მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ პრეზიდენტს ინაუგურაციაზე ევროკავშირი საერთოდ არ უხსენებია

29.12.2024 •
„ოცნების“ პრეზიდენტს ინაუგურაციაზე ევროკავშირი საერთოდ არ უხსენებია

მიხეილ ყაველაშვილმა, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, ე.წ. ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ერთხელაც არ ახსენა საქართველოს მთავარი პარტნიორი – ევროკავშირი და ევროინტეგრაცია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირობაა და პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისაღწევად „ყველა ზომა მიიღოს“.

ყაველაშვილმა სიტყვით მიმართვით დროს დიდი დრო დაუთმო ქართულ სუფრას, ტრადიციებს, ოჯახის ღირებულებებს, მაგრამ არა „ევროკავშირს“. მან მხოლოდ ორჯერ ახსენა „ევროპული ოჯახი“, ისიც კრემლის პროპაგანდისტული გზავნილით, რომ თითქოს ევროპულ ოჯახში „ქართველობას გვართმევენ“.

აქ შეგიძლიათ ნახოთ მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც ის „ევროპულ ოჯახს“ ახსენებს:

„გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე, ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება ჩაგვრას, უსამართლობას და ამპარტავნულ დამოკიდებულებას, რომელიც მოითხოვს, რომ პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრონ ჩვენს სამშობლოს… სწორედ ასეთი მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება. უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავებით, თანაც ისე, რო ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას.

…ჩვენ, საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას და იმ წესებს, რომლებსაც ადგენს სახელმწიფო. სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე.

სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენნაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა. თუკი არსებობს ქართველი ადამიანი, ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებდეს, ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, ვის ან რას შეიძლება ემსახურებოდეს,“ – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ინაუგურაცია მოაწყო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა, თუმცა იგი საქართველოს პრეზიდენტად რჩება.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება და საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება იწყება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.“

მიხეილ ყაველაშვილი კი, არალეგიტიმურმა, ასევე კონსტიტუციის დარღვევით შეკრებილმა პარლამენტმა აირჩია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: