მთავარი,სიახლეები

ბათუმის აქციების 12 მონაწილე, მათ შორის სტუდენტები სასამართლოში დაიბარეს

30.12.2024 •
ბათუმის აქციების 12 მონაწილე, მათ შორის სტუდენტები სასამართლოში დაიბარეს

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილე 12 ადამიანი სასამართლოში დაიბარეს.

მათ შორისაა სტუდენტი ლარა ქარცივაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია, პარტია „ახალის“ წევრი ლევან გორგილაძე და „თავისუფლების მოედანის“ წევრი აზა გაბუნია.

წინასწარი ინფორმაციით სასამართლოში დაბარებული არიან პროტესტის მონაწილე შემდეგი პირები:

1. გოგიტა სოლომონიძე
2. დარიკო ჩიტაძე
3. ელგუჯა ბაგრატიონი
4. ირმა კომახიძე
5. ირაკლი ჯორბენაძე
6. ნიკოლოზ მირცხულავა
7. აზა გაბუნია
8. ირმა ზოიძე
9. ლევან გორგილაძე
10. ვაჟა დარჩია
11. ლარა ქარცივაძე

12. თორნიკე კაკალაძე

როგორც ლარა ქარცივაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოტივით იბარებენ სასამართლოში, თუმცა სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

„როგორც გავიგე, ძირითადად გზის გადაკეტვაზე მედავებიან. 13 იანვარს არის პროცესი ჩანიშნული. ათამდე ადამიანს დაგვირეკეს და ახლა ვარკვევთ სხვების ვინაობასაც. ძირითადად იმათ დაურეკეს, ვინც აქციების ორგანიზებაში არიან  ჩართული“, – ამბობს ლარა ქარცივაძე.

აზა გაბუნიაც სასამართლოში 13 იანვარსაა დაბარებული.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე  მუხლს გვედავებიან. ეს არის ორგანიზატორობა. პოლიციის მე-7 განყოფილებას მიუმართავს სასამართლოსთვის. არის მცდელობა, რომ ადამიანები დააშინონ და აანონსებენ რეპრესიებს. ერთ ორგანიზატორს ისინი ვერ იპოვიან და მთელი საქართველო აქციების ორგანიზატორად უნდათ რომ გამოაცხადონ?“ – ამბობს აზა გაბუნია.

აქტივისტების ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. როგორც ორგანიზაციაში განგვიმარტეს, სასამართლოს ბათუმის პოლიციის მე-6 და მე-7 განყოფილებებმა, ასევე აჭარის პოლიციის მთავარმა სამმართველომაც მიმართა.

საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც.

მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების რეპრესიებს, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, მოითხოვენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს.

დაბარებულებს შეატყობინეს, რომ მათ საქმეს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი