მთავარი,სიახლეები

ვინ და რატომ ჩაშალა ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის 700 000-ლარიანი პროექტი

21.06.2024 •
ვინ და რატომ ჩაშალა ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის 700 000-ლარიანი პროექტი

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის მშენებლობა ტურისტული პროდუქტების სააგენტომ 2022 წელს დაგეგმა. ჯერ პროექტი შეისყიდეს, შემდეგ კი შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადეს. შეარჩიეს გამარჯვებული კომპანიაც, თუმცა უშედეგოდ.

700 000 ლარის ღირებულების პროექტი იმის გამო ჩაიშალა, რომ სააგენტოს მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ჰქონდა დაგეგმილი, მისი გამოსყიდვა კი საჭირო დროს ვერ შეძლო.

ესკიზი

თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის მშენებლობის პროექტის განხორციელება სააგენტომ ღორჯომის ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმა. სატენდერო დოკუმენტებში წერდნენ, რომ ღორჯომის თემს და მიმდებარე სოფლებს საცხენოსნო ტურიზმის განვითარების უნიკალური ლანდშაფტი და პოტენციალი გააჩნია:

„ღორჯომის ხეობა არის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და ადათშემონახული, რომელსაც საცხენოსნო ტურიზმის განვითარების უნიკალური პოტენციალი გააჩნია. დღეს მხოლოდ ღორჯომის ხეობაშია შემორჩენილი ცხენის ყოლის ტრადიცია.

სწორედ ეს უნიკალური და ყველა ხეობისგან გამორჩეული მახასიათებელი თვისება ამ კონკრეტულ მიმართულებას განსაკუთრებულ დანიშნულებას სძენს, რაც დამატებით მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის, თუმცა ხეობაში ცხენის ყოლა, მისი მოვლა-პატრონობა ჯერ-ჯერობით ნაკლებად აღიქმება სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ ძალად. სწორედ ამიტომ, საცხენოსნო ტურიზმი, როგორც ახალი ტურისტული პროდუქტი, არა მხოლოდ ეკონომიური განვითარებით წინაპირობა იქნება, არამედ მისი ტრადიციისა და ისტორიის გაცოცხლების საფუძველიც“.

სააგენტო ასევე წერდა, რომ ხეობას აქვს უნიკალური ლანდშაფტი და საფეხმავლო მარშრუტები: „იდეალური ლოკაციებია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ღორჯომის ხეობა ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს და უძველესი ტრადიციებით და შენარჩუნებული ავთენტურობით გამოირჩევა“.

ტენდერი ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2023 წლის თებერვალში გამოაცხადეს, შეყიდვის ბიუჯეტი 401 500 ლარი იყო, თუმცა ის არ შედგა, პრეტედენტებმა დისკვალიფიკაცია მიიღეს. 2023 წლის მარტში განმეორებითი ტენდერი, გაზრდილი თანხით, 710 000 ლარით გამოაცხადეს. სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიას, შპს „მშენებელი 777-7“- ს 2023 წლის 16 მაისს გაუფორმეს. კომპანიამ სააგენტოს სამუშაოების შესრულება 702 900 ლარად შესთავაზა. 

ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში შემსყიდველმა კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა შეუჩერა. მიზეზად კერძო მესაკუთრეებისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის საკითხის დარეგულირებაა დასახელებული. კომპანიას ერთ წელზე მეტხანს მოუწია ლოდინი მიწის ნაკვეთის გამოსყიდვამდე, თუმცა სააგენტომ მისი გამოსყიდვა ვერ შეძლო, რაც დოკუმენტებითაც დასტურდება.

 

2024 წლის მაისში კი ხელშეკრულება საბოლოოდ შეწყვიტეს.

შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ

კომპანიის დირექტორის, ბადრი ხარაბაძის ინფორმაციით, კომპანიას ამ საქმის შესრულება აღარ უღირდა, რადგან მოცდის პერიოდში სამშენებლო მასალები გაძვირდა, ეს თანხა კი სააგენტომ არ დაამატა. ამიტომაც კომპანია შეუთანხმდა სააგენტოს ტენდერის შეწყვეტაზე და ზარალიც აღარ გაასაჩივრა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთის გამოსყიდვისთვის სააგენტომ 1 კვ.მეტრზე 7 ლარი შესთავაზა, შემდეგ კი მათ უთხრეს, რომ მხოლოდ 3 ლარს გადაუხდიდნენ, რაზეც უარი მიიღეს. ინფორმირებული წყაროს ინფომაციით, ფასი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, თუმცა ბიუროს დაგვიანებით მიმართეს, „როცა მესაკუთრეებთან კონკრეტულ ფასზე უკვე მოლაპარაკებულები იყვნენ“. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთები 2024 წელს გამოისყიდეს, თუმცა მესაკუთრეებისთვის თანხა ჯერ სრულად არ გადაუხდიათ. „ბათუმელებისთვის“ ცნობილია ისიც, რომ სააგენტო პროექტის ადგილის შეცვლას განიხილავს: „ვიღაცის გავლენებმა გადაწონა“, არადა გასულ წელს სააგენტო მონდომებით ასაბუთებდა, რომ ღორჯომის ხეობა საცხენოსნო ტურიზმის განვითარებისთვის ზედგამოჭრილი ადგილია.

აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

სატენდერო დოკუმენტებში სააგენტო ასევე წერდა, რომ ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ტერიტორია ადგილობრივების მიერ არის შერჩეული, ამიტომ საჭიროა ექსპერტების, მათ შორის სერტიფიცირებული მოჯირითის მიერ ადგილის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში გეოლოგიური კვლევა და არსებული გარემოსთვის ადაპტირებული საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, რომელიც ამ სპორტის სახეობას დააკმაყოფილებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ღორჯომის ხეობა 18 სოფელს და 1470 მოსახლეს აერთიანებს. ეს სოფლებია: ვანაძეები, ვაშაყმაძეები, მეკეიძიები, მეხალაშვილები, ადაძეები, გორგაძეები, მინთაძეები, ღორჯომი, ახალი უბანი, ტუნაძეები, ქურდული, ლაბაიძეები, მერჩხეთი, სტეფანაშვილები, წინწკალაშვილები, ჭახაური, დავლაძეები, ცეცხლაძეები.

ღორჯომის ხეობაში აგრეთვე არის დიდაჭარის, საციხურისა და აგარის თემები. სააგენტოს ინფორმაციით, აქ დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით ნაშენებ ხის ოდებს. ტურისტულად საინტერესო ობიექტებს შორის აღსანიშნავია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის მეჩეთი და ჩანჩქერები.

სააგენტოს ინფორმაციით, რაზეც სატენდერო დოკუმენტებშია მითითებული, ღორჯომის  ხეობაში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: