„საქართველოს საზოგადოების ნაწილის მიერ წამოყენებული ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა უნდა იქნას განხილული ხელისუფლების მიერ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი დიალოგის გზით,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დღეს, 31 დეკემბერს გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის [„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები] საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე.
„ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებული ვართ საქართველოში პოლიტიკური კრიზისით, რომელიც განვითარდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. კრიზისის მიზეზი არის საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და მის მიერ ევროპული გზიდან გადახვევა.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი კურსი და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს დაუბრუნდეს, ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვისა და რეფორმების განხორციელების გზით,“ – აღნიშნულია „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია მშვიდობიან მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ ლიდერებზე ძალადობის ფაქტებზე. განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ბოლო დასკვნაზე, რაც „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების შეფასებით, ადასტურებს მათ შეშფოთებას:
„მკაცრად ვგმობთ გასული კვირების ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ და ვახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების პატივისცემისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის შეკრებისა და მედიის თავისუფლების დაცვის პასუხისმგებლობას. ასევე ვგმობთ პოლიტიკოსების მიმართ მუქარას.
„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკურმა კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ რეაქციულად გამოიწვია ჩვენი ურთიერთობების გაუარესება, როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე და ჩვენი დახმარებისა და თანამშრომლობის შემცირება საქართველოს ხელისუფლებასთან.
შესაბამისად, აღვასრულებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვაზე და განვიხილავთ დამატებით ზომებს, როგორც ევროკავშირის, ისე ეროვნული დონეზე.
ეუთოს/ოდირის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოვლენილი მასშტაბური დარღვევებითა და ბრალდებების საპასუხოდ არასათანადო გამოძიებებით, ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას საარჩევნო პროცესების სრულფასოვნებზე. არჩევნები არ ჩატარდა ევროკავშირის კანდიდატისგან მოსალოდნელი სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან და აღდგეს საზოგადოებრივი ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ. OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების და სტანდარტების განხორციელების, ასევე საქართველოს საზოგადოების ნაწილის მიერ წამოყენებული ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა უნდა იქნას განხილული ხელისუფლების მიერ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი დიალოგის გზით.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს,“ – აღნიშნულია გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
___
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააჟღერა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში 34-ე დღეა, უწყვეტი მასობრივი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს.