განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ხელისუფლება ავტორიზაციის პრობლემას უქმნის.
„სამწუხარო რამ გააკეთეს, გუშინ ილიას უნივერსიტეტს, რომელიც გადიოდა ავტორიზაციის პროცესს, მისცეს პირობითი ავტორიზაცია. რას ნიშნავს ეს?
ავტორიზაციის პროცესში მიდიან უნივერსიტეტში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და იკვლევენ ამ უნივერსიტეტის შესაძლებლობებს, რომ ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მათ უნდათ, შემდეგ წერენ დასკვნას და ეს დასკვნა გადის ავტორიზაციის საბჭოზე.
მიუხედავად იმისა, რომ ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა ყველა დასკვნა დადებითი ყველა მიმართულებით, ავტორიზაციის საბჭომ ასე გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი ვერ აკმაყოფილებს სრულად ავტორიზაციის მოთხოვნებს და მიიღებს პირობით ავტორიზაციას, მერე გაივლის შემოწმებას ერთი წლის შემდეგ და გაირკვევა, ექნება თუ არა ავტორიზაცია ამ უნივერსიტეტს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია პირდაპირ ჩართვაში.
მისი თქმით, როცა უნივერსიტეტმა ავტორიზაციის საბჭოს სთხოვა განემარტა მიზეზები, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ორჯონიკიძემ, შეხვედრა დროებით დატოვა.
„სავარაუდოდ გარეთ გასვლის შემდეგ ის ვიღაცას მოეთათბირა, რადგან არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ დილითაც დაურეკეს მას. შემდეგ ის ბრუნდება ავტორიზაციის საბჭოზე და ამბობს, რომ ის არ არის ვალდებულო განუმარტოს საზოგადოებას, თუ რატომ იქცევა ის, როგორც იქცევა და ვერ მიიღეს პასუხი, თუ რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
მისი თქმით, სამწუხაროა ისიც, რომ ავტორიზაციის წევრებიდან მხოლოდ ერთმა მისცა ხმა წინააღმდეგ, მიუხედავად ექსპერტების შეფასებისა, რომ ყველაფერი წესრიგშია.
„რატომ ხდება ეს ასე? კონტექსტში, რომ განვიხილოთ, არის თუ არა ეს უბრალოდ უნივერსიტეტის პროგრამების პრობლემა. შარშან, როცა პირველად გამოიტანეს რუსული კანონი, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები ძალიან აქტიურობდნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ასევე ძალიან მტკივნეული იყო ის, რომ როდესაც აქ ჩამოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მას ჰქონდა ილიას უნივერსიტეტში და იმ შეხვედრაზე ხელისუფლება არ მიიწვიეს.
ამის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო ილიას უნივერსიტეტზე შეტევა, მაგალითად, მიუქსიეს ახალგაზრდები რექტორს და დააბრალეს, რომ პანდემიის პერიოდში მან ზედმეტად ცოტა ფული დახარჯა საწვავზე. აი, ასეთი აბსურდული რაღაც დაიწყეს.
ამას მოჰყვა ის, რომ სამინისტრომ შეკრიბა რექტორების საბჭო და დააწერინა წერილები, სადაც უნივერსიტეტები თითქოს ემიჯნებოდნენ პოლიტიკას და ამ წერილს ილიას უნივერსიტეტის რექტორმა არ მოაწერა ხელი.
მერე განათლების სამინისტრომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გვერდის ავლით გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც დაემუქრა უნივერსიტეტებს, რომ მათ პრობლემები შეექმნებოდათ ავტორიზაციის თუ აკრედიტაციის პროცესში და ამ მუქარას ასრულებს სახელმწიფო.
შიგადაშიგ ირაკლი კობახიძე იძახის, რომ პროფესორები პოლიტიკური ნიშნით არიან დანიშნული უნივერსიტეტებში და რომ „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია მხოლოდ ორი უნივერსიტეტის განვითარება. ამ კონტექსტში გადაწყვეტილების მიღება აი, ასეთი ფორმით, გვაჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაატეროროს არა მხოლოდ საზოგადოების თითოეული წევრი, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.
მისი თქმით, ამის ნიშნები არა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტთან მიმართებით ჩანს, თუნდაც იმაში, რომ, მაგალითად, ბათუმის უნივერსიტეტმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგს ხელშეკრულება (სავარაუდოდ) აღარ გაუგრძელა.
„ასეთ პირობებში, ილიას უნივერსიტეტზე შეტევა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არც ერთ დამოუკიდებელ უნივერსიტეტს აღარ დაინდობს. ეს ყველაფერი საგანგაშო“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.