განათლება,მთავარი,სიახლეები

„ეს ჰგავს საბჭოთა რეპრესიულ მეთოდებს“ – მეცნიერების მხარდაჭერა ილიაუნის რექტორს

05.06.2023 • 1785
„ეს ჰგავს საბჭოთა რეპრესიულ მეთოდებს“ – მეცნიერების მხარდაჭერა ილიაუნის რექტორს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას მეცნიერები ეხმაურებიან და რექტორს სოლიდარობას უცხადებენ.

„რამდენიმე დღეა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ სხვადასხვა მედიით გავრცელებული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას, რომელსაც უნივერსიტეტმა არაერთხელ გასცა პასუხი.

მიუხედავად ამისა, ბრალდებები გადაიზარდა უნივერსიტეტის რექტორზე, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეზე პირად თავდასხმაში.

პირადი ტრაგედიის გამოყენება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ძალიან ჰგავს საბჭოთა რეპრესიების დროს გამოყენებულ მეთოდებს, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება უბედურ შემთხვევას, რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან.

ვფიქრობთ, რომ ორკესტრირებული კამპანია საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია.

ჩვენ, აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა თაობის მეცნიერები, უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ  უნივერსიტეტსა და მის რექტორს“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 5 ივნისს, გავრცელდა.

განცხადებას ხელს აწერენ მზექალა შანიძე, რისმაგ გორდეზიანი და სხვა მეცნიერები:

  • თამარ კალხიტაშვილი, მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ირინე ტატიშვილი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ლევან გორდეზიანი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ლიკა გორდეზიანი, მოწვეული პროფესორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სოფიო ტატიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
  • დიმიტრი გეგენავა, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
  • კონსტანტინე შუბითიძე, ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თინათინ კახნიაშვილი, პროფესორი, კარნეგი მელონის უნივერსიტეტი
  • თინათინ ქაროსანიძე, პროფესორი, დეკანი, თავისუფალი უნივერსიტეტი
  • მარიამ მანჯგალაძე, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
  • ნათია ხანთაძე, აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს სამართლის ინსტიტუტი
  • გიორგი მელაშვილი, მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტი

რამდენიმე დღის წინ ნინო დობორჯგინიძის წინააღმდეგ „პოსტ-ტვ“-მ და „რუსთავი2“-მა სიუჟეტი მოამზადეს, სადაც  საუბარი იყო იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც აცხადებენ, რომ სტუდენტები არიან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რიგ ბრალდებებს უყენებენ, მათ შორის ბრალს სდებენ მათ ოჯახის წევრების უნივერსიტეტში დასაქმებასა და საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში, რექტორს კი ნასამართლეობაში ადანაშაულებენ.

ნინო დობორჯგინიძემ განმარტა, რომ წლების წინ მას მართლაც შეემთხვა უმძიმესი ავარია, რომელსაც მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ემსხვერპლა, თუმცა ეს არანაირად არ არის მის თანამდებობასთან კავშირში. მისი თქმით, ბრალდებებს არანაირი ფინანსური საფუძველი არ აქვს და მიზანი მისი ფსიქოლოგიური განადგურება და უნივერსიტეტის დაზიანებაა.

ნინო დობორჯგინიძე ერთ-ერთია მათგან, ვინც რუსულ კანონთან დაკავშირებით ღიად გამოხატა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ ამ კანონის მიღება ქვეყნის ინტერესებს დააზარალებდა.

3 ივნისს კი ნინო დობორჯგინიძეს სოლიდარობა ილიაუნის პროფესორებმაც გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ ბრალდებებს არანაირი ფინანსური საფუძველი არ აქვს და მიზანი მისი ფსიქოლოგიური განადგურება და უნივერსიტეტის დაზიანებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: