მთავარი,სიახლეები

მოსამართლემ ცოლის ცემაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლა

07.12.2023 • 814
მოსამართლემ ცოლის ცემაში ბრალდებული პოლიციელი გირაოთი გაათავისუფლა

დღეს, 7 დეკემბერს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 10 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა პოლიციელი, ვისაც ცოლზე ძალადობას ედავებიან.

სხდომის დაწყებიდან მალევე მოსამართლეს ადვოკატმა დაზარალებულად ცნობილი ქალის წერილი გადააწოდა – ნახეთ, პრეტენზია აღარ აქვს, უკვე შერიგდნენო.

ამ წერილს დაეყრდნო მოსამართლეც. „როგორც ჩანს, კონფლიქტი ამოწურულია“, – დასძინა მან და ხაზი გაუსვა იმას, რომ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია. შესაბამისად, კაცს ცოლთან მიახლოება ეზღუდება მისი თანხმობის გარეშე, ვიდრე ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

„მეორეჯერ აღარ იქნება“, – ფეხზე წამოდგა და ისე მიმართა მოსამართლეს პოლიციელმა ნუგზარ ს.-მ. ის დაცვის პოლიციის თანამშრომელია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად დარჩება. მოსამართლემ მისი სამსახურებრივი პოზიციიდან გადაყენებაზეც უარი თქვა.

„2 თვე აქვს ისედაც დარჩენილი პენსიაში გასვლამდე, ის 2 თვის ხელფასიც მნიშვნელოვანია მისთვის, ქირაში ცხოვრობენ… 1992 წლიდან დაცვის პოლიციაში მუშაობს და მისი ხელფასი თვეში 500 ლარია,“ – თქვა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.

საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელმა ცოლს სამსახურში მიაკითხა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე და ხალხმრავალ ადგილზე გაჩერებულ ავტომანქანაში სცემა.

„მოქაჩა თმაზე, საყურეს გამოსდო ხელი და დაუზიანა ყური…“ – დეტალები აღწერა პროკურორმა აკაკი მოქერიამ.

ბრალდებული ბრალს სრულად აღიარებს.

„მას ამ დრომდე შემაკავებელი ორდერიც კი არ ჰქონია, არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ და დაზარალებულთან შერიგდა“, – ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ დარბაზს გადმოხედა, რომელიც პოლიციელის ახლობლებით იყო სავსე.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაული შეიძლება აღიქმებოდეს თავად პოლიციის დამოკიდებულებად, თუმცა აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობას სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებს.

პოლიციას საშველად ამ საქმეზე დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმა დაურეკა.

ბოლო პრაქტიკით ხშირია შემთხვევა, როცა დაზარალებულად ცნობილი ქალი პოლიციაზე მიმართვის შემდეგ სასამართლოს ჩვენებას აღარ აძლევს, რასაც საბოლოოდ მოსამართლე უთითებს ამ სახის დანაშაულებზე გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძვლად.

უფლებადამცველები კი საუბრობენ იმაზე, რომ ქალი ბევრი მიზეზის გამო ირჩევს დუმილს, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ პროკურატურას და სასამართლოს მსხვერპლი ქალები რეალურ მხარდამჭერად ვერ აღიქვამენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: