცა ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე ექიმთან ვიზიტს ძალიან იშვიათად ახერხებენ.

„გინეკოლოგთანაც ვიყავი ერთი-ორჯერ [არასამთავრობო] ორგანიზაციის პროექტის დახმარებით და მართლა ძალიან დამეხმარა ექიმი. ორ თვეში ერთხელ მაინც ვემოწმებით ინფექციებზე. ღმერთს მადლობა, ამის შესაძლებლობა არის სათემო ორგანიზაციაში. მაგრამ არ არის იმხელა საშუალება, რომ შენით მიხვიდე, ძალიან ბევრი დაავადება და პრობლემა არსებობს, კბილების მკურნალობა თუნდაც…“ – ამბობს მაია. 

„ბოლო 4 თვის წინ ვიყავი ექიმთან, გინეკოლოგიურ საკითხებზე. ისე ხშირად ვერ დავდივარ, უფრო სათემო ორგანიზაციის გოგოები რომ მოდიან, მათთან ვახერხებთ ტესტირებას, თავდაცვის საშუალებებს ვიღებთ, რჩევებსაც… გვეხმარებიან ფსიქოლოგიურადაც. წუხილით კი ბევრი რამ მაწუხებს, ყველაზე მეტად ნევროზი“, – ამბობს ირინა. – „ძილი საერთოდ არ მაქვს, მაქსიმუმ 1-2 საათი ვიძინო ღამით, ყოველთვის მღვიძავს გათენებისას. შიშები მაქვს, აი რაღაცნაირად ხომ დავიძინებ – ვინმე ხომ არ აკაკუნებს? ხომ არ მეძახის? ვიღვიძებ, არავინ არ არის. ეს ყველაფერი დასალევის ბრალია. ხელები მიკანკალებს“.

ირინას თქმით, „ეს ნევროზი რომ არა, რამე სამსახურს კიდევ ვიპოვიდი, მაგრამ იქაც ვიღაც უნდა გყავდეს, ნევროზის გამო ვერც საზღვარგარეთ წავალ მოხუცის მოსავლელად, ძალიან ნერვიული ვარ, ვერ ვენდობი თავს… მარტივი რაღაცების გაკეთებას შევძლებ – დარეცხვა, დალაგება…“

სექსსამუშაოსთან დაკავშირებული სტიგმის გამო სექსმუშაკი ქალები ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ძველი მეგობრებისგან საიდუმლოდ ინახავენ ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ. მოხუცი მშობლებისთვის ან შვილებისთვის ფულის გაგზავნის დროს სხვა სამსახურს იგონებენ:

„სოფელში ჩასული მარტო რომ დამიხელთა, ჩემი მოკვლა უნდოდა. დანით მოქნეული ხელი ზუსტად სახესთან გაუჩერეს, ჩემს სახლში არ მოკლაო უთხრეს…“ – იხსენებს ნათია.

ირინა: „მე ამდენი წელია ისე ვმუშაობ, ვიმალები და დღემდე არ მომხსნია ეს სტრესი, სულ მაგაზე ვნერვიულობ, ვინმე არ შემხვდეს სოფლის მეზობელი სადმე ან ნათესავები…“


ილუსტრაცია: ია ფრანგიშვილი

ავარია მახინჯაურში – ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა

მახინჯაურში დღეს, 10 ივლისს, დილით ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხდა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ავარია მახინჯაურში / 10.07.2023

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 234 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +440]
  • ტანკი – 4 085 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 7 966 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 4 371 ერთეული [+5]
  • MLRS – 668 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 414 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 309 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 686 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 937 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 632 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 453 თვითმფრინავი
  • 241 ვერტმფრენი
  • 4 956 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 615 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 137 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 399 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 565 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

[yellow_box]უკრაინა ფრონტზე სამი მიმართულებით უტევს – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რომელსაც 4 შვილი დარჩა

უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რომელსაც 4 შვილი დარჩა

41 წლის მალხაზ კვიჟინაძე რუსეთ-უკრაინის ომში 24 ივნისს დაიღუპა ბახმუტთან, საარტილერიო დაბომბვებისას. საქართველოში მალხაზი მშობლიურ ქუთაისში პირველ ივლისს ჩამოასვენეს და მეორე დღესვე დაკრძალეს. იბრძოდა 2008 წლის ომში და რუსეთ-უკრაინის ომშიც 2016 წლიდან ჩაება.

2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყების შესახებ რომ შეიტყო, მეორე დღესვე წავიდა უკრაინაში.

2008 წელს ომში კონტუზია მიიღო. დამთავრებული ჰქონდა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი.

გოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლაში მალხაზი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნეს.

ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, როცა კლინიკა დატოვა და პოლონეთში ძმა მოინახულა, მერე კი ომში დაბრუნდა.

მალხაზ კვიჟინაძე, უკრაინაში დაცემული ქართველი მებრძოლი.

ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, მე გავაცილე პოლონეთიდან უკრაინაშიო, ამბობს მალხაზის ძმა, მირზა კვიჟინაძე. მირზა თავადაც ყოფილი ჯარისკაცია, ერაყში იბრძოდა.

მალხაზის დედა, ირა ვირსალაძე იხსენებს, რომ ფრონტიდანაც კი არასდროს საუბრობდა მალხაზი ომზე და არ ამბობდა, რომელ ქალაქში იყო, რა სირთულის ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. დედისთვის ყველაზე დიდი იმედი, როგორც თავად გვეუბნება, პატარა, ლურჯად აციმციმებული წერტილი იყო ტელეფონის სასაუბრო ფანჯარაში, რაც მას მიანიშნებდა, რომ მალხაზმა დედის მინაწერი წაიკითხა და ცოცხალი იყო.

„მთავარია, ცოცხალი ვარ, სხვა რამეს მნიშვნელობა არ აქვსო, მეუბნებოდა. იყო დღეები, როცა ტელეფონზე ორი სიტყვითაც ვერ გვპასუხობდა. ხანდახან კი ჩვეულებრივად ვსაუბრობდით. 23 ივნისს, პარასკევს, სანამ მისთვის უკანასკნელ სამხედრო ოპერაციაზე წავიდოდა, სამნი ვსაუბრობდით: მე, მალხაზი და მისი უმცროსი შვილი.

კარგ ხასიათზე იყო, ვიცინოდით. შვილმა რაღაც სთხოვა მალხაზს და კი მამა, რა თქმა უნდა, შეგისრულებ, თუ ცოცხალი დავბრუნდებიო. მომდევნო, 25 ივნისის, სამხედრო ოპერაციის შემდეგ მართლა აღარ დაბრუნებულა“, – იხსენებს უკრაინაში დაცემული ქართველი მებრძოლის დედა.

ირა ვირსალაძემ შვილის დაღუპვის შესახებ ემიგრაციაში შეიტყო. დედა-შვილს 14 წელი არ ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი:

„მიცვალებულიც ვერ ვნახე. დახურულ ჭურჭელში შვილს დღე-ნახევარი ვუყურე მხოლოდ. სასახლე არ გაგვახსნევინეს. არ მეუბნებიან, მაგრამ ალბათ ძალიან იყო დაზიანებული მისი სხეული“, – ამბობს ირა ვირსალაძე.

მალხაზს ოთხი შვილი დარჩა, 22 წლის გოგო და სამიც ბიჭი: 17, 13 და 11 წლის. ბავშვებს 7 თვის წინ დედაც გარდაეცვალათ სიმსივნით. არასრულწლოვნებზე მეურვეობა ბავშვების ბიძამ, მირზა კვიჟინაძემ უნდა აიღოს.

მირზას საკუთარი ოჯახიც ჰყავს – ცოლი და არასრულწლოვანი შვილი. მეურვეობა და ოჯახის რჩენა რომ შეძლოს, პოლონეთში უნდა წავიდეს სამუშაოდ. უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ძმა ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. საკუთარი ბინა არც მალხაზს ჰქონდა – ის ოჯახთან ერთად ქუთაისში, ცოლის მშობლების სახლში ცხოვრობდა.

საქართველოს მთავრობამ მალხაზ კვიჟინაძის უკრაინიდან გადმოსვენება უზრუნველყო. სხვა შეღავათი დაღუპული მებრძოლის ოჯახს სახელმწიფოსგან ჯერ არ აქვს.

მალხაზის დანაყოფი, როგორც მებრძოლის დედა გვიყვება, 24 საათს ფრონტზე ატარებდა, 24 საათს კი ისვენებდა.

ირა ვირსალაძეს დიდი იმედი ჰქონდა, რომ მოწამლული მალხაზი, საზღვარგარეთ მკურნალობის შემდეგ ომში აღარ დაბრუნდებოდა.

„არ მეუბნებოდნენ, რომ უკან დაბრუნდა. ბოლოს მირზამ დამირეკა და მითხრა, რა აზრი აქვს დამალვას, მალხაზი უკრაინაში დაბრუნდაო.

ბიჭებს დაჰპირებია, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა. ჩემი შვილი უკრაინაში საქართველოს იცავდა, არამხოლოდ უკრაინისთვის, საქართველოსთვისაც ვიბრძვი უკრაინაში ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგო, ამბობდა.

ნეტა, ჩემი შვილი იყოს ბოლო ქართველი, ვინც უკრაინის ომში დაიღუპა, ნეტა, მე ვიყო ბოლო დედა, ვინც ამ ომში შვილი დაკარგა“, – ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.

აჭარაში გზების მოსავლელად 6,2 მილიონი ლარით მუხლუხა ბულდოზერებს იყიდიან

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვისთვის 28 ერთეულ სპეცტექნიკას იყიდის.

დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა 6 223 678 ლარით.

შესყიდვის ობიექტია: 25 ერთეული მცირე გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი, 2 ერთეული დიდი გაბარიტის მუხლუხა ბულდოზერი და 1 ერთეული ბორბლებიანი ექსკავატორ-დამტვირთველი. სპეცტექნიკა უნდა იყოს ახალი.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდულ ტექნიკას ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებთან ერთად „მუშაობა მოუწევს მაღალმთიან ზოლში რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში – სხვადასხვა მეწყრული პროცესების შედეგად გზებზე ჩამოსული მასის სალიკვიდაციოდ, ასევე უხვთოვლიანობის პირობებში შიდა სასოფლო გზების გასაწმენდად“.

„არსებული სამუშაოების შესასრულებლად დეპარტამენტს ესაჭიროება მძლავრი, ხარისხიანი და ამავე დროს მობილური ტექნიკა, რომელსაც სამუშაოების შესასრულებლად შეეძლება ადვილად მანევრირება შიდა სასოფლო გზებზე და ამავე დროს შეასრულებს სხვადასხვა სირთულის სამუშაოებს.“ – აღნიშნულია ოქმში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებული იქნება „ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 365 კალენდარული დღისა, საკუთარი სახსრებით 28 ერთეული ტექნიკა მიაწოდოს ხუთივე მუნიციპალიტეტში. თითოეულ მუნიციპალიტეტში მისაწოდებელი ტექნიკის რაოდენობა განისაზღვრება დეპარტამენტის მითითებით.“

ტენდერის პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიღება-ჩაბარებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა ტექნიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, არანაკლებ 28 ოპერატორს აჭარის ტერიტორიაზე უსასყიდლოდ ჩაუტაროს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი.“

სატენდერო კომისია აღნიშნავს, რომ „შესასყიდი ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებში, ასევე სატენდერო პირობებში გათვალისწინებულია, როგორც დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე მოთხოვნები, ასევე იმ პოტენციური მიმწოდებლებისგან მიღებული ინფორმაცია, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ბაზრის კვლევაში“.

„დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგად 4 პოტენციური მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო ღირებულება. ტექნიკის სპეციფიკაცია განსაზღვრულია წარმოდგენილი მინიმალური და მაქსიმალური პარამეტრების გათვალისწინებით. კვლევის შედეგად წარმოდგენილი ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები სრულად აკმაყოფილებს დეპარტამენტის მოთხოვნებს მისთვის საჭირო ტექნიკის სპეციფიკაციის შესახებ და ამავე დროს მაქსიმალურად უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას როგორც ბაზრის კვლევაში მონაწილე, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული პრეტენდენტებისა და ტექნიკის მიმართ.“ – აღნიშნულია ოქმში.

შესყიდვა განხორციელდება 2023-2024 წლების ბიუჯეტის ფარგლებში, აქედან 2023 წელში გაწეული იქნება 5 248 380 ლარის ხარჯი, ხოლო 2024 წელში დარჩენილი თანხა.

 

მეთევზეთა კლუბის თქმით, ინფრასტრუქტურა გაუფრთხილებლად დაუნგრიეს – ინსპექცია უარყოფს

მუნიციპალურმა ინსპექციამ ბათუმის თევზის ბაზართან ე.წ. მელკი მორიაზე ბათუმის მოყვარულ მეთევზეთა კლუბ „დელფინის“ ბაზის მიმდებარე ტერიტორია დაანგრია.

კერძოდ, პლაჟზე ტრაქტორით მოთხარა განათების ბოძები, აყარა ნავების შესანახ ფარდულების წინ დაგებული ფილაქანი და მოანგრია სავარჯიშო ტურნიკეტები. მეთევზეები ამბობენ, რომ მუნიციპალური ინსპექცია უკანონოდ მოიქცა, რადგან ისინი არ გააფრთხილა.

„ეს ტერიტორია არის სანაოსნო, ბარცხანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც იყო სათევზაო კლუბი. ბათუმი რომ დაარსდა, მაშინვე დაარსდა ეს სათევზაო ადგილი. ისტორიულად განვითარდა.

მოვიდა მუნიციპალური პარასკევს და გაუფრთხილებლად დაგვინგრია ყველაფერი.

სავარჯიშოები დაგვინგრიეს, მოპირკეთებული გვქონდა ძირი, ის მოგვინგრიეს. თითო-თითოდ მოგლიჯეს. ტალახში იარეთ, ღორები ხართო. ასე გვიწოდეს და გამოვიდნენ. განათებები გვქონდა გაკეთებული, ისიც მოგლიჯეს. ყველაფერი გაანადგურეს, რას ვუშლიდით, ვერ გავიგე,“ – ამბობს მეთევზე გურამ ბერიძე.

მოყვარულ მეთევზეთა კლუბ „დელფინის“ თავმჯდომარე, იორდან ბიკოვი „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ მათ სთხოვეს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს ეჩვენებინათ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რის საფუძველზეც ანგრევდნენ ინფრასტრუქტურას, თუმცა ინსპექციამ მსგავსი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა.

„ვუთხარი ან დადგენილება მომეცით ან რამე, რას ანგრევთ, რატომ ანგრევთ? მითხრეს, მაგას არ სჭირდება დადგენილება. როგორ არ სჭირდება? ახლა სასამართლოში რომ მინდა მივიდე, რა ავუხსნა სასამართლოს, რა დაგვინგრიეს და რატომ დაგვინგრიეს?

განათებას, სავარჯიშოს და ვიდეო კამერებს ებრძვიან. რატომ ებრძვიან? რა უნდათ? რა მიზანი აქვთ?“ – სვამს კითხვებს იორდან ბიკოვი.

როგორც მეთევზეები „ბათუმელებს“ ეუბნებიან, მუნიციპალური მხოლოდ ბაზის მიმდებარე ტერიტორიის დანგრევაზე გაჩერებას არ აპირებს და 176-ე ნავმისადგომზე არსებული ინფრასტრუქტურის მოშლაც უნდა.

მუნიციპალური ინსპექცია 176-ე ნავმისადგომზე ე.წ. მელკი მორიაზე განთავსებული განათების ბოძების მოშლას ითხოვს

176-ე ნავმისადგომი, რომელსაც მოყვარულ მეთევზეთა კავშირი იყენებს, ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაა. „დელფინმა“ აქ ელექტრო განათების ბოძები დაამონტაჟა, ტერიტორიაზე შესასვლელ სივრცეში კი ჭიშკარი დაკიდა.

„აქაც უნდოდათ შემოსვლა პარასკევს, მაგრამ რადგან პორტის მილსადენი გადის, ვერ შემოვიდა ტრაქტორი, ვერ გაიმართა და გაჩერდნენ. დაგვემუქრნენ – ორშაბათს მოვალთო.

ეს ჭიშკარი რატომ გვქონდა? მეთევზეებს ხელი რომ არ შეშლოდათ ნავების ჩაყვანა-ამოყვანაში და ეს ადგილი საპარკინგედ არ ქცეულიყო. აქ რამე უკანონო კონსტრუქცია არ გვაქვს აშენებული ან რამე. განათების ბოძებია მხოლოდ და კამერები ამ განათების ბოძებზე. მოვიდეს მერიიდან ვინმე და აგვიხსნას, რატომ არის უკანონო განათების ბოძი. ეს განათება დავაყენეთ იმისთვის, რომ არ მოეპარათ ნავები და არ დაეზიანებინათ ჩვენი ქონება,“ – ამბობს გურამ ბერიძე.

176-ე ნავმისადგომის ტერიტორიას მოყვარულ მეთევზეთა კავშირი 1957 წლიდან იყენებს. ისტორიულად ზღვისპირას, ამ ყურედან მეთევზეები ზღვაში ნავით გადიოდნენ და გადიან სათევზაოდ.

გარე განათების ბოძები, რომლის მოშლასაც მუნიციპალური ინსპექცია აპირებს სანაპიროზე მიმდინარე წელს გაჩნდა. წელს ჩამოყალიბდა აფროსნობის კლუბი, სადაც ბავშვები უფასოდ სწავლობენ აფროსნობას.

აფროსნობისთვის საჭირო ინვენტარი მოყვარულ მეთევზეთა კლუბ „დელფინის“ ხელმძღვანელმა შეიძინა. ბავშვების უფასო სწავლასაც ის უზრუნველყოფს.

მას შემდეგ, რაც მუნიციპალურმა ინსპექციამ მეთევზეთა კლუბის ბაზის მიმდებარედ ინფრასტრუქტურა დაანგრია, მეთევზეებმა დასახმარებლად ადვოკატს მიმართეს.

კლუბ „დელფინის“ მიერ ახლად დაარსებული აფროსნობის სკოლის ინვენტარიც 176-ე ნავმისადგომის ტერიტორიაზეა განთავსებული

„ეს არის ნავსადგომის ტერიტორია, რომლითაც დროებით სარგებლობს კლუბი „დელფინი“. აქ ბავშვები უფასოდ ემზადებიან აფროსნობაში.

მუნიციპალურმა ინსპექციამ მოითხოვა შესასვლელი ჭიშკრის და ელექტროგანათების ბოძების მოშლა. მანამდე 7 ივლისს დაანგრიეს ბაზის მიმდებარე ტერიტორია. ეს მაშინ, როცა კლუბ „დელფინის“ ხელმძღვანელობისთვის მუნიციპალურ ინსპექციას არც გაფრთხილება მიუცია, არც რაიმე გონივრული ვადა, დარღვევის გამოსასწორებლად. 7 ივლისს პირდაპირ ტრაქტორით მივიდნენ და დაანგრიეს,“ – ამბობს ადვოკატი დავით მიქაბერიძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას. მუნიციპალურში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე არაერთი გაფრთხილება აქვთ მიცემული.

„აღნიშნულ მისამართზე საქმის წარმოება 4 წელია მიმდინარეობს. სამართალდამრღვევმა სახელმწიფო ტერიტორიაზე უნებართვოდ მოახდინა კონსტრუქციების განთავსება, რის საფუძველზეც არაერთხელ დაჯარიმდა და ინსპექციის მიერ განხორციელდა უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო კონსტრუქციებზე მონიტორინგს ეტაპობრივად ახორციელებს და ახდენს კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას“.

„აზოვის“ პოლკის მეთაურის თქმით, ისინი ბრძოლას უბრუნდებიან

„აზოვის პოლკის“ მეთაურმა, დენის პროკოპენკომ [რედისი], რომელიც გუშინ დაბრუნდა უკრაინაში თურქეთიდან, განაცხადა, რომ ისევ აპირებს ჩაერთოს ბრძოლებში.

„ჩვენ კვლავ ვიტყვით ჩვენ სათქმელს ბრძოლაში“, – თქვა მან. ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე მან დაამატა: „ჩვენ სწორედ ამისთვის დავბრუნდით“.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არმია ეს არის გუნდური ძალისხმევაა. დღეიდან ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ აუცილებლად კიდევ ვიტყვით ჩვენ სიტყვას ამ ბრძოლაში“, – განაცხადა „რედისმა“.

თავის მხრივ „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატესლავ პალამარმაც [„კალინა“] ისაუბრა ბრძოლაში დაბრუნებაზე. თურქეთში მათი ყოფნა „კალინა“ ცნობილი უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას პერიფრაზით დაახასიათა – ხელბორკილებით ვიყავით მიჯაჭვული თურქეთის მიწასო.

„ჩვენ დავბრუნდით და ჩვენ საქმეს გავაგრძელებთ. ჩვენ სამხედროები ვართ, ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული“, – თქვა „კალინამ“.

თურქეთიდან დაბრუნებული უკრაინის პრეზიდენტ, „აზოვსტალის“ მეთაურებთან ერთად პრესას ლვოვში, თავისუფლების პროსპექტზე გუშინ, 8 ივლისს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ „აზოვის“ პოლკის მეთაურები საკუთარი თვითმფრინავით გუშინ წამოიყვანა თურქეთიდან.

5 უკრაინელი სამხედრო თურქეთში მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ დატოვების შემდეგ ტყვედ ჩაბარდნენ. ტყვეების გაცვლის ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ „აზოვსტალის“ მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

__

როგორ შედგა ყველაზე დიდი გაცვლა – „აზოვსტალის“ დამცველთა დაბრუნების უცნობი დეტალები

რა რეაქცია აქვთ კრემლში „აზოველების“ უკრაინაში დაბრუნებაზე

პოლკ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში დაბრუნება არის თურქეთის მიერ რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების დარღვევა – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.

რუსული პროკრემლისტური „რია ნოვოსტი“ პესკოვზე დაყრდნობით წერს, რომ „აზოვსტალის“ დამცველების უკრაინაში დაბრუნებაზე რუსეთს არავინ შეატყობინა.

„აზოვის“ მეთაურების უკრაინაში გაშვებით თურქეთმა დაარღვია შეთანხმებები. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციას ეს არავინ შეატყობინა“, – განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ „აზოველები“ ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

ზელენსკიმ „აზოვსტალის“ დამცველები თურქეთიდან უკრაინაში წაიყვანა

„დაბრუნების პირობები დაარღვია როგორც თურქულმა მხარემ, ასევე კიევმა. შეთანხმების პირობების თანახმად, „აზოვის“ მეთაურები კონფლიქტის დასრულებამდე თურქეთის ტერიტორიაზე უნდა დარჩნენ. რუსეთისთვის არავის უცნობებია თურქეთიდან ტერორისტული ორგანიზაცია „აზოვის“ მეთაურების უკრაინისთვის გადაცემაზე“, – განაცხადა პესკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება უკრაინაში დააბრუნოს „აზოველები“ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას უკავშირდება.

„აზოვის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერების კიევში ექსტრადირების გადაწყვეტილება, არსებული შეთანხმებების დარღვევით, პირდაპირ უკავშირდება უკრაინის წარუმატებელ კონტრშეტევას. კიევის რეჟიმის ჯარები ყოველდღე განიცდიან წარუმატებლობას“, – თქვა პესკოვმა.

პუტინის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება თურქეთმა სერიოზული ზეწოლის ქვეშ მიიღო.

„ნატოს სამიტის მზადების კონტექსტში თურქეთზე მოახდინეს დიდი ზეწოლა და ანკარა, როგორც ალიანსის წევრი მათდამი სოლიდარულია. რუსეთის ფედერაციას ყველაფერი მშვენივრად ესმის. თუმცა, შეთანხმების დარღვევა არავის ეკადრება“,- დასძინა პესკოვმა.

თავის მხრივ კრემლის რეაქციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. მან თქვა, რომ 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ პუტინის ელიტისთვის „მშვენიერი ახალი სამყარო“ დაიწყო და რუსეთს ამიერიდან ყოველთვის მიუჩენენ საკუთარ ადგილს.

___

„აზოვსტალის“ მეთაურების უკრაინაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი გაავრცელა გუშინ. აზოვსტალის ლიდერები ზელენსკის თვითმფრინავით დაბრუნდნენ სამშობლოში. ისინი თურქეთში მას შემდეგ იმყოფებოდნენ, როდესაც ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ დატოვების შემდეგ ტყვედ ჩაბარდნენ. ტყვეების გაცვლის ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ „აზოვსტალის“ მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

როგორ შედგა ყველაზე დიდი გაცვლა – „აზოვსტალის“ დამცველთა დაბრუნების უცნობი დეტალები

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და მთიან აჭარაში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ივლისის 21 საათიდან 10 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა, ზოგან ძლიერი;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

აჭარის შიდამთიან რაიონებში კი:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 4-5 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა: +24 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 11 ივლისს დროგამოშვებით წვიმა, 12-13 ივლისს კი, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 234 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
  • ტანკი – 4 078 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 964 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 4 366 ერთეული [+20]
  • MLRS – 668 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 413 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 309 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 685 ერთეული [+19]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 929 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 628 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 453 თვითმფრინავი
  • 241 ვერტმფრენი
  • 4 948 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 604 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 137 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 396 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 547 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

[yellow_box]„აზოვის“ პოლკის მეთაურის თქმით, ისინი ბრძოლას უბრუნდებიან[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ზელენსკიმ „აზოვსტალის“ დამცველები თურქეთიდან უკრაინაში წაიყვანა

რა გადაწყვიტა მოსამართლემ ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკას საქმეზე

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს, 8 ივლისს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ზურაბ საღინაძეს, ნოდარ მამულაძეს და ლუკა მ.-ს. სამივე პირს „ზღვაში დაღუპული 16 წლის ლუკას საქმეზე“ დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, 4 მოზარდი გასაბერი ბანანიდან 4 ივლისს ღია ზღვაში განზრახ გადააგდეს, მათ ჟილეტებით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს.

მოზარდის ცხედარი გუშინ, 7 ივლისს იპოვეს

ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია – 17 წლის ლუკა მ.-ს პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ამ მოტივით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დაიხურა.

19 წლისაა კიდევ ერთი ბრალდებული ნოდარ მ. მასაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

ზურაბ საღინაძეს კი, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

ბრალდებულები

რა მოხდა 4 ივლისს ზღვაზე – სამივე ბრალდებულმა ჟურნალისტებთან დუმილი არჩია. ისინი რიგ-რიგობით შემოიყვანეს სასამართლო დარბაზში, ვიდრე მოსამართლე სხდომას დახურავდა.

მომხდარზე სხვადასხვა ვერსიას აჟღერებენ ბრალდებულის ახლობლები და ადვოკატები.

მაგალითად, ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ოთხივე მოზარდმა იცოდა ცურვა:

„ე.წ. ბუიოკის იქეთ კატერს შესვლის უფლება არ ჰქონდა… მათ საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ ვინმე დაიხრჩო?“ – კითხულობს ადვოკატი. თუმცა ვერ აზუსტებს, კონკრეტულად სად გამოჩნდა, რომ ლუკამ ცურვა იცოდა.

სასამართლო სხდომა

ამ ადვოკატის თქმით, პროკურატურა ამბობს, რომ მოზარდები გასაბერი ბანანის გამქირავებლებს პირსთან კატერის ჩაბმაში დაეხმარნენ იმ პირობით, რომ უფასოდ გაასეირნებდნენ.

„მოზარდებს არ გაუცურავთ, ისე დაეხმარნენ სანაპიროსთან ბრალდებულებს ტექნიკურად, სანაცვლოდ კი, მოზარდები დასვეს „ბანანზე“… მოზარდები ტივტივადან დაახლოებით 40 მეტრის დაშორებით ჩამოყარეს ზღვაში.

ბავშვებს დაჰპირდნენ უკან დაბრუნებას, მაგრამ ერთ-ერთმა ბრალდებულმა განიზრახა, რომ ბავშვები მკვეთრი მანევრით გადაეგდო ზღვაში, ბოლო მცდელობისას მან ეს მოახერხა.

ერთ-ერთმა მოზარდმა სცადა ჟილეტის ხელში აღება, თუმცა მას ბრალდებულმა ზ.ს.-მ ჟილეტი წაართვა…

სამმა მოზარდმა მოახერხა უსაფრთხოდ გამოღწევა სანაპიროზე… ეს ბავშვები ლუკას კარგად არ იცნობდნენ, სანაპიროსთან გაიცნეს ერთმანეთი და ახლო მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონდათ,“ – უთხრა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა „ბათუმელებს“.

„დასადგენია ფაქტობრივი გარემოებები… ფაქტობრივად ბავშვის დაღუპვა მას არ დაუნახავს,“ – ამ ეტაპზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი.

კიდევ ერთი ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი კი, რომელიც ზურაბ საღინაძის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ არ არსებობს საფუძველი, ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდეს გამოძიება.

„ბევრი მნიშვნელოვანი გარემოებაა ბუნდოვანი. ის კვალიფიკაცია, რაც წარდგენილია განზრახ მკვლელობა – უმძიმესი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებებში, არანაირი საფუძველი არ არსებობს ამის. აუცილებლად ყველაფერი გაირკვევა გამოძიების პროცესში,“ – გვითხრა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ადვოკატების თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

___

ამ თემაზე:

16 წლის ბიჭს მესამე დღეა ზღვაში ეძებენ – „უცხო პირს ბავშვები ზღვაში უჟილეტოდ გაუყვანია“ 

ზელენსკიმ „აზოვსტალის“ დამცველები თურქეთიდან უკრაინაში წაიყვანა

თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან ის სამხედრო მეთაურები, რომლებიც „აზოვსტალს“ იცავდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა.

„თურქეთიდან ვბრუნდებით სახლში და ჩვენ გმირებს სახლში ვაბრუნებთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ „აზოვსტალის“ დამცველები იმავე თვითმფრინავით ბრუნდებიან, რომლითაც პრეზიდენტი.

უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლეს იმ პირობით, რომ ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდნენ.

მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა აიღო.

ვის და რატომ შეიძლება მოეწამლა მოსაყდრე შიო – ინტერვიუ თეოლოგთან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების შემცველობა დასაშვებზე მაღალი აღმოჩნდა.

მოწამლეს თუ მოიწამლა შიო მუჯირი? ან ხომ არ არის ეს ყველაფერი ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელება? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მირიან, რამდენად დამაჯერებელია მოსაყდრის მოწამვლა და ვის ინტერესებში შეიძლება ეს შედიოდეს?

მოცემულ მომენტში, იმ ფაქტებიდან გამომდინარე რაც დღეს ხელთ გვაქვს, ვერ ვიტყვით, რომ ნამდვილად მოწამლეს მისი მეუფება, მოსაყდრე შიო მუჯირი.

ვეყრდნობით მხოლოდ ანონიმურ წყაროს და შემდეგ საპატრიარქოს საკმაოდ ორაზროვან განცხადებას.

ისინი ეყრდნობიან შიოს სისხლის საერთო ანალიზის პასუხებს.

ამ ამბავში უცნაური ისიც არის, რომ საუბარი ეხება დაახლოებით ერთი თვის წინანდელ ამბებს.

ორი რეალისტური ვარიანტი შეიძლება იყოს აქ. პირველი ის, რომ მართლაც, შეიძლება ჰქონდა ადგილი მეუფე შიოს მოწამვლას, რაც ყველაზე ნაკლებ სავარაუდო ვერსიაა, თუმცა ამასაც აქვს არსებობის უფლება.

ამბავს მეორე, პოლიტიკური განზომილება შეიძლება ჰქონდეს, რაც დაადასტურა კიდევ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი განცხადებით, რომ აი, მეუფე შიოს სიტყვით ებრძოდნენ თურმე და ახლა მისი მოკვლაც სცადესო.

  • თქვენი აზრით, რა იგულისხმა აქ პაპუაშვილმა?

პირველ რიგში იგულისხმა კრიტიკული მედიასაშუალებები, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილი, რომელიც ბედავს და აკრიტიკებს საქართველოს ეკლესიის აშკარად გამოკვეთილ პრორუსულ კურსს.

  • მედიას და კრიტიკულ საზოგადოებას თუ გულისხმობენ, მათ ყველაზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი მეუფე შიომდე, ვინ დაიჯერებს ამ ვერსიას?

რა თქმა უნდა, სრული აბსურდია ეს ვერსია, რადგან ჟურნალისტებს ყოფით სივრცეში, მეუფე შიოს საცხოვრისთან და მით უმეტეს მის ნივთებთან შეხება არ აქვთ. მაგრამ ალბათ ამით იმის თქმას ცდილობენ, რომ აი, კრიტიკულად განწყობილ ნაწილსაც ჰყავს მოკავშირეები საპატრიარქოს შიგნით.

აქ კითხვის ნიშნებს იწვევს დარიშხანიც, რომელიც მოძველებული ფორმაა ადამიანის მოწამვლის, ისევე როგორც ციანიდი.

სადღეისოდ მოწამვლისთვის ბევრი სხვა საშუალება არსებობს, რომელიც მზადდება ადამიანის გენეტიკაზე გათვლებით, თუ მართლა ამითაა ადამიანი დაკავებული, ამიტომ ბადებს ეს ვერსიები ეჭვს.

იგივეა ციანიდის საქმეშიც – ამდენი წელი გავიდა და ფაქტია, რომ ციანიდი არსად არ არსებობდა, ეს იყო უბრალოდ მოგონილი ამბავი.

  • სხვადასხვა კვლევით ვიცით, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმეა ეკოლოგიური მდგომარეობა, არაერთმა კვლევამ დაადასტურა მაგალითად ბავშვების სისხლში ტყვიის არსებობა, იქნებ შიოს შემთხვევაშიც ეკოლოგიური დაბინძურების კვალია?

ჩემი პირადი კითხვა მეუფე შიოს მიმართ და მეგობრული რჩევა იქნებოდა, რომ ის ასევე გარკვეულიყო საქართველოს ეკოლოგიური პრობლემების საკითხში, რადგან მართლაც მთელი სამყარო გვირჩევს, რომ მივხედოთ ეკოლოგიას. საქვეყნოდ ცნობილია, რომ საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში ჰაერში ძალიან დიდი რაოდენობითაა ტყვია, მავნე ნაწილაკების რაოდენობა ჰაერში და იქნებ ამითაც დაინტერესებულიყო.

მე ვცხოვრობ გერმანიაში, სადაც ძალიან მკაცრად არის რეგულირებული გამონაბოლქვების საკითხი და ვიცით, რომ აქ შეძენილ ავტომანქანებს საქართველოში კატალიზატორებს ხსნიან და ცალკე ყიდიან. ექსპორტად გადაიქცა ეს ნივთები.

  • ხომ არ არის ეს ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება, რადგან არაერთხელ ითქვა, რომ შიო მუჯირი კრემლის ინტერესებს ატარებს საქართველოში?

მე როგორც მივხვდი, ესენი ცდილობენ ამ ამბისგან გამოიყვანონ ანტიდასავლური პროპაგანდა, რომ თითქოს დასავლურმა ძალებმა მოწამლეს შიო, რომ ეს არის ბოლო და ერთადერთი დამცველი საქართველოს ტრადიციული ფასეულობების, ასე ვთქვათ, შემწინაღმდეგებელი ლგბტქ პროპაგანდის.

დაახლოებით ეს ნარატივები ჩანს მათ კომენტარებშიც.

ამიტომ, პაპუაშვილის განცხადებაც იყო წმინდა წყლის პოლიტიკური დივიდენდების დაწერისთვის გათვლილი ამბავი.

  • პატრიარქთან შედარებით შიო მუჯირის ავტორიტეტი დაბალია. ხომ არ ცდილობენ მისგან რაღაც ფიგურა შექმნან ამით?

მე ვემხრობი ამ ვერსიას. ჩემთვის მოცემულ მომენტში ყველაზე სანდო ვერსიაა, რომ ეს დასჭირდათ მეუფე შიოს ფიგურის გააქტიურებისთვის, რომ ამ კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ დააფიქსიროს პრორუსული ნარატივი, რომ თითქოს ევროპა გვაიძულებს გავრყვნათ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი შვილები მივაშვილოთ გეი წყვილებს და ასე შემდეგ.

და ყველა, აი ამ რუსულ ორბიტასთან დაკავშირებული ორგანიზაცია გააქტიურდა.

მაგალითად, „აირზენას“ მფლობელმა თქვა, რომ საშინელებაა თურმე „მაკდონალდსი“ და უკეთესია ხაჭაპურებს აცხობდნენ მანდ.

მოკლედ, მთელი ეს პრორუსული ბანაკი გააქტიურდა და მეუფე შიოსთვისაც რაღაც მზიდი აღმოჩნდა ეს ამბავი, რომ მედიაში კვლავ გააქტიურებულიყო.

მე ასეთი განცდა დამრჩა, რომ ეს ყველაფერი ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია, რომელიც წინასწარ დაგეგმეს.

  • რომ გავყვეთ მოსაყდრე შიოს მოწამვლის ვერსიას, ვის შეიძლება უნდოდეს ეს საპატრიარქოში?

მაშინ უნდა განვიხილოთ ის ვერსია, რომ თვითონ პრორუსული ძალების შიგნით მიმდინარეობს ძალთა გადანაწილება და აქ სცადეს მეუფე შიოს მოწამვლა.

ისევ შორენა თეთრუაშვილის ვერსიას თუ შემოიტანენ, რომ მას სურდა მისი ჩამოცილება გზიდან, არა პოლიტიკური, არამედ წმინდა წყლის ძალაუფლების განაწილების საფუძველზე, ესეც არადამაჯერებელია. შორენას თავისი ცოდვებიც ეყოფა, მაგრამ ყველა კუჭის წამოტკივებაზე რომ შორენას დავაბრალოთ ვიღაცების მოწამვლა, მგონი არ იქნება სამართლიანი.

იქნებ ცუდი თევზი მიირთვა მეუფე შიომ და ეს არის ყველაფრის თავი და თავი?

სხვათა შორის, მძიმე მეტალებით მოწამვლის შემთხვევაში, ერთი-ერთი წყარო ზღვის პროდუქტებია, რადგან ხშირად ბინძურდება ზღვა, ჩვენი სამღვდელოება კი თევზს ჭარბი რაოდენობით მიირთმევს. სრულიად შესაძლებელია, რომ მიზეზი ესეც იყოს.

  • თუ ეს ყველაფერი „ოცნების“ და საპატრიარქოს დაგეგმილი ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი არ არის, მაშინ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები რეალურად?

გამოძიება უნდა ჩატარდეს და დადგინდეს, რომ დარიშხანით გამდიდრებული საკვები მიაწოდეს მოსაყდრე შიოს, ან რაიმე სითხე, რომელიც მიიღო.

ეს იქნება ალბათ ყველაზე კორექტული ვერსია. ან უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა და მისი მოწამვლა არის დაბინძურებული ჰაერის ბრალი, რომელიც მართლა საშიშია ჯანმრთელობისთვის.

აჭარაში აგროსერვისცენტრებზე გაწეული ხარჯების კანონიერება ანტიკორუფციულმა უნდა შეისწავლოს – TI

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ აჭარაში ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და მასზე გაწეული ხარჯების კანონიერება.

ორგანიზაციის ინფორმაციით:

  • „რეგიონის ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირების, შეფუთვის, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ერთიან სივრცეში თავმოყრის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს დაასრულა ქობულეთის, ხელვაჩაურის [ბათუმის], ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების [აგროსერვისცენტრების] მშენებლობა.
  • აღნიშნული ცენტრების მოვლა-შენახვის ხარჯების გარდა, მათ მშენებლობასა და აღჭურვაზე აჭარის ბიუჯეტიდან 2 538 726 ლარი დაიხარჯა, მაგრამ ცენტრებს რეალურად არ უმუშავიათ.
  • აჭარის მთავრობამ ამ ცენტრების და მასთან დაკავშირებული უძრავი/მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით 2022 წლის 21 ნოემბერს პირობებიანი აუქციონი გამოაცხადა, სადაც საწყისი ფასი 3 500 000 ლარი იყო: მყიდველს უნდა შეენარჩუნებინა ობიექტის პროფილი მინიმუმ 10 წლით. აუქციონი არ შედგა. ამის შემდეგ აუქციონები თითოეული ლოჯისტიკური ცენტრის პრივატიზების მიზნით ცალ-ცალკე გამოცხადდა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.
  • ასევე არ შედგა 2023 წლის 25 მაისს, ფასდაკლებით, განმეორებით გამოცხადებული აუქციონები“.

„ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რომ ლოჯისტიკურ მომსახურებაზე რეგიონში მოთხოვნა არ არსებობდა და საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად და არაეფექტურად დაიხარჯა, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე“, – აცხადებს „გამჭვირვალობა“.

TI ეხება აჭარაში გაჭიანურებულ სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და „მოუწოდებს აჭარის მთავრობას და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მიიღონ მაქსიმალური ზომები გაჭიანურებული პროექტების სწრაფად დასასრულებლად“.

ამ პროექტების ჩამონათვალშია:

„კვლევის ფარგლებში, ჩვენ მივმართეთ პროექტების განმახორციელებელ საბიუჯეტო დაწესებულებებს და მოვითხოვეთ მათგან საჯარო ინფორმაცია. სამ პროექტს [საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ე.წ. „ოცნების ქალაქში“, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, „მწვანე ქალაქი ქობულეთში“] ახორციელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც 2023 წლის თებერვალში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დღემდე არ მოგვაწოდა.

სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებმა – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შპს „აჭარის პროექტების  მართვის კომპანიამ“ და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არასრულყოფილად მოგვაწოდეს მოთხოვნილი ინფორმაცია, რაც ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი პრობლემაა“, – აცხადებს „გამჭვირვალობა“.


განახლება:

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აგროსერვისცენტრები გასაყიდად აუქციონზე ისევ გამოიტანა. საწყისი გასაყიდი ფასები იგივე იყო, რაც წინა აუქციონების შემთხვევაში:

  • ბათუმის აგროსერვისცენტრი – 1 040 00 ლარი
  • ქობულეთის აგროსერვისცენტრი – 700 000 ლარი
  • ქედის აგროსერვისცენტრი – 392 000 ლარი
  • შუახევის აგროსერვისცენტრი – 264 000 ლარი
  • ხულოს აგროსერვისცენტრი – 368 000 ლარი

ელექტრონული აუქციონები 2023 წლის 24 ივლისს დასრულდა, თუმცა არც ეს აუქციონები შედგა.

ამავე თემაზე:

აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა ამჯერად ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი

 

 

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 233 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +630]
  • ტანკი – 4 074 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 7 953 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 4 346 ერთეული [+16]
  • MLRS – 661 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 410 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 309 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 666 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 271 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 6 914 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 619 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 453 თვითმფრინავი
  • 241 ვერტმფრენი
  • 4 938 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 582 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 135 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 383 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 512 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო

ამავე თემაზე:

ამბავი ბახმუტში დაღუპულ 29 წლის მებრძოლზე – „დათო კონსპექტებსაც ძველი ქართულით წერდა“

„გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი განზრახ გადაყარა წყალში“ – შსს 16 წლის ლუკას დაღუპვაზე

დღეს 7 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე პირსთან 4 ივლისს დაკარგული მოზარდის ცხედარი დღეს აღმოაჩინეს.

შსს ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი ნაპირიდან 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა ლუკა და მისი სამი მეგობარი განზრახ გადაყარა წყლის ბანანიდან და არც უსაფრთხოებსი ჟლეტების გამოყენების უფლება მისცა.

„ლ.ა. – ს გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს.

ზ.ს. – ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა.

ხოლო ნ.მ. და ლ.მ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

გამოძიების მსვლელობისას ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ზ. ს. – მ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ბათუმში, ლ.ა. და კიდევ სამი პირი მისი მართვის ქვეშ არსებულ კატერზე გამობმული ე.წ. გასაბერი ბანანით ზღვაში გაიყვანა.

მოგვიანებით ზ.ს.- მ მკვეთრი მანევრით, ე.წ. გასაბერ ბანანზე მჯდომი ოთხივე პირი, მათ შორის ლ.ა. განზრახ გადაყარა წყალში, ისე რომ მათ სამაშველო ჟილეტების გამოყენების საშუალება არ მისცა, თავად კი კატერზე მყოფ თანხლებ პირებთან, ამჟამად აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულ ნ.მ.-სთან და ლ.მ. – სთან ერთად სვლა განაგრძო.

წყალში აღმოჩენის შემდეგ, სამმა ახალგაზრდამ ნაპირზე გამოსვლა შეძლო. ხოლო ლ.ა. – ს სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა“-წერს შსს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

_______________

ამ თემაზე:

16 წლის ბიჭს მესამე დღეა ზღვაში ეძებენ – „უცხო პირს ბავშვები ზღვაში უჟილეტოდ გაუყვანია“ 

16 წლის ლუკას ცხედარი გონიოში, სანაპიროზე იპოვეს

16 წლის ლუკა აბულაძე, რომელსაც მაშველები მეოთხე დღეა ზღვაში ეძებდნენ, გონიოს სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ ლუკას ნათესავებმა დაუდასტურეს.

ნათესავების ინფორმაციით, ლუკა თავის მეგობრებთან ერთად ზღვაში ე.წ „ბანანით“ საცურაოდ გაიყვანეს, თუმცა მოზარდები ნაპირიდან მოშორებით, ზღვაში ჩამოსვეს ბანანიდან, რის გამოც ლუკამ ნაპირზე გამოსვლა ვერ მოახერხა.

ახლობლების ინფორმაციით, ლუკას მეგობრებმა მაშველების დახმარებით გამოაღწიეს ნაპირზე, ლუკა კი ზღვაში დაიკარგა.

ასევე ნათესავების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია სამი პირი, მათ შორის კატერის მძღოლი.

აღნიშნილთან დაკავშირენით შს სამინისტრომ ახლახანს გაავრცელა ინფორმაცია.

მათი განცხადებით, ლუკას ცხედარი ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

ბიძის თქმით, 16 წლის ლუკას ზღვაში მიტოვებისთვის 3 პირი დააკავეს

16 წლის ლუკა აბულაძის ბიძის ინფორმაციით, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა არასრულწლოვანი მოზარდების ზღვაში გაყვანისა და მიტოვებისთვის.

აქედან ერთ-ერთია 16 წლის ლუკა აბულაძე, რომელსაც 4 ივლისის შემდეგ ეძებენ.

ლუკას ძებნას ამ წუთებშიც აგრძელებენ სამაშველო ჯგუფები.

„როგორც ვიცი, კატერის მძღოლი და ორი თანმხლები პირია დაკავებული. ლუკას მამა გუშინ ოთხ საათზე დაიბარეს პოლიციის სამმართველოში და იქ უთხრეს, რომ ეს პირები დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 109-ე მუხლით, ორ პირს კი ბრალი ედება დანაშაულის შეუტყობინებლობაში“, – გვითხრა თენგიზ აბულაძემ, ლუკას ბიძამ.

ოჯახის ინფორმაციით, ოთხი არასრულწლოვანი 4 ივლისს გაიყვანეს კატერით ზღვაში. ითქვა, რომ მოზარდებს არ ეცვათ დამცავი ჟილეტები. ლუკამ კი, როგორც ბიძა ამბობს, ცურვა არ იცოდა.

შს სამინისტროს „ბათუმელები“ დილიდან სთხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, 16 წლის ბიჭის გაუჩინარების საქმეზე დააკავეს თუ არა ვინმე.

სამინისტროში ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ.

_____________________

ამ თემაზე:

16 წლის ბიჭს მესამე დღეა ზღვაში ეძებენ – „უცხო პირს ბავშვები ზღვაში უჟილეტოდ გაუყვანია“ 

მილიარდერი საიმონსი ბათუმის პორტს 100 მილიონიანი იახტით ეწვია

ბათუმის სანაპიროზე მეორე დღეა დგას იახტა, რომლის ღირებულება 100 მილიონი დოლარია.

ღია წყაროების თანახმად, იახტა სახელწოდებით „არქიმედე“ ეკუთვნის ჯეიმს [ჯიმ] საიმონსს – ცნობილ ამერიკელ მეცნიერსა და მილიარდერ ფილანთროპს.

საიმონსი თავადაც ბათუმშია.

„ფორბსის“ მსოფლიო მილიარდერთა სიაში ჯეიმს საიმონსი 52-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება რეალურ დროში 28,1 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საიმონსი არის მსხვილი სავაჭრო ჰეჯ-ფონდის Renaissance Technologies -ის დამფუძნებელი. მან იგი 1982 წელს დააფუძნა და 2010 წელს დატოვა თანამდებობა, თუმცა „ფორბსის“ თანახმად, იგი კვლავაც თამაშობს როლს Renaissance Technologies-ში და იღებს სარგებელს ფონდის საქმიანობიდან.

„ფორბსის“ 2022 წლის ყველაზე მსხვილი ამერიკელი ფილანთროპების სიაში საიმონსი მე-8 ადგილს იკავებს. სიის პირველი შვიდეული კი ასე გამოიყურება: უორენ ბაფეტი, ბილ და მელინდა ფრენჩ გეითსები, ჯორჯ სოროსი, მაიკლ ბლუმბერგი, მაკკენზი სკოტი, ჩარლზ ფინი, გორდონ და ბეტ მურები.

განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით, ჯეიმს საიმონსს ფილანთროპიაში სულ 4 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.

ჯეიმს საიმონსის ფილანთროპია ძირითადად მეცნიერების მიმართულებით მუშაობს. 1994 წელს, როგორც თავად საიმონსი ამბობს, მეუღლის, მერილინის ინიციატივით და მასთან ერთად დააფუძნა „საიმონსის ფონდი“, რომელიც მთავარი შემწირველია მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის – „მათემატიკა ამერიკისთვის“. „საიმონსის ფონდი“ ასევე მხარს უჭერს სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და აუტიზმის კვლევებს.

ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც თავისი ცხოვრების შესახებ ჰყვება, საიმონსი იხსენებს, რომ ადრეულ წლებში, როდესაც ფული სჭირდებოდა, მან პრინსტონში „თავდაცვის ანალიტიკის ინსტიტუტს“ მიმართა, რომელიც მეტად კლასიფიცირებული ადგილი იყო.

„რისი გაკეთებაც გვევალებოდა, ეს იყო რუსული კოდების გატეხა. საინტერესო გამოწვევა იყო, მომეწონა საქმე. მათ გვითხრეს: შეგიძლიათ თქვენი დროის ნახევარი დაუთმოთ თქვენს მათემატიკას, ხოლო მეორე ნახევარში კოდების გატეხის საქმე უნდა აკეთოთო,“- იხსენებს საიმონსი.

ჯეიმს საიმონსი

„ბათუმელები“ იახტის კაპიტანს გაესაუბრა და სცადა ინტერვიუ ჩაეწერა თავად საიმონსთან. კაპიტანი კრისტოფერ უოლში დაგვპირდა, რომ ჩვენს თხოვნას გადასცემდა იახტის მფლობელს და პასუხით დაგვიკავშირდებოდა, თუმცა იმედი არ მოუცია.

როგორც უოლშმა გვითხრა, ეს „არქიმედეს“ პირველი მოგზაურობაა საქართველოში. მან აღნიშნა, რომ ცნობილი მათემატიკოსი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოგზაურობს, რადგან „მეცნიერებას საზღვრები არ აქვს“.

რუსეთში ასაფეთქებლების მწარმოებელ ქარხანაში 6 ადამიანი დაიღუპა

დღეს, 7 ივლისს, რუსეთში სამარას რეგიონში, ჩაპაევსკში, „პრომსინტეზის“ ქარხანაში, აფეთქება მოხდა. ეს ქარხანა ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს.

რუსული მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა უსაფრთხოების წესების დარღვევა.

რუსული მედიის ცნობით,  „პრომსინტეზის“ ქარხანა სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია რუსეთსა და დსთ-ეს ქვეყნებში.

სიგარეტისა და მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის მცდელობა სარფში – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე-ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

„კერძოდ, წინასწარი დეკლარირების ფარგლებში, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით, კომპანიის მიერ თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან სატვირთო ავტომობილით შემოტანილი იქნა სხვადასხვა დასახელების ინვენტარი. აღნიშნული ავტომობილის მისაბმელის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა ლუქის მთლიანობის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ტვირთის დეტალური დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული სიგარეტი, ჯამში 10 400 ღერი და სხვადასხვა დასახელების 77.8 კილოგრამი [საერთო საბაჟო ღირებულება: 31 368 ლარი] მედიკამენტი.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

Exit mobile version