მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ დეპუტატი დეკლარაციაში ქონების ნაწილს მალავს – „გამჭვირვალობა“

17.11.2023
„ოცნების“ დეპუტატი დეკლარაციაში ქონების ნაწილს მალავს – „გამჭვირვალობა“

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ხელფასისა და მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მალავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა დეკლარაციაში არ ასახა მის საკუთრებაში არსებული 36.5 კვ.მ. სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში, ასევე, მეუღლის, არჩილ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთაში 135.40 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობით და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე 123.20 კვ.მ. ბინა.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ზავრადაშვილმა დეკლარაციაში ასევე არ მიუთითა თანამდებობაზე მის მიერ 2022 წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება.

„საინტერესოა, რომ ხელფასის შესახებ ინფორმაცია მან არც 2022 წელს წარდგენილ დეკლარაციაში გაასაჯაროვა“- წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

ამავე წყაროს ცნობით, ირმა ზავრადაშვილმა დეკლარაციაში სრულყოფილად არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებაც.

„კერძოდ, დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ არჩილ ჩხარტიშვილი 2.56%-იან წილს ფლობს კომპანიაში შპს „მშენებელი-96“.

საინტერესოა, რომ დეკლარაციის მიხედვით, ჩხარტიშვილი დასაქმებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, არჩილ ჩხარტიშვილს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობაში უშუალო ჩართულობა ანუ წილის მართვა. კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ჩხარტიშვილს მის მფლობელობაში არსებული ბიზნესწილები მართვის უფლებით მესამე პირისთვის უნდა გადაეცა“ – წერს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ირმა ზავრადაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

___________

ფოტო: დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: