„თუ ამდენი ბაღია, 45 ბავშვი რატომ არის ერთ ოთახში?“ – რა ხდებოდა ბათუმის ბიუჯეტის განხილვაზე

„ეს ციფრები რომ იზრდება კარგია, მაგრამ თუ აკონტროლებს ვინმე, როგორ იხარჯება?“ – მერიის სამსახურის უფროსებს მიმართა მოქალაქე მანანა ხაბაძემ, როგორც კი, პრეზენტაცია დასრულდა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ.

დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, კონკრეტულად კი, ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს, ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბათუმის მერიამ მსგავსი დისკუსია რამდენიმე დასახლებაში გამართა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში გამართულ დისკუსიასაც ძირითადად ამხანაგობების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, შეხვედრაზე კრიტიკული კითხვა არაერთი დაისვა. ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარეა მანანა ხაბაძეც.

„მე ვგულისხმობ იმას, მიზნობრივად რამდენად იხარჯება… ბათუმი ქათქათასთან ვეღარ არის ახლოს, გაწვიმდება და რა მდგომარეობაში ვართ,“ – ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში მაგიდის გარშემო შემომსხდარ სამსახურების უფროსებს გახედა ისევ მოქალაქემ და პაუზის შემდეგ განაგრძო:

„თქვენ ისაუბრეთ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ განათლება და ჯანდაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი.

ბაღებზე ისაუბრეთ ასევე თქვენ. წინა წლის განხილვაზეც ვისაუბრე მე, მაგრამ არაფერი იცვლება. ბაღში რომ შევდივარ, სუნთქვა შეუძლებელია: ერთ ოთახში 45 ბავშვი ზის, ყოჩაღ იმ მასწავლებლებს და ძიძებს. ბაღების რეაბილიტაციას მაშინ რატომ იწყებთ, როცა სწავლა იწყება?

„ერთი წამით, შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა, კონკრეტული ბაღი დამისახელეთ,“ – მოქალაქეს მიმართა კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სერგი კაკაბაძემ.

„მე რამე ტყუილი ვთქვი?“ – მოქალაქეებს მიუბრუნდა მოქალაქე. „სიმართლეა“, „ასეა“, „თქვენ რა, ამ ქალაქში არ ცხოვრობთ“? – გაისმა დარბაზიდან რეპლიკები.

„მე მზად ვარ ჩავერთო ამ პროცესში, როგორც მოხალისე და ერთად ვნახოთ მაშინ, რა ხდება საბავშვო ბაღებში…“ – გამოსავალი შესთავაზა მერიის წარმომადგენლებს მოქალაქემ და დასძინა: „თქვენ ხომ ბიუჯეტზე გვესაუბრებით? ბიუჯეტი ხომ ჩვენი შრომის ნაწილია? იმედია, კეთილსინდისიერად მოახმართ ამას მოსახლეობას“.

კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ მოქალაქეებს განუმარტა, რომ საუბარია მე-14 საბავშვო ბაღზე, რომელიც ავარიულია და პროექტის შესაბამისად საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დაიწყო.

„ბაღის მშენებლობა როგორ წარმოგიდგენიათ, 2 და 3 თვეში ბაღი დაიდგას?“ – თქვა სერგი კაკაბაძემ და მერე ჩამოთვალა, სად აშენდა წელს 3 ახალი ბაღი, სამიც გაისად აშენდებაო.

„ბაგრატიონის ქუჩაზე გავხსენით იდეალური ბაღი, ქალაქის მასშტაბით კი არა, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ლამაზი ბაღი 7 ათას კვადრატზე გაშენებული, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, ლერმონტოვზე გავხსენით, ჩაქვში გავხსენით… ერთ ბავშვზე, ქალბატონო, რომ აგიხსნათ, კანონმდებლობა იცავს ამ ნორმატივს, 25 კვადრატული მეტრი უნდა იყოს…“, – ჰყვებოდა სერგი კაკაბაძემ, თუმცა დარბაზში უკვე იმდენი კაცი გამოხატავდა რეპლიკას, მერიის წარმომადგენელმა პაუზის გამოყენება არჩია.

„ამდენი თუ აშენდა, 50 ბავშვი რატომ ზის ერთ ჯგუფში?“ – ჩააცივდა მერიის თანამდებობის პირს მანანა ხაბაძე.

„ნამდვილად არის ეს მოთხოვნა… არის ავარიულობის შემთხვევა და იქ კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს… ჩვენ ამ პრობლემის შესახებ შესაბამის პასუხისმგებელ პირს მივაწვდით,“ – მიმართა შეხვედრის მონაწილეებს ბათუმის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა, გიორგი სურმანიძემ.

„ჩემ ქუჩაზე, ლორიას ქუჩის და აბუსერისძის კვეთაში რომ სკვერი კეთილმოეწყო და ფანტანი გაკეთდა 6 წლის წინ, 110 ათასი ლარი დაიხარჯა, როგორც ვიცი. ერთი დღეც არ უმუშავია ამ ფანტანს,“ – უკანა რიგებიდან წამოდგა მერაბ ცინცაძე.

„მოვიდნენ, დენი არ არის მიერთებულიო, მერე წყლის ხალხი მოვიდა, დენი არ ყოფილაო. ხომ შეიძლება ამის მოწესრიგება?“ – იკითხა მოქალაქემ.

„შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა,“ – კრიტიკულად განწყობილ ამ მოქალაქესაც იგივე გაუმეორა სერგი კაკაბაძემ, კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, „კომპანიამ გააკეთა თავისი ხარჯებით“, – თქვა მან.

სერგი კაკაბაძის თქმით, ამ შადრევანში ბიუჯეტის თანხა არ გადახდილა და „ეს კომპანიამ საჩუქრად გააკეთა“.

ეს იყო საჩუქარი, თუ კომპანიის ვალდებულება კონკრეტული სარგებლის მიღების სანაცვლოდ? – საკითხის დაზუსტება იქვე ვთხოვეთ მერიის წარმომადგენელს.

„ვალდებულება აუცილებლად ექნებოდა. დავუკავშირდებით ჩვენ ამ კომპანიას,“ – განაცხადა სერგი კაკაბაძემ.

მერაბ ცინცაძე

„ამ პრობლემებით უნდა მიმართოთ მერიის შესაბამის წარმომადგენლებს. ჩვენ ვართ სამსახურების უფროსები და ყველა ნიუანსზე ვერ გაგცემთ პასუხს,“ – დისკუსიაში სოფიო მიქელაძე ჩაერთო, ის ბათუმის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსია. მან ამ სამსახურის პროგრამები აღწერა და იმასაც გაუსვა ხაზი, სხვა ქალაქებიდან ბათუმში სპეციალურად ეწერებიან, ჩვენი პროგრამებით რომ ისარგებლონო.

„გვაქვს მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსება, ასევე, მაგალითად, დავაფინანსეთ  ჩხირები, რომლითაც შაქრის შემცველობა დგინდება, თუმცა ეს იქნება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, შშმ პირები, ან სოციალურად დაუცველი ოჯახები… ყველასთვის ეს პროგრამები ვერ იქნება. შესაძლოა, ერთთვიანი წყვეტა გვქონდეს რომელიმე პროგრამაზე, რაზეც დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ შევიტანოთ ცვლილებები,“ – მიმართა შეხვედრის მონაწილეებს სოფიო მიქელაძემ.

„ნამდვილად შესატანია ცვლილებები,“ – სიტყვა შეაწყვეტინა მერიის სამსახურის უფროსს მოქალაქე შორენა მიქაძემ, ისიც ამხანაგობის თავმჯდომარეა.

„მარტოხელა დედა ვარ, ვეტერანი, ობლებს ვზრდი, მრავალშვილიანი დედაც ვარ. მე ბათუმის მერია თვეში მხოლოდ 100 ლარს მიხდის. ეს ერთი სადილის ფულია ალბათ…“ – უხერხული პაუზა ჩამოვარდა მოქალაქის ამ მიმართვის შემდეგ.

სოფიო მიქელაძე დაინტერესდა, რატომ იღებს ქალი მხოლოდ 100 ლარს. გაირკვა, რომ შორენა მიქაძის უფროსი შვილი უკვე სრულწლოვანია და ის სტუდენტი გახდა.

„სწორად გამიგეთ, ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლები ვართ… მარჩენალდაკარგულებს უკვე მიენიჭათ მარტოხელა დედის სტატუსი,“ – აღნიშნა სოფიო მიქელაძემ.

„ვიდრე სრულწლოვანი გახდებოდა ჩემი შვილი, წელიწადში მხოლოდ 1000 ლარს ვიღებდი 5 შვილზე… კარგად ვიცი მერიის პროგრამები, მისახედია, ვფიქრობ,“ – მიმართა მერიის წარმომადგენლებს შორენა მიქაძემ.

„მიმაჩნია, რომ ფინანსურ დახმარებაზე მეტად უმჯობესია, სხვა დახმარება იყოს, მაგალითად, რომ დასაქმდეს ადამიანი,“ – თქვა სოფიო მიქელაძემ.

„ვინ დასაქმდეს, არასრულწლოვანია ჩემი შვილები… უფროსი სტუდენტია, უფრო საზრუნავია ახლა,“ – თქვა მარტოხელა დედამ.

ბათუმის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

მიწის უფასო რეგისტრაცია ხელვაჩაურში იანვრიდან, შუახევში კი, ივნისიდან დაიწყება – რეესტრი

მიწის სისტემური [უფასო] რეგისტრაციის ფარგლებში „მასშტაბური საველე-საკადასტრო სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 2024 წლის იანვრიდან, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში – 2024 წლის ივნისიდან არის დაგეგმილი“.

ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ბათუმელებს“ დღეს, 8 დეკემბერს მოგვაწოდა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის არცერთ სოფელსა თუ თემში მიწის უფასოდ აზომვა არ დაწყებულა იმ გეგმა-გრაფიკით მითითებულ პერიოდში, რაც საჯარო რეესტრმა თავიდანვე გამოაქვეყნა. ამასთან, ეს გეგმა-გრაფიკიც პერიოდულად იცვლებოდა.

„ბათუმელებმა“ საჯარო რეესტრს 2023 წლის ივნისში ოფიციალურად მიმართა ინფორმაციის მისაღებად, კონკრეტულ სოფელში რატომ არ დაიწყო გეგმა-გრაფიკით მიწის აზომვა და როდის დაიწყებოდა ეს სამუშაოები;

ასევე ვითხოვდით რა სამუშაოები ჩატარდა ან ჩატარდებოდა აზომვითი სამუშაოების დაწყების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის თითოეულ სოფელში.

საჯარო რეესტრმა ჩვენ წერილს 5 თვის შემდეგ უპასუხა.

„თქვენ განცხადებებში მითითებული მუნიციპალიტეტების (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) ადმინისტრაციულ ერთეულში საველე-საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაო დაწყებულია და პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, კერძოდ:

  • საველე-საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები დასრულდა ხულოს მუნიციპალიტეტში, ჯამში აზომილია 27 938 მიწის ნაკვეთი.
  • საველე-საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოები მიმდინარეობს ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში (ჯამში აზომილია 7 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი). საველე სამუშაოები დაფარავს ორივე მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს.
  • შუახევის მუნიციპალიტეტის დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულში საველე სამუშაოები განხორციელდა 2022 წლის ნოემბერსა და დეკემბერში და აიზომა ადგილზე გამოცხადებული ყველა დაინტერესებული პირის მიწის ნაკვეთი (1 400-ზე მეტი); უჩამბას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს საველე სამუშაოები, აზომილია 500-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ხოლო, დაბა შუახევში, ჯამურად აზომილია 3 699 მიწის ნაკვეთი.
  • შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, მათ შორის, ზემოხსენებულ არეალებშიც მასშტაბური საველე-საკადასტრო სამუშაოები დაგეგმილია 2024 წლის ივნისიდან, ხოლო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 2024 წლის იანვრიდან.“ – აღნიშნულია საჯარო რეესტრიდან მიღებულ წერილში.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით:

„სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ყველა სახის მომსახურება მოსახლეობას საცხოვრებელ ადგილზე უფასოდ მიეწოდება. უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას, მათ შორის, მიწის ნაკვეთების აგეგმვა/აზომვას, დოკუმენტაციის მოძიებას, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა და უფლებების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.

საველე აგეგმვითი/აზომვითი პროცესი მოიცავს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვა/აგეგმვას (მიწის ნაკვეთის გეომეტრია, დანიშნულება, საზღვრები, ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები შესაბამისი მახასიათებლებით და სხვა) და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ელექტრონული ოქმის შედგენას (დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიება/დამუშავება, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლა, აღწერა, ფოტო მასალის შეგროვება და სხვა).

სამუშაო პროცესის გამართულობისათვის მობილიზებულია უძრავი ქონების სერტიფიცირებული საველე ამგეგმავები, რომლებიც აღჭურვილი არიან პორტატიული კომპიუტერებით (პლანშეტი, მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოებით (GPS), GNSS ანტენის სახით და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით.“


  • აზომილი ნაკვეთების შესახებ მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე
  • ამავე ვებგვერდზე, გრაფაში – „აზომვის მოთხოვნა“ – მოქალაქეებს შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი თავი [ე.წ. „მომლოდინეთა სიაში“], სადაც საკონტაქტო ინფორმაციასაც მიუთითებენ და მოითხოვონ მიწის ნაკვეთის უფასოდ აზომვა/რეგისტრაცია. რეესტრი ამ მონაცემებითაც ისარგებლებს.

ამავე თემაზე:

2023-24 წლებში საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწას ქულების მინიჭებისას არ გაითვალისწინებენ 

 

ბათუმელი პედაგოგი სკოლებში მათემატიკის სწავლებისა და წაკითხულის გააზრების გაუარესებაზე

მოსწავლეთა შეფასების სისტემის – PISA-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს პოზიციები წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში კიდევ უფრო გაუარესდა. რატომ ვერ აღწევენ საჯარო სკოლები მაღალ შედეგებს და რა არის იმის მიზეზი, რომ ქართულ სკოლებში ბავშვებს უჭირთ როგორც კითხვა, ასევე მათემატიკა?

ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინა ინაიშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინა, თქვენი აზრით, რატომ მოხდა ის, რომ ჩვენ იმაზე ცუდი შედეგები მივიღეთ კითხვასა და გააზრებაში, ვიდრე 2018 წელს. რას ვერ ვაკეთებთ სწორად და ვინ ვერ აკეთებს?

გამომწვევი მიზეზი უამრავია და ამ პრობლემას მართლაც ბევრი წახნაგი აქვს. კომპლექსურია პრობლემა, რადგან ზოგადი განათლების სისტემა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მუდმივი რეფორმირების პროცესშია.

იხარჯება უამრავი ფული, როგორც ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მაგრამ განათლების დონე არა თუ მაღლდება, სტაგნაციასაც კი განიცდის. სინამდვილეში ჩვენი ფორმალური განათლება სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას ითხოვს უკვე მრავალი წელია. თუმცა, ჩემი დაკვირვებით და შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში ამ დრომდე არც ნება და არც გააზრებული პოლიტიკა არ არსებობს.

უმთავრესი მიზეზი მაინც სისტემის არათანმიმდევრული, არაგანგრძობითი და სპონტანური პოლიტიკა მგონია.

  • მოდით გავშალოთ ეს მიზეზები, რაც ხელს უშლის სკოლას განვითარებაში. 

ზოგადი განათლების პოლიტიკა უნდა განისაზღვრებოდეს და იგეგმებოდეს კვლევებზე დაფუძნებით.

განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკის დამგეგმავი ინსტიტუციები მუდმივად ესაუბრებიან განათლების პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს – იქნება ეს მასწავლებელი, მშობელი, სკოლის ადმინისტრაცია თუ სხვა. მართლაც, როგორ შეიძლება შეიმუშაო რაიმე მოდელი, თუ ჩართულ პირებს არ უსმენ, არ ეცნობი მათ საჭიროებებს, არ ადგენ გარკვეულ სტატისტიკას, არ აანალიზებ არაფერს?

განათლების სამინისტროს ექვემდებარება რამდენიმე სსიპი, მაგრამ ამ დრომდე არცერთი არ ყოფილა ანგარიშვალდებული, საჭიროებების მაიდენტიფიცირებელი კვლევები ჩაეტარებინა.

როგორც ვიცი, მილიონები იხარჯება ამ ორგანიზაციების შენახვაზე.

მე, მაგალითად, ათი წელია მასწავლებელი ვარ და არც კი მახსენდება სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც რაიმე ფორმით მომიწევდა ჩართვა.

ცვლილებები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ხორციელდება კონკრეტული პირების გადაწყვეტილებით, რაც შემდეგ უქმდება მისი წარუმატებლობის და აბსურდულობის გამო, ან კიდევ მინისტრების ცვლილებების გამო, რომელიც ყოველ ჯერზე ახალი გუნდით, ახალი ხედვით მოდის და სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა არ არის მიმართული გრძელვადიან მიზანზე, არ აქვს განგრძობითი ხასიათი.

მთელი პოლიტიკა შემუშავებულია არა კვლევებზე, არამედ კონკრეტული პირების გადაწყვეტილებებზე.შესაბამისად, ეს წარუმატებლობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

ახლა მეორე პრობლემა – სამწუხაროდ, ჩვენი სკოლების მართვის მოდელი არის ცენტრალიზებული, არ არის ქართული სკოლა ავტონომიური და ის ვერ შეიმუშავებს თავის კერძო პოლიტიკას, ვერ განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ემორჩილება დირექტივებს, რომელიც საერთოა როგორც სოფლის, ასევე ქალაქის, მცირე თუ დიდკონტინგენტიანი სკოლებისთვის.

ეს, ბუნებრივია, ამცირებს ინდივიდუალურ, საინტერესო, ექსპერიმენტულ მიდგომებს და შესაბამისად, საჯარო სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას.

აქვეა შემხვედრი პრობლემაც. ბევრი სკოლა ავტონომიურობისთვის მზად არც არის, ამის მიზეზი კი თავის მხრივ არიან არაკომპეტენტური ლიდერები, რომლებიც პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო არიან დანიშნული.

ამიტომ აქვე აღვნიშნავ, რომ საჭიროა კონკურსების სამართლიანად ჩატარება და სკოლაში კრიტიკულად მოაზროვნე, ახალი ხედვების მქონე, ინიციატივიანი, არაკონფორმისტი, მარტივად ვერ სამართავი კადრების შეშვება.

  • საკლასო ოთახშიც რომ შევიხედოთ, იქ რა მდგომარეობაა?

მე, როგორც მასწავლებელს, ყველაზე მეტად მაწუხებს სკოლებსა და კლასებში მოსწავლეთა გადაჭარბებული რაოდენობის დაუძლეველი პრობლემა. წარმატებულ განათლებაზე, განვითარებულ უნარებსა და შეგნებაზე როგორ უნდა ვისაუბროთ, როცა კლასში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 29 ბავშვს.

  • ერთი თქვენი კოლეგა ჩავწერე, რომელიც ესტონურ სკოლაში მუშაობს და ამბობს, რომ არც ესტონურ კლასებშია ცოტა ბავშვი. როგორც ჩანს, ჩვენთან მარტო ბავშვების პრობლემა არ უნდა იყოს.

ამ შემთხვევაში დამამძიმებელი გარემოება შეიძლება იყოს ის, რომ ურბანულად მჭიდროდ დასახლებული ქალაქის სკოლების გარკვეული ნაწილი სამცვლიანია.

ეს თითქმის გამორიცხავს მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მუშაობის შესაძლებლობას.

45-წუთიანი გაკვეთილის ჩატარებისას შეუძლებელია 30 ბავშვის შინაგანი ძალები გაააქტიურო, თუმცა მაქვს ხოლმე სურვილი გაკვეთილების დასრულების შემდეგ დრო დავუთმო ბავშვებს და ინდივიდუალურად ვიმუშაო, რთულად გასაგები საკითხი ავუხსნა, მაგრამ სივრცე არ არის სკოლაში, სადაც შეიძლება განმარტოვდე მოსწავლეებთან ერთად და ისაუბრო.

უმარტივესი ჭეშმარიტებაა, რომ აუცილებელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჯარო სკოლების აშენება და არსებული სკოლების განტვირთვა.

ხარისხზე როგორ უნდა ილაპარაკო, როდესაც სკოლებში ჟანგბადიც კი აღარ არის საკმარისი მოსწავლეთა ასეთი ჭარბი რაოდენობის გამო. ეს მე ძალიან მაწუხებს.

ჩვენი სკოლა ორსართულიანია და 2000 მოსწავლე სწავლობს. რაღაც უტოპიაა, ხომ?!

ესტონეთში ალბათ ეს პრობლემა გადალახულია და ალბათ შეიძლება გარკვეული წარმატების მიღწევა 30 ბავშვთან.

ჩვენი სკოლები არის სრულიად გაუმართავი ინვენტარით და ინფრასტრუქტურით თანამედროვეობას საერთოდ არ შეესაბამება. არ არის რთული იმის გააზრება, რომ ციფრული მოსწავლისთვის გაკვეთილების აუდიო, ვიდეო მასალის, ცდების გარეშე ჩატარება არის პირდაპირ დანაშაული.

ჩვენი სკოლა არაფრით განსხვავდება მე-19 საუკუნის სკოლებისგან, რადგან აქაც დაფით, მერხით და ცარცით უნდა შევძლოთ მოსწავლეთა დაინტერესება, მოტივირება.

რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია, რადგან ამით ვწირავთ მოსწავლეებს უსწავლელობისთვის და მე არც მქონია მოლოდინი, რომ რაღაც წარმატება გამოვლინდებოდა PISA-ს კვლევების შედეგად.

  •  ვისაუბრეთ იმაზე, რომ რესურსები იხარჯება და შედეგი არ იდება, მაშინ გამოდის, რომ მასწავლებლების სტატუსებიც ფარსია და არა რეალური შედეგის მომტანი?

არც მასწავლებლების კომპეტენციის და პროფესიონალიზმის პრობლემა უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. სამწუხაროა, რომ მასწავლებლების ნაწილი ვერ ფლობს სათანადოდ საგნობრივ კომპეტენციას და ეს არაერთი გამოცდით დადასტურდა.

თუმცა, მათი ჩანაცვლება ახალი კადრებით არ და ვერ მოხერხდა, ერთი მხრივ კადრების დეფიციტის და მეორე მხრივ პოტენციური ელექტორატის განაწყენების თავიდან არიდების გამო.

მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ თითის მასწავლებლისკენ გაშვერა უსამართლოდ მიმაჩნია.

ჩვენ სისტემაში უამრავი პროფესიონალია, რომელიც ენთუზიაზმითა და შემოქმედებითი უნარით მუშაობს, თუმცა ვერ აღწევს მაღალ შედეგს იმ მიზეზების გამო, რაც უკვე ჩამოვთვალეთ.

მეტი სიცხადისთვის მარტივად აღსაქმელი ანალოგი შემიძლია მოვიყვანო. შეუძლებელია ხომ საუკეთესო კონდიტერმაც კი გამოაცხოს გამორჩეული ნამცხვარი, თუ არ იქნება შესაბამისი ინგრედიენტები და იძულებული იქნება ეს ნამცხვარი მოძველებულ ღუმელში გამოაცხოს.

  • მაშინ სტატუსს რომელი შრომის გამო იღებს პედაგოგი, თუ არცერთი ინსტრუმენტი არ აქვს? აქ ხომ საუბარია იმაზე, რომ მოსწავლის შედეგებზე უნდა აისახოს მასწავლებლის წარმატება.

მე, პირადად, ავიმაღლე სტატუსი, მენტორი მასწავლებელი გავხდი და პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, წარმოიდგინეთ იმ პირობებში, როცა საკლასო ოთახში მონიტორი არ მაქვს, როცა 29 ბავშვი მყავს და ვარ ამასთან დამრიგებელიც, რაც იცით რამხელა შრომა მინიმალური ანაზღაურებით, გარკვეული მასწავლებლები, საკუთარი დროის გამოთავისუფლების, ენთუზიაზმის, თავდადების ხარჯზე ვცდილობთ, რომ არაფორმალური ელემენტები შემოვიტანოთ განათლების პროცესში, მასწავლებელი დარჩეს გაკვეთილების შემდეგ, წარმართოს კლუბური მუშაობა, მაგალითად, მოიზიდოს საერთაშორისო ორგანიზაცია.

ჩემ შემთხვევაში მშობელთა კლუბი დავაარსეთ „იუნისეფის“ დახმარებით და მეორე მხრივ, მე თავად ვარ დოქტორანტი და მუდმივად მიწევს გავეცნო საერთაშორისო კვლევებს და ეს კვლევები დავნერგო.

შესაბამისად, ამ შემთხვევაში სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ყველა ინიციატივა სათავეს იღებს მასწავლებლის შინაგანი მოტივაციიდან.

დროს აკლებ ოჯახს, საკუთარ განვითარებას, მეგობრებთან ვეღარ ერთობი, ვერსად ვერ დადიხარ. შეიძლება ითქვას, ყველა რესურსს წარმართავ იმისთვის, რომ ასე თუ ისე გაულამაზო მოსწავლეს უღიმღამო ყოფა, მაგრამ ამ პროცესში ხარ სრულიად მარტო.

  • როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს კითხვა, აი, ამდენი სტატუსიანი მასწავლებლის კვლევაში არ მოხდა სადმე. ვერ შემუშავდა რაიმე მეთოდი, რაც იმუშავებდა ჩვენ სკოლებშიც?

ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, მეცნიერება რომ არ ვითარდება და, სამწუხაროდ, საგანმანათლებლო სფეროში მართლაც ქართული რეალობის შემსწავლელი კვლევები არ გვაქვს. ამაზე ჩემი პოზიცია ასეთია – ვფიქრობ, სკოლის ბაზაზე არაფორმალური განათლების წარმართვა უნდა ფინანსდებოდეს.

ვგულისხმობ იმას, რომ ეს არ უნდა კეთდებოდეს მასწავლებლის ენთუზიაზმით. ალბათ კარგი იქნება ერთი მხრივ სამინისტრომ მისცეს სკოლებს უფლება, რომ მასწავლებელს გადაუხადოს გარკვეული დანამატი თუ ის სკოლის ბაზაზე ამუშავებს კლუბს, წიგნიერების ასამაღლებლად.

მეც მქონდა ასეთი კლუბი და მყავს უამრავი მეგობარი, ვინც უხელფასოდ აკეთებს ამას, მოსწავლეთა სიყვარულის გამო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს კერძო ადამიანების ნებაზე დამოკიდებული.

სისტემური ხედვა ამ საკითხზე, ცალკე გამოყოფილი საათები ზოგადი წიგნიერებისთვის, არ არსებობს.

  • თქვენც გეყოლებათ ალბათ კლასში მოსწავლე, ვინც ნაკლებად კითხულობს, ან უჭირს კითხვა, როგორ ეხმარებით მას, რა მეთოდს იყენებთ ასეთ დროს, რამაც გაამართლა?

ის არის კარგი, რომ ეს მასწავლებელს ამ მხრივ ანიჭებს სრულ თავისუფლებას, რომ როგორც უნდა ისე ასწავლოს და რაც უნდა ის ასწავლოს.

მე შემიძლია გარკვეული ტექსტები შევთავაზო მოსწავლეს. მე, პირადად, ძალიან მომწონს და ვფიქრობ ძალიან დიდი საქმე გააკეთა დაწყებით საფეხურზე, განსაკუთრებით წიგნიერების ამაღლების თვალსაზრისით „ჯიპრაიდის“ პროგრამამ – გამოსცა რესურსები, სადაც არის დიაგნოსტიკური ტესტირება მოსწავლის კითხვის უნარების შესაფასებლად, რამდენად სწრაფად კითხულობს, რამდენად შეუძლია აზრის გამოტანა, კითხვებზე პასუხი და ასე შემდეგ.

  • ბევრი პედაგოგი აქებს ამ პროგრამას და თუ ასე კარგად მუშაობდა ეს პრაქტიკაში, რატომ არ გაგრძელდა? არ სთხოვთ სამინისტროს, რომ გააგრძელოს ეს პროგრამა? რა უშლის ხელს ამას?

დაწყებითის საფეხურზე დაინერგა, მაგრამ საბაზო საფეხურზე რომ არსებულიყო ასეთი პროგრამა, ასეთი თანმიმდევრული რესურსებით და მრავალფეროვნებით, მართლა შეიძლებოდა გარკვეული წარმატების მიღწევა თუნდაც ამ საერთაშორისო კვლევებში. მე ყოველთვის ვიყენებ „ჯიპრაიდის“ მიერ შემოთავაზებულ ტესტებს და სხვა რესურსებს.

გარდა ამისა, შეფასების აუცილებელ კომპონენტად ჩემს თემატურ გეგმაში მაქვს განსაზღვრული ზოგადი წიგნიერება და კვირაში ერთი გაკვეთილი მაქვს მსოფლიო ლიტერატურაზე, დრო და დრო ვეცნობით ტექსტებს და სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს დისკუსია, დებატები თუ პრეზენტირება, უფროსკლასელების ჩართვა პროცესში, წიგნების გაცვლა – „წაიკითხე ჩემი წიგნი“, პროექტი თუ სხვა, ვცდილობ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას.

თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ეს მცდელობა ნამდვილად ვერ იღებს იმ შედეგს, როგორსაც გამოიღებდა კლასში 15 მოსწავლის ყოფნის და გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში.

მე არ უნდა მჭირდებოდეს ჩემი დინამიკით და პროექტორით სკოლაში სიარული და ამას სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. ამაზე არ უნდა მეხარჯებოდეს არც დრო და არც ენერგია.

  • რა უნდა გაკეთდეს ამ ყველაფრის შემდეგ?

ჩვენ ბევრი კონკრეტული პრობლემა ჩამოვთვალეთ, მაგრამ ცალკე ალბათ უნდა გამოიყოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონიც, არა?! მოსწავლეების დიდი ნაწილის ოჯახები ვერ ახერხებენ თანმიმდევრული მიზანზე ორიენტირებული მეთოდების გამოყენებას ყოფითი პრობლემების, დროის უქონლობის, დაბალი ცნობიერების და სხვა მიზეზების გამო, რაც კიდევ უფრო ართულებს მოსწავლეთა სასურველი ქცევის გამოწვევას.

სწორედ ამიტომ, ჩემი შეფასებით, როცა ოჯახი ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, იქ სახელმწიფომ უნდა იყოჩაღოს, აიღოს ხელში სადავეები და მართლაც ქმედითად და არა ფორმალურად, არა მხოლოდ დეკლარირებულად, რეალურად განავითაროს და გააძლიეროს ეს ჩვენი ჩამოშლილი და ჩემი აზრით, წელში გადატეხილი ქართული სკოლა.

უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომაზე დღეს, 8 დეკემბერს, 13 ხმით დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ.

აჭარის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მიღების წინააღმდეგი იყო უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია, თუმცა, საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განმარტებით, რიგგარეშე სესიის ჩანიშვნა გადაწყდა იმიტომ, რომ მომდევნო პერიოდში სხვა საკითხებიც აქვთ განსახილველი, რასაც ბიუჯეტის პროექტის განხილვის პარალელურად საკმარისი დრო არ ეთმობა.

„ამიტომ, უმჯობესია დავამტკიცოთ ბიუჯეტი ახლა და შემდეგ კვირაში განვიხილოთ სხვა საკითხები“ – აღნიშნა დავით გაბაიძემ.

საბოლოოდ, აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 726 553 700 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი, რომელიც საბჭომ დაამტკიცა, პირველად წარმოდგენილ ვარიანტთან შედარებით 26 453 700 ლარით არის გაზრდილი.

„თავიდან ითქვა და თითქმის შეთანხმებული ვიყავით, რომ ბიუჯეტს დასამტკიცებლად სხდომაზე 21 დეკემბერს გავიტანდით, მაგრამ ახლა ჩანიშნეთ რიგგარეშე სხდომა. გუშინ საღამოს 7-ის 2 წუთზე მივიღეთ შეტყობინება, რომ თურმე სხდომა ჩაინიშნა… არადა ბიუჯეტი სოლიდურად არის გაზრდილი და ამ საკითხის შესწავლას სჭირდება დრო“ – აცხადებდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, თუმცა, მათი პოზიცია უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.

„ახლა გვაქვს სასესიო პერიოდი და ყველა უნდა ვიყოთ უმაღლესი საბჭოს შენობაში, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ძირითადი სამუშაო“ – ასე უპასუხა გაბაიძემ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, რომ ზოგი მათგანი მაგალითად, გუშინ არ იმყოფებოდა ბათუმში, გასული იყვნენ მუნიციპალიტეტებში და ზოგადად სხდომების [მათ შორის კომიტეტის, თუ ბიუროს სხდომის] შესახებ შეტყობინება წინა დღით ან რამდენიმე საათით ადრე არ უნდა მისდიოდეთ.

„მინიმუმ 2 დღე მაინც უნდა იყოს სხდომის ჩანიშვნისა და ჩატარების თარიღებს შორის“ – ამბობდა ოპოზიცია.

დავით გაბაიძემ ისიც აღნიშნა, რომ „შენიშვნებს შეტყობინებებთან დაკავშირებით იღებს და შემდგომში გაითვალისწინებს“.

ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი უმაღლეს საბჭოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. მინისტრის თქმით, ბიუჯეტი ძირითადად საშემოსავლო გადასახადისა [15 მილიონი] და ბიუჯეტის კორექტირების [10 მილიონი] ხარჯზე გაიზარდა.

უკვე დამტკიცებული 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით:

2024 წლისთვის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 649 მილიონ 100 ათას ლარს. მათ შორის შემოსავლები შეადგენს 556 მილიონ 100 ათას ლარს.

შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ცალკეული სახეების მიხედვით კი, შემდეგია:

საშემოსავლო გადასახადი – 535 მილიონი ლარი. სხვა შემოსავლები – 21 მილიონი ლარი. აქედან საკუთრებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 15 მილიონ 632 ათასი ლარით [მათ შორის პროცენტები – 14 მილიონ 706 ათას 100 ლარი; რენტა – 925,9 მილიონი ლარი; შემოსავლები საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან 448 მილიონი ლარი.

სანქციებიდან [ჯარიმები და საურავები] აჭარის ბიუჯეტში მთავრობა 20 ათას ლარს ელოდება, ტრანსფერებიდან [რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული] – 5 მილიონ ლარს; არაფინანსური აქტივების კლება – 93 მილიონი ლარია; ფინანსური აქტივების შემცირების კუთხით იგეგმება 77 მილიონ 453 ათას 700 ლარის გამოყენება [2024 წლისათვის არსებული ნაშთის გამოყენება].

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, აღნიშნული მონაცემები უფრო მეტად საჭიროებს დაზუსტებას. ამავე სამსახურის დასკვნით დაზუსტებას საჭიროებს ასევე არაერთი პროგრამა, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება; კაპიტალური პროექტები კი, უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს.

2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • აჭარის უმაღლესი საბჭო – 7 519 300 ლარი;
  • აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია – 4 097 100 ლარი;
  • აჭარის მთავრობა – 5 763 200 ლარი;
  • აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 139 815 900 ლარი;
  • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 140 621 700 ლარი;
  • აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 51 255 000 ლარი;
  • აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 32 014 600 ლარი;
  • საერთო დანიშნულების რესპუბლიკური გადასახდელები – 345 466 900 ლარი.

2024 წლისთვის, ყველა ამ უწყების დაფინანსება წინა წელთან შედარებით არის გაზრდილი.

ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტის შესახებ ნახეთ აქ:

საჯარო უწყებებში ხელფასები იზრდება? – როგორია აჭარის ბიუჯეტის პროექტი საარჩევნო წელს

ხანუქას დღესასწაული – ისრაელის ელჩმა პირველი სანთელი ღაზაში გატაცებულ 11 თვის ბავშვს მიუძღვნა

ებრაელები  მთავარ დღესასწაულს – ხანუქას აღნიშნავენ მთელ მსოფლიოში. ეს ებრაული დღესასწაული სიმბოლოა გამბედაობის, შეუპოვრობისა და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების.

ისრაელის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ნათქვამია, რომ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა, ხანუქას პირველი სანთელი მიუძღვნა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ღაზაში გატაცებული ბიბასების ოჯახის უსაფრთხო დაბრუნებას.

„ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, კფირ ბიბასი, რომელიც მალე 11 თვის გახდება, უკვე ორი თვეა ტერორისტების მძევალია. ჰამასის ტერორისტებმა კფირი და მისი 4 წლის ძმა არი დედასთან ერთად გაიტაცეს. ოჯახი სისხლიან შაბათს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სიმბოლოდ იქცა.

…მათი უდანაშაულო სახეები, როდესაც ისინი დედის ხელებში მყოფნი გაუჩინარდნენ ღაზაში, ყველას გვაწუხებს“, – განაცხადა ელჩმა.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და ელჩმა მეიცადმა რაბინებთან, საქართველოს ებრაული თემის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად აანთეს დღესასწაულის პირველი სანთელი.

ხანუქას დღესასწაული 15 დეკემბრამდე აღინიშნება. წელს დღესასწაულის მთავარი გზავნილია სოლიდარობის კამპანია – ბიბასების ოჯახის გათავისუფლების მოთხოვნა.

„იერუსალიმ პოსტი“ წერს, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა, ისრაელის ყველა საელჩოსა და საკონსულოს დაავალა, რომ შენობები ნარინჯისფრად გაანათონ ან ბიბასების ოჯახის ფოტოები გამოფინონ.

_______________

ფოტო: ისრაელის საელჩო საქართველოში/facebook

არადეკლარირებული სიგარეტი საბაჟოებზე – მოქალაქეები 1000 ლარით დაჯარიმდნენ

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, სარფისა და ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების ბარგისა და მათი ავტომანქანების ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში – 58 996 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 1,5 კილოგრამი თამბაქო აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 3 კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება იყო განმეორებითი, თითოეულს ფულადი ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

რუსეთს ტყვეობაში ჰყავს უკრაინის 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე – ომბუსდმენი

რუსეთს ტყვეობაში ჰყავს უკრაინის 28 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, მათი მდგომარეობის შესახებ არაფერია ცნობილი – განაცხადა უკრაინის რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა 7 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე, გერმანიაში – იუწყება „დოიჩე ველე“.

ლუბინეცმა „სამოქალაქო მძევლების“ დაკავებას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობის ახალი სისტემა უწოდა.

„დღეს მდგომარეობით, უკრაინის 28 ათასი მოქალაქე რუსეთის ფედერაციის ტყვეობაშია. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას: დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!” – განაცხადა ლუბინეცმა.

უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობაში მყოფთა შორის 65 წელს გადაცილებული 2000 უკრაინელია. მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს მხოლოდ პროუკრაინული განცხადებების გამო აპატიმრებდნენ.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებით ლუბინეცმა განაცხადა, რომ მათ არ იციან სამხედრო ტყვეების ზუსტი რაოდენობა.

„რა ბედი ეწევა უკრაინელ სამხედრო ტყვეებს? ჩვენ არც კი ვიცით სად არიან ისინი, არ ვიცით მათი რაოდენობა. არავინ არავის წერს წერილებს. ეს სისტემა არ მუშაობს რუსეთში“ –  თქვა უკრაინის ომბუდსმენმა.

კონფერენციაზე დიმიტრი ლუბინეცმა ასევე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფი უკრაინელები წონაში ათეულობით კილოგრამს იკლებენ.

ლუბინეცის ცნობით, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ტყვეობაში ყოფნის ხუთი თვის განმავლობაში უკრაინელმა სამხედრო ტყვემ წონაში 77 კგ დაიკლო. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ რუსული ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინელი სამხედროები ძირითადად მძიმე მდგომარეობაში არიან და რეაბილიტაცია სჭირდებათ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 დეკემბრის 21 საათიდან 9 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 14 – 19 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 10 დეკემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა, 11-12 დეკემბერს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 337 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990]
  • ტანკი – 5 626 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 10 508 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 8 057 ერთეული [+12]
  • MLRS – 919 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 136 ერთეული [+20]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 571 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 591 ერთეული [+30]
  • სპეცტექნიკა – 1 159 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 550 თვითმფრინავი
  • 257 ვერტმფრენი
  • 9 577 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 894 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 279 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 056 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ პროსტატიტი – ინტერვიუ უროლოგთან

წინამდებარე ჯირკვლის, იმავე პროსტატის პათოლოგიები ხშირი მოვლენაა.  „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ უროლოგი, მედიცინის დოქტორი მზია დიდმანიძე პროსტატის გავრცელებულ პათოლოგიებსა და მათ სიმპტომებზე საუბრობს „ბათუმელებთან“. 

ექიმის თქმით, პროსტატის ძირითადი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომურად მოშარდვის აქტის დარღვევასთან ასოცირდება, თუმცა პროსტატის კიბოსთან მიმართებაში საქმე ცოტათი სხვაგვარადაა. ექიმი ამბობს, რომ პროსტატის კიბოს პრაქტიკულად არ აქვს სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები საწყის სტადიებში, როცა დაავადების მკურნალობა ყველაზე ეფექტურია.  „სწორედ ამიტომ არის გადამწყვეტი სკრინინგის პროგრამაში ჩართვა და დროული კონსულტაცია უროლოგთან“ – ამბობს ექიმი. 

  • ქალბატონო მზია, რა არის პროსტატა?

პროსტატა ანუ მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალი არის ორგანო, რომელიც მიეკუთვნება მამაკაცის სასქესო სისტემას. მისი ძირითადი დანიშნულება არის პროსტატის წვენის გამომუშავება, რაც საჭიროა სპერმის გათხევადებისთვის. პროსტატა მდებარეობს შარდის ბუშტის ყელში, საშარდე მილის დასაწყის ნაწილში, ნორმაში მისი ზომებია დაახლოებით 25 კუბური სანტიმეტრი, მაგრამ ასაკთან ერთად მამაკაცებში პროსტატის ზომები იცვლება.

  • რა პათოლოგიებია ამ ორგანოსთან დაკავშირებული?

არსებობს  სხვადასხვა პათოლოგია, რაც უკავშირდება ამ ორგანოს. ეს არის ანთებითი პროცესები და ამას ვუწოდებთ პროსტატიტს, არის კეთილთვისებიანი გადიდება მისი, ანუ ჰიპერპლაზია – ე.წ. ადენომა და შესაძლებელია პროსტატაში ჩამოყალიბდეს ავთვისებიანი სიმსივნეც, ანუ პროსტატის კიბო.

  • რა სიმპტომები მიგვანიშნებს პროსტატის პათოლოგიაზე?

ყველა პათოლოგიას აქვს მისთვის დამახასიათებელი  სხვადასხვა კლინიკური გამოვლინება, თუმცა მოდით, ზოგადად ჩამოვაყალიბოთ ის სიმპტომატიკა, რაც პროსტატის დაავადებებს ახასიათებს.

როგორც მოგახსენეთ, პროსტატის ანატომიიდან გამომდინარე, ის მდებარეობს შარდის ბუშტის ყელში, ურეთრის დასაწყისში. ის ფაქტობრივად სასქესო სისტემის ორგანოა, მაგრამ უკავშირდება საშარდე გზებსაც. ამიტომ ის პათოლოგიური ცვლილებები, რომლებსაც განიცდის ეს ორგანო, პირველ რიგში, ასოცირდება მოშარდვის აქტის დარღვევასთან.

გარდა ამისა, შეიძლება იყოს ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა ტკივილი, სისხლდენა საშარდე გზებიდან, პროსტატის წვენში სისხლის მინარევის არსებობა, წვის შეგრძნება შარდვის დროს.

კლინიკური გამოვლინებები პირდაპირ კავშირშია პათოლოგიასთან, რაც ყალიბდება ამ ორგანოში.

ყველაზე ხშირად პროსტატის დაავადებებს ახასიათებთ მოშარდვის აქტის დარღვევა, მისი სხვადასხვა სახეები: ტკივილი, გახშირებული შარდვა, წყვეტილი შარდვა, დუნე ნაკადი, ღამის საათებში გახშირებული შარდვა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ, ნარჩენი შარდის არსებობის შეგრძნება.

  • რა იწვევს პროსტატის პათოლოგიებს და რა ხდება ამ დროს?

ანთებითი პროცესები პროსტატაში ანუ პროსტატიტი შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული.

პროსტატიტი, როგორც წინამდებარე ჯირკვლის ანთება, უფრო ახალგაზრდა მამაკაცებში გვხვდება, განსაკუთრებით მწვავე ფორმით, ხოლო ქრონიკული ფორმა ყველა ასაკში გვხვდება და ეს შეიძლება დააფიქსიროს უროლოგმა კვლევების ჩატარების ფონზე.

მწვავე პროსტატიტის გამომწვევი შეიძლება გახდეს რაიმე ინფექციური აგენტი ან ანთება იყოს არაბაქტერიული.  არსებობს ასეთი ფორმა პროსტატიტის – შეგუბებითი პროსტატიტი, პაციენტი ამ დროს  სიმპტომურია, აქვს ტკივილი, გახშირებული შარდვა, წვის შეგრძნება შარდვის დროს, მაგრამ ყველა კვლევა აჩვენებს, რომ  არანაირი ინფექცია შარდსასქესო სისტემაში არ არის. 

თუ ბაქტერიული პროსტატიტია, ჩამოთვლილ სიმპტომებს ემატება გამონადენის არსებობა ურეთრიდან, რადგან პროსტატიდან ეს ინფექცია გადადის საშარდე მილზე. ასეთ დროს კვლევებით დგინდება კონკრეტული გამომწვევი მიზეზი და შესაბამისად, წინა პლანზე მოდის ანტიბაქტერიული თერაპია. 

არაინფექციური პროსტატიტის დროს თერაპია მიმართულია იმაზე, რომ გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა ამ ორგანოში, მნიშვნელოვანია ასევე ფიზიოთერაპიის როლი მკურნალობაში, ქცევითი რეჟიმი და სხვადასხვა მედიკამენტი, რომლებიც ამცირებენ ამ სიმპტომებს.

დღესდღეობით ქრონიკული პროსტატიტი უკვე მოიხსენიება, როგორც მცირე მენჯის სინდრომი. პაციენტმა შესაძლოა კონკრეტულად ვერც კი ჩამოაყალიბოს რა აწუხებს, იმდენად სხვადასხვანაირი გამოვლინება შეიძლება ჰქონდეს მას, მათ შორის: დაბუჟების შეგრძნება, შორისის მიდამოში წვის შეგრძნება, დისკომფორტი და სხვა. 

ამ დროს ხშირად არის ჩივილი პოტენციის დარღვევაზე, ერექციულ დისფუნქციაზე, რაც მეორადად შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული პროსტატიტის დროს. შესაბამისად ამ დაავადებას ახლავს ფსიქოლოგიური სირთულეები; ფიქრი მუდმივად ამ თემაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდა მამაკაცებში.

ისეთი ცხოვრების წესი ან პროფესია, რომელიც მოიცავს ხანგრძლივად ჯდომას და უმოძრაობას, ქრონიკული პროსტატიტისთვის ერთ-ერთ რისკფაქტორს წარმოადგენს. საქმე ის არის, რომ ამ დროს პროსტატაში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხდება, ანუ სისხლის გადანაწილება არ ხდება ნორმალურად.

პროსტატის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზია ცალსახად ასოცირდება ასაკთან; განსაკუთრებით მისი გამოვლინება იწყება მამაკაცის კლიმაქტერულ ასაკში და უკავშირდება ჰორმონალურ ცვლილებებს, რომელიც ამ დროისთვის მიმდინარეობს მამაკაცის ორგანიზმში. კერძოდ, ტესტოსტერონი გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად და ამ ნივთიერების ჭარბი რაოდენობით არსებობა სისხლში აპროვოცირებს პროსტატის ზრდას ზომებში. 

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ცალსახად ასოცირდება ასაკთან; მისი გამოვლინება იწყება მამაკაცის კლიმაქტერიულ ასაკში და უკავშირდება ჰორმონალურ ცვლილებებს, რომელიც ამ დროისთვის მიმდინარეობს მამაკაცის ორგანიზმში. კერძოდ, ტესტოსტერონი გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად და ამ ნივთიერების ჭარბი რაოდენობით არსებობა სისხლში აპროვოცირებს პროსტატის ზრდას ზომებში. 

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია 60 წლის ასაკში თითქმის ყოველ მესამე მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს და  ყოველი 6-იდან, ვისაც აქვს ეს დაავადება, დაახლოებით 2 შეიძლება გახდეს საოპერაციო. შესაბამისად, ამ მიმართულებით ხშირად მოგვმართავენ. თუ დროულად მოგვმართავენ, ვიწყებთ კონსერვატიული მკურნალობით და ხშირად წარმატებულია ასეთი მკურნალობა.

რაც შეეხება პროსტატის კიბოს – ეს დაავადებაც უფრო ხანდაზმულ მამაკაცებშია გამოვლენილი. რისკ-ფაქტორები პროსტატის კიბოსთვის არის როგორც გარე, ისე შინაგანი ფაქტორები: 

პირველ რიგში ეს არის ასაკი, როგორც მოგახსენეთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გენეტიკური წინასწარგანწყობა – აქ საუბარია პირველი რიგის ნათესავებზე – ძმა, მამა, ბაბუა… თუ მათ ჰქონდათ ეს დაავადება, ამ შემთხვევაში უკვე 45 წლის ასაკიდან მამაკაცებმა უნდა დაიწყონ შესაბამისი კვლევები, იმიტომ, რომ ამ დაავადების ჩამოყალიბების რისკი მათთვის უფრო მაღალია.

მნიშვნელოვანია ასევე ალიმენტური, ანუ კვებითი ფაქტორი. განსაკუთრებით არასახარბიელოა რაციონში ცხოველური ცხიმები, ცხოველური წარმოშობის საკვები. 

პროსტატის კიბო მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებში პირველ ადგილზეა, ანუ ძალიან ხშირად გვხვდება. ზუსტად ეს განაპირობებს იმას, რომ არსებობს სკრინინგის პროგრამები, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც მოიაზრებს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის გამოკვლევას – ეს არის სისხლის ანალიზი. გამოკვლევა 50-დან 70 წლამდე მამაკაცებისთვის არის უფასო. თუ პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი ნორმაზე მეტია, ამ შემთხვევაში უროლოგი იღებს გადაწყვეტილებას, დანიშნოს შემდეგი შესაბამისი კვლევები, რათა გამოირიცხოს, ან დადასტურდეს ეს დაავადება.

როცა საუბარია ონკოლოგიურ დაავადებებზე, რაც უფრო ადრეულ პერიოდში მოხდება მისი დიაგნოსტიკა, მით უფრო წარმატებულია მკურნალობის შედეგი. ამავე დროს, ეს დაავადება ვერაგია იმ თვალსაზრისით, რომ სპეციფიკური კლინიკური სიმპტომები საწყის სტადიებში პროსტატის კიბოს, პრაქტიკულად არ აქვს. სწორედ ამიტომ არის საჭირო სკრინინგის პროგრამაში ჩართვა და კონსულტაცია უროლოგთან, რათა გამოვავლინოთ ეს დაავადება მაშინ, როდესაც პაციენტი არ არის სიმპტომური. 

სამწუხაროდ, როცა პროსტატის კიბოს გამო პაციენტი მოდის ექიმთან, იქ უკვე საკმაოდ შორს წასული ფორმებია ამ დაავადების, რაც უკავშირდება დაავადების გავრცელებას ორგანიზმში, მეტასტაზებს ძვლოვან სისტემაში და სხვადასხვა გართულებას. 

სიმპტომატიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის კერა – თუ ეს არის მეტასტაზირებული კიბო ძვლებში, თავისთავად პრობლემა იქნება სახსარ მამოძრავებელ სისტემაში, ტკივილის გამო მოძრაობის შეზღუდვა ქვედა კიდურებში, ტკივილები ხერხემალში, მენჯის ძვლებში; თუ არის ანემია წამყვანი ამ მდგომარეობაში, ახასიათებს ზოგადი სისუსტე, უმადობა, გულისრევის შეგრძნება; ფილტვში თუა – სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები მოდის. ეს არის ზოგადი სიმპტომატიკა, რაც ახასიათებს გავრცობილ ონკოლოგიურ დაავადებას.

  • დიაგნოსტიკა როგორია?

ამ დაავადებების დიაგნოსტიკა უკავშირდება როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ კვლევებს. პირველ რიგში, აუცილებელია ანამნეზი ანუ ჩივილები. მოწოდებულია სპეციალური შკალა, სადაც არის ჩამოწერილი სხვადასხვა სიმპტომები და ჩვენ თითოეულ მათგანს ვაფასებთ გარკვეული ქულებით. ქულათა ჯამი კი გვაჩვენებს, რომელი კლინიკური სტადიაა ამ დაავადების. ეს მარტივი შეკითხვებია, რომელზეც გვპასუხობს პაციენტი.

როდესაც უკვე გადავდივართ ობიექტურ კვლევაზე, უროლოგი პაციენტს სინჯავს რექტალურად, ანუ სწორი ნაწლავიდან. ამ დროს ფასდება პროსტატის ზედაპირი, მისი სიმკვრივე, სიმეტრიულობა და ა.შ.

შემდგომში უკვე ინიშნება ლაბორატორიული და ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას როგორც პროსტატის ზომების შესახებ, ასევე – როგორია პროსტატის შეჭრის ხარისხი შარდის ბუშტში, ნარჩენი შარდის რაოდენობა, არის თუ არა კენჭები შარდის ბუშტში და ა.შ.

თუ გვაქვს ეჭვი ონკოდაავადებაზე, მაშინ ინიშნება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული, უფრო ხშირად კი მაგნიტო-რეზონანსული კვლევა იმისთვის, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ პროსტატის ქსოვილზე. 

  • რა რეკომენდაციები არსებობს პროსტატის ჯანმრთელობისთვის?

რა თქმა უნდა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება, რომელიც მოიცავს როგორც ფიზიკურ აქტივობას, ისე ჯანსაღ კვებას – ნაკლებ ცხიმებს, განსაკუთრებით კი ცხოველურ ცხიმებს; მავნე ჩვევებზე უარის თქმას, სპორტით დაკავებას… ახალგაზრდა მამაკაცებისთვის, ვისაც აქვთ მსგავსი პრობლემები, განსაკუთრებით რეკომენდებულია ველოსიპედი. 

კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ასაკთან ერთად ყალიბდება და ამ შემთხვევაში ცხოვრების წესის შეცვლა დიდ შედეგებს არ გვაძლევს, თუმცა მოშარდვასთან დაკავშირებით გაჩენილი პირველი დისკომფორტისთანავე დროული მიმართვა უროლოგთან, შესაბამისი კვლევების ჩატარება და მკურნალობის დაწყება ნამდვილად არის გამოსავალი გართულებების თავიდან ასაცილებლად. 

  • რას მოიცავს მკურნალობა?

პროსტატის ჰიპერპლაზიის მკურნალობა მოიცავს როგორც ფიტოპრეპარატებს, ასევე კლასიკურ მედიკამენტებს, მაგრამ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს რა ეტაპზე რა მკურნალობა უნდა დაინიშნოს. დროული მომართვიანობის შემთხვევაში გართულებები არ ვითარდება და არც აგრესიული ჩარევა ხდება საჭირო. 

პროსტატის ჰიპერპლაზია არის პროსტატის გადიდება ზომებში. კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს, თუ კი პაციენტს აქვს ნარჩენი შარდი ან ისეთ გართულებები, როგორიცაა შარდის ბუშტის კენჭები, საშარდე გზების მუდმივი მორეციდივე ინფექცია, სისხლდენა საშარდე გზებიდან, შარდის შეკავების ეპიზოდები – ამ შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს ოპერაციული ჩარევა.

ოპერაცია ტარდება როგორც ენდოსკოპიური, ისე ღია წესით, ეს დამოკიდებულია პროსტატის ზომებზე. ოპერაციის მიზანია შარდის ბუშტის ყელი გათავისუფლდეს ჰიპერპლაზირებული კვანძებისგან და თავისუფლად დაიცალოს შარდის ბუშტი, ანუ აღდგეს ნორმალური მოშარდვის აქტი.

პროსტატის კიბოზე მინდა აღვნიშნო, რომ ეს დიაგნოზი არ არის განაჩენი. არსებობს სხვადასხვა მეთოდი მისი მკურნალობის. მაგალითად, რადიკალური პროსტატექტომია, რომელიც არის ოპერაციული ჩარევა და ის ძალიან წარმატებულად სრულდება დღეს საქართველოში. ამ დროს ლაპარასკოპიული მიდგომით კეთდება სრული ამოკვეთა პროსტატის. ამ ოპერაციის ჩატარება სასურველია მანამ, სანამ პროსტატის სიმსივნე დაშორდება მის კაფსულს, ანუ ეს არის პირველი-მეორე სტადია. თუ არის უფრო შორს წასული სტადიები, აქ უკვე დამატებით საჭირო ხდება ჰორმონოთერაპია, რადიოთერაპია, თუ მეტასტაზირებული სიმსივნეა – ქიმიოთერაპია და სხვა დამხმარე მეთოდები, რაც ნიშნავს კომბინირებულ თერაპიას.

რას წერს ინგლისელი მოგზაური XIX საუკუნის ბათუმსა და თბილისზე

„ვაგონები ამერიკული ყაიდისაა. ყოველი სადგურის დატოვების შემდეგ კბილებამდე თავით-ფეხებამდის შეიარაღებული დაცვის თანამშრომლები ჩამოივლიდნენ შესამოწმებლად. ისინი ვაგონის კლასებს არად დაგიდევდნენ და ყველა მგზავრს ერთნაირად ეპყრობოდნენ განურჩევლად რანგისა და სტატუსისა. აღნიშნული სარკინიგზო გზა მხოლოდ ერთი ლიანდაგისგან შედგება და იგი საოცრად ლამაზ პეიზაჟებს მიუყვება.

სადგურების უმეტესობა ქვის ნაკეთობისაა და ყველგან დაგხვდებათ თითო მოკრძალებული სასადილო, სადაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება დანაყრება. ყოველ გაჩერებაზე ადგილობრივი მოსახლეები მგზავრებს გასაყიდად გამოფენილი ნაირფერი სანოვაგით ეგებებიან.

ჭრელთვალება ყმაწვილები და გოგონები მგზავრებს სთავაზობენ ხილს, პურს, შინაურ ფრინველს, ზაფხულის ცხელ ამინდში სანატრელ უზარმაზარ საზამთროებს, ყურძენსა და ცოცხალ ბატებს, და ეს ყველაფერი გროშის ფასად. სოფლელებს თავიანთი ღორებიც წამოუყვანიათ იმის იმედად, რომ უცხოელ მგზავრებს მიასაღებდნენ“, –  ეს ამონარიდია ინგლისელი მეწარმის, ჰერბერტ კოქსონის ნაშრომიდან, რომელიც მის მოგზაურობას შეეხება აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ტექსტის ამ მონაკვეთში ის ბათუმიდან თბილისისკენ მატარებლით მოგზაურობას აღწერს.

ჰერბერტ კოქსონი კომერსანტი იყო და აგროვებდა ინფორმაციას აღმოსავლეთის ქვეყნებში ხალიჩების წარმოების, მათი ევროპაში გატანის შესაძლებლობის შესახებ.

კოქსონმა მოგზაურობა ლონდონიდან დაიწყო და შავიზღვისპირეთი, საქართველოს და კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროებიც მოინახულა.

კოქსონის ამ მოგზაურობის ამბავი 1884 წელს გამოქვეყნდა ლონდონში სათაურით „აღმოსავლური ხალიჩების ძიებაში: მათი ქსოვა და გრძელი გზა ევროპისკენ“.

წიგნი ექვსი თავისგან შედგება.

ოთხი თავი, რომელიც კავკასიაში მოგზაურობას ეხება ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრმა (CSEM) თარგმნა (მთარგმნელები: გიორგი სორდია და ნათია მეჩითიშილი). პუბლიკაციის თარგმანს ჰქვია: „აღმოსავლური ხალიჩების ძიებაში, ჰერბერტ კოქსონის მოგზაურობა XIX საუკუნის კავკასიაში“.

ტექსტში აღწერილია ბათუმი, ძველი სავაჭრო მარშრუტი, მოუწესრიგებელი კომერციული დაწესებულებები, თბილისისკენ მიმავალი რკინიგზა, საბაჟო კონტროლი, კავკასიის ხედები, თევზაობის, ზუთხის ჭერის უცნაური ხერხი. აღწერილია თბილისი, როგორც მულტიკულტურული ქალაქი მოსამსახურე თავადებით, გერმანული დასახლებით, სასტუმროებითა და მათი პერსონალით.

აღმოსავლური ხალიჩების ძიებაში

კოქსონის მოგზაურობის დროს ბათუმი „პორტო ფრანკო“, თავისუფალი საპორტო ქალაქი იყო.

ბათუმის პორტში ტვირთის გადაზიდვას საკმაოდ ქაოსურად და უდისციპლინოდ უდგებიან, თუმცა წარმოებისა და ვაჭრობის განვითარების შედეგად იმედია გააცნობიერებენ და სათანადოდ დააფასებენ ბათუმის კომერციულ მნიშვნელობას და ამ საკითხს მეტი გულისყურით მიუდგებიანო, წერს მე-19 საუკუნის მოგზაური.

„ბათუმის უჩვეულო ნიადაგის დამსახურებაა, რომ ამ მხარეში ლურჯი ვარდები ხარობს. კავკასიის სხვა ადგილებშიც სცადეს მისი მოყვანა, მაგრამ უშედეგოდ“, – რას გულისხმობს კოქსონი ლურჯ ვარდებში ბუნდოვანია, თუმცა შესაძლოა ეს იყოს ბათუმისთვის დამახასიათებელი ჰორტენზია, რომელსაც ლურჯი, იისფერი და ვარდისფერი შეფერილობა აქვს, იგივე „ბათუმის ვარდი“.

კოქსონი დაწვრილებით აღწერს გზას ბათუმიდან თბილისამდე, თვალწარმტაც მთებს და ხედებს. მისი თქმით, მატარებლით მოგზაურობისას ამ გზაზე „მთა მთას ენაცვლება და მიღებულ შთაბეჭდილებას ვერაფერი უწინ ნანახი ან განცდილი ვერ შეედრება“.

კომერსანტი საკუთარ დაკვირვებებსა და შეფასებებზეც ღიად წერს მოგზაურობაში:

„ქართველები პირველები დანებდნენ რუსეთს, მაშინ როცა სხვა ხალხები, განსაკუთრებით კი ჩერქეზები და ლეზგები გმირულად უწევდნენ წინააღმდეგობას, რისი წყალობითაც იყო, რომ 1864 წლამდე შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა. თუმცა კავკასიის ხალხები ახლა მორჯულებულები არიან და რუსეთის მიმართ მათმა ლოიალურობამ რუსეთს მათთვის სამხედრო ვალდებულების დაკისრებაც კი გააბედვინა“.

კომფორტული და ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების გამო კავკასიის ხალხები ძალიან გაზარმაცებულები არიანო, წერს კოქსონი. აკვირდება ნადირობისა და თევზაობის წესებს და ზუთხზე თევზაობის უცნაურ ხერხს აღწერს:

„ზუთხის დასაჭერად მდინარის ან არხის გასწვრივ ძუას გაჭიმავენ, სადაც იარდის დაშორებით კაუჭებია დამაგრებული, კაუჭის თავზე კი ნესვი ან გოგრა ტივტივებს თევზის მისატყუებლად. სულწასული თევზი ხილს მიეტანება და წასულია მისი საქმე. იგი კაუჭაზე ჩამოცმული რჩება მანამ, სანამ მეთევზე მოვა და ძუას გაათრევს სანაპიროზე, იქ კი სარზე ჩამოცმული თევზი ელოდება თავის კლიენტს.

ნაცრისფერი კალმახის დასაჭერად ისინი ჭილოფს იყენებენ, რომლის ერთი მხარე აწეულია ისე, რომ ჩრდილი წარმოქმნას. ჩრდილის დანახვაზე თევზი ინსტინქტურად ზევით ხტება, რათა მას თავი აარიდოს, სინამდვილეში კი ბადეში ამოყოფს თავს. სხვა დანარჩენ შემთხვევებში მეთევზეები მარტივ ბადეს იყენებენ სათევზაოდ, რომლის შუაგული სარით არის ფსკერზე დამაგრებული. გარკვეული დროის შემდეგ ბადეს იღებენ წყლიდან იმ იმედით, რომ იქ თევზები იქნება მოყოლილი“, – წერს კოქსონი.

წიგნს ერთვის თერთმეტი ფოტო-გრავიურა, რომლებზეც ძირითადად საქართველოს ხედები და ეთნოგრაფიული ტიპაჟებია გამოსახული. გრავიურები ინგლისელმა სმაილსმა დაამზადა, ფოტოები კი მოგზაურობის დროს კოქსონმა თავად შეიძინა თბილისში.

მე-19 საუკუნის უცხოელი დიპლომატების, ვაჭრებისა და მოგზაურების ჩანაწერები საინტერესო ცნობებს იძლევა იმდროინდელ საქართველოზე, ყოველდღიურობასა და ცხოვრების წესზე. ამგვარი ტექსტების დიდი ნაწილი თარგმნილია ქართულ ენაზე და დიდ რესურსს იძლევა წარსულის გასააზრებლად, დასაკვირვებლად, იმის გათვალისწინებით, რომ მოგზაურების ჩანაწერები, რომლებიც პირველად ხვდებოდნენ კავკასიაში სრულიად გულწრფელად და ღიად წერდნენ პირველ შთაბეჭდილებებზე საკუთარ ნაშრომებში.

ბათუმის მერიის მიერ გაცემული ნებართვა, რამაც მეზობლები დააპირისპირა

აბუსერიძის #38-ში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს და მეზობელს უჩივის. აქ ამბობენ, რომ მეზობელმა სახლის სარდაფები შეისყიდა და რესტორნის მოსაწყობად რეკონსტრუქციის სამუშაოებს აწარმოებს: რამდენიმე ადგილზე გამოჭრა ფასადის კედელი და ღიობი მოაწყო. ისინი ასევე ეჭვობენ, რომ ამ სამუშაოების დროს საყრდენი კედელი დააზიანეს.

აბუსერიძის #38
აბუსერიძის #38

მეზობელი, ავთანდილ ბოლქვაძე, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყველაფერს მერიასთან შეთანხმებული დოკუმენტების შესაბამისად აკეთებს და უკანონო სამშენებლო სამუშაოების წარმოებაში თავადაც ადანაშაულებს მეზობლებს. კვების ობიექტი კი, რომელსაც სარდაფში აწყობენ, არა თავად ავთანდილ ბოლქვაძეს, არამედ მის მეუღლეს, გულიკო აბულაძეს ეკუთვნის. ის მცირე მეწარმეა. ამ მისამართზე რესტორანი და თონე გასულ წლებშიც ფუნქციონირებდა, თუმცა ახლა მესაკუთრემ გაფართოების სამუშაოები დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციამ კვების ობიექტი დალუქა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქალაქში მიშენება-მოშენების დამკვიდრებული პრაქტიკის გამო მეზობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს პრაქტიკა ბათუმში, არაერთ ეზოში გრძელვადიანი დაპირისპირების მიზეზად იქცა. მერია ამ პრაქტიკის დანერგვას ხელს უწყობდა, ახლა კი იძულებულია ამ საქმეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყოს და ზოგჯერ ზეპირი მოსმენებიც ჩაატაროს. ხშირად საქმეში პოლიციის ჩარევის აუცილებლობაც დგება. 

ასეთი დავების დროს ერთი შეხედვით ყველა მართალია: მაგალითად, ის, ვინც საკუთარ ორსართულიან სახლთან აშენებული მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პარკინგის ადგილებს საბურავების დალაგებით და ასე მონიშვნით ფიზიკურად იცავს და ამ მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებლებიც, რომელთაც ეგონათ, რომ იყიდეს ბინა, სადაც პარკინგის ადგილიც არის.

აბუსერიძის #38-ში სამეზობლო დაპირისპირება უკვე 8 თვე გრძელდება. მუნიციპალური ინსპექცია ადგილზე რამდენჯერმე გამოიძახეს, რაც ვითარების განსამუხტად საკმარისი არ აღმოჩნდა.

აბუსერიძის #38

„თითქმის ყოველ ღამე ეზოში პოლიცია მოდის. ვურეკავთ მუნიციპალურ ინსპექციასაც, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის, სამუშაოებს აგრძელებენ. გვაძლევენ პირობას, რომ შეჩერდება, მაგრამ გვაქვს ფოტო და ვიდეომასალები, რომ ღამითაც მუშაობენ. გვეუბნება, რომ ყველაფერს კანონის შესაბამისად აკეთებს და უსაფრთხოა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შესვლის საშუალება, რომ ვნახოთ, რა კეთდება. როგორც ვიცით, საყრდენი კედელიც გამოტეხილია და სწორედ ამიტომ ვნერვიულობთ. გავიგეთ, რომ რამდენიმე დოკუმენტზე გარდაცვლილი მეზობლის ხელმოწერაა“, – ამბობს ნინო მარგალიტაძე.

აბუსერიძის #38-ში მცხოვრებლებმა გვაჩვენეს ვიდეომასალები, სადაც ჩანს მეზობლებს შორის როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირება. 

„ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ სახლს საფრთხე არ შეექმნას და არ მოხდეს ის, რაც მოხდა 26 მაისის ქუჩაზე: უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ, განადგურდა ოჯახები. ეს არის ჩვენი პრეტენზია, თორემ სხვა არანაირი პირადი ინტერესი არ გვაქვს, რესტორანს გააკეთებს თუ სხვა რამეს, მთავარია უსაფრთხოების წესები იყოს დაცული. არ გვინდა შიშით ცხოვრება“, – ამბობს მარინა გაბროშიძე.

კიდევ ერთი მეზობლის, ინეზა მაკარაძის თქმით, ავთანდილ ბოლქვაძემ ახალი ნებართვა წლების წინ მიღებული ხელმოწერების საფუძველზე მიიღო:

„აქვს ძველი დოკუმენტები, 2012 წლის, რომლებზეც გარდაცვლილი მეზობლების ხელმოწერებია. ახალი დოკუმენტი არ აქვს. ახალს ახლა აკეთებს და ამ ძველ ხელმოწერებს იყენებს. დიახ, მაშინ ცოცხლები იყვნენ ის მეზობლები, მაგრამ დღეს აღარ არიან. დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, შეიძლება ისარგებლო ძველი ხელმოწერებით? – ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ იღებენ შიდა კედლებს, ასევე ფასადის კედლებს. ეს სახლს უქმნის საშიშროებას, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება კორპუსი ჩამოიშალოს კედლების გამოღების შემდეგ. ჩვენ ახლა შიშის და მუქარის ქვეშ ვცხოვრობთ, ჩვენ გვინდა მშვიდი ცხოვრება“, – ამბობს ინეზა მაკარაძე.

ავთანდილ ბოლქვაძემ ბრალდებები უარყო. გვითხრა, რომ რეკონსტრუქციის სამუშაოები მერიასთან შეთანხმებული ნებართვით დაიწყო და მომზადებული აქვს პროექტი, ასევე ექსპერტიზის დასკვნაც.

აბუსერიძის #38-ში, მრავალბინიანი სახლის სარდაფში, სადაც მეზობლების თქმით ავთანდილ ბოლქვაძე რეკონსტრუქციის სამუშაოებს აწარმოებს, კვების ობიექტი მის მეუღლეს, გულიკო აბულაძეს აქვს გახსნილი.

ავთანდილ ბოლქვაძე გვიყვება, რომ ფართობი, სადაც კვების ობიექტია განთავსებული, 15 წლის წინ ოფიციალურად შეისყიდა მეზობლებისგან.

„ეს ფართობი მეზობლებისგან შევისყიდე, გავწმინდე დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან. გახსნილი იყო საკანალიზაციო მილები, დაგვხვდა მწერები, მღრღნელები. ზოგ ადგილზე, კედელზე იყო მინაწერი, რომელი ადგილი ვის ეკუთვნოდა, თუმცა ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ვერ იყენებდნენ. კვების ობიექტი როცა გავხსენი, მეზობლები დავპატიჟე, ლიფტშიც გამოვაკარი განცხადება ამის თაობაზე, არანაირი პრეტენზია არ გამოუხატიათ. დარჩენილი მქონდა ერთი სივრცე, სადაც უნდა გაკეთდეს თანამედროვე სამზარეულო. მინდა, რომ გამწოვი მილები ავიყვანო სახურავის ბოლომდე, ესეც იმისთვის, რომ სამზარეულოდან გასულმა სუნმა მეზობლები არ შეაწუხოს“, – განმარტა ავთანდილ ბოლქვაძემ და ამ ყველაფრის ამსახველი ფოტომასალაც გვაჩვენა.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ავთანდილ ბოლქვაძემ მოგვაწოდა, ადრე გაცემული რეკონსტრუქციის ნებართვა მან 2022 წლის სექტემბერში გაახლა.

„როგორც კი კეთება დავიწყე, ჩამოვიდა მეზობელი და მითხრა ამ სივრცეში ვერაფერს გააკეთებო, მე მას დოკუმენტები ვაჩვენე და ამის შემდეგ დაიწყო ჩივილი, თითქოს რაღაცას ვანგრევ და ვლეწავ, როგორ შეიძლება მე ამას ვაკეთებდე, როცა თავად ვცხოვრობ  პირველ სართულზე ოჯახით და აქ ცხოვრობენ ჩემი შვილიშვილებიც. საკუთარი თავის მტერი ხომ არ ვიქნები, როგორც დამიწერა კონსტრუქტორმა, იმის მიხედვით ვაკეთებ ზუსტად, არაფერი დამირღვევია.“

დოკუმენტების თანახმად, ფართობი, სადაც ავთანდილ ბოლქვაძეს კვების ობიექტი 2011 წელს გაცემული ნებართვით აქვს მოწყობილი, მერიას ექსპლუატაციაში 2014 წლის თებერვალში მიუღია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნებართვის მფლობელმა სამუშაოები შეთანხმებული პროექტის შესაბამისად შეასრულა. იმავე პროექტის მიხედვით, გეგმავდა ის დამატებითი ფართობის მოწყობასაც, თუმცა ამჯერად მეზობლები ეჭვობენ, რომ მესაკუთრემ მასშტაბი გაზარდა, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სახლს და მათ მერიას მიმართეს.

აბუსერიძის #38

მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე 2023 წლის 8 სექტემბერს მერმა საკუთარი ბრძანება ბათილად ცნო და ამავე ბრძანებაში მიუთითა, რომ ამხანაგობამ წარუდგინა წერილი ამხანაგობის ოქმის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე.

თავის მხრივ, ავთანდილ ბოლქვაძეც ამტკიცებს, რომ ოქმში ხელმოწერები დაპირისპირებულმა მხარემ გააყალბა: „ხელს უნდა აწერდეს ოჯახიდან ერთი წევრი, აქ ხელს 3 ან 4 წევრი აწერს.“

ამხანაგობის თავმჯდომარემ გვაჩვენა ასევე ეზოში არსებული მცირე ზომის შენობა, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაა: „აი, ამ შენობაზეც მიაშენა უკანონოდ. თანდათან ფართოვდება და ეზოში გასასვლელ-შემოსასვლელი დაგვივიწროვა.“ 

მიშენებული ფართობი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, აბუსერიძის 38-ში ავთანდილ ბოლქვაძის წინააღმდეგ 3 სხვადასხვა საქმეზე მიმდინარეობს სამშენებლო სამართალწარმოება:

„ღიობის უკანონო გაფართოება. აგრეთვე სამუშაოების გაგრძელებაზე გამოცემულია შეჩერების დადგენილება და კომერციულ ფართობზე რკინაბეტონის გადახურვის მოწყობა. ელექტროქვესადგურის შენობაზე დამხმარე ფართობის მიშენება, რასთან დაკავშირებითაც უკვე დაჯარიმებულია.“

მუნიციპალურმა ინსპექციამ დაადასტურა ასევე, რომ აბუსერიძის #38-ში ადმინისტრაციული წარმოება ამხანაგობის წინააღმდეგაც მიმდინარეობს:

„პროექტის დარღვევით მიშენებული აივნების საკითხსა და 2 ფიზიკური პირის მიმართ სარდაფის ნიშნულზე არსებული სივრცის შევსება/რეკონსტრუქციაზე.“

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, „სამშენებლო დავებთან დაკავშირებით საქმის წარმოებას განაგრძობს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ყველა პროცედურას.“

რატომ ასწავლიან ესტონურ სკოლებში ჩვენზე უკეთ – რას ჰყვება ქართველი პედაგოგი ესტონურ მოდელზე

საერთაშორისო კვლევის PISA-ს მიხედვით, ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავე ადგილს იკავებს მათემატიკისა და წაკითხულის გააზრებაში. როგორ აღწევენ ესტონური სკოლები წარმატებას და რა პრინციპით მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი? ამ თემაზე „ბათუმელები“ ესტონეთში ინგლისური ენის მასწავლებელს ვაკო გოგუაძეს ესაუბრა. ის რამდენიმე წელია უკვე ამ ქვეყანაშია და აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში მუშაობის გამოცდილება. 

  • ბატონო ვაკო, შეგიძლიათ მოგვიყვეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს ესტონური განათლების სისტემა წაკითხულის გააზრებაზე და რა არის ის, რასაც ვერ იყენებენ ქართული სკოლები?

რა თქმა უნდა, ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გაიარა და ჩვენ მსგავსად აქაც არსებობს საბჭოური განათლების გადმონაშთები სკოლებში, თუმცა მთლიანობაში მასწავლებლების ცნობიერება ძალიან შეიცვალა. 

ამაზე დიდი გავლენა იქონია ევროპამ, ევროპულ ღირებულებებზე საუბარმა, ასევე, ძალიან გაიზარდა განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. აქ ვგულისხმობ იმასაც, რომ უნივერსიტეტებში ესტონურ ენაზე სწავლა გახდა უფასო განათლების ფაკულტეტზე.  

  • უფასო პროგრამები საქართველოშიც არის, თუმცა ეს ვერ ცვლის რეალობას.

ამაზე დიდ გავლენას ახდენს ასევე მოტივაცია და სტრატეგია, რაც ევროკავშირმა მიაწოდა ესტონეთს, „სწავლა ცხოვრების მანძილზე“ (lifelong learning) რასაც ვეძახით და აქ სწავლა არ წყდება უნივერსიტეტის დასრულების შემდეგაც.

ეს გააზრებული აქვს ყველა მასწავლებელს და ისინი უნარებს რაღაც მხრივ თითქმის ყოველ თვე ივითარებენ.

სწავლების მეთოდიკას ლექციის სახე აღარ აქვს. სხვანაირია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დამოკიდებულებაც.  

ბავშვებს წვდომა აქვთ უფასო სახელმძღვანელოებზე, წიგნებზე, ძალიან კარგად მუშაობენ ბიბლიოთეკები. დამატებით აქვთ ვორქბუქები და ასე შემდეგ.   

მშობელს არ უწევს არც ერთი საგნისთვის თანხის გამოყოფა წიგნების ყიდვისთვის. 

ეს პატარ-პატარა დეტალები, ზოგადად,  ბავშვის ინტერესებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.

  •  მათემატიკას რა პრინციპით ასწავლიან, ხომ არ დაჰკვირვებიხართ?

მათემატიკის სწავლებაც ისე არ მიდის „სავარჯიშო ერთი“, „დავალება მეორე, მესამე“ და ასე შემდეგ. საგნები ინტერდისციპლინირებულია და ერთი საგანი შეიძლება დაუკავშირდეს მეორეს.  მაგალითად, ხელოვნებისა და მათემატიკის მასწავლებლები შეიძლება დასხდნენ და ისე დაგეგმონ გაკვეთილი, რომ ბავშვისთვის ძალიან საინტერესო გამოვიდეს.   

გასაგებია, რომ მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, მაგრამ მეთოდიკა და სწავლების ფორმა ძალიან საინტერესოს ხდის. „ამოხსენი განტოლება“ და 5+5=10-ს, ეს არ არის. 

  • ჩვენს სკოლებში ლექსივით უნდა დაიზეპირო, მაგალითად, გამრავლების ტაბულა. ესტონელები რა პრინციპს არჩევენ?

აი, მაგალითად, როცა მასწავლებელი კონცეფციას ხსნის, ვთქვათ, მიმატება-გამოკლებას, ჯერ ეკითხება ბავშვს. ამას ვეძახით მაპროვოცირებელი სწავლების მეთოდს.  

ზოგიერთი ბავშვი იყენებს თითებს, რომ დაიმახსოვროს, ზოგიერთი სხარტია და გონებაში იაზრებს, ზოგიერთს კი სჭირდება დაუწერო დაფაზე, რადგან ვიზუალური აზროვნება აქვს. როცა ვეუბნებით ბავშვს, რომ 5+5 ათია, ამას როგორ ვამტკიცებთ, 20-ივე ბავშვი თავისი აზრით, თავისი მიდგომით აგიხსნით და ყველა სხვადასხვანაირად, სხვათა შორის. 

ზოგიერთი ჯოხებს მოიტანს, ზოგიერთი ასანთის ღერებს, ზოგიერთი დახატავს ყვავილებს, რადგან ხატვა უყვარს, ფერები მოსწონს და ამით გიხსნის. მრავალფეროვანი მიდგომაა. ზოგიერთს ტექნოლოგიების გამოყენება მოსწონს, მოიტანს ტელეფონს და რომელიმე აპლიკაციის გამოყენებით ახსნის. 

არ არსებობს სწავლების რაიმე ზუსტი, ერთი სპეციფიკური მეთოდი. პროცესში ყველა ბავშვი ჩართულია, ყველა წრეზე ზის და არავინაა ზურგს უკან. ყველა ბავშვის აზრი გათვალისწინებულია და ეს პატარა დეტალები საინტერესოს ხდის პროცესს ბავშვებისთვის. 

  • ციფრული ტექნოლოგიები რომ გამოიყენოს ბავშვმა,  მას წვდომა უნდა ჰქონდეს  ტექნოლოგიებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებიც ჩართულები არიან ბავშვის აზროვნების გავარჯიშებაში?

რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი, რაც ახლა გითხარით, საბავშვო ბაღიდანვე იწყება ესტონეთში. ესტონეთში მშობელს უფლება აქვს, წელიწად-ნახევრის ბავშვი შეიყვანოს ბაღში. ეს ის პერიოდია, როცა მშობელს სადეკრეტო შვებულება უმთავრდება. ბავშვი ჯერ კიდევ ბაღიდან იწყებს აზროვნებით სწავლებას და ყველაფერზე აქვთ წვდომა. 

აი, მაგალითად, ექსკურსია ავიღოთ, ჩვენ რომ წაგვიყვანდნენ ექსკურსიაზე, წავიღებდით საჭმელ-სასმელს, ვიცეკვებდით, ვიმღერებდით და წამოვიდოდით. აქ არც ერთ ექსკურსიას არ აქვს თავისუფალი მიდგომა, სასწავლო გამოყენება აქვს. 

მაგალითად, თუ ბავშვები გადიან ციფრებს, ასეთ დროს მასწავლებელი შეიძლება დაუკავშირდეს ცხოველთა თავშესაფარს, თუკი ბავშვებს აინტერესებთ როგორ ცხოვრობენ თავშესაფარში ძაღლები და როგორ უვლიან მათ. 

ამაზე ჯერ მიდის კვლევა, მასწავლებელი აწვდის წყაროებს და ბავშვები თავად აკეთებენ დიზაინს მათემატიკაში. 

პირველკლასელებმა ძაღლებისთვის შეიძლება გააკეთონ პატარა თოჯინები, ამისთვის მასალებს აწვდის სკოლა. თოჯინების მომზადების პროცესში სწავლობენ დათვლასაც ხომ?  

ვიღაცას ამ ძაღლებისთვის მოხალისეობრივად მოაქვს ან საკვები, ან თანხა და ამ ყველაფერსაც ხომ სჭირდება კალკულაცია, ჩალაგება, დათვლა, დაწერა… ამ ყველაფერს ბავშვები აკეთებენ.

  • ამას ჰქვია გამოყენებაზე ორიენტირებული ცოდნა?

დიახ, ეს ყველაფერი თითქოს მარტივია, მაგრამ ამ დროს მასწავლებელი ბავშვებს აძლევს მითითებებს, შემდეგ ბავშვი ბრუნდება სკოლაში, ამ ყველაფერს წერს ათასნაირი მიდგომით. 

 თუ სხვა საგანია, დაწერენ ესეის სახით, თუ მათემატიკაა, აღწერენ – რამდენი ძაღლი იყო თავშესაფარში, რამდენი ოთახი იყო, რამდენი იჯდა გალიაში, რამდენი ძაღლი იყო ავად, რამდენი საჭმელი შეუგროვდა და ეს ყველაფერი ციფრებია ხომ?  

 როცა სხვადასხვა გამოუსადეგარი ნივთიდან, მაგალითად, კვერცხის შესანახი ყუთებიდან რაიმე ნივთებს აკეთებენ, აფერადებენ და რესურსად აქცევენ, ამით ეკოლოგიაზეც იღებენ ცოდნას და ასე მრავალმხრივად ვითარდებიან. 

  • მათემატიკა და წაკითხულის გააზრება ერთ კომბინაციაში განიხილება ხოლმე. თუ ბავშვს უჭირს კითხვა, წაკითხულის გააზრებაც უჭირს ბუნებრივია და რაღაცის გამოთვლაც. კითხვის მოტივაცია როგორ გამომუშავდება ბავშვებში?

სხვათა შორის, ძაღლებთან ურთიერთობის პრაქტიკას კარგად იყენებენ კითხვის მოტივაციის გასაზრდელადაც. მაგალითად, ლიცენზირებულ ორგანიზაციებს მოჰყავთ გაწვრთნილი ძაღლები სკოლაში, ამისთვის გამოყოფილია ადგილი ბიბლიოთეკაში და თითო ბავშვი დაახლოებით 15-20 წუთს ატარებს ამ ძაღლთან. 

ბავშვი ირჩევს მისთვის საინტერესო რომელიმე ჟანრის წიგნს და უკითხავს ამ ძაღლს. თან ურთიერთობაში შედის, ბლითებს აჭმევს, ეფერება. ძაღლს არ შეუძლია საუბარი, მაგრამ შეუძლია დაჯდეს და „მოისმინოს“, ასე ვთქვათ. თითქმის ყველა ბავშვს უყვარს ძაღლი და ეს პროცესი ძალიან მოსწონთ. 

ეს შეიძლება გაკეთდეს ჯგუფურადაც, მაგრამ ესტონეთში ინდივიდუალურად აკეთებენ რატომღაც. 

შემდეგ ბავშვი აღწერს, რა წაუკითხა ძაღლს. ეს შეიძლება ფოტოთი გადმოსცეს, ნახატით, ნაწერით, შეუძლია გამოყოს წიგნიდან რომელიმე აბზაცი, რომელიც მოეწონა და ასე შემდეგ. ასეთი აქტივობებით უვითარდებათ როგორც კითხვის უნარები, ეძლევათ მოტივაციაც, რომ კიდევ წაიკითხონ.  

გარდა ამისა, ეს პროცესი ბავშვს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას – უნდა მივიდეს ბიბლიოთეკართან, გამოართვას წიგნი, შემდეგ უკან დააბრუნოს იმ ადგილზე, საიდანაც აიღო, დაბრუნდეს კლასში მასწავლებელთან და გადმოსცეს ეს ამბავი. 

  • სიღარიბის კომპონენტი რამდენად მუშაობს ამ შემთხვევაში და თუ აისახება ეს ბავშვებზე?

აქაც კარგი გავლენა იქონია უფასო კვების შეტანამ სკოლებში, რადგან როცა დილით ბავშვი მოდის სკოლაში, მას აქვს საშუალება ისაუზმოს. მიიღოს ყველი, ხილი, ფაფა, კარაქიანი პური და ასე შემდეგ.

სიღარიბე ალბათ აქაც არსებობს და არიან ოჯახები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, მაგრამ სახელმწიფომ ეს ბერკეტი შექმნა სკოლებში და ყველა ბავშვს აქვს შესაძლებლობა, ისაუზმოს და შუადღით, ერთხელ ჭამოს საჭმელი უფასოდ. 

  • ჩვენთან მასწავლებლები საუბრობენ ცუდად შედგენილ სახელმძღვანელოებზე, გადატვირთულ ესგ-ზე, ესტონური მოდელი როგორია ამ მხრივ. თუ ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, მასწავლებელი როგორ იმუშავებს კლასში?

მასწავლებლამდე დავდივართ უფრო აქაც, რადგან მასწავლებელს აქვს ავტონომია და თავისუფლება სასწავლო პროცესში. მასწავლებელი მშრალ პროგრამასაც საინტერესოს ხდის ბავშვისთვის და ამას ახერხებს მისი გამოცდილებიდან და მაღალი ინტელექტიდან გამომდინარე – აქ ძალიან ღრმა საგნობრივი განათლება აქვთ მასწავლებლებს.  

ძალიან ეფექტურად მუშაობს კოლაბორაციონიზმი და ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრების შიში კი არ აქვთ, არამედ ერთმანეთისგან სწავლობენ. 

კარგად მუშაობს პროექტული სწავლებაც – მასწავლებლები ცდილობენ, სამუშაოს დიდი ნაწილი სკოლაში შეასრულონ და საშინაო დავალება იყოს მინიმალური. 

ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი მეცადინეობა, ეხმარებიან გაკვეთილების შემდეგ. 

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში 20-30 მოსწავლეა კლასში, მაინც ხერხდება დიფერენცირებული სწავლება. 

ბავშვებსაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობა მასწავლებლის წინაშე. საქართველოში ბევრგან მინახავს, როცა აბუჩად იგდებენ მასწავლებელს კლასში, აქ ძალიან დისციპლინირებულები არიან და ეს ალბათ ესტონური კულტურის ამბავიცაა, მაგრამ ისე არ ხდება, როგორც საქართველოში, როცა ყაყანია გაკვეთილზე და ნახევარი გაკვეთილი წესრიგის დამყარებაში გადის. 

 აქაც არის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ასისტენტები  ეხმარებიან მასწავლებლებს. ესტონეთში განვითარებულია არაფორმალური განათლება ევროკავშირის დახმარებით და ეს სწავლა-სწავლების ყოველდღიური პროცესია. 

  • ევროკავშირი ჩვენთანაც ბევრ ფულს დებს არაფორმალურ განათლებაში, მაგრამ ფაქტია, რომ სკოლაზე არ ისახება. ნიშნავს ეს, რომ კორუფციაა სისტემაში?

დიახ, ნამდვილად არ ისახება ის დახმარება, რასაც ჩვენს ქვეყანას უწევენ. ალბათ კორუფციაა, სხვა ახსნა არ აქვს. ფაქტია, რომ თანხა იხარჯება, შედეგი კი არ გვაქვს.  

  • ის ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა კლასში, სადაც არ არის ინტერნეტი, პროექტორი, კომპიუტერი?

არა,რა თქმა უნდა. ესტონელ ბავშვებს ტექნოლოგიებზე წვდომა აქვთ. კლასები აღჭურვილია, არის თანამედროვე ლაბორატორიებიც. 

ციფრული უნარები ძალიან განვითარებული აქვთ ბავშვებს და ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს სასწავლო პროცესში. კარგად მუშაობენ ამ მხრივ უნივერსიტეტებიც და ბევრი ჰაკატონი ტარდება სკოლასთან ერთად.  

  • ჩვენთან ბოლო წლებში მასწავლებლები საკუთარ ხელფასზე ლაპარაკობენ მხოლოდ. როცა მასწავლებელი მის ხელფასზე უფრო დარდობს, რამდენად პროდუქტიული იქნება ის კლასში?

არ იქნება, ცხადია და ეს ყველაფერი აისახება სწავლებაზე. 

ბავშვები კარგად იგრძნობენ, მასწავლებელს რა უნდა კლასში, რადგან სარკეა მასწავლებელი და კარგად აირეკლავს განწყობებს.  

როდესაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის ჯაჭვი ირღვევა და მასწავლებელი აგრძნობინებს ბავშვებს, რომ უკმაყოფილოა თავისი ხელფასით და ამაზე მიდის მსჯელობა, იქ მოსწავლესაც ვერ ექნება სწავლის მოტივაცია და აღარც მასწავლებელთან უნდა ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, ხელფასიც მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ მასწავლებლები და ვართ ბავშვებთან, იქ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი და იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ ხვალ ის, რაც დღეს გავაკეთეთ.

სად არიან ქალები აჭარის მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებში

აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი კაცია, ისევე, როგორც ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები.

მერებს ჯამში 14 მოადგილე ჰყავთ და სამი მათგანია მხოლოდ ქალი. ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ამ პოზიციაზე ქალს არ ვხვდებით. შუახევის მერს 3 მოადგილე ჰყავს და მათგან ერთი ქალია, 2 ქალი მოადგილე ჰყავს ბათუმის მერს, თუმცა ქალაქის ვიცე-მერის თანამდებობა კაცს უკავია.

აჭარაში მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებს სულ 18 მოადგილე ჰყავთ და აქედან მხოლოდ ორია ქალი – ქობულეთსა და ბათუმში.

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთისა და ბათუმის საკრებულოებს ჯამში სულ 160 წევრი ჰყავთ, მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებგვერდებზე დაყრდნობით, მათ შორის მხოლოდ 32 ქალია.

ხულოს საკრებულოს 24 წევრიდან 4 ქალია, შუახევში 21-დან 3, ქედაში 21-დან 3, ხელვაჩაურში 10-დან 2, ქობულეთში 39-დან 8, ხოლო ბათუმში 35-დან ცხრა ქალია.

რა არის ასეთი გენდერული დისბალანსის მიზეზი აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებსა და მერიებში?

ხულოს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარის, ხულოს საკრებულოს წევრის, ნარგიზ დეკანაძის თქმით, გასულ წლებთან შედარებით ახლა უფრო გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხი საკრებულოებში. ქალების რაოდენობა შედარებით რომ გაიზარდა, კარგია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ საკმარისიაო – დასძინა მან „ბათუმელებთან“.

„მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე სამი მოადგილე ჰყავს და ერთ-ერთი ქალი რომ ყოფილიყო, ძალიან კარგი იქნებოდა და ასევე, [ხულოს] მერის მოადგილეების შემთხვევაშიც რომ ერთი ქალი იყოს გათვალისწინებული.

2014 წლიდან ვარ საკრებულოს წევრი და მაშინ მარტო მე ვიყავი ქალი,  მეორე მოწვევაში ორნი ვიყავით და ახლა, მესამე მოწვევაში, ოთხი ქალი ვართ საკრებულოში, ორი სახელისუფლებო  პარტიიდან და ორი – ოპოზიციიდან“, – გვითხრა ნარგიზ დეკანაძემ.

ნარგიზ დეკანაძე დარწმუნებულია, რომ შემდეგში კიდევ უფრო მეტი ქალი იქნება საკრებულოსა და სხვადასხვა თანამდებობაზე.

თითქმის იგივე მდგომარეობაა შუახევის საკრებულოშიც.

„საკრებულოს 21 წევრი ვართ და აქედან სამია ქალი. 2 ვართ „ქართული ოცნებიდან“ და 1 – „ნაციონალური მოძრაობიდან“.

რა თქმა უნდა, სურვილი არის დიდი, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში“, – გვითხრა ფატი ჭაღალიძემ, რომელიც შუახევის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან.

მისი თქმით, სასურველია ბალანსი – თუ ერთი აღმასრულებელი წარმომადგენელი, მაგალითად, მუნიციპალიტეტის მერი მამაკაცია, სასურველია, რომ იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ქალი იყოს.

„ხშირად ამბობენ, რომ კვოტირებით მოსული ქალი შეიძლება არ იყოს დამსახურებულად მოსული და რატომ მაინცადამაინც კვოტირებით, იბრძოლოს მანაც და მოვიდესო. არ არის ადვილი ბრძოლა. რაღაც გარკვეული წარმატება არის ამ კუთხით და რომ არა კვოტირება, დღესაც არ იქნებოდა მსგავსი წარმატება.

რა თქმა უნდა, წარმომადგენლობით ორგანოებში აუცილებლად უნდა გაიზარდოს ქალთა რიცხვი და ვფიქრობ, სწრაფად ვიზრდებით.

მთავარია, პარტიების გადაწყვეტილება, სადაც სიები იწერება. გადაწყვეტილების მიმღები ხშირად არიან კაცები და უნდა გაჩნდნენ ქალები, რომ ქალების მხარდამჭერები გახდნენ.

ისევ და ისევ ვფიქრობ, რომ კანონის ფარგლებში უნდა დარეგულირდეს ეს, თორემ რთული იქნება“, – ამბობს ფატი ჭაღალიძე.

ფატი წლების განმავლობაში იყო საკრებულოს ერთადერთი ქალი წევრი.

„პირველად, როცა ერთი ქალი ვიყავი საკრებულოში, ისეთი დისკომფორტი იყო…. კომპლექსი მქონდა მეც. ახლა აღარ მაქვს კომპლექსი, იმიტომ, რომ მეც გავიზარდე და სხვებმაც დაინახეს, რომ არ ყოფილა ეს საშინელება. მიხვდნენ, რომ საჭიროა. უცილებლად უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ქალი გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში“.

საკრებულოებსა და მერიებში გენდერულ უთანასწორობაზე „ბათუმელები“ ქედის საკრებულო წევრს, ჯემალ დავითაძესაც ესაუბრა. ის საკრებულოში წარმოადგენს პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“.

„ეს მე კი არ უნდა მკითხოთ, „ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ.

„სია როგორც გააკეთეს, ისეა. ყველა ქალი შესულია სიით საკრებულოში. პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ მხოლოდ მე ვარ სიით გასული, „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი ქალი ჰყავს, დანარჩენები „ოცნების“ წევრები არიან და როგორც სია შეადგინეს, ისეა დაცული ბალანსი“, – ამბობს ჯემალ დავითაძე და დასძენს, რომ აუცილებელია მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში.

„ბათუმელები“ ხელვაჩაურის საკრებულოსაც დაუკავშირდა, თუმცა, როგორც საკრებულოს პრესსამსახურში გვითხრეს,  „ხელვაჩაურის საკრებულოს არც ერთმა კაცმა წევრმა არ გამოთქვა კომენტარის გაკეთების სურვილი“.

ნათია თხილაიშვილი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ის მიიჩნევს, რომ თუ კანონი დაავალდებულებს მსგავს ორგანოებს ყველა მეორე წევრი იყოს ქალი, ასეც იქნება.

„ახლა რასაც კანონი ავალდებულებს, რომ ყოველი მესამე იყოს ქალი, ზუსტად ისეა შეყვანილი და ყოველი მესამეა ქალი. „ზედმეტი“ მაჟორიტარი ქალი არსად არ არის. ქალების, მათი ცოდნისა და შესაძლებლობების მიმართ უნდობლობა არ არის, უბრალოდ პროპორციული სიით მოხვდა და დამთავრდა, ასე არ არის“, – ამბობს ნათია თხილაიშვილი.

ბათუმის საკრებულოში 35 წევრიდან ცხრა ქალია.

„გაცხადებული გვაქვს ჩვენ, რომ გენდერული თანასწორობა უნდა იყოს. კი იცით, მივდივართ აქეთკენ და ნელ-ნელა მოვა ის დრო, რომ გათანაბრდება, იმედია“, – გვითხრა ზურაბ ნაკაიძემ, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ.

მას ვკითხეთ, თუ ხედავს საჭიროებას, ქალებიც რომ იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები.

„მთავარია, მისაღები პიროვნება იყოს თავმჯდომარე, თორემ ქალი იქნება თუ კაცი, ჩემთვის სულ ერთია. რა მნიშვნელობა აქვს?

ჩვენს შემთხვევაში, მე მგონია, რომ საკრებულოში ძალიან ბევრი მანდილოსანია, რამდენია ახლა, ასე ვერ დავთვლი, მაგრამ თითქმის თანაბარია, ხომ? არაა დიდი განსხვავება, ბათუმის საკრებულოს შემთხვევაში“, – გვითხრა ზურაბ ნაკაიძემ.

 

ამავე თემაზე: 

ყველა მერი კაცია

გარემოსდაცვის ექპერტი: ხელოვნური კუნძულის გზშ-მ ბევრი კითხვა გამიჩინა

„შეიძლება, კუმულაციურად რისკის ქვეშ დააყენოს სხვა ტერიტორიები, ვგულისხმობ იმას, რომ ზღვის დინამიკა შეიცვალოს მთლიანად და აქ თუ არ მოხდა დაწოლა, სხვაგან მოხდეს დაწოლა… მიზანშეწონილობა უნდა გამოვიდეს აქედან: კუმულაციურად ამან ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კოლაფსი ბათუმის განვითარებაში?“ – კითხულობს ნინო ჩხობაძე, ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი.

ნინო ჩხობაძეს გარემოს დაცვის შეფასების [გზშ] დოკუმენტზე ვესაუბრეთ, რომელიც ბათუმის ხელოვნური კუნძულის შესახებ უკვე გამოქვეყნდა.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში წარადგინა. „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ბათუმის აკვატორიაში, 65 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემულია 1 443 223 კვ.მ ტერიტორია ზღვაში. კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე ინფრასტრუქტურა. ხელშეკრულების მიხედვით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ნინო ჩხობაძე აპირებს ბათუმის ხელოვნური კუნძულის შესახებ მომზადებული გზშ-ს საჯარო განხილვას დაესწროს, რადგან მას ამ დოკუმენტმა ბევრი კითხვა გაუჩინა. ექსპერტი შოვის ტრაგედიას გვახსენებს და ხაზს უსვამს იმას, რომ თანამედროვე კვლევებით შესაძლებელია მკაფიო პროგნოზის დადება: რა შეიძლება მოხდეს. მომზადებულ დოკუმენტში კი, გარემოსდამცველისთვის მკაფიო არ არის, რა შეიცვლება ხელოვნური კუნძულის მოწყობით.

„საბჭოთა კავშირის დროს უნდოდათ მდინარეების კალაპოტის შეცვლა, არაერთი მდინარის კალაპოტი შეიცვალა, რამაც გამოიწვია ტრაგედია, მაგალითად, შოვი – ბუბისწყლის კალაპოტის პატარა შეცვლამ გამოიწვია უდიდესი ტრაგედია, თანაც, ეს მოხდა 60-იან წლებში. ეს პროგნოზირებადია დღეს და ეს ყველაფერი უნდა იყოს დადებული მაგიდაზე. ეს ყველაფერი შეფასებადია დღეს, მაგრამ ამას დასჭირდება შესაბამისი კვლევები.

ნაპირების წარეცხვა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ბათუმისთვის. ხომ არ გამოიწვევს ეს ინტენსიურ წარეცხვას? შეიძლება მოხდეს ასეც და ეს დინამიკა უნდა ვიცოდეთ. აქ მთელს ინფრასტრუქტურაზეა ლაპარაკი, იგივე საკანალიზაციო სისტემაზე, გამწმენდ ნაგებობაზე, 14 ათასი კაცის დასახლება რომ დატვირთვას გაზრდის, ეს ფაქტია. ეს რომ მოახდენს ზემოქმედებას ბათუმის განვითარებაზე, ესეც ფაქტია,“ – გვიყვება ნინო ჩხობაძე.

ნინო ჩხობაძე რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას, მისი ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კლიმატური ცვლილებებია – მსოფლიო მასშტაბით ოკეანეების და ზღვის დონეები იმატებს. რატომ არ არის გათვალისწინებული ეს რისკი გზშ-ში?

„პროგნოზის მიხედვით, ერთ მეტრამდე აიწევს ზღვის დონე, რაც არის რისკის შემცველი, ეს პროგნოზი უნდა იყოს გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში. ვიცით, რომ მე-20 საუკუნეში დაახლოებით 20 სანტიმეტრით მოიმატა ოკეანის დონემ, შავ ზღვაზე არის პროგნოზი, რომ სანაპიროს ინტენსიური დატბორვა გაგრძელდება. კლიმატის ცვლილების ფონზე ველოდებით, რომ შტორმები შესაძლოა ინტენსიური გახდეს და ტალღებიც გაიზარდოს.

ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დღის წინ 9-მეტრიანი ტალღებიც კი იყო შავი ზღვის აკვატორიაში. ეს გათვლები, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, ამ დოკუმენტში არ ჩანს. რაღაც კვლევები ჩატარებულია, მათემატიკური მოდელირებაც თითქოს გაკეთებულია, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს,“ – ამბობს ნინო ჩხობაძე.

გარემოსდამცველს გზშ-დან განსაკუთრებით ის ნაწილი დაამახსოვრდა, სადაც აღნიშნულია, რომ კუნძულის ირგვლივ ხამანწკები და მიდიები გამრავლდებიან.

„საიდან ვიცით ეს, რომ ასე იქნება? სადაც არის მოწყობილი კუნძული, ის სხვა ზღვაა, ასე მიდიები ჩვენთანაც არის. რამდენად მოახდენს ზემოქმედებას ხელოვნური კუნძული იხტიოფაუნაზე? – ამის ცოდნა გვჭირდება ჩვენ,“ – ამბობს ნინო ჩხობაძე.

გარემოსდამცველს ავტორებისგან ასევე აინტერესებს განმარტება: როცა კუნძულის მოწყობა შუა ქალაქში იგეგმება, რატომ არ აისახა ეს ბათუმის გენგეგმაში?

„ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ტურიზმის მიმართულებით, რადგანაც შეიძლება შეიქმნას ნაკადის პრობლემა. იქ მყოფი ადამიანები ხომ ვერ ჩაიკეტებიან? საინტერესოა, რამდენად არსებობს ამ კუნძულის სინერგია ბათუმის გენგეგმასთან მიმართებით, რადგან იქონიებს ზემოქმედებას ბათუმის განვითარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ასახული გენგეგმაში. ეს შუა ქალაქია და კუნძული  ვერანაირად განცალკევებული ვერ იქნება.

საკითხავია, ასევე: რამდენად არის ეს კუნძული. სინამდვილეში კუნძული არის მხოლოდ ერთი პატარა მონაკვეთი, დანარჩენი არის ნახევარკუნძული, ანუ მიშენება ხდება. აქ ჩნდება სხვა კითხვები, მაგალითად, რამდენად გაუძლებს ფსკერი ამას? რამდენად სწორად არის დათვლილი ტალღების მოძრაობა?

საკმაოდ რთული იქნება ეკონომიკური ზემოქმედების ნაწილი. ცხადია, ეს იქონიებს ძალიან დიდ გავლენას ბათუმის განვითარებაზე. ალტერნატივა უნდა ყოფილიყო განხილული ასეთივე დასახლების მოწყობა ხმელეთზე, იყო ამის შანსი და არსებობს კიდეც იგივე რაოდენობის ტერიტორია, სადაც შეიძლება განაშენიანება მოხერხდეს. რამდენად საჭიროა მაინცდამაინც ზღვაში გაკეთდეს ეს?“ – კითხულობს გარემოსდამცველი.

სპეციალისტის კიდევ ერთი აქცენტი პორტი და სანაოსნოა:

„გარდა ამისა, არ ვიცით, როგორ იმოქმედებს ეს კუნძული შავი ზღვის სანაოსნოზე, პორტზე რა ზემოქმედებას მოახდენს, ან თამარის დასახლებაზე.

ეს ყველაფერი უნდა გამოჩნდეს. ეს ასე მარტივი არ არის, როგორც ფიქრობენ და არ მგონია ეს დაჯდეს მხოლოდ 100 მილიონი. ეს საკითხები სულერთი არ არის საქართველოსთვის. ბათუმი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კუთხეა საქართველოში და მისი განვითარება სულერთი არ უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის,“ – მიიჩნევს ნინო ჩხობაძე.

ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში ყურადღებას ამახვილებს ინერტულ მასალაზეც, რომლითაც ხელოვნური კუნძული უნდა მოეწყოს:

„ამას საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ეფექტი ექნება იმ თვალსაზრისით, რომ საიდან მოაქვთ ინერტული მასალა, კარიერებიდან მოგვაქვსო წერენ, მაგრამ ქვიშა საიდან მოაქვთ, მოცულობაში რამდენია? ტექნიკური პროექტი არ ახლავს დოკუმენტს და, შესაბამისად, პასუხებს მოკლებული ვართ. ამას დასჭირდება შესაბამისი კვლევები და დოკუმენტის არსებობა,“ – გვითხრა „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელმა, ნინო ჩხობაძემ.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიშის საჯარო განხილვა ბათუმში 2024 წლის 12 იანვარსაა დაგეგმილი.

___

ამ თემაზე:

ვილები და ცათამბჯენები ხელოვნურ კუნძულზე – პროექტის გზშ მზადაა

ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის ეზოში კიდევ ერთ შენობას ააშენებენ

აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კიდევ ერთი შენობის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობა 330 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

ესკიზი

ბათუმის #3 საჯარო სკოლა გორგასლის #122-ში მდებარეობს. სკოლა დამხმარე შენობებისა და ეზოს ჩათვლით 4474 კვ.მეტრს აერთიანებს.

დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც სამინისტრომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას წარუდგინა, პროექტი შპს „გამა კონსალტინგს“ მოუმზადებია.

გენგეგმა

ამ დროისთვის სკოლის მთავარი შესასვლელი ვახტანგ გორგასლის ქუჩის მხრიდან არის. ახალ შენობას კი დამოუკიდებელი შესასვლელი ექნება ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან.

სამინისტროს განმარტებით, სამსართულიანი შენობა იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის და აშენდება სამშენებლო კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად.

რენდერი

საინტერესოა ისიც, რომ მერიამ შპს „გამა კონსალტინგის“ პროექტი დაიწუნა და სამინისტროს რამდენიმე ხარვეზის გასწორება და ახალი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა.

მერიამ სამინისტროს უპასუხა:

„წარმოდგენილი იქნეს არქიტექტურული ნაწილების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის საექსპერტო შეფასება. წესების შესაბამისად გათვალისწინდეს სახანძრო ავტომობილების მისასვლელი/ მისადგომი გზების მოწყობა და სრულყოფილი სახით აისახოს პროექტში.

საგენერატორო სათავსო გადატანილი იქნეს ტერიტორიაზე, სკოლის შენობაში ჩაშენებული, მიშენებული და დაშენებული საგენერატორო სათავსოს მოწყობა დაუშვებელია. რაც შეეხება წარმოდგენილ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებსა და საინჟინრო პროექტებს, არ არის სრულყოფილი, არ შეიცავს სათანადო ინფორმაციას, სრულყოფილ განმარტებით ბარათებს, არ არის თანხვედრაში არქიტექტურულ პროექტთან და საჭიროებს ცვლილება-დამატებების შეტანას.

ამასთან ერთად განგიმარტავთ, რომ წარმოსადგენი საექსპერტო შეფასება თანხვედრაში უნდა მოდიოდეს არქიტექტურულ პროექტთან და ეს ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (მაგ: ლიფტის შახტაში დაწნევის სისტემის მოწყობის აუცილებლობა, საშხეფი სისტემების მოწყობის აუცილებლობა, კიბის უჯრედში დაწნევის სისტემის მოწყობის აუცილებლობა, მიწისქვეშა ტექნიკურ სართულზე კვამლგამწოვი სისტემის მოწყობის აუცილებლობა და ა.შ)“

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამინისტრო სკოლის გაფართოების მიზნით მოქმედი სკოლის ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენებას გეგმავს.

ბათუმის №14 და №18 საჯარო სკოლების დამატებითი კორპუსებისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობაზე აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი 37 944 034 ლარით გამოაცხადა, თუმცა ეს ტენდერი არ შედგა.

ამ თემაზე:

 

37,9 მილიონი ლარი ორი სკოლის ახალი კორპუსებისა და სახელოვნებო სკოლისთვის ბათუმში

 

რუსები ავდიივკის მიმართულებით გააქტიურდნენ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ბოლო, 7 დეკემბრის ცნობებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ავდიივკის მიმართულებით – გენშტაბის ინფორმაციით, მხოლოდ ერთ დღეში აქ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის 34 შეტევა მოიგერიეს.

გენერალური შტაბი ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 91 სამხედრო შეტაკება მოხდა. მთლიანობაში რუსეთმა განახორციელა 2 სარაკეტო და 80 საჰაერო დარტყმა და 85 შეტევა – მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

გენშტაბის ცნობით, ავდიივკის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ მტრის შეკავებას, რომელიც არ წყვეტს ავდიივკის ალყაში მოქცევის მცდელობებს.

მოსამართლემ ცოლის ცემაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლა

დღეს, 7 დეკემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პოლიციელი, ვისაც ცოლზე ძალადობას ედავებიან.

სხდომის დაწყებიდან მალევე მოსამართლეს ადვოკატმა დაზარალებულად ცნობილი ქალის წერილი გადააწოდა – ნახეთ, პრეტენზია აღარ აქვს, უკვე შერიგდნენო.

ამ წერილს დაეყრდნო მოსამართლეც. „როგორც ჩანს, კონფლიქტი ამოწურულია“, – დასძინა მან და ხაზი გაუსვა იმას, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია. შესაბამისად, კაცს ცოლთან მიახლოება ეზღუდება მისი თანხმობის გარეშე, ვიდრე ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

„მეორეჯერ აღარ იქნება“, – ფეხზე წამოდგა და ისე მიმართა მოსამართლეს პოლიციელმა ნუგზარ ს.-მ. ის დაცვის პოლიციის თანამშრომელია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად დარჩება. მოსამართლემ მისი სამსახურებრივი პოზიციიდან გადაყენებაზეც უარი თქვა.

„2 თვე აქვს ისედაც დარჩენილი პენსიაში გასვლამდე, ის 2 თვის ხელფასიც მნიშვნელოვანია მისთვის, ქირაში ცხოვრობენ… 1992 წლიდან დაცვის პოლიციაში მუშაობს და მისი ხელფასი თვეში 500 ლარია,“ – თქვა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.

საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელმა ცოლს სამსახურში მიაკითხა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე და ხალხმრავალ ადგილზე გაჩერებულ ავტომანქანაში სცემა.

„მოქაჩა თმაზე, საყურეს გამოსდო ხელი და დაუზიანა ყური…“ – დეტალები აღწერა პროკურორმა აკაკი მოქერიამ.

ბრალდებული ბრალს სრულად აღიარებს.

„მას ამ დრომდე შემაკავებელი ორდერიც კი არ ჰქონია, არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ და დაზარალებულთან შერიგდა“, – ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ დარბაზს გადმოხედა, რომელიც პოლიციელის ახლობლებით იყო სავსე.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაული შეიძლება აღიქმებოდეს თავად პოლიციის დამოკიდებულებად, თუმცა აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობას სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებს.

პოლიციას საშველად ამ საქმეზე დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმა დაურეკა.

ბოლო პრაქტიკით ხშირია შემთხვევა, როცა დაზარალებულად ცნობილი ქალი პოლიციაზე მიმართვის შემდეგ სასამართლოს ჩვენებას აღარ აძლევს, რასაც საბოლოოდ მოსამართლე უთითებს ამ სახის დანაშაულებზე გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძვლად.

უფლებადამცველები კი საუბრობენ იმაზე, რომ ქალი ბევრი მიზეზის გამო ირჩევს დუმილს, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ პროკურატურას და სასამართლოს მსხვერპლი ქალები რეალურ მხარდამჭერად ვერ აღიქვამენ.

რა ქუჩებზე შეწყდება გაზი ბათუმში დღეს და ხვალ – გაითიშება 3 ათასამდე აბონენტი

„სოკარის“ ცნობით,  გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, 7 დეკემბრის 14:00 საათიდან 7 დეკემბრის 18:00 საათამდე ბათუმში, ხიმშიაშვილის 47ა და ლორთქიფანიძის #10-ში მცხოვრებ 1339 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება და სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

ასევე, „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 8 დეკემბერს, 13:00 საათიდან ბათუმში გაზის მიწოდება შეუწყდება ტბელ აბუსერიძის ქუჩის #5-ში მცხოვრებ 1082 აბონენტს.

კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება 8 დეკემბერს 18:00 სთ-დან და სრულად აღდგება 8 დეკემბრის დღის ბოლომდე.

8 დეკემბერს 14:00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება ჯავახიშვილის ქუჩის #6ა-ში მცხოვრებ 51 აბონენტსაც. ამ ქუჩაზე გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება 8 დეკემბერს 15:00 სთ-დან.

ასევე, 8 დეკემბრის 10:00 საათიდან 8 დეკემბრის 16:00 საათამდე ბათუმში გაზი შეუწყდება გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებ 286 აბონენტს.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე: 16 114.

ყალბი 100 დოლარიანების გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში, გაასაღა 16 ცალი ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომ ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ამასთან, „ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენა – მხილების მიზნით“.

ბათუმში მოძალადე კაცი ყოფილ ცოლს ურთიერთობას აიძულებდა – როდის [არ] აბამენ ელექტროსამაჯურებს

„ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე მ. ო.-მ მუცლის არეში ხელ-ფეხის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეზე“, – აღნიშნულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რომელსაც უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში ვკითხულობთ.

საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო მანამდე, ვიდრე მას ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავებდნენ, თუმცა მოძალადისთვის არ გაუკეთებიათ ელექტრონული სამაჯური.

არადა ელექტრონული სამაჯურები ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მექანიზმად მიიჩნევა. 

კიდევ ერთ კაცს – ბ.კ.-ს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, შემაკავებელი ორდერი 2022 წლის 13 მაისს გამოუწერეს – ის ყოფილ ცოლს ლ.გ.-ს ემუქრებოდა და ურთიერთობის განახლებას სთხოვდა. ორდერის გამოცემიდან რამდენიმე დღეში, 26 მაისს, მოძალადე კაცი მსხვერპლთან სახლში ღამით მისულა.

„2022 წლის აპრილიდან იმავე წლის პირველი ივლისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, ყოველდღიურად, ბათუმში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ლ. გ-ძის გადაწყვეტილებით გაღიზიანებული, აღნიშნული ურთიერთობის განახლების მოთხოვნით, ბ. კ. პირადად, სხვადასხვა მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელების გამოყენებით სისტემატურად ამყარებდა არასასურველ სატელეფონო, ელექტრონულ და პირად კომუნიკაციას ლ. გ-სთან, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

ასევე, მას გაუჩნდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნიდა და ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა.

2022 წლის 29 ივნისს [შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ], ღამის საათებში, ლ. გ-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, მამაკაცის უპირატესი მდგომარეობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, მობილური ტელეფონის საშუალებით ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილი მეუღლეს ბ. კ-ს.

დაზარალებულმა ლ. გ-მ განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“, – ეს ქრონოლოგია მოსამართლეს პროკურორმა მიუტანა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განაჩენით, ბ.კ.-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ელექტრონული ზედამხედველობა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. საუბარია იმ შემთხვევებზეც, როცა შემაკავებელი ორდერი გამოიცემა, ანუ არსებობს „მოძალადე“ და „მსხვერპლი“, მაგრამ მოძალადისთვის ბრალის წარსადგენად პროკურატურას ჯერ საკმარისი წინაპირობა არ აქვს, ან ძალადობაში ბრალდებული კაცი გირაოთი გაათავისუფლა მოსამართლემ და მას ისევ აქვს საშუალება, მსხვერპლს მიუახლოვდეს.

თუ მოძალადე მსხვერპლთან 500 მეტრის რადიუსში აღმოჩნდა, აპარატი ავტომატურად აცნობებს 112-ს, ხოლო 100 მეტრის რადიუსში მიახლოება დარღვევად მიიჩნევა. თავდაპირველად პოლიცია უკავშირდება პოტენციურ მოძალადეს და მას აფრთხილებს, რომ მსხვერპლს უახლოვდება და ზონა უნდა დატოვოს. თუ მოძალადე გააგრძელებს მოძრაობას, პოლიცია გააფრთხილებს მსხვერპლს და დაიწყებს მოქმედებას.

____

ამავე თემაზე:

„ორსულ ცოლს მუცელში ფეხი ჩაარტყა“ – როდის [არ] აბამენ მოძალადეს ელექტრონულ სამაჯურს

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 336 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
  • ტანკი – 5 618 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 10 482 ერთეული [+26]
  • საარტილერიო სისტემა – 8 045 ერთეული [+21]
  • MLRS – 919 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 116 ერთეული [+33]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 571 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 561 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 1 156 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 550 თვითმფრინავი
  • 257 ვერტმფრენი
  • 9 568 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 870 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 268 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 011 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]აშშ-მა უკრაინას $175 მლნ ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსები ავდიივკის მიმართულებით გააქტიურდნენ – უკრაინის გენშტაბი

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

იუსტიციის სახლთან პარკინგის ადგილი „ალიანსს“ 49 წლით გადასცეს – რას აშენებს კომპანია

ბათუმში, იუსტიციის სახლსა და „ალიანს პალასს“ შორის მდებარე 4 224 კვადრატული მეტრი ტერიტორია, სადაც ავტოპარკინგი იყო, შემოღობილია. ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და ის „იუსტიციის სახლის“ სარგებლობაში იყო, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ეს ადგილი სახელმწიფომ 49 წლით შპს „ალიანს მენეჯმენტს“ აღნაგობის უფლებით გადასცა.

ბათუმი/ იუსტიციის სახლთან პარკინგის ტერიტორია 49 წლით „ალიანსს“ გადასცეს / ორდონიანი ავტოსადგომის მოსაწყობად კომპანიამ ტერიტორია შემოღობა / 2.12.2023

აღნაგობის ხელშეკრულებით „ალიანსი“ ვალდებულია 2024 წლის ივნისამდე ამ ტერიტორიაზე „უზრუნველყოს არანაკლებ 200 ავტომანქანაზე გათვლილი ორდონიანი [მიწისზედა და მიწისქვეშა] ავტოსადგომის მოწყობა, სრულად აღჭურვა [უსაფრთხოების ჯებირების, ავტოსადგომის ინფრასტრუქტურის, მათ შორის შესასვლელებსა და გამოსასვლელებში შლაგბაუმების, განათებისა და ვიდეო კონტროლის სისტემების მოწყობა], კანონით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება და ავტოსადგომის ფუნქციონირება.“

რენდერი პროექტიდან / ორდონიანი ავტოსადგომი / ფოტოზე ჩანს მიწისზედა სივრცე და მიწისქვეშა ავტოსადგომში ჩასასვლელი

პროექტი, რომლის განხორციელებაზე იუსტიციის სახლიც თანახმაა, „მოიცავს არსებული ღია ავტოსადგომის გადაგეგმარებას და 1 მიწისქვეშა დახურული ავტოსადგომის დამატებას, რათა მოხდეს მეტი ავტომობილის გაჩერება დღის თუ ღამის პერიოდში.“

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოეწყობა მიწისქვეშა ავტოსადგომი 143 ავტომობილზე და აღიჭურვება თანამედროვე სისტემებით. ხოლო ღია ავტოსადგომის გადაგეგმარების შედეგად შესაძლებელი იქნება 154 ავტომანქანის გაჩერება. „ტერიტორიაზე შეიქმნება გამწვანებული ზონები და იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე“.

პროექტის მიხედვით, მიწისქვეშა ავტოსადგომში მანქანების შესასვლელ-გამოსასვლელი გორგილაძის ქუჩის [შარტავას ქუჩის მიმდებარედ] მხრიდან იქნება. მოეწყობა ასევე კიბე, რომელიც მიწისქვეშა ავტოსადგომს „ალიანს პალასის“ შენობის შესასვლელთან დააკავშირებს.

მიწისქვეშა [მარცხნივ] და მიწისზედა [მარჯვნივ] ავტოსადგომის გეგმა პროექტიდან
„გაცნობებთ, რომ იუსტიციის სახლისთვის მისაღებია აღნიშნული პროექტი და თანახმა ვართ, მიმართოთ მისი განხორციელებისთვის საჭირო, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდგომ ქმედებებს, მათ შორის, მოიპოვოთ შესაბამისი ნებართვები“, – წერს 2023 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული წერილით სსიპ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჟანიძე შპს „ალიანს მენეჯმენტის“ დირექტორს.

შპს „ალიანს მენეჯმენტი“ 2020 წელს არის რეგისტრირებული და მისი მესაკუთრე და დირექტორი აკაკი სონგულიაა. აკაკი სონგულია არაერთ კომპანიაში ფლობს წილს და ის „ოცნების“ შემწირველიცაა.

ავტოსადგომთან „ალიანსის“ მიერ აშენებული მრავალსართულიანი, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლიც [„ალიანს პალასი“] დგას. რეესტრის ბოლო ამონაწერით შპს „ალიანსის“ მეწილეები არიან: ნიკოლოზ თევზაძე [15%],  მედეა ბოჭორიშვილი [43%], იბრაიმ შალიკაძე [15% ], აკაკი სონგულია [12%], ბესიკ ჟღენტი [15%]. ამ კომპანიის დირექტორიც აკაკი სონგულიაა.

„ალიანს მენეჯმენტმა“ ტერიტორია შემოღობა და სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო. აქვს თუ არა კომპანიას მშენებლობის ნებართვა? – ამ კითხვაზე პასუხი ქალაქის მერიიდან ამ დრომდე არ მოგვაწოდეს.

„ალიანს მენეჯმენტმა“ სამუშაოები უკვე დაიწყო / 6.12.2023

საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ დღეს მოქმედი შესაბამისი ნორმების დაცვით ავტოსადგომის მშენებლობა და შემდგომში მისი ექსპლუატაცია შესაძლებელია.

ამასთან „სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რომელიმე არსებულ შენობაში [ალიანს პალასი / იუსტიციის სახლი] რაიმე სახის დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყდეს სამუშაოები, ვიდრე არ აღმოიფხვრება შემდგომი დაზიანების რისკები“, – აღნიშნულია დასკვნაში.

 

[toggle title=”საექსპერტო დასკვნის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

„…ვიზუალური დათვალიერების, ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისა და კვლევის შედეგების დამუშავებით მიღებული საერთო სურათის გაცნობისა და ჩატარებული ანალიზის საფუძველზე ვთვლით, რომ ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქ. #7-ში, ავტოსადგომის მშენებლობასთან დაკავშირებით, მის მიმდებარედ განთავსებული #1 [ალიანს პალასი] და #2 [იუსტიციის სახლი] შენობების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათ საძირკვლებზე, სხვა ძირითად კონსტრუქციებზე და სახურავებზე არ აღინიშნება ისეთი სახის დაზიანებები, ბზარები, ან სხვა სახის დეფექტები, რაც საეჭვოს გახდის მათ საერთო მდგრადობას სიმტკიცეს და საშუალებას იძლევიან მათ მომიჯნავედ აშენდეს ღია ავტოსადგომი, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებისა და სახელმწიფო სტანდარტების დაცვით შესრულებული შესაბამისი პროექტის მიხედვით, თუ მასში გათვალისწინებული იქნება შემდეგი:

1. საპროექტო შენობის საძირკვლები (ფილა) განთავსდება არსებული (#1 და #2) შენობების საძირკვლების ჩაღრმავების დონეზე, ან საძირკვლები საფეხურებრივად გადავა ერთი დონიდან მეორეზე;

2. საპროექტო საძირკვლების (ფილა) სხვადასხვა დონეზე განთავსებისა და მიწისქვეშა სართულის მოწყობის შემთხვევაში, დაცული იქნება დასაშვები მანძილები მათი ძირის დონეებსა და შიგა წახნაგებს შორის;

3. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რომელიმე არსებულ შენობაში რაიმე სახის დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყდეს სამუშაოები, ვიდრე არ აღმოიფხვრება შემდგომი დაზიანების რისკები;

ამასთან, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოების, დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები 2019 წლის 19 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის – „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის #361-ე დადგენილების – „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნათა შესაბამისად და ხარისხიანად და უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნების გათვალისწინებით შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების პირობებში, დაცული იქნება, ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქ #7-ში, შპს „ალიანს პალასი“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამეზობლო მიჯნაზე განთავსებული #1 და #2 შენობების კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და შესაძლებელი იქნება მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგაც.“

ამონარიდი „ქ. ბათუმში ხიმშიაშვილის ქ. #7-ში, ღია ავტოსადგომის მშენებლობასთან დაკავშირებით, მის მიმდებარედ განთავსებული არსებული შენობა-ნაგებობების საძირკვლების, სხვა ძირითადი კონსტრუქციებისა და სახურავების ტექნიკური მდგომარეობის თაობაზე“ საექსპერტო დასკვნიდან

[/toggle]

„ალიანსისთვის“ 49 წლით გადაცემული ტერიტორია ბათუმის იუსტიციის სახლთან [მონიშნულია წითელი ფერით]
„ქალაქ ბათუმის ადეკვატური პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია ქალაქის მაცხოვრებლების და ვიზიტორების მზარდი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს გაუმკლავდეს პარკირების ობიექტის ირგვლივ მზარდ მოთხოვნილებას ურბანულ ლანდშაფტზე ზემოქმედების შემცირებაში.

წარმოდგენილი მიწისქვეშა პარკინგის შენობების მშენებლობა არა მხოლოდ შეამსუბუქებს მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ საცობებს, არამედ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მთლიან განვითარებას და მიმზიდველობას“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

„ალიანს მენეჯმენტმა“ სამუშაოები უკვე დაიწყო / 6.12.2023

მიწისქვეშა და მიწისზედა  მრავალდონიანი პარკინგების მოწყობას ითხოვს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციაც. ამაზე მათ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებში დაწერეს. იმ განსხვავებით, რომ ოპოზიციის მოსაზრებით მრავალდონიანი პარკინგების მოწყობა თავად მერიამ უნდა უზრუნველყოს და ისინი ყველასთვის მისაწვდომი უნდა იყოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი მხრივ, ბათუმის მერიაც აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.

ამ თემაზე ვრცლად:

კორპუსების ზომა იზრდება, მაგრამ არა პარკინგის – ბათუმის მწვავე პრობლემა

 

 

რა [არ] უნდა ვუთხრათ ადამიანს, რომელსაც დეპრესია აქვს – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

დეპრესია ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ხანგრძლივი მწუხრების განცდა და ცვლილებები აზროვნებასა და ქცევაში. დეპრესია განკურნებადია, თუმცა „კლუბი სინერგიას“ ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ დეპრესიის მქონე ადამიანები იშვიათად ეძებენ დახმარებას.

„საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დაახლოებით 75% არ მიმართავს სპეციალისტს, რაც კოლოსალურად მაღალი რიცხვია” – ამბობს ლუკა გაფრინდაშვილი. ფსიქოლოგის განმარტებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი დეპრესიისთვის დამახასიათებელი უიმედობაა, არანაკლები მიზეზია – სერვისებზე დაბალი ხელმისაწვდომობა.

ფსიქოლოგი ლუკა გაფრინდაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს დეპრესიის ნიშნებზე, როგორ უნდა ვესაუბროთ დეპრესიაში მყოფ ადამიანს და, ასევე – რა დახმარება არსებობს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

  • რა მდგომარეობაა დეპრესია?

ეს სიტყვა ლათინურიდან ითარგმნება დაახლოებით როგორც გვალვა, გამოშრობა; მეორენაირად – აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც რაღაც, მაგალითად ლურსმანი არის ჩარჭობილი. ეს ორივე ახსნა მეტაფორულად ძალიან კარგად მიესადაგება დეპრესიულ მდგომარეობას. გვალვა/გამოშრობა იმ მხრივ, რომ დეპრესიის დროს ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია ფსიქიკური ენერგიისგან დაცლა, უენერგიობა; მეორე განმარტება კი, ვიზუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ადამიანის სხეულში თითქოს შერჭობილია რაღაც, რასაც მოჰყვება სისხლდენა, ოღონდ სისხლის ნაცვლად უნდა წარმოვიდგინოთ ფსიქიკური ენერგიის გამოდინება, ორგანიზმის დაცლა. 

ამიტომაც არის, რომ წამყვანი მომენტი ამ დროს არის ფსიქიკური ენერგიის ნაკლებობა, გადაღლა, უუნარობა. დეპრესიაში მყოფ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რაღაცის გაკეთების სურვილი, მაგრამ არ აქვს რესურსი, ის დაცლილია ფსიქიკური ენერგიისგან.

  • როგორ უნდა განვასხვაოთ დეპრესია სევდისგან, უგუნებობისგან?

ემოციებზე საუბრისას ადამიანები ხშირად იყენებენ სიტყვა დეპრესიას, როგორც სევდის სინონიმს, მაგრამ დეპრესია მხოლოდ ემოცია არ არის.

პირველი რითაც შეიძლება გავმიჯნოთ დეპრესია სხვა მდგომარეობისგან, ეს არის:

  • დრო – მინიმუმ ორ კვირაზე მეტ ხანს უნდა გრძელდებოდეს გუნება განწყობის დაქვეითება, ანუ სევდიანობა და მწუხარებაში ყოფნა; 
  • გარდა ამისა დეპრესია გულისხმობს ინტერესის დაკარგვას, მაგალითად, მომავლისადმი, აწმყოსადმი – იმ საქმეებისადმი, რასაც აკეთებ; 
  • ასევე, დაკარგული გაქვს სიამოვნების მიღების უნარი, რასაც ფსიქოლოგიაში ანჰედონია ქვია. ამას მოჰყვება კვებასთან დაკავშირებული ცვლილებები, მადის დაქვეითება;
  • დეპრესიაში მყოფ ადამიანებს დარღვეული აქვთ ძილის რეჟიმი, ეღვიძებათ ღამე და უჭირთ ძილის შებრუნება, ეს კიდევ უფრო ამწვავებს გადაღლილობას, რადგანაც სწორედ ძილი საშუალებით ახერხებს ორგანიზმი დასვენებასა და განტვირთვას;
  • მომავლის ვერ ან ძალიან ნეგატიურად წარმოდგენა, რასაც გარკვეულ შემთხვევებში მივყავართ სუიციდურ ფიქრებამდე.

ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი შეიძლება დეპრესიაში იყოს და ჩვენ ვერც კი ვამჩნევდეთ, ანუ მისი მდგომარეობა ვიზუალურად გამოხატული არ იყოს.

  • თუ შეიძლება დეპრესია დაკავშირებული იყოს სხვა დიაგნოზებთან?

ეს მდგომარეობა ახლავს ძალიან ბევრ მენტალურ მდგომარეობას. მაგალითად, ბიპოლარული აშლილობის დროს ხდება დეპრესიული და მანიაკალური ეპიზოდების ცვალებადობა; ვიცით, რომ დეპრესია ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს ძალიან ბევრ აშლილობასთან, მაგალითად გენერალიზებულ შფოთვით აშლილობასთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია; ასევე, ობსესიურ კომპულსიური აშლილობის შემთხვევათა დაახლოებით 70 პროცენტში იწყება დეპრესია.

კვლევითი ფონდი hopefordepression: დეპრესიის ქოლგა მოიცავს დიდ დეპრესიულ აშლილობას და მასთან დაკავშირებულ განწყობის აშლილობას, მათ შორის ბიპოლარულ აშლილობას, მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, პოსტტრავმული სტრესის სინდრომს, შფოთვით აშლილობას და სუიციდს.

  • რა იწვევს დეპრესიას?

ზუსტად არ არის ცნობილი რა იწვევს დეპრესიას, ეს კითხვა პასუხგაუცემელია.

ფსიქიატრია და ნეირომეცნიერება პასუხებს უფრო ჰორმონებში ეძებს, მაგრამ მხოლოდ ჰორმონებსა და ნეირონებში ფსიქიკური პროცესების ახსნის ძიება არ არის გამართლებული. ბევრი ფსიქოანალიტიკოსი და ნეირომეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს დიდწილად არის ფარმაცევტული ბიზნესის გავლენაც.

როგორც ბევრი ფსიქიკური აშლილობის შემთხვევაში, აქაც შეიძლება ჩართული იყოს მრავალი ფაქტორი. 

ერთ-ერთია გენეტიკური ფაქტორი. გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს მოწყვლადობა და მიდრეკილება ადამიანში დეპრესიისკენ

კიდევ ერთი ფაქტორია ცხოვრების პირველი ეტაპი, ანუ ადრეული გამოცდილება, რამდენად სტრესული იყო, რამდენად მატრავმირებელი მოვლენები ხდებდა, რამდენად ჰქონდა ადამიანს განვითარებული სტრესებთან გამკლავების სტრატეგიები და მექანიზმები. თუ ასეთი მექანიზმები მწირი აქვს ადამიანს, მაშინ უფრო მეტი აქვს შანსია განვითარდეს დეპრესიული აშლილობა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ბავშვობაში თუ სკოლის პერიოდში ბავშვების გაძლიერებას ამ მიმართულებით.

მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს სოციალური ფაქტორებიც. მაგალითად, ადამიანს გარდაეცვალოს ოჯახის წევრი, დაკარგოს სამსახური, დაშორდეს შეყვარებულს, გაჭირვებასა და უპერსპექტივობაში უწევდეს ცხოვრება და ამის შემდეგ განვითარდეს დეპრესია.

ცნობილია, რომ გაცილებით მაღალია დეპრესიის მაჩვენებელი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, თუმცა დეპრესიას მაღალი გავრცელება აქვს განვითარებულ ქვეყნებშიც. ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალიწინებელი, მაგალითად მზესთან ექსპოზიცია, რაც ძალიან მნიშვენლოვანია და რის გამოც სკანდინავიის ქვეყნებში დეპრესიის მაღალი მაჩვენებელია.

  • ამბობენ, რომ დეპრესიის დროს თავის მოვლა, თვითზრუნვა ძნელდება. რა ხდება ამ დროს?

დეპრესიის დროს ხშირად თავის მოვლის ინტერესი ქრება. ფროიდი ამბობს, რომ დეპრესიულ ადამიანს აღარ აინტერესებს მასზე რას ფიქრობენ სხვები ვიზუალურად, მისთვის სხეული და ჩაცმულობა კარგავს ნარცისული ტკბობის ელემენტს, სიამოვნებას ვეღარ იღებს აქედან. ხშირ შემთხვევაში თერაპიულ პროცესებში ერთ-ერთ პრედიქტორი იმისა, რომ ადამიანი გამოდის დეპრესიიდან არის სწორედ ის ფაქტი, რომ ის იწყებს მოწესრიგებას, დაბანას, დავარცხნას, თავისი თავისთვის რაღაცის შეძენას.

  • რა შეგვიძლია გავაკეთოთ მეგობრისთვის, ოჯახის წევრისთვის, რომელსაც დეპრესია აქვს?

დეპრესიული მდგომარეობა თავის თავში გულისხმობს სუბიექტურ აღქმას. სუბიექტი თავის თავს აღიქვამს ასე, ასეთ დროს მსმენელი, ოჯახის წევრი, მეგობარი ანალიზს არ უნდა უკეთებდეს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას.

 მაგალითად: „რა გინდა, სამსახური გაქვს, მეუღლე გყავს, შვილები გყავს, ის გაქვს, ეს გაქვს, მეტი რა გინდა“ – ასე არ უნდა მოხდეს ადამიანის გამხნევება. შეიძლება პირიქით, უკუშედეგი გამოიღოს და ადამიანმა საერთოდ აღარ გააზიაროს თქვენთან საკუთარი გამოცდილება, რადგან ის გიზიარებთ საკუთარ წუხილს და თქვენგან აწყდება უგულებელყოფას.

საქმე ის არის, რომ მშფოთვარე ადამიანისგან განსხვავებით, რომელიც აზიარებს თავის პრობლემას და დახმარებისთვის მიმართავს სხვას, დეპრესიაში მყოფი ადამიანის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ის შველას არ ითხოვს, ასე მოქმედებს ის უიმედობა, რაც მას აქვს. 

დაძალება არ გვინდა, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სოციალურ ცხოვრებაში დავაბრუნოთ ადამიანი, რადგან ამ პროცესში შეიძლება უფრო მოახერხოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ცხადია, აუცილებელია გარშემო ისეთი ადამიანების ყოფნა, ვისაც ვენდობით და ვისთანაც შეგვიძლია საკუთარ გრძნობებზე, ემოციებსა და საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკი – ეს არის წამალი, ჩათვალეთ.

აქტივობას რაც შეეხება, ეს ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ თუ არის ამის საშუალება, კარგი იქნება მასთან ერთად დავიწყოთ სეირნობა, ფიზიკური ვარჯიში, მოვაწყოთ განტვირთვა ერთად. ადამიანი თავადაც მიხვდება ამა თუ იმ სიტუაციაში რომელი ხერხი შეუწყობს ხელს მის მეგობარს იმაში, რომ დაეხმაროს ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. მაგრამ გვახსოვდეს, რომ მხარდაჭერა არ ნიშნავს რაღაცების თავსმოხვევას. 

სასურველი იქნება, მოვუკლოთ ასეთ პერიოდში საკუთარ თავთან მარტო დარჩენას. შეიძლება ეს რისკფაქტორი აღმოჩნდეს. დეპრესიის დროს, ბუნებრივია, რომ ადამიანს გარე სამყაროსთან არ სურს კონტაქტი, იკეტება საკუთარ თავში. წამყვანი ფიქრები ამ დროს არის ნეგატიური, ამიტომ უმჯობესია, რომ გადავრთოთ ყურადღება სხვა საკითხებზე, რადგან ამ დროს ფიქრები, იმის ნაცვლად, რომ პრობლემების გადაჭრისკენ მივყავდეთ, პირიქით, უფრო აღრმავებს პრობლემებს.

  • რა არ უნდა ვუთხართ ამ დროს ადამიანს?

არ უნდა ვიყოთ კატეგორიული, არ უნდა ვესაუბროთ ტექსტებით, რომლითაც ხდება მისი მდგომარეობის უგულებელყოფა – „კარგი რა გჭირს“, „შენხელა რომ ვიყავი, დეპრესია რა იყო არ ვიცოდი“, „რანაირად გამოიყურები, ხალხი გიყურებს…“

მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ ადამიანს, რომ გული შეგვტკივა იმის გამო, რომ ის ასე გრძნობს თავს. უმჯობესია ვკითხოთ, რით შეგვიძლია დახმარება, რადგან ეს უბრალო კითხვა არ არის, ეს არის ადამიანის დახმარების მცდელობა, ნიშანი იმისა, რომ გული შეგტკივა, გინდა, რომ რაღაცით დაეხმარო, რომ მარტო არ არის, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს ის შეიძლება ფიქრობდეს, რომ აზრი არ აქვს ამ ძალისხმევას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უიმედობა დეპრესიისთვის დამახასიათებელი მდგომარეობაა.

  • ფიზიკური აქტივობა სომატური დაავადებების დროს ძალიან სასარგებლოა, რა მნიშვნელობა აქვს მას დეპრესიის დროს? სხვა რა აქტივობებია ამ დროს სასარგებლო?

ამ დროს მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და ძალიან კარგი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ვარჯიში ძალიან ეხმარება ადამიანს დეპრესიასთან გამკლავებაში.

ასევე, ძალიან სასარგებლოა, დილის საათებში მზესთან ექსპოზიცია. 

ფიზიკური აქტივობის პროგრამა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სეირნობას, აერობიკას ან სხვა სახის ფიზიკური ვარჯიშს, გათვალისწინებულია დეპრესიის მკურნალობის გაიდლაინებშიც. blackdoginstitute: ვარჯიშმა შეიძლება გაზარდოს ტვინში სეროტონინის დონე, ნეიროტრანსმიტერი, რომელიც დაკავშირებულია განწყობის რეგულირებასთან, ძილთან, ლიბიდოსთან, მადასთან და სხვა ფუნქციებთან. ვარჯიშს ასევე შეუძლია გაზარდოს მოცირკულირე ენდორფინების დონე, რომლებსაც გააჩნიათ განწყობის ამაღლების თვისებები.

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დეპრესია?

შეიძლება გაგრძელდეს ქრონიკულად, შეიძლება იყოს პერიოდულობით. მაგალითად, გარკვეული დროის განმავლობაში იყოს დეპრესია, შემდეგ უკეთესად იგრძნოთ თავი, რადგან ჩვენი ორგანიზმი საკუთარი თავის განკურნებას ახდენს. მერე შეიძლება ისევ განმეორდეს. 

  • შეიძლება ქრონიკულად გაგრძელდეს, მაგრამ არ პროგრესირდეს?

დიახ, დისთიმია ჰქვია ამას, დეპრესიული მდგომარეობა რომელსაც ჰორიზონტალური ტრაექტორია აქვს და არ ღრმავდება, მიდის მსუბუქად. ფუნქციონირებ, მაგრამ ზოგადად ამჩნევ შენს თავს, რომ ცუდად ხარ. ეს არის სიმპტომების ცოტათი ნაკლები სიმძიმე, მაგრამ ქრონიკული მიმდინარეობა.

  • რა უნდა ვიცოდეთ დეპრესიის მკურნალობის შესახებ?

ამ ეტაპზე გავრცელებულია ასეთი მკურნალობა – ადამიანი მიდის ფსიქიატრთან, ის ნიშნავს მედიკამენტებს, ხშირ შემთხვევაში ანტიდეპრესანტებს, რომელიც ზოგ ადამიანს ძალიან ეხმარება, ზოგს – ნაკლებად.

აქვე უნდა ვახსენოთ ფსიქოთერაპიები (მაგალითად: ბიჰევიორალური, კოგნიტურ-ბიჰევიორალური და მაინდფულნესზე დაფუძნებული თერაპიები), რომელთაც აქვთ საკმაოდ მაღალი ეფექტურობის მტკიცებულება.

მკურნალობის კარგი ვარიანტია, როდესაც მედიკამენტები და ფსიქოთერაპია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

მაგრამ ასევე არიან მკურნალობისადმი მედეგი პაციენტები, რომლებთანაც შესაძლოა ანტიდეპრესანტებიც და თერაპიაც უშედეგო იყოს

თუმცა ახლა ძალიან კარგი მტკიცებულებები მოდის „ფსიქოდელიკების“ შესახებ, კეტამინისა და ფსილოციბინის კვლევებიდან ჩანს, რომ საიმედო შედეგებია დეპრესიასთან მუშაობაში.  აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ FDA-მ უკვე გამოაქვეყნა ამ საშუალებებზე კვლევის ნებართვა, რომელიც შესაძლოა ახალი სიტყვა გახდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში

უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კონკრეტული სპეციალისტი არ მოგეწონა, ეს არ ნიშნავს რომ სხვაც ვერ დაგვეხმარება.

პოლიციამ 78 მოძალადეს დაუმაგრა ელექტრონული სამაჯური – 6 თვის მონაცემები

„ამ კატეგორიის საქმეებთან მიმართებით ერთ-ერთ გამოწვევად რჩება გარეშე პირების მხრიდან მომართვაზე თავის შეკავება, როდესაც იციან ძალადობის ფაქტების შესახებ, ესწრებიან ძალადობრივ ქმედებებს,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ვიკითხეთ: რა მიაჩნია შსს-ს გამოწვევად, როცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე პოლიცია ელექტრონული სამაჯურების სისტემას იშვიათად იყენებს.

ელექტრონული სამაჯური ძალადობის განმეორებისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა ევროპულ პრაქტიკაში.

შსს-ს მარაგში 350 ერთეული ელექტრონული სამაჯური აქვს იმისთვის, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალი ძალადობის განმეორებისგან დაიცვას.

„2020 წლის პირველი სექტემბრიდან 2023 წლის  30 აპრილის ჩათვლით სულ 44 შემთხვევაში იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ხოლო 2023 წლის 1-ელი მაისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ამ მაჩვენებელმა 78-ს მიაღწია,“ – მოგვწერეს შსს-დან დღეს, 6 დეკემბერს ელექტრონული სამაჯურების გამოყენების პრაქტიკაზე.

ამ თემაზე კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს 28 ნოემბერს მივმართეთ. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ მხოლოდ წერილობით გვიპასუხებდნენ. „ბათუმელების“ რამდენიმე შეკითხვას ანა ფაჩუაშვილმა უპასუხა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსია.

  • როგორ მოქმედებს პოლიციელი, როცა ელექტრონული სამაჯურის გამოყენების წინააღმდეგი თავად მსხვერპლია, ხოლო მისი თანხმობა კანონით სავალდებულოა?

„მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციელს აქვს შესაძლებლობა მოძალადის მიმართ გამოიყენოს ელექტრონული ზედამხედველობა და დაუმაგროს ელექტრონული სამაჯური, თუ მსხვერპლი აცხადებს თანხმობას.

რა თქმა უნდა, ხდება მსხვერპლისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ელექტრონული ზედამხედველობის პროცედურის თაობაზე, ახსნა იმისა, თუ რა დადებითი ფაქტორები ახლავს თან მსგავსი ტიპის მექანიზმის გამოყენებას, ასევე, შსს-ში მოქმედებს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური.

სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანია მოწმისა და დაზარალებულისთვის/მსხვერპლისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა და სერვისების მოძიება.

კოორდინატორი პრიორიტეტულად მუშაობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც აქტიურად მუშაობენ, არის სწორედ მსხვერპლთან მექანიზმების თაობაზე საუბარი და მათი დარწმუნება, გამოიყენონ შეთავაზებული სერვისები მაქსიმალურად,“ – გვიპასუხა ანა ფაჩუაშვილმა.

  • როგორ მუშაობს ელექტრონული ზედამხედველობა შსს-ს შეფასებით?
  •  2023 წელს რამდენ შემთხვევაში დაარღვია მოძალადემ ელექტრონული ზედამხედველობის პირობები?
  • რამდენ შემთხვევაში არ დაადასტურა სასამართლომ ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ გამოცემული ოქმი და რა მიზეზით?

„2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ძალადობის განმეორების პრევენციის მიზნით, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმიც მოქმედებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რასაც უწყება მსხვერპლთა უსაფრთხოებისა და განმეორებითი ძალადობისგან დასაცავად იყენებს.

უფრო კონკრეტულად, ელექტრონული ზედამხედველობა წარმოადგენს მსხვერპლთან მოძალადის მიახლოების/დისტანციის კონტროლის ყველაზე ეფექტიან საშუალებას. მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112″.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პოლიციის მიერ გამოცემული ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

2023 წლის პირველი მაისიდან შემაკავებელი ორდერი და რისკების შეფასების ინსტრუმენტი განახლებული ფორმით ამოქმედდა.

ცვლილებების პროცესს წინ უძღოდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია – Global Rights for Women-ის ექსპერტების მიერ  ძალადობის განმეორების რისკების შეფასების მექანიზმის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეფასება, ასევე, სამუშაო შეხვედრები, როგორც საპოლიციო დანაყოფების, ისე, არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან.

ზემოხსენებულ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებებით, ძალადობის განმეორების რისკების შეფასების პროცესი მეტად ორიენტირებული გახდა მსხვერპლზე. განახლებული სტრუქტურირებული კითხვარი პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, მიიღოს ეფექტიანი ზომები მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად.

ასევე, განახლებული ინსტრუმენტით, შეიცვალა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი, რაც მეტ მსხვერპლს აძლევს საშუალებას, გამოიყენოს ძალადობის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი,“ – მოგვწერა ანა ფაჩუაშვილმა.

რაც შეხება სტატისტიკას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შსს დანაშაულების ერთიან სტატისტიკაზე მიგვითითა სსკ-ის 381-ე პრიმა მუხლზე.

ეს მუხლი ეხება შემაკავებელ, ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არასრულწლოვნების განცალკევების შესახებ სოცმუშაკების გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა. შესაბამისად, ამ მუხლით ვერ დგინდება, რამდენ შემთხვევაში დაარღვიეს ადამიანებმა კანონი ელექტრონული სამაჯურის ტარების დროს.

381-ე პრიმა მუხლის სტატისტიკის მიხედვით კი, 2023 წლის პირველი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, შემაკავებელი ორდერების დარღვევის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 %-ით არის გაზრდილი. თუ 2022 წელს – [იანვარი-სექტემბერი] ჯამში 382 შემთხვევა დაფიქსირდა 381-ე პრიმა მუხლის მიხედვით, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 431-მდე გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ფაქტობრივად არ უპასუხა „ბათუმელების“ შეკითხვას შემთხვევაზე, როცა კანონის მიხედვით, პოლიციელს უწევს გადაწყვეტილების მიღება, გაუკეთოს თუ არა ელექტრონული სამაჯური მოძალადეს. რისკის შეფასების კითხვარის მიხედვით, როცა ქულათა ჯამური მაჩვენებელი არის 10-დან 15-მდე, ამ დროს გადაწყვეტილება პოლიციელმა უნდა მიიღოს.

„ამ ეტაპზე, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით მოძალადის მიმართ შესაძლოა დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 10-დან 15 ქულამდე და სახეზეა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.

და ასევე, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება სავალდებულოა, თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 15 ან მეტი და სახეზეა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების თაობაზე მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა,“ – გვიპასუხა ანა ფაჩუაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე 2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სულ გაცემულია 573 შემაკავებელი ორდერი 1059 პირის მიმართ [აჭარაში 76 შემაკავებელი ორდერი 145 პირის მიმართ]. 

რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, 2023 წლის პირველი იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში პოლიციელებმა სულ 6510 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს 11 572 პირის მიმართ. 

ელექტრონული სამაჯური შემაკავებელი ორდერის თანმდევი ღონისძიებაა. პოლიციელს შეუძლია ქალთა მიმართ ძალადობის, ან ოჯახში ძალადობის დროს ორდერის გამოცემასთან ერთად მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დააწესოს, თუმცა უნდა დასტურდებოდეს ძალადობის განმეორების რისკი.

როგორ ამოწმებს შსს შემაკავებელი ორდერების ეფექტურობას ელექტრონული სამაჯურის გარეშე? – „ბათუმელები“ წერდა რამდენიმე განაჩენის შესახებ, სადაც ჩანს, რომ ორდერის გამოცემის დღესვე მოძალადე მსხვერპლთან მივიდა.

  • რა მექანიზმით აფასებს შსს შემაკავებელი ორდერების ეფექტურობას? როგორია სტატისტიკური მონაცემები ამ კუთხით 2023 წელს?

„ის, რომ წლების მანძილზე მომართვიანობა ინარჩუნებს მაღალ ნიშნულს, ეს მიუთითებს იმას, რომ მოქალაქეებს აქვთ ნდობა შსს-ს ამ კონკრეტული მექანიზმისადმი. წელიწადში ათასობით ორდერი გამოიცემა. ორდერებს გამოვცემთ როგორც ოჯახში ძალადობის, ისე, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე,“ – გვიპასუხა ანა ფაჩუაშვილმა.

შსს-ში პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა რეპერის და მსახიობის, კახა აბუაშვილის [კაბუ] შესახებ, რადგან კაბუ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, გამოსცა შსს-მ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი და გაუკეთა მას ელექტრონული სამაჯური?

ვინ უნდა დაეხმაროს უსახლკარო ოჯახებს, რა გამოცდილება აქვთ ევროპაში – ინტერვიუ

„არსებობს იპოთეკური სესხების შეღავათის პროგრამები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დავალიანება აქვთ და არსებობს რისკი, საცხოვრებელი დაკარგონ. მნიშვნელოვანია პრევენცია, რომ ადამიანი უსახლკარო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს,“ – დასავლეთის პრაქტიკას გვიზიარებს მარიამ ჯანიაშვილი, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტია და იმაზე გვესაუბრება, თუ როგორ აგვარებენ უსახლკარობის პრობლემას ევროპის ქვეყნები.

უსახლკარო ადამიანები, მაგალითად, ბათუმში დღემდე ყოველ ხუთშაბათს იკრიბებიან ბათუმის მერიასთან და ითხოვენ მათთვის სპეციალური პროგრამის შექმნას. ისინი სოციალურად დაუცველები არიან, ქირით ცხოვრობენ წლობით და მათთვის არცერთი მუნიციპალური, ან სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს.

„ბათუმელები“ მარიამ ჯანიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო მარიამ, როგორ აგვარებენ ევროპის ქვეყნებში უსახლკარობის პრობლემას, რა მოდელები არსებობს? 

პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი პოლიტიკა და სტანდარტები – ჩარჩო, რომელიც ეხმარება სახელმწიფოს, გადადგას ნაბიჯები მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. საქართველოსთვის უსახლკარობა არის ძალიან სერიოზული პრობლემა, თუმცა არანაირი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, პოლიტიკა არ არსებობს.

მნიშვნელოვანია ამ კუთხით ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს განმარტებები, ასევე გაეროს საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რაც განსაზღვრავს ადეკვატურობის სტანდარტს: როგორ უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო ამ მიმართულებით. ესაა ძირითადად სტანდარტები, რომელიც ეხება ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ხელმისაწვდომობა ხანდაზმული ადამიანებისთვის, შშმ პირებისთვის, საცხოვრისის ადგილმდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, საცხოვრისი არ უნდა იყოს გადატვირთული და ასე შემდეგ.

რაც შეეხება მოდელებს, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი მოდელი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე. ეს ეფუძნება, როგორც წესი, კვლევებს, უსახლკარობის მასშტაბს და მის გამომწვევ მიზეზებს. შესაძლოა, ერთმა მოდელმა ერთ ქვეყანაში იმუშაოს ძალიან კარგად, მაგრამ სხვაგან – არა, რადგან კონტექსტი განსხვავებულია.

უმთავრესი მიდგომა, რაც იკვეთება ევროპის ქვეყნების მოდელებში, არის ის, რომ საცხოვრისს გადასცემენ ადამიანს არა საკუთრებაში, არამედ გრძელვადიანი პერიოდით ხდება მისი უზრუნველყოფა. პრინციპი არის ის, რომ ადამიანს, ვისაც უსახლკარობის პრობლემა აქვს, მოუხსნან პრობლემა გრძელვადიანად და მიაწოდონ შესაბამისის სერვისები, გაძლიერდეს და შემდეგ დატოვოს საცხოვრისი. ზოგიერთი ოჯახი წლობით ასე ცხოვრობს და შემდეგ ტოვებს საცხოვრისს.

რეალურად, ყველაზე წარმატებით, სკანდინავიის ქვეყნებმა შეძლეს უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლა და უსახლკარობის მასშტაბის მნიშვნელოვნად შემცირება. ეს არის ადამიანებისთვის გრძელვადიანი სერვისის მიწოდება. ადამიანს არ უნდა ჰქონდეს გამოსახლების შიში, სტაბილურად უნდა გრძნობდეს თავს.

მარიამ ჯანიაშვილი
  • რამდენად აქვთ ამ ქვენებს გამოსახლების პრობლემა, როცა ოჯახი წლობით ცხოვრობს საცხოვრისში? 

უმთავრესია, რომ დემონიზება არ მოხდეს ამ ადამიანების. სკანდინავიის ქვეყნებში, მაგალითად, ფინეთში, გამოსახლების შემთხვევები არც აქვთ. ამ ქვეყნების დიდ ნაწილში კანონმდებლობაც კი კრძალავს გამოსახლებას სოციალური საცხოვრისიდან.

გრძელვადიანად ხარ უზრუნველყოფილი საცხოვრისით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში მხოლოდ გარკვეული პერიოდით შეიძლება გაგიფორმონ ხელშეკრულება ქირით უზრუნველყოფაზე, მაგრამ იმის შემდეგ რა იქნება, არ იცი.

  • ეს საცხოვრისები არის სხვადასხვა საცხოვრებელ კორპუსში, თუ ერთადაა? 

შერეულია პრაქტიკა. არის შემთხვევები, როცა ერთი ინიციატივის ქვეშ არის აშენებული საცხოვრებელი, მაგალითად, ფინეთში და ერთ შენობაში შეიძლება ყველა სოციალური საცხოვრისი იყოს, თუმცა პრაქტიკაში ხშირად გვხდება დათქმა: რამდენ პროცენტს არ უნდა გადააჭარბოს საცხოვრისის რაოდენობამ ერთ კორპუსში. ცხადია, როდესაც ცალკე ხარ, იზრდება იმის რისკი, რომ ინტეგრირებული ნაკლებად ხარ. მიიჩნევა, რომ ჩვეულებრივ კორპუსში მეტი საშუალებაა, დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა მოახერხო.

როგორც წესი, ამ პროცესში ჩართულია აქტიურად არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით ახორციელებენ ამ სერვისს.

  • რა სერვისებს აწვდიან ადამიანებს, რომლებიც გრძელვადიანი საცხოვრისის პროგრამით სარგებლობენ? 

ეს არის სრულად დამოკიდებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე. შეიძლება ეს იყოს კვების სერვისი, შინმოვლა, თუ ამის საჭიროება აქვს ადამიანს, ფიზიკური ჯანმრთელობის სერვისი, ან ფსიქოლოგი.

როცა ადამიანი არის სხვადასხვა ნივთიერების მომხმარებელი, ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ჩვენთან ამ ადამიანებს ვერანაირ დამატებით სერვისს ვერ სთავაზობენ. იქ კი, სხვადასხვა პროგრამაა.

არსებობს ასევე იპოთეკური სესხების შეღავათის პროგრამები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დავალიანება აქვთ და არსებობს რისკი, საცხოვრებელი დაკარგონ. ამ დროს შესაძლოა მოხდეს სუბსიდია. სუბსიდია არის შესაძლებელი საცხოვრებლის შემძენი პირებისთვისაც. გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც ეს მექანიზმი მუშაობს.

მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები, რომ ადამიანი უსახლკარო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ფინანსურად ეს გაცილებით უფრო გამართლებულია, ვიდრე ადამიანების უსახლკარობის პრობლემიდან გამოყვანა, რომელიც, ცხადია, უფრო ძვირი ჯდება.

  • თუმცა ამას სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი…   

თბილისის მერიიდანაც მილიონობით ლარი იხარჯება მხოლოდ ქირით უზრუნველყოფაზე. როცა სრულდება ეს პროგრამა, ადამიანები ისევ იგივე პრობლემების წინაშე რჩებიან, მათი გაძლიერება არ ხდება.

ცხადია, უსახლკარობის პრობლემის მოგვარება უკავშირდება მნიშვნელოვანი ფინანსების მობილიზებას, ასევე ადამიანურ, ექსპერტულ რესურსს, რომ ეს ადამიანები რეალურად და გრძელვადიანად გაძლიერდნენ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, მხოლოდ „ცეცხლის ჩაქრობის“ მიდგომა არსებობს, პრობლემის მოკლევადიანი მოგვარება.

საერთო პოლიტიკის არსებობა და გრძელვადიან მიზნებზე გადართვა, ჩემი აზრით, უსახლკარობის მასშტაბს შეამცირებს.

  • საქართველოს შემთხვევაში რა გათვლით ურჩევნია ხელისუფლებას ბინების კონკრეტული ოჯახებისთვის საკუთრებაში გადაცემა? 

ამ კუთხით საქართველო არ არის გამონაკლისი, ეს პრაქტიკა არსებობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ასე ხდება. მნიშვნელოვანია, რამდენად შეესაბამება ეს უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს. გაეროს კომიტეტი, რომელიც მუშაობს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ უფლებებზე, ძალიან ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ  სათანადო საცხოვრებლის უზრუნველყოფიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულება არ გულისხმობს საცხოვრისების საკუთრებაში გადაცემას. მთავარი არის ის, რომ საცხოვრისის უფლების რეალიზების შესაძლებლობა არსებობდეს.

იმ ადამიანებს, რომლებსაც გადასცეს ბინა საკუთრებაში, ხშირად აქვთ იგივე პრობლემები, რაც მანამდე ჰქონდათ: შესაძლოა, ვერ იხდიდნენ ელექტროენერგიის გადასახადს, არ ჰქონდეთ გათბობა… საკუთრებაში ბინის გადაცემა არის ერთგვარად თვალის დახუჭვა, რომ აი, მოგეცი ბინა და შენ სახელმწიფოს პრობლემა აღარ ხარ. სინამდვილეში კი, ეს პრობლემის არდანახვაა. ბინის გადაცემით არსად ქრება ის პრობლემები, რაც უსახლკარო ადამიანებს აქვთ. დასავლური პრაქტიკა ამას გვაჩვენებს, რომ უსახლკარობის პრობლემა მხოლოდ საცხოვრისით არ გვარდება, თუ იქ არ იმუშავებს სოციალური დაცვის მექანიზმები.

საქართველოს შემთხვევაში, არ ჩანს პოლიტიკური ნებაც კი, რომ ნაბიჯები ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადაიდგას. ჩვენი რეკომენდაციები ყოველწლიურად ერთი და იგივე გამოდის, რომ სულ მცირე უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩარჩო, რომელიც გვჭირდება და ასე შემდეგ.

  • კვლევაში ასევე მიუთითებთ, რომ სტატისტიკაც კი არ გვაქვს და არ ვიცით, რამდენი უსახლკაროა ქვეყანაში 

ნამდვილად ასეა. ისიც კი არ იცის სახელმწიფომ, რამდენი უსახლკარო ადამიანი გვყავს. ცალკეულ მუნიციპალიტეტებს  აქვთ უსახლკარობის რეგისტრაციის წესი, თუმცა მხოლოდ საკუთარი შეხედულებით განსაზღვრავს, ვინ უნდა ჩაითვალოს უსახლკაროდ. ერთიანი სტანდარტი ამ კუთხით არ არსებობს.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, უსახლკაროდ მიიჩნევა „მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო,“ თუმცა ეს ჩანაწერი ძალიან ბუნდოვანია. მაგალითად, საერთაშორისო დონეზე უსახლკაროდ მიიჩნევა ისეთი ადამიანიც, რომელიც კარავში, ან არასაცხოვრისი დანიშნულების მქონე ობიექტში ცხოვრობს.

  • რამდენად ეფექტურია, თქვენი აზრით, ის პროგრამები, რაც ცალკეულ მუნიციპალიტეტებს აქვთ? მაგალითად, ბათუმის მერიას ჰქონდა „იაფი სახლის“ პროგრამა, თუმცა 2024 წლის ბიუჯეტში მსგავსი პროგრამა აღარ არის. 

მონიტორინგი ამ პროგრამაზე არ გვქონდა, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროგრამა შეიძლება  პოტენციურად იყოს საინტერესო მოდელი ფინანსურად.

მთავარი  პრობლემა არის ის, რომ მხოლოდ საცხოვრისი გადაცემით, როგორც აღვნიშნე, უსახლკარობის პრობლემა არ გვარდება და მეორე: როცა ეროვნულ დონეზე არ არსებობს საკანონმდებლო სტანდარტები და სამოქმედო გეგმა, ეს მუნიციპალიტეტებს აძლევს თვითნებური პოლიტიკის ჩამოყალიბების საშუალებას. ძირითადად, ყოველგვარი კვლევების და საჭიროებების ანალიზის გარეშე, ადგენენ პროგრამებს და არეგისტრირებენ უსახლკარო ადამიანებს. 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-მდე  მუნიციპალიტეტში მოქმედებს უსახლკაროთა რეგისტრაციის წესი და კრიტერიუმები, რაც გაწერილი აქვთ ამ მუნიციპალიტეტებს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის. ეს კრიტერიუმები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, გასაჩივრებულია კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოში.

  • უსახლკარო ადამიანები ბათუმში წელიწადზე მეტია ხუთშაბათობით მუდმივად იკრიბებიან ბათუმის მერიასთან და ითხოვენ საცხოვრისს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან და ქირით ცხოვრობენ. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არ არსებობს არანაირი სახელმწიფო, ან მუნიციპალური პროგრამა. თქვენი აზრით, რა უნდა შესთავაზოს მათ ბათუმის მერიამ? 

პირველ რიგში, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებების ანალიზზე დაყრდნობით შესაბამისი სერვისების ჩამოყალიბება. შესაძლებელია, სოციალური საცხოვრისი სერვისის განვითარება, თუმცა ეს უნდა იყოს გრძელვადიანი და რაც მთავარია, ადამიანებს უნდა ჰქონდეს წვდომა იმ სერვისებზე, რაც რეალურად მათ გააძლიერებს.

მთავარი ფოტო: უსახლკარო ადამიანების საპროტესტო მსვლელობა ბათუმში, 2023 წლის 16 ნოემბერს. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამ თემაზე:

„აზვირთებული, უსახლკარო და მშიერი ხალხი წაგლეკავთ“ – აქცია ბათუმში

მამა არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა – მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატურად აუპატიურებდა მას.

ასევე, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე და დაზარალებულს მის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეცვლას აიძულებდა“ – წერს პროკურატურა.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137 – ე მუხლის მე- 3 ნაწილის ,,ე“ და მე- 4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ), 11 პრიმა 141-ე მუხლი (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ოჯახის წევრის მიმართ), 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დაზარალებულის იძულება ცრუ ჩვენების მიცემისთვის და ჩვენების შეცვლისათვის) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ოკუპირებულ ლუგანსკში ყოფილი დეპუტატი მანქანაში ააფეთქეს – მედია

უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში ე.წ. სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს ყოფილი დეპუტატი ოლეგ პოპოვი გარდაიცვალა მანქანის აფეთქების შედეგად.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

მედიის ცნობით, აფეთქება ლუგანსკის სტადიონთან მოხდა დღეს, 6 დეკემბერს.

ოფიციალურ კიევს აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

_____________

ფოტო: 24tv.ua

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს მანქანა დაეჯახა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე, მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ავარიის შედეგად სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, 6 დეკემბერს მოხდა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მონაცემებით, ავტობუსი გაჩერებული იყო, როცა მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, „სამი დაშავებული სხვადასხვა ტრავმით გადანაწილებულია რესპუბლიკურსა და რეფერალურ საავადმყოფოებში“.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

 

რომელ ქვეყნებში სწავლობენ ყველაზე კარგად მათემატიკას – PISA-ს კვლევის შედეგები

ვინ დაიკავა მოწინავე პოზიციები მოსწავლეთა შეფასების სისტემის [PISA] 2022 წლის კვლევაში? პირველ პოზიციებს აზიის განვითარებული ქვეყნები იკავებენ, თუმცა ათეულში პოსტსაბჭოთა ესტონეთიც მოხვდა.

მათემატიკა – ამ საგანში ქვეყანათა საშუალო ქულამ 472 შეადგინა, – TOP-10 ქვეყნის სია კი ასე გამოიყურება:

  1. სინგაპური – 575
  2. მაკაო [ავტონომიური ერთეული ჩინეთში] – 552
  3. ტაიპეი [ტაივანის დედაქალაქი] – 547
  4. ჰონგ-კონგი [ავტონომიური ერთეული ჩინეთში] – 540
  5. იაპონია – 536
  6. კორეა – 527
  7. ესტონეთი – 510
  8. შვეიცარია – 508
  9. კანადა – 497
  10. ნიდერლანდები – 493.

წაკითხულის გააზრება – აქ ქვეყნების საერთო საშუალო ქულაა 476. ჩამონათვალია ასეთია:

  1. სინგაპური – 543
  2. იაპონია – 516
  3. ირლანდია – 516
  4. კორეა – 515
  5. ტაიპეი [ტაივანის დედაქალაქი] – 515
  6. ესტონეთი – 511
  7. მაკაო [ავტონომიური ერთეული ჩინეთში] – 510
  8. კანადა – 507
  9. ახალი ზელანდია – 501
  10. ჰონგ-კონგი [ავტონომიური ერთეული ჩინეთში] – 500

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები –  საერთო საშუალო ქულა – 485, მონაცემები კი ასეთია:

  1. სინგაპური – 561
  2. იაპონია – 547
  3. მაკაო [ავტონომიური ერთეული ჩინეთში] – 543
  4. ტაიპეი [ტაივანის დედაქალაქი] – 537
  5. კორეა – 528
  6. ესტონეთი – 526
  7. ჰონგ-კონგი [ავტონომიური ერთეული ჩინეთში] – 520
  8. კანადა – 515
  9. ფინეთი – 511
  10. ავსტრალია – 507

როგორი იყო ამავე კვლევაში საქართველოს შედეგები? იხილეთ:

PISA [მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა] ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ 15 წლის მოსწავლეები და ტესტს აბარებენ სამ კატეგორიაში –წაკითხულის გააზრება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

PISA-ს 2022 წლის კვლევაში 81-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

___________

ფოტო: pixels

ხოფაში შტორმის დროს ნაპირზე გამორიყული გემის გადარჩენას ცდილობენ

საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ხოფაში შტორმის დროს ნაპირზე გამორიყული სატვირთო გემის სარემონტო სამუშაოების დასაწყებად კვლევა მიმდინარეობს.

როგორც თურქული მედია წერს, გემის გადარჩენას სტამბოლიდან ჩასული სპეციალისტები ცდილობენ.

სანაპირო, სადაც გემია გამორიყული, სავსეა ცნობისმოყვარეებით. მოქალაქეები საზღვრისპირა ქალაქებიდანაც კი მიდიან გემის სანახავად.

მშრალი სატვირთო გემი FR Pearl-ი 27 ნოემბერს ბათუმის პორტიდან თურქეთში ცარიელი ბრუნდებოდა, რა დროსაც ის შტორმმა ხოფის სანაპიროზე გამორიყა.

გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იყო, 6 თურქი, 5 აზერბაიჯანელი და 2 ინდონეზიელი. თურქეთის სამაშველო სამსახურმა ყველა მათგანის გადარჩენა შეძლო.

ამჟამად სტამბოლიდან ჩამოსული სპეციალისტები ცდილობენ გემის ზიანი შეაფასონ და სარემონტო სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა დაადგინონ.

როგორც თურქული მედია წერს, გემის ფსკერს მყვინთავები იკვლევენ. პირველ ეტაპზე განიხილება გემის დაზიანებული ნაწილების შეკეთება და ბუქსირით უსაფრთხო ზონაში გაყვანა, ხოლო თუ ამ სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი იქნება, მაშინ გემის დემონტაჟი ხოფაში, ნაპირზე მოხდება.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სამაშველო ოპერაციას დიდი დრო დასჭირდება.

„ავდიივკაში დაჭრილებსაც გზავნიან შეტევაზე“ – რუსი ჯარისკაცების ახლობლები პუტინს მიმართავენ

რუსეთში მობილიზებული ჯარისკაცების ახლობლები ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართავენ და ჩივიან, რომ ავდიივკაში ახალ წლამდე ან პუტინის ყოველწლიურ პრესკონფერენციამდე შედეგის მისაღწევად ბრძოლაში მონაწილეობას დაჭრილ ჯარისკაცებსაც კი აიძულებენ.

ეს განცხადება № 95411 საჯარისო ნაწილის ჯარისკაცების ახლობლებს ეკუთვნით. ისინი საუბრობენ „[ჯარისკაცთა] განზრახ გაჟლეტის ნიშნებზე“ და პუტინს მოუწოდებენ, ვითარებაში გამოერკვეს – წერს „დოიჩე ველე“.

პუტინისთვის გაგზავნილ წერილს ასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ მობილიზებულები უკვე ათ თვეზე მეტია ფრონტის წინა ხაზზე არიან და მუდმივად დაბომბვის პირობებში ცხოვრობენ. მათი თქმით, ხელმძღვანელთა ბრძანებით, საშუალო სიმძიმით დაჭრილ რუს ჯარისკაცებსაც კი მოიერიშე რაზმებში გზავნიან.

„ჩქარობენ [ავდიივკის აღებას], ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენციისთვის ან ახალი წლისთვის. რამე შედეგია საჭიროა. ყველა ამბობს, ავიღებთ ავდიივკას და მერე მოლაპარაკებები იქნებაო. ქმარი მეუბნება, რომ იქ გვამებზე დადიან, სულ გვამებითაა იქაურობა სავსე“, – ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი სამხედროს მეუღლეს.

ავდიივკა აღმოსავლეთ, დონბასის ფრონტზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პუნქტია. მას ამჟამად უკრაინა იკავებს, თუმცა რუსეთი აქტიურად ცდილობს ამ ქალაქზე კონტროლის დამყარებას.

ამასთან ერთად, ეს მობილიზებულთა უკმაყოფილო ნათესავების პუტინისდამი პირველი მიმართვა არაა.

 

უკანონო თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა – ცვლილება კანონში

2023 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში გამკაცრდა სანქციები უკანონო თევზჭერაზე.

ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება.

აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, აქამდე აღნიშნული უკანონო საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ ქვირითობის პერიოდში – პირველი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ან იმ შემთხვევაში, თუ პირს დიდი ოდენობით თევზი ჰქონდა მოპოვებული.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვლ-ჭყაპი, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, 8-9 დეკემბერს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 335 110 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
  • ტანკი – 5 600 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 10 456 ერთეული [+40]
  • საარტილერიო სისტემა – 8 024 ერთეული [+37]
  • MLRS – 919 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 083 ერთეული [+51]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 570 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 532 ერთეული [+49]
  • სპეცტექნიკა – 1 153 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 549 თვითმფრინავი
  • 257 ვერტმფრენი
  • 9 541 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 13 840 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 253 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 15 986 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინის მინისტრი: რუსების თავდაცვის ორი ხაზი გადავლახეთ, დარჩენილია მესამე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდაცვა ყირიმზე უკრაინული დრონების მასიურ თავდასხმაზე იუწყება

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 
Exit mobile version