ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] 13 ნოემბრის შეფასებით, რუსულმა ძალებმა ავდიივკას მიმართულებით წინსვლა მოახერხეს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 10 ნოემბრის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსული ძალები ქალაქ სტეპოვეს აღმოსავლეთ მისადგომებთან მივიდნენ. ეს ქალაქი ავდიივკასგან ჩრდილოეთით, სამი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
ორგანიზაციის ანალიტიკოსთა შეფასებით, სწორედ ავდიივკას მიმართულებაა ახლა პრიორიტეტი რუსული სამხედრო ხელმძღვანელობისთვის. ამავე დროს, ანგარიშში მოყვანილია უკრაინული გენერალური შტაბის ცნობები რუსული ძალების არაერთ წარუმატებელ იერიშზე ავდიივკას მიმართულებაზე.
ავდიივკა აღმოსავლეთის ფრონტზე ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ქალაქია. ბრიტანეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ავდიივკას აღებისთვის გადადგმული ნაბიჯები, თავისი მასშტაბით, რუსეთის ყველაზე დიდი შეტევითი ოპერაციაა, სულ მცირე, 2023 წლის იანვრის შემდეგ. მათი შეფასებით, უკრაინის მიერ ამ პუნქტის კონტროლი წინ უდგას რუსეთის მიზანს, დაიკავოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები.
„ბიბისის“ სამხედრო კორესპონდენტის, პალევ აქსიონოვის თქმით, ავდიივკის აღება ფრონტის ხაზს დონეცკიდან მოშორებით გადაწევდა [რუსული „ტვ-ცენტრი“ აღნიშნავს, რომ ავდიივკის სიმაღლეებიდან დონეცკზე დარტყმაა შესაძლებელი] და ამასთან ერთად, აღარ იქნებოდა ფრონტის ამ მონაკვეთზე შეჭრილი რუსეთის თავდაცვითი ხაზის სიღრმეში. სხვა ყველაფერთან ერთად, დიდ თავდასხმას უკრაინის ყურადღება გადააქვს ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან – აღნიშნავს აქსიონოვი.
ISW-ის ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ამინდის გაუარესებას გავლენა აქვს საბრძოლო მოქმედებების ხასიათსა და ინტენსივობაზე, თუმცა ამინდი ამ ეტაპზე ოპერაციების ჩატარებას სრულიად შეუძლებელს ვერ ხდის.
უკრაინის სახმელეთო ძალების პრესსპიკერი ვოლოდიმირ ფიტიო ამბობს, რომ წვიმის შედეგად ატალახებულ ნიადაგზე სახმელეთო მანევრების ჩატარება გართულებულია. უკრაინის სამხრეთის ოპერატიული ხელმძღვანელობის სპიკერი კი აღნიშნავს, რომ რუსული ავიაცია ნაკლებად აქტიურობს სწორედ ამინდის გაუარესების გამო.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსთა მოსაზრებით, ამინდის გაუარესება ხელს შეუშლის და შეანელებს მხარეთა ოპერაციებს, მაგრამ სრულიად ვერ შეაჩერებს საბრძოლო მოქმედებებს.
____________
ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი/facebook






