მთავარი,სიახლეები

რატომ გჭირდებოდა საშვი ქედაში წასასვლელად – როგორ აკონტროლებდნენ აჭარას

13.11.2023 • 7881
რატომ გჭირდებოდა საშვი ქედაში წასასვლელად – როგორ აკონტროლებდნენ აჭარას

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლებში კარგად ახსოვთ ის დრო, როცა ბათუმში წასვლა-წამოსვლისას აუცილებლად თან უნდა ჰქონოდათ პასპორტი – წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც მუნიციპალიტეტს დატოვებდნენ და ვერც სახლში დაბრუნდებოდნენ. ბლოკპოსტებზე, რომლებიც ქედასა და ხელვაჩაურში იყო, მგზავრობით დატვირთულ ავტობუსში რუსი ჯარისკაცები ადიოდნენ და ყველას პასპორტს ამოწმებდნენ.

ეს მოგონებებია საბჭოთა დროის აჭარაზე, როცა ქედის, ხულოს, ხელვაჩაურისა თუ შუახევის რომელიმე სოფელში გამართულ ქორწილში ბათუმიდან რომ დაგეპატიჟებინა ნათესავები, სპეციალური საშვების გამოწერა იყო საჭირო.

რა ხდებოდა ამ ბლოკპოსტებზე და ვის შეეძლო მისი გავლა თავისუფლად? როგორ მართავდა ოჯახი დაკრძალვას თუ ქორწილს? რესპონდენტებს, რომელთაც ჩვენ ვესაუბრეთ, კარგად ახსოვთ ეს პერიოდი – მათ თავადაც უწევდათ ბლოკპოსტების გავლა.

55 წლის ასმათ სამნიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს. მას კარგად ახსოვს, როგორ ამოწმებდნენ ბლოკპოსტზე ყველას საბუთებს რუსი ჯარისკაცები.

„ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული, რაც დამრჩა მეხსიერებაში, იმას აღვწერ. ავტობუსის მგზავრების შესამოწმებელი ადგილი ცალკე იყო, მანქანით მიმავლებისა და ფეხით მიმავლების – ცალ-ცალკე.

რუსი ჯარისკაცები ყველას პასპორტს ამოწმებდნენ.

პასპორტს ვადა გასული არ უნდა ჰქონოდა, სხვისი პასპორტით არ უნდა გაგევლო. იყო საგუშაგოც, მაღლობზე, სადაც ერთი ჯარისკაცი იდგა და იქიდან აკონტროლებდა ტერიტორიას. ზუსტად ვერ ვიტყვი დროს, არ ვიცი, 6 საათის ცვლით იყვნენ თუ 9-საათიანი, თუმცა ნამდვილად იცვლებოდნენ.

ესენი იყვნენ ჩვეულებრივი [საბჭოთა] ფორმიანი ჯარისკაცები, ვინც იხდიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს. მათი სამხედრო ბაზა ქედაში იყო. ჯარში მსახურობდნენ და თან ბლოკპოსტებს აკონტროლებდნენ.

არც ერთი არ იყო ქართველი, ყველა რუსი იყო. ბავშვობაში სულ მეშინოდა მათი, რადგან იარაღით იყვნენ.

ვინც ბათუმში იყო ჩაწერილი, სპეციალური საშვები უნდა ჰქონოდა პასპორტთან ერთად, ქედის ბლოკპოსტები რომ გამოევლო. ვინც ქედაში, შუახევში, ხულოში იყო ჩაწერილი, მას განსაკუთრებული საშვი არ სჭირდებოდა, პირდაპირ პასპორტით შემოდიოდა მუნიციპალიტეტში, მაგრამ თუ პასპორტი დაავიწყდებოდა ან სხვისი პასპორტით შეეცდებოდა გასვლას, მას აუცილებლად გააბრუნებდნენ უკან. მახსოვს შემთხვევები, თუ როგორ გააბრუნეს ხალხი უკან და არ გაატარეს ბლოკპოსტზე.

თხოვნა, ადგილზე მოლაპარაკება ან რაიმე მსგავსი დაუშვებელი იყო. ამ სამხედროებს უფლება არ ჰქონდათ ჩვენთან საუბრის. უბრალოდ, ამოვიდოდა მანქანაში, მიაწოდებდი პასპორტს, გადაშლიდა, შეგიმოწმებდა. დააკვირდებოდა პასპორტის სურათს, ნამდვილად შენ თუ იყავი, პასპორტის ვადას შეამოწმებდა და მორჩა“, – გვიყვება ასმათ სამნიძე.

მას ქედაში მოწყობილი ორი ბლოკპოსტი ახსოვს, ერთი – აჭარისწყლის ჰესთან, მეორე კი – მახუნცეთთან ახლოს.

მისი თქმით, თუ სოფელში ქორწილი ან დაკრძალვა იყო და სტუმრები სხვა რეგიონიდან ან თუნდაც ბათუმიდან უნდა ასულიყვნენ, საჭირო იყო თითოეულ მათგანს ჰქონოდა საშვი.

„მაშინ საბჭოს ეძახდნენ. საბჭოსთვის უნდა მიგემართა და საბჭო მოგცემდა ამ საშვს. სტუმრის მიღება უფრო რთული იყო. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და აღარ იყო ეს გამშვები პუნქტები, მაშინ დაიწყო ხალხმა ერთმანეთთან მიმოსვლა და აქტიური სტუმრიანობა“.

ნახსენები გამშვები პუნქტები ასმათისთვისაც გამხდარა შეფერხების მიზეზი. როგორც იხსენებს, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში, უნივერსიტეტში ჩააბარა და რაღაც დროის განმავლობაში მისი პირადობის მოწმობისა და სხვა საბუთების უნივერსიტეტში დატოვება მოუწია.

„ჩამოვედი ბათუმში და ვერაფრით ავდიოდი სოფელში. 10 დღე დეიდაჩემთან მომიწია დარჩენა, ბათუმში.

მაშინ ტელეფონები არ იყო და წარმოიდგინეთ, რა რთული იყო შეგეტყობინებინა ოჯახისთვის, სად იყავი. როგორც იქნა, ბოლოს გავაგებინე ჩემებს. დედაჩემი ავიდა ქედაში, მაშინ მილიცია იყო, იქ საბუთი გააკეთებინა, ჩამომიტანეს ის საბუთი და მერე ამოვედი სახლში.

საშინელება იყო, მაგრამ ვერანაირ პროტესტს ვერ გამოხატავდი“, – გვეუბნება ასმათი.

ასმათ სამნიძე

„მთიანი აჭარის მოსახლეობა გაწამებული იყო ამ ბლოკპოსტების გამო“, – გვეუბნება 70 წლის ჯემალ ზოიძე, შუახევის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის დირექტორი და „განსაკუთრებულ“ შემთხვევებში მოწყობილ დროებით ბლოკპოსტზე გვიყვება.

„მარეთის ხეობაში, უჩამბის ხიდთან ხშირად მართავდნენ მესამე „გამშვებ პუნქტს“ განსაკუთრებულ შემთხვევებში. არ ვიცი, რა განსაკუთრებული შემთხვევები ჰქონდათ, მაგრამ დროებით ბლოკპოსტებს ნამდვილად აწყობდნენ იქ. მოსახლეობამ ხშირად არ იცოდა ამ დროებითი ბლოკპოსტის შესახებ და მოუმზადებელი მიდიოდნენ.

საბჭოთა კავშირში და მაშინდელ [მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები] მოქალაქეების პასპორტებში შტამპი იყო ჩარტყმული, რომელსაც სპეციალური კოდი ჰქონდა მინიჭებული. მსგავსი პასპორტი ვისაც ჰქონდა, მას თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ქედაში, შუახევში, ხულოში, მაგრამ ამ პასპორტის მფლობელს არ ჰქონდა საშუალება, გასულიყო სარფში, მაგალითად.

ჩვენი ხეობის მცხოვრებთ შეეძლოთ შესულიყვნენ ჯავახეთშიც. იქაც იყო ასეთი ბლოკპოსტები, თუ სწორად მახსოვს, აწყურთან ახლოს, მაგრამ საზღვართან უფრო ახლოს მისვლის შემთხვევაში განსაკუთრებული საშვი დასჭირდებოდა.

ქალაქის მოსახლეობას არ შეეძლო მხოლოდ პასპორტის ქონის შემთხვევაში ქედაში ან სხვა მუნიციპალიტეტებში შემოსულიყო. ამ შემთხვევაში მათ სპეციალური საშვები სჭირდებოდათ.

ბლოკპოსტები იყო საზაფხულო საძოვრებზეც, სადაც ჩვენ დავდიოდით. ელექტრონული ღობე, ეკლიანი მავთულით ჰქონდათ ტერიტორია შემოსაზღვრული და ამ ღობის შიგნით უნდა შესულიყო მოსახლეობა, თუ ზაფხულის საძოვრებზე, სამთო საძოვრებზე პირუტყვის შეყვანა უნდოდა. შესვლა და გამოსვლა აქაც სპეციალური საშვების საშუალებით ხდებოდა“, – იხსენებს ჯემალ ზოიძე.

მისი თქმით, ბლოკპოსტზე გაჩერებულ ტრანსპორტს დეტალურად ამოწმებდნენ სამხედროები. ფრთხილობდნენ, არ გაპარულიყო ან დამალულიყო მგზავრი და ხშირად, მანქანის საბარგულსაც ხსნიდნენ და იხედებოდნენ შიგნით.

ჯემალ ზოიძის თქმით, საშვებს უშიშროების სამსახური პასპორტის საფუძველზე გასცემდა ამა თუ იმ მოქალაქეზე, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა გარკვეული ვადით შესულიყო იმ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ პასპორტის საფუძველზე არ შეეძლო შესვლა.

„ადგილზე მოლაპარაკება შეუძლებელი იყო. თუ, მაგალითად, ვინმე მაღალჩინოსანი იყო და პასუხისმგებლობას აიღებდა, რომ მგზავრი მასთან მიდიოდა სტუმრად, ხშირად ხდებოდა ასეთი რაღაც, რომ შეიძლება გაეტარებინათ მოქალაქე, მაგრამ ინიშნავდნენ ვადას და იმ პერიოდში თუ არ დაბრუნდებოდა პირი უკან, იმ მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობა დადგებოდა, ვინც ამ პირს ბლოკპოსტის გავლაში დაეხმარა“, – იხსენებს ჯემალ ზოიძე.

ჯემალ ზოიძე

მისი თქმით, დაკრძალვებზე წასვლას ძირითადად ვერ ახერხებდნენ, რადგან მოკლე დროში არ ამზადებდნენ საშვებს.

„თუ ქორწილი იყო დაგეგმილი, წინასწარ უშიშროების სამსახურს მიმართავდნენ და უშიშროების სამსახური გასცემდა დროებით მოწმობას. შეიძლება ჯგუფური მოწმობაც გაეცათ. მაგალითად, სახელობითი სიის საფუძველზე. პასუხისმგებელი პირი ჩაიწერებოდა და ის პიროვნება იყო პასუხისმგებელი ამ ადამიანების გადაადგილებაზე.

ამ თანხმობას გარკვეული დრო სჭირდებოდა, ალბათ უშიშროების სამსახური სწავლობდა იმ პიროვნებებს, თუ ვინ იყვნენ, ვისთან მიდიოდნენ. ამ ყველაფერს შეისწავლიდნენ და მერე იძლეოდნენ საშვებს. ეს გარკვეული დრო შეიძლება ყოფილიყო 3 დღე, ერთი კვირა ან 10 დღე“, – გვითხრა ჯემალ ზოიძემ.

მისი თქმით, სკოლის მოსწავლეები შესაძლოა გაეტარებინათ ბლოკპოსტებზე მოსწავლის ბილეთის არქონის შემთხვევაში, თუ გამოუჩნდებოდა ნაცნობი, ახლობელი და დაემოწმებოდა.

„ეს მდგომარეობა არავის სიამოვნებდა, მაგრამ ხალხი დაშინებული იყო და ხმას ვერავინ იღებდა საერთოდ, იმიტომ, რომ გააციმბირებდნენ ან გადაასახლებდნენ“.

ამ პერიოდზე გვიყვება 73 წლის ჟუჟუნა დიდმანიძეც, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც დაახლოებით 50 წელი მუშაობდა სკოლაში. ის ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში გაიზარდა და დაქორწინების შემდეგ სოფელ კირნათში გადავიდა საცხოვრებლად.

„არ ვიცი აჭარაში კიდევ სად იყო ეს პუნქტები, მაგრამ მე რომ მარადიდში ვცხოვრობდი, მაშინ აჭარისწყალზე იყო. ასევე იყო მაჭახლისპირშიც. ამ ორ ადგილზე ხშირად მიწევდა მოძრაობა და მქონდა შეხება.

მაშინ საბჭოთა პასპორტები იყო, რისი არ ქონის შემთხვევაშიც დაგაბრუნებდნენ. ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა. ძალიან ძნელი იყო სტუმრის მიღება და ა.შ.

ავტობუსში ამოდიოდნენ და სინჯავდნენ ყველას პასპორტს. სხვა ტრანსპორტშიც ასე აკეთებდნენ, რა მანქანა იყო, აზრი არ ჰქონდა.

მოსწავლეებს მოსწავლის ბილეთი უნდა ჰქონოდათ. მაშინ იყო ბილეთები, სკოლა ურიგებდა მოსწავლეებს“, – გვეუბნება ჟუჟუნა.

ის პირები, რომლებიც მოქალაქეებს ბლოკპოსტებზე ხვდებოდნენ, ჟუჟუნასაც სამხედრო ფორმაში ახსოვს.

„სტუმარი სოფელში ვერ შემოვიდოდა, თუ სოფლის გამგეობიდან რაიმე დასტური არ გექნებოდა. ე.წ. საშვები, მაშინ სოფლის საბჭოს ვეძახდით, იქ კეთდებოდა. მერე ეს ცნობა უნდა მიგეტანა „გამოსაშვებ პუნქტზე“ და ასე დახმარებოდი სტუმარს გამოსვლაში.

საბჭოს თავისი ბეჭედი და წესი ჰქონდა ამ ცნობის გაცემის. ცნობა ადასტურებდა, რომ სტუმარი ნამდვილად ამა თუ იმ ოჯახის ნათესავი, მეგობარი იყო.

ძალიან ჭირდა დაკრძალვაზე, ქორწილებში შეკრებაც. იმავე სოფლებში ქორწინდებოდნენ, ძირითადად ასე იყო, მაგრამ სხვა სოფლებიდანაც მოდიოდნენ რძლები, რა თქმა უნდა. სოფლის თავკაცები ჩადგებოდნენ, შედგებოდა სია, მათზე აკეთებდნენ საშვებს და ასე იხდიდნენ ქორწილებს, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო.

ასე იყო ყველა შეკრებაზე. ვერც დაკრძალვაზე წახვიდოდი საშვის გარეშე. არავის შემოუშვებდნენ სოფელში.

ყველა მიჩვეული ვიყავით, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყო საუბარი მაგის შესახებ – რა საჭიროა? რატომაა და ა.შ.

ზუსტად არ მახსოვს, როდის შემოიღეს ამ სახის შემოწმებები, გაუქმებით კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.

ჩემთვის და ყველასთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო ეს. ახლა რომ გადიხარ სახლიდან, შეიძლება პასპორტი საერთოდ არ გაიყოლო, მაშინ უკან დაბრუნება მოგიწევდა აუცილებლად, თუ პირადობა არ გქონდა“, – იხსენებს ჟუჟუნა.

„ეს ბლოკპოსტები სპეციალურად მოწყობილი ფსიქოლოგიური ბარიერები იყო. როგორც მერაბ კოსტავამ უწოდა – „საქართველოს ერთიანობის ქედზე მოწყობილი გილიოტინა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორია-არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

„საბჭოთა პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები და სურვილები სრულიად იგნორირებული იყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია ფაქტობრივად ორად იყო გაყოფილი ამ ბლოკპოსტების გამო – ბლოკპოსტებამდე და ბლოკპოსტებს შემდეგ“, – გვეუბნება უჩა ოქროპირიძე.

მისი თქმით, იქმნებოდა განცდა, თითქოს ბლოკპოსტებს მიღმა „სხვა ხალხი“ ცხოვრობდა:

„ზემო აჭარაში ნამყოფიც არ ვიყავი, სანამ სტუდენტობა არ დავასრულე, რადგან სპეციალური საშვი მჭირდებოდა. საბჭოთა კავშირი ამ ხელოვნური ბარიერით, ბლოკპოსტების საშუალებით ცდილობდა მოსახლეობის გაყოფას.

მე, მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ სხვა ხალხი ცხოვრობდა მაღალმთიან აჭარაში. რომ ჩამოდიოდნენ კი ვხვდებოდით ერთმანეთს, ვლაპარაკობდით, მაგრამ „სპეციფიკური“ ხალხი მეგონა ცხოვრობდა იქ, ვისი ჩვენგან გაყოფაც ამ ბლოკპოსტებით საჭირო იყო.

ასეთი ბლოკპოსტები კიდევ იყო, მაგალითად, აწყურის რაიონში, ახალციხეში. მესხეთში შესვლა აწყურის პოსტით შეიძლებოდა მხოლოდ საშვების საფუძველზე.

სანაპირო ზოლშიც ასე იყო. როდესაც სარფში პირველად გავედი დაკრძალვაზე, თურქეთისკენ გახედვასაც გვიშლიდნენ ადგილობრივები, ისე ჰყავდათ დაშინებული. „იქით გახედვა არ შეიძლებაო – დაგვდევდნენ“ – იხსენებს ისტორიკოსი.

უჩა ოქროპირიძის თქმით, ეს ბლოკპოსტები აჭარაში საბჭოთა წყობისთანავე გაჩნდა და დასრულდა მისი დასრულებისთანავე, 1991 წელს, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: