მთავარი,სიახლეები

საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს იმაზე ფიქრი, რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი – გახარია

30.12.2024 •
საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს იმაზე ფიქრი, რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი – გახარია

დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი რისკი საკასო გარღვევის“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „დროებაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, ახლა საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს იმაზე ფიქრი, თუ რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნება დღეს რეაქტიულ პოზიციაშია. ისინი დღეს წესრიგს ვერ ქმნიან. რეაგირებენ იმაზე, როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც იქნება ქვეყნის შიგნით რუსთაველზე და ქვეყნის გარეთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამიტომ ჩვენი გეგმა დღეს უნდა მოძრაობდეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხაზის ირგვლივ.

პირველი – რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები და დაპატიმრებულების გათავისუფლება.

მეორე – ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე ნაფიქრი, რას ვაკეთებთ იმ ადამიანების დასაცავად, რომლებსაც კრიზისის მეორე ფაზა დაარტყამს. ეს იქნება უმძიმესი ეკონომიკური შედეგების მატარებელი. [ოცნებამ] თავისი ელიტის, სპონსორების, ბიზნესპარტნიორების, ზიანი და ზარალი რომ აიცდინოს, რადგან ისინი პარტნიორები არიან, მთელი სიმძიმე მეორე ფაზის ეკონომიკური კრიზისის გადავა რიგით მოქალაქეებზე. მაგალითად, მუშებზე, როგორც ფერომ გააჩერა მუშები, ტყიბულმა გამოყარა ხალხი, ჯორჯიან მანგანეზი არ მუშაობს, აგერ აგარის შაქარი… საჯარო მოხელეებს სამსახურიდან ათავისუფლებენ. საშუალო და მცირე ბიზნესს ყველაზე დიდი წნეხი დააწვება.

შენ როდესაც ელიტის კონსოლიდირება გინდა, მათ შორის ბიზნეს ელიტის, რომელიც შენი კორუფციული სპონსორია, რა თქმა უნდა, მათ აძლევ იმის უფლებას, რომ ეკონომიკური და ფინანსური დარტყმა გადავიდეს რიგით მოქალაქეებზე და არა მათზე, იმიტომ, რომ ისინი წინააღმდეგ შემთხვევაში აგიბუნტდებიან. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დიდი კონსოლიდირება, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად უნდა დავიცვათ და მათ უნდა მივეხმაროთ,“ – თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება პოლიტიკურ დათმობაზე არ წავა და ახალი არჩევნების თარიღს არ გამოაცხადებს. გახარია საუბრობს ასევე იმ ეკონომიკურ სირთულეებზე, რომელიც ქვეყანას ელის.

„ის, რაც დღეს საერთაშორისო ველზე ხდება, როდესაც ევროკავშირი რეალურად განიხილავს ისეთი პროცესების შეჩერებას, რასაც პირდაპირი ფინანსური ზემოქმედება ექნება საქართველოზე.

მოლდოვას მაგალითზე რომ გადმოვთვალოთ, რას მივიღებდით, ეს იქნებოდა დაახლოებით 4 მილიარდი ევრო ორი წლის განმავლობაში, 2025-27 წლებში.

ამას რომ მივამატოთ ის დახმარებები, რომელიც შეჩერდა. ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-დან. ამას დაამატეთ ამ ბარდაგით და პოლიტიკური კრიზისით, რაც ახლა ხდება, რამხელა კაპიტალი გადის ქვეყნიდან.

საბოლოო ჯამში უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი რისკი საკასო გარღვევის, რომელსაც პირდაპირი ფული დასჭირდება დასაფინანსებლად.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის, რასაც ჩვენ დავეჯახებით დაახლოებით მარტიდან და ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ ამისთვის,“ – თქვა გახარიამ.

ექსპრემიერის თქმით, ახლა ყველას მიზანი უნდა იყოს მზადება ახალი არჩევნებისთვის, თუმცა მთელი რიგი დათქმებით.

„ახალ არჩევნებს იმავე საარჩევნო გარემოში არანაირი აზრი არ აქვს. პირიქით, ამან შეიძლება დამატებითი ენერგია და ახალი სიცოცხლე შესძინოს დღევანდელ „ოცნებას“, იმისთვის, რომ მოახერხონ რაღაცნაირად ნაკლები, მაგრამ მაინც სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნონ. ამიტომ პირველი ფაზა უნდა დავასრულოთ ისე, რომ არ იყოს არც შიდა, არც გარე ლეგიტიმაცია, სანქციები უნდა გაგრძელდეს.

საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში ის ხალხი, ვინც ოცნებას მისცა ხმა, დარწმუნდეს, რომ 20 იანვარს არაფერი არ მოხდება. პირიქით იქნება, იმიტომ, რომ რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ, ყოველთვის უფრო მკაცრი, ეფექტური და სწრაფი იყო.

ამას ესენი [ქართული ოცნება] ძალიან კარგად ხვდებიან და იმასაც ამბობენ, რომ „შეიძლება ტრამპი ვერ მოერიოს გლობალური ომის პარტიას“.

ეს არის პირველი ფაზა, რომელიც იანვრის ბოლოს დასრულდება, მაგრამ ჩვენ დღეს უნდა ვმუშაობდეთ, მეორე ფაზის პირობებში, როდესაც ეკონომიკური გამოწვევები იქნება, ჩვენ ამ ხალხს უკვე ველაპარაკებით.

და მესამე – პროპაგანდა. იმიტომ, რომ არანაირი ახალი საარჩევნო გარემო… თუ თავისუფალი მედია არ იქნა ქვეყანაში და თუ ფულის როლი, პოლიტიკაში და პარტიების დაფინანსებაში არ შეიცვალა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება ძალიან რთული. ჩვენ დღეს იმის ხარჯზე, რომ ამხელა გონიერებამ გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეებში, შეგვიძლია, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, ხარისხობრივად ახალ ეტაპზე და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. უბრალოდ ამისთვის გვჭირდება გონიერება, ცივსისხლიანი მიდგომა და არ უნდა ვიჩქაროთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: