ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 2025 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. არჩევნების თარიღი 22 იანვარს გამოცხადდა.
ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახლა ინგა ხალვაშია.
“მე ვარ რექტორის მოადგილე, რომელსაც ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციის დროს აქვს უფლება გასწიოს რექტორის მოვალეობის შესრულება ორი კვირის ვადით”, – თქვა ინგა ხალვაშმა “ბათუმელებთან”.
როგორც უნივერსიტეტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კანდიდატებს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2025 წლის 27 იანვარს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
“რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არჩეული იქნეს ბხსუ-ს რექტორის არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლის დღემდე ვადით, მაგრამ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩევიდან არაუმეტეს 6 თვის ვადისა.
ბხსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც არის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი და აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება”, – ვკითხულობთ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორმა, თეიმურაზ კეჟერაძემ თანამდებობა 15 იანვარს დატოვა.
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები მეცხრე ღამეს გაათევენ დღეს უნივერსიტეტის ფოიეში პროტესტის ნიშნად. სტუდენტები ითხოვენ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის, მამუკა ჯორბენაძისა და უნივერსიტეტის 4 სტუდენტის გათავისუფლებას.
ამავე თემაზე:
ბათუმში დააკავეს ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტი – ისინი აქციებში მონაწილეობდნენ




