მთავარი,სიახლეები

საჯარო უწყებებში ხელფასები იზრდება? – როგორია აჭარის ბიუჯეტის პროექტი საარჩევნო წელს

06.11.2023 •
საჯარო უწყებებში ხელფასები იზრდება? – როგორია აჭარის ბიუჯეტის პროექტი საარჩევნო წელს

მომავალი, საარჩევნო წლის ბიუჯეტის წარდგენამდე ხუთი დღით ადრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 700 მილიონ ლარს გადააჭარბებდა: „მალე მილიარდსაც მივუახლოვდებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კანონით განსაზღვრულ ვადაში, პირველ ნოემბერს, აჭარის მთავრობამ აჭარის უმაღლეს საბჭოს რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი ვარიანტი წარუდგინა განსახილველად.

უმაღლესი საბჭო ბიუჯეტს განიხილავს და შენიშვნებით დაუბრუნებს მთავრობას. უმაღლესი საბჭო მეორე ვარიანტს დაამტკიცებს.

წარდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 700 მილიონი ლარი იქნება. იზრდება თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის დაფინანსება, მათ შორის თანხები გაზრდილია შრომის ანაზღაურების გრაფაშიც.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 634 100 ლარია, მათ შორის 541 100 ლარი შემოსავლებია.

  • უსკოს დაფინანსება სამმაგდება

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] დაფინანსება მომავალ წელს გასამმაგდება და 4 მილიონ 097 100 ლარი იქნება. გასულ, არასაარჩევნო წელს, დაფინანსება 1 მილიონ 606 000 ლარი იყო. გაზრდილი თანხის ძირითადი ნაწილი შრომის ანაზღაურებაზე მოდის. მიმდინარე წელს ხელფასების გრაფაში 928 500 ლარი იყო მითითებული, მომავალი წლის ბიუჯეტში ეს თანხა 3 მილიონამდე გაიზარდა.

მილიონ-ნახევარზე მეტი საარჩევნო სისტემების გაუმჯობესებას, 2 მილიონ-ნახევარზე მეტი კი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფას უნდა მოხმარდეს.

საარჩევნო წელს უსკოში და მასზე დაქვემდებარებულ საოლქო კომისიებში გაორმაგებულ ხელფასებს იღებენ, ეს კანონის მოთხოვნაა.

  • მთავრობისა და დაქვემდებარებული უწყებების დაფინანსება – იზრდება ხელფასები? 

მომავალი წლის ბიუჯეტში განათლების სფეროს დაფინანსება 15 მილიონით იზრდება. მიმდინარე წელს სამინისტროს ბიუჯეტი 117 მილიონი იყო, მომავალ წელს კი 132 მილიონი იქნება.

შრომის ანაზღაურების ნაწილში დაფიქსირებულ თანხას 3 მილიონი ემატება. მიმდინარე წელს აჭარის განათლების სამინისტროს შრომის ანაზღაურების ნაწილში 27 მილიონ-ნახევარი იყო გათვალისწინებული, მომავალ წელს 30 მილიონ 400 ათასი იქნება. 

4 მილიონი ლარით იზრდება აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების დაფინანსება.

მცირე თანხები დაუმატეს რესურსცენტრებს. მაგალითად, ბათუმის რესურსცენტრის დაფინანსება მიმდინარე წელს 240 000 იყო , მომავალ წელს კი 257 000 ლარი იქნება.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტი 4 მილიონით გაზარდეს.

მკვეთრად იზრდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებაც. მიმდინარე წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტი 2 მილიონ 119 000 იყო, მომავალ წელს 6 მილიონ 365 000 ლარი იქნება. აქედან მილიონი არაფინანსური აქტივების ნაწილშია მითითებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა მშენებლობისთვის არის გათვალისწინებული.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] ლეონიძის ქუჩაზე, სადაც საუნივერსიტეტო კლინიკის აშენებას გეგმავდა, სამედიცინო მიმართულების სასწავლო კორპუსს ააშენებს.

40 000 ლარი დააკლეს საზღვაო აკადემიის დაფინანსებას.

400 ათასი ლარით იზრდება და მომავალ წელს 814 000 ლარი იქნება საპანსიონო მომსახურების მქონე და გაძლიერებული ფიზიკა-მათემატიკის სწავლების ხელშეწყობა. 400 000 ლარით იზრდება სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის დაფინანსებაც.

პროექტის მიხედვით, უშუალოდ სახელოვნებო სკოლებს მცირე მეტ-ნაკლებობით დაახლოებით 200/200 ათასი ლარი ემატებათ მომავალი წლის დაფინანსების სახით.

ხუთი მილიონით გაიზრდება კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის დაფინანსება. 

2 მილიონი დაემატება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და მისი უწყებების დაფინანსება გასულ წელს 136 მილიონ 448 200 ლარი იყო, 2024 წელს კი 3 მილიონით მეტი, 139 მილიონ 763 900 ლარი იქნება. შრომის ანაზღაურების ნაწილში დაფიქსირებული თანხა 8 მილიონ 629 400-დან 9 მილიონ 474 100 ლარამდე იზრდება.

500 000-ზე მეტი ლარი ემატება აჭარის ტერიტორიაზე მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარების პროგრამას. მილიონ-ნახევარზე მეტით გაიზრდება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება.

იგივე რჩება და ისევ 17 მილიონი ლარი იქნება სოციალურად დაუცველი და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამა.

ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 2 მილიონ 300 000 ლარით გაიზრდება და 19 მილიონ 918 000 ლარი იქნება. 3 მილიონი ლარით იზრდება ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამა, გასულ წელს 10 მილიონ 978 000 ლარი იყო, მომავალ წელს 13 მილიონ 245 000 იქნება.

2 მილიონით იზრდება და 66 მილიონ 210 000 ლარი იქნება აჭარის გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი. ამ შემთხვევაში შრომის ანაზღაურების ნაწილი მიმდინარე წლის დაფინანსებასთან შედარებით 200 000 ლარით გაზრდილია.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მიმდინარე წლის სამი კვარტალის ანგარიშის მიხედვით დეპარტამენტმა პროგრამები ეფექტურად ვერ განახორციელა. სამინისტრო ანგარიშში წერს:

„ქვეპროგრამის – გზების რეაბილიტაცია საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული გეგმა შეადგენს 24 184,0 ათას ლარს, შესრულება – 9 966,5 ათას ლარს“.

სამინისტროს განმარტებით:

„საანგარიშო პერიოდში სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიების მიერ სამუშაოები მიმდინარეობდა ვადების დარღვევით, შესაბამისად კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოწოდებულ იქნა კონტრაქტორი კომპანიის მიერ დაგვიანებით, რამაც შეაფერხა სატენდერო პროცედურების განხორციელება და შესაბამისად შეფერხდა სამუშაოების მიმდინარეობაც. ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დაგვიანებით იქნა წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ტექნიკური ანგარიშები“.

  • ჯანდაცვა

11 მილიონით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და შესაბამისი პროგრამების დაფინანსება. მიმდინარე წლის ბიუჯეტი 40 მილიონ-ნახევარი იყო, მომავალ წელს 51 მილიონ 225 000 ლარი იქნება. 600 000 ლარით იზრდება საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. 2 მილიონზე მეტი ლარი ემატება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დაფინანსების პროგრამას, გულის ქირურგიას კი მილიონი ლარი დაამატეს. უშვილობის დიაგნოსტიკის დაფინანსება 800 000 ლარი იქნება.

მკვეთრი ზრდაა პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობის პროგრამაში, მიმდინარე წლის დაფინანსება 429 600 ლარი იყო, მომავალ წელს მილიონ 235 600 ლარი იქნება.

სოფლის სამედიცინო პერსონალის დაფინანსება 429 ათასი ლარიდან 843 000 ლარამდე იზრდება. მკვეთრი ზრდაა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაშიც. პროგრამის ბიუჯეტი 810 000-დან 1 მილიონ 440 000-მდე იზრდება.

შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო ზრდაა 2008 წლის რუსული აგრესიისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული და დაზიანების შედეგად შშმ სტატუსის მქონე მეომართა დახმარების პროგრამაში. დაფინანსება 139 000 ლარიდან 515 000 ლარამდე იზრდება.

შემცირდა შშმ სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა, ასევე სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა. არ იზრდება შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა.

გარდა ამისა, 200 ათასამდე ლარით თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი იზრდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ მილიონ-ნახევარი ლარით გაიზარდა. აქედან 600 ათასზე მეტი ლარი შრომის ანაზღაურების გრაფაშია ასახული. სამინისტროში შემავალი უწყების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ბიუჯეტი თითქმის 2 მილიონი ლარით შეამცირეს. განულებულია სანაპირო ზოლის ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგის დაფინანსება. გასულ წელს ამ მიმართულებისთვის 53 000 ლარი დახარჯეს.

სამი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საანგარიშო პერიოდში 85 ათასი ლარი უნდა აეთვისებინა, თუმცა საკასო ხარჯი 43 ათასს შეადგენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: