მთავარი,სიახლეები

დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში – „საზოგადოება არა, მთავრობა გვიშლის ხელს სალოცავის აშენებაში“

17.11.2023 • 1695
დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში – „საზოგადოება არა, მთავრობა გვიშლის ხელს სალოცავის აშენებაში“

„სასამართლოს მიმართ ცუდი რამ ვთქვა, არ შეიძლება, მაგრამ მოსამართლე რომ ხარ, შეიძლება, შენი სურვილი არ არის ის, რომ მეჩეთი აშენდეს, მაგრამ შენ ხომ სამართალს უყურებ? შენ ხომ გჯერა სამართლის?“ – იკითხა იოსებ აბაშიძემ, მას ბათუმის ახალ მეჩეთში შევხდით.

დღეს, 17 ნოემბერს, „ბათუმელებმა“ დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში მოაწყო: რა ხდება სასამართლოში „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“ სარჩელის შეტანიდან 6 წლის შემდეგ? როგორ ისმის მუსლიმების ხმა მედიაში.

დისკუსიის დროს მუსლიმებმა ყველაზე ხშირად ეს სიტყვები ახსენეს: „სამართალი“, „მოთმინება“, „მოთმინების ზღვარზე ვართ“. გაჟღერდა ეს ფრაზაც: „ჩვენ რომ ახლა ევროპის ნაწილი ვიყოთ, მეჩეთი უკვე აშენებული იქნებოდა“.

პარასკევის ლოცვა ბათუმის ახალ მეჩეთში, 17 ნოემბერი, 2023 წელი

იმის მიუხედავად, რომ ბათუმურად წვიმდა, პარასკევის ლოცვაზე მლოცველების ერთი ნაწილი გარეთ, ღია ცის ქვეშ დაგვხვდა. მლოცველების თქმით, დღესასწაულებზე ბევრად მეტი, ყოველ პარასკევს კი, ახალ მეჩეთში დაახლოებით 3 ათასი კაცი იკრიბება.

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მუსლიმებმა მიწის ნაკვეთი 6 წლის წინ შეიძინეს და ამ დრომდე მეჩეთის აშენების უფლების მოპოვებას ითხოვენ. მათ ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარს ეუბნება.

სასამართლო დავა კი, გრძელდება.

„არ მინდა, ვინმეს მიმართ რამე უშნო ვთქვა, მაგრამ არც რბილად არ მინდა გამოვიდეს, გამოვნახო უნდა სიტყვები,“ – მიმართა შეკრებილებს იოსებ აბაშიძემ მას შემდეგ, როცა ლოცვა დასრულდა და იმამმა, თამაზ მგელაძემ მსურველებს დისკუსიაზე დარჩენისკენ მოუწოდა.

მლოცველების ნაწილი მეჩეთს ტოვებს, ნაწილი კი იატაკზე ჯდება და მწკრივები ივსება.

დისკუსიაში დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა.

„6 წლის წინაც მე ამას ვამბობდი: სასამართლო რათ უნდა ჯამის აშენებას?… უხერხულ მდგომარეობაში ნუ გვაგდებთ, ნუ გვჭეჭყავენ ასე.

მოსამართლეები ალბათ კიდევ დიდხანს დააბრუნებენ ამ საქმეს, მათ ხელშია სამართალი, მარა სადაა ადამიანობა?

როგორ, მოსამართლემ დისკრიმინაცია დამიწერე და რაზე დამიწერე, თუ არ გამომიყვან დისკრიმინაციიდან? რა მაქვს დანაშაული?“ – იკითხა იოსებ აბაშიძემ.

იოსებ აბაშიძე

„მედია არ აშუქებს კარგად ამ საკითხებს. ბაირამს მოგილოცავენ და ეს შუქდება, იმის იქეთ აღარ აინტერესებთ,“ – ჟურნალისტების მუშაობაზე ამჯობინა საუბარი გელა ძირკვაძემ. ეს მოსაზრება დისკუსიის რამდენიმე სხვა მონაწილემაც გაიზიარა, თუმცა გაჟღერდა ისიც, რომ მუსლიმი თემის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს მედიის მუშაობის შედეგია.

„მედიის მუშაობის შედეგია ის, რომ სააშკარაოზე გამოვედით და ყველაფერი დაინახეს, რომ ჩვენ არ ვართ საშიშები, როგორც ამის წარმოჩენას მანამდე ცდილობდნენ,“ – დისკუსიაში ვიტალი შაინიძე ჩაერთო. – „დაინახეს, რომ ჩვენ არ ვართ ის, ვინც „ლიმონკას“ აგდებს და ვართ ადამიანები, რომლებიც მივყვებით ისლამს…

ვფიქრობ, ხელოვნურად შემოაქვთ დაძაბულობა. ჩემ ირგვლივ, სანათესავოში 90 % ქრისტიანია და არცერთი არ ფიქრობს, რომ სალოცავი არ გვეკუთვნის. ისინი ამბობენ: ჩვენ თუ გვაქვს, თქვენც უნდა გქონდეთ სალოცავიო… საზოგადოებაში არა, მთავრობაშია მოსაძიებელი, ვინ უშლის ხელს ამას, სალოცავის აშენებას“ – დაასრულა ვიტალი შაინიძემ.

დისკუსია ბათუმის ახალ მეჩეთში

საკუთარი გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოხატა რამაზ შანთაძემაც:

„წლების წინ საზოგადოებაში იყო ჩვენს მიმართ რადიკალური დამოკიდებულება, შემდეგ ეს შეიცვალა… ჩვენი გულისტკივილი არის ის, რომ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ევროპაზე, ვამბობთ, რომ საქართველო ერთიანია და ამ დროს ხდება ეს.

არა მგონია, რომ საზოგადოების 80 %-ის განწყობა იყოს ეს, რომ არ მიიღოს სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება.

მედიაზეც ამას ვიტყოდი, რომ მართლაც მხოლოდ ბაირამის მილოცვის გაშუქება არაა საკმარისი. ჩემი აზრით, ნათლად უნდა გამოჩნდეს, რომ ჩვენ ქვეყანაში არის თანაგრძნობა.

ბევრჯერ მიკითხავს ჩემი ქრისტიანი მეგობრებისთვის, რას ფიქრობენ ისინი მეჩეთის აშენებაზე. მეუბნებიან, რომ ჩვენ თუ გვაქვს ეკლესიები, თქვენ უნდა გქონდეთ მეჩეთი. ადრე, წლების წინ არ იყო ეს განწყობა, რადგან მაშინ ინფორმაციის დამახინჯება შეძლეს და აზიზიეს მეჩეთის თემა ამუშავეს. ამიტომაც, მედიამ სწორად უნდა გააშუქოს ჩვენი პრობლემა, მე კი ნუ დამიჭერს მხარს ჟურნალისტი, დემოკრატიას დაუჭიროს მხარი.

დემოკრატია ხომ მხოლოდ სიტყვები არ არის? დემოკრატია, პირველ რიგში, ისაა, ლოცვა რომ მინდა, არავის არ ვეხები, არ ვუშავებ არაფერს და ამის საშუალება მაქვს. შენთან ერთად თუ ვცხოვრობ, ვომობ, ფეხბურთს გეთამაშები და ყანაში მოგყვები, რა პრობლემას გიქმნის, მე სად ვილოცებ? თუ ეს პრობლემაა, რაღა პატრიოტობასა და ქართველობაზე მესაუბრები? – გვითხრა რამაზ შანთაძემ.

 

„მუსლიმი ძმებიო, ილია ჭავჭავაძე ამბობდა მე-19 საუკუნეში და ახლა ილიაზე ჭკვიანი ხალხია, დავიჯერო?“ – უკანა მწკრივიდან ხმამაღლა იკითხა თემურ აბაშიძემ.

„ხშირად წახალისება ხდება მსგავსი განწყობების, რომ თითქოს მუსლიმები სხვები არიან და აი, ქრისტიანულ მიწაზე მეჩეთი რატომ უნდა აშენდეს. ჩემი აზრით, საზოგადოებაში არ არის პრობლემა: საზოგადოება თავისი ბუნებით კეთილია, გარედან ხელოვნურად ქმნიან ამ დაძაბულობას…

ეს შეიძლება მოდიოდეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარისგან, საპატრიარქოდანაც შეიძლება მოდიოდეს, მისი ინტერესია, არ აშენდეს და ხელისუფლება ამას ანგარიშს უწევს. ყველა ვხედავთ, არჩევნებზე რა როლს თამაშობს საპატრიარქო,“ – აღნიშნა ნოდარ დავითაძემ.

„ჩვენ ევროპის ნაწილი რომ ვიყოთ, დიდი ხანია ჯამე გვექნებოდა,“ – ფეხზე წამოდგა ვიქტორ აბაშიძე. მას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლომ შეიძლება მუსლიმი თემის სასიკეთოდ გადაწყვიტოს „ახალი მეჩეთის საქმე“.

ვიქტორ აბაშიძე

„თუ ახალი მთავრობა არ მოვა და დემოკრატია არ იქნება, ისე არაფერი შეიცვლება. ჩვენთან დიდი ხანია არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. სასამართლო რომ გვქონდეს, ჯამე გვექნებოდა მაშინ. სასამართლო არის მითვისებული.

ჩვენ რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ, ამაზე ლაპარაკიც აღარ მოგვიწევდა,“ – ხელი ჩაიქნია ვიქტორ აბაშიძემ.

„მე ღარიბაშვილის მადლობელი ვარ,“ – თქვა ჯემალ აბაშიძემ, თუმცა ვიდრე სხვები შეეპასუხებოდნენ, პრობლემაზე საუბარი ამჯობინა: „ვიღაცის ზეწოლა არის იქ, თორემ ასე არ იქნებოდა… ჟურნალისტების ძალიან მადლობელი ვარ, იმასაც აჩვენებენ, ქვაფენილებზე როგორ ვლოცულობ. ქრისტიანები რას მეუბნებიან იცი? – ასეთი რა დანაშაული ჩაიდინეთ, რომ 30 წელი ქვაფენილებზე გალოცებენო. ძველ დროში იყო, ვინმე რამეს რომ დააშავებდა, ლობიოს კაკლებზე დააყენებდნენ მუხლებით.

სასჯელის გარეშე ასეთი დასჯა შეიძლება?“ – გვეკითხება ჯემალ აბაშიძე.

ჯემალ აბაშიძე

„თბილისში როცა ვსწავლობდი, იქ მეკითხებოდნენ, გაუგებარია, რატომ ითხოვთ ახალ სალოცავსო. მერე ნახეს კადრები, როგორ ვლოცულობდით ქვაფენილებზე….

თქვენ ხომ ნახეთ, როგორ ვილოცეთ დღეს წვიმაში?

ისლამი ქადაგებს მოთმინებას, ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ და მომთმენი, მაგრამ ეს მოთმინება უკვე ზღვარზეა,“ – ამბობს ზვიად შაინიძე და გასასვლელისკენ გადის.

„საზოგადოება არცერთი არ გვერჩის ჩვენ, შეიცვალა ეს პრობლემა, პრობლემა მთავრობაშია,“ – ამჯერად დისკუსიის მონაწილეებს ნიკა აბაშიძემ მიმართა. – „რა ევროპაზეა საუბარი, როცა რელიგიის თავისუფლება არ არის? თუ მართლა ფიქრობენ ევროპაზე, ჩვენ არ გვეღირსება ევროპა ასე. ჩვენ თავისუფლების მოყვარული ადამიანები ვართ“.

დისკუსიის ბოლოს მუსლიმებს მიმართა მოქალაქე გოჩა მჟავანაძემაც, რომელიც მუსლიმებთან შესახვედრად მივიდა ბათუმის ახალ მეჩეთში.

„ჩემი აზრით, მედიამ უნდა წარმოაჩინოს ეს ბრძოლა, როგორც სამართლიანობის აღდგენისკენ მიმართული ბრძოლა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში.

მაგალითად, მე, ათეისტი ვარ, მაგრამ როცა მედიაში ვადევნებდი თვალს ამ თემას, გადავწყვიტე თქვენთან მოსვლა. დამოუკიდებელმა მედიამ, ამ შემთხვევაში „ბათუმელების“ სახით, თქვენს გულშემატკივრად მაქცია,.. მე თქვენს ბრძოლას ვხედავ, როგორც ბრძოლას უსამართლობასთან,“ – თქვა გოჩა მჟავანაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: