სიახლეები

„თუ ამდენი ბაღია, 45 ბავშვი რატომ არის ერთ ოთახში?“ – რა ხდებოდა ბათუმის ბიუჯეტის განხილვაზე

08.12.2023 • 1349
„თუ ამდენი ბაღია, 45 ბავშვი რატომ არის ერთ ოთახში?“ – რა ხდებოდა ბათუმის ბიუჯეტის განხილვაზე

„ეს ციფრები რომ იზრდება კარგია, მაგრამ თუ აკონტროლებს ვინმე, როგორ იხარჯება?“ – მერიის სამსახურის უფროსებს მიმართა მოქალაქე მანანა ხაბაძემ, როგორც კი, პრეზენტაცია დასრულდა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ.

დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, კონკრეტულად კი, ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს, ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბათუმის მერიამ მსგავსი დისკუსია რამდენიმე დასახლებაში გამართა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში გამართულ დისკუსიასაც ძირითადად ამხანაგობების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, შეხვედრაზე კრიტიკული კითხვა არაერთი დაისვა. ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარეა მანანა ხაბაძეც.

„მე ვგულისხმობ იმას, მიზნობრივად რამდენად იხარჯება… ბათუმი ქათქათასთან ვეღარ არის ახლოს, გაწვიმდება და რა მდგომარეობაში ვართ,“ – ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში მაგიდის გარშემო შემომსხდარ სამსახურების უფროსებს გახედა ისევ მოქალაქემ და პაუზის შემდეგ განაგრძო:

„თქვენ ისაუბრეთ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ განათლება და ჯანდაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი.

ბაღებზე ისაუბრეთ ასევე თქვენ. წინა წლის განხილვაზეც ვისაუბრე მე, მაგრამ არაფერი იცვლება. ბაღში რომ შევდივარ, სუნთქვა შეუძლებელია: ერთ ოთახში 45 ბავშვი ზის, ყოჩაღ იმ მასწავლებლებს და ძიძებს. ბაღების რეაბილიტაციას მაშინ რატომ იწყებთ, როცა სწავლა იწყება?

„ერთი წამით, შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა, კონკრეტული ბაღი დამისახელეთ,“ – მოქალაქეს მიმართა კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სერგი კაკაბაძემ.

„მე რამე ტყუილი ვთქვი?“ – მოქალაქეებს მიუბრუნდა მოქალაქე. „სიმართლეა“, „ასეა“, „თქვენ რა, ამ ქალაქში არ ცხოვრობთ“? – გაისმა დარბაზიდან რეპლიკები.

„მე მზად ვარ ჩავერთო ამ პროცესში, როგორც მოხალისე და ერთად ვნახოთ მაშინ, რა ხდება საბავშვო ბაღებში…“ – გამოსავალი შესთავაზა მერიის წარმომადგენლებს მოქალაქემ და დასძინა: „თქვენ ხომ ბიუჯეტზე გვესაუბრებით? ბიუჯეტი ხომ ჩვენი შრომის ნაწილია? იმედია, კეთილსინდისიერად მოახმართ ამას მოსახლეობას“.

კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ მოქალაქეებს განუმარტა, რომ საუბარია მე-14 საბავშვო ბაღზე, რომელიც ავარიულია და პროექტის შესაბამისად საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დაიწყო.

„ბაღის მშენებლობა როგორ წარმოგიდგენიათ, 2 და 3 თვეში ბაღი დაიდგას?“ – თქვა სერგი კაკაბაძემ და მერე ჩამოთვალა, სად აშენდა წელს 3 ახალი ბაღი, სამიც გაისად აშენდებაო.

„ბაგრატიონის ქუჩაზე გავხსენით იდეალური ბაღი, ქალაქის მასშტაბით კი არა, ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ლამაზი ბაღი 7 ათას კვადრატზე გაშენებული, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, ლერმონტოვზე გავხსენით, ჩაქვში გავხსენით… ერთ ბავშვზე, ქალბატონო, რომ აგიხსნათ, კანონმდებლობა იცავს ამ ნორმატივს, 25 კვადრატული მეტრი უნდა იყოს…“, – ჰყვებოდა სერგი კაკაბაძემ, თუმცა დარბაზში უკვე იმდენი კაცი გამოხატავდა რეპლიკას, მერიის წარმომადგენელმა პაუზის გამოყენება არჩია.

„ამდენი თუ აშენდა, 50 ბავშვი რატომ ზის ერთ ჯგუფში?“ – ჩააცივდა მერიის თანამდებობის პირს მანანა ხაბაძე.

„ნამდვილად არის ეს მოთხოვნა… არის ავარიულობის შემთხვევა და იქ კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს… ჩვენ ამ პრობლემის შესახებ შესაბამის პასუხისმგებელ პირს მივაწვდით,“ – მიმართა შეხვედრის მონაწილეებს ბათუმის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა, გიორგი სურმანიძემ.

„ჩემ ქუჩაზე, ლორიას ქუჩის და აბუსერისძის კვეთაში რომ სკვერი კეთილმოეწყო და ფანტანი გაკეთდა 6 წლის წინ, 110 ათასი ლარი დაიხარჯა, როგორც ვიცი. ერთი დღეც არ უმუშავია ამ ფანტანს,“ – უკანა რიგებიდან წამოდგა მერაბ ცინცაძე.

„მოვიდნენ, დენი არ არის მიერთებულიო, მერე წყლის ხალხი მოვიდა, დენი არ ყოფილაო. ხომ შეიძლება ამის მოწესრიგება?“ – იკითხა მოქალაქემ.

„შეცდომაში შეგყავთ მოსახლეობა,“ – კრიტიკულად განწყობილ ამ მოქალაქესაც იგივე გაუმეორა სერგი კაკაბაძემ, კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, „კომპანიამ გააკეთა თავისი ხარჯებით“, – თქვა მან.

სერგი კაკაბაძის თქმით, ამ შადრევანში ბიუჯეტის თანხა არ გადახდილა და „ეს კომპანიამ საჩუქრად გააკეთა“.

ეს იყო საჩუქარი, თუ კომპანიის ვალდებულება კონკრეტული სარგებლის მიღების სანაცვლოდ? – საკითხის დაზუსტება იქვე ვთხოვეთ მერიის წარმომადგენელს.

„ვალდებულება აუცილებლად ექნებოდა. დავუკავშირდებით ჩვენ ამ კომპანიას,“ – განაცხადა სერგი კაკაბაძემ.

მერაბ ცინცაძე

„ამ პრობლემებით უნდა მიმართოთ მერიის შესაბამის წარმომადგენლებს. ჩვენ ვართ სამსახურების უფროსები და ყველა ნიუანსზე ვერ გაგცემთ პასუხს,“ – დისკუსიაში სოფიო მიქელაძე ჩაერთო, ის ბათუმის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსია. მან ამ სამსახურის პროგრამები აღწერა და იმასაც გაუსვა ხაზი, სხვა ქალაქებიდან ბათუმში სპეციალურად ეწერებიან, ჩვენი პროგრამებით რომ ისარგებლონო.

„გვაქვს მაღალტექნოლოგიური კვლევების თანადაფინანსება, ასევე, მაგალითად, დავაფინანსეთ  ჩხირები, რომლითაც შაქრის შემცველობა დგინდება, თუმცა ეს იქნება მოწყვლადი ჯგუფებისთვის, შშმ პირები, ან სოციალურად დაუცველი ოჯახები… ყველასთვის ეს პროგრამები ვერ იქნება. შესაძლოა, ერთთვიანი წყვეტა გვქონდეს რომელიმე პროგრამაზე, რაზეც დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ შევიტანოთ ცვლილებები,“ – მიმართა შეხვედრის მონაწილეებს სოფიო მიქელაძემ.

„ნამდვილად შესატანია ცვლილებები,“ – სიტყვა შეაწყვეტინა მერიის სამსახურის უფროსს მოქალაქე შორენა მიქაძემ, ისიც ამხანაგობის თავმჯდომარეა.

„მარტოხელა დედა ვარ, ვეტერანი, ობლებს ვზრდი, მრავალშვილიანი დედაც ვარ. მე ბათუმის მერია თვეში მხოლოდ 100 ლარს მიხდის. ეს ერთი სადილის ფულია ალბათ…“ – უხერხული პაუზა ჩამოვარდა მოქალაქის ამ მიმართვის შემდეგ.

სოფიო მიქელაძე დაინტერესდა, რატომ იღებს ქალი მხოლოდ 100 ლარს. გაირკვა, რომ შორენა მიქაძის უფროსი შვილი უკვე სრულწლოვანია და ის სტუდენტი გახდა.

„სწორად გამიგეთ, ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლები ვართ… მარჩენალდაკარგულებს უკვე მიენიჭათ მარტოხელა დედის სტატუსი,“ – აღნიშნა სოფიო მიქელაძემ.

„ვიდრე სრულწლოვანი გახდებოდა ჩემი შვილი, წელიწადში მხოლოდ 1000 ლარს ვიღებდი 5 შვილზე… კარგად ვიცი მერიის პროგრამები, მისახედია, ვფიქრობ,“ – მიმართა მერიის წარმომადგენლებს შორენა მიქაძემ.

„მიმაჩნია, რომ ფინანსურ დახმარებაზე მეტად უმჯობესია, სხვა დახმარება იყოს, მაგალითად, რომ დასაქმდეს ადამიანი,“ – თქვა სოფიო მიქელაძემ.

„ვინ დასაქმდეს, არასრულწლოვანია ჩემი შვილები… უფროსი სტუდენტია, უფრო საზრუნავია ახლა,“ – თქვა მარტოხელა დედამ.

ბათუმის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: