მთავარი,სიახლეები

ალიევი რუსეთისგან ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციას ითხოვს ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის

29.12.2024 •
ალიევი რუსეთისგან ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციას ითხოვს ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა და ოფიციალურ ბოდიშს, პასუხისმგებელი პირების დასჯასა და კომპენსაციას მოითხოვს.

აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ალიევმა ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფა რუსეთის ტერიტორიიდან „ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის“ შედეგად მიღებულმა დაზიანებამ გამოიწვია.

მან თქვა, რომ ის გამორიცხავს მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტს და ეს „შემთხვევით“ მოხდა, თუმცა უკმაყოფილება არ დამალა იმასთან დაკავშირებით, რომ „გარკვეული წრეები“ რუსეთში ცდილობდნენ ამბის მიჩქმალვას ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე ცრუ ვერსიების გავრცელებით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სამი დღის განმავლობაში რუსეთიდან ბოდიშის ნაცვლად ისმენდნენ „აბსურდულ ვერსიებს“, თითქოს ავიაკატასტროფა თვითმფრინავის ბორტზე დაზიანების შედეგი იყო.

„დანაშაულის აღიარება და დროულად მობოდიშება აზერბაიჯანისთვის, რომელიც მეგობრულ ქვეყნად ითვლება და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება – სწორედ ეს ზომები და ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო” – თქვა მან.

გარდა ოფიციალური ბოდიშისა, როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ალიევი რუსეთისგან პასუხისმგებელი პირების დასჯას და დაზარალებული მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს.

კრემლის ცნობით, შაბათს, 28 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ალიევს დაურეკა და მოუბოდიშა, როგორც კრემლი აღწერს – „ტრაგიკული ინციდენტისთვის რუსეთის თავზე, რომლის დროსაც ავარია განიცადა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავმა მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონების წინააღმდეგ გახსნეს ცეცხლი“.

ოთხშაბათს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქოდან გროზნოში მიმავალმა თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და აქტაუდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი, 29 – დაშავდა.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/AZAMAT SARSENBAYEV

გადაბეჭდვის წესი


ასევე: