მთავარი,სიახლეები

“დავდიოდი აქციებზე, სახლში რა გამაჩერებდა?!” – პარლამენტიდან კიდევ ერთი დასაქმებული გაუშვეს

31.12.2024
“დავდიოდი აქციებზე, სახლში რა გამაჩერებდა?!” – პარლამენტიდან კიდევ ერთი დასაქმებული გაუშვეს

საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი, „ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“ ერთ-ერთი შემქმნელი და გიდი, სოფო თოდუა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სოფო თოდუამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფეისბუქზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

„არ ხარ შენ, სოფიო, პარლამენტში მუშაობის ღირსი, რამეთუ უარ-ჰყავ ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარე ატროშანიო.

ასე გასრულდა ჩემი ათწლიანი „მოღვაწეობა“ საქართველოს პარლამენტში. ოთხწელიწადნახევარი ვიმუშავე ქართული ოცნების აპარატში. შემდეგ, მათივე რეკომენდაციით, ჩავები ერთ ძალიან კარგ პროექტში, რომელსაც „ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ ჰქვია. ამ მართლაც კარგი მუზეუმის შექმნაზე მუშაობდა 6-კაციანი ჯგუფი და ერთ-ერთი ვიყავი მეც. ასე რომ, დიახ, მეც მიმიძღვის ერთი მეექვსედი წილი ამ მუზეუმის გამართვაში. იქიდან მოყოლებული,  საქმეს, რომელიც მე დამევალა, საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონია პოლიტიკასთან – 2019 წლიდან ვიყავი გიდი და ჩემს კოლეგასთან ერთად  ვიღებდით უამრავ  (2023 წელს 10 000 ვიზიტორს ვუმასპინძლეთ) ქართველ თუ უცხოელ სტუმარს, მათ შორის მაღალი რანგის დელეგაციების წარმომადგენლებს.

მას შემდეგ, რაც ოცნებამ რუსული კანონი მიიღო და ხალხი გარეთ გამოვიდა (ჯერ კიდევ გაზაფხულზე), მე, როგორც ნორმალურმა ადამიანმა, ეს ვერაფრით ვერ მოვიწონე.

ცხადია, მით უფრო ვერ მივიჩნევდი სწორ ნაბიჯად იმას, რაც დღეს ხდება. ამიტომ  ხანდახან დავდიოდი აქციებზე – განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსთაველზე სიტუაცია იძაბებოდა, რადგან იქ ჩვენი  შვილები იდგნენ  და სახლში რა გაგვაჩერებდა?! რამდენჯერმე დავპოსტე კიდეც, რასაც ვფიქრობდი დღეს მიმდინარე მოვლენებზე.

აი, ეს გახდა ჩემი სამსახურიდან გაშვების მიზეზი და არა ის, რომ თურმე ექსკურსიების რაოდენობა იკვეცება და მე საჭირო აღარ ვარ.

ცნობისათვის, ექსკურსიების მსურველი იმდენია, ხშირად 2 თვით ადრეც ეწერებიან და წესით 2 კი არა, სულაც 4 გიდია საჭირო.

მე არ ვყოფილვარ საჯარო მოხელე, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მერქვა და ჩემი მოცილება კიდევ უფრო მარტივი იყო – უბრალოდ აღარ გამიგრძელეს ხელშეკრულება. ეს ხალხი, – ოცნების  ლიდერებს ვგულისხმობ, – დარწმუნებულნი არიან, რომ  ერთხელ თუ აგიყვანენ სამსახურში, მთელი ცხოვრება მათი ყურმოჭრილი მონა უნდა იყო – მაშინაც კი, თუ თვითონ სიბრიყვეს ან დანაშაულს (ან ორივეს ერთად) ჩაიდენენ. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ამავე აზრზეა. გეტყვიან: „აბა, რა გეგონა, ენას რომ ატლიკინებდიო“.

ხომ ვერ იგუეთ ჩემნაირი ადამიანების მოზომილი კრიტიკა? დაასრულებთ ისე, როგორც ასრულებს ყველა რეჟიმი.

ჩემი უსამსახურობა მხოლოდ ჩემი პრობლემაა, მაგრამ ის, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, ეხება უკლებლივ ყველას. და რა მართლები იყვნენ ისინი, ვინც ადრევე შეგიცნოთ და ვისაც მე ჯიუტად ვუმტკიცებდი, რომ თქვენი მმართველობა  უკეთესი იყო სხვებისაზე. როგორც ჩანს,  სანამ უშუალოდ შენ არ შეგეხება რამე ცუდი, არ გინდა სიმართლის დაჯერება. ეს ადამიანური სისუსტეა და, სამწუხაროდ, მეც არ ვარ გამონაკლისი.

P.S. რომ არ გავაღიზიანო თქვენი მხედველობის რეცეპტორები, ორთოდოქს ქოცებს, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღებებს, ამოგშლით ჩემი ფრენდლისტიდან: მე და თქვენ ერთ სივრცეში ვეღარ ვიქნებით.

P.P.S. ასევე, ვინც პარლამენტში მუშაობთ და ჩემნაირად ფიქრობთ, არ მეწყინება, თუ გაატარებთ ამ პოსტს. თუ რატომ, ამის ახსნა საჭირო აღარაა,“ – წერს სოფო თოდუა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.