განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმელი პედაგოგი სკოლებში მათემატიკის სწავლებისა და წაკითხულის გააზრების გაუარესებაზე

08.12.2023 •
ბათუმელი პედაგოგი სკოლებში მათემატიკის სწავლებისა და წაკითხულის გააზრების გაუარესებაზე

მოსწავლეთა შეფასების სისტემის – PISA-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს პოზიციები წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში კიდევ უფრო გაუარესდა. რატომ ვერ აღწევენ საჯარო სკოლები მაღალ შედეგებს და რა არის იმის მიზეზი, რომ ქართულ სკოლებში ბავშვებს უჭირთ როგორც კითხვა, ასევე მათემატიკა?

ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინა ინაიშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნინა, თქვენი აზრით, რატომ მოხდა ის, რომ ჩვენ იმაზე ცუდი შედეგები მივიღეთ კითხვასა და გააზრებაში, ვიდრე 2018 წელს. რას ვერ ვაკეთებთ სწორად და ვინ ვერ აკეთებს?

გამომწვევი მიზეზი უამრავია და ამ პრობლემას მართლაც ბევრი წახნაგი აქვს. კომპლექსურია პრობლემა, რადგან ზოგადი განათლების სისტემა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მუდმივი რეფორმირების პროცესშია.

იხარჯება უამრავი ფული, როგორც ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მაგრამ განათლების დონე არა თუ მაღლდება, სტაგნაციასაც კი განიცდის. სინამდვილეში ჩვენი ფორმალური განათლება სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას ითხოვს უკვე მრავალი წელია. თუმცა, ჩემი დაკვირვებით და შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში ამ დრომდე არც ნება და არც გააზრებული პოლიტიკა არ არსებობს.

უმთავრესი მიზეზი მაინც სისტემის არათანმიმდევრული, არაგანგრძობითი და სპონტანური პოლიტიკა მგონია.

  • მოდით გავშალოთ ეს მიზეზები, რაც ხელს უშლის სკოლას განვითარებაში. 

ზოგადი განათლების პოლიტიკა უნდა განისაზღვრებოდეს და იგეგმებოდეს კვლევებზე დაფუძნებით.

განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკის დამგეგმავი ინსტიტუციები მუდმივად ესაუბრებიან განათლების პროცესში ჩართულ ყველა სუბიექტს – იქნება ეს მასწავლებელი, მშობელი, სკოლის ადმინისტრაცია თუ სხვა. მართლაც, როგორ შეიძლება შეიმუშაო რაიმე მოდელი, თუ ჩართულ პირებს არ უსმენ, არ ეცნობი მათ საჭიროებებს, არ ადგენ გარკვეულ სტატისტიკას, არ აანალიზებ არაფერს?

განათლების სამინისტროს ექვემდებარება რამდენიმე სსიპი, მაგრამ ამ დრომდე არცერთი არ ყოფილა ანგარიშვალდებული, საჭიროებების მაიდენტიფიცირებელი კვლევები ჩაეტარებინა.

როგორც ვიცი, მილიონები იხარჯება ამ ორგანიზაციების შენახვაზე.

მე, მაგალითად, ათი წელია მასწავლებელი ვარ და არც კი მახსენდება სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც რაიმე ფორმით მომიწევდა ჩართვა.

ცვლილებები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ხორციელდება კონკრეტული პირების გადაწყვეტილებით, რაც შემდეგ უქმდება მისი წარუმატებლობის და აბსურდულობის გამო, ან კიდევ მინისტრების ცვლილებების გამო, რომელიც ყოველ ჯერზე ახალი გუნდით, ახალი ხედვით მოდის და სამწუხაროდ, ჩვენი განათლების სისტემა არ არის მიმართული გრძელვადიან მიზანზე, არ აქვს განგრძობითი ხასიათი.

მთელი პოლიტიკა შემუშავებულია არა კვლევებზე, არამედ კონკრეტული პირების გადაწყვეტილებებზე.შესაბამისად, ეს წარუმატებლობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

ახლა მეორე პრობლემა – სამწუხაროდ, ჩვენი სკოლების მართვის მოდელი არის ცენტრალიზებული, არ არის ქართული სკოლა ავტონომიური და ის ვერ შეიმუშავებს თავის კერძო პოლიტიკას, ვერ განსაზღვრავს პრიორიტეტებს, ემორჩილება დირექტივებს, რომელიც საერთოა როგორც სოფლის, ასევე ქალაქის, მცირე თუ დიდკონტინგენტიანი სკოლებისთვის.

ეს, ბუნებრივია, ამცირებს ინდივიდუალურ, საინტერესო, ექსპერიმენტულ მიდგომებს და შესაბამისად, საჯარო სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას.

აქვეა შემხვედრი პრობლემაც. ბევრი სკოლა ავტონომიურობისთვის მზად არც არის, ამის მიზეზი კი თავის მხრივ არიან არაკომპეტენტური ლიდერები, რომლებიც პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო არიან დანიშნული.

ამიტომ აქვე აღვნიშნავ, რომ საჭიროა კონკურსების სამართლიანად ჩატარება და სკოლაში კრიტიკულად მოაზროვნე, ახალი ხედვების მქონე, ინიციატივიანი, არაკონფორმისტი, მარტივად ვერ სამართავი კადრების შეშვება.

  • საკლასო ოთახშიც რომ შევიხედოთ, იქ რა მდგომარეობაა?

მე, როგორც მასწავლებელს, ყველაზე მეტად მაწუხებს სკოლებსა და კლასებში მოსწავლეთა გადაჭარბებული რაოდენობის დაუძლეველი პრობლემა. წარმატებულ განათლებაზე, განვითარებულ უნარებსა და შეგნებაზე როგორ უნდა ვისაუბროთ, როცა კლასში მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 29 ბავშვს.

  • ერთი თქვენი კოლეგა ჩავწერე, რომელიც ესტონურ სკოლაში მუშაობს და ამბობს, რომ არც ესტონურ კლასებშია ცოტა ბავშვი. როგორც ჩანს, ჩვენთან მარტო ბავშვების პრობლემა არ უნდა იყოს.

ამ შემთხვევაში დამამძიმებელი გარემოება შეიძლება იყოს ის, რომ ურბანულად მჭიდროდ დასახლებული ქალაქის სკოლების გარკვეული ნაწილი სამცვლიანია.

ეს თითქმის გამორიცხავს მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მუშაობის შესაძლებლობას.

45-წუთიანი გაკვეთილის ჩატარებისას შეუძლებელია 30 ბავშვის შინაგანი ძალები გაააქტიურო, თუმცა მაქვს ხოლმე სურვილი გაკვეთილების დასრულების შემდეგ დრო დავუთმო ბავშვებს და ინდივიდუალურად ვიმუშაო, რთულად გასაგები საკითხი ავუხსნა, მაგრამ სივრცე არ არის სკოლაში, სადაც შეიძლება განმარტოვდე მოსწავლეებთან ერთად და ისაუბრო.

უმარტივესი ჭეშმარიტებაა, რომ აუცილებელია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჯარო სკოლების აშენება და არსებული სკოლების განტვირთვა.

ხარისხზე როგორ უნდა ილაპარაკო, როდესაც სკოლებში ჟანგბადიც კი აღარ არის საკმარისი მოსწავლეთა ასეთი ჭარბი რაოდენობის გამო. ეს მე ძალიან მაწუხებს.

ჩვენი სკოლა ორსართულიანია და 2000 მოსწავლე სწავლობს. რაღაც უტოპიაა, ხომ?!

ესტონეთში ალბათ ეს პრობლემა გადალახულია და ალბათ შეიძლება გარკვეული წარმატების მიღწევა 30 ბავშვთან.

ჩვენი სკოლები არის სრულიად გაუმართავი ინვენტარით და ინფრასტრუქტურით თანამედროვეობას საერთოდ არ შეესაბამება. არ არის რთული იმის გააზრება, რომ ციფრული მოსწავლისთვის გაკვეთილების აუდიო, ვიდეო მასალის, ცდების გარეშე ჩატარება არის პირდაპირ დანაშაული.

ჩვენი სკოლა არაფრით განსხვავდება მე-19 საუკუნის სკოლებისგან, რადგან აქაც დაფით, მერხით და ცარცით უნდა შევძლოთ მოსწავლეთა დაინტერესება, მოტივირება.

რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია, რადგან ამით ვწირავთ მოსწავლეებს უსწავლელობისთვის და მე არც მქონია მოლოდინი, რომ რაღაც წარმატება გამოვლინდებოდა PISA-ს კვლევების შედეგად.

  •  ვისაუბრეთ იმაზე, რომ რესურსები იხარჯება და შედეგი არ იდება, მაშინ გამოდის, რომ მასწავლებლების სტატუსებიც ფარსია და არა რეალური შედეგის მომტანი?

არც მასწავლებლების კომპეტენციის და პროფესიონალიზმის პრობლემა უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. სამწუხაროა, რომ მასწავლებლების ნაწილი ვერ ფლობს სათანადოდ საგნობრივ კომპეტენციას და ეს არაერთი გამოცდით დადასტურდა.

თუმცა, მათი ჩანაცვლება ახალი კადრებით არ და ვერ მოხერხდა, ერთი მხრივ კადრების დეფიციტის და მეორე მხრივ პოტენციური ელექტორატის განაწყენების თავიდან არიდების გამო.

მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ თითის მასწავლებლისკენ გაშვერა უსამართლოდ მიმაჩნია.

ჩვენ სისტემაში უამრავი პროფესიონალია, რომელიც ენთუზიაზმითა და შემოქმედებითი უნარით მუშაობს, თუმცა ვერ აღწევს მაღალ შედეგს იმ მიზეზების გამო, რაც უკვე ჩამოვთვალეთ.

მეტი სიცხადისთვის მარტივად აღსაქმელი ანალოგი შემიძლია მოვიყვანო. შეუძლებელია ხომ საუკეთესო კონდიტერმაც კი გამოაცხოს გამორჩეული ნამცხვარი, თუ არ იქნება შესაბამისი ინგრედიენტები და იძულებული იქნება ეს ნამცხვარი მოძველებულ ღუმელში გამოაცხოს.

  • მაშინ სტატუსს რომელი შრომის გამო იღებს პედაგოგი, თუ არცერთი ინსტრუმენტი არ აქვს? აქ ხომ საუბარია იმაზე, რომ მოსწავლის შედეგებზე უნდა აისახოს მასწავლებლის წარმატება.

მე, პირადად, ავიმაღლე სტატუსი, მენტორი მასწავლებელი გავხდი და პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, წარმოიდგინეთ იმ პირობებში, როცა საკლასო ოთახში მონიტორი არ მაქვს, როცა 29 ბავშვი მყავს და ვარ ამასთან დამრიგებელიც, რაც იცით რამხელა შრომა მინიმალური ანაზღაურებით, გარკვეული მასწავლებლები, საკუთარი დროის გამოთავისუფლების, ენთუზიაზმის, თავდადების ხარჯზე ვცდილობთ, რომ არაფორმალური ელემენტები შემოვიტანოთ განათლების პროცესში, მასწავლებელი დარჩეს გაკვეთილების შემდეგ, წარმართოს კლუბური მუშაობა, მაგალითად, მოიზიდოს საერთაშორისო ორგანიზაცია.

ჩემ შემთხვევაში მშობელთა კლუბი დავაარსეთ „იუნისეფის“ დახმარებით და მეორე მხრივ, მე თავად ვარ დოქტორანტი და მუდმივად მიწევს გავეცნო საერთაშორისო კვლევებს და ეს კვლევები დავნერგო.

შესაბამისად, ამ შემთხვევაში სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ყველა ინიციატივა სათავეს იღებს მასწავლებლის შინაგანი მოტივაციიდან.

დროს აკლებ ოჯახს, საკუთარ განვითარებას, მეგობრებთან ვეღარ ერთობი, ვერსად ვერ დადიხარ. შეიძლება ითქვას, ყველა რესურსს წარმართავ იმისთვის, რომ ასე თუ ისე გაულამაზო მოსწავლეს უღიმღამო ყოფა, მაგრამ ამ პროცესში ხარ სრულიად მარტო.

  • როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს კითხვა, აი, ამდენი სტატუსიანი მასწავლებლის კვლევაში არ მოხდა სადმე. ვერ შემუშავდა რაიმე მეთოდი, რაც იმუშავებდა ჩვენ სკოლებშიც?

ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, მეცნიერება რომ არ ვითარდება და, სამწუხაროდ, საგანმანათლებლო სფეროში მართლაც ქართული რეალობის შემსწავლელი კვლევები არ გვაქვს. ამაზე ჩემი პოზიცია ასეთია – ვფიქრობ, სკოლის ბაზაზე არაფორმალური განათლების წარმართვა უნდა ფინანსდებოდეს.

ვგულისხმობ იმას, რომ ეს არ უნდა კეთდებოდეს მასწავლებლის ენთუზიაზმით. ალბათ კარგი იქნება ერთი მხრივ სამინისტრომ მისცეს სკოლებს უფლება, რომ მასწავლებელს გადაუხადოს გარკვეული დანამატი თუ ის სკოლის ბაზაზე ამუშავებს კლუბს, წიგნიერების ასამაღლებლად.

მეც მქონდა ასეთი კლუბი და მყავს უამრავი მეგობარი, ვინც უხელფასოდ აკეთებს ამას, მოსწავლეთა სიყვარულის გამო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს კერძო ადამიანების ნებაზე დამოკიდებული.

სისტემური ხედვა ამ საკითხზე, ცალკე გამოყოფილი საათები ზოგადი წიგნიერებისთვის, არ არსებობს.

  • თქვენც გეყოლებათ ალბათ კლასში მოსწავლე, ვინც ნაკლებად კითხულობს, ან უჭირს კითხვა, როგორ ეხმარებით მას, რა მეთოდს იყენებთ ასეთ დროს, რამაც გაამართლა?

ის არის კარგი, რომ ეს მასწავლებელს ამ მხრივ ანიჭებს სრულ თავისუფლებას, რომ როგორც უნდა ისე ასწავლოს და რაც უნდა ის ასწავლოს.

მე შემიძლია გარკვეული ტექსტები შევთავაზო მოსწავლეს. მე, პირადად, ძალიან მომწონს და ვფიქრობ ძალიან დიდი საქმე გააკეთა დაწყებით საფეხურზე, განსაკუთრებით წიგნიერების ამაღლების თვალსაზრისით „ჯიპრაიდის“ პროგრამამ – გამოსცა რესურსები, სადაც არის დიაგნოსტიკური ტესტირება მოსწავლის კითხვის უნარების შესაფასებლად, რამდენად სწრაფად კითხულობს, რამდენად შეუძლია აზრის გამოტანა, კითხვებზე პასუხი და ასე შემდეგ.

  • ბევრი პედაგოგი აქებს ამ პროგრამას და თუ ასე კარგად მუშაობდა ეს პრაქტიკაში, რატომ არ გაგრძელდა? არ სთხოვთ სამინისტროს, რომ გააგრძელოს ეს პროგრამა? რა უშლის ხელს ამას?

დაწყებითის საფეხურზე დაინერგა, მაგრამ საბაზო საფეხურზე რომ არსებულიყო ასეთი პროგრამა, ასეთი თანმიმდევრული რესურსებით და მრავალფეროვნებით, მართლა შეიძლებოდა გარკვეული წარმატების მიღწევა თუნდაც ამ საერთაშორისო კვლევებში. მე ყოველთვის ვიყენებ „ჯიპრაიდის“ მიერ შემოთავაზებულ ტესტებს და სხვა რესურსებს.

გარდა ამისა, შეფასების აუცილებელ კომპონენტად ჩემს თემატურ გეგმაში მაქვს განსაზღვრული ზოგადი წიგნიერება და კვირაში ერთი გაკვეთილი მაქვს მსოფლიო ლიტერატურაზე, დრო და დრო ვეცნობით ტექსტებს და სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს დისკუსია, დებატები თუ პრეზენტირება, უფროსკლასელების ჩართვა პროცესში, წიგნების გაცვლა – „წაიკითხე ჩემი წიგნი“, პროექტი თუ სხვა, ვცდილობ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას.

თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ეს მცდელობა ნამდვილად ვერ იღებს იმ შედეგს, როგორსაც გამოიღებდა კლასში 15 მოსწავლის ყოფნის და გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში.

მე არ უნდა მჭირდებოდეს ჩემი დინამიკით და პროექტორით სკოლაში სიარული და ამას სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს. ამაზე არ უნდა მეხარჯებოდეს არც დრო და არც ენერგია.

  • რა უნდა გაკეთდეს ამ ყველაფრის შემდეგ?

ჩვენ ბევრი კონკრეტული პრობლემა ჩამოვთვალეთ, მაგრამ ცალკე ალბათ უნდა გამოიყოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონიც, არა?! მოსწავლეების დიდი ნაწილის ოჯახები ვერ ახერხებენ თანმიმდევრული მიზანზე ორიენტირებული მეთოდების გამოყენებას ყოფითი პრობლემების, დროის უქონლობის, დაბალი ცნობიერების და სხვა მიზეზების გამო, რაც კიდევ უფრო ართულებს მოსწავლეთა სასურველი ქცევის გამოწვევას.

სწორედ ამიტომ, ჩემი შეფასებით, როცა ოჯახი ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, იქ სახელმწიფომ უნდა იყოჩაღოს, აიღოს ხელში სადავეები და მართლაც ქმედითად და არა ფორმალურად, არა მხოლოდ დეკლარირებულად, რეალურად განავითაროს და გააძლიეროს ეს ჩვენი ჩამოშლილი და ჩემი აზრით, წელში გადატეხილი ქართული სკოლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: