მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის მიერ გაცემული ნებართვა, რამაც მეზობლები დააპირისპირა

07.12.2023 • 1784
ბათუმის მერიის მიერ გაცემული ნებართვა, რამაც მეზობლები დააპირისპირა

აბუსერიძის #38-ში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს და მეზობელს უჩივის. აქ ამბობენ, რომ მეზობელმა სახლის სარდაფები შეისყიდა და რესტორნის მოსაწყობად რეკონსტრუქციის სამუშაოებს აწარმოებს: რამდენიმე ადგილზე გამოჭრა ფასადის კედელი და ღიობი მოაწყო. ისინი ასევე ეჭვობენ, რომ ამ სამუშაოების დროს საყრდენი კედელი დააზიანეს.

აბუსერიძის #38

აბუსერიძის #38

მეზობელი, ავთანდილ ბოლქვაძე, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყველაფერს მერიასთან შეთანხმებული დოკუმენტების შესაბამისად აკეთებს და უკანონო სამშენებლო სამუშაოების წარმოებაში თავადაც ადანაშაულებს მეზობლებს. კვების ობიექტი კი, რომელსაც სარდაფში აწყობენ, არა თავად ავთანდილ ბოლქვაძეს, არამედ მის მეუღლეს, გულიკო აბულაძეს ეკუთვნის. ის მცირე მეწარმეა. ამ მისამართზე რესტორანი და თონე გასულ წლებშიც ფუნქციონირებდა, თუმცა ახლა მესაკუთრემ გაფართოების სამუშაოები დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციამ კვების ობიექტი დალუქა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქალაქში მიშენება-მოშენების დამკვიდრებული პრაქტიკის გამო მეზობლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს პრაქტიკა ბათუმში, არაერთ ეზოში გრძელვადიანი დაპირისპირების მიზეზად იქცა. მერია ამ პრაქტიკის დანერგვას ხელს უწყობდა, ახლა კი იძულებულია ამ საქმეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყოს და ზოგჯერ ზეპირი მოსმენებიც ჩაატაროს. ხშირად საქმეში პოლიციის ჩარევის აუცილებლობაც დგება. 

ასეთი დავების დროს ერთი შეხედვით ყველა მართალია: მაგალითად, ის, ვინც საკუთარ ორსართულიან სახლთან აშენებული მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ პარკინგის ადგილებს საბურავების დალაგებით და ასე მონიშვნით ფიზიკურად იცავს და ამ მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებლებიც, რომელთაც ეგონათ, რომ იყიდეს ბინა, სადაც პარკინგის ადგილიც არის.

აბუსერიძის #38-ში სამეზობლო დაპირისპირება უკვე 8 თვე გრძელდება. მუნიციპალური ინსპექცია ადგილზე რამდენჯერმე გამოიძახეს, რაც ვითარების განსამუხტად საკმარისი არ აღმოჩნდა.

აბუსერიძის #38

„თითქმის ყოველ ღამე ეზოში პოლიცია მოდის. ვურეკავთ მუნიციპალურ ინსპექციასაც, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის, სამუშაოებს აგრძელებენ. გვაძლევენ პირობას, რომ შეჩერდება, მაგრამ გვაქვს ფოტო და ვიდეომასალები, რომ ღამითაც მუშაობენ. გვეუბნება, რომ ყველაფერს კანონის შესაბამისად აკეთებს და უსაფრთხოა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შესვლის საშუალება, რომ ვნახოთ, რა კეთდება. როგორც ვიცით, საყრდენი კედელიც გამოტეხილია და სწორედ ამიტომ ვნერვიულობთ. გავიგეთ, რომ რამდენიმე დოკუმენტზე გარდაცვლილი მეზობლის ხელმოწერაა“, – ამბობს ნინო მარგალიტაძე.

აბუსერიძის #38-ში მცხოვრებლებმა გვაჩვენეს ვიდეომასალები, სადაც ჩანს მეზობლებს შორის როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირება. 

„ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ სახლს საფრთხე არ შეექმნას და არ მოხდეს ის, რაც მოხდა 26 მაისის ქუჩაზე: უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ, განადგურდა ოჯახები. ეს არის ჩვენი პრეტენზია, თორემ სხვა არანაირი პირადი ინტერესი არ გვაქვს, რესტორანს გააკეთებს თუ სხვა რამეს, მთავარია უსაფრთხოების წესები იყოს დაცული. არ გვინდა შიშით ცხოვრება“, – ამბობს მარინა გაბროშიძე.

კიდევ ერთი მეზობლის, ინეზა მაკარაძის თქმით, ავთანდილ ბოლქვაძემ ახალი ნებართვა წლების წინ მიღებული ხელმოწერების საფუძველზე მიიღო:

„აქვს ძველი დოკუმენტები, 2012 წლის, რომლებზეც გარდაცვლილი მეზობლების ხელმოწერებია. ახალი დოკუმენტი არ აქვს. ახალს ახლა აკეთებს და ამ ძველ ხელმოწერებს იყენებს. დიახ, მაშინ ცოცხლები იყვნენ ის მეზობლები, მაგრამ დღეს აღარ არიან. დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, შეიძლება ისარგებლო ძველი ხელმოწერებით? – ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ იღებენ შიდა კედლებს, ასევე ფასადის კედლებს. ეს სახლს უქმნის საშიშროებას, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება კორპუსი ჩამოიშალოს კედლების გამოღების შემდეგ. ჩვენ ახლა შიშის და მუქარის ქვეშ ვცხოვრობთ, ჩვენ გვინდა მშვიდი ცხოვრება“, – ამბობს ინეზა მაკარაძე.

ავთანდილ ბოლქვაძემ ბრალდებები უარყო. გვითხრა, რომ რეკონსტრუქციის სამუშაოები მერიასთან შეთანხმებული ნებართვით დაიწყო და მომზადებული აქვს პროექტი, ასევე ექსპერტიზის დასკვნაც.

აბუსერიძის #38-ში, მრავალბინიანი სახლის სარდაფში, სადაც მეზობლების თქმით ავთანდილ ბოლქვაძე რეკონსტრუქციის სამუშაოებს აწარმოებს, კვების ობიექტი მის მეუღლეს, გულიკო აბულაძეს აქვს გახსნილი.

ავთანდილ ბოლქვაძე გვიყვება, რომ ფართობი, სადაც კვების ობიექტია განთავსებული, 15 წლის წინ ოფიციალურად შეისყიდა მეზობლებისგან.

„ეს ფართობი მეზობლებისგან შევისყიდე, გავწმინდე დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან. გახსნილი იყო საკანალიზაციო მილები, დაგვხვდა მწერები, მღრღნელები. ზოგ ადგილზე, კედელზე იყო მინაწერი, რომელი ადგილი ვის ეკუთვნოდა, თუმცა ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ვერ იყენებდნენ. კვების ობიექტი როცა გავხსენი, მეზობლები დავპატიჟე, ლიფტშიც გამოვაკარი განცხადება ამის თაობაზე, არანაირი პრეტენზია არ გამოუხატიათ. დარჩენილი მქონდა ერთი სივრცე, სადაც უნდა გაკეთდეს თანამედროვე სამზარეულო. მინდა, რომ გამწოვი მილები ავიყვანო სახურავის ბოლომდე, ესეც იმისთვის, რომ სამზარეულოდან გასულმა სუნმა მეზობლები არ შეაწუხოს“, – განმარტა ავთანდილ ბოლქვაძემ და ამ ყველაფრის ამსახველი ფოტომასალაც გვაჩვენა.

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც ავთანდილ ბოლქვაძემ მოგვაწოდა, ადრე გაცემული რეკონსტრუქციის ნებართვა მან 2022 წლის სექტემბერში გაახლა.

„როგორც კი კეთება დავიწყე, ჩამოვიდა მეზობელი და მითხრა ამ სივრცეში ვერაფერს გააკეთებო, მე მას დოკუმენტები ვაჩვენე და ამის შემდეგ დაიწყო ჩივილი, თითქოს რაღაცას ვანგრევ და ვლეწავ, როგორ შეიძლება მე ამას ვაკეთებდე, როცა თავად ვცხოვრობ  პირველ სართულზე ოჯახით და აქ ცხოვრობენ ჩემი შვილიშვილებიც. საკუთარი თავის მტერი ხომ არ ვიქნები, როგორც დამიწერა კონსტრუქტორმა, იმის მიხედვით ვაკეთებ ზუსტად, არაფერი დამირღვევია.“

დოკუმენტების თანახმად, ფართობი, სადაც ავთანდილ ბოლქვაძეს კვების ობიექტი 2011 წელს გაცემული ნებართვით აქვს მოწყობილი, მერიას ექსპლუატაციაში 2014 წლის თებერვალში მიუღია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნებართვის მფლობელმა სამუშაოები შეთანხმებული პროექტის შესაბამისად შეასრულა. იმავე პროექტის მიხედვით, გეგმავდა ის დამატებითი ფართობის მოწყობასაც, თუმცა ამჯერად მეზობლები ეჭვობენ, რომ მესაკუთრემ მასშტაბი გაზარდა, რაც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სახლს და მათ მერიას მიმართეს.

აბუსერიძის #38

მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე 2023 წლის 8 სექტემბერს მერმა საკუთარი ბრძანება ბათილად ცნო და ამავე ბრძანებაში მიუთითა, რომ ამხანაგობამ წარუდგინა წერილი ამხანაგობის ოქმის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე.

თავის მხრივ, ავთანდილ ბოლქვაძეც ამტკიცებს, რომ ოქმში ხელმოწერები დაპირისპირებულმა მხარემ გააყალბა: „ხელს უნდა აწერდეს ოჯახიდან ერთი წევრი, აქ ხელს 3 ან 4 წევრი აწერს.“

ამხანაგობის თავმჯდომარემ გვაჩვენა ასევე ეზოში არსებული მცირე ზომის შენობა, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაა: „აი, ამ შენობაზეც მიაშენა უკანონოდ. თანდათან ფართოვდება და ეზოში გასასვლელ-შემოსასვლელი დაგვივიწროვა.“ 

მიშენებული ფართობი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, აბუსერიძის 38-ში ავთანდილ ბოლქვაძის წინააღმდეგ 3 სხვადასხვა საქმეზე მიმდინარეობს სამშენებლო სამართალწარმოება:

„ღიობის უკანონო გაფართოება. აგრეთვე სამუშაოების გაგრძელებაზე გამოცემულია შეჩერების დადგენილება და კომერციულ ფართობზე რკინაბეტონის გადახურვის მოწყობა. ელექტროქვესადგურის შენობაზე დამხმარე ფართობის მიშენება, რასთან დაკავშირებითაც უკვე დაჯარიმებულია.“

მუნიციპალურმა ინსპექციამ დაადასტურა ასევე, რომ აბუსერიძის #38-ში ადმინისტრაციული წარმოება ამხანაგობის წინააღმდეგაც მიმდინარეობს:

„პროექტის დარღვევით მიშენებული აივნების საკითხსა და 2 ფიზიკური პირის მიმართ სარდაფის ნიშნულზე არსებული სივრცის შევსება/რეკონსტრუქციაზე.“

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, „სამშენებლო დავებთან დაკავშირებით საქმის წარმოებას განაგრძობს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ყველა პროცედურას.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: