მთავარი,სიახლეები

6 წლის შემდეგ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა სააპელაციომ ხელახლა დაიწყო

14.11.2023 •
6 წლის შემდეგ „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა სააპელაციომ ხელახლა დაიწყო

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ხელახლა დაიწყო „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმის“ განხილვა. საქმე სააპელაციოს უზენაესმა სასამართლომ დაუბრუნა.

„მხარეებმა წარმოვადგინეთ ახსნა-განმარტებები, დეკემბერში იქნება შემდეგი სხდომა, სადაც გადავალთ კითხვებზე და პაექრობაზე. დიდი შანსია, რომ მალე დასრულდეს განხილვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ცენტრის“ TDI იურისტი, შოთა თუთბერიძე. ეს ორგანიზაცია და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავენ.

შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ უზენაეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და დისკრიმინაციის ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია აქამდე მიღებული გადაწყვეტილება დაიცვას, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერია მუსლიმ თემს დისკრიმინაციულად ექცევა.

„უზენაეს სასამართლოს დისკრიმინაცია არ გამოურიცხავს… მან გარკვეული პროცედურული მითითებები მისცა სააპელაციო სასამართლოს ესენი განიხილე დისკრიმინაციის ნაწილში. უზენაეს სასამართლოს რომ საბოლოოდ გადაეწყვიტა საკითხი და ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, სააპელაციოს საქმეს აღარ დააბრუნებდა და თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას.

უზენაესმა სასამართლომ გარკვეულ გარემოებებზე ყურადღება გაამახვილა და დისკრიმინაციის ნაწილში უთხრა სააპელაციოს, რომ დისკრიმინაცია, როგორც შენ შეფუთე და გამომიგზავნე, ასე შეიძლება არ იყოსო.

ჩვენი პოზიციაა ისევ ის, რომ ბათუმის მერია დისკრიმინაციულად უდგება მუსლიმ თემს და ამ მოტივით ამბობს უარს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე. ჩემი აზრით, ბათუმის მერიის მიზანია დროის გაწელვა. ჩემივე აზრია, რომ ეს საკითხი მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში არ წყდება და გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში,  მათ შორის, ძალოვან უწყებებში.

იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო არ გახდება მანიპულაციის ობიექტი, თუმცა ეს გამოჩნდება საკმაოდ მალე,“ – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ „ბათუმელებთან“.


„ახალი მეჩეთის საქმეზე“ მუსლიმი თემი სამართალს მე-6 წელია ელის – მუსლიმებმა სასამართლოს პირველად 2017 წელს მიმართეს.

ორწლიანი პაუზის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ 2023 წელს „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა და თან მიუთითა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია იმ სამართლებრივი ლოგიკით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა.

საქმე ბათუმში ახალი მეჩეთს აშენებას ეხება – მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, მუსლიმებს საკუთარ მიწაზე მეჩეთის აშენების უფლებას წლებია არ აძლევენ. მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს დაადასტურა, მან უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს ზონალური შეთანხმების მიღებაზე უარი უთხრეს, თუმცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დაავალდებულა ბათუმის მერია მშენებლობის შესაბამისი ნებართვის გაეცა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სრულად გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უზენაესმა სასამართლომ კი, ნაცვლად იმისა, რომ ბათუმის მერიისთვის, დისკრიმინაციული მიდგომის დადგენის შემდეგ, მშენებლობის ნებართვის გაცემა დაევალებინა, პირიქით, იმაზე იმსჯელა, რატომ შეიძლება არ გვქონდეს საქმე დისკრიმინაციასთან, როცა ბათუმში ახალი ეკლესიები შენდება, მუსლიმ თემს კი, ახალი მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევენ.

უზენაესმა სასამართლომ ბათუმის მერიის არგუმენტი გაიზიარა: ბათუმში, უშუალოდ მე-6 ზონაში, სადაც მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აგება სურს, ეკლესიის აშენებაზე ბათუმის მერიას ნებართვა არ გაუცია.

„…საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საცხოვრებელ ზონა 6-ში და განსაკუთრებით, სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ, გაცემული აქვს საკულტო ნაგებობების – მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემა და სამშენებლო პირობების დამტკიცება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის – ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია განსხვავებულ მოპყრობას.

ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო განმეორებით ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არ გაცემულა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ქალაქ ბათუმში, საცხოვრებელ ზონა 6-ში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობის დაშვებისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეუძლებელია განსხვავებულ მოპყრობაზე ხაზგასმა იმ პირობებში, როდესაც ანალოგიური მოთხოვნა არსებითად თანასწორი სუბიექტის მხრიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით არ წარდგენილა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა ძირითადად დაეფუძნა იმ არგუმენტს, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ არის აშენებული მართლმადიდებლური ტაძრები, რის საპირწონედაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ „ბ…ს“ არ აძლევს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის უფლებას. სააპელაციო სასამართლომ ა(ა)იპ „ბ…ს“ „კომპარატორად“ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნია,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ბათუმის მერიის არგუმენტი  უზენაეს სასამართლოში ასევე ის იყო, რომ მსგავს შემთხვევებზე ბათუმის მერიის ზონალური კომისია მსჯელობს, რასაც შემდეგ მერი ეყრდნობა.

„…კასატორი საკასაციო საჩივარში განიხილავს თითოეულ დასახელებულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლების ზონის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი განეკუთვნება ე.წ. საძილე ადგილებს, სადაც კერძო ინტერესს წარმოადგენს მშვიდ გარემოში ყოფნის უფლება. შესაბამისად, ასეთ ზონაში არ უნდა იქნეს ისეთი ფუნქციის ობიექტი დაშვებული, რომელიც დისონანს შეიტანს ფუნქციებს შორის და დაარღვევს  სამეზობლო თმენის პრინციპს.

ხოლო საკულტო ნაგებობა, თავისი შინაარსით – ფუნქციური დანიშნულებით, წარმოადგენს ისეთ ობიექტს, რომელიც უნდა იყოს მკაცრად იზოლირებული გარემოსაგან, რადგან მას გააჩნია „თავისი ცხოვრების წესი“ – საკულტო ნაგებობა არის ხალხმრავალი ადგილი [განსაკუთრებით დღესასწაულებზე], რელიგიური რიტუალები კი, არღვევს სიმყუდროვეს,. შესაბამისად, მისი განთავსება უნდა მოხდეს ისეთ ადგილას, რომ დაცული იქნეს ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უფლებები – „იცხოვრონ მშვიდ და საცხოვრებელ გარემოსთან შესაბამის გარემოში, არ მოუწიოთ ყოველდღიური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა“.

მუსლიმი თემის ინტერესების დამცველები [„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“] აღნიშნავდნენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ კანონი არასწორად განმარტა, როცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მიიჩნია, რომ „სასამართლო ვერ შეზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას“.

„…დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება გამოყენებული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებების დასარღვევად, პირების მიმართ თვითნებური, სუბიექტური, დისკრიმინაციული მოპყრობისთვის. ამის დაშვება დისკრეციული უფლებამოსილების დანიშნულებას გამოაცლიდა არსს.

სწორედ ამიტომ არ არსებობს აბსოლუტური დისკრეცია და როცა ცხადია ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილებას განზრახ არ ახორციელებს კანონიერების პრინციპის საფუძველზე და მისი ამ განზრახვის ცვლილების ყველა რესურსი ამოწურულია, ამ დროს სასამართლოსგან დისკრეციის არშეზღუდვა სამართლიან სასამართლო განხილვაზე უარის ტოლფასიც შეიძლება იყოს,“ – მიწერეს მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

`უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მთელ რიგ სადავო და ურთიერთწინააღმდეგობრივ დასაბუთებასა და ინტერპრეტაციას შეიცავს მნიშვნელოვან უფლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განმარტებები დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მანკიერ პრაქტიკას ამკვიდრებს არამხოლოდ ბათუმში მუსლიმი თემის უფლებების, არამედ ზოგადად თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის კუთხით,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ დღეს, 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„უზენაესმა სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ტერიტორიის გარშემო 7 უნებართვოდ აშენებული მართლმადიდებლური ტაძრის არსებობას. მისი თქმით, ბათუმის მერია შეზღუდული იყო ზემოქმედება მოეხდინა მართლმადიდებლური ტაძრების უნებართვო მშენებლობებზე, რადგან სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლი სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედ და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

მიგვაჩნია, რომ უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური შეთანხმების მეშვიდე მუხლი არსებითად არასწორად განმარტა. აღნიშნული ჩანაწერი თავისი არსით ეხება ამ შეთანხმების დადების დროისთვის არსებულ მართლმადიდებლურ ისტორიულ ქონებას და არა რელიგიური გაერთიანების მიერ მომავალში შეძენილი ან აშენებულ რელიგიურ ნაგებობებს,“ – წერია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ შეფასებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: