მთავარი,სიახლეები

„პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა და არა გზის გახსნა“ – რეპორტაჟი ბათუმის სასამართლოდან

20.01.2025 •
„პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა და არა გზის გახსნა“ – რეპორტაჟი ბათუმის სასამართლოდან

„სამხრე კამერის ამ ჩანაწერში ისმის, პოლიციელი როგორ მოუწოდებს მძღოლს, წავიდეს გამსახურდიას ქუჩის მიმართულებით მაშინ, როცა მძღოლი აქციის მიმართულებით საერთოდ არ მიდიოდა… ეს ადასტურებს იმას, რომ პოლიციამ ხელოვნურად შექმნა პრობლემა,“ – მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს იურისტმა პაატა დიასამიძემ, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ვაჟა დარჩიას ინტერესებს იცავს სასამართლოში.

ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოს წევრია „ლელოდან“. ის ანტირუსული აქციების მონაწილეა. შსს ვაჟა დარჩიას და აქციის კიდევ 11 მონაწილეს ქუჩის უკანონო გადაკეტვას ედავება მაშინ, როცა 2024 წლის 16 დეკემბრის საღამოს კოკისპირულად წვიმდა და აქციაზე მოქალაქეები მაინც მივიდნენ. ქუჩის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია.

ვაჟა დარჩია 16 დეკემბრის სავარაუდო სამართალდარღვევის შემთხვევაზე სასამართლოში 2024 წლის 30 დეკემბერს დაიბარეს. დღეს, 20 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ აქციის სამი მონაწილის საქმე განიხილა: ვაჟა დარჩიას, ლევან გორგილაძის და აზა გაბუნიას. საპროტესტო აქციის მონაწილეების უკვე განხილულ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ალექსანდრე გოგუაძე 24 იანვარს აპირებს.

შსს-მ ამ საქმეზე ერთ-ერთი პოლიციელის სამხრე კამერის ჩანაწერი წარმოადგინა მტკიცებულებად იმის საჩვენებლად, რომ აქციის მონაწილეებს ავტომანქანების მოძრაობა გამსახურდიას ქუჩაზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ხელოვნურად ჰქონდათ შეზღუდული, იურისტის პაატა დიასამიძის თქმით კი, პირიქით, ამ ჩანაწერით დასტურდება, პოლიცია განზრახ როგორ უცვლიდა ავტომანქანებს მიმართულებას საპროტესტო აქციისკენ.

16 დეკემბერს, კოკისპირულ წვიმაში, მოქალაქე დარიკო ჩიტაძემაც უამბო „ბათუმელებს“ ამის შესახებ პირდაპირ ეთერში: პოლიციელები გამოვიჭირე, გამსახურდიას და აბაშიძის ქუჩების კვეთასთან დადგნენ, აქციისკენ განზრახ უშვებდნენ მანქანებსო.

დარიკო ჩიტაძეც დაიბარეს სასამართლოში. მისი საქმე უკვე განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.

ვაჟა დარჩია ამ ამბის შემდეგ, 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს „სტიკერების საქმეზე“. სტიკერების – „იფიცება საქართველო“ გაკვრის დროს ბათუმში 20 ადამიანი დააკავეს 2 დღის განმავლობაში. ვაჟა დარჩია, დაცვის მხარის მტკიცებით, ამ კითხვის დასმისთვის დააკავეს – „რატომ აკავებთ ციალა ქათამიძეს?“ აქტივისტი ციალა ქათამიძე კი ღია, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

ვაჟა დარჩიას მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა 2025 წლის 14 იანვარს შეუფარდა.

„თქვენ, მგონი, რიცხვები – 25 და 40 ერთი და იგივე გგონიათ,“ – შსს-ს წარმომადგენელს, ლანა მოდებაძეს გახედა დღეს ვაჟა დარჩიამ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა, როცა შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო, რასაც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე უყურებდა, ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძის მიერ ტყუილის თქმას ადასტურებდა.

შსს-ს მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ 16 დეკემბრის აქციაზე 25 ადამიანი იყო, როცა პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა იქ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოითხოვეს, შსს-ს მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებით კი, ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ აქციაზე 40 პირია.

„შემდეგ ჟურნალისტი ეკითხება, რატომ შლით აქციასო და 5 კაცს არ შეუძლია ქუჩის გადაკეტვაო, პასუხობს „ბათუმელებს“ იგივე ირაკლი დგებუაძე ლაივში,“- აღნიშნა ვაჟა დარჩიამ, როცა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერს უყურებდა.

ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია და იურისტი პაატა დიასამიძე

„გზის გახსნა კი არ იყო მიზანი, არამედ პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა, მაგრამ ამას პირდაპირ ვერ იტყოდნენ“, – მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მიმართა იურისტმა მირზა მამულაძემ, რომელიც სასამართლოში ლევან გორგილაძის ინტერესებს იცავს. ლევან გორგილაძე პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერია ბათუმში.

იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პოლიციის მიდგომა ერთგვაროვანი უნდა იყოს – როცა აქციის მონაწილეები ქუჩას ყოველდღიურად კეტავენ, არ შეიძლება ერთ დღეს მოქალაქეებს უთხრა, რომ მათ ამის უფლება ახლა აღარ აქვთ.

მირზა მამულაძემ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს მისი კოლეგის – ხათუნა ბოლქვაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეახსენა. ხათუნა ბოლქვაძემ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 2021 წელს თემურ გორგაძეს სუს-ის ბათუმის ოფისის შესასვლელის გადაკეტვისთვის. მაშინ თემურ გორგაძე იმ ავტომანქანიანად „დააპატიმრეს“, რომელშიც ის იჯდა.

„ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის შენობას ჰქონდა ალტერნატიული შესასვლელი… ამ შემთხვევაშიც გამსახურდიას ქუჩის ამ მონაკვეთზე არის სხვა მისასვლელები,“ – შეახსენა მოსამართლეს იურისტმა მირზა მამულაძემ.

„დარეკა ვინმემ 112-ში, გადაკეტილია ქუჩა და შევწუხდითო?“ – იკითხა ლევან გორგილაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, მარიამ კაკაბაძემ.

„ამის აუცილებლობა არ არსებობს… პოლიციას აქვს უფლება, რომ ჩარევა განახორციელოს,“ – უპასუხა იურისტს შსს-ს წარმომადგენელმა ლანა მოდებაძემ. მისი განმარტებით, აქციაზე ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო გზის გადაკეტვისთვის.

„რა უფრო მნიშვნელოვანია სიკეთის დასაცავად? ჩაერია პოლიცია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში? არ არსებობდა ლეგიტიმური საფუძველი ამ უფლებაში ჩარევის,“ – შსს-ს იურისტს მიუბრუნდა მირზა მამულაძე, მეორე იურისტმა მარიამ კაკაბაძემ კი, ევროსასამართლოს ერთი მაგალითი გაიხსენა: ლიეტუვაში წლების წინ ფერმერებს გაუმართავთ აქცია, საერთაშორისო მაგისტრალები გადაკეტეს, არათუ გამსახურდიას და აბაშიძის მსგავსი პატარა ქუჩების კვეთა და ამ აქციის დაშლაც კი, გამოხატვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნია ევროსასამართლომო.

„ჩვენ ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, თქვენ კი, ასულდგმულებთ რუსულ რეჟიმს“, – სხდომის დასრულებამდე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს ლევან გორგილაძემ მიმართა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებაზე დასწრებას არ აპირებს:

„მოვედი იმისთვის, რომ მეთქვა, თქვენ ემსახურებით რუსულ რეჟიმს. იმ სიმართლით გაგიმარჯოთ, რა სიმართლითაც მიიღებთ გადაწყვეტილებას.

გაგიმარჯოთ სადღეგრძელოსავით გამომივიდა, ალბათ იმიტომ, რომ 12 იანვარს გიხილეთ კლანის შეხვედრაზე. იმედია, კარგად მოილხინეთ არა საკვებით და სასმელით, არამედ იმ პროტესტით, რომელიც მოგიძღვნათ ქართველმა ხალხმა ლეგიტიმურად.

12 იანვარს, სხვათა შორის, ახალგაზრდა გოგოსთან შეგნიშნეთ – უტიფარს ეძახდით,“ – მოსამართლეს მზერა აღარ მოაშორა ლევან გორგილაძემ.

„ჩვენ აქ კომედიების საქმეს არ განვიხილავთ,“ – პასუხისგებაში მიცემული პირის გაჩუმება სცადა მოსამართლემ.

„დავასრულებ,“ – აღარ შეჩერდა ლევან გორგილაძე და დასძინა:

„იმ გოგონას თვალწინ ნეკნები ჩაუმტვრიეს მის მეგობრებს. თქვენ კი, შვილიშვილის ასაკის გოგოს ეძახდით უტიფარს.

მე არ დავესწრები თქვენი გადაწყვეტილების გამოცხადებას და მას ისე შევხვდები, ამაყი, როგორიც ვიყავი ამ აქციებზე 53 დღის განმავლობაში,“ – დაასრულა ლევან გორგილაძემ.

ლევან გორგილაძის საქმის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ რეპლიკის გაჟღერებისთვის დარბაზიდან გააძევა მოქალაქე გოჩა მჟავანაძე. მიზეზის დაუსახელებლად მან იგივე მოქალაქე არც ვაჟა დარჩიას პროცესზე არ დაუშვა.

16 დეკემბერს 12 პირის დაკავების შემდეგ, 11 და 12 იანვრის საპროტესტო აქციებზე ბათუმში 20 პირი დააკავეს. მათ შორის, გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მის დაპატიმრებას უფლებადამცველები პოლიტიკურ პატიმრობად აფასებენ. თავდაპირველად მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შს აჭარის სამმართველოს ღობეზე სტიკერის „იფიცება საქართველო“ გაკვრისთვის.

12 იანვარს დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძეც, მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. გურამ მურვანიძე აქციაზე ვიდეოს იღებდა, როცა მას პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დააკავეს.

აქციის დაკავებული მონაწილეებიდან არც ერთი ამ დრომდე მოსამართლეებს არ გაუმართლებიათ. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მოსამართლეები ძირითადად ყველაზე მკაცრ ღონისძიებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას იყენებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: