მთავარი,სიახლეები

„ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა… შუშის სასახლეში გამოკეტილ ქვეყნად გვაქციეს“ – ინტერვიუ

30.12.2024 •
„ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა… შუშის სასახლეში გამოკეტილ ქვეყნად გვაქციეს“ – ინტერვიუ

„ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა. ეს არის, რომ ამ თვითგანადგურებასთან ერთად იძირება თვითონ და ძირავს მთელ ქვეყანასაც,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მასთან საუბარი „ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილებით დავიწყეთ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დასანქცირებული გომელაურის მოადგილედ დანიშნეს.

გიორგი მაისურაძის ეს ამბავი აღარ გაჰკვირვებია. „ივანიშვილია მხოლოდ იქ, დანარჩენი არიან მხოლოდ ნიღბები ადამიანების… სახელმწიფო ინსტიტუციები ჩვენს ქვეყანაში სრულიად ჩამოშლილია. ეს უკვე ერთი ადამიანის პირადი სერვისია,“ – ამბობს გიორგი მაისურაძე.

თუმცა ივანიშვილი ჯერჯერობით უკან არ იხევს. რა რესურსი რჩება წინააღმდეგობას უკვე ამოქმედებული რეპრესიული კანონების პირობებში? – „ბათუმელებმა“ გიორგი მაისურაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის ფილოსოფოსია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

  • ბატონო გიორგი, „ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მინდა გკითხოთ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე „მაგნიტსკის სიაში“ ჩასმული გომელაურის მოადგილედ დანიშნეს. რას აჩვენებს ეს ამბავი თქვენთვის? 

ეს აჩვენებს კარისკაცების, პირადი ხელქვეითების დანიშვნას თანამდებობაზე. თვითონ შს მინისტრი გომელაური ვიცით, რომ იყო ივანიშვილის პირადი მცველი, მერე დაცვის უფროსი. ახლა ვიცე-პრემიერიც გახდა. რეალურად ეს არის პირადი ხელქვეითების დანიშვნა სახელმწიფო თანამდებობებზე, რაც სახელმწიფოს უგულებელყოფა, მისი ჩამოშლაა.

სახელმწიფო ინსტიტუციები ჩვენს ქვეყანაში სრულიად ჩამოშლილია. ეს უკვე ერთი ადამიანის პირადი სერვისია.

არ ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს ამას, რა გითხრათ? ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი ტერმინებით ვილაპარაკოთ იმაზე, რაც გასულია კანონს გარეთ უკვე დიდი ხანია. ეს არის სრული ჩამოშლა სახელმწიფო ინსტიტუტების და მათი ფაქტობრივი გაუქმება.

სახელმწიფო, როგორც ასეთი, უქმდება.

იგივე ამბავი იყო ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნა. დანიშვნაა, აბა, რა არის. გასაგებია, რომ საკუთარი არ იყო, მაგრამ ადამიანს რომ ნაწერის კითხვა არ შეუძლია, ყველანაირად შეუფერებელი თანამდებობისთვის. მისი დეპუტატობაც იყო კომედია – გინების, აგრესიის, უზრდელობის მეტი ამ ადამიანისგან არაფერი მოგვისმენია.

  • შალვა პაპუაშვილი ამბობდა, რომ ინაუგურაცია 40 წუთს გაგრძელდებოდა, თუმცა 27 წუთიც საკმარისი აღმოჩნდა. ყაველაშვილს კონსტიტუციით გათვალისწინებული ევროკავშირის ინტეგრაცია ერთხელაც არ უხსენებია… 

რა ინაუგურაცია უნდა სჭირდებოდეს ადამიანს, რომელიც მართლა „ტყემალზე ზის“? ეს ყველაფერი ხომ იმდენად ფარსი იყო, სერიოზული მსჯელობა არ შეიძლება.

ინაუგურაცია სხვა რამეა. ინაუგურაცია სახელმწიფოებრივი აქტია. ის არ ტარდება პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

გიორგი მაისურაძე

  • ხომ არ არის ეს გზავნილი იგივე ყაველაშვილისთვის, მართლა პრეზიდენტი არ ეგონოს თავი? ან მოსამართლემ არ ჩათვალოს, რომ მართლა უვადოდ გამწესებულია, როგორც შალვა თადუმაძე იყო? 

მაგათ ეს ძალიან კარგად იციან, ჩემი აზრით.

ამით საქართველოს, ჩვენ გვაჩვენებენ, არ გეგონოთ, რომ თქვენ მართლა სახელმწიფოში ცხოვრობთ. სახელმწიფო გაუქმებულია იმ მომენტიდან, როცა არაფორმალური მმართველობა დაიწყო საქართველოში. დღეს უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა არაფერი კანონიერი აღარ არის. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის პირადი ორგანიზაციაა, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო.

  • ივანიშვილი ჯერ კიდევ არაფერს თმობს იმის მიუხედავად, რომ წინააღმდეგობა 33-ე დღეა ძლიერდება, აქტიურდება სანქციები.

ამ ქვეყანას ივანიშვილი აღიქვამს არა სახელმწიფოდ, არამედ ეს არის მისი პირადი კარტელი. ივანიშვილი თავის მოურავებს თუ ხელქვეითებს უწოდებს რაღაც სახელებს. ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს. ის კი არა, რომ არადემოკრატიულია ხელისუფლება, ავტორიტარია და ასე შემდეგ, უბრალოდ დღეს ჩვენ ვქრებით, როგორც სახელმწიფო.

  • მაგრამ მოქალაქეები ხედავენ ამ საფრთხეს და წინააღმდეგობა ძლიერდება. ის, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიის გამოცდილება, რამდენად მისცემს საშუალებას ივანიშვილს, შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება? 

დიახ, საქართველოში დემოკრატიულობის სურვილიც არსებობს და სამართლის სურვილიც. დემოკრატია და სამართალი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს. სამართლიანი სახელმწიფო მაშინ არსებობს, როდესაც არსებობენ დემოკრატიული ინსტიტუტები და არა ერთმმართველობა, ოლიგარქია, ტირანია და დამანგრეველი ფორმები მმართველობის, რომლებიც, პირველ რიგში, აუქმებენ სახელმწიფოს. ეს არის სახელმწიფოს მიტაცება და ერთი ადამიანის საკუთრებად ქცევა.

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულიო, ვინ როგორ შეძლებს. ვიცით  ისტორია, ვთქვათ, კოლუმბიაში პაბლო ესკობარს სურდა გამხდარიყო პრეზიდენტი, მაგრამ ვერ გახდა – მას სახელმწიფო დახვდა. ესკობარი სიმდიდრით მეოთხე ადამიანი იყო მსოფლიოში, მაგრამ ვერ მოახერხა ადამიანებისთვის თავს მოეხვია საკუთარი ნება. არსებობდა იქ სამართლებრივი და დემოკრატიული ინსტიტუტები.

ჩვენთან სახელმწიფო უკვე მიისაკუთრა ივანიშვილმა, რჩება ხალხი, რომელიც ან ებმება ამ კარტელის ფერხულში, ან უწევს წინააღმდეგობას ივანიშვილს. ჩვენ გვაქვს მზარდი წინააღმდეგობა და ვფიქრობ, არც არავინ აპირებს სახელმწიფოს მიტაცების მიღებას იმ ნაწილის გარდა, რომელიც არის ივანიშვილის ბრმა მიმდევარი, თაყვანისმცემელი, ან კორუმპირებული.

  • ხალხი ქუჩაშია, სადაც უკვე ამოქმედდა ივანიშვილის რეპრესიული მექანიზმები, მაგალითად, ქუჩის გადაკეტვა ჯარიმდება, მაგრამ აქტივისტებმა ნახეს „გამოსავალი“: ზებრაზე უწყვეტი გადასვლით და გადმოსვლით შეაჩერეს მოძრაობა. რას შეცვლის რეპრესიული კანონების ამოქმედება, თქვენი აზრით? 

ზებრის ეს მაგალითი, რაც ახლა ახსენეთ, აჩვენებს იმას, რომ ყოველთვის მოიძებნება გზა, რომ გაგრძელდეს საპროტესტო აქციები.

თუ მართლა კომენდანტის საათს გამოაცხადებენ 24-საათიანს, ყოველდღიურად და სახლებიდან აღარ გამოუშვებენ ხალხს, ტანკებით და ავტომატებით თუ დადგებიან, თუ გადაკეტავენ ყველაფერს, ესაა, მაგრამ ამის რესურსი მათ არ აქვთ. რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, თუ ჩეჩნეთი,? – არ ვიცი, რომელი ქვეყნიდან მოიტანენ რესურსს. ჩვენ ვხედავთ, რა რესურსიც აქვს ამ ქვეყანას.

  • რესურსის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ რა რეაქცია მოჰყვა რუსთაველზე ადამიანების წამებას – უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. უშვებთ, რომ შეიძლება ამ გზას დაადგეს ისევ „ოცნება“? 

უდიდესი ნაწილი საზოგადოების არ ეგუება ტირანიას, დიქტატურის დამყარებას. ვხედავთ ასობით ადამიანს, რომელიც ამას ერ ეგუება. მოიძებნება ათასი საშუალება, რომ გაგრძელდეს წინააღმდეგობა.

არ ვიცი, თუ მთელ ქვეყანას მავთულხლართს შემოარტყამენ და სახლებში გამოგვამწყვდევენ, რანაირად უნდა ჩაახშონ ეს პროტესტი?

ივანიშვილს პროტესტის ჩახშობის რეალური საშუალებები არ აქვს. არსებობს ეკონომიკური თუ სხვა მხრიდან ზეწოლა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დიქტატურაში ცხოვრების გამოცდილება. დიქტატურა იყო მხოლოდ სტალინის დროს, შემდეგ უკვე იწყება საბჭოთა სისტემის თვისობრივი გარდაქმნა. ხალხი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მეტ-ნაკლები დემოკრატიის პირობებში, ძალიან ძნელია აიძულო, დაბრუნდნენ უკან.

უკანაც ვერ ვიტყვით, რადგან ის ძალიან ღრმა, ისტორიული წარსულია უკვე.

  • მასობრივი ძალადობის შემდეგ „ოცნება“ ამჯერად ნაკლებად იმჩნევს საპროტესტო აქციებს. რა სტრატეგიით მოქმედებს ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით? 

მათ ხელთ უპყრიათ ყველაფერი, რაც კი დარჩა ამ სახელმწიფოში. სახელმწიფო ინსტიტუციები მათი კონტროლის ქვეშაა, თუმცა დაინახეს, რომ როცა არბევდნენ და აწიოკებდნენ ადამიანებს, ამას უკურეაქცია ჰქონდა – უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

ამიტომაც შეცვალეს ტაქტიკა. დროის მოგების ტაქტიკაც შეიძლება ეწოდოს ამას – იქნებ სამყაროში რამე მათ სასარგებლოდ მოხდეს. ხედავენ ნათლად, რომ ტრამპის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. შესაძლოა, რაღაც ფანტაზიები აქვთ. ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ბრძენი ხალხია. ვიცით, რომ მათი მაქსიმალური ინტელექტუალური შესაძლებლობა არის ირაკლი კობახიძე, მისი ფანტაზიები და ზღაპრები, რომელსაც ის გაუთავებლად ჰყვება.

როგორც ჩანს, მათ მაინც აქვთ იმედი, რომ საერთაშორისო აღიარებას მიიღებენ, მაგრამ საქართველო დღითიდღე ეფლობა იზოლაციაში. მსოფლიოს დიდი ნაწილი, გამონაკლისი ქვეყნების გარდა, არ აღიარებს მათ, არავის მათთან ურთიერთობა არ სურს.

ჩვენი ქვეყანა მთლიანად ტურიზმზეა აწყობილი, მაგრამ ამ ქვეყანაში ტურისტები აღარ ჩამოდიან. რაღაც რომ შეემთხვეს ტურისტს, ვერ მიმართავს პოლიციას, სასამართლოს, რადგან პოლიცია არის სადამსჯელო ორგანიზაცია. ამ გარემოში რატომ გარისკავს ინვესტორი, რომ აქ ფული შემოიტანოს? რატომ უნდა წამოიწყოს რამე საქმიანი ურთიერთობა, როცა იზოლირებულია ქვეყანა, როცა ქვეყნის ხელმძღვანელობას აქვს სანქციები დადებული? მხოლოდ კაზინოებით ხომ ვერ მოაწყობენ ეკონომიკას?

ვინ რამდენ ხანს გაძლებს, ამაზეა დამოკიდებული ეს ბრძოლა.

იზოლაციის ეს პროცესი გაღრმავდება. ქვეყანა დაზარალდება ისე, რომ ამ ყველაფრისგან გათავისუფლებას და აღდგენას იმ ნიშნულზე, რაც 2 წლის იყო, შესაძლოა, ათეული წელი დაგვჭირდეს. ეს საშინელი რეგრესია, რომლის ქვეშაც ჩვენ მოვექეცით. ივანიშვილმა ისტორიულად უკან გადაათრია მთელი განვითარების გზა, რაც ბოლო სამ ათწლეულში ჰქონდა საქართველოს.

  • დიდხანს ვერ გაჩერდება ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები გამოკეტილი? 

გაჩერდება რაღაც პერიოდი, მაგრამ თვითკვებაზე ხომ არ არიან? ჰაერიდან ხომ არ იღებენ და მზიდან საკვებს, ფინანსურ საშუალებას? არც ოფშორების იმედი ექნებათ, რომ ამაზე მსოფლიო თვალს დახუჭავს, რომ რაღაც დაუბეგრავი შავი ფული ათეთრონ…

ამ ლოგიკამ, რასაც ივანიშვილი იყენებს, შეიძლება იარსებოს რამდენიმე თვე, საბოლოო ჯამში კი, ეს არის სრული კატასტროფა, თვითნგრევა. ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა. ამ თვითგანადგურებასთან ერთად იძირება თვითონ და ძირავს მთელ ქვეყანასაც.

  • ივანიშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სახელისუფლებო ვერტიკალს. თქვენ სად ხედავთ ნიშნებს, რომ„ოცნება“ თვითგანადგურების გზაზეა? 

ივანიშვილი კიდევ უფრო ამტკიცებს სახელისუფლებო ვერტიკალს, მაგრამ გააჩნია რის ხარჯზე – სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების და ჩამოშლის ხარჯზე. უფრო მეტი სანქცია იქნება, რასაც ვხედავთ, რასაც ვისმენთ და ვკითხულობთ.

ახლა სხვა ეპოქაა. ვერ ჩამოაფარებ რკინის ფარდას ქვეყანას.

აქ ვერ იქნება ბელარუსი, რადგან მას, ჯერ ერთი, ჰყავს რუსეთი. ბელარუსს აქვს საკუთარი ეკონომიკა, საკმაოდ ძლიერი, მას შეუძლია თავიდან ბოლომდე საკუთარი თავის უზრუნველყოფა.

  • რა არის ამ ეტაპზე გამოწვევა წინააღმდეგობისთვის? 

უნდა გაგრძელდეს ისევ მშვიდობიანი ფორმით საპროტესტო აქციები. თუ ვინმეს აწყობს დაძაბულობა და ექსცესები, ეს თვითონ ივანიშვილი და მისი გარემოცვაა. ივანიშვილია მხოლოდ იქ, დანარჩენი არიან მხოლოდ ნიღბები ადამიანების.

ყოველთვის მოიძებნება პროტესტის ახალი საშუალებები. ასევე, პოლიტიკოსები უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს. ივანიშვილმა არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალა და გაანადგურა, არამედ მთელი პოლიტიკური სივრცეა განადგურებული. აქედან გამოსვლას და წელში გამართვას მართლა წლები დასჭირდება.

თუმცა თუ პროტესტი გაგრძელდება უწყვეტად, ამას ექნება შედეგი, რა თქმა უნდა.

ულევი არაფერია. ულევი არც მილიარდერის რესურსია. მას თუ გადაუკეტავ მომარაგების წყაროებს, გამოლევადია. დაერევიან ბოლოს ერთმანეთს. ჩვეულებრივი ბუნების კანონია ეს. ჯერჯერობით კარგად არიან, თუმცა კარგად არ ჰქვია იმას, რა სახითაც ივანიშვილი იჯდა ინაუგურაციაზე. კარგად მყოფი გარეგნობა არ იყო ეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: