მთავარი,სიახლეები

რატომ შექმნა ტარიელ ნაკაიძემ პარტია – მოსახლეობის 25 % უმცირესობაა, ჩვენ ამ სეგმენტზე ვიმუშავებთ

20.11.2023 •
რატომ შექმნა ტარიელ ნაკაიძემ პარტია – მოსახლეობის 25 % უმცირესობაა, ჩვენ ამ სეგმენტზე ვიმუშავებთ

„რეგიონები საქართველოსთვის“ – ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა. „ბათუმელებთან“ ტარიელ ნაკაიძე იმედოვნებს, რომ ახალი პარტია იმ მოწყენილობას აღმოფხვრის, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზეა შექმნილი.

პარტია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქტიურად იმუშავებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ხმის წარმოჩენაზე პოლიტიკაში.

  • ბატონო ტარიელ, რატომ მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კიდევ ერთი პარტია იყო საჭირო ამ ქვეყანაში და რით იქნებით განსხვავებული?

პირველ რიგში, პარტიის შექმნის მიზეზი იყო ის, რომ ზოგადად, ქართული პოლიტიკა არის ცენტრალიზებული, ცენტრში განთავსებული პოლიტიკოსების პოლიტიკა, რომელიც შეგნებულად თუ შეუგნებლად უგულებელყოფს რეგიონებს და მათი ხმა ძალიან იშვიათად ისმის ქართულ პოლიტიკაში.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ რეგიონების ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პარტიის მიზანიც იქნება ის, რომ ვიმუშაოთ რეგიონებში არსებულ პრობლემებზე და მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წარმოვაჩინოთ ის უხილავი ხმები, თუნდაც რელიგიურ-ეთნიკური უმცირესობების ნაწილში.

პარტიის პოლიტსაბჭოც სწორედ ამ მიმართულებით დაკომპლექტდა.

  • პოლიტსაბჭოში ვინ გყავთ, შეგიძლიათ დაგვისახელოთ რამდენიმე ადამიანი?

მაგალითად, იეზიდი თემიდან გყავს მიხეილ ლაზგინიანი, აზერბაიჯანული თემიდან გვყავს აქტივისტი, ქალთა უფლებადამცველი თოზუ გულმამედოვა, აჭარიდან გვყავს როინ ნიჟარაძე, ზაზა მიქელაძე და სხვები. პარტიაში გვყავს ახალგაზრდა აქტიური ქალები.

ჩვენ არ ვცდილობთ ცნობილი სახეები გვყავდეს პარტიაში და ამის ხარჯზე შევქმნით ჩვენი ელექტორატი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის გამარჯვებული პედაგოგი როლანდ შავაძე და ქართველოლოგი ოქტაი ქაზუმოვი პარტიის პრეზენტაციაზე.

ჩვენი ამომრჩეველი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა საზოგადოებისთვის არ არიან კარგად ცნობილი, მაგრამ აქტიურად მუშაობენ საკუთარი თემის, საკუთარი სოფლის მნიშვნელოვან პრობლემებზე და ამ გარემოდან ცდილობენ, ხმა მიაწვდინონ დანარჩენ საზოგადოებასა თუ ხელისუფლება.

ამ ეტაპზე ჩემი ჩათვლით 15 წევრი გვყავს პოლიტსაბჭოში, მაგრამ კარები ღიაა და შევეცდებით, რეგიონებიდან ავიყვანოთ უფრო მეტი ადამიანი.

  • უფრო მეტად მუსლიმ ელექტორატზე გაქვთ გათვლა, თუ კიდევ ვის მოიაზრებთ თქვენს ამომრჩევლად?

რელიგიური ნიშნით ჩვენ არ ვქმნით პარტიას, ვქმნით რეგიონული ნიშნით და ეს იქნება იმ პრობლემებზე ორიენტირებული, რომელიც ამა თუ იმ რეგიონშია აქტუალური.

გვინდა ეთნიკურ უმცირესობებს მიეცეთ შანსი, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დღეს პოლიტიკური სპექტრი ძალიან პოლარიზებულია, პოლარიზებულია მედიაც, ამიტომ სამწუხაროა, რომ პარტიის პრეზენტაციაზე მხოლოდ ერთი მედია იყო მოსული, რაც ძალიან სამწუხაროა.

ჩვენთვის მედია არის დასაფასებელი, ისინიც კი, ვინც პოლიტიკურად ანგაჟირებულია, მაგრამ ჩვენ ყველას მოვუსმენთ და შევეცდებით, ყველასთან ვისაუბროთ ჩვენს იდეებზე.

თუმცა ჩვენ უფრო მეტად ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ უშუალოდ მივიდეთ ადამიანებთან და ვესაუბროთ. ჩემი პოლიტიკური გამოცდილებაც ამას მაჩვენებს, რომ მე არასდროს მივსულვარ ადამიანებთან კამერებით, არც ერთ სოფელში და როცა მივდივარ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, ფეისბუქზეც კი არ ვდებ ხოლმე შეხვედრის ფოტოებს, რადგან მინდა დაინახონ გულწრფელობა და არა – პოპულიზმი.

ხშირად ვცდილობ მოვნიშნო ხოლმე ადგილი, მაგრამ არასდროს ვუთითებ შეხვედრის მიზანს.

  • ეს სტრატეგიაა, რომ არ გაახმოვანოთ სად მუშაობთ, რომელ თემთან?

კი, ერთგვარი სტრატეგიაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ტარიელი არ ივლის მოსახლეობასთან. სამომავლოდ ყველა რეგიონში გვეყოლება წარმომადგენლები.

  • რადგან თქვით, რომ უმცირესობებზე ხართ ორიენტირებული, მინდა გკითხოთ, გვაქვს ისეთი რეგიონები, სადაც არაქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, მათთან როგორ აპირებთ მუშაობას და თუ გაქვთ იმედი, რომ წამოიღებთ ხმებს ამ რეგიონებიდან?

გვექნება ბუკლეტები და ყველა ჩვენი აქტივობა ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. მე თურქულის სპეციალისტი ვარ და აზერბაიჯანულენოვან ხალხთან საუბარი არ მიჭირს. როგორც ვთქვი, ყველგან გვეყოლება რეგიონებში ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის ინფორმირებით იქნებიან დაკავებული.

ჩვენთვის ტაბუდადებული თემა არ არსებობს, ჩვენ ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რომელიც ამ ქვეყნის მომავლისთვის იქნება საჭირო.

რაღაც თემების უგულებელყოფა იმის გამო, რომ ვიღაც არ გაბრაზდეს, ჩვენთან ასეთი რამ არ იქნება.

  • პოლიტიკოსები ყველაზე მეტად მაინც ლგბტქ ადამიანის უფლებებზე საუბარს ერიდებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, თქვენ თუ მოერიდებით ამ თემას?

ადამიანის უფლებების ჭრილში, ჩვენ ადრეც ვსაუბრობდით ამ თემაზე და კიდევ ვისაუბრებთ, რომ საქართველოში ნებისმიერი ადამიანის უფლება იყოს დაცული. რომ ყველა ადამიანი იყოს სრულფასოვანი მოქალაქე ამ ქვეყნის და არავის აქვს უფლება, შეზღუდოს რაიმე ნიშნით.

ჩვენ არც საპატრიარქოს რეაქციების გვეშინია ამ თემაზე და არც მუსლიმთა სამმართველოსი, რადგან ჩვენ გულწრფელად ვაკეთებთ ამ საქმეს და იმის შიშით, რომ ვიღაც ხმას არ მოგვცემს, ვერ შევწყვეტთ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკს.

  • ადამიანის უფლებების გარდა, კიდევ რა თემები იქნება ხაზგასმული თქვენს პროგრამაში?

ჩვენ ჯერ ვხდებით მოსახლეობას, მათგან ვიღებთ იდეებს და შემდეგ ვაპირებთ პროგრამის შემუშავებას, ამიტომ ამ ეტაპზე არ იქნება სწორი, პროგრამაზე რომ ვისაუბრო.

მოვუსმენთ ხალხს და მერე ჩამოვაყალიბებთ პრიორიტეტებს.

  • თქვენ ახსენეთ დაფინანსება და ბუნებრივია, არჩევნებში მნიშვნელოვანია ფინანსები. რა რესურსებით არსებობთ, რა თანხები გაქვთ მობილიზებული და მმართველი პარტიის ფინანსური თუ ადმინისტრაციული რესურსების ფონზე, რამდენად შეძლებთ წარმატების მოპოვებას?

რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი მწირი გვექნება და არც ვინმე ჩანს ამ ეტაპზე, ვინც შეიძლება ფინანსურად დაგვეხმაროს. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით მოსახლეობაზე დამოკიდებული.

შესაძლოა ვიღაცას სასაცილოდაც არ ეყოს ეს, მაგრამ დღეს ისეთი გარემო და ისეთი პოლიტიკური მოწყენილობაა, ზოგადად, რომ ბევრი ადამიანი ინტერესდება ახალი შესაძლებლობებით და ამ ერთი იდეის გარშემო გვინდა ხალხის გაერთიანება.

ჩვენთვის პოლიტიკა არის მომავალი და არ გვაქვს ილუზია, რომ დღეს პარტია შევქმენით და ხვალ ვიქნებით ხელისუფლებაში. ეს იქნება ხანგრძლივი გზა, იდეების ჭიდილი. ჩვენს ენერგიას დავხარჯავთ ხალხის ინტერესებისა და მათი პრობლემების გამოკვეთაზე.

ეს პოტენციალი არის, დამინახავს წინა არჩევნების დროსაც, ამიტომ სადაც გვეყოლება თანამოაზრეები, იქ გავხსნით ოფისებს და ადგილზე მოუვლიან ამ ოფისებს აქტივისტები, ვინც ჩვენს გუნდში შემოვა. თუ ვერ შევძლებთ ამას, ვიმუშავებთ სხვა მიმართულებით.

ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანებთან, დავარწმუნებთ, რატომ უნდა იყვნენ პოლიტიკაში თუნდაც ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები.

  • იმ სეგმენტს თუ დაელაპარაკებით, ვისაც შესაძლოა არ აინტერესებდეს ეთნიკური უმცირესობების ყოფნა პარლამენტში, მაგრამ სხვა გამოწვევები უდგათ?

საქართველოს მოსახლეობის 25 პროცენტი უმცირესობაა და ჩვენ ვიმუშავებთ ამ სეგმენტზე. ჩვენი მიდგომა ისედაც ლიბერალურია, აქცენტი გვექნება, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციაზე და იმ ხალხზე, ვისთვისაც ეს საკითხები არის მნიშვნელოვანი, თუნდაც დედაქალაქში, იმედი გვაქვს, მათ ხმებსაც წამოვიღებთ.

ქართულ პოლიტიკაში ჩვენ შევიტანთ მრავალფეროვნებას და გვექნება შანსი, რომ ეს ერთსახოვანი პოლიტიკა სხვანაირი გავხადოთ – ჩვენ საინტერესო ვიქნებით ამ მიმართულებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: