სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეს ტოვებს და ოპოზიციაში გადადის. პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება დღეს, 29 იანვარს გააკეთა ორბელიანების სასახლის ეზოში.
დღეს საქართველოში არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იმართება.
სალომე ზურაბიშვილმა ამ ინაუგურაციას პაროდია და არალეგიტიმური პროცესი უწოდა.
„იქით არის სიცარიელე, აქ საზოგადოებაა. იქით ჩაკეტილები არიან და ჩვენ ვართ გარეთ, რადგან არაფრის გვეშინია, არც გისოსების“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ხალხს, რომელიც დღეს დილიდან შეიკრიბა ორბელიანების პრეზიდენტის სასახლესთან მისი გადაწყვეტილების მოსასმენად.
„მე აქედან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები“, – თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ორბელიანების სასახლე იქამდე იყო პრეზიდენტის სიმბოლო, სანამ პრეზიდენტი იყო ლეგიტიმური.
„მე ჩემთან მიმაქვს ლეგიტიმურობა, დროშა, თქვენი ნდობა და ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს, მათია. მე მინდა თქვენთან ერთად დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ლეგიტიმურობა და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ სადაც ხალხის ნდობა არაა, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. მე გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარეს, რასაც ის „რუსულ ტრაგედიას“ ეძახის, არიან „შეშინებულები, დაბოღმილები, სანქცირებულები, არავისგან აღიარებულები“.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, ის აპირებს იმუშაოს რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის იმ პირობებზე, რომლითაც ახალია არჩევნები ჩატარდება მალე. მისი თქმით, ეს არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და საჭიროა არსებობდეს დოკუმენტი, რა პირობებში ტარდება ის, რომ ვერ მოხერხდეს გაყალბება. მისი თქმით, დაცვა სჭირდება მედიას, ადამიანებს, რომლებსაც საჯარო სამსახურებიდან ათავისუფლებენ.
პრეზიდენტის განცხადებით, ახლო მომავალში ის დაიწყებს მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან:
- ბიზნესთან
- საჯარო მოხელეებთან,
- ახალ პოლიტიკურ ძალებთან
- რეგიონებში
- უცხოეთში ვიზიტები
„31-ში [დეკემბერს] რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს და ეს ახალი წელი იქნება მშვიდობიანი, ბედნიერი და გამარჯვებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და პრეზიდენტის სასახლე დატოვა.





