ავტორი: იანა შახრამანიანი
ფოტო: ემინ არისტაკესიანი
„არცახიდან ვარ, მარტუნინის რაიონის სოფელ ბერდაშენიდან“, – ასე გვეცნობა 14 წლის ევა.
ევა ახლა ერევანში, აშოტ ნავასარდიანის სახელობის #196 სკოლის მერვე კლასში სწავლობს.
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრისთვის სომხეთის სკოლებში არცახიდან [ყარაბაღიდან] იძულებით გადაადგილებული 17 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხებოდა.
[ფოტო] ევა არუთუნიანი / ფოტო: „მედიამიქსი“
ზაფხულის დასაწყისში სკოლა დაცარიელდა, ჩვენ კი ევასთან სახლზე, მეგობრობასა და სევდაზე ვსაუბრობთ. „ზრდასრულების“, „დიდების საუბარი“ გამოგვდის. ზოგჯერ, ემოციები გვავსებს, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ისინი არ უნდა დავმალოთ – არც ძალიან ლამაზი ლურჯი თვალების უკან.
ვარდებით მოფენილი ეზო და მეგობრული საუბარი „ყველაფერზე“
„ოჯახში ოთხი ბავშვი ვართ. ძმა ჩემზე ორი წლით პატარაა, მეექვსე კლასში სწავლობს. მყავს და-ძმა, ტყუპები. მეხუთე კლასში სწავლობენ. დედა რუსულის მასწავლებელია, მამა კი მიწის ნაკვეთზე მუშაობს“, – გვიყვება ევა და ამატებს:
„ტყუპები ახლა იმ სკოლაში დადიან, სადაც დედა ასწავლის. [მათზე] უფროსი ძმა კი იმავე სკოლაში სწავლობს, სადაც მე. უფრო მარტივად ადაპტირდება“.
მსურს ვკითხო: „თავად?“, მაგრამ ამის ნაცვლად ვთხოვ, თავის ინტერესებზე მომიყვეს.
„მესამე კლასიდან ინგლისურის გაკვეთილებზე დავდივარ, თარჯიმანი მინდა გამოვიდე. ზაფხულში ინგლისურად წიგნს წავიკითხავ, ფილმებს ვუყურებ. ინგლისურის გარდა, მომწონს ალგებრა და სომხური ენა. ბერდაშენში ძალიან კარგი სკოლა გვქონდა, სადაც დიდი სიამოვნებით დავდიოდი და ყველა საგანში კარგად ვსწავლობდი“.
ვთხოვ ევას, მშობლიურ სოფელსა და მათ სახლზე მომიყვეს.
„ძალიან კარგი სახლი გვქონდა, ლამაზი და ფართე, ვარდებით მოფენილი ეზოთი. რემონტის გაკეთება გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარით. რაიონში ყველაზე დიდი სოფელი ჩვენი იყო, უამრავი ღირსშესანიშნაობაც ჰქონდა. ზაფხულობით, მეგობრებთან ერთად, ხშირად ვიკრიბებოდით და მივდიოდით მათ დასათვალიერებლად. ან, სკოლის ეზოში ვთამაშობდით, შემდეგ კენკრას ვკრეფდით, ვიღლებოდით, ვსხდებოდით და ყველაფერზე ვსაუბრობდით“.
[ფოტო] ევა არუთუნიანი / ფოტო: „მედიამიქსი“
ევა გვეუბნება, რომ ახლაც ცდილობს კონტაქტზე იყოს მეგობრებთან – ინტერნეტის მეშვეობით.
„ჩემი უახლოესი მეგობარი ახლა ვანაძორში ცხოვრობს. მეორე მეგობარი ერევანში, ერებუნის სამეზობლოში. ბევრნი არიან ოკტემბერიანში, აბოვიანში, ბევრ ადგილას“.
„უკეთესი იყო, როცა ჩვენ იქ ვიყავით“
2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა არცახი [ყარაბაღი- რედ.] ბლოკადაში მოაქცია – გადაკეტა ერთადერთი, „სიცოცხლის გზა“, რომელიც რეგიონს სომხეთთან და მთელ მსოფლიოსთან აკავშირებდა. რეგიონი დარჩა საკვების, მედიკამენტების, პირველი აუცილებლობის სხვა ნივთებისა და ელექტრო- და გაზმომარაგების გარეშე.
ევა იხსენებს, რომ გაკვეთილები სკოლაში ბლოკადის დროსაც კი არ შეწყდა.
„გაკვეთილები უბრალოდ უფრო ხანმოკლე გახდა. ციოდა, საკვები არ იყო საკმარისი. ყველაზე მეტად ტკბილეული მენატრებოდა“.
„ტკბილეულის მოყვარული ხარ?“, – ვეკითხები ევას.
„ცოტათი“, – მორცხვად იღიმის და მეუბნება:
[ფოტო] ევა არუთუნიანი / ფოტო: „მედიამიქსი“
„მამა მიწის ნაკვეთზე მუშაობდა, პურის საყიდლად რიგში უნდა მდგარიყავი, პროდუქტიც ცოტა იყო, მაგრამ არ ვჩიოდით. უკეთესი იყო, როცა ჩვენ იქ ვიყავით“.
„დას მაგრად ჩავჭიდე ხელი და სარდაფში გავიქეცით“
2020 წლის 44-დღიანი [სომხეთ-აზერბაიჯანის] ომის დროს, ბავშვები, დედასთან ერთად, სოფლიდან ევაკუირებულნი იყვნენ და დროებით არტაშატის თემის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ.
2023 წლის 19 სექტემბერს, ომი მათთვის სკოლაში დაიწყო.
„იმ დილით კარგ განწობაზე გავიღვიძეთ, სკოლისთვის დავიწყეთ მზადება. მესამე გაკვეთილის შემდეგ სახლში გაგვიშვეს. მე, დასთან და კლასელებთან ერთად, სახლში მივდიოდი, როცა ჩვენი სოფლის დაბომბვა დაიწყეს. პირველ წამებში არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. შემდეგ, მაგრად ჩავჭიდე ხელი დას და სკოლის სარდაფში გავიქეცით. დედას ჩვენთან უნდოდა გამოქცევა…“, – ნერვიულობის გამო, ევა თხრობას ვერ აგრძელებს.
[ფოტო] ფოტო: „მედიამიქსი“
იგივე ამბებზე გვიყვება გოგონას დედა, ელინა არუთუნიანი:
„იმავე სკოლაში ვმუშაობდი, სადაც ევა სწავლობდა. 19 სექტემბერს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, გავიგონეთ პირველი აფეთქება. თავიდან ვერ გავიგეთ, რა მოხდა. არც მახსოვს, როგორ ჩამოვედი მეორედან პირველ სართულზე, ვინაიდან არ ვიცოდი, ჩემი ოთხი შვილიდან რომელი სადაა. ვიცოდი, რომ ამ დროს, როგორც წესი, სახლში მიდიან, გზა კი ყველაზე სახიფათო ადგილია აფეთქებების დროს.
პირველ სართულზე ჩემთან ერთმა უფროსკლასელმა მოირბინა. თავადაც არ ვიცი რატომ, მაგრამ ვთხოვე, ჩემი ბავშვების მოსაძებნად წასულიყო. მხოლოდ შემდეგ ვიფიქრე: ისიც ხომ ბავშვია, მოსწავლეა. იმ მომენტში არ ვტიროდი, ვყვრიდი. არ შემიძლია, ჩემი გრძნობები ავხსნა. შემდეგ, ჩემი შვილების მოსაძებნად ფიზკულტურის მასწავლებელი წავიდა. იმავე მიმართულებით ორიოდე კიბე ჩავიარე და დავეცი, ასეთ მდგომარეობაში მიპოვა ჩემმა მეექვსეკლასელმა ბიჭმა. სიტყვაც არ უთქვამს, ისე დააგდო ჩანთა და დების მოსაძებნად გაიქცა. მახსოვს, მარტო იმას ვუყვიროდი: „გორ, იპოვე გოგოები!“. ახლა კი სულ იმას ვფიქრობ, რომ საფრთხეში ჩავაგდე. როგორ არ შემეძლო მეთქვა, გორ, ჩემკენ გამოიქეცი, შენ მაინც იქნები უსაფრთხოდ. ალბათ, მაშინ ვფიქრობდი, რომ ის ძმა არის, დაეხმარება, გადაარჩენს დებს. ვერ ვაცნობიერებდი, რომ ისიც ბავშვია, რომ ამხელა პასუხისმგებლობას ვაკისრებდი“.
რაღაც დროის შემდეგ, ევა, დებთან ერთად, სკოლის სარდაფში იპოვეს. ბავშვები იქ პირველი აფეთქებების შემდეგ გაიქცნენ.
[ფოტო] ევა არუთუნიანი / ფოტო: „მედიამიქსი“
„ჩემი მეოთხე შვილი [დაბომბვის] დაწყებიდანვე სარდაფში იყო და გამუდმებით თავის ტყუპ დას კითხულობდა. ძლივს დააკავეს, რომ არ გაქცეულიყო დების მოსაძებნად. ოთხივე შვილს რომ ჩავეხუტე, ავტირდი, მაგრამ თავში სხვა საშინელმა აზრმა გამიელვა. მე ხომ მასწავლებელი ვარ, კლასი მყავს, სად არიან ჩემი მოსწავლეები? სარდაფებში თხუთმეტწუთიანი ძებნის შემდეგ, ყველანი ვიპოვე“, – იხსენებს ელინა არუთუნიანი.
ყოველგვარი ინფორმაციისა და საჭმლის გარეშე, მათ სარდაფში რამდენიმე საათი გაატარეს.
„რამდენიმე მასწავლებელთან ერთად გადავყწვიტეთ, რომ სახლში უნდა გავიდეთ და ბავშვებს საჭმელი და გადასაფარებელი მაინც მოვუტანოთ. აფეთქებების ხმის ფონზე მივდიოდით. დაბრუნების შემდეგ, სარდაფში დავიძინეთ. რაღაც მომენტში ჩემი მეუღლე მოვიდა და თქვა, რომ [ფრონტის] პოზიციებზე მიდის. 20 სექტემბრის დილით შევიტყვეთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
„გამოვედით სარდაფიდან და სახლში წავედით“, – აგრძელებს ევა.
„სოფლის მცხოვრებელნი, რომლებსაც გზაში ვხვდებოდით, მოწყენილები იყვნენ. თავად სოფელი – მოღუშული, შავბნელი“.
ბავშვობის მოგონებებით სავსე მანქანა
25 სექტემბერს ოჯახმა სოფელი დატოვა.
„გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით. სიჩქარეში რაღაც ნივთები შევაგროვეთ. მანქანაში დავჯექი და ყველა სათამაშო დავინახე. ვიკითხე: ეს ვინ გააკეთა? მამამ თქვა, მეო და დაამატა: „არ მინდა, მტერი ჩვენს სათამაშოებს შეეხოს“. სტეპანაკერტამდე ჩასვლას ექვსი საათი მოვუნდით, არადა გზას, როგორც წესი, სულ რაღაც ერთი საათი მიაქვს. იმ დღეს საწვავის აფეთქება მოხდა (დიდი აფეთქება საწვავის საწყობზე, სტეპანაკერტ-ასკერანის გზაზე, რის შედეგადაც 218 ადამიანი დაიღუპა – რედ.). ხმა კი მოგვივიდა, მაგრამ წვიმდა და ვიფიქრეთ, რომ ჭექა-ქუხილი იყო. სტეპანაკერტში ღამე გავათიეთ და დილაადრიან სომხეთისკენ წავედით.
შუშამდე ჩასვლამდე, გზაში კიდევ ერთხელ მოღვიწია ღამის გათევა. ირგვლივ პოლიციის მანქანებით მტერი [აზერბაიჯანელები – რედ.] დადიოდა, სპეციალურად ხმამაღალი საყვირებით. საჭმელი ცოტა იყო, არც საკეთებელი იყო რამე. მე და ბავშვებმა ქაღალდის ბურთები გავაკეთეთ და ვითამაშეთ. სომხეთში ჩასულებმა, შვება ვიგრძენით.
[ფოტო] ევა არუთუნიანი / ფოტო: „მედიამიქსი“
სოფელ ტეხში თანამემამულეები დაგხვდნენ, გაგვიმასპინძლდნენ. არცახიდან [ყარაბაღიდან- რედ]] თან წამოვიყვანეთ ბიძაჩემის ოჯახი. იგი 2020 წლის ომში დაიღუპა“.
„ველი და მჯერა“
ევა გვიყვება, რომ თავიდან ძალიან უჭირდა ადაპტაცია ახალ ქალაქსა და სკოლაში.
„სკოლაში მისულს, ყოველ ჯერზე ტირილი მინდოდა, მაგრამ ძალიან დამეხმარნენ თანაკლასელები და კლასის დამრიგებელი. მოგვიანებით, შემოგვიერთდნენ სხვა მოსწავლეები არცახიდან და მეც ცოტათი დავწყნარდი“.
ევას დედაც ამბობს, რომ მადლობელია სკოლაში მათ მიმართ განწყობით.
სამწუხაროდ, ახლა ოჯახს საცხოვრებელი ადგილის ცვლილება უწევს. სექტემბერში ევა ახალ სკოლაში წავა.
„ვწუხვარ [ახალ სკოლაში გადასვლის გამო], ვინაიდან მგონია, რომ ადაპტაცია რთული იქნება. როცა სოფლიდან ჩემს მეგობრებს ველაპარაკები, ჩემნაირად წუხან. ენატრებათ, პირველ რიგში, ჩვენი სკოლა. აქ ყველანი კარგები არიან, კარგად მიგვიღეს, მაგრამ ველი და მჯერა, რომ კვლავ წავალთ ბერდაშენში“.
პროექტი ხორციელდება „მედიამაქსის“ და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ მიერ, „მედიაინიციატივების“ ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით და პროექტის – „დამოუკიდებელი მედიაკონტენტის შექმნა“ – ფარგლებში.