მთავარი,სიახლეები

„დაკავების პროცესს თან ერთვის თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა“ – საია

29.12.2024 •
„დაკავების პროცესს თან ერთვის თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა“ – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებს დღეს, 29 დეკემბერს, ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მოქალაქეების დაკავებას მშვიდობიან აქციაზე.

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს. დაკავების დროს მოქალაქეებმა დაზიანებები მიიღეს.

„29 დეკემბერს, დღის საათებში [14:14] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც.

დაკავების პროცესს თან ერთვის ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა.

ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • რა ხდება?

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააჟღერა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში 32-ე დღეა, უწყვეტი მასობრივი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს.

დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ თავისსავე არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მოაწყო.

დღეს, ინაუგურაციის დასრულებისთანავე, რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს, აქციის ზოგმა მონაწილემ დაზიანება მიიღო.

_______________________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: