შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 12 ნოემბრის მონაცემებით კი, ფიზიკური პირების მიერ წარდგენილი ქონების დეკლარაციების მიხედვით, დარიცხული თანხის [ქონების გადასახადის] საერთო ოდენობამ 75 178 005 ლარი შეადგენა.
საქართველოში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 1 796-ით გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა ჯამურმა წლიურმა შემოსავალმა 100 ათას ლარს გადააჭარბა; 2018 წელთან შედარებით კი, ასეთი მაღალი შემოსავლების მქონე ოჯახების რაოდენობა 2 982-ით არის გაზრდილი.
მთლიანობაში, ქვეყანაში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტი იყო, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით 9 104-ით არის გაზრდილი.
შემოსავლების სამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთა წლიურმა შემოსავალმა 2019 წელს 40 ათას ლარს გადააჭარბა, იყო 48 960, ხოლო 2020 წელს – 58 064.
ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს, თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს.
2019 წლის შემოსავლების შესახებ ფიზიკური პირების მიერ [ქონების გადასახადის] დეკლარაციები შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2020 წელს; 2020 წლის შემოსავლების შესახებ კი – 2021 წელს.
ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების რაოდენობა [2019-2021 წწ]:

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციები 2019-2021წწ. / წყარო: შემოსავლების სამსახური /
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ ფიზიკური პირის ან მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი გადააჭარბებს 40 ათას ლარს, ასეთ შემთხვევაში იბეგრება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება [მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი], იახტები [კატარღები], შვეულმფრენები, თვითმფრინავები და მსუბუქი ავტომობილები; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
ფიზიკური პირი წლიური შემოსავლების შესახებ დეკლარაციას წარადგენს მომდევნო წლის 1-ელ ნოემბრამდე.
საგადასახადო ორგანო ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.
ფიზიკური პირების მიერ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე [გარდა მიწისა] გადახდილია: 2019 წელს – 29 966 084 ლარი, ხოლო 2020 წელს – 31 561 932 ლარი.
რაც შეეხება ცალკე მიწის გადასახადს – მესაკუთრეების მიერ, 2019-2020 წლებში, ჯამში გადახდილია 50,5 მილიონი ლარი; აქედან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადახდილია 33,4 მილიონი, ხოლო რასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – 17,1 მილიონი ლარი.