საერთაშორისო კვლევის PISA-ს მიხედვით, ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავე ადგილს იკავებს მათემატიკისა და წაკითხულის გააზრებაში. როგორ აღწევენ ესტონური სკოლები წარმატებას და რა პრინციპით მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი? ამ თემაზე „ბათუმელები“ ესტონეთში ინგლისური ენის მასწავლებელს ვაკო გოგუაძეს ესაუბრა. ის რამდენიმე წელია უკვე ამ ქვეყანაშია და აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში მუშაობის გამოცდილება.
- ბატონო ვაკო, შეგიძლიათ მოგვიყვეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს ესტონური განათლების სისტემა წაკითხულის გააზრებაზე და რა არის ის, რასაც ვერ იყენებენ ქართული სკოლები?
რა თქმა უნდა, ამ ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გაიარა და ჩვენ მსგავსად აქაც არსებობს საბჭოური განათლების გადმონაშთები სკოლებში, თუმცა მთლიანობაში მასწავლებლების ცნობიერება ძალიან შეიცვალა.
ამაზე დიდი გავლენა იქონია ევროპამ, ევროპულ ღირებულებებზე საუბარმა, ასევე, ძალიან გაიზარდა განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. აქ ვგულისხმობ იმასაც, რომ უნივერსიტეტებში ესტონურ ენაზე სწავლა გახდა უფასო განათლების ფაკულტეტზე.
- უფასო პროგრამები საქართველოშიც არის, თუმცა ეს ვერ ცვლის რეალობას.
ამაზე დიდ გავლენას ახდენს ასევე მოტივაცია და სტრატეგია, რაც ევროკავშირმა მიაწოდა ესტონეთს, „სწავლა ცხოვრების მანძილზე“ (lifelong learning) რასაც ვეძახით და აქ სწავლა არ წყდება უნივერსიტეტის დასრულების შემდეგაც.
ეს გააზრებული აქვს ყველა მასწავლებელს და ისინი უნარებს რაღაც მხრივ თითქმის ყოველ თვე ივითარებენ.
სწავლების მეთოდიკას ლექციის სახე აღარ აქვს. სხვანაირია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დამოკიდებულებაც.
ბავშვებს წვდომა აქვთ უფასო სახელმძღვანელოებზე, წიგნებზე, ძალიან კარგად მუშაობენ ბიბლიოთეკები. დამატებით აქვთ ვორქბუქები და ასე შემდეგ.
მშობელს არ უწევს არც ერთი საგნისთვის თანხის გამოყოფა წიგნების ყიდვისთვის.
ეს პატარ-პატარა დეტალები, ზოგადად, ბავშვის ინტერესებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
- მათემატიკას რა პრინციპით ასწავლიან, ხომ არ დაჰკვირვებიხართ?
მათემატიკის სწავლებაც ისე არ მიდის „სავარჯიშო ერთი“, „დავალება მეორე, მესამე“ და ასე შემდეგ. საგნები ინტერდისციპლინირებულია და ერთი საგანი შეიძლება დაუკავშირდეს მეორეს. მაგალითად, ხელოვნებისა და მათემატიკის მასწავლებლები შეიძლება დასხდნენ და ისე დაგეგმონ გაკვეთილი, რომ ბავშვისთვის ძალიან საინტერესო გამოვიდეს.
გასაგებია, რომ მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, მაგრამ მეთოდიკა და სწავლების ფორმა ძალიან საინტერესოს ხდის. „ამოხსენი განტოლება“ და 5+5=10-ს, ეს არ არის.
- ჩვენს სკოლებში ლექსივით უნდა დაიზეპირო, მაგალითად, გამრავლების ტაბულა. ესტონელები რა პრინციპს არჩევენ?
აი, მაგალითად, როცა მასწავლებელი კონცეფციას ხსნის, ვთქვათ, მიმატება-გამოკლებას, ჯერ ეკითხება ბავშვს. ამას ვეძახით მაპროვოცირებელი სწავლების მეთოდს.
ზოგიერთი ბავშვი იყენებს თითებს, რომ დაიმახსოვროს, ზოგიერთი სხარტია და გონებაში იაზრებს, ზოგიერთს კი სჭირდება დაუწერო დაფაზე, რადგან ვიზუალური აზროვნება აქვს. როცა ვეუბნებით ბავშვს, რომ 5+5 ათია, ამას როგორ ვამტკიცებთ, 20-ივე ბავშვი თავისი აზრით, თავისი მიდგომით აგიხსნით და ყველა სხვადასხვანაირად, სხვათა შორის.
ზოგიერთი ჯოხებს მოიტანს, ზოგიერთი ასანთის ღერებს, ზოგიერთი დახატავს ყვავილებს, რადგან ხატვა უყვარს, ფერები მოსწონს და ამით გიხსნის. მრავალფეროვანი მიდგომაა. ზოგიერთს ტექნოლოგიების გამოყენება მოსწონს, მოიტანს ტელეფონს და რომელიმე აპლიკაციის გამოყენებით ახსნის.
არ არსებობს სწავლების რაიმე ზუსტი, ერთი სპეციფიკური მეთოდი. პროცესში ყველა ბავშვი ჩართულია, ყველა წრეზე ზის და არავინაა ზურგს უკან. ყველა ბავშვის აზრი გათვალისწინებულია და ეს პატარა დეტალები საინტერესოს ხდის პროცესს ბავშვებისთვის.
- ციფრული ტექნოლოგიები რომ გამოიყენოს ბავშვმა, მას წვდომა უნდა ჰქონდეს ტექნოლოგიებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებიც ჩართულები არიან ბავშვის აზროვნების გავარჯიშებაში?
რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი, რაც ახლა გითხარით, საბავშვო ბაღიდანვე იწყება ესტონეთში. ესტონეთში მშობელს უფლება აქვს, წელიწად-ნახევრის ბავშვი შეიყვანოს ბაღში. ეს ის პერიოდია, როცა მშობელს სადეკრეტო შვებულება უმთავრდება. ბავშვი ჯერ კიდევ ბაღიდან იწყებს აზროვნებით სწავლებას და ყველაფერზე აქვთ წვდომა.
აი, მაგალითად, ექსკურსია ავიღოთ, ჩვენ რომ წაგვიყვანდნენ ექსკურსიაზე, წავიღებდით საჭმელ-სასმელს, ვიცეკვებდით, ვიმღერებდით და წამოვიდოდით. აქ არც ერთ ექსკურსიას არ აქვს თავისუფალი მიდგომა, სასწავლო გამოყენება აქვს.
მაგალითად, თუ ბავშვები გადიან ციფრებს, ასეთ დროს მასწავლებელი შეიძლება დაუკავშირდეს ცხოველთა თავშესაფარს, თუკი ბავშვებს აინტერესებთ როგორ ცხოვრობენ თავშესაფარში ძაღლები და როგორ უვლიან მათ.
ამაზე ჯერ მიდის კვლევა, მასწავლებელი აწვდის წყაროებს და ბავშვები თავად აკეთებენ დიზაინს მათემატიკაში.
პირველკლასელებმა ძაღლებისთვის შეიძლება გააკეთონ პატარა თოჯინები, ამისთვის მასალებს აწვდის სკოლა. თოჯინების მომზადების პროცესში სწავლობენ დათვლასაც ხომ?
ვიღაცას ამ ძაღლებისთვის მოხალისეობრივად მოაქვს ან საკვები, ან თანხა და ამ ყველაფერსაც ხომ სჭირდება კალკულაცია, ჩალაგება, დათვლა, დაწერა… ამ ყველაფერს ბავშვები აკეთებენ.
- ამას ჰქვია გამოყენებაზე ორიენტირებული ცოდნა?
დიახ, ეს ყველაფერი თითქოს მარტივია, მაგრამ ამ დროს მასწავლებელი ბავშვებს აძლევს მითითებებს, შემდეგ ბავშვი ბრუნდება სკოლაში, ამ ყველაფერს წერს ათასნაირი მიდგომით.
თუ სხვა საგანია, დაწერენ ესეის სახით, თუ მათემატიკაა, აღწერენ – რამდენი ძაღლი იყო თავშესაფარში, რამდენი ოთახი იყო, რამდენი იჯდა გალიაში, რამდენი ძაღლი იყო ავად, რამდენი საჭმელი შეუგროვდა და ეს ყველაფერი ციფრებია ხომ?
როცა სხვადასხვა გამოუსადეგარი ნივთიდან, მაგალითად, კვერცხის შესანახი ყუთებიდან რაიმე ნივთებს აკეთებენ, აფერადებენ და რესურსად აქცევენ, ამით ეკოლოგიაზეც იღებენ ცოდნას და ასე მრავალმხრივად ვითარდებიან.
- მათემატიკა და წაკითხულის გააზრება ერთ კომბინაციაში განიხილება ხოლმე. თუ ბავშვს უჭირს კითხვა, წაკითხულის გააზრებაც უჭირს ბუნებრივია და რაღაცის გამოთვლაც. კითხვის მოტივაცია როგორ გამომუშავდება ბავშვებში?
სხვათა შორის, ძაღლებთან ურთიერთობის პრაქტიკას კარგად იყენებენ კითხვის მოტივაციის გასაზრდელადაც. მაგალითად, ლიცენზირებულ ორგანიზაციებს მოჰყავთ გაწვრთნილი ძაღლები სკოლაში, ამისთვის გამოყოფილია ადგილი ბიბლიოთეკაში და თითო ბავშვი დაახლოებით 15-20 წუთს ატარებს ამ ძაღლთან.
ბავშვი ირჩევს მისთვის საინტერესო რომელიმე ჟანრის წიგნს და უკითხავს ამ ძაღლს. თან ურთიერთობაში შედის, ბლითებს აჭმევს, ეფერება. ძაღლს არ შეუძლია საუბარი, მაგრამ შეუძლია დაჯდეს და „მოისმინოს“, ასე ვთქვათ. თითქმის ყველა ბავშვს უყვარს ძაღლი და ეს პროცესი ძალიან მოსწონთ.
ეს შეიძლება გაკეთდეს ჯგუფურადაც, მაგრამ ესტონეთში ინდივიდუალურად აკეთებენ რატომღაც.
შემდეგ ბავშვი აღწერს, რა წაუკითხა ძაღლს. ეს შეიძლება ფოტოთი გადმოსცეს, ნახატით, ნაწერით, შეუძლია გამოყოს წიგნიდან რომელიმე აბზაცი, რომელიც მოეწონა და ასე შემდეგ. ასეთი აქტივობებით უვითარდებათ როგორც კითხვის უნარები, ეძლევათ მოტივაციაც, რომ კიდევ წაიკითხონ.
გარდა ამისა, ეს პროცესი ბავშვს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას – უნდა მივიდეს ბიბლიოთეკართან, გამოართვას წიგნი, შემდეგ უკან დააბრუნოს იმ ადგილზე, საიდანაც აიღო, დაბრუნდეს კლასში მასწავლებელთან და გადმოსცეს ეს ამბავი.
- სიღარიბის კომპონენტი რამდენად მუშაობს ამ შემთხვევაში და თუ აისახება ეს ბავშვებზე?
აქაც კარგი გავლენა იქონია უფასო კვების შეტანამ სკოლებში, რადგან როცა დილით ბავშვი მოდის სკოლაში, მას აქვს საშუალება ისაუზმოს. მიიღოს ყველი, ხილი, ფაფა, კარაქიანი პური და ასე შემდეგ.
სიღარიბე ალბათ აქაც არსებობს და არიან ოჯახები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, მაგრამ სახელმწიფომ ეს ბერკეტი შექმნა სკოლებში და ყველა ბავშვს აქვს შესაძლებლობა, ისაუზმოს და შუადღით, ერთხელ ჭამოს საჭმელი უფასოდ.
- ჩვენთან მასწავლებლები საუბრობენ ცუდად შედგენილ სახელმძღვანელოებზე, გადატვირთულ ესგ-ზე, ესტონური მოდელი როგორია ამ მხრივ. თუ ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, მასწავლებელი როგორ იმუშავებს კლასში?
მასწავლებლამდე დავდივართ უფრო აქაც, რადგან მასწავლებელს აქვს ავტონომია და თავისუფლება სასწავლო პროცესში. მასწავლებელი მშრალ პროგრამასაც საინტერესოს ხდის ბავშვისთვის და ამას ახერხებს მისი გამოცდილებიდან და მაღალი ინტელექტიდან გამომდინარე – აქ ძალიან ღრმა საგნობრივი განათლება აქვთ მასწავლებლებს.
ძალიან ეფექტურად მუშაობს კოლაბორაციონიზმი და ერთმანეთის გაკვეთილებზე დასწრების შიში კი არ აქვთ, არამედ ერთმანეთისგან სწავლობენ.
კარგად მუშაობს პროექტული სწავლებაც – მასწავლებლები ცდილობენ, სამუშაოს დიდი ნაწილი სკოლაში შეასრულონ და საშინაო დავალება იყოს მინიმალური.
ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი მეცადინეობა, ეხმარებიან გაკვეთილების შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში 20-30 მოსწავლეა კლასში, მაინც ხერხდება დიფერენცირებული სწავლება.
ბავშვებსაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობა მასწავლებლის წინაშე. საქართველოში ბევრგან მინახავს, როცა აბუჩად იგდებენ მასწავლებელს კლასში, აქ ძალიან დისციპლინირებულები არიან და ეს ალბათ ესტონური კულტურის ამბავიცაა, მაგრამ ისე არ ხდება, როგორც საქართველოში, როცა ყაყანია გაკვეთილზე და ნახევარი გაკვეთილი წესრიგის დამყარებაში გადის.
აქაც არის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ასისტენტები ეხმარებიან მასწავლებლებს. ესტონეთში განვითარებულია არაფორმალური განათლება ევროკავშირის დახმარებით და ეს სწავლა-სწავლების ყოველდღიური პროცესია.
- ევროკავშირი ჩვენთანაც ბევრ ფულს დებს არაფორმალურ განათლებაში, მაგრამ ფაქტია, რომ სკოლაზე არ ისახება. ნიშნავს ეს, რომ კორუფციაა სისტემაში?
დიახ, ნამდვილად არ ისახება ის დახმარება, რასაც ჩვენს ქვეყანას უწევენ. ალბათ კორუფციაა, სხვა ახსნა არ აქვს. ფაქტია, რომ თანხა იხარჯება, შედეგი კი არ გვაქვს.
- ის ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა კლასში, სადაც არ არის ინტერნეტი, პროექტორი, კომპიუტერი?
არა,რა თქმა უნდა. ესტონელ ბავშვებს ტექნოლოგიებზე წვდომა აქვთ. კლასები აღჭურვილია, არის თანამედროვე ლაბორატორიებიც.
ციფრული უნარები ძალიან განვითარებული აქვთ ბავშვებს და ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს სასწავლო პროცესში. კარგად მუშაობენ ამ მხრივ უნივერსიტეტებიც და ბევრი ჰაკატონი ტარდება სკოლასთან ერთად.
- ჩვენთან ბოლო წლებში მასწავლებლები საკუთარ ხელფასზე ლაპარაკობენ მხოლოდ. როცა მასწავლებელი მის ხელფასზე უფრო დარდობს, რამდენად პროდუქტიული იქნება ის კლასში?
არ იქნება, ცხადია და ეს ყველაფერი აისახება სწავლებაზე.
ბავშვები კარგად იგრძნობენ, მასწავლებელს რა უნდა კლასში, რადგან სარკეა მასწავლებელი და კარგად აირეკლავს განწყობებს.
როდესაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის ჯაჭვი ირღვევა და მასწავლებელი აგრძნობინებს ბავშვებს, რომ უკმაყოფილოა თავისი ხელფასით და ამაზე მიდის მსჯელობა, იქ მოსწავლესაც ვერ ექნება სწავლის მოტივაცია და აღარც მასწავლებელთან უნდა ურთიერთობა.
რა თქმა უნდა, ხელფასიც მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ მასწავლებლები და ვართ ბავშვებთან, იქ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი და იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ ხვალ ის, რაც დღეს გავაკეთეთ.