მთავარი,სიახლეები

„შშმ პირს სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ“ – ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

21.06.2024
„შშმ პირს სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ“ – ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

„კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ადამიანით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს:
გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქე და სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, დაზარალებულს, ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით, სხვა პირებისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდნენ. ბრალდებულები ამ გზით მიღებულ თანხას კი პირადად ისაკუთრებდნენ.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის შესახებ ცნობილი იყო ბრალდებული ი.კ.-სთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 21 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან.
დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით [ტრეფიკინგი] და 376-ე მუხლით [დანაშაულის შეუტყობინებლობა] მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.