„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განცხადება გაავრცელა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის დაკავების შესახებ.
„რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობლის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი იმ განმარტებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს დადგენილი“ – წერს TI და განმარტავს – რატომ.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს, პირველად – ადმინისტრაციული, მეორედ კი სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით – მას ედავებიან ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და არა გირაო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„გამჭვირვალობა“ წერს, რომ მზია ამაღლობლის დაკავების ორივე შემთხვევაში იკვეთება კანონთან შეუსაბამობები.
კერძოდ:
„მზია ამაღლობლის, ისევე, როგორც პროტესტის სხვა მონაწილეების დაკავება, რამაც საკუთრივ წარმოშვა კიდეც იმ საღამოს დაძაბულობა პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის და, რასაც, საბოლოო ჯამში, შედეგად მზია ამაღლობლის სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებაც მოჰყვა, უკანონო იყო“ – წერს „გამჭვირვალობა“ და განმარტავს, რომ დაკავების მიზეზი – სტიკერის გაკვრა, რომლისთვისაც ამაღლობელი პირველ ჯერზე დააკავეს, უკანონოა, რადგან:
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დე ფაქტო პარლამენტის მიერ 2024 წლის 13 დეკემბერს შეტანილი ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდა „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე“, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით (იხ. მუხლი 150. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯება, მე-3 ნაწილი).
ციტირებული ნორმა თავისთავად არაკონსტიტუციური და უკანონოა, რადგან, ჯერ ერთი იგი არალეგიტიმური პარლამენტის მიერ იქნა მიღებული და, მეორეც, გათვალისწინებული სახდელის თანაზომიერებისა და სხვა კრიტერიუმების მხრივ, საეჭვოა მისი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებასთან.
მაგრამ ასეც რომ არ იყოს, ციტირებული ნორმის შემადგენლობის თანახმად, სტიკერების გაკვრა, რისთვისაც დააკავეს იმ საღამოს ბათუმში მზია ამაღლობელი და კიდევ ბევრი სხვა პროტესტის მონაწილე, სამართალდარღვევად ვერ ჩაითვლება.
ციტირებული ნორმის თანახმად, სამართალდარღვევაა „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება”, ანუ იქვე საღებავის ან სხვა საშუალებით დაწერა ან დახატვა და არა სტიკერების გაკვრა, რადგან საღებავის მოშორება შეიძლება გარკვეულ ძალისხმევასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ სტიკერის ჩამოხსნა არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაც არ გაითვალისწინა ამ უკანონო და რეპრესიულმა პარლამენტმაც კი სტიკერების გაკვრა აღნიშნულ მუხლში“ – წერს „გამჭვირვალობა.
„გამჭვირვალობა“ განმარტავს, თუ რატომ არის მზია ამაღლობელისადმი წაყენებული ბრალდება – სისხლის სამართლის 353¹ მუხლი – უკანონო.
კერძოდ:
„სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილი დანაშაულად აცხადებს შემდეგ მოქმედებას: „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით“. ასეთი მოქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
უპირველეს ყოვლისა, ციტირებული ნორმა არაგანჭვრეტადია, რაც წარმოადგენს პრობლემას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლით დადგენილ ნორმის განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის სტანდარტებთან მიმართებით. კერძოდ, გაუგებარია, რას ნიშნავს ციტირებულ ნორმაში ტერმინი „თავდასხმა“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადება (კონსტიტუციის დღევანდელი რედაქციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის ექვივალენტური ნორმა) „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში.“ იგი „არამხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით.“ „ნორმის განსაზღვრულობის პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციაში მოცემული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, იგი კავშირშია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან და წარმოადგენს ამ უფლებით დაცული სფეროს ნაწილს. შესაბამისად, სადავო ნორმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პასუხობს განსაზღვრულობის კონტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს.“
(იხ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2013 წლის 14 მაისი, პ. II-29). მისივე განმარტებით, „განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს , რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განჭვრიტოს საკუთარ ქმედებაში აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად“ (იქვე, პ. II-30).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებითაც, დანაშაულიც და სასჯელიც მკაფიოდ უნდა იქნეს განმარტებული კანონით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულია იმ შემთხვევაში, თუ პირს შეუძლია შეიტყოს შესაბამისი ნორმიდან, სასამართლოს განმარტებების ან იურიდიული დახმარების საფუძველზე, თუ რა მოქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და რა სახის სასჯელი შეიძლება მოელოდეს მას.“ (იხ. მაგალითად, Del Río Prada v. Spain, Application no. 42750/09, [GC] 21 October 2013, § 79).
როგორც უკვე ითქვა, ციტირებულ ნორმაში გაუგებარია ტერმინის „თავდასხმა“ შინაარსი, რის გამოც აღნიშნული ნორმა ვერ აკმაყოფილებს ნორმის განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს, რაც ამ ნორმის კონსტიტუციურობასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“ – წერს „გამჭვირვალობა“ და მაგალითად მოჰყავს საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა:
„ამ საკითხთან დაკავშირებით უპრიანია მოხმობილ იქნეს საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც არსებობს სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილთან მიმართებით.
თავის ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო პროკურატურის საკასაციო საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა ქვედა ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებას. უზენაესი სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებს, რომელთა თანახმად, სსკ-ის 3531 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირებულიყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
სამართლიანად იქნა ცნობილი დაკისრებული სასჯელიც – ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულს ბრალი წარედგინა იმის გამო, რომ მან მისთვის სიგარეტის მიცემაზე უარის თქმით განაწყენებულმა, ფიზიკურად იძალადა პოლიციელზე, კერძოდ, თავი ჩაარტყა მას თავის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებული პოლიციელის ფიზიკური ტკივილი. (სუზს-ის განჩინება საქმეზე №253აპ-24, 24 ივნისი, 2024 წელი).
უზენაესი სასამართლოს მითითებით, „ქმედების პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც ქმედების პოლიციელზე თავდასხმად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. დანაშაულებრივი ქმედების სწორად კვალიფიკაციისათვის სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ასევე ის გარემოება როგორ ვითარებაში იქნა აღნიშნული მიყენებული, რა უძღოდა წინ და შემდგომ, ადგილი ხომ არ ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს მსხვერპლის საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვა.“ (იხ. ზემოაღნიშნული განჩინების პ. 5.6).
უზენაესი სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელს ფორმა ეცვა, ცალსახად არ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულის აგრესიული ქმედება კავშირში იყო დაზარალებულის, როგორც პოლიციელის სტატუსთან ან/და მის სამსახურებრივ საქმიანობასთან. ბრალდებულმა პოლიციელზე ფიზიკურად იძალადა მის მიერ სიგარეტის მიცემაზე უარის თქმით გამოწვეული უკმაყოფილების გამო, კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად და იგი კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდა პოლიციელზე თავდასხმის მიზნით. (იხ. განჩინების პპ. 5.7-5.8).
ამის ანალოგიურად სხვა საქმეში, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომაც სსკ-ის 126-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა ბრალდებულის მიმართ თავდაპირველად სსკ-ის 3531 მუხლით წარდგენილი ბრალი ბრალდებულის მიმართ, რომელმაც პოლიციელს რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი სახეში, იმის გამო, რომ პოლიციელმა მას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა იმ დროს, როდესაც ბრალდებული გოგონას ელაპარაკებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელს ფორმა ეცვა, მისი ქმედება არ იყო მიმართული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ, ანუ არ იყო დაკავშირებული სამსახურეობრივ საქმიანობასთან.
გარდა ამისა, დანაშაულის სუბიექტურ მხარეზე მსჯელობისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელი იყო ქმედების მოტივის გარკვევა, არსებობდა თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე განხორციელებულ თავდასხმას შორის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, ბრალდებულმა, რომელსაც ყურადღება გოგონასკენ ჰქონდა გადატანილი, პოლიციელის მოთხოვნა შეურაცხყოფად და მის პირად ურთიერთობაში ჩარევად მიიჩნია, რასაც მოჰყვა შემდგომ განვითარებული მოვლენები.
სასამართლომ ასევე გაითვალისწინა ისიც, რომ ბრალდებული იმ დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პოლიციელის მიმართვა მის მიერ შესაძლებელია სწორად ვერ ყოფილიყო აღქმული. აღნიშნული კი, სასამართლოს აზრით, ცხადყოფდა, რომ კონფლიქტი მოხდა პირადი მოტივით და აღნიშნულს რაიმე კავშირი პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობასთან არ ჰქონია. (იხ. №1/135-19, 21 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ბოლნისი, გამოძიების N019170319001).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს ამ განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოც დაეთანხმა (იხ. საქმე № 1ბ/1616-19, 20 იანვარი, 2020 წელი)“ – წერს „გამჭვირვალობა“.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ დასხელებული საქმეები ცხადყოფს, საქართველოს სასამართლოებს აქვთ გარკვეული ტენდენცია, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე გადააკვალიფიცირონ ქმედებები, რომლებიც მზია ამაღლობელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაზე უფრო მეტი საშიშროებით ხასიათდება. ამის მიუხედავად, პროკურატურამ ცნობილ ჟურნალისტს ბრალი მძიმე დანაშაულის ბრალდებით წაუყენა, რაც, თავისთავად, მრავლის მეტყველი ფაქტია. სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელიც ჩვენ არ გვაქვს, პროკურატურა აღწერდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში გარემოებებს, რომლებიც წინ უძღოდა მზია ამაღლობელის ქმედებას, იმსჯელებდა, ხომ არ იყო სავარაუდო ქმედება პასუხი ე.წ. „დაზარალებულის“ პროვოკაციულ ქმედებაზე, რა იყო ქმედების მოტივი და სუბიექტური მხარის სხვა ასპექტები, რამდენად ასრულებდა იმ კონკრეტულ მომენტში სამსახურებრივ მოვალეობას „დაზარალებული“, რამდენად უკავშირდებოდა მზია ამაღლობელის სავარაუდო ქმედება „დაზარალებულის“ სამსახურებრივ საქმიანობას და სხვ. ბუნებრივია, რომ პროკურატურა ამ საკითხების დადგენას არც შეეცადა.
შესაბამისად, თუნდაც ყოფილიყო საფუძველი, რომ მზია ამაღლობელის საქციელი დანაშაულად მიჩნეულიყო, პროკურატურის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას, ვიდრე ზემოთ აღწერილ შემთხვევაში ბრალდებულების მიმართ მართლმსაჯულებას ჰქონდა. მეტიც, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციული ხასიათისაა და მზია ამაღლობელის ჟურნალისტურ საქმიანობას და რეჟიმის მიმართ მის დამოკიდებულებას უკავშირდება.
„გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის ქმედება საერთოდ არ არის დანაშაული.
„მზია ამაღლობელის ქმედება, მისი მცირე მნიშვნელობის გამო, ობიექტური პირის პოზიციიდან საერთოდ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულად. სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“. სილის გაწნა, რომელსაც არ შეიძლება ტკივილი გამოეწვია, მხოლოდ მცირე მნიშვნელობისაა და რაიმე სერიოზულ ზიანს ვერ გამოიწვევდა“ – წერს ორგანიზაცია.
ამავე დროს, „გამჭვირვალობა“ წერს მზია ამაღლობელის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფადების კანონიერებაზეც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ არაერთხელ აღუნიშნავს თავის ანალიტიკური ხასიათის მოხსენებებში, რომ საქართველოში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას პოლიტიკური მოტივები გააჩნია და ის ემსახურება არა აღკვეთის ღონისძიების კანონიერი მიზნების მიღწევას, არამედ ბრალდებულზე და მთლიანად საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენასა და მათ დაშინებას (იხ. მაგალითად, ანდრო ჭიჭინაძის და სხვების პატიმრობის თაობაზე ჩვენი შეფასება).
მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ისე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს, რომ არც დაინტერესებულა, რა მტკიცებულებითი საფუძველი გააჩნდა პროკურატურას, როდესაც მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძვლად მიმალვის და სასამართლოში არგამოცხადების, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებით ხსნიდა.
ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ რეჟიმის პოლიციამ და პროკურატურამ ბოროტად ისარგებლეს მზია ამაღლობელის ქმედებით და ცდილობენ მის სამაგალითო დასჯას. აშკარაა, რომ მზია ამაღლობელი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ იგი წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი იმ განმარტებიდან გამომდინარე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აქვს დადგენილი“ – წერს ორგანიზაცია.