„პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება არის, ცოტა ძალიან მიუღებელი,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის მიერ რეპრესიული კანონების ხელმოწერას.
პრეზიდენტის პირველ კომენტარს ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ ტვ პირველი ავრცელებს. ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე გუშინ, 29 დეკემბერს დატოვა.
როგორ შეხვდით ხალხის გამოხმაურებებს, გუშინ ვხედავდით, რომ ტაშით გაცილებდნენ? – ჰკითხა ტვ პირველის ჟურნალისტმა პრეზიდენტს.
„მაცილებდნენ კი არა, მიმიღეს“ – უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა მას.
პრეზიდენტს ტვ პირველმა ასევე ჰკითხა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოხსნის შესახებაც.
„ნორმალური ის არის იმ ახალი კანონის, ვიცოდი, რომ მიიღებდნენ იმ კანონს და ყველაფერს ველოდები“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახალი წლის შემდეგ შეიტყობს საზოგადოება თუ რომელი ოფისიდან იმუშავებს.
„გეტყვით საიდან ვიმუშავებ. ჯერ უნდა დავალაგოთ იქ რაღაცები. არ მიგიყვანთ იქ არეულობაში. ალბათ ახალი წლის მერე, სანამ ყველაფერს იქ გადავიტანთ და მოვაგვარებთ,“ – თქვა ზურაბიშვილმა.


