„მე ვარ ნიკო, აქტიური მოქალაქე“ – ასე გვეცნობა 22 წლის ნიკო ქარცივაძე, ეტლით მოსარგებლე.
რამდენიმე წელია ნიკო სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული, ხმამაღლა საუბრობს პრობლემებზე და შშმ თემისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს ითხოვს, პარალელურად კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო საფეხურზე, კლინიკურ ფსიქოლოგიას სწავლობს.
„საქართველოში ახლა ისეთი სოციალური ფონია, უფლებრივი კუთხით ნამდვილად არავის გვილხენს. ამ მხრივ, საჭიროებების ვერ დაკმაყოფილება განსაკუთრებით ცხადად ჩანს ხოლმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან.
მე ვარ ეტლით მოსარგებლე და ჩემზე კარგად ალბათ არავინ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურის ქონა ქალაქში. აქ მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანის საჭიროებებსა და გამოწვევებზე არ არის საუბარი, ადამიანს შეიძლება სხვადასხვა შეზღუდვის ტიპი ჰქონდეს – შეიძლება იყოს სმენადაქვეითებული ან სმენის არმქონე, იყოს მცირედმხედველი, ჰქონდეს სენსორული დარღვევები და ა.შ.
ხშირ შემთხვევაში მათი საჭიროებები უყურადღებოდ რჩება. მაგალითად, თუ უსინათლო ადამიანს უნდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღება, ხშირ შემთხვევაში დაწესებულებას არ შეუძლია, რომ ბრაილის შრიფტით მიაწოდოს შესაბამისი ლიტერატურა, ან არ აქვთ სურდო თარჯიმნის მხარდაჭერა და ამიტომაც სმენის არმქონე ადამიანებს შესაბამის განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ. ძალიან ბევრი ასეთი პრობლემაა…“ – ამბობს ნიკო.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიფტი, რომელიც შშმ ადამიანებს დაეხმარებოდა შენობაში გადაადგილებაში, 2018 წელს დამონტაჟდა. იქამდე არც შენობის კიბეები იყო ადაპტირებული, რის გამოც წლების განმავლობაში შშმ ადამიანებისთვის უმაღლესი საწვალებლის შენობაში გადაადგილება პრობლემა იყო.
„კუს ნაბიჯებით მივდივართ, მაგრამ გარკვეული შედეგები გვაქვს“ – ამბობს ნიკო, თუმცა, მისივე თქმით, ეს ნამდვილად არ არის საკმარისი ინკლუზიური საზოგადოების შესაქმნელად.
„წლების განმავლობაში რაღაცები ნამდვილად შეიცვალა, ერთს მხრივ ძალიან ცხადი გახდა, რომ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ცნობიერების კუთხით. მაგალითად, ეტლით მოსარგებლეს ხურდას აღარ უწოდებენ ქუჩაში, მაგრამ მეორეა სხვადასხვა სერვისებზე, ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.
მაგალითად, მე ვცხოვრობ მუნიციპალიტეტში, სადაც დღემდე არ არის ადაპტირებული ტრანსპორტით სარგებლობის „ფუფუნება“, რის გამოც ფაქტობრივად დამოკიდებული ვხდები მესამე პირზე, რომ ბათუმში შევძლო ჩამოსვლა, სამსახურში თუ უნივერსიტეტში მისვლა. ეს პრობლემების მხოლოდ ზედა ფენაა და სიღრმეებში უფრო მეტი პრობლემის გამოკვეთა შეიძლება“ – ამბობს ნიკო.
გაეროს ანგარიშებში ვკითხულობთ, რომ საქართველო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ლიმიტირებულ სოციალურ დაცვასა და მხარდაჭერას სთავაზობს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სერვისების არასაკმარისი რაოდენობისა და ხარისხის გამომწვევად კი არასაკმარისი ფინანსური რესურსი მიიჩნევა.
„მაგალითებით შევეცდები ვისაუბრო. მე მობილობის შეზღუდვა მაქვს, ჩემთვის პრიორიტეტია მუდმივი რეაბილიტაციის გავლა და ამის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ მეძლევა. შემიძლია წელიწადის განმავლობაში ავიღო სამი, ათდღიანი ვაუჩერი და გამოდის, რომ წლის განმავლობაში ერთი თვე გადაბმულად შემიძლია რეაბილიტაციის სერვისი მივიღო, თუმცა დანარჩენი 11 თვე არ ხდება ამ საჭიროების დაკმაყოფილება.
ასევე, რადგანაც მე იშვიათი დაავადება მაქვს, უშუალოდ ჩემი დაავადების მქონე ადამიანების აქტიური ჩართულობით მოხდა იმ მედიკამენტების შესყიდვა, რომელიც საჭიროა ამ დაავადების პროგრესირების შეწყვეტისთვის, თუმცა, რომ არა ამ ადამიანების ჩართულობა, ვფიქრობ, რომ ეს სერვისიც არ დაინერგებოდა აქ“ – ამბობს ნიკო.
ბოლო ორი თვეა ნიკო აქტიურად დადის ბათუმში მიმდინარე აქციებზე რუსული კანონის წინააღმდეგ და ევროინტეგრაციის მოთხოვნით. ნიკო მიიჩნევს, რომ საქართველოში უფლებრივი, მათ შორის შშმ პირებთან დაკავშირებული ვითარების გამოსწორებისთვის, საქართველოსთვის უალტერნატივოა ევროინტეგრაცია:
„ევროკავშირი ჩემთვის არის ადგილი, სადაც სხვადასხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანები, მიღებულნი არიან ისეთები როგორებიც არიან და მათი ღირსეული ცხოვრება და ცხოვრების ხარისხი არის დაცული. შშმ პირებისთვის არის განსაკუთრებით თანასწორი გარემო, სადაც ნებისმიერი შენი საჭიროება არის გათვალისწინებული და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ ჩვენ, შშმ პირებს და ზოგადად, საქართველოში მცხოვრებ საზოგადოებას ეს ორიენტირი მტკიცედ გვაქვს განსაზღვრული და არაფრის დიდებით არ შევწყვეტთ მისკენ სვლას.
ვფიქრობ, რომ დღეს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ძლიერ დათვთან ერთი ერთზე დარჩენილი ადამიანი ვერაფერს გააწყობს და მას საიმედო მეგობრები და პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან ასეთი მჭიდრო კავშირი.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ისინი ათწლეულების განმავლობაში საკუთარ ფინანსურ რესურსებს დებდნენ აქ, რომ გამყარებულიყო დემოკრატია, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი შესაბამის საფეხურზე ასულიყო და ახლა ერთი ხელის მოსმით მათზე ზურგის შექცევა, წარმოუდგენელი ამბავია ჩემთვის პირადად. ეს ყველამ უნდა გავაპროტესტოთ“ – ამბობს ნიკო.
ნიკო ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რეგიონში აქტივისტებმა შშმ პირთა თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირება დაიწყეს, თემისთვის ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ახლად ამოქმედებული რუსული კანონისა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო, ამ მიღწევებს საფრთხე ემუქრება:
„ხშირად გამიგია, რომ თითქოს ეს ცვლილებები შშმ პირებს არ ეხებათ. ვფიქრობ, ძალიანაც გვეხება, იმიტომ, რომ რამდენიმე სერვისი უკვე შეჩერების რისკის ქვეშ დადგა, იქიდან გამომდინარე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთი შეურაცხმყოფელი იარლიყის ქვეშ მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებენ და შესაბამისად, მათ რაიმე სერვისების გაწევის რესურსიც აღარ ექნებათ. ამიტომ რეალურად დაზარალდებიან ისინი [შშმ ადამიანები] თუ ვეღარ მიიღებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებს, თუნდაც პირადი ასისტენტის სერვისს ან სხვა დახმარებას.
არ შეიძლება იმ ადამიანებს ვეძახოთ უცხოური ძალის გამტარი აგენტები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ დემოკრატიის შენებაში თავიანთი აგური შემოედოთ და შშმ პირების თუ სხვა ადამიანების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინათ. რომ არა არასამთავრობო ორგანიზაციები… თუნდაც „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ – ამ ორგანიზაციამ იმდენად მასშტაბური ცვლილება მოახდინა ჩვენს საზოგადოებაში, იმდენად შეცვალა ადამიანების ცნობიერება შეზღუდულ შესაძლებლობაზე, რომ ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს სახლიდან გამოსვლა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. და შენ რომ ახლა მობრუნდე და მათ ეძახო უცხოური გავლენის გამტარი აგენტები, მინიმუმ უხერხული და არაეთიკურია, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
მეც არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, მაქვს უცხოური გრანტი, რომლითაც ვცდილობ რომ ჩემს გარემოში რაღაც ცვლილებები შევიტანო. ჩვენი პროექტი უშუალოდ ორიენტირებულია მისაწვდომობის მონიტორინგზე და აგრეთვე, არალეგალური პარკირებების შემოწმებაზე. ეს საქმე მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ ტრანსფორმაციას ემსახურება.
ეს კანონი ეხება ყველას, თუნდაც იმ მხრივ, რომ რეალურად ემუქრება კრიტიკული მოსაზრების და მედიის ჩახშობას.
გამოდის, ჩვენ ვეღარ მივიღებთ სანდო ინფორმაციას და მუდმივი პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ ვიქნებით, რაც უკვე ბუნებრივი მდგომარეობაა რუსეთში. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს რუსი ახალგაზრდების ინტერვიუებს ქუჩებში, მათი ერთადერთი პასუხი არის ის, რომ აპოლიტიკურები არიან, იმიტომ რომ პოლიტიკური შეხედულებების ქონა იქ უბრალოდ ისჯება, არ შეიძლება იქ არსებობდეს განსხვავებული მოსაზრება და მით უმეტეს, თუ ამის დაფიქსირებას გადაწყვეტ – ჯოჯოხეთს მოგიწყობენ“ – ამბობს ნიკო.
ნახეთ ვიდეო: