საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება – ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრაში, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა ოთხშაბათს, 26 ივნისს, გელზერკინხენში, „ არენა აუფშალკეზე“ შედგება. მატჩი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებს საქართველოს ნაკრები ერთხელ, 2008 წელს ამხანაგურ შეხვედრაში ეთამაშა და მაშინ მატჩი პორტუგალიელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ორი ტურის შემდეგ ჯგუფს პორტუგალიის ნაკრები ლიდერობს ორი მოგებით და 6 ქულით. მეორე ადგილზე 3 ქულით თურქეთია. მესამე ადგილს, 1 ქულით და ბურთების უკეთესი შეფარდებით ჩეხეთის ეროვნული ნაკრები იჭერს. ხოლო, ასევე ერთ ქულიანი საქართველო შესაბამისად მე-4 ადგილზეა ჯგუფში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-3 ტურის წინ 1 ქულით F ჯგუფის ბოლო ადგილზეა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს მაინც ინარჩუნებს

ნახეთ რა სცენარები არსებობს იმისა რომ საქართველო ჯგუფიდან გავიდეს :

სცენარები: რა შემთხვევაში გავა საქართველო ჯგუფიდან

  • მოკლედ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შესახებ

პორტუგალიის ეროვნული გუნდი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. გუნდში თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი თამაშობს. ფიფას რეიტინგში პორტუგალიის ეროვნული გუნდი მე-6 ადგილზეა.

ცნობილი საფეხბურთო საიტის, „ტრასფერმარკტის“ ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებების რეიტინგში მესამეა და მისი ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 1,05 მილიარდი დოლარია. ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მილანის ფეხბურთელი რაფაელ ლეაუა, რომლის ფასიც იმავე „ტრანსფერმარკტის“ მონაცემებით 90 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ ლეაუ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ორ თამაშში მიღებული ყვითელი ბარათების გამო საქართველოსთან შეხვედრას გამოტოვებს.

მეორე ტურის მატჩის მოგების შემდეგ, რომელიც თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დიდი ანგარიშით 3-0 მოიგო პორტუგალიამ და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა, მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა განაცხადა რომ შემადგენლობას გადაახალისებდა და გუნდში არსებულ სხვა ფეხბურთელებს მისცემდა თავის გამოჩენის შანსს.

CNN Portugal -ის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების ვარჯიშზე ეროვნული გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრი, ნუნო მენდეში მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა – მან დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშა. მცირე ტრავმა აქვთ ასევე დიოგოს ჟოტას და გონსალო რამოშს, რომლებსაც კუნთი აქვთ დაჭიმული.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოთარ კიტეიშვილმა ნაკრების შემადგენლობასთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და ხვალ ის ითამაშებს.

პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები EURO 2016-ის გამარჯვებულია.

საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 26 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან შეგიძლიათ უყუროთ.

მთავარი ფოტო: nakrebi.ge

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე ხვალ, 26 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან, სხვებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ.

ბათუმის მერიის ცნობით, ლედმონიტორები ბათუმის სტადიონთან [„აჭარაბეთ არენა“] და ანბანის კოშკთანაა მოწყობილი.

26 ივნისს, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩის ნახვას აქვე შეძლებთ.

ლედმონიტორები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჩემპიონატის დასრულებამდე მითითებულ ადგილებში დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-3 ტურის წინ 1 ქულით F ჯგუფის ბოლო ადგილზეა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს მაინც ინარჩუნებს.

ნახეთ რა სცენარები არსებობს იმისა რომ საქართველო ჯგუფიდან გავიდეს:

საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება – ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრა

 

საჯარო მოხელეთა ხელფასებში 69 მილიონი ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში 2023 წელს 69 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 13,2 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე 2022 წელს.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა [სსიპ] და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში [ააიპ] დასაქმებულთა ხელფასებში 2023 წელს:

  • უშუალოდ შრომის ანაზღაურების მუხლით დაიხარჯა 52 235 700 ლარი, რაც 9 921 300 ლარით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს,
  • ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურებაში დაიხარჯა 16 837 800 ლარი, რაც 3 294 500 ლარით აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს.

რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის უმაღლეს საბჭოს რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ „ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ“.

აღნიშნული ინფორმაციის არარსებობის გამო კი, როგორც აუდიტი აცხადებს, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად შესაბამისად და ადეკვატურად იქნა გაცემული ხელფასები საჯარო უწყებებში.

„მიზანშეწონილია, რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წარმოდგენილი იქნეს ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შესახებ, დასაქმების ტიპის მიხედვით, რაც შესაძლებელს გახდის სხვადასხვა ფუნქციის მქონე თანამშრომლების რაოდენობების კანონმდებლობით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობის ანგარიშგებას“ – აცხადებს აუდიტი.

აჭარის ბიუჯეტიდან გაცემული ხელფასები

აჭარის ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში გაცემული თანხები / წყარო: აუდიტი

2 კაპიტანი ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვეს

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, ბათუმში დააჯილდოვეს საზღვაო სფეროსთან დაკავშირებული პირები.

საზღვაო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ:

  • ლალი ხვედელიძე
  • ანზორ დიასამიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი
  • ილგარ ალი ზადე
  • არჩილ ინასარიძე, შორეული ნაოსნობის კაპიტანი
  • ალი სარიშვილი, უფროსი მექანიკოსი
  • ანატოლი სიხარულიძე, უფროსი მექანიკოსი
  • სოსლან ჩხაიძე
  • ეკა ბარამიძე

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული ნაოსნობის ორ ქართველ კაპიტანს.

არქიმანდრიტი ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 2015 წლის 28 დეკემბერს დაიღუპა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, საქართველოს რვა მოქალაქე. ილია კარტოზიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს, ვაჟა ჯანგველაძეს.

2024 წლის 20 იანვრის ღამეს ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემს კუნძულ კრეტასთან სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა. ადამიანები შველას ითხოვდნენ. ქართველი კაპიტნის მეთაურობით დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომლის შედეგადაც 34 ადამიანი გადაურჩა ზღვაში დაღუპვას.

ილია კარტოზიას ჯილდო გადაეცა შორეული ნაოსნობის კაპიტანს, ალექსანდრე სურმანიძეს.

2023 წლის 28 აგვისტოს კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში მოდრეიფე ნავზე მყოფი ადამიანები შენიშნა. მიგრანტები მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, ამინდი გაუარესდა და დინებამ ნავი სხვა მხარეს გაიტაცა. ქართველმა მეზღვაურებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 10 ადამიანი გადაარჩინეს.

ასევე, დღეს დაასახელეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კეთილი ნების საზღვაო ელჩების ვინაობა. კეთილი ნების ელჩები გახდნენ შორეული ნაოსნობის კაპიტნები: გიორგი ოვჩრენკო და მამუკა კუნჭულია.

დაჯილდოებულთა ფოტოები:

 

საქართველოში 18 ათასი მეზღვაურია – ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

დღეს, 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საქართველოში 18 ათასზე მეტი მეზღვაურია – ეს რიცხვი დასახელდა დღეს, ბათუმში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებიან. აქვე ითქვა, რომ ქართველ მეზღვაურებს 74 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება და ეს რიცხვი იზრდება.

დღეს სააგენტო დააჯილდოებს საზღვაო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც  საზღვაო დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 25 ივნისი მეზღვაურთა დღედ 2011 წელს გამოაცხადა.

ბათუმში მეზღვაურთა დღეს აღნიშნავენ / 25.06.2024

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 536 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 8 035 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 15 431 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 14 281 ერთეული [+35]
  • MLRS – 1 108 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 863 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 413 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 324 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 362 ერთეული [+58]
  • სპეცტექნიკა – 2 403 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 566 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 423 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 348 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 856 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 924 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკში ორი „ისკანდერი“ გაისროლა – 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით – დაიჭრა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა საარჩევნო გარემოს შესახებ იმსჯელეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრა სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან და მის წარმომადგენლებთან დღეს გამართა.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

„ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, თითქოს საარჩევნო ადმინისტრატორებზე ზეწოლა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ როდესაც ჯანსაღი საარჩევნო გარემო თავის მხრივ მშვიდ და თავისუფალ გარემოში საქმიანობის წარმართვაში მდგომარეობს. განვიხილეთ ყველა ის შემთხვევა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ განვლილი პერიოდის განმავლობაში გამოავლინა. ვიმსჯელეთ იმ საკომუნიკაციო არხის ფორმირებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ასეთი შემთხვევების პრევენციას, მეორე მხრივ კი კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებას ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევა, ამაზე საუბარია არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში, მათ შორის საერთაშორისო აიდეას დოკუმენტში, (International Idea) სადაც აღნიშნულია რომ 53 გამოკითხული ქვეყნიდან 92 %-ის შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციები იყვნენ მსხვერპლი ცილისწამების, სიძულვილის ენის, ზეწოლის, ცრუ და დეზინფორმაციული საინფორმაციო კამპანიების. ჩვენ გვმართებს შევქმნათ გარკვეული მინიმალური გარანტიები თანამშრომლებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ საქმიანობას თავისუფალ და მშვიდ გარემოში, მაღალ პროფესიულ დონეზე“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოახლოვდა არჩევნები და არჩევნების პერიოდში – როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს და შემდგომ, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველის აპარატს კოორდინაცია ჰქონდეს ცესკოსთან, რადგან იმ სავარაუდო დარღვევებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას, ჩვენ გვქონდეს დროული რეაგირების შესაძლებლობა, მივიღოთ დროული ინფორმაცია. შევთანხმდით ასეთი საკომუნიკაციო არხის შექმნაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმ ახალ ტექნოლოგიებზე, რომლის გამოყენებითაც ჩატარდება არჩევნები და ამ მიმართულებითაც ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა, რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ უნდა მისცეს ხმა“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას, ასევე, დაესწრნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნოდარ მელაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე, წარმომადგენლები ლიკა წიკლაური და ნინო ათაბეგაშვილი.

პარაშუტით აფრენა 100-150 ლარი ღირს – რა დაგიჯდებათ წელს პლაჟზე დასვენება ბათუმში

„გასული წლის ივნისში სიცივე იყო ამ დროს და ამაზე მეტი ხალხი გვყავდა, წელს ნაკლებია ხალხი, ფასები იგივეა“ – ამბობს კახა, რომელიც ბათუმის სანაპიროზე წელსაც შეზლონგებს აქირავებს.

ზაფხული მოვიდა და პლაჟზე იჯარით მოსარგებლეებმა ისევ ჩაამწკრივეს შეზლონგები. წელსაც რთულია შეზლონგებს აუარო გვერდი და კომფორტულად წამოწვე სანაპიროზე.

იახტკლუბშიც მზად არიან ტურისტების მისაღებად. ბათუმის ბულვარს თუ დაუყვებით იახტკლუბისკენ, შეგაჩერებენ და, მაგალითად, პარაშუტით აფრენასაც შემოგთავაზებენ 150 ლარად.

ბათუმის პლაჟი დღეს, 24 ივნისს
დამსვენებლების დიდი ნაწილი ზღვასთან ახლოს ყოფნას ამჯობინებს შეზლონგით, ან მის გარეშე

შეზლონგის ფასები არ გაზრდილა – მთელი დღით აიღებ, თუ ერთი საათით, ფასი მაინც 5 ლარიაო – გვიხსნის კახა და ხელით გვანიშნებს მოპირდაპირე მხარეს ჩამწკრივებულ, ე.წ. ბადეებიან შეზლონგებზე, ის შეზლონგები 10-10 ლარად ქირავდებაო.

5 ლარი ღირს ქოლგაც.

შეზლონგის გამქირავებლები ადასტურებენ იჯარით პლაჟის გაცემის წესებს – ზღვასთან ახლოს და პლაჟზე თავისუფლად უნდა შეძლოს მოთავსება დამსვენებელმა ისე, რომ შეზლონგებმა არ ხელი შეუშალოს.

„ასეცაა, ვიცავთ წესებს, მაგრამ ზოგიერთი რომ აიღებს შეზლონგს, მერე ზღვასთან ახლოს ჩააქვს, ვერ ეტყვი რამეს,“ – ამატებს შეზლონგის კიდევ ერთი გამქირავებელი.

იჯარით კონკრეტულ პირებზე გადაცემული პლაჟის ნაკვეთებისგან განსხვავებით, შეზლონგი და ქოლგაც ბევრად ძვირი დაგიჯდებათ ძვირადღირებული სასტუმროების ფასიან პლაჟზე.

ერთი საათით საპის დაქირავება 30 ლარია. თუ ცოტას დროს გადააშორებთ, არა უშავსო – გვიხსნის გამქირავებელი.

იახტკლუბშიც გვითხრეს, რომ მომსახურება არ გაძვირებულა, თუმცა „ბათუმელები“ 2023 წლის ზაფხულში წერდა, რომ, მაგალითად, კატერით ბათუმის ზღვის სანაპიროზე ნახევარი საათით გასეირნება 100-150 ლარი დაგიჯდებოდათ.

„200 ლარი ნახევარი საათი,“ – მოკლედ მოგვიჭრეს წელს კატერის გამქირავებლებმა. სკუტერით ბათუმის ზღვაში სულ რაღაც 10 წუთით გასვლა კი 100 ლარი დაგიჯდებათ.

იახტკლუბი
ამ ზაფხულს პარაშუტით სარგებლობა არ გაძვირებულა: „150 ლარია ერთი აფრენა, დაახლოებით 10 წუთი გამოდის, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი 100 ლარია. გასულ წელსაც ეს ფასი გვქონდა,“ – გვითხრეს პარაშუტის გამქირავებლებმა
მომხმარებლების ნაკლებობას ელექტრო მოპედის მფლობელები არ უჩივიან. ელექტრომოპედით ბათუმის ბულვარში სეირნობა საათი 40 ლარია.
ყველაზე იაფი ველოსიპედია დაქირავებაა – საათი 15 ლარი. ანბანის კოშკთან შესაძლებელია ელექტრონული ველოსიპედის დაქირავებაც 30 ლარად.

გაძვირდება თუ არა პლაჟის ინფრასტრუქტურის ეს ფასები ივლისსა და აგვისტოში, როცა ზღვაზე ყველაზე მეტი დამსვენებელია? – „ასე თუ გაგრძელდება, შეიძლება, დაკლება მოგვიწიოს, ნაკლებია ხალხი,“ – წუხან ბათუმის სანაპიროზე.

ქედაში ტრაილერი მსუბუქ მანქანას შეეჯახა – არის მსხვერპლი

ბათუმი- ახალციხის მაგისტრალზე, კერძოდ ქედის გზის მონაკვეთში ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

რა გახდა ავარიის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

კაზინოებიდან 8,5 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში – I კვარტალი

ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში პირველ კვარტალში სათამაშო ბიზნესიდან 16,6 მილიონი ლარი შევიდა. აქედან 8,5 მილიონი ლარი უშუალოდ კლუბისა და კაზინოს [სამორინეს] მაგიდიდან.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ბათუმში [2024 წლის 24 ივნისის მდგომარეობით] 15 კაზინო მუშაობს. აქედან 2 კაზინოზე ნებართვა 2024 წლის აპრილშია გაცემული, ერთზე კი – ამავე წლის თებერვალში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 2024 წლის პირველ კვარტალში [იანვარი-აპრილი] ჯამში 16 668 000 ლარი შეადგინა, რაც, მერიის განმარტებით, კვარტალური გეგმის 128,2 პროცენტია.

აქედან:

  • სათამაშო აპარატებიდან – 7 623 500 ლარი
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან – 300 000 ლარი
  • წამახალისებელი გათამაშებიდან – 153 100 ლარი
  • სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი [კლუბის მაგიდიდან და სამორინეს მაგიდიდან] – 8 591 400ლარი

ზოგადად შემოსულობების ნაწილში ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტი პირველ კვარტალში 82 პროცენტით შესრულდა.

„შემოსულობებიდან გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე მოდის 15 155 400 ლარი; გრანტებისა და ფინანსური დახმარების სახით მიღებულ შემოსავლებზე – 13 315 400 ლარი; სხვა [არასაგადასახადო] შემოსავლებზე – 24 022 900 ლარი და არაფინანსური აქტივების კლებაზე [ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებულ შემოსულობაზე] – 620 200 ლარი“ – აღნიშნულია მერიის დოკუმენტში.

მერიის ინფორმაციითვე სანქციების [ჯარიმები და საურავები] სახით ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტში პირველ კვარტალში მობილიზებულია 3 360 800 ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის [1 900 000 ლარის] 176.9 პროცენტია.

გასულ, 2023 წელს კი, ქალაქის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 62 070 200 ლარი შევიდა. მათ შორის:

  • სათამაშო აპარატებიდან – 29 968 300 ლარი;
  • წამახალისებელი გათამაშებიდან – 439 200 ლარი;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან – 300 000 ლარი;
  • სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი [კლუბის მაგიდიდან და სამორინეს მაგიდიდან] – 31 362 600 ლარი

 

გერმანიის მატარებლებში ლუდის და ძეხვეულის გაყიდვები გაიზარდა ჩემპიონატის ფონზე – მედია

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატმა ფეხბურთში მატარებლის ბილეთების და ასევე, ადგილობრივ მატარებლებში ლუდის გაყიდვების ზრდა გამოიწვია – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს Deutsche Bahn-ზე [გერმანიის სატრანსპორტო ჯგუფი] დაყრდნობით.

14-დან 19 ივნისამდე, Deutsche Bahn-ის მატარებლებში გაიყიდა 44,558 ლიტრი ლუდი – დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ იყიდება ექვს დღეში. გაიზარდა მოთხოვნა საჭმელსა და გამაგრილებელ სასმელებზეც. ამავე პერიოდში ტრადიციული გერმანული ძეხვეული ჩვეულებრივზე 63 პროცენტით მეტი გაიყიდა.

Deutsche Bahn-ი ასევე აცხადებს, რომ გერმანიაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ექვს დღეში ჩქაროსნულმა მატარებლებმა გადაიყვანა 3 მილიონზე მეტი მგზავრი, მათ შორის ასობით ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი. მატჩის დღეებში კომპანია დამატებით რეისებს სთავაზობს მგზავრებს.

ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობა, Deutsche Bahn-ის მიხედვით, ბერლინში ჩადის. ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილზე არიან მაინის ფრანკფურტი და მიუნხენი.

Deutsche Bahn-ის მომსახურებით სარგებლობენ არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ ჩემპიონატში მონაწილე ზოგიერთი გუნდიც. DB-ის ცნობით, შვეიცარიისა და რუმინეთის გუნდებმა უკვე არაერთხელ იმოგზაურეს ქალაქიდან ქალაქში მატარებლებით.

ამავე დროს, გერმანული მედია წერს, რომ Deutsche Bahn-მა ვერ მოაგვარა დაგვიანებული მატარებლების პრობლემა და ფეხბურთის გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან გერმანული მატარებლების არაპუნქტუალურობით, რის გამოც ისინი ან მნიშვნელოვნად აგვიანებენ მატჩებზე, ან საერთოდ ტოვებენ თამაშებს.

შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების თანახმად, შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

„კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის: 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს“ – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს.

როგორ დახვრიტეს ძმები ჭედიები – სტალინური რეპრესიები

„ჩემს ბავშვობაში, როცა სკოლაში დავდიოდი, სკოლის ეზოში ბავშვებს გვავარჯიშებდნენ ხოლმე. მესამე კლასში ვიყავი ალბათ. ვარჯიშის დროს ბავშვების უკან ორი მასწავლებელი იდგა. ერთმა ჩემზე ანიშნა მეორეს და ჰკითხა – ეს ვერა გოგოლაძის შვილი არისო? კიო. მე გამიხარდა ეს რომ გავიგონე. და უცებ მასწავლებელი აგრძელებს – მაგათი მამა იყო, სამშობლოს ღალატის მუხლით რომ დახვრიტესო.

სახლში როგორც კი მივედი, ეს ამბავი მოვყევი. დედაჩემი კინაღამ მოკვდა. დაჯდა და შემეხვეწა – აღარასოდეს არ ახსენო ბაბუა და არც არავის არაფერი არ კითხოო,“ – ასე იხსენებს მრავალი წლის შემდეგ ქეთევან გოგოლაძე იმ დღეს, როცა პირველად შეეჯახა სტალინური რეპრესიების სისასტიკეს.

მოგვიანებით, როცა გაიზარდა და საკუთარი ოჯახის ისტორიის კვლევა დაიწყო, გაიგო, რომ მისი ბაბუა, ვიქტორ ჭედია, 1938 წლის 6 მაისს დახვრიტეს სტალინის მიერ ხელმოწერილი სიით. სტალინურ რეპრესიებს შეეწირა ბაბუას ძმა, ტარას ჭედიაც. შინსახკომის სამეულმა ძმებს დახვრეტის განაჩენი ბრალის დადასტურების და სასამართლოს გარეშე გამოუტანა.

ორივე მათგანი გაამართლეს სტალინის სიკვდილის შემდეგ. ოჯახს ცნობები გაუგზავნეს, რომ ძმები ჭედიები რეაბილიტირებულები არიან ბრალის დაუდასტურებლობის გამო.

  • ტარას ჭედიას დახვრეტის ამბავი

ტარას ჭედიას ახლობლები „ტელმაკს“ ეძახდნენ. ის 1896 წელს დაიბადა ლანჩხუთში. ტარასი სამხედრო პირი იყო. 19 წლის იყო, როცა ჯარში გაიწვიეს, ჯერ ბათუმში, შემდეგ კი – განჯაში, იქიდან სპარსეთის ფრონტზე გააგზავნეს, სადაც დაიჭრა.

1918 წელს ტარას ჭედია იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ. ბრძოლისას დაიჭრა. როგორც ოჯახმა საარქივო ცნობებით მოიძია, 1920 წლამდე თურმე ქუთაისის სამხედრო საავადმყოფოში მკურნალობდა. 1920 წელს ის ისევ ფრონტზე გაგზავნეს, ამჯერად დენიკინის წინააღმდეგ საბრძოლველად. როცა ფრონტიდან დაბრუნდა, თადარიგში გასულა და მუშაობა ბათუმის ნავსადგურში დაუწყია დაცვის უფროსად. 1937 წლამდე სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, როგორც ომის პენსიონერი.

„მაქვს 1937 წლის 2 ნოემბრის ოქმი. ეს ოქმი გვაუწყებს, რომ ტარას ჭედია დააპატიმრეს. ბრალის მიხედვით „მონაწილეობდა კონტრრევოლუციურ მოძრაობაში. წერია, რომ თითქოს ის ამზადებდა შეიარაღებულ თავდასხმას და იყო არალეგალური პარტიების წევრი. ოქმშივე წერია, რომ ბრალდებული უარყოფდა ყველა ბრალდებას. ასევე საბუთებში ჩანს, რომ ვინმე ერმალო ჩახვაძე დებს ბრალს და იქვე, მისი თანდასწრებით უდგება პირში,“ – გვიყვება ქეთევან გოგოლაძე.

მიუხედავად ბრალდებისა და ბრალმდებლებისა, ტარას ჭედიას არ უღიარებია ის, რაშიც ბრალს დებდნენ. დახვრეტის განაჩენი მას გამოუტანა ე.წ. სამეულმა.

ტარას ჭედიას დაპატიმრების მერე მეუღლე და სამი შვილი დარჩა. როგორც ქეთევან გოგოლაძე იხსენებს, ჭედიების ოჯახი სასტიკი სიღარიბის წინაშე მარტო აღმოჩნდა, თუმცა იმდენი შეძლეს, რომ ყველამ კარგი განათლება მიიღო.

სტალინის სიკვდილის შემდეგ ტარას ჭედია რეაბილიტირებულად ცნეს.

ტარას ჭედია
  • ვიქტორ ჭედიას დახვრეტის ამბავი

ბაბუის ამბის მოყოლამდე ქეთევან გოგოლაძე მისი რეაბილიტაციის ცნობას კითხულობს და ამბობს, რომ 1956 წლამდე, სანამ რეაბილიტაციის შესახებ გახდებოდა ცნობილი, მისმა ოჯახმა მძიმე დღეები გამოიარა.

ქეთევანს უფროსი დები ჰყავდა, რომლებიც თავიდან ყველანაირად ცდილობდნენ უმცროსი დისთვის დაემალათ ბაბუას ამბავი. „ეშინოდათ, ბავშვს სადმე რამე არ მეთქვაო“, – იხსენებს ქეთევან გოგოლაძე.

როცა წამოიზარდა, მრავალი საათი გაატარა არქივებში და იპოვა თითქმის ყველა შემორჩენილი დოკუმენტი, რომელიც ბაბუას ეხებოდა.

„გულახდილად რომ გითხრათ, მე ვეძებდი რამდენი ხანი იყო ცოცხალი, იმიტომ, რომ ვერაფრით ვერ გვეუბნებოდნენ გადაჭრით ამ თარიღს. ზოგი მეკითხება: რაო, არ იცოდნენ სახლიდან როდის წაიყვანესო?

საქმე იმაში იყო, რომ ასეთი წაყვანა მას ჰქონდა 1922-24 წლებშიც. მაშინ ეგონათ, რომ შეთქმულებაში მონაწილეობდა, მაგრამ იმის გამო, რომ არაფერში არ ერია, გაათავისუფლეს.

ამიტომ, ბათუმის ქალაქის სათათბიროში წარმოებული ოქმებით ვცდილობდით დადგენას, როდემდე იყო ბაბუა თანამდებობაზე,“ – გვიხსნის ქეთევან გოგოლაძე.

პირველი დოკუმენტი, რომელიც მან იპოვა, 1916 წლით თარიღდება.

„ეს არის ბათუმის გენერალ გუბერნატორისა და ქალაქის თავის, ე.მ. კრინიცკის მიერ 1916 წლის 16 ნოემბერს მოწვეული საგანგებო თათბირის ოქმები. კრებაზე განიხილებოდა ბათუმი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის გეგმა.

ამ რკინიგზის მშენებლობის საფუძვლის მოსამზადებლად ვიქტორ ჭედიას ევალებოდა თურქეთის შესაბამისი ინსტანციების წარმომადგენლებთან საქმიანი კონტაქტი. დედა და ბებია მიყვებოდა, რომ ბაბუა იმ პერიოდში ხშირად დადიოდა ტრაბზონში ამის გამო,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

ვიქტორ ჭედია

ვიქტორ ჭედიას შვილიშვილის თქმით, მის ბაბუას ახლო ურთიერთობა ჰქონდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან, ნოე ჟორდანიასთან და ნოე რამიშვილთან.

„ბებიაჩემი, ლიდა კალანდაძე მიყვებოდა, რომ სანამ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდოდა, ნოე ჟორდანიამ ურჩია ვიქტორს ემიგრაციაში წასვლა. ვიქტორს და ლიდას 7 შვილი ჰყავდათ, აქედან 4 შვილი იმ დროს უკვე დაოჯახებული იყო. ბაბუას შეეშინდა რეპრესიები არ დაეწყოთ მისი შვილების წინააღმდეგ, ამიტომ უარი თქვა საქართველოს დატოვებაზე და დარჩა,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

ვიქტორ ჭედია ხმოსანი იყო – ბათუმის ქალაქის საბჭოში ხმის უფლებით სარგებლობდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ქეთევან გოგოლაძემ არქივში იპოვა.

„ვიპოვე 1931 წლის 8 სექტემბრის ქალაქის საბჭოს პრეზიდიუმის სხდომის ოქმი, პრეზიდიუმის წევრი იყო ჭედია. მოხსენიებულია დოკუმენტში.

მაგალითად, 1933 წლის 28 დეკემბრის ოქმში ჩანს, რომ ბაბუა, ვიქტორ ჭედია დანიშნულია ქალაქის კეთილმოწყობის სამმართველოს სამსახურის უფროსად.

1935 წელს ბათუმის საქალაქო დეპუტატების კანდიდატების სიაა და 280-ე ნომრადაა ამ სიაში ჭედია.

არქივში ამიხსნეს, რომ დოკუმენტების დიდი ნაწილი გატანილი იყო. ეს დოკუმენტები, რომელიც მე მოვიპოვე, რაღაცნაირად შემორჩა.

ვიპოვე 1937 წლის 21 ივლისის ბათუმის საქალაქო სხდომის ოქმი. ამ ოქმის მიხედვით, გაათავისუფლეს ვიქტორ ჭედია ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან.

1937 წლის 27 ოქტომბრის ოქმიც გახდა ჩემთვის ხელმისაწვდომი. იქ უკვე ჭედიას სახელი აღარ ფიგურირებს. თან მარტო ბაბუა კი არ გაქრა ამ ოქმებიდან, არამედ ქალაქის საბჭოში მომუშავე სხვა ადამიანებიც,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

ძმები ჭედიების დახვრეტის ამბავი - ქეთევან გოგოლაძის მონათხრობი

  • ოფიციალური ბრალი

„მოვიპოვე დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილია ყველა ის ბრალდება, რომელიც ბაბუას წაუყენა საბჭოთა ხელისუფლებამ.

კერძოდ, ბრალად დასდეს, რომ იყო „აჭარის არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის კონტრრევოლუციური ცენტრის რეზერვის წევრი, იღებდა მონაწილეობას მითითებული ცენტრის სხდომებზე, გეგმავდა საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლის გეგმას. ცდილობდა დაემყარებინა კავშირი საქართველოს მენშევიკურ ცენტრთან, აჭარაში კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ჩავარდნის შემდეგ. დანაშაული ითვალისწინებს შემდეგ მუხლებს – 58-10 და 58-11. დაადგინეს – ვიქტორ იაგორის ძე ჭედია დაიხვრიტოს, მოხდეს მისი კუთვნილი ქონების კონფისკაცია.

თავმჯდომარე, გოგლიძე, წევრები – ტალახაძე, წერეთელი. სამეულის მდივანი მოროზოვი. განაჩენი მოყვანილია სისრულეში 1938 წლის 6 მაისს,“ – გვიკითხავს ვიქტორ ჭედიას ოფიციალურ ბრალს ქეთევან გოგოლაძე.

იგი ბრალდების ფურცლის გვერდით ინახავს დოკუმენტებში ვიქტორ ჭედიას რეაბილიტაციის ცნობას.

„აჭარის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმმა გადასინჯა საქმე ვიქტორ იაგორის ძე ჭედიას ბრალდებაზე. 1956 წლის 27 მარტის დადგენილებით, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის 1938 წლის 28 აპრილის დადგენილება ვიქტორ ჭედიას მიმართ გაუქმდა და საქმე წარმოებით მოისპო ბრალდების დაუდასტურებლობის გამო.

ვიქტორ იაგორის ძე ჭედია მთლიანად რეაბილიტირებულია,“ – წერია რეაბილიტაციის ცნობაში.

„ვერ ვიტყვი, რომ ყველა კადრულობდა რამე შეურაცხყოფა მოეყენებინათ ოჯახისთვის. მაგრამ ხომ იცით, მაინც არის ისეთი ადამიანი, რომელიც ირთობს ამაზე თავს. ამ ერთი ქაღალდით რეაბილიტაცია არამარტო ბაბუაჩემმა, არამედ მთელმა სანათესავომ მიიღო. ორივე შემთხვევაში, ბაბუას ძმა, ტარასიც რეაბილიტირებულია. ისინი არ იყვნენ დამნაშავეები, პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მათი სამშობლო, საქართველო ყოფილიყო უკეთესი,“ – ამბობს ქეთევან გოგოლაძე.

ვიქტორ ჭედიას ბრალდების და რეაბილიტაციის ცნობების ასლი

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა გარდაცვალების ცნობა მიიღო, სიკვდილამდე არ სჯეროდა ვიქტორის მეუღლეს, რომ მისი ქმარი დახვრიტეს.

„ისე გარდაიცვალა ბებია, ძალიან ხანდაზმული, სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ვიქტორი სადღაც არის გადასახლებული. ვერ იმეტებდა რომ [დახვრეტილი იყო]… არც ლაპარაკობდა ამაზე,“ – იხსენებს ქეთევან გოგოლაძე.

  • სტალინის შესახებ

ვიქტორ ჭედიას განაჩენი კი შინსახკომის სამეულმა გამოუტანა, მაგრამ ისინი სტალინის მითითებით მოქმედებდნენ.

1937 წელს, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირში რეპრესიები დაიწყო, სტალინი პერიოდულად აწერდა ხოლმე ხელს სიებს, რომელი სიებიც საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში იგზავნებოდა და შინსახკომის სამეულები ამ სიების საფუძველზე ხვრეტდა ხალხს.

სიას, რომელშიც ვიქტორ ჭედიას სახელი მოხვდა, 1938 წელის 19 აპრილს მოაწერა სტალინმა ხელი. ხელმოწერიდან მალევე, 6 მაისს, ვიქტორ ჭედია დახვრიტეს.

„ბაბუაჩემი რომ იყო, მე ის მტკივა, მაგრამ ნახეთ ვის კლავდა. ბაბუაჩემი, ბაბუა იყო და იმიტომ მტკივა მე, მაგრამ ჟენია მიქელაძეს რომ კლავ და მიხეილ ჯავახიშვილს, როგორ კლავ?!

ხშირად ისმება შეკითხვა, როგორი კაცი იყო სტალინი. ის იყო ძალიან ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ იყო თუ არა კეთილშობილი?

მსოფლიოს უნიჭიერესმა ხალხმა აღიარა, რომ იმას, რასაც საბჭოთა ქვეყანას უწოდებდნენ და საბჭოთა კავშირს, იყო ბოროტების იმპერია, რომელმაც მილიონობით ადამიანი გაანადგურა – ზოგი შიმშილით, ზოგი წამებით, ზოგი დახვრეტით.

როდესაც ბოროტების იმპერია იქმნება, შეიძლება ბოროტების იმპერიას კეთილშობილი ადამიანი მართავდეს?

იყო კეთილშობილი ლენინი?

იყო სტალინი კეთილშობილი?

დღევანდელ დღეს, იმით აღფრთოვანება, რომ სტალინმა ომი მოიგო… სტალინმა არ მოიგო. ომი მოიგო დამხმარე ანტანტამ, რომლებიც იყვნენ ევროპა და ამერიკა. ესენი რომ არ ჩართულიყვნენ ამ ომში, სტალინი გაწყვეტდა, დაჟლეტდა მთელ საბჭოთა კავშირს ბოლომდე, რასაც დღეს აკეთებს პუტინი. რა გააჩერებდა? რატომ გაჩერდებოდა?!”- სვამს კითხვას ქეთევან გოგოლაძე.

რუსეთმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკში ორი „ისკანდერი“ გაისროლა – 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით – დაიჭრა

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 34 დაიჭრა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკიზე რუსეთის თავდასხმის შედეგად.

ოფიციალური ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქში ორი „ისკანდერ-მ“ რაკეტა გაისროლეს, რის შედეგადაც ერთი კერძო სახლი დაინგრა და 16 შენობა დაზიანდა.

პოკროვსკი მდებარეობს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზთან.

რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი „ტელეგრამზე“ წერს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტრის თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბოლო დროს და მისი საბოლოო შედეგები ჯერ დადგენილი არ არის.

 

 

25 ივნისს გაავდრდება, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო და გავრცელებულ ინფორმაციაში აზუსტებს, რომ „საფრთხის დონე საშუალოა“.

ბათუმში ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს მკვლელობაში ბრალდებული – ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

ნაფიცმა მსაჯულებმა ბათუმში მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს. გამამართლებელი ვერდიქტი მსაჯულებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 23 ივნისს მიიღეს.

საუბარია გურიაში 2023 წლის 28 სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე. პროკურატურის ვერსიით,  23 წლის ავთანდილ სიხარულიძე დანით დაჭრეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. პროკურატურამ ამ საქმეზე ბრალი გარდაცვლილის თანასოფლელს, შოთა სიხარულიძეს წაუყენა. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდა.

მსაჯულებმა ბრალდებული ორივე მუხლში უდანაშაულოდ მიიჩნიეს, ის მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბრალდებულის ადვოკატების მტკიცებით, შოთა სიხარულიძე უდანაშაულოა, რადგან იგი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

„ვიდრე თვითონ დაარტყამდა დანას ავთანდილს, ავთანდილმა მას დანით ორი ჭრილობა მიაყენა. ეს აღნიშნულია დაკავების ოქმშიც, რომ მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა“, – ამბობდა ადვოკატი ზაზა პაპიძე სასამართლო განხილვის ეტაპზე.

ამ ვერსიას პროკურორი გამორიცხავდა. პროკურატურის მტკიცებით, დაზარალებულს ბრალდებული არ დაუჭრია და საქმე აუცილებელ მოგერიებასთან არ გვქონდა.

განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა არჩია, მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულებს ითხოვს. ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად არიდებს საქმე ნაფიც მსაჯულებს, რომ გამამართლებელი განაჩენი რისკი შეამციროს.

მაგალითად, მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი სულხანიშვილსაც რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები აურჩევია, მაგრამ მსაჯულების შერჩევის ეტაპზე პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და ბრალდებულს მკვლელობის ნაცვლად, ამჯერად მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს ბრალი, ამ მუხლით საქმეს კი მსაჯულები ვეღარ განიხილავენ.

ნაფიც მსაჯულებს ითხოვდა ზურაბ საღინაძეც, რომელიც „ბათუმში 16 წლის ლუკას ზღვაში დაღუპვის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დამნაშავედ ცნო. ზურაბ საღინაძეც მკვლელობის მცდელობის მუხლით გასამართლდა. მისმა ადვოკატმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა სარჩელი საკონსტიტუციოში ჯერ არ განუხილავთ. საკონსტიტუციო სარჩელში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვანის გარდაცვალების მიუხედავად, პროკურატურამ მას ბრალი მაინც დაუსრულებელი დანაშაულისთვის წარუდგინა, რომ ბრალდებულს ნაფიცი მსაჯულებისთვის ვერ მიემართა.

ამ თემაზე:

განზრახ მკვლელობა თუ მოგერიება – რა კითხვებს სვამენ ნაფიცი მსაჯულები ბათუმის სასამართლოში

 

ფეიერვერკმა ხანძარი გამოიწვია საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრაზე – დააკავეს 13 ადამიანი

საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრაზე ხანძარი გამოიწვია ფეიერვერკმა, რომელიც ჰიდრას სანაპიროსთან, კერძო იახტიდან გაისროლეს მგზავრებმა.

შემთხვევა პარასკევს, 21 ივნისს მოხდა.

გასროლილი ფეიერვერკის შედეგად სანაპიროსთან ახლოს მდებარე ტყეს ცეცხლი მოედო, მეხანძრეებისთვის რთულად მისადგომ ადგილას. ბერძენი მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას სანაპირო დაცვის გემებიდან ცდილობდნენ.

22 ივნისს საბერძნეთის პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა ხანძრის გაჩენის ბრალდებით.

ხმელთაშუა ზღვის რეგიონი, მათ შორის საბერძნეთის კუნძულები, განსაკუთრებით დაუცველია ტყის ხანძრებისგან ზაფხულში.

ბერძნული მედიის ცნობით, 21 ივნისს საბერძნეთში 45 ტყის ხანძარი გაჩნდა.

______________

ფოტოზე: ხანძარი კუნძულ ჰიდრაზე. ფოტო: Εποχικοί Πυροσβέστες/facebook

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 535 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 8 031 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 15 413 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 14 246 ერთეული [+51]
  • MLRS – 1 108 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 863 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 382 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 323 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 304 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 397 ერთეული [+20]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 487 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 416 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 348 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 825 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 893 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში 2 საბავშვო ბაღის ასაშენებლად 10 მილიონი ლარია გამოყოფილი

ბათუმში, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე ორი საბავშვო ბაღის აშენებაა დაგეგმილი.

ერთი ბაღი ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ, ხოლო მეორე – ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ უნდა ააშენონ.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბაღების ასაშენებლად ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული – 10 763 601 ლარით.

ადგილები სადაც საბავშვო ბაღები უნდა ააშენონ: 1 – ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ.  2 – ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ.

ტენდერს თან ახლავს პროექტები, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღები უნდა ააშენონ. შენობები ორსართულიანი იქნება. დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიის/ბაღის ეზოს კეთილმოწყობაც.

მესხის პირველ ჩიხში [მარცხნივ] და მუსხელიშვილის ქუჩაზე [მარჯვნივ] ასაშენებელი ბაღების რენდერები პროექტიდან
მერიის სააგენტომ, როგორც შესაბამის ოქმშია აღნიშნული, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრა.

„ამასთან, სატენდერო პირობების განსაზღვრის მიზნით, ბაზრის კვლევის განხორციელებასთან დაკავშირებით გამოყენებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის ანალიზი… რაც ადასტურებს, რომ ბაზარზე ოპერირებს მიმწოდებელთა საკმარისი რაოდენობა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დააკმაყოფილონ სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნები.“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

სამუშაოს შესრულების ვადა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდია.

ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ ასაშენებელი საბავშვო ბაღის რენდერი პროექტიდან

ამასთან, „შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 60 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საბოლოო ანგარიშსწორებამდე წარმოადგინოს ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულების 2,5%-ის ოდენობით.“

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს „2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, საქართველოს, ევროკავშირის (EU) ან OECD-ს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე [(EU) ან OECD-ს შემთხვევაში ჩაითვლება ყველა წევრი ქვეყნის ტერიტორია] შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობის/ნაგებობის მშენებლობის სამუშაოების [გამოცდილებაში არ ჩაითვლება გზების, ხიდების, გაბიონების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე არხების, ეზოების, ქუჩების მოწყობის/რეაბილიტაციის და მსგავსი სამუშაოები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სამუშაოები სხვა ძირითადი სამუშაოების თანმდევი სამუშაოებია] მიწოდება საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 მილიონი ლარის ოდენობით“;

პრეტენდენტს „2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ასევე სასწავლო დაწესებულების, ან/და სკოლამდელი ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 მილიონი ლარის ოდენობით“.

ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ ასაშენებელი საბავშვო ბაღის შენობის რენდერი პროექტიდან

გონიოში 2 კორპუსს და 38 სახლს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი აშენებს

ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში შემაღლებულ ფერდობზე, საიდანაც ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის მიხედვით კომპლექსი ორ თხუთმეტსართულიან მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებს და ის 2,5 ჰექტარ ფართობზე [25 773 კვ/მ] ტერასულად უნდა განლაგდეს.

პროექტის განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] მოცემული ინფორმაციით ამ პროექტიდან ბიზნესმენმა 18 მილიონი ლარი უნდა მოიგოს.

რენდერი
საპროექტო ტერიტორია ბათუმში, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალსოფლის დასახლებაში მდებარეობს

განაშენიანების დეტალური გეგმისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მიხედვით მრავალბინიანი კორპუსების ორ სართულზე პარკინგს მოაწყობენ, ერთ სართულზე ჰოლი და სავაჭრო სივრცეები განლაგდება, დარჩენილ 12 სართულზე კი საცხოვრებელი ბინები.

ორივე კორპუსში ჯამში 520 ბინა განთავსდება. 1300 კვ.მეტრი კი კომერციულ ფართობებს დაეთმობა. პროექტის მიხედვით კორპუსებს მიწისქვეშა პარკინგი ექნება, ჯამში 88 ავტომობილზე გათვლილი. ინდივიდუალური პარკინგის ადგილები ექნებათ დაბალ სახლებსაც.

ბათუმი, ახალისოფელი / ტერიტორიას მშენებლობისთვის უკვე ამზადებენ / 21.06.2024

შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ „ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენს, გია ჭყონიას ეკუთვნის. მასვე ეკუთვნის სამშენებლო ტერიტორია, რომელიც ტერასულ ფერდობზე, ზღვისა და მთის ხედებით ორ-ნახევარ ჰექტარს მოიცავს. ეს ახალი კომპანია ბიზნესმენს, რომელიც საერთო ჯამში 20-მდე კომპანიის მფლობელია, 2023 წლის მარტში დაუფუძნებია.

გია ჭყონია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი და ამ პარტიის მსხვილი შემწირველია. ის ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც 2022 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად იმყოფებოდა კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს ვიზიტი სწორედ ბათუმელმა ბიზნესმენებმა დააფინანასეს.

გიორგი ჭყონიას კომპანიები: შპს „გზა“, შპს „ბათუმი ცენტრალი“ და შპს „შატო კვირიკე“ აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღეს 335 მილიონ 638 ათას 719 ლარი.

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს. ბიზნესმენის საქმიანობაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ. 

2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პირადად გიორგი ჭყონიამ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 400 000 ლარზე მეტი შეწირა. 

ბათუმელი ბიზნესმენები მალიორკაზე – ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

„გონიო ლაქშერი რეზიდენსის“ პროექტის განაშენიანების დეტალურ გეგმაში, პროექტის ეკონომიკური გათვლაც არის მოცემული, რომლის მიხედვითაც მშენებლობის სავარაუდო ხარჯი 55 მილიონი ლარია, ხოლო სავარაუდო შემოსავალი 82 მილიონამდე ლარი. მოგება გადასახადების გამოკლებით კი, 18 მილიონი ლარი უნდა იყოს.

ამონარიდი განაშენიანების დეტალური გეგმიდან

მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა პროექტი ახალი შიდა გზების მოწყობასაც ითვალისწინებს. ამ გეგმით, საპროექტო ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 6 მეტრი სიგანის შიდა გზების და საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების მოწყობა.

რენდერი

ახალსოფლის ცენტრიდან სამშენებლო მიწის ნაკვეთამდე მანძილი დაახლოებით 650 მეტრია. კომპლექსი რელიეფურად გორაკიან ადგილზე შენდება და ახალსოფლის დასახლების ცენტრიდან სამშენებლო ტერიტორიამდე მისასვლელად ავგიის ქუჩისა და ავგიის პირველი ჩიხის საავტომობილო გზის გამოყენება იქნება საჭირო. ამ გზაზე ორმხრივი მოძრაობაა, თუმცა ის საკმაოდ ვიწრო გზაა იმისთვის, რომ აქტიურად მოძრავი ავტომობილები შეუფერხებლად გაატაროს.

განაშენიანების დეტალურ გეგმაში წერენ, რომ ობიექტის ეზოში სამოძრაო არეალი საშუალებას იძლევა ავტომობილების შეუფერხებელი გადაადგილებისათვის თითოეული ბლოკის მიმართულებით და „წარმოდგენილი სქემა ხელსაყრელია საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო სამაშველო ბრიგადების შეუფერხებელი გადაადგილებისათვის,“ თუმცა, იგივე დოკუმენტში ვკითხულობთ:

„დღევანდელი მოცემულობით როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში, ავტომანქანების რაოდენობის მატების ტენდენცია კვლავ გრძელდება, შესაბამისად მრავალბინიანი, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პირობებში აუცილებელია ავტომფლობელი მაცხოვრებლებისათვის და ასევე ვიზიტორებისათვის გათვალისწინებული იქნეს საპარკინგე სივრცის მოწყობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ავტომანქანების სიმრავლემ, საკვლევი ობიექტის მიმდებარე ქუჩებზე გამოიწვიოს ავტომანქანების ნაკადების მოძრაობის შეფერხება. აქედან გამომდინარე აუცილებლობას წარმოადგენს საკვლევ ობიექტს გააჩნდეს ინდივიდუალური მიწისქვეშა ან მიწისზედა ავტოპარკინგები.“

ხედი საპროექტო ტერიტორიიდან [ფოტოს უკანა ფონზე ჩანს ზღვა, გონიოს ყოფილი პოლიგონი, ჭოროხის დელტა და ბათუმი] / 21.06.2024
დოკუმენტების მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია ავტოსადგომების მოწყობა საცხოვრებელი ბლოკების შესაბამისად. მაგალითად: A ბლოკში 225 ბინაზე გათვალისწინებულია ორ დონეზე ავტომობილების 36 მიწისქვეშა სადგომი. B ბლოკში 295 ბინაზე, ასევე ორ დონეზე – 52 ავტოსადგომი. ინდივიდუალური კოტეჯების მაცხოვრებლებისათვის – მიწისზედა 38 ავტოსადგომი.

ასევე ობიექტის შიდა ტერიტორიაზე მოეწყობა 50 ერთეული მიწისზედა ავტოსადგომი. სულ ჯამში საპარკინგე ადგილების რაოდენობა შეადგენს 176 ერთეულს, რაც კომპანიის ინფორმაციით „სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებს“.

ანუ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ 176 ავტომანქანის ადგილი „სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნებს“ 520 ბინისთვის.

დოკუმენტებში წერენ ასევე, რომ სამშენებლო ტერიტორიის სატრანსპორტო პროექტით საცხოვრებელი კომპლექსისა და უბნისათვის დამატებითი შესავლელები და გამოსასვლელები გათვალისწინებულია ავგიის პირველი ჩიხიდან და მეფე მირიანის პირველი ჩიხიდან. გარდა ამისა, გეგმარებითი ერთეულის ტერიტორიის მხარეს საპროექტო მიწის ნაკვეთების გასწვრივ, დაგეგმილია გზის გაფართოება 6 მეტრ სიგანემდე.

„კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილი გზები ქმნიან ერთიან საგზაო ინფრასტრუქტურას არსებულ გზებთან, რითაც დამატებით ფაქტორი იქმნება და ჩიხური მონაკვეთი გადაიქცევა სრულყოფილ გზად. რაც არსებითად აუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას“ – წერენ დოკუმენტში.

რაც შეეხება გეოლოგიურ კვლევას, განაშენიანების დეტალურ გეგმაში მოცემული ინფორმაციით „სამშენებლო ტერიტორია მდგარადია და არ შედის სტიქიური პროცესების საშიშროების ზონაში; ასევე საკვლევ ტერიტორიაზე მცირეწყლიანი ღელე ჩაედინება“.

ამ ღელის კალაპოტი ერთ ადგილზე დღეს გამოთხრილი მიწითაა ნაწილობრივ ამოვსებული:

ღელე და გამოთხრილი მიწა საპროექტო ტერიტორიაზე

გდგ-ში ვკითხულობთ იმასაც, რომ კომპანიამ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობაც გამოჰკითხა, სულ 47 ადამიანი და მერიას აცნობა, რომ უმეტესობა მიესალმება პროექტის განხორციელებას.

კომპანიამ მერიას წარუდგინა ასვე ფოტომასალაც, რომლითაც აცნობა, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე საინფორმაციო დაფა ჰქონდა გამოკრული.

ამ ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცხადი ხდება, რამდენად აინტერესებს კომპანიას მიმდებარედ მცხოვრებთა მოსაზრებები, ან მერიას, რომელმაც საინფორმაციო დაფის ასე განთავსება მიზანშეწონილად მიიჩინა. ამაზე კითხვა არც საკრებულოში გასჩენიათ, მათ დოკუმენტი უპრობლემოდ დაამტკიცეს.

საინფორმაციო დაფა გდგ-ს შემუშავების თაობაზე
სამშენებლო ტერიტორიის ხედები გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მხრიდან / 21.06.2024

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივნისის 21 საათიდან 24 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი 
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 28 – 33 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 25 ივნისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 26 ივნისს დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 534 360 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
  • ტანკი – 8 019 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 15 398 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 14 195 ერთეული [+61]
  • MLRS – 1 108 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 863 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 355 ერთეული [+50]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 321 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 248 ერთეული [+44]
  • სპეცტექნიკა – 2 377 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 311 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 533 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 406 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 346 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 785 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 840 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმა დაფიქსირდა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში საქართველოს ნაკრების თამაშს ღია ცისქვეშ ორ ადგილას შეგიძლიათ უყუროთ

საქართველოს ნაკრების თამაშს ევროპის ჩემპიონატზე დღეს, 22 ივნისს, ბათუმში, ღია სივრცეში დამონტაჟებულ მონიტორთან, სხვებთან ერთად შეგიძლიათ უყუროთ.

ბათუმის მერიის ცნობით, ლედმონიტორები ბათუმის სტადიონთან [„აჭარაბეთ არენა“] და ანბანის კოშკთანაა მოწყობილი.

დღეს, 22 ივნისს, საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ნაკრებთან ითამაშებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ყველა სხვა მატჩის ნახვას აქვე შეძლებთ.

ლედმონიტორები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჩემპიონატის დასრულებამდე მითითებულ ადგილებში დარჩება.

ამავე თემაზე:

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრა შაბათს, 22 ივნისს, ჰამბურგში, „ვოლკსპარშტადიონზე“ შედგება.

საქართველოს ნაკრები შაბათს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება ევროპის ჩემპიონატზე

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 533 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 8 009 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 15 383 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 14 188 ერთეული [+28]
  • MLRS – 1 106 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 861 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 305 ერთეული [+15]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 302 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 204 ერთეული [+23]
  • სპეცტექნიკა – 2 369 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 236 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 531 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 399 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 346 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 745 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 779 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმა დაფიქსირდა

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ძველ ბათუმში 230 ათას დოლარად გვაქვს ყველაზე იაფი ბინა“ – ბათუმში ბინების გაყიდვა ჭირს, ფასი კი იზრდება

„ბინების გაყიდვებმა იკლო, მაგრამ მესაკუთრეებს ურჩევნიათ, დაელოდონ მყიდველს, ვიდრე ბინას ფასი დაუკლონ,“ – უძრავი ქონების ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი, თამთა წურწუმია გვიყვება, როგორ გაჭირდა ბინის გაყიდვა ბათუმში.

ბათუმში ბინების შეძენის მსურველებმა რომ იკლო, გამოჩნდა კვლევებშიც: საკონსულტაციო კომპანიის „გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, სადაც 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებია ასახული, ბათუმში ბინის გაყიდვის მაჩვენებელი წლიურად 22.8%-ით შემცირდა. ამავდროულად, ბინის ფასი ბათუმში იზრდება.

რატომ შემცირდა ბათუმში ბინების გაყიდვის მაჩვენებელი? – „ბათუმელები“ უძრავის ქონების რამდენიმე აგენტს, ასევე ბაზრის მკვლევარს ესაუბრა ამ თემაზე.

„დაიწია ნასყიდობაზე მოთხოვნამ, თუმცა მაღალი ფასებია საკმაოდ… ჩემი დაკვირვებით, შეძენის მსურველებმა იკლო უფრო იმიტომ, რომ რუსების ნაკადი გავიდა ქვეყნიდან, ან უკვე შეიძინეს ბინები. მათ ასევე შეიძინეს კომერციული ფართობები, იქვეა საცხოვრებელი ფართობებიც… შესაძლოა, რუსების მხრიდან არც შემცირებულა მოთხოვნა და მიდიან რუსებთან, რომლებიც უძრავი ქონების აგენტებად მუშაობენ.

გასული წლის ზამთრიდან მოყოლებული, გააქტიურებულია ებრაელების მოთხოვნა,“ – გვითხრა თამთა წურწუმიამ, სააგენტო „დისქავერ ბათუმი რეალტორის“ მენეჯერმა.

რა ღირს საშუალოდ ახალი ბინები ბათუმში 2024 წელს?

„ძველ ბათუმში 230 ათას დოლარად გვაქვს ყველაზე იაფი ბინა, 60 კვადრატია. დუმბაძის ქუჩაზე, ანუ ევროპის მოედანზე იგივე 60 კვადრატული მეტრი ბინა 275 ათასი დოლარია. „პორტა თაუერში“ 2 ათასი დოლარიდან იწყება კვადრატულის ღირებულება, ჟორდანიას ქუჩაზე – 1600 დოლარიდან. ახალ ბულვართან, ახლოს გააჩნია ბინის კეთილმოწყობას, ავეჯს ტოვებს თუ არა, ზღვასთან სიახლოვე, ასევე ჩიხია რეალურად, თუ ხედი არსებობს – 60 ათასი დოლარი ღირს საშუალოდ სტუდიოს ტიპის ბინა.

არგუმენტად მისახელებენ იმას, რომ ძველი ბათუმია და პრესტიჟული უბანი, ან ის, რომ მასაც სურს ახალი ბინა იყიდოს და თანხა არ ეყოფა. ურჩევნიათ გვიან გაყიდონ და ფასი არ დააკლონ,“ – გვითხრა თამთა წურწუმიამ.

„შემცირებულია ბინის ყიდვის მსურველი და ამავდროულად ფასები მომატებულია“, – ბათუმში ბინების გაყიდვის პრაქტიკაზე გვესაუბრა მაია აბესლამიძე-ცეცხლაძეც. იგი სააგენტო „ბათუმი ჰოუმის“ დამფუძნებელია.

„ჩემი აზრით, რაც აქციები დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ, ამან შექმნა დაბრკოლება, ბევრმა ჯავშნებიც გააუქმა. მეორე მიზეზი მგონია ფასების მატება – ძალიან გაძვირდა ჩვენთან საკვები, ხილი და ბოსტნეულიც.

ზოგადად ამ დროს ბინების გაყიდვა მცირდება. როცა მესაკუთრე ხედავს, რომ ბინა არ იყიდება, ურჩევნია, რომ გაყიდვა შეაჩეროს, იგივე ბინა გააქირაოს და დამატებით ფული გამოიმუშაოს. ზღვის სეზონის დასრულების შემდეგ გაყიდვები ისევ გააქტიურდება,“ – ამბობს მაია აბესლამიძე-ცეცხლაძე.

საქართველოს მოქალაქეებზე უფრო მეტ ბინას ბათუმში რუსები ყიდულობენ – ეს ტენდენცია კომპანიის „გალტ & თაგარტის“ კვლევაში გამოიკვეთა: 

„აჭარის უძრავი ქონების ბაზარზე 2023-24 წლებში საქართველოს მოქალაქეები მთლიანი გაყიდვების მხოლოდ 20%-ს შეადგენდნენ, ხოლო რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს 24% და 6%-იანი წილები ეკავათ. გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავდა მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან,“ – ვკითხულობთ „გალტ & თაგარტის“ კვლევაში.

ბინების შეძენის დროს საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილის შესახებ ინფორმაცია, როგორც საკონსულტაციო კომპანიაში გვითხრეს, ბათუმში მოქმედი 5 ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანიის 2023 და 2024 წლების გაყიდვების ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.

„ოკუპანტები რადგან არიან, არ გვაქვს უფლება, არ მივყიდოთ მათ ბინები, თუმცაღა სასურველი არაა, ჩემი აზრით, ამ რაოდენობის რუსების შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში. მცირერიცხოვანი ვართ რუსეთთან შედარებით,“ – გვეუბნება თამთა წურწუმია, „დისქავერ ბათუმი რეალტორის“ მენეჯერი, – „როცა ერთი ქვეყნიდან ნაკადი შემოედინება და ამ ბაზარზე ხდები დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ეს ცუდია. მეტი იქნებიან და ძალაც მეტი ექნებათ.

ზოგიერთი მესაკუთრე ამბობს, რომ არ სურს ბინა რუსებს მიაქირაოს, ან მიყიდოს, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია.

მეორე პრობლემაა ის, რომ რუსები და უკრაინელები თავად მუშაობენ უძრავი ქონების გაყიდვასა თუ გაქირავებაზე. ისინი საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლებს უფრო ენდობიან… ვფიქრობ, ეს სფერო ლიცენზირებადი უნდა გახდეს,“ – გვითხრა მან.

„2024 წლის I კვარტალში ბათუმში სულ 209.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა,“ – ვკითხულობთ „გალტ & თაგარტის“ კვლევაში.

ამ კვლევის მიხედვით, ბათუმში ერთი კვადრატული მეტრი ბინის საშუალო შეწონილი ფასი 2022 წელს 861 აშშ დოლარი იყო, 2023 წელს – 1167 აშშ დოლარი, 2024 წელს – 1316 აშშ დოლარი.

აჭარის სანაპირო ზოლში სად იყიდება ბინები ყველაზე ძვირად და აქტიურად? – „გალტ & თაგარტმა“ კვლევის ფარგლებში ბათუმში 5 ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანია გამოჰკითხა. კვლევის შედეგების მიხედვით, გაყიდვების სიმრავლის ჩამონათვალში ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაა – აქ 2024 წლის პირველ კვარტალში 1315 ბინა გაუყიდიათ, მაშინ როცა, მაგალითად, ძველ ბათუმში – 190, შიდა არეალში – 818, პერიფერიებში კი – 532.

ყველაზე ძვირი ბათუმში ბინა სანაპირო ხაზთან ახლოს [1 კვ.მ – 1994 აშშ დოლარი] და ძველ ბათუმში [1940 აშშ დოლარი] ღირს. გონიოსა და კვარიათში ბინების საშუალო შეწონილი ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში 1637 აშშ დოლარი იყო, ახალ ბულვარში – 1265 აშშ დოლარი, ქალაქი შიდა არეალში- 1110 აშშ დოლარი, პერიფერიებში – 1043 აშშ დოლარი.

კვლევით გამოიკვეთა ისიც, რომ მაშინ, როცა ბათუმში ბინების გაყიდვის მაჩვენებელმა იკლო, ბინების გაყიდვა ქობულეთში გააქტიურდა:

„2024 წლის I კვარტალში ქობულეთის უძრავი ქონების ბაზარზე 201 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 24.1%-იანი ზრდაა,“ – ვკითხულობთ „გალტ & თაგარტის“ კვლევაში.

კვლევის მონაცემებით, ქობულეთში 2024 წლის პირველ კვარტალში 201 ბინა გაიყიდა, ბინების საშუალო შეწონილი ფასი კი [1 კვ.მეტრის] 1200 აშშ დოლარია: „რაც პრემიუმ პროექტების ზრდითაა გამოწვეული. ასევე, უძრავი ქონების ბაზრის ზომა ქობულეთში წლიურად 19.5%-ით გაიზარდა და 11.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია,“ – ვკითხულობთ კვლევაში.

„მიწოდება ინაცვლებს ქობულეთისკენ“ – ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ახალ ტენდენციაზე საუბრობს ზუკა თავყელიშვილი, „გალტ & თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ბათუმში დეველოპერული მიწები უკვე საკმაოდ მწირია, ფაქტობრივია აღარ არის“ და დეველოპერებმა ჯერ გონიოსკენ და მახინჯაურისკენ, ამჯერად კი ქობულეთისა და შეკვეთილისკენაც გადაინაცვლეს.

ანალიტიკოსის თქმით, ბინების გაყიდვების შემცირება ბათუმში პირდაპირ უკავშირდება მიგრანტების ნაკადს რუსეთიდან.

„ბათუმის ბაზარზე 2020 წელს იყო კლება პანდემიის გამო, თუმცა 2021 წელს მალევე აღდგა გაყიდვები.

2022 წელს იყო ბუმი, რაც უკავშირდება მიგრანტების ჭარბ შემოსვლას. მოთხოვნა გაიზარდა 2022 წლის შემოდგომაზეც, როცა რუსეთში მობილიზაციის დროს მიგრაციის მეორე ტალღა ვიხილეთ. 2023 წელს კი მიგრანტებმა ეტაპობრივად დაიწყეს გადინება ქვეყნიდან. თუ 2022 წელს 17 ათასი ბინა გაიყიდა ბათუმში, 2023 წელს – 15 500-მდე შემცირდა ეს მაჩვენებელი. ეს არაბუნებრივი ზრდა გაიფილტრა, სტაბილურდება მოთხოვნა,“ – მიიჩნევს ზუკა თავყელიშვილი.

როგორ უნდა აიხსნას ის, რომ გაყიდვების რაოდენობა დაახლოებით 23%-ით შემცირდა, ამ დროს კი, ბათუმში ბინა ისევ ძვირდება? – ვკითხეთ ანალიტიკოსს.

„ძირითადად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის დეველოპერების ხარჯები – რა უჯდებათ მათ ერთი კვადრატული მეტრის აშენება.

მოგეხსენებათ, 2021 წლიდან დაიწყო სამშენებლო მასალების მკვეთრი ზრდა, საკმაოდ გაეზარდათ ხარჯები, რაც საბოლოოდ ითარგმნა უკვე გასაყიდ ფასებში. თავდაპირველად პანდემიის დროს გაიზარდა სამშენებლო მასალების ფასები, როცა მიწოდების ჯაჭვები მოირღვა. ბოლო ერთი წელია ჩანს და საქსტატიც აქვეყნებს ამ მონაცემებს, რომ ზოგადად სამშენებლო მასალების ფასი დასტაბილურდა. მთავარი გამოწვევა დეველოპერებისთვის ამჯერად არის მუშახელის სიმწირე – თვიდან თვემდე უძვირდებათ ხელფასების გამო ხარჯები. დეველოპერები პირველად გაყიდვებში [როცა დეველოპერებისგან ყიდულობს პირი ბინას და არა ფიზიკური პირისგან] ცენტრალიზებულად აწესებენ ფასებს.

თუ შევხედავთ ფასების ზრდის ტენდენციას, 2022 და 2023 წლებში იყო ფასების მკვეთრი ზრდის ტემპი, რაც ახლა შენელებულია. მცირედი ზრდა ახლაც არის, რადგან რეალურად ბაზარზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტები ქვეყნიდან გადიან,“ – გვითხრა ზუკა თავყელიშვილმა.

ანალიტიკოსი იმასაც შენიშნავს, რომ თბილისთან შედარებით, მაგალითად, ბათუმი სენსიტიურია მიგრანტების გადინებაზე.

„შესაბამისად, მიგრანტების გადინება ბევრად მძაფრად აისახა ბათუმზე, ვიდრე თბილისზე. თუ შევადარებთ, თბილისში უძრავი ქონების დაახლოებით 10-15 %-ს ყიდულობს უცხოელი, ბათუმში 50-60 %-ზე მეტია ეს მაჩვენებელი.

მოგეხსენებათ, რუსეთიდან მიგრანტები ძირითადად შემოვიდნენ ბათუმსა და თბილისში. ამან გაზარდა საინვესტიციო მიმზიდველობა და მოჰყვა გაყიდვების ზრდა“.

რა მასშტაბის შემცირებაა ბინების გაყიდვების მაჩვენებლის კლება 23%-ით? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბინები ბათუმში გაიაფდება? – ანალიტიკოსს ბინების გაიაფების მოლოდინი ნაკლებად აქვს, თუმცა შენიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ოქტომბრის არჩევნები და თანმდევი პროცესები.

„გააჩნია, პოლიტიკურად დატვირთული პერიოდი როგორ აისახება მოთხოვნაზე, თუ გაყიდვები შემცირდება, შესაძლოა, მცირედი კორექცია ვიხილოთ ბაზრის ფასებზე წლის ბოლომდე. პოლიტიკური პროცესები ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანია.

ქვეყნის შიდა სტაბილურობა როცა კითხვის ნიშნებს აჩენს, მნიშვნელოვანია ინვესტორისთვის. მყიდველი ამ დროს ფიქრობს, ხომ არ გადაავადოს შეძენა, რადგან ის ვერ ხედავს ზუსტად, რა შეიძლება მოხდეს. უძრავი ქონების შეძენას საკმაოდ მაღალი, 9-10% ამონაგები აქვს. ასე რომ, საინვესტიციო მიზნითაც ყიდულობენ ბინებს ბათუმში,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზუკა თავყელიშვილმა.

ვინ და რატომ ჩაშალა ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის 700 000-ლარიანი პროექტი

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის მშენებლობა ტურისტული პროდუქტების სააგენტომ 2022 წელს დაგეგმა. ჯერ პროექტი შეისყიდეს, შემდეგ კი შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადეს. შეარჩიეს გამარჯვებული კომპანიაც, თუმცა უშედეგოდ.

700 000 ლარის ღირებულების პროექტი იმის გამო ჩაიშალა, რომ სააგენტოს მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ჰქონდა დაგეგმილი, მისი გამოსყიდვა კი საჭირო დროს ვერ შეძლო.

ესკიზი

თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის მშენებლობის პროექტის განხორციელება სააგენტომ ღორჯომის ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმა. სატენდერო დოკუმენტებში წერდნენ, რომ ღორჯომის თემს და მიმდებარე სოფლებს საცხენოსნო ტურიზმის განვითარების უნიკალური ლანდშაფტი და პოტენციალი გააჩნია:

„ღორჯომის ხეობა არის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და ადათშემონახული, რომელსაც საცხენოსნო ტურიზმის განვითარების უნიკალური პოტენციალი გააჩნია. დღეს მხოლოდ ღორჯომის ხეობაშია შემორჩენილი ცხენის ყოლის ტრადიცია.

სწორედ ეს უნიკალური და ყველა ხეობისგან გამორჩეული მახასიათებელი თვისება ამ კონკრეტულ მიმართულებას განსაკუთრებულ დანიშნულებას სძენს, რაც დამატებით მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის, თუმცა ხეობაში ცხენის ყოლა, მისი მოვლა-პატრონობა ჯერ-ჯერობით ნაკლებად აღიქმება სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ ძალად. სწორედ ამიტომ, საცხენოსნო ტურიზმი, როგორც ახალი ტურისტული პროდუქტი, არა მხოლოდ ეკონომიური განვითარებით წინაპირობა იქნება, არამედ მისი ტრადიციისა და ისტორიის გაცოცხლების საფუძველიც“.

სააგენტო ასევე წერდა, რომ ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და საფეხმავლო მარშრუტები: „იდეალური ლოკაციებია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს და უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა“.

ტენდერი ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2023 წლის თებერვალში გამოაცხადეს, შეყიდვის ბიუჯეტი 401 500 ლარი იყო, თუმცა ის არ შედგა, პრეტედენტებმა დისკვალიფიკაცია მიიღეს. 2023 წლის მარტში განმეორებითი ტენდერი, გაზრდილი თანხით, 710 000 ლარით გამოაცხადეს. სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიას, შპს „მშენებელი 777-7“- ს 2023 წლის 16 მაისს გაუფორმეს. კომპანიამ სააგენტოს სამუშაოების შესრულება 702 900 ლარად შესთავაზა. 

ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში შემსყიდველმა კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა შეუჩერა. მიზეზად კერძო მესაკუთრეებისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის საკითხის დარეგულირებაა დასახელებული. კომპანიას ერთ წელზე მეტხანს მოუწია ლოდინი მიწის ნაკვეთის გამოსყიდვამდე, თუმცა სააგენტომ მისი გამოსყიდვა ვერ შეძლო, რაც დოკუმენტებითაც დასტურდება.

 

2024 წლის მაისში კი ხელშეკრულება საბოლოოდ შეწყვიტეს.

შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ

კომპანიის დირექტორის, ბადრი ხარაბაძის ინფორმაციით, კომპანიას ამ საქმის შესრულება აღარ უღირდა, რადგან მოცდის პერიოდში სამშენებლო მასალები გაძვირდა, ეს თანხა კი სააგენტომ არ დაამატა. ამიტომაც კომპანია შეუთანხმდა სააგენტოს ტენდერის შეწყვეტაზე და ზარალიც აღარ გაასაჩივრა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთის გამოსყიდვისთვის სააგენტომ 1 კვ.მეტრზე 7 ლარი შესთავაზა, შემდეგ კი მათ უთხრეს, რომ მხოლოდ 3 ლარს გადაუხდიდნენ, რაზეც უარი მიიღეს. ინფორმირებული წყაროს ინფომაციით, ფასი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, თუმცა ბიუროს დაგვიანებით მიმართეს, „როცა მესაკუთრეებთან კონკრეტულ ფასზე უკვე მოლაპარაკებულები იყვნენ“. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთები 2024 წელს გამოისყიდეს, თუმცა მესაკუთრეებისთვის თანხა ჯერ სრულად არ გადაუხდიათ. „ბათუმელებისთვის“ ცნობილია ისიც, რომ სააგენტო პროექტის ადგილის შეცვლას განიხილავს: „ვიღაცის გავლენებმა გადაწონა“, არადა გასულ წელს სააგენტო მონდომებით ასაბუთებდა, რომ ღორჯომის ხეობა საცხენოსნო ტურიზმის განვითარებისთვის ზედგამოჭრილი ადგილია.

აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

სატენდერო დოკუმენტებში სააგენტო ასევე წერდა, რომ ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ტერიტორია ადგილობრივების მიერ არის შერჩეული, ამიტომ საჭიროა ექსპერტების, მათ შორის სერტიფიცირებული მოჯირითის მიერ ადგილის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში გეოლოგიური კვლევა და არსებული გარემოსთვის ადაპტირებული საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, რომელიც ამ სპორტის სახეობას დააკმაყოფილებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ღორჯომის ხეობა 18 სოფელს და 1470 მოსახლეს აერთიანებს. ეს სოფლებია: ვანაძეები, ვაშაყმაძეები, მეკეიძიები, მეხალაშვილები, ადაძეები, გორგაძეები, მინთაძეები, ღორჯომი, ახალი უბანი, ტუნაძეები, ქურდული, ლაბაიძეები, მერჩხეთი, სტეფანაშვილები, წინწკალაშვილები, ჭახაური, დავლაძეები, ცეცხლაძეები.

ღორჯომის ხეობაში აგრეთვე არის დიდაჭარის, საციხურისა და აგარის თემები. სააგენტოს ინფორმაციით, აქ დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და ჩანჩქერები.

სააგენტოს ინფორმაციით, რაზეც სატენდერო დოკუმენტებშია მითითებული, ღორჯომის  ხეობაში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი.

8 ადამიანის მოწამვლის შემდეგ ქობულეთში საშაურმე დააჯარიმეს – ანალიზები ლაბორატორიაშია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში მდებარე საშაურმეში „გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

სააგენტო იუწყება, რომ კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.

„ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე.

შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.

მონიტორინგის ფარგლებში, ობიექტიდან აღებულია სურსათის ნიმუშები, რომლებიც მიკრობიოლოგიური კვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა“ – წერს სააგენტო.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმიანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კონტექსტში გავრცელებულ განცხადებას. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები, „ხელს აძლევს მხოლოდ მმართველ პარტიას, რომ მეტი ხმა ექნება ცესკოში“ და ამ ცვლილებებით „აღნიშნული კომისია (ანუ ცესკო) გამოდის ერთპარტიული“.

„ უნდა აღინიშნოს, რომ ცესკო შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არის  არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება, სადაც მმართველ პარტიას ჰყავს ერთი წევრი, ხოლო დანარჩენი 8 წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებას, რაც, თავის მხრივ, მიუთითებს წარმომადგენლობისა და ინკლუზიურობის მაღალ დონეზე. შესაბამისად, არც დღეს არსებული დაკომპლექტებიდან გამომდინარე, არც მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, არ არსებობს იმის თქმის საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია.

მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ინსტიტუციას შორის არაერთ ფორმატში თანამშრომლობისა, პრეზიდენტის ინსტიტუტმა აირჩია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის გზა, რაც გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს უარის თქმად პროცესში ნეიტრალურ როლზე. მიუღებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი  საუბრობდეს და თუნდაც ირიბად ეჭვქვეშ აყენებდეს პროფესიული წევრებისა და თავმჯდომარის მიუკერძოებლობას და თავს არიდებდეს და საერთოდ არ ახსენებდეს რეალურ პრობლემას, რაც დაფიქსირებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტებში, სწორედ ცესკოს პარტიული წევრების პოლიტიკური მიკერძოების კონტექსტში.

აქვე, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ  გადაწყვეტილებების უბრალო უმრავლესობით მიღება არაერთ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიერ, ამ მიმართულებით არასწორი აღქმების შექმნის მცდელობა, არჩევნების წინ, მიუღებელი და გაუგებარია. არჩევნები საერთო საქმეა და ყველა ინსტიტუციას, ასევე ჩართულ მხარეებს, კომპეტენციების შესაბამისად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებს ამ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად და არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად. “

უკრაინიდან, ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმისკენ საბორნე მიმოსვლა განახლდება

კომპანია Ukrferry ივლისიდან განაახლებს საბორნე მიმოსვლას ჩერნომორსკი-ბათუმის მარშრუტზე, რომელიც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ შეჩერებული იყო.

Ukrferry-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პირველი რეისი ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით 9 ივლისს იგეგმება. მგზავრობის დრო დაახლოებით 60 საათია. 13 ივლისს კი იგეგმება რეისი ბათუმიდან ჩერნომორსკისკენ.

უკრაინული გამოცემა LIGA.net-ის ცნობით, ბორანი 1989 წელს გერმანიაშია აწყობილი, რომელსაც 250 სამგზავრო ადგილი აქვს.

____________

ფოტო: Ukrferry

„არაფრის დიდებით არ შევწყვეტთ მისკენ სვლას“ – ნიკო, აქტიური მოქალაქე აჭარიდან

„მე ვარ ნიკო, აქტიური მოქალაქე“ – ასე გვეცნობა 22 წლის ნიკო ქარცივაძე, ეტლით მოსარგებლე.

რამდენიმე წელია ნიკო სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული, ხმამაღლა საუბრობს პრობლემებზე და შშმ თემისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს ითხოვს, პარალელურად კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო საფეხურზე, კლინიკურ ფსიქოლოგიას სწავლობს.  

„საქართველოში ახლა ისეთი სოციალური ფონია, უფლებრივი კუთხით ნამდვილად არავის გვილხენს. ამ მხრივ, საჭიროებების ვერ დაკმაყოფილება განსაკუთრებით ცხადად ჩანს ხოლმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. 

მე ვარ ეტლით მოსარგებლე და ჩემზე კარგად ალბათ არავინ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურის ქონა ქალაქში. აქ მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანის საჭიროებებსა და გამოწვევებზე არ არის საუბარი, ადამიანს შეიძლება სხვადასხვა შეზღუდვის ტიპი ჰქონდეს – შეიძლება იყოს სმენადაქვეითებული ან სმენის არმქონე, იყოს მცირედმხედველი, ჰქონდეს სენსორული დარღვევები და ა.შ.

ხშირ შემთხვევაში მათი საჭიროებები უყურადღებოდ რჩება. მაგალითად, თუ უსინათლო ადამიანს უნდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღება, ხშირ შემთხვევაში დაწესებულებას არ შეუძლია, რომ ბრაილის შრიფტით მიაწოდოს შესაბამისი ლიტერატურა, ან არ აქვთ სურდო თარჯიმნის მხარდაჭერა და ამიტომაც სმენის არმქონე ადამიანებს შესაბამის განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ. ძალიან ბევრი ასეთი პრობლემაა…“ – ამბობს ნიკო.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიფტი, რომელიც შშმ ადამიანებს დაეხმარებოდა შენობაში გადაადგილებაში, 2018 წელს დამონტაჟდა. იქამდე არც შენობის კიბეები იყო ადაპტირებული, რის გამოც წლების განმავლობაში შშმ ადამიანებისთვის უმაღლესი საწვალებლის შენობაში გადაადგილება პრობლემა იყო.

„კუს ნაბიჯებით მივდივართ, მაგრამ გარკვეული შედეგები გვაქვს“ – ამბობს ნიკო, თუმცა, მისივე თქმით, ეს ნამდვილად არ არის საკმარისი ინკლუზიური საზოგადოების შესაქმნელად.

„წლების განმავლობაში რაღაცები ნამდვილად შეიცვალა, ერთს მხრივ ძალიან ცხადი გახდა, რომ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ცნობიერების კუთხით. მაგალითად, ეტლით მოსარგებლეს ხურდას აღარ უწოდებენ ქუჩაში, მაგრამ მეორეა სხვადასხვა სერვისებზე, ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 

მაგალითად, მე ვცხოვრობ მუნიციპალიტეტში, სადაც დღემდე არ არის ადაპტირებული ტრანსპორტით სარგებლობის „ფუფუნება“, რის გამოც ფაქტობრივად დამოკიდებული ვხდები მესამე პირზე, რომ ბათუმში შევძლო ჩამოსვლა, სამსახურში თუ უნივერსიტეტში მისვლა. ეს პრობლემების მხოლოდ ზედა ფენაა და სიღრმეებში უფრო მეტი პრობლემის გამოკვეთა შეიძლება“ – ამბობს ნიკო. 

გაეროს ანგარიშებში ვკითხულობთ, რომ საქართველო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ლიმიტირებულ სოციალურ დაცვასა და მხარდაჭერას სთავაზობს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სერვისების არასაკმარისი რაოდენობისა და ხარისხის გამომწვევად კი არასაკმარისი ფინანსური რესურსი მიიჩნევა. 

„მაგალითებით შევეცდები ვისაუბრო. მე მობილობის შეზღუდვა მაქვს, ჩემთვის პრიორიტეტია მუდმივი რეაბილიტაციის გავლა და ამის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ მეძლევა. შემიძლია წელიწადის განმავლობაში ავიღო სამი, ათდღიანი ვაუჩერი და გამოდის, რომ წლის განმავლობაში ერთი თვე გადაბმულად შემიძლია რეაბილიტაციის სერვისი მივიღო, თუმცა დანარჩენი 11 თვე არ ხდება ამ საჭიროების დაკმაყოფილება.

ასევე, რადგანაც მე იშვიათი დაავადება მაქვს, უშუალოდ ჩემი დაავადების მქონე ადამიანების აქტიური ჩართულობით მოხდა იმ მედიკამენტების შესყიდვა, რომელიც საჭიროა ამ დაავადების პროგრესირების შეწყვეტისთვის, თუმცა, რომ არა ამ ადამიანების ჩართულობა, ვფიქრობ, რომ ეს სერვისიც არ დაინერგებოდა აქ“ – ამბობს ნიკო.

ბოლო ორი თვეა ნიკო აქტიურად დადის ბათუმში მიმდინარე აქციებზე რუსული კანონის წინააღმდეგ და ევროინტეგრაციის მოთხოვნით. ნიკო მიიჩნევს, რომ საქართველოში უფლებრივი, მათ შორის შშმ პირებთან დაკავშირებული ვითარების გამოსწორებისთვის, საქართველოსთვის უალტერნატივოა ევროინტეგრაცია:

„ევროკავშირი ჩემთვის არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანები, მიღებულნი არიან ისეთები როგორებიც არიან და მათი ღირსეული ცხოვრება და ცხოვრების ხარისხი არის დაცული. შშმ პირებისთვის არის განსაკუთრებით თანასწორი გარემო, სადაც ნებისმიერი შენი საჭიროება არის გათვალისწინებული და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ ჩვენ, შშმ პირებს და ზოგადად, საქართველოში მცხოვრებ საზოგადოებას ეს ორიენტირი მტკიცედ გვაქვს განსაზღვრული და არაფრის დიდებით არ შევწყვეტთ მისკენ სვლას.

ვფიქრობ, რომ დღეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ძლიერ დათვთან ერთი ერთზე დარჩენილი ადამიანი ვერაფერს გააწყობს და მას საიმედო მეგობრები და პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ასეთი მჭიდრო კავშირი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ისინი ათწლეულების განმავლობაში საკუთარ ფინანსურ რესურსებს დებდნენ აქ, რომ გამყარებულიყო დემოკრატია, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი შესაბამის საფეხურზე ასულიყო და ახლა ერთი ხელის მოსმით მათზე ზურგის შექცევა, წარმოუდგენელი ამბავია ჩემთვის პირადად. ეს ყველამ უნდა გავაპროტესტოთ“ – ამბობს ნიკო. 

ნიკო აქციაზე ბათუმის უნივერსიტეტთან რუსული კანონის წინააღმდეგ

ნიკო ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რეგიონში აქტივისტებმა შშმ პირთა თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება დაიწყეს, თემისთვის ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ახლად ამოქმედებული რუსული კანონისა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო, ამ მიღწევებს საფრთხე ემუქრება:

„ხშირად გამიგია, რომ თითქოს ეს ცვლილებები შშმ პირებს არ ეხებათ. ვფიქრობ, ძალიანაც გვეხება, იმიტომ, რომ რამდენიმე სერვისი უკვე შეჩერების რისკის ქვეშ დადგა, იქიდან გამომდინარე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთი შეურაცხმყოფელი იარლიყის ქვეშ მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებენ და შესაბამისად, მათ რაიმე სერვისების გაწევის რესურსიც აღარ ექნებათ. ამიტომ რეალურად დაზარალდებიან ისინი [შშმ ადამიანები] თუ ვეღარ მიიღებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს, თუნდაც პირადი ასისტენტის სერვისს ან სხვა დახმარებას. 

არ შეიძლება იმ ადამიანებს ვეძახოთ უცხოური ძალის გამტარი აგენტები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ დემოკრატიის შენებაში თავიანთი აგური შემოედოთ და შშმ პირების თუ სხვა ადამიანების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინათ. რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციები… თუნდაც „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ – ამ ორგანიზაციამ იმდენად მასშტაბური ცვლილება მოახდინა ჩვენს საზოგადოებაში, იმდენად შეცვალა ადამიანების ცნობიერება შეზღუდულ შესაძლებლობაზე, რომ ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს სახლიდან გამოსვლა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. და შენ რომ ახლა მობრუნდე და მათ ეძახო უცხოური გავლენის გამტარი აგენტები, მინიმუმ უხერხული და არაეთიკურია, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

მეც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, მაქვს უცხოური გრანტი, რომლითაც ვცდილობ რომ ჩემს გარემოში რაღაც ცვლილებები შევიტანო. ჩვენი პროექტი უშუალოდ ორიენტირებულია მისაწვდომობის მონიტორინგზე და აგრეთვე, არალეგალური პარკირებების შემოწმებაზე. ეს საქმე მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ ტრანსფორმაციას ემსახურება. 

ეს კანონი ეხება ყველას, თუნდაც იმ მხრივ, რომ რეალურად ემუქრება კრიტიკული მოსაზრების და მედიის ჩახშობას.

გამოდის, ჩვენ ვეღარ მივიღებთ სანდო ინფორმაციას და მუდმივი პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ ვიქნებით, რაც უკვე ბუნებრივი მდგომარეობაა რუსეთში. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს რუსი ახალგაზრდების ინტერვიუებს ქუჩებში, მათი ერთადერთი პასუხი არის ის, რომ აპოლიტიკურები არიან, იმიტომ რომ პოლიტიკური შეხედულებების ქონა იქ უბრალოდ ისჯება, არ შეიძლება იქ არსებობდეს განსხვავებული მოსაზრება და მით უმეტეს, თუ ამის დაფიქსირებას გადაწყვეტ – ჯოჯოხეთს მოგიწყობენ“ – ამბობს ნიკო.

ნახეთ ვიდეო: 

YouTube video player

რუსეთში უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმა დაფიქსირდა

რუსეთი აცხადებს, რომ 21 ივნისს, ღამით, უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეზე მიიტანეს იერიში. მედიის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ქალაქ იესკის აეროდრომზე და ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

მოსახლეობის ცნობით, აფეთქებები მოხდა რეგიონის რიგ დასახლებებში, კერძოდ, იეისკში, ვოლგოგრადში, კრასნოდარში და, ასევე, ოლქის ორ სოფელში.

კრასნოდარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად.

ამავე დროს, მედიის ინფორმაციით, უკრაინული დრონები თავს დაესხნენ სევასტოპოლსაც. ინფორმაცია ნგრევის შესახებ ამ დროისთვის არ ვრცელდება.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინული დრონები რუსულმა საჰაერო სისტემამ ჩამოაგდო ბელგოროდში და ვოლგოგრადის ოლქში.

ასევე, გუშინ, 20 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონები რუსეთში ნავთობის ორ საცავს დაესხნენ თავს – ტამბოვის რეგიონში და ადიღეის რესპუბლიკაში.

_____________

ფოტო: „უკრაინსკა პრავდა“

„შშმ პირს სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ“ – ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს:
გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, დაზარალებულს, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, სხვა პირებისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ბრალდებულები ამ გზით მიღებულ თანხას კი პირადად ისაკუთრებდნენ.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებული ი.კ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 21 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან.
დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით [ტრეფიკინგი] და 376-ე მუხლით [დანაშაულის შეუტყობინებლობა] მიმდინარეობს.

ბათუმში ვალუტის გადამცვლელს ბრალდებულმა იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ყაჩაღობისთვის ბრალდებული პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 17 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მყოფ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 21 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივნისის 21 საათიდან 22 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი 
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია, ღელვა 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 23 და 24 ივნისს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

14 წლის ევა ყარაბაღიდან: „ველი და მჯერა, რომ დავბრუნდებით“

ავტორი: იანა შახრამანიანი

ფოტო: ემინ არისტაკესიანი

 

„არცახიდან ვარ, მარტუნინის რაიონის სოფელ ბერდაშენიდან“, – ასე გვეცნობა 14 წლის ევა.

ევა ახლა ერევანში, აშოტ ნავასარდიანის სახელობის #196 სკოლის მერვე კლასში სწავლობს.

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრისთვის სომხეთის სკოლებში არცახიდან [ყარაბაღიდან] იძულებით გადაადგილებული 17 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა.

[ფოტო] ევა არუთუნიანი / ფოტო: „მედიამიქსი“

ზაფხულის დასაწყისში სკოლა დაცარიელდა, ჩვენ კი ევასთან სახლზე, მეგობრობასა და სევდაზე ვსაუბრობთ. „ზრდასრულების“, „დიდების საუბარი“ გამოგვდის. ზოგჯერ, ემოციები გვავსებს, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ისინი არ უნდა დავმალოთ – არც ძალიან ლამაზი ლურჯი თვალების უკან.

ვარდებით მოფენილი ეზო და მეგობრული საუბარი „ყველაფერზე“

„ოჯახში ოთხი ბავშვი ვართ. ძმა ჩემზე ორი წლით პატარაა, მეექვსე კლასში სწავლობს. მყავს და-ძმა, ტყუპები. მეხუთე კლასში სწავლობენ. დედა რუსულის მასწავლებელია, მამა კი მიწის ნაკვეთზე მუშაობს“, – გვიყვება ევა და ამატებს:

„ტყუპები ახლა იმ სკოლაში დადიან, სადაც დედა ასწავლის. [მათზე] უფროსი ძმა კი იმავე სკოლაში სწავლობს, სადაც მე. უფრო მარტივად ადაპტირდება“.

მსურს ვკითხო: „თავად?“, მაგრამ ამის ნაცვლად ვთხოვ, თავის ინტერესებზე მომიყვეს.

„მესამე კლასიდან ინგლისურის გაკვეთილებზე დავდივარ, თარჯიმანი მინდა გამოვიდე. ზაფხულში ინგლისურად წიგნს წავიკითხავ, ფილმებს ვუყურებ. ინგლისურის გარდა, მომწონს ალგებრა და სომხური ენა. ბერდაშენში ძალიან კარგი სკოლა გვქონდა, სადაც დიდი სიამოვნებით დავდიოდი და ყველა საგანში კარგად ვსწავლობდი“.

ვთხოვ ევას, მშობლიურ სოფელსა და მათ სახლზე მომიყვეს.

„ძალიან კარგი სახლი გვქონდა, ლამაზი და ფართე, ვარდებით მოფენილი ეზოთი. რემონტის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარით. რაიონში ყველაზე დიდი სოფელი ჩვენი იყო, უამრავი ღირსშესანიშნაობაც ჰქონდა. ზაფხულობით, მეგობრებთან ერთად, ხშირად ვიკრიბებოდით და მივდიოდით მათ დასათვალიერებლად. ან, სკოლის ეზოში ვთამაშობდით, შემდეგ კენკრას ვკრეფდით, ვიღლებოდით, ვსხდებოდით და ყველაფერზე ვსაუბრობდით“. 

[ფოტო] ევა არუთუნიანი / ფოტო: „მედიამიქსი“

ევა გვეუბნება, რომ ახლაც ცდილობს კონტაქტზე იყოს მეგობრებთან – ინტერნეტის მეშვეობით.

„ჩემი უახლოესი მეგობარი ახლა ვანაძორში ცხოვრობს. მეორე მეგობარი ერევანში, ერებუნის სამეზობლოში. ბევრნი არიან ოკტემბერიანში, აბოვიანში, ბევრ ადგილას“.

„უკეთესი იყო, როცა ჩვენ იქ ვიყავით“

2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა არცახი [ყარაბაღი- რედ.] ბლოკადაში მოაქცია – გადაკეტა ერთადერთი, „სიცოცხლის გზა“, რომელიც რეგიონს სომხეთთან და მთელ მსოფლიოსთან აკავშირებდა. რეგიონი დარჩა საკვების, მედიკამენტების, პირველი აუცილებლობის სხვა ნივთებისა და ელექტრო- და გაზმომარაგების გარეშე.

ევა იხსენებს, რომ გაკვეთილები სკოლაში ბლოკადის დროსაც კი არ შეწყდა. 

„გაკვეთილები უბრალოდ უფრო ხანმოკლე გახდა. ციოდა, საკვები არ იყო საკმარისი. ყველაზე მეტად ტკბილეული მენატრებოდა“. 

„ტკბილეულის მოყვარული ხარ?“, – ვეკითხები ევას.

„ცოტათი“, – მორცხვად იღიმის და მეუბნება:

[ფოტო] ევა არუთუნიანი / ფოტო: „მედიამიქსი“

„მამა მიწის ნაკვეთზე მუშაობდა, პურის საყიდლად რიგში უნდა მდგარიყავი, პროდუქტიც ცოტა იყო, მაგრამ არ ვჩიოდით. უკეთესი იყო, როცა ჩვენ იქ ვიყავით“.

„დას მაგრად ჩავჭიდე ხელი და სარდაფში გავიქეცით“

2020 წლის 44-დღიანი [სომხეთ-აზერბაიჯანის] ომის დროს, ბავშვები, დედასთან ერთად, სოფლიდან ევაკუირებულნი იყვნენ და დროებით არტაშატის თემის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ.

2023 წლის 19 სექტემბერს, ომი მათთვის სკოლაში დაიწყო.

„იმ დილით კარგ განწობაზე გავიღვიძეთ, სკოლისთვის დავიწყეთ მზადება. მესამე გაკვეთილის შემდეგ სახლში გაგვიშვეს. მე, დასთან და კლასელებთან ერთად, სახლში მივდიოდი, როცა ჩვენი სოფლის დაბომბვა დაიწყეს. პირველ წამებში არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. შემდეგ, მაგრად ჩავჭიდე ხელი დას და სკოლის სარდაფში გავიქეცით. დედას ჩვენთან უნდოდა გამოქცევა…“, – ნერვიულობის გამო, ევა თხრობას ვერ აგრძელებს.

[ფოტო] ფოტო: „მედიამიქსი“

იგივე ამბებზე გვიყვება გოგონას დედა, ელინა არუთუნიანი:

„იმავე სკოლაში ვმუშაობდი, სადაც ევა სწავლობდა. 19 სექტემბერს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, გავიგონეთ პირველი აფეთქება. თავიდან ვერ გავიგეთ, რა მოხდა. არც მახსოვს, როგორ ჩამოვედი მეორედან პირველ სართულზე, ვინაიდან არ ვიცოდი, ჩემი ოთხი შვილიდან რომელი სადაა. ვიცოდი, რომ ამ დროს, როგორც წესი, სახლში მიდიან, გზა კი ყველაზე სახიფათო ადგილია აფეთქებების დროს.

პირველ სართულზე ჩემთან ერთმა უფროსკლასელმა მოირბინა. თავადაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ვთხოვე, ჩემი ბავშვების მოსაძებნად წასულიყო. მხოლოდ შემდეგ ვიფიქრე: ისიც ხომ ბავშვია, მოსწავლეა. იმ მომენტში არ ვტიროდი, ვყვრიდი. არ შემიძლია, ჩემი გრძნობები ავხსნა. შემდეგ, ჩემი შვილების მოსაძებნად ფიზკულტურის მასწავლებელი წავიდა. იმავე მიმართულებით ორიოდე კიბე ჩავიარე და დავეცი, ასეთ მდგომარეობაში მიპოვა ჩემმა მეექვსეკლასელმა ბიჭმა. სიტყვაც არ უთქვამს, ისე დააგდო ჩანთა და დების მოსაძებნად გაიქცა. მახსოვს, მარტო იმას ვუყვიროდი: „გორ, იპოვე გოგოები!“. ახლა კი სულ იმას ვფიქრობ, რომ საფრთხეში ჩავაგდე. როგორ არ შემეძლო მეთქვა, გორ, ჩემკენ გამოიქეცი, შენ მაინც იქნები უსაფრთხოდ. ალბათ, მაშინ ვფიქრობდი, რომ ის ძმა არის, დაეხმარება, გადაარჩენს დებს. ვერ ვაცნობიერებდი, რომ ისიც ბავშვია, რომ ამხელა პასუხისმგებლობას ვაკისრებდი“.

რაღაც დროის შემდეგ, ევა, დებთან ერთად, სკოლის სარდაფში იპოვეს. ბავშვები იქ პირველი აფეთქებების შემდეგ გაიქცნენ.

[ფოტო] ევა არუთუნიანი / ფოტო: „მედიამიქსი“

„ჩემი მეოთხე შვილი [დაბომბვის] დაწყებიდანვე სარდაფში იყო და გამუდმებით თავის ტყუპ დას კითხულობდა. ძლივს დააკავეს, რომ არ გაქცეულიყო დების მოსაძებნად. ოთხივე შვილს რომ ჩავეხუტე, ავტირდი, მაგრამ თავში სხვა საშინელმა აზრმა გამიელვა. მე ხომ მასწავლებელი ვარ, კლასი მყავს, სად არიან ჩემი მოსწავლეები? სარდაფებში თხუთმეტწუთიანი ძებნის შემდეგ, ყველანი ვიპოვე“, – იხსენებს ელინა არუთუნიანი.

ყოველგვარი ინფორმაციისა და საჭმლის გარეშე, მათ სარდაფში რამდენიმე საათი გაატარეს.

„რამდენიმე მასწავლებელთან ერთად გადავყწვიტეთ, რომ სახლში უნდა გავიდეთ და ბავშვებს საჭმელი და გადასაფარებელი მაინც მოვუტანოთ. აფეთქებების ხმის ფონზე მივდიოდით. დაბრუნების შემდეგ, სარდაფში დავიძინეთ. რაღაც მომენტში ჩემი მეუღლე მოვიდა და თქვა, რომ [ფრონტის] პოზიციებზე მიდის. 20 სექტემბრის დილით შევიტყვეთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.

„გამოვედით სარდაფიდან და სახლში წავედით“, – აგრძელებს ევა.

„სოფლის მცხოვრებელნი, რომლებსაც გზაში ვხვდებოდით, მოწყენილები იყვნენ. თავად სოფელი – მოღუშული, შავბნელი“.

ბავშვობის მოგონებებით სავსე მანქანა

25 სექტემბერს ოჯახმა სოფელი დატოვა.

„გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით. სიჩქარეში რაღაც ნივთები შევაგროვეთ. მანქანაში დავჯექი და ყველა სათამაშო დავინახე. ვიკითხე: ეს ვინ გააკეთა? მამამ თქვა, მეო და დაამატა: „არ მინდა, მტერი ჩვენს სათამაშოებს შეეხოს“. სტეპანაკერტამდე ჩასვლას ექვსი საათი მოვუნდით, არადა გზას, როგორც წესი, სულ რაღაც ერთი საათი მიაქვს. იმ დღეს საწვავის აფეთქება მოხდა (დიდი აფეთქება საწვავის საწყობზე, სტეპანაკერტ-ასკერანის გზაზე, რის შედეგადაც 218 ადამიანი დაიღუპა – რედ.). ხმა კი მოგვივიდა, მაგრამ წვიმდა და ვიფიქრეთ, რომ ჭექა-ქუხილი იყო. სტეპანაკერტში ღამე გავათიეთ და დილაადრიან სომხეთისკენ წავედით.

შუშამდე ჩასვლამდე, გზაში კიდევ ერთხელ მოღვიწია ღამის გათევა. ირგვლივ პოლიციის მანქანებით მტერი [აზერბაიჯანელები – რედ.] დადიოდა, სპეციალურად ხმამაღალი საყვირებით. საჭმელი ცოტა იყო, არც საკეთებელი იყო რამე. მე და ბავშვებმა ქაღალდის ბურთები გავაკეთეთ და ვითამაშეთ. სომხეთში ჩასულებმა, შვება ვიგრძენით.

[ფოტო] ევა არუთუნიანი / ფოტო: „მედიამიქსი“

სოფელ ტეხში თანამემამულეები დაგხვდნენ, გაგვიმასპინძლდნენ. არცახიდან [ყარაბაღიდან- რედ]] თან წამოვიყვანეთ ბიძაჩემის ოჯახი. იგი 2020 წლის ომში დაიღუპა“.

„ველი და მჯერა“

ევა გვიყვება, რომ თავიდან ძალიან უჭირდა ადაპტაცია ახალ ქალაქსა და სკოლაში.

„სკოლაში მისულს, ყოველ ჯერზე ტირილი მინდოდა, მაგრამ ძალიან დამეხმარნენ თანაკლასელები და კლასის დამრიგებელი. მოგვიანებით, შემოგვიერთდნენ სხვა მოსწავლეები არცახიდან და მეც ცოტათი დავწყნარდი“.

ევას დედაც ამბობს, რომ მადლობელია სკოლაში მათ მიმართ განწყობით. 

სამწუხაროდ, ახლა ოჯახს საცხოვრებელი ადგილის ცვლილება უწევს. სექტემბერში ევა ახალ სკოლაში წავა.

„ვწუხვარ [ახალ სკოლაში გადასვლის გამო], ვინაიდან მგონია, რომ ადაპტაცია რთული იქნება. როცა სოფლიდან ჩემს მეგობრებს ველაპარაკები, ჩემნაირად წუხან. ენატრებათ, პირველ რიგში, ჩვენი სკოლა. აქ ყველანი კარგები არიან, კარგად მიგვიღეს, მაგრამ ველი და მჯერა, რომ კვლავ წავალთ ბერდაშენში“.

YouTube video player

პროექტი ხორციელდება „მედიამაქსის“ და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ მიერ, „მედიაინიციატივების“ ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით და პროექტის – „დამოუკიდებელი მედიაკონტენტის შექმნა“ – ფარგლებში.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 531 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
  • ტანკი – 8 001 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 15 372 ერთეული [+35]
  • საარტილერიო სისტემა – 14 106 ერთეული [+54]
  • MLRS – 1 106 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 861 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 359 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 11 260 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 298 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 19 181 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 2 367 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 613 თვითმფრინავი
  • 276 ვერტმფრენი
  • 26 188 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 531 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 397 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 346 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 10 706 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 22 757 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

სირსკი: დამატებითი შეიარაღებისა და F16-ების მიღების შემდეგ დრო ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს

რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 551 ბავშვი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version