მთავარი,სიახლეები

მერმა სათათბირო საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციები არ შეიყვანა

18.10.2022 • 1720
მერმა სათათბირო საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციები არ შეიყვანა

ავარიულ სახლებთან დაკავშირებული სათათბირო საბჭოს შექმნის შესახებ ბათუმის მერის ბრძანება დღეს, 18 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-დან, რეზო ხარაზმა გაასაჯაროვა. ამ ბრძანების მიხედვით, მერმა სათათბირო საბჭოში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ შეიყვანა.

საბჭოში არ არის ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია უკვე 10-ზე მეტი წელია ბათუმში კულტურული მემკვიდრეობისა და ურბანული მიმართულებით მუშაობს. საბჭოში არ მიიწვიეს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელიც დიდი ხანია თვითმმართველობის საკითხებზე, მათ შორის, ურბანულ პრობლემებზე მუშაობს და ასე შემდეგ… არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი საბჭოში არ არის.

გარდა ამისა, ამ ბრძენებით ირკვევა, რომ მერმა საბჭოს შექმნის შესაძლებლობა არ გამოიყენა, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი პროცესში ახალი ადამიანების შესაყვანად – ავარიული სახლების პროგრამა მეტად დაზღვეული რომ იყოს ისეთი რისკებისგან, რომელთა გამოსწორებაც შემდეგ შეუძლებელი იქნება.

საბჭოს თავმჯდომარე

მერმა საბჭოს თავმჯდომარედ მამუკა რამიშვილი დანიშნა, მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. მერისთვის რჩევის მიცემა ურბანული მიმართულებით, თითოეული პროექტის განხილვა, მისი შესწავლა და კანონის შესაბამისობაში მოყვანა, ისედაც მისი მოვალეობაა.

გარდა ამისა, წესით, თავმჯდომარეს და მოადგილეს თავად საბჭო ირჩევს, ამჯერად კი მერმა დანიშნა, როგორც თავმჯდომარე, ისე მისი მოადგილეც.

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კოპინაძე იქნება – მერიის ქონების მართვისა და სერვისების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

მერის ბრძანების მიხედვით საბჭოში შედიან:

  • ზაურ ახვლედიანი -აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
  • ნუგზარ ძნელაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი
  • ნათია ბურძგლა – მერიის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის სპეციალისტი
  • ზვიად ბურჭულაძე -არქიტექტორთა კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი

ზვიად ბურჭულაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ხელშეკრულებით მუშაობს, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ საბჭოში მთავრობას არ წარმოადგენს.

საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან, რეზო ხარაზი მიიჩნევს, რომ „ავარიული სახლების პროგრამას სინამდვილეში საერთო არაფერი აქვს ავარიულ სახლებთან“ და ეს კარგად გამოჩნდა ბრძანებით, რომლითაც მერმა სათათბირო საბჭოს შემადგენლობა დაამტკიცა.

„მსგავსი საბჭოები აქვს განათლების სამინისტროსაც [კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოქმედ საბჭოებს]. თქვენ იცით, რამდენი კითხვაა ამ საბჭოების მუშაობასთან დაკავშირებით. იმ ადამიანებს, რომლებიც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ, კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რატომ არ არის ეს ის პროექტი, რაზეც საუბრობენ რიჟვაძე და ჩიქოვანი. მათ თავიანთი ბიზნესინტერესები აქვთ და საერთოდ არ აინტერესებთ ავარიული სახლების პროგრამა“, – ამბობს საკრებულოს წევრი.

მას ვკითხეთ, ვინ უნდა იყოს საბჭოში, ოპოზიციის ნდობა რომ მოიპოვოს. საკრებულოს წევრმა გვითხრა, რომ ის, ვისაც ცოდნა აქვს ამ მიმართულებით და არ ასრულებს „ოცნების“ დავალებებს.

„კარგი იქნებოდა, საბჭოში ყოფილიყო ნინო ინაიშვილი, შოთა გუჯაბიძის ორგანიზაცია, ის ორგანიზაციები, რომლებიც წლებია მუშაობენ ამ ქალაქში“, – აცხადებს რეზო ხარაზი.

სათათბირო საბჭოს შექმნის წესი ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა. ამ საბჭოში საკრებულოს არც ერთი წევრი არ შედის. საკრებულოს ამ პროგრამის პირდაპირი კონტროლის მექანიზმი, ფაქტობრივად, არ აქვს.

„საკრებულოს წევრებს შეიძლება ნანახიც კი არ ჰქონდეთ ეს ბრძანება. მოვუწოდებ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და ყველა დაინტერესებულ პირს, აქ განგაშის ზარებია ასატეხი. ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დროზე მიიღოს გადაწყვეტილება“, – ამბობს რეზო ხარაზი.

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. სასამართლოს სარჩელის განხილვა ჯერ არ დაუწყია.

___

ამავე თემაზე:

ომბუდსმენმა გაასაჩივრა სპეციალურად ბათუმისთვის მიღებული კანონი – K2-ის ექსკლუზივი მერს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: