მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ საარჩევნო კანონი შეცვალა და პარტიულ ინტერესებს, რეგიონულ ელიტებს მოარგო – საია

30.12.2024
„ოცნებამ“ საარჩევნო კანონი შეცვალა და პარტიულ ინტერესებს, რეგიონულ ელიტებს მოარგო – საია

„დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებებით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო ნაკლებად სამართლიანი გახდება. „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კანონმდებლობა ვიწროპარტიულ ინტერესებზე მოირგო, რათა ხელოვნური უპირატესობა მოიპოვოს,“ – ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საარჩევნო კოდექსში 2024 წლის დეკემბერში შესულ ცვლილებებს.

  • რა იცვლება არსებითად?

იზრდება მაჟორიტარული კომპონენტი. მაგალითად, ამჟამად თბილისი 50 წევრისგან შემდგარ საკრებულოში 10 – მაჟორიტარი და 40 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატია. ცვლილების შედეგად კი, თბილისის საკრებულო კვლავ 50 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

„დაჩქარებული წესით განხილული და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით თვითგამოცხადებული პარლამენტი მორიგ ჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს. 

ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საიას შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები „მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას“.

ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა. 

შემოთავაზებული ცვლილებებით მუნიციპალურ არჩევნებში მაჟორიტარული კვოტით ასარჩევი კანდიდატების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, საქმე გვაქვს საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელოვან გაუარესებასთან.

კერძოდ, მმართველი პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, რეგიონებზე პოლიტიკური და ელექტორალური კონტროლის კუთხით მნიშვნელოვნად ეყრდნობიან რეგიონულ ელიტებს, რაც მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ. საარჩევნო ბარიერისა და მეორე ტურის ჩატარების გარეშე კიდევ უფრო მკაფიოდ იჩენს თავს მაჟორიტარული სისტემის უარყოფითი მხარე – ხალხის წარმომადგენლად შესაძლოა არჩეულ იქნას კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც ბევრად უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად. შედეგად, კიდევ უფრო მეტია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, ვიდრე ნებისმიერი სხვა საარჩევნო სისტემის [თუნდაც მაჟორიტარულის სხვა სახეობის] შემთხვევაში,“ – ვკითხულობთ საიას შეფასებაში. 

„ქართულმა ოცნებამა“ საარჩევნო კოდექსში ცვლილება 13 დეკემბერს შეიტანა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: