„თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ამ განცხადებით მიმართა სხდომის დაწყებისთანავე აზა გაბუნიამ დღეს, 20 იანვარს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული აზა გაბუნია სასამართლო სხდომაზე ამავე გზავნილების მქონე მაისურით მივიდა.
აზა გაბუნიას და საპროტესტო აქციის კიდევ 11 მონაწილეს ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას ედავებიან.
საუბარია 2024 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე, როცა კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქცია მაინც გაიმართა და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს ქუჩის სავალი ნაწილის დატოვება და ტროტუარზე გადასვლა მოსთხოვა.
„ეს ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში, მათ შეეძლოთ პროტესტი ამ ფორმით გამოეხატათ“ – მიმართა მოსამართლეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ.
იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ აქცია არასამუშაო საათებში, საღამოს იმართებოდა და იქვე მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოს ან აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლებს გადაადგილებაში ხელი ვერ შეეშლებოდათ.
„ვის ვუშლიდით ჩვენ ხელს? რატომ სცადა პოლიციამ ესკალაცია?“- შსს-ს წარმომადგენელს, ლანა მოდებაძეს გადახედა აზა გაბუნიამ და განმარტა, რომ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს მას შემდეგ მიმართა კითხვებით, როცა დაინახა, როგორ შეეხო ფიზიკურად „ბათუმელების“ მთავარ რედაქტორს, ეთერ თურაძეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია.
საქმეში საინტერესოა ციფრები: ადგილზე იმ საღამოს „ბათუმელებს“ ირაკლი დგებუაძემ უთხრა, რომ ხუთმა კაცმა არ შეიძლება გადაკეტოს ქუჩა და ეს ხელოვნურია, იგივე ირაკლი დგებუაძე კი, სხვა ჩანაწერში ადასტურებს, 40 ადამიანი ხართ შეკრებილი პლუს – მინუს 10 კაცში შეიძლება შევცდეო.
ირაკლი დგებუაძემ, რომელსაც აქციის დაკავებული მონაწილეები ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, იმ დღეს კიდევ ერთხელ იძალადა აქციის მონაწილეებზე და მშვიდობიანი აქციის დაშლა სცადა.
ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის ტყუილი თავად შსს-ს მიერ შედგენილ ოქმში ჩანს: „…30-მდე კაცი იყო შეკრებილი“- წერია სამართალდარღვევის ოქმში. მანამდე ის „ბათუმელების“ პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ ხუთი კაცი კეტავდა ქუჩას. მოსამართლემ „ბათუმელების“ ვიდეოჩართვის მონაკვეთიც ნახა.
ამ საქმეშია კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც შსს-მ წარმოადგინა – ამ ვიდეოში ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ აქციაზე 40-მდე კაცია და ამიტომაც მოითხოვა მათი ტროტუარზე გადასვლა.
კიდევ უფრო საინტერესო დეტალი ისაა, რომ იმ საღამოს დგებუაძემ პოლიციის ერთი მანქანა და პოლიციელი აქციასთან ახლოს – მემედ აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში ჩააყენა, მანქანები აქციის მონაწილეებისკენ განზრახ რომ გამოეშვათ. ეს პოლიციელები 16 დეკემბრის აქციაზე მოქალაქე დარიკო ჩიტაძემ ამხილა, მანქანები აბაშიძის ქუჩას მიუყვებოდნენ და პოლიციელმა უთხრა, აქეთ წადით, გამსახურდიაზეო, სადაც აქცია იმართებოდა.
დარიკო ჩიტაძეც დაიბარეს სასამართლოში. მისი საქმე უკვე განიხილა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ. გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.
აზა გაბუნიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს.
16 დეკემბერს 12 პირის დაკავების შემდეგ, 11 და 12 იანვრის საპროტესტო აქციებზე ბათუმში 20 პირი დააკავეს. მათ შორის, გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მის დაპატიმრებას უფლებადამცველები პოლიტიკურ პატიმრობად აფასებენ.
12 იანვარს დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძეც, მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ. გურამ მურვანიძე აქციაზე ვიდეოს იღებდა, როცა მას პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დააკავეს.
აქციის დაკავებული მონაწილეებიდან არც ერთი ამ დრომდე მოსამართლეებს არ გაუმართლებიათ. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მოსამართლეები ძირითადად ყველაზე მკაცრ ღონისძიებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას იყენებენ.
„16 დეკემბრის აქციის საქმეზე“ ახლა [14:00 სთ] მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ლევან გორგილაძის შემთხვევას განიხილავს.