ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ცნობით, უკრაინული და რუსული ძალები აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, თუმცა წვიმიანი ამინდი, სავარაუდოდ, შეანელებს საბრძოლო მოქმედებების ტემპს ზამთრის დადგომამდე.
ანალიტიკოსები ღია წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას ავდიივკას მახლობლად და უკრაინული ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას სამხრეთ უკრაინაში.
ISW-ი 19 ნოემბრით დათარიღებულ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა განახორციელეს ავდიივკას მახლობლად 19 ნოემბერს და მათი წინსვლა დასტურდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები მიუთითებს უკრაინული ძალების წინსვლაზე სტეპოვეს სამხრეთ-აღმოსავლეთით – რკინიგზის მახლობლად (ავდიივკას ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ).
ანგარიშში ასევე მოყვანილია რუსი ომის ბლოგერის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს პოზიციები რკინიგზის მახლობლად სტეპოვესთან და კონტრშეტევა განახორციელეს ავდიივკას კოქსის ქარხანასთან.
ამავე დროს, ISW-ი მიუთითებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 18 ნოემბრის შეფასებაზე, იმის შესახებ, რომ არც ერთ მხარეს არ მიუღწევია რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის კუპიანსკის და ავდიივკას მიმართულებით, ან ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ (მარცხნივ) სანაპიროზე – სადაც ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.
ასევე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო დასძენს, რომ ფრონტზე დიდი ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი ზამთრის ცივი ამინდის წინ, ყინვის დადგომამდე.