განათლება,მთავარი,სიახლეები

„უნდათ თავზე დაგვასვან ოცნების დეპუტატი“ – რას ამბობენ ბსუ-ში რექტორის არჩევნების წინ

20.01.2025 •
„უნდათ თავზე დაგვასვან ოცნების დეპუტატი“ – რას ამბობენ ბსუ-ში რექტორის არჩევნების წინ

21 იანვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებია. ამავე დღეს, 13 საათზე, ბსუ-ში სტუდენტური მოძრაობა „პერსპექტივა“ აანონსებს აქციას – „არა რუსულ რეჟიმს ბსუ-ში“.

ბსუ-ს რექტორის არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს: ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე და „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი, ტიტე აროშიძე.

რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, რომლის წევრებიც არიან: პაატა აროშიძე – ასოცირებული პროფესორი; დალი მახარაძე – პროფესორი; ქეთევან ბერიძე – პროფესორი; ინგა დიასამიძე – ასოცირებული პროფესორი; ენვერ ხალვაში – პროფესორი; როსტომ ბერიძე – პროფესორი; მამია ფაღავა – პროფესორი; მერაბ არძენაძე – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; ელზა ფუტკარაძე – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და მარიამ მეტრეველი – მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

აკადემიური საბჭოს სწორედ ამ შემადგენლობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ გახდება უნივერსიტეტის რექტორი ახლა, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როცა ბსუ-ს არაერთი სტუდენტი პროევროპულ საპროტესტო აქციებზე დგას. 

სტუდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის „ოცნების“ მიერ უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობა. განსაკუთრებით ღიად ამის შესახებ საუბრობენ ის სტუდენტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებში.

„თავზე უნდა დაგვასვან „ოცნების“ თვითაღიარებული დეპუტატი“- ამბობს სტუდენტი არჩილ ბერიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი. იგი გულისხმობს ტიტე აროშიძეს, „ოცნების“ დეპუტატს, რომელსაც აკადემიური საქმიანობის გამოცდილება არ აქვს და მისი დასახელება რექტორის კანდიდატად მოულოდნელი იყო.

მისი თქმით, ტიტე აროშიძის კანდიდატურა რექტორად არა მხოლოდ იმიტომ არის მისთვის მიუღებელია, რომ ის „ოცნების“ წევრი და თვითაღიარებული უმაღლესი საბჭოს წევრია, არამედ იმიტომ, რომ, არჩილის აზრით, აროშიძე რეპრესიებისთვის ინიშნება, რომ კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან გაწმინდოს უნივერსიტეტი.

„კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე – სტუდენტებზე, ლექტორ-მასწავლებლებზე რომ დაიწყოს ზეწოლა, დაშინება, „ოცნების“ მხარდამჭერებს კი მოუწყოს მაქსიმალური კომფორტი – იქნება ეს სამსახური, პროექტების დაფინანსება თუ სხვა.

ჩვენ ადრეც ვაკეთებდით განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ოცნება“ აპირებდა რეპრესიების გატარებას უნივერსიტეტში, მაგრამ ახლა ყველაფერს ფარდა აეხადა, სააშკარაოზე გამოვიდა ეს ყველაფერი.

ტიტე აროშიძე ჩემთვის მიუღებელია იმის გამოც, რომ ის გაზაფხულის აქციებზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, სტუდენტებისთვის, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, ჩაეტოვებინათ საგნები და არ დაეწერათ ქულები, სტუდენტებს გვიწოდებდა პოტენციურ მკვლელებს, რომ თითქოს ჩვენ სასწრაფოს მანქანებს არ ვატარებდით [საპროტესტო] მარშების დროს, რაც სიცრუეა, რა თქმა უნდა.

ის ვიცი, რომ გულზე ხელდაკრეფილი არ შევხვდებით ამ ამბავს, გვექნება კონსულტაცია იმ ლექტორებთან, რომლებსაც ასევე არ სურთ ტიტე აროშიძე რექტორად და ასეთები, სხვათა შორის, „ოცნების“ მხარდამჭერებშიც არიან.

მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები უნდა გადაიდოს და ზოგადად, რექტორის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, რადგან რექტორი უნდა აირჩიოს არა აკადემიურმა საბჭომ, არამედ საყოველთაობის პრინციპით უნდა იყოს არჩეული, რადგან უნივერსიტეტი არა პარტიას, არამედ საუნივერსიტეტო საზოგადოებას ეკუთვნის“ – ამბობს არჩილ ბერიძე.

სტუდენტი მიიჩნევს, რომ აკადემიური საბჭოს წევრების დაშინება უფრო მარტივია, ვიდრე მთელი აკადემიური პერსონალის და სწორედ ამიტომ არ შეცვალეს რექტორის არჩევის წესი.

კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ბსუ-ს აკადემიურ საბჭოში არის ტიტე აროშიძის ძმა, პაატა აროშიძე, ასოცირებული პროფესორი. არჩილ ბერიძე მიიჩნევს, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტია.

„აკადემიურ საბჭოში არის ტიტე აროშიძის ძმა და ბუნებრივია, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა გვეუბნებიან, აცილების ვალდებულება არ გვაქვსო. ესე იგი, ისიც კი არ აქვთ ჩაშლილი არჩევის წესში, რომ ასეთ შემთხვევაში ოჯახის წევრმა ხმა არ მისცეს კანდიდატს.

ფაქტია, რომ თავზე უნდა დაგვასვან „ოცნების“ თვითაღიარებული დეპუტატი და ისიც ცხადია, რომ აროშიძე რეპრესიების გასატარებლად მოჰყავთ, რადგან ჯერ კიდევ როდის გამოირჩეოდა ის სტუდენტების მიმართ არაჰუმანური განცხადებებით და არც ერთ კრიტიკულად განწყობილ სტუდენტს მისი რექტორობის პირობებში აღარ ექნება შესაძლებლობა განვითარების, პროექტებში მონაწილეობის, სტიპენდიების მიღების და ყველაფერი იქნება მითვისებული „ოცნების“ მხარდამჭერების მიერ.

ასეთი რექტორის პირობებში რეპრესიები გაიზრდება.

გარდა ამისა, ეს არის პირი, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია აქამდე უნივერსიტეტთან და ახლა სურს არა ამ უნივერსიტეტის მართვა, არამედ უნივერსიტეტის გაწმენდა კრიტიკული აზრისგან“ – ამბობს არჩილ ბერიძე.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ სტუდენტს ლარა ქარცივაძეს ესაუბრა. ლარა მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ფორმალურად ტარდება.

„ჩვენ შევეცდებით, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ყველაფერს, ვაგრძნობინოთ ამ ადამიანებს სტუდენტური დაუმორჩილებლობა, რომ მოვითხოვოთ არჩევნების გადადება რამდენიმე თვით, სანამ პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, რადგან უნივერსიტეტის რექტორად „ოცნების“ დეპუტატის დასმა არ არის სწორი.

აკადემიური საბჭო ისეთი პირებისგან შედგება, ცხადია, მოიგებს ამ „არჩევნებს“ ტიტე აროშიძე, რადგან მისი ძმაც ამ საბჭოშია“ – ამბობს ლარა ქარცივაძე. იგი „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ტიტე აროშიძე უნივერსიტეტიდან იმ ლექტორებს და სტუდენტებს მოიშორებს თავიდან, რომლებიც მკაფიოდ, ღიად გამოხატავენ პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, არჩილ გუჩმანიძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას თქვა, რომ მას „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა შუამავალი მიუგზავნეს და სთხოვეს არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიანიშნეს, რომ პრობლემები შეექმნებოდა მას და მისი ოჯახის წევრებს – უხსენეს შვილები, ძმა და ძმის შვილები და დაემუქრნენ.

ხომ არ განმეორდა მუქარები? – ვკითხეთ არჩილ გუჩმანიძეს.

მისი თქმით, იყო მოკითხვები სხვადასხვა პირის მხრიდან, თუმცა არა მუქარის ტონით.

„რამდენიმე შეხმიანება იყო იმ ფორმით, რომ რას ვაპირებდი, დაინტერესება გამოხატეს გარკვეულმა ადამიანებმა, მაგრამ მუქარის ფორმა აღარ განმეორებულა. უბრალოდ გადაამოწმეს, როგორ განწყობაზე ვარ, აზრი ხომ არ შევიცვალე. დახვეწეს მეთოდები და შორიდან შემოვლით ამოწმებენ რაღაც-რაღაცებს.

საერთოდ რაში სჭირდებათ ეს ცირკი, სპექტაკლი, მაგრამ გონს არიან გასული, ამიტომ მათგან არაფერი მიკვირს“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

„ბათუმელები“ რექტორის არჩევნებზე ესაუბრა აკადემიურ პერსონალსაც.

პროფესორ მალხაზ ნაკაშიძის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უნივერსიტეტში რექტორს ასეთი წესით ნიშნავს მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მაინც აკადემიური საბჭო „ირჩევდა“ რექტორს.

„2015 წელს, გახსოვთ ალბათ, როცა ხელისუფლებამ, სპეცსამსახურებისა და აკადემიური საბჭოს მონაწილეობით ჩაშალა არჩევნები და შემდეგ აღარავინ აყენებდა კანდიდატურას, რადგან აკადემიური საბჭოს მიმართ ნდობა აღარ არსებობდა.

რა თქმა უნდა, კონსტიტუციით დაცულია უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლება, ავტონომია, მაგრამ ამ ქვეყანაში ისეა განათლების და მეცნიერების სისტემა შექმნილი, რომ გავლენის და ზეწოლის შესაძლებლობას აძლევს მთავრობას. ამიტომ, ახლაც იგივე მოხდება, რაც წინა წლებში ხდებოდა“- ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

მაშინ როგორ უნდა გათავისუფლდეს უნივერსიტეტი, თუ აკადემიური პერსონალი ყოველთვის პარტიულ დავალებებს შეასრულებს? – ვკითხეთ მას.

მალხაზ ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება თავად პროფესორების არჩევის წესი უნივერსიტეტში და ზოგადად, როგორია საუნივერსიტეტო საზოგადოება.

„რუსული კანონის მიღება, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერება უნივერსიტეტის დიდ ნაწილს საერთოდ არ გაუპროტესტებია და მე მგონი, ახლაც არ გამოუთქვამთ მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ ლექტორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა უნდა მოვინდომოთ და მოვითხოვოთ ეს თავისუფლება.

რატომ არ ინდომებენ? – იმიტომ, რომ საუნივერსიტეტო სისტემა არ ყალიბდება დემოკრატიული წესით. არ არის თავისუფალი არც კონკურსები და არც ერთი პროცესი ავტონომიურად არ ფუნქციონირებს უნივერსიტეტში. შესაბამისად, მთავრობის გავლენა ყოველთვის არის.

იგივე აკადემიური საბჭო, რომელიც ათი წევრისგან შედგება, თავად არ არის არჩეული, ჩემი აზრით, კანონის მიხედვით. ამიტომ, თავად აკადემიური საბჭო უნდა იყოს თავისუფალი, რომ მან თავისუფლად აირჩიოს რექტორი“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

მისი თქმით, მიუღებელია რექტორად დანიშნონ კაცი, რომელიც ემხრობოდა რუსულ კანონს და და მათი პარტიული ლიდერების მსგავსად, მომხრე იყო საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერების.

„ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდით გამოირჩეოდა ტიტე აროშიძე და ეს ბევრი სხვა პროფესორისთვისაც მიუღებელია, ამიტომ მათაც უნდა გამოთქვან ღიად ეს პოზიცია.

როცა რექტორობის მეორე კანდიდატი ამბობს, რომ ემუქრებოდნენ თუ არ მოხსნიდა კანდიდატურას და არც ეს უჩენთ პროტესტს, დიქტატურა ხვალ მათაც მიაკითხავს. მით უმეტეს აკადემიური წრიდან არ  მოჰყავთ დავალებების შემსრულებელი“- ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა ასოცირებულ პროფესორს, ლაშა ბაჟუნაიშვილსაც. იგი ამბობს, რომ პარტიული პირის რექტორად დასმა მიუღებელია.

„ადრეც ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით რექტორების დანიშვნა, მაგრამ აი ასე, პირდაპირ პარტიული ნომენკლატურის დასმა რექტორად, მიუღებელია.

ხელისუფლებად წოდებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ძალის მიერ კიდევ რა მოხდება, არ ვიცი, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან ეს პროცესები არ იმართება პოლიტიკური კანონზომიერებით, არამედ ერთი ადამიანის მიერ, ამიტომ რა დირექტივებს გასცემს ის მომავალში და რას გააკეთებს ახალი რექტორი, პროგნოზირება რთულია. თუმცა ცხადია, რომ უნივერსიტეტში გაიზრდება წნეხი და პოლიტიკური ზეწოლა“ – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

მისი თქმით, რექტორობის კანდიდატი პარტიული რიგებიდან იმიტომ შეარჩიეს, რომ უნივერსიტეტში „ოცნების“ მიმართ ლოიალურად განწყობილ პირებსაც კი არ ენდობიან ბოლომდე.

„ფაქტია, რომ უნივერსიტეტში ვერ მოიძებნა კადრი, ვინც მათ დაკვეთას ბოლომდე შეასრულებდა, ამიტომ მოჰყავთ პოლიტიკური კადრი, რომ შეასრულოს პოლიტიკური დაკვეთა, უნივერსიტეტის პრინციპების და იდეის საწინააღმდეგოდ“ – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

იგი ამბობს, რომ რექტორობის მეორე კანდიდატს, არჩილ გუჩმანიძეს აქვს სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება, რასაც ვერ ვიტყვით „ოცნების“ კანდიდატზე.

„აროშიძეს საერთოდ არ აქვს ის გამოცდილება და წარსული, რაც მას რექტორად ყოფნის მორალურ და ლეგიტიმურ საფუძველს მისცემს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტის რექტორი იყოს კარგი მკვლევარიც, თავისი საქმის პროფესიონალი, აღიარებული როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, იყოს კარგი მაგალითი სხვისთვის და კარგი მენეჯერი.“ – ამბობს ლაშა ბაჟუნაიშვილი.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხვალ, 15:00 საათზე გაიმართება. რექტორს აკადემიური საბჭო 4 წლის ვადით ირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური საბჭო ხმათა უმრავლესობით რექტორს ვერ აირჩევს, საბჭომ 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, უნდა აირჩიოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მაქსიმუმ 6 თვით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: