14 წლის მარი ართმელაძე ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა და სწავლობდა. მერე მისი ოჯახი ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. მარის ახლა შესაძლებლობა აქვს, არაფორმალურ განათლებაში ჩაერთოს და სხვადასხვა ტრენინგსა თუ საჯარო შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. 14 წლის გოგოს ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე შევხვდით.
მარიმ იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რაც მაღალმთიანი აჭარის სკოლაში სწავლასა და ქალაქის სკოლაში სწავლას შორის დაინახა.
მარი მე-9 კლასის მოსწავლეა და ერთი წელია, რაც ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. მარის სოფელში სწავლის პერიოდს ასე აფასებს – სიახლეების ნაკლებობა. ფიქრობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი სკოლის პრობლემა და სიახლეები სხვა სოფლის სკოლის მოსწავლეებსაც აკლიათ. მისი თქმით, სოფლის სკოლებში დაბალია სწავლის ხარისხიც.
რატომ ფიქრობს მარი ასე?
„ლაბორატორია არ გვქონდა სოფლის სკოლაში. არც იმ სკოლაში გვაქვს ლაბორატორია, სადაც ახლა ვსწავლობ, თუმცა აქ ისეთ ცდებს მაინც ვატარებთ, რასაც მაინცადამაინც ლაბორატორია არ სჭირდება. ეს მცდელობა სოფლის სკოლაში არ გვქონია.
ჩემი აზრით, მასწავლებლები ქალაქსა და სოფელში ცოდნითაც განსხვავდებიან. ზოგიერთ მასწავლებელს სოფელში არ აქვს ხარისხიანი განათლება, სერტიფიცირება და ა.შ. ვიცი მასწავლებლები, რომლებსაც უნივერსიტეტშიც კი არ უსწავლიათ და უფლება არ აქვთ, მოსწავლეებს ასწავლონ.
ქალაქის მასწავლებლები – ყველა სწავლობდა უნივერსიტეტში. უკეთ იცნობენ იმ საგნებს, რასაც ასწავლიან და უკეთ გვასწავლიან“, – მეუბნება მარი და აგრძელებს: „ქალაქში ვასწრებთ გაკვეთილის გამოკითხვას, დროულად ვასწრებთ გაკვეთილის ახსნას. სოფელში, იმის მიუხედავად, რომ ცოტა ბავშვი სწავლობს, გაკვეთილს წელავენ, არათემატურ თემებზე საუბრობენ და დრო გადის, ამიტომაც ვერ ახერხებენ, რომ სრულყოფილად ახსნან გაკვეთილები. საგაკვეთილო დრო აქ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოფლის სკოლებში“.
მარის თქმით, ქალაქის სკოლაში მეგობრების შეძენა მარტივად შეძლო, რადგან მისი კლასელები მეგობრულები აღმოჩნდნენ, – „მარტივად გამიგეს და დავუახლოვდი“.
მარი გვიყვება, რომ პრეზენტაციის გამართვა ქალაქში სწავლის დაწყებამდე საერთოდ არ იცოდა და ფიქრობდა, რომ პრეზენტაცია მხოლოდ ვიკიპედიაში ინფორმაციის მოძიებასა და ამოწერას გულისხმობდა.
„როდესაც პირველ გაკვეთილს დავესწარი აქ და ვნახე, რომ აქტიურობდნენ ჩემი კლასელები, შემრცხვა, რადგან ვერ გამოვიყენე ის შვიდი წელი, რაც სოფელში ვსწავლობდი. გამიჭირდა. პრეზენტაცია მიჭირდა ზოგადად, მაგრამ მერე და მერე შევეჩვიე და სწავლაც აქტიურად დავიწყე.
სოფელში პრეზენტაციის ფურცლებიც კი არ გვქონდა. გვაძლევდნენ მხოლოდ გამორჩეულ დღეებში, თუ იქნებოდა დედის დღე და ასე შემდეგ. აქ ყოველ კვირას შემიძლია სხვადასხვა საგანში პრეზენტაციის მომზადება, რათა უფრო კარგად გავაზიარო კონკრეტული თემა ამა თუ იმ საგანში.
რა თქმა უნდა, თავიდან მქონდა უხერხულობა, რომ პრეზენტაციის გაკეთება არ ვიცოდი და ეს არასდროს უსწავლებიათ ჩემთვის სკოლაში. როცა გვეუბნებოდნენ პრეზენტაცია გააკეთეთო, ვიკიპედიიდან ვიწერდით რაღაცებს და ეს იყო. ახლა ვიცი, რომ პრეზენტაციის გაკეთება გაცილებით მრავალფეროვანი რამაა“, – გვიყვება მარი.
მარის თქმით, სოფლის სკოლაში სწავლა ნაკლები შესაძლებლობის ქონას ნიშნავს, რადგან სკოლის შემდეგ ვერსად წასვლას ვერ ახერხებენ: „ქალაქში უფრო გვაქვს რესურსები. სხვადასხვა შეხვედრაზე შემიძლია წავიდე. უფრო მეტი შემიძლია გავიგო სამოქალაქო განათლებაზე, ისტორიაზე, ქალაქების და სოფლების შესახებ… ვფიქრობ, ეს რესურსები ყველა სოფელში უნდა იყოს.
სოფელში რომ ვიყავი, გიტარაზე დაკვრა რომ მესწავლა, მუნიციპალიტეტის ცენტრში უნდა გავსულიყავი. ყველაფერი მხოლოდ ხულოს ცენტრში ხდებოდა, ჩვენს სოფელში – არა. ქალაქში შეგიძლია ბევრგან წახვიდე და ბევრი რამ ისწავლო. გიტარაზე და ნებისმიერ სხვა საკრავზე დაკვრა, ცეკვა და საერთოდ ყველაფერი. მოუსმინო ბევრ ტრენინგს, მიიღო არაფორმალური განათლება და ა.შ.
ჩემს კლასელებს რომ ვკითხო, გინდათ თუ არა ბათუმში ისწავლოთ-მეთქი, ზუსტად ვიცი, რომ „არას“ მიპასუხებენ, რადგან გადმოსვლამდე მეც ამას ვიძახდი. ვამბობდი, რომ სოფელში დარჩენა, იქ სწავლა მინდოდა. ახლა ვნახე, რომ სწავლა აქ უკეთესია, აქ უფრო ბევრი შესაძლებლობაა და დარჩენა მომინდა“, – გვეუბნება მარი.
მარის აზრით, ყველაფერი იდეალურად არც ქალაქის სკოლაშია და აქაც აქვთ პრობლემები მოსწავლეებს: „მაგალითად, ჩემს სკოლაში პროექტორის პრობლემაა. გაგვიფუჭდა. პრეზენტაციის წარსადგენად ქალაქში გასვლა გვიწევდა, ჩვენი პრეზენტაცია რომ ამოგვებეჭდა. დირექტორს ვთხოვეთ პროექტორის გაკეთება, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ“.
მოსწავლეს მიაჩნია, რომ უცხოურ ენებს ქალაქში უფრო მეტად კვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან.
„ინგლისურ ენაში მჭირდებოდა დახმარება – ბათუმში რომ გადმოვედი, ვნახე, თუ რა კარგად იცოდნენ ჩემმა კლასელებმა ინგლისური. მეც მომინდა მესწავლა და ინგლისური ენის რეპეტიტორთან დავდივარ. ასე გავაუმჯობესე ჩემი ცოდნა ინგლისურში“, – გვიყვება მარი.
ბოლოს მარი ერთ სტერეოტიპულ მოსაზრებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც სოფლის სკოლაშიც კი მოუსმენია – ქალისთვის საუკეთესო პროფესია მასწავლებლობააო: „ამბობენ, რომ სხვა პროფესიაც შეიძლება ჰქონდეს ქალს, მაგრამ უფრო იმაზე საუბრობენ, რომ გოგო ან მასწავლებელი უნდა გახდეს, ან უნდა დაქორწინდეს. ადრე იყო 15-16 წლის ასაკში აქორწინებდნენ გოგოებს, მაგალითად, დედაჩემს უნდოდა ექიმი გამხდარიყო, მაგრამ ადრეულ ასაკში დააქორწინეს და ვერ გახდა. თუმცა ნაადრევი ქორწინება ხშირი აღარ არის“, – გვითხრა მარიმ.