„ეს რა არის?“- იკითხა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სხდომათა დარბაზში შემოსვლისთანავე, როცა პასუხისგებაში მიცემული პირის, ირმა ზოიძის ხელში ტრანსპარანტი შენიშნა წარწერით – „თავისუფლება მზიას“.
„ეს ჩემი გამოხატვის თავისუფლებაა“,- იმ ტონით უპასუხა მოსამართლეს ირმა ზოიძემ, რომ ალექსანდრე გოგუაძეს არაფერი უთქვამს.
დღეს, 21 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ირმა ზოიძის საქმე განიხილა. საუბარია 2024 წლის 16 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როცა კოკისპირული წვიმის მიუხედავად მოქალაქეები მაინც გამოვიდნენ პროევროპულ აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ კი აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის გათავისუფლება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა.
„თავისთავად ეს მოწოდება იყო უკანონო… პოლიციამ ხელოვნურად სცადა კონფლიქტის პროვოცირება“, – აღნიშნა იურისტმა მირზა მამულაძემ, რომელიც სასამართლოში ირმა ზოიძის ინტერესებს იცავს.
შსს-ს ვერსიით, აქციაზე არ იყო „საკმარისი რაოდენობა“, იურისტების განმარტებით კი, ქუჩის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, ასევე პოლიციის მოთხოვნა ერთგვაროვანი უნდა იყოს – სხვა დღეებში, როცა აქციაზე დაახლოებით იგივე რაოდენობა იყო, რაც 16 დეკემბერს, პოლიციას აქციის დაშლა მისი სიმცირის გამო არ უცდია.
საპროტესტო აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 55 დღეა იმართება.
ამ საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე სიცრუეში ამხილეს: შსს-ს მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვიდეოს მიხედვით, ირაკლი დგებუაძე აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ იქ დაახლოებით 40 პირია შეკრებილი, ამიტომ მათ ტროტუარი უნდა დაიკავონ, „ბათუმელების“ პირდაპირ ეთერში 16 დეკემბრის აქციაზე კი ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ აქ 5 კაცია, ოქმში პოლიციელებმა ჩაწერეს, რომ აქციაზე 25 პირი იყო შეკრებილი.
სხდომაზე ნახეს სამხრე კამერის ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც პოლიციელი ავტომანქანებს განზრახ საპროტესტო აქციის მიმართულებით ამისამართებს მაშინ, როცა არსებობს ალტერნატიული გასასვლელი ქუჩები.
„პოლიციის მიზანი არ ყოფილა აქციის დაშლა“,- უთხრა მოსამართლეს შსს-ს წარმომადგენელმა, ლანა მოდებაძემ. მისივე განმარტებით, აქციის მონაწილეებს ხელოვნურად ჰქონდათ გადაკეტილი ქუჩა.
„ეს არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, რომელზეც დამყარებულია ადამიანის უფლებები, დემოკრატია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, სასამართლომ შეაკავოს ეს ყველაფერი… ჩვენი ღირსება არ უნდა იყოს დამოკიდებული დგებუაძეზე. არასწორია, როცა ყველაფრის მიუხედავად ქარსა და წვიმაში ქუჩაში გამოვდივართ მოქალაქეები და ასე გექცევიან.
თქვენც უნდა გინდოდეთ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება“, – მოსამართლეს მიმართა ირმა ზოიძემ.
„მადლობა“- ირმა ზოიძეს მიმართა მოსამართლემ.
„სასამართლომ არ უნდა აუნთოს მწვანე შუქი რეპრესიებს… რეპრესიები ისეთი რამეა, ის საბოლოოდ მის გამფორმებლებსაც მიადგება,“ – მიმართა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს იურისტმა მირზა მამულაძემ.
ირმა ზოიძემ „მზია ამაღლობლის საქმეც“ შეახსენა შსს-ს წარმომადგენელს, ლანა მოდებაძეს:
„იმის გამო, რომ ჩვენ ასე ვექცევით გამოხატვის თავისუფლებას, ირაკლი დგებუაძეს დღეს იქეთ ვედავებით არაადამიანურ მოპყრობას… მისი მხრიდან ჩადენილი ძალადობის გამოძიებას ვითხოვთ უკვე“,- აღნიშნა ირმა ზოიძემ.
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის დაპატიმრებულია და შიმშილობს. მზია ამაღლობლის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
„ცირკად ნუ აქცევთ ქვეყანას“, – მოსამართლეს მიმართა ისევ სხდომის ბოლოს ირმა ზოიძემ.
ამ საქმეზეც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს. 16 დეკემბრის საქმეზე შსს 12 პირს ედავება სამართალდარღვევის ჩადენას.
ამავე თემაზე:
„პოლიციის მიზანი იყო აქციის დაშლა და არა გზის გახსნა“ – რეპორტაჟი ბათუმის სასამართლოდან