ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე განცხადებების შეტანა დღეს, 15 იანვარს დასრულდა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რექტორის კონკურსზე განცხადება მხოლოდ ორმა პირმა, არჩილ გუჩმანიძემ და ტიტე აროშიძემ შეიტანეს.
„დღეს დასრულდა რეგისტრაცია, სხვა ვერავინ დაემატება. კანდიდატების სამოქმედო გეგმის განხილვა იქნება 21 იანვარს, 14:00 საათზე, ფარული კენჭისყრა კი გაიმართება 15:00 საათზე [იმავე დღეს].
იმისათვის, რომ გამოვლინდეს გამარჯვებული, საჭიროა აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა. 6 ხმა უნდა მიიღოს რომელიმემ, რომ დაინიშნოს რექტორად“- განმარტავს „ბათუმელებთან“ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე.
ტიტე აროშიძე აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.
რუსული კანონის საპარლამენტო განხილვების დროს ის აქტიურად იყო ჩართული ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში, წინასაარჩევნოდ კი, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ტიტე აროშიძე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ბავშვებს ომით აშინებდა.
ტიტე აროშიძე ასევე ზეწოლას ვერ ხედავდა იმ ჩანაწერში, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდა „ოცნების“ წარმომადგენელი და მას საკრებულოში „ნეიტრალურის დაჭერას“ სთხოვდა. ენმ-ის და ფუტკარაძის ოჯახის წევრების განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძე სწორედ ამ ზეწოლის და შანტაჟის შედეგად გარდაიცვალა.
„გამოძიება დაადგენს ამ ჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა მის გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლა არ ფიქსირდება…“ – ამბობდა მაშინ ტიტე აროშიძე.
ტიტე აროშიძე ასევე აკრიტიკებდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ღარიბაშვილისა და კობახიძის რიტორიკის მსგავსად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ფაქტების წარმოდგენას სთხოვდა, როცა ის „ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ომში მყოფ უკრაინას სათანადო მხარდაჭერას არ უცხადებდნენ.
ტიტე აროშიძე საჯარო სამსახურში მუშაობდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც. კერძოდ, 2008-2009 წლებში ის ბათუმის მერიაში მუშაობდა და მერის რწმუნებული იყო ხიმშიაშვილის უბანში. 2009 წელს კი ასევე მერიაში, ეკონომიკური განვითარების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა.
ბსუ-ს რექტორობის მეორე კანდიდატი არჩილ გუჩმანიძეა, იქთიოლოგი, ბიოლოგიის დოქტორი და ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც წლებია მუშაობს გარემოსდაცვით საკითხებზე. ის მუშაობდა შავი ზღვის კვლევაზე, რომელიც 2016 წელს EMBLAS–ის პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ევროკავშირის კომისია და გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებდნენ. ასევე იკვლევს შავ ზღვაში არსებულ იშვიათ სახეობებს.

არჩილ გუჩმანიძე
დღეს, 15 იანვარს, ტიტე აროშიძე უნივერსიტეტში თავად არ მისულა განცხადების შესატანად. მან მინდობილი პირი გაუშვა უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატურის დასარეგისტრირებლად.
დღეს, 15 იანვარს, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საპროტესტო მსვლელობისას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კარებზე სტიკერი გააკრეს წარწერით – „Добро пожаловать“, იმის ნიშნად, რომ „ოცნება“ აპირებს რექტორობის საკუთარი კანდიდატის დანიშვნას რექტორის პოსტზე.

სტუდენტებმა ადმინისტრაციის კარებზე სტიკერი გააკრეს
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს.
ამჟამად ბსუ-ს რექტორის მოვალეობას მერაბ ხალვაში ასრულებს, რომელიც ორი ვადით იყო ბსუ-ს რექტორი. კანონმდებლობის თანახმად, რექტორი შეიძლება იქნეს არჩეული ორი ვადით, შესაბამისად ხალვაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ახალი რექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასული წლის 19 ივლისს უნდა აერჩიათ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დარეგისტრირდა არც ერთი კანდიდატი, არჩევნები ჩაიშალა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩიეს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერ არჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.