მთავარი,სიახლეები

რუსეთში „ევროვიზიის“ ანალოგის შექმნას გეგმავენ

17.11.2023
რუსეთში „ევროვიზიის“ ანალოგის შექმნას გეგმავენ

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო „ევროვიზიას“ ჩამოცილებული რუსეთი გეგმავს საკუთარი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი – „ინტერვიზია“ ჩაატაროს. ამავე სახელის კონკურსი ცივი ომის დროს, საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში ტარდებოდა.

გამოცემა „მედუზას“ ცნობით, ამ გეგმის შესახებ რუსეთის კულტურის მინისტრმა, ოლგა ლიუბივომამ განაცხადა.

პირველი კონკურსი, შესაძლოა, უკვე 2024 წელს ჩატარდეს – ამბობს რუსეთის პირველი არხის დირექტორი, კონსტანტინ ერნსტი.

„ამ კონკურსში არ იქნება არანაირი პოლიტიკური შეზღუდვა და გავლენა, ესაა თავისუფალი ტრიბუნა, რომელზეც ყველა ქვეყანას შეუძლია წარმოადგინოს თავისი პოპმუსიკის მაგალითები. იმედი გვაქვს ბრიქსის [ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის და ბრაზილიის გაერთიანება] წევრების აქტიური მონაწილეობის და სხვა ქვეყნებსაც ვთავაზობთ, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას“, – აცხადებს ერნსტი.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთში მხოლოდ „ევროვიზიის“ ჩანაცვლებას არ ცდილობენ – „იმპორტჩანაცვლება“, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება უწოდებს, არაერთ სხვა სფეროსაც შეეხო.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, რომელიც ყოველწლიურად მუსიკალურ კონკურს „ევროვიზიას“ ატარებს, რუსეთს კონკურსში მონაწილეობა 2022 წლის 25 თებერვალს აუკრძალა, მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას.

__________________

ფოტოზე: საახალწლო კონცერტი რუსეთის პირველ არხზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: