მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის მერიის წინ მოედნის „პიაცად“ გადაკეთება სურთ – კონკურსი

22.10.2023 •
ქობულეთის მერიის წინ მოედნის „პიაცად“ გადაკეთება სურთ – კონკურსი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედნის მოდერნიზაციაზე კონკურსია გამოცხადებული.

„აღნიშნული სივრცე კონკურსში გამარჯვებულმა სასურველია განავითაროს, როგორც ე.წ. „პიაცა“ – ასეთია მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის ტექნიკური დავალება.

კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის საფუძველზე მოედნის მოდერნიზაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში უნდა მოამზადოს.

საკონკურსო თანხა 110 ათასი ლარია. წინადადებების მიღება 2023 წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყება და 6 ნოემბერს დასრულდება.

ქობულეთის მერიაში თვლიან, რომ „საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ქალაქის ცენტრს, რომელსაც გააჩნია პოტენციალი გახდეს მიმზიდველი ლოკაცია. აღნიშნული სივრცე კონკურსში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა სასურველია განავითაროს, როგორც ე.წ. „პიაცა“.

სასურველია გათვალისწინებული იქნას ცენტრალური მოედნისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. ლოკაცია გამორჩეული უნდა იყოს ქალაქში მდებარე სხვა სივრცეებისაგან. პროექტი უნდა მოიცავდეს ახალი ხედვის განვითარებას.“

ამასთან:

„შესაძლებელია მოედანი დაიგეგმოს იმდაგვარად, რომ მოედნის ირგვლივ მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს მიეცეთ საშუალება სურვილის შემთხვევაში თანამედროვე კომერციული ობიექტებით განავითარონ მათ მიმდებარედ მდებარე საჯარო სივრცე.“

ყვითელი ფერით მონიშნულია მოედანი და მიმდებარე ტერიტორია რომლის მოდერნიზაციასაც ქობულეთის მერია გეგმავს

კონკურსის პირობის მიხედვით, „პროექტირებისას, ძირითადი დეტალები უნდა შეთანხმდეს ქობულეთის მერიასთან და გათვალისწინებული უნდა იქნეს მუნიციპალიტეტის რეკომენდაციები.“

პროექტის ავტორი ვალდებული იქნება სამშენებლო სამუშაოებს საავტორო ზედამხედველობა დამატებითი ანაზღაურების გარეშე გაუწიოს.

„იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულების პროცესში აღმოჩნდება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა, ამ დამატებითი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა განხორციელდება ანაზღაურების გარეშე. პროექტირების პერიოდში საპროექტო დავალებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების დაპროექტების საკითხი წერილობით თანხმდება შემსყიდველთან.“ – აღნიშნულია საკონკურსო პირობაში.

ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • „მოედნის განვითარება ცენტრალური მოედნისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურით;
  • საპარკო სკამებისა და ურნების მოწყობა;
  • ტერიტორიის განათების მოწყობა;
  • საპარკინგე სივრცის [მათ შორის მოძრაობის სქემა] გადაწყვეტა, შემსყიდველთან შეთანხმებით;
  • ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების კონცეპტუალური ხედვა [არ იგულისხმება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება]“.

მოედნის მოდერნიზაციის მიზნით სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს ქობულეთის მერია პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ  გამოაცხადებს. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში გამოჩნდება რა თანხა იქნება საჭირო პროექტის განხორციელებისთვის.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: