ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმი-სარფის ავტობანის გზშ სააგენტომ დაახარვეზა და პროექტის განხილვა შეაჩერა

19.10.2024 •
ბათუმი-სარფის ავტობანის გზშ სააგენტომ დაახარვეზა და პროექტის განხილვა შეაჩერა

ბათუმი-სარფის ახალი ავტობანის პროექტთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული გზშ-ს დოკუმენტი გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დაახარვეზა და განხილვა 2 თვით შეაჩერა.

აღნიშნულ ვადაში დეპარტამენტმა გზშ-სთან დაკავშირებული შენიშვნების გათვალისწინებით, დამატებითი და დაზუსტებული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს სააგენტოს. მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელებს სააგენტო საკითხის განხილვას – გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის მიზნით.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კი ბათუმი [მდინარე ჭოროხი]-სარფის [თურქეთის საზღვარი] ავტობანის მშენებლობის დასაწყებად აუცილებელია.

ბათუმი-სარფის ავტობანის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება კი 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, დღეს დეტალური პროექტიც არ არის მზად.

საგზაო კვანძი ხალვაშის გამზირთან, სადაც ბათუმის შემოვლითი და ბათუმი-სარფის გზები უნდა შეერთდეს / 12.10.2024

პროექტის მიხედვით, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [აქ სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ახალგახსნილ ბათუმის შემოვლით გზას], აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე, ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას [აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება].

ნაპირდამცავ ნაგებობასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გზების დეპარტამენტში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ის] ანგარიშის მიხედვით, „ზღვის სანაპირო ზოლზე დაგეგმილი ნაპირდამცავი ნაგებობა წარმოდგენილია ორი სახით: ე.წ. ჩაძირული და ჩაუძირავი ზონებისათვის. ჩაძირული ზონისათვის ნაპირდამცავი ნაგებობის საპროექტო კვეთი შეესაბამება ტალღური რეჟიმის პირობებს, თუმცა ჩაუძირავ ზონაში ნაგებობის კვეთი მნიშვნელოვნად შესუსტებულია.“

ამასთან, როგორც სააგენტოს წერილშია აღნიშნული, „საპროექტო უბანი გამოირჩევა ტალღის განსაკუთრებული სიძლიერით ზვირთცემის ზონაში, რადგან წყალქვეშა ფერდობის დაქანებიდან გამომდინარე, საანგარიშო ტალღის დამსხვრევა ხდება უშუალოდ დამცავ ნაგებობასთან. შესაბამისად, საპროექტო ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ზემოაღნიშნული საკითხები და ნაპირსამაგრი ნაგებობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით.“

გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სამუშაოს დაწყებამდე მშენებელი კონტრაქტორი ვალდებული იქნება წარმოადგინოს მდინარის კალაპოტში, ზღვის სანაპირო ზოლში სამუშაოების
წარმოების მეთოდიკის აღწერა, დეტალური გეგმა-გრაფიკი და საჭირო ტექნიკის ჩამონათვალი მახასიათებლების მითითებით“.

აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე, მდ. ჭოროხზე, აშენებულია რამდენიმე დიდი წყალსაცავი, მათ შორის საქართველოს საზღვართან ახლოს.

„მიზანშეწონილია წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია ყველა ახლოს მდებარე წყალსაცავიდან ავარიული გაშვება წყლის რა რაოდენობაზეა გათვლილი. ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მდინარე ჭოროხზე არსებული [ხელვაჩაური 1 და კირნათი] და დაგეგმილი [ხელვაჩაური 2] კაშხლების მაქსიმალურ ხარჯებზე ინფორმაცია“, – წერენ გზების დეპარტამენტს გარემოს სააგენტოდან.

საგზაო კვანძი ხალვაშის გამზირთან, სადაც ბათუმის შემოვლითი და ბათუმი-სარფის გზები უნდა შეერთდეს / 12.10.2024

სააგენტოს წერილში ხაზგასმულია ასევე, რომ „გზშ-ის ანგარიშის თანახმად, ხეების დიდი რაოდენობის მოჭრა საჭირო არ იქნება, თუმცა დაზუსტებას საჭიროებს ჭრას დაქვემდებარებული მცენარეების შესახებ ინფორმაცია [რაოდენობა, სახეობები]“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში ასევე აღნიშნულია, რომ

  • „საპროექტო გზის დიდი ნაწილი გვირაბშია მოქცეული, თუმცა ანგარიშში არ არის განხილული კლდოვანი ქანებით აგებული მთის მასივის ნაპრალოვნებაზე და დაძაბულობაზე, აგრეთვე აფეთქებითი სამუშაოების გავლენით მასივის და გზისპირა ფერდობების მდგრადობაზე მოსალოდნელი ზემოქმედების საკითხი, რაც საჭიროებს დაზუსტებას;
  • გზშ-ის ანგარიშში მოცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია, კერძოდ აღნიშნულია, რომ „განსახილველი გზის პროექტის მომზადების პროცესში ჩატარებული კვლევების და ტერიტორიის ვიზუალური დათვალიერებით საპროექტო ზონაში გეოდინამიკური რისკების შემცველი მნიშვნელოვანი უბნები არ გამოვლენილა, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე პრობლემატური მონაკვეთის/უბნის არსებობა.“
  • ამასთან, ანგარიშში მითითებულია, რომ გვირაბის ჩრდილოეთ პორტალის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია, ხოლო სამხრეთი პორტალიდან სარფის მიმართულებით ციცაბო
    კლდოვან ფერდობზე განვითარებულია ქვათაცვენის პროცესი. გარდა ამისა, გვირაბის გაყვანისას აფეთქებითი და სხვა სახის სამუშაოების განხორციელებისას მოსალოდნელია ზემოქმედება კლდოვანი ქანებით აგებულ მთის მასივების მდგრადობაზე, ასევე ქანების გამოფიტვის ქერქში მოსალოდნელია გრავიტაციული და ეროზიული პროცესების განვითარება, რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი პრევენციის/შემარბილებელი ღონისძიებები;
  • გზშ-ის ანგარიშის თანახმად, გვირაბის პროექტირებისას ჩატარებული გაანგარიშებით წყლის სავარაუდო შემოდინებამ შესაძლებელია შეადგინოს 1.76 მ³/წმ, რაც გეოლოგიურ და ტექნოგენურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების მასშტაბის მაჩვენებელია. შესაბამისად, საჭიროა ამ მიზნით კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავება და წარმოდგენა;
  • მონიტორინგის გეგმაში აღნიშნულია, რომ „გრუნტის წყლის დებიტის მონიტორინგი განხორციელდება სამუშაოს დაწყებამდე, ასევე გვირაბის კონკრეტულ უბანზე მუშაობისას თვეში ერთხელ. დებიტის კონტროლი 1 წლის განმავლობაში [დეფექტების გამოსწორების პერიოდში].“
  • დაზუსტებას საჭიროებს ექსპლუატაციის ეტაპზე გრუნტის წყლის დებიტის მონიტორინგისა და ალტერნატიული წყაროდან პოტენციური მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების საკითხი. შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იქნას განახლებული მონიტორინგის გეგმა, სადაც ასახული იქნება გრუნტის წყლების დებიტის მონიტორინგი როგორც მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე, ხოლო ცვლილების შემთხვევაში ალტერნატიული წყაროდან პოტენციური მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდების საკითხის შესახებ ინფორმაცია.“

სააგენტოს ინფორმაციით, გზშ-ს ანგარიშში არის რამდენიმე ტექნიკური სახის ხარვეზიც.

გარემოს სააგენტო მიუთითებს გზების დეპარტამენტს, რომ წარმოადგინოს ინფორმაცია გვირაბის გაყვანის შედეგად მიღებული ინერტული მასალის ზღვის სანაპიროს გასამაგრებლად გამოყენების შესაძლებლობაზე.

„მიზანშეწონილია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია გვირაბის გაყვანისას გამოტანილი ვულკანოგენური მკვრივი მასალის გამოყენების შესაძლებლობის საკითხის განხილვის შესახებ, ზღვის ნაპირების გამაგრებისთვის და მდინარე ჭოროხის მიერ ბოლო წლებში საგრძნობლად მოკლებული შავ ზღვაში ჩატანილი ნაშალი მასალის ნაწილობრივი კომპენსაციისთვის“, – წერს სააგენტო გზების დეპარტამენტს

ამავე თემაზე:

ბათუმი-სარფის ავტობანი 112 კერძო მიწაზე გაივლის და სარფის პლაჟს არ შეეხება – პროექტის გზშ მზადაა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: