ფოტორეპორტაჟი
პილოტირებული ჯგუფები საუკეთესო სტუდენტებისათვის
სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი რეზო ოკუჯავა ამბობს, რომ ეს იდეა უნივერსიტეტში მომწიფდა: „ვფიქრობთ, რომ ყველაზე რეიტინგულ მიმართულებებზე: ფინანსებზე, სამართალსა და ინგლისურებზე, შევქმნათ პილოტირებული ჯგუფები. ამ სემესტრში დავაკვირდებით ამ ჯგუფებს და შემდეგ დავნერგავთ დანარჩენ მიმართულებებზე. პირველი 25 სტუდენტი GPA რეიტინგით შეირჩევა, მათ ექნებათ ცალკე სალექციო და სასემინარო ჯგუფი. ყველა სტუდენტი უნდა ცდილობდეს ამ ჯგუფში მოხვედრას, კონკურენტული გარემო უნდა იყოს, რადგან მათ მიეცემათ საშუალება, თავად შეარჩიონ ლექტორები.
გამოცხადდება კონკურსი, კონკურსანტი ლექტორები წაუკითხავენ ამ სტუდენტებს ლექციას და რომელსაც სტუდენტები აირჩევენ, ის ლექტორი დარჩება. ამ სტუდენტებს გვინდა შევთავაზოთ ყველა ის, ასე ვთქვათ, ნოუ-ჰაუ, რაც აპრობირებულია პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ვფიქრობ, ამ სტუდენტების 90 პროცენტს გაუჩნდება სურვილი, გააგრძელოს სწავლა და დოქტორის ხარისხიც მიიღოს. ჩვენ რომ ვსაუბრობთ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ლექტორები, საჭირო ხომ არის კადრი გაიზარდოს? მაგალითად, სამართალზე არის პრობლემა, საკონსტიტუციო სამართალი ბაკალავრიატში გვაქვს, მაგრამ სტუდენტს თუ მაგისტრატურაზე უნდა ამ საგნის სწავლა, სხვა უნივერსიტეტში უნდა წავიდეს, რადგან ჩვენთან არ ისწავლება, პროფესორ-მასწავლებლების არ არსებობის გამო.“ – განმარტავს რეზო ოკუჯავა.
ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს
ახალი ანგარიში, სახელწოდებით – „ინტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს?“, 2003-2012 წლებს მოიცავს. ანგარიშში წარმოდგენილია სატელეკომუნიკაციო კომპანიების ფიქტიური და რეალური მფლობელები, ასეთი ინფორმაცია კომპანიების აბონენტთა შესახებ პირადი ინფორმაციის დაუცველობის შესახებ და ინტერნეტის მოხმარების გაზრდის დინამიკას ბოლო წლებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშის პრეზენტაცია
როგორც „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ პრეზენტაციაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაუმა აღნიშნა, ანგარიშით მათ სურდათ მოსახლეობისათვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რამდენად არის დაცული ინფორმაცია, რომელსაც მათ შესახებ სხვადასხვა ინტერნეტ პროვაიდერები ფლობენ, როგორ ხდება ამ ინფორმაციის გადაცემა მესამე პირისთვის და როგორ კონტროლდებოდა აღნიშნული ინფორმაციები პროკურატურისა და სამართალდამცველების მიერ, სასამართლოს ნებართვის გარეშე.
ანგარიშში ასევე მოცემულია ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ხელისუფლებისა და კერძო კომპანიებისთვის, რათა უკეთ მოხდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამ კუთხით კანონმდებლობის დახვეწა.
პრეზენტაციაზე ორგანიზაციამ წარმოადგინა წიგნი – „ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში“, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ჟურნალისტ პოლ რიმპლის ერთობლივი ნაშრომია.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე აღნიშნეს, წიგნში იმ ბიზნესმენებისა და კომპანიების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც მნიშვნელოვან წილებს ფლობდნენ, ან ამ დრომდე ფლობენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა: სარეკლამო ბაზარი, ტელემაუწყებლობა, კომუნიკაციები, ნავთობის იმპორტი და დისტრიბუცია. ასევე, ფარმაცევტული ბაზარი და სასარგებლო წიაღისეული.
ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა, რომ საქართველოში მედია და სატელეკომუნიკაციო ბაზარს ძირითადად ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები ფლობენ, ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ამა თუ იმ კომპანიას ფიქტიური მფლობელები ჰყავს.
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მედია ანალიტიკოს დიანა ჩაჩუას განცხადებით, წიგნში ასევე საუბარია ამ კომპანიების კავშირებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან. მისივე ინფორმაციით, ორგანიზაცია, უკვე მუშაობს შემდეგ ანგარიშზე, რომელშიც საუბარი იქნება თუ რა ცვლილებები განიცადა მედიამ 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და შეიცვლა თუ არა მათი მფლობელები.
„მწვანე ქუჩის ხულიგნებიდან“ „შავი ზღვის მეკობრეებამდე“
– ვისი იდეა იყო და რამდენი ხანია რაც „დინამოს“ მხარდამჭერთა ორგანიზაცია შეიქმნა?
– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივარი ყოველთვის ჰყავდა. შემდეგ იყო წლები, როდესაც ხალხმა სტადიონზე სიარულს უკლო, თუმცა ვისაც მართლა გული შესტკიოდა „დინამოზე“, ყოველთვის გულშემატკივრობდა. რაც შეგვეხება ჩვენ, როგორც ფანკლუბმა, პირველად 2012 წლის 17 აგვისტოს ვუგულშემატკივრეთ გუნდს, საქართველოს თასის თამაში იყო ოზურგეთის „მერცხალთან“, 3:0 მოვიგეთ, შემდეგ ჩემპიონატის თამაში იყო ხარაგაულში („დინამო“ მაშინ პირველ ლიგაში გამოდიოდა) და 2:0 მოვიგეთ. იდეას რაც შეეხება, ჩემი იდეა იყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს ყოველთვის ვესწრებოდი, ხორვატიასთან მატჩზე გავიცანი ქართული სპორტის ქომაგთა ლიგის ბიჭები. ვხედავდი, როგორ ერთსულოვნად გულშემატკივრობდნენ ნაკრებს და გადავწყვიტე, ჩვენი „დინამოსთვის“ ანალოგიური ორგანიზაცია ჩამომეყალიბებინა. თავდაპირველად 6-7 კაცი ვიყავით, მე, თქვენი კოლეგა ამირან მამალაძე, აჩიკო ინწკირველი, გივი გაფრინდაშვილი, ბაჩანა აბაშიძე, ალეკო ჩხაიძე, დათო „ჩერქეზა“. თავდაპირველად „მწვანე ქუჩის ხულიგნები“ გვერქვა, შემდეგ შევცვალეთ სახელწოდება და „შავი ზღვის მეკობრეები“ დავირქვით. თანდათან მსურველებმა იმატა და დღეს 50-ზე მეტი ვარ, ეს ის ხალხია, ვინც ფანკლუბშია გაწევრიანებული, თორემ გულშემატკივრები „დინამოს“ გაცილებით მეტი ჰყავს.
– ფანკლუბი გუნდს ყოველთვის თან დაჰყვება…
– პირველ ლიგაში რომ ასპარეზობდა „დინამო“, მაშინ უფრო ხშირად დავდიოდით, რამდენჯერმე დაგვაფინანსეს კიდეც, პლეი-აუტის ყველა მატჩზე მოგვცეს დასწრების საშუალება. არ მინდა ჯერ მათი ვინაობა დავაკონკრეტო, უბრალოდ მადლობას გადავუხდი ჩვენი სახელით, თუმცა უმაღლეს ლიგაში გადასვლის შემდეგ, საკუთარი ხარჯებით გვიწევს მგზავრობა. სამწუხაროდ, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში გამართულ მატჩებზე ვახერხებთ დასწრებას, აღმოსავლეთში ძვირი გვიჯდება, ჩვენ კი მაგის საშუალება არ გვაქვს. მხოლოდ ერთხელ დაგვაფინანსეს, „ვიტ-ჯორჯიასთან“ გასვლით მატჩზე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მხოლოდ 7-8 კაციც წავსულვართ საგულშემატკივროდ. ძირითადად ერთი „მარშრუტკით“ დავდივართ. ბადრი ჰქვია მძღოლს, კარგი კაცია, რამდენჯერმე დაგვიკლო თანხა კიდეც, ნისიად წაგვიყვანა, სტადიონზე ისიც ჩვენთან ერთად გულშემატკივრობს „დინამოს“.
– არავისთვის მიგიმართავთ დაფინანსებისთვის?
– როგორ არა?! ბევრი კერძო ფირმა მოვიარეთ, მაგრამ ზოგს არ აინტერესებს, ზოგი უარს გვეუბნება, ზოგი გვპირდება, მაგრამ…
– გუნდის წევრებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ძალიან კარგი. ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. ასევე ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს „დინამოს“ მწვრთნელთან გია გურულთან. ჩვენ მათ ჩვენს შეხედულებებს ვუზიარებთ ანუ გულშემატკივრის თვალით, ტრიბუნებიდან დანახულს. ზესტაფონში გვქონდა ამხანაგური მატჩი, 0:5 წავაგეთ, ბათუმში რომ დავბრუნდით, ღამის პირველი საათი იყო, მაგრამ დავურეკეთ გია გურულს მე და აჩიკო ინწკირველმა („გადავარჩინოთ ბათუმის დინამო“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი), დაველაპარაკეთ, ჩვენი მოსაზრება გავაცანით, რა არ იყო სწორი, რატომ წავაგეთ… მოგვისმინა, მადლობა გადაგვიხადა. მართალია, ის მწვრთნელია და მის კომპეტენციაში ჩვენ არ ჩავერევით, მაგრამ როდესაც საკუთარი შეხედულება გაგვაჩნია მარცხზე ან გამარჯვებაზე, ყოველთვის გვისმენს და ჩვენს აზრს ითვალისწინებს, ეს კი პირველ რიგში, გუნდსა და გულშემატკივრებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას უწყობს ხელს. მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ.
– ბათუმში სტადიონის აშენების თაობაზე, თუ არ ვცდები, თქვენ „ფეისბუკის“ საშუალებით გაავრცელეთ ფანკლუბის ოფიციალური მიმართვა…
– დიახ და ეს არა მარტო ჩვენი სურვილია, არამედ აუცილებლობაა. რომ ამბობენ, ფეხბურთზე ხალხი არ დადისო, სად უნდა იარონ?! რა გახდა ბათუმში ერთი სტადიონის აშენება?! 9 წელი გვპირდებოდა წინა მთავრობა და დაპირებად დარჩა, იმედია ახალი ხელისუფლება მაინც გაითვალისწინებს ამ ფაქტს, რომ ბათუმის „დინამოს“ სტადიონი სჭირდება.
– „დინამოს“ პერსპექტივა როგორ გესახება?
– ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ პირველ წრეში გაწეულმა სატრანსფერო პოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო. სატურნირო ცხრილში ჩვენი მდგომარეობა ყველაფერზე მეტყველებს, ყველაზე მეტი გოლი გვაქვს გაშვებული. მაგრამ მეორე წრეში საჭირო და გამოცდილი ფეხბურთელები დავიმატეთ და 5 ქულა არაა ის ბარიერი, „დინამომ“ მისი გადალახვა რომ ვერ შეძლოს. წელს უმაღლესში დარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

„დინამო“ თასით და რუსთავით დაიწყო
გია გურული: ნებისმიერი შეკრება ყოველთვის ნაყოფიერი და შედეგიანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ სხვა საფიქრალი არ გაქვს ფეხბურთის გარდა. ათი დღე დავყავით ანტალიაში საწვრთნელ შეკრებაზე და ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ, რათა გუნდის ბირთვი შეგვეკრა. პირველი ამხანაგური შეხვედრა ყაზახეთის „ურალსკისთან“ გავმართეთ, უმაღლესი ლიგის გუნდია და 4:1 გავიმარჯვეთ, მეორე მატჩში კი რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ „გლორიას“ ფრედ, 1:1 ვეთამაშეთ. აქვე გეტყვით, რომ რუმინელებთან პირველ ტაიმში არაოპტიმალური შემადგენლობა დავაყენეთ, ფეხბურთელებს ვაკვირდებოდი, მეორე ტაიმში კი ის ბიჭები გამოვიყვანე, რომლებიც მიმდინარე გათამაშებაში „დინამოს“ ბირთვს წარმოადგენენ. პირადად მე კმაყოფილი ვარ.
– ბევრი ახალწვეული იახლეთ თან, რა შთაბეჭდილება დატოვეს მათ თქვენზე?
– საკმაოდ კარგი. როგორც იცით, მეორე წრეში ჩვენ დაცვა და ნახევარდაცვა გავაძლიერეთ. ვინც დავიმატეთ, ყველას უთამაშია უმაღლეს ლიგაში და გამოცდილებაც აქვთ. გეცოდინებათ, დავიმატეთ ბესო ჩიმაკაძე და შეიძლება ითქვას, რომ ფორვარდის პრობლემა მოგვეხსნა.
– თბილისის „დინამოდან“ უნდა დაგემატებინათ ორი ფეხბურთელი, რომლებიც ნიკა დიასამიძის სანაცვლოდ, ბათუმში განათხოვრების წესით ითამაშებდნენ…
– დიახ, ეს წინადადება ძალაში რჩება, თუმცა, ჯერჯერობით ვერ შევთანხმდით, თუ ვის გამოუშვებენ.
– თქვენ რომელი რგოლის გაძლიერება გსურთ? ადრე აღნიშნავდით, რომ მარცხენა გარემარბი და ფორვარდი გჭირდებოდათ…
– როგორც გითხარით, ფორვარდის სახით ბესო ჩიმაკაძე დავიმატეთ, რაც შეეხება ნახევარდაცვას, სავარაუდოდ, სწორედ მარცხენა გარემარბს დავიმატებთ და ერთ მარჯვენა მცველს. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის რგოლი გავაძლიერეთ, ორი ცენტრალური მცველი გადმოვიბირეთ, მარჯვენა მცველიც გვჭირდება. უახლოეს დღეებში გადაწყდება, თუ ვინ შემოგვიერთდება.
– შეკრების შემდეგ თუ დაითხოვეთ გუნდიდან ფეხბურთელები?
– სამწუხაროდ, ორი ფეხბურთელი გავუშვით. ამ ეტაპზე ისინი გუნდის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ და მათთან განშორება მოგვიწია. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ და დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობით მოვახერხებთ მიზნის მიღწევას.
– პირველი შეხვედრა როდის გაქვთ?
– 26 თებერვალს საქართველოს თასის გათამაშების პირველ შეხვედრაში რუსთაველებს ვმასპინძლობთ („დინამომ“ შეხვედრა 2:1 მოიგო _ ი.დ.), განმეორებითი შეხვედრა 3 მარტს გაიმართება, ცხრაში კი – ჩემპიონატი განახლდება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითად ყურადღებას მაინც ეროვნულ პირველობას ვუთმობთ, რათა უმაღლეს ლიგაში დარჩენა მოვახერხოთ.
– და ბოლოს, ბატონო გია, თქვენი ვაჟი, სანდრო, „დინამოს“ შეკრებაზე თან ახლდა, არის საუბარი, რომ ისიც შეუერთდება ბათუმის „დინამოს“…
– სანდროს რაც შეეხება, მისი ამბავი უახლოეს დღეებში გადაწყდება (სანდრო გურულის ტრანსფერი უკვე გადაწყდა, ის ბათუმის „დინამოს“ ღირსებას დაიცავს).
მაღალმთიანი რეგიონები ექიმების გარეშე
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიხეილ მჟავანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ ექიმები, დაბალი ანაზღაურების გამო, მაღალმთიან რეგიონებს ტოვებენ და სახელმწიფოს, კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროს, პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.
„ამჟამად ეს ბრობლემა ყველაზე ნათლად გამოჩნდა შუახევის რაიონში, რადგან სამედიცინო დაწესებულებები დატოვეს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა და გინეკოლოგმა, რის გამოც ვერ ხერხდება მოსახლეობისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა, როგორც გეგმიური, ასევე გადაუდებელი. მსგავსი რამ აქამდე არ ყოფილა და მოვუწოდებ ხელისუფლებას რომ უზრუნველყოს ამ პრობლემის მოგვარება“.
მიხეილ მჟავანაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს მაღალმთიან რეგიონებში ექიმებისთვის სახელფასო დანამატების გაცემა ხდებოდა ბიუჯეტიდან, რითაც ნარჩუნდებოდა კვალიფიციური მედპერსონალი.

მიხეილ მჟავანაძე
სივრცითი მოწყობა ნიდერლანდების მხარდაჭერით
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, აჭარის სივრცითი მოწყობის პრეზენტაცია გამართა.
დოკუმენტი, რომელიც ნიდრელანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა, სასტუმრო „რედისონ ბლუ“-ში საზოგადოებას აჭარის ფინანსთასს და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ გააცნო.
დოკუმენტი სამი ნაწილისგან შედგება და მოიცავს, როგორც აჭარის ისტორიულ გეოგრაფიულ მიმოხილვასა და აჭარაში სხვადასხვა სფეროში არსებული მდგომარეობის განხილვას, ასევე, მომავალში აჭარის სივრცითი განვითარების კონცეფციას, ურბანული ინდიკატორებისა და სივრცის კატეგორიებს.
დოკუმენტის მეორე ნაწილში გადმოცემულია ამ კუთხით სამინისტროსა და ექსპერტების მიერ შემუშავებული დასკვნები და რეკომენდაციები.
სქემის მესამე ნაწილი კი მუშაობის პროცესში საზოგადოების ჩართულობას დაეთმო. კერძოდ, საუბარია იმ პრობლემებსა თუ პრიორიტეტებზე, რომელიც მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გიორგი თავართქილაძის განცხადებით, აჭარის სივრცითი მოწყობის სქემა, რეგიონში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს: „ასეთი ტიპის დოკუმენტის შექმნა, ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების ზრდას. ასეთი დოკუმენტი განსაზღვრავს რეგიონის გენერალურ დაგეგმარებას, სწორედ ამიტომ, ჩვენს სხვა რეგიონებსაც უნდა მოვუწოდოთ, რომ შექმნან მსგავსი ტიპის დოკუმენტები“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელის ზვიად ბურჭულაძის შეფასებით, აჭარა საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ეს დოკუმენტი სხვადასხვა სექტორისა და სამინისტროს აძლევს საშუალებას, ჰქონდეთ მოქმედების ერთიანი სტრატეგია.
ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, პიტერ ლანგერბერგი, რომელმაც საზოგადოებას სივრცითი დაგეგმარების შესახებ ჰოლანდიური გამოცდილება გააცნო. მისი თქმით, ამ სფეროში საქართველოს და ჰოლანდიას ათწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ და მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესდა. ელჩის თქმით, აჭარა ისევე როგორც ჰოლანდია სანაპირო ზოლზეა გაშენებული და მნიშვნელოვანია გარემოს გაზომვის ორგანიზება.
„ქეთო და კოტეს“ შემდეგ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი
ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი ამ ეტაპზე გასტროლების რეჟიმში მუშაობს, ადგილობრივი მაყურებლისთვის კი საოპერო სპექტაკლის „კარმენის“ დადგმა იგეგმება. ცოტა ხნის წინ ცენტრმა მაყურებელს სპექტაკლი „სოფლის ღირსება“ შესთავაზა. ცენტრის ახალი დირექტორი გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა, თუმცა იმ მასშტაბის გამოხმაურება, რაც ბათუმში სამთავრობო ხარჯებით დაფინანსებულ „ქეთო და კოტეს“ და „ვერის უბნის მელოდიებს“ მოჰყვა, არც ერთ სხვა სპექტაკლს არ მოჰყოლია.
გახმაურებული ბავშვთა ოპერა აჭარაში, რომელსაც ბევრი აკრიტიკებდა კიდევაც, თავის დროზე ასლან აბაშიძის სახელს უკავშირდებოდა. გარემიქსებული „ქეთო და კოტე“ კი, რომლის პრემიერითაც ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრის რესტავრირებული შენობა გაიხსნა, პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა. ამ სპექტაკლის ხარჯებს, რომლისთვისაც ჯამში ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიდხანს ასაიდუმლოებდა. სპექტაკლის პოპულარიზაციას კი გახსნამდე და გახსნის დღიდან თავად პრეზიდენტიც ეწეოდა. ~
მიხელ სააკაშვილის სახელს უკავშირდებოდა განახლებული მიუზიკლი „ვერისუბნის მელოდიებიც“, რომლის დადგმაც წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ამ სპექტაკლის რეპეტიციებზე ბათუმში მსახიობებს „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურები ეცვათ, რაც დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო რესურსის გამოყენებად შეაფასეს. ეს სპექტაკლიც პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა.
სამთავრობო პროექტების ჩავლის შემდეგ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მაშინ მოექცა, როცა ახალრესტავრირებულ შენობაში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ კი ამ შენობაზე ან იქ გამართულ სპექტაკლებზე ბევრი არავის ულაპარაკია და თითქმის არაფერი დაწერილა, თუ არ ჩავთვლით აჭარის ტელევიზიის გადაცემა „სცენის“ ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს. კულტურის სახლის შენობის განახლება აჭარის მთავრობის პროგრამით განხორციელდა.
ცენტრის დირექტორი გიორგი მიქელაძე, რომელიც არჩევნებამდე ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში კი ბავშვთა საოპერო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, არ უარყოფს, რომ ყველაზე გახმაურებული სპექტაკლები ძირითადად პოლიტიკოსების დაკვეთა იყო და მათივე სახელს უკავშირდებოდა: „დიახ, ეს შეიძლება მათი პიარიც იყოს, თუმცა ამაში ცუდი არაფერია“.
ცენტრში გვერდითა შესასვლელიდან შევდივარ. ხუთსართულიანი შენობა თითქმის ცარიელია, დაცვის წევრი მთავარი დარბაზის შესასვლელამდე მაცილებს. საკონცერტო დარბაზის სცენა შენობაში ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა, სადაც ცენტრის თანამშრომლების ნახვა მოვახერხე: „…ტექნიკოსები ვართ, მალე სპექტაკლი იგეგმება და განათების სისტემას ვარემონტებთ“ – მეუბნებიან. მათი მუშაობის პროცესის ფოტოზე აღბეჭდვის ნებართვა მობილური ტელეფონის მეშვეობით ცენტრის ახალი დირექტორისგან ავიღე. მოგვიანებით ახალ დირექტორსაც შევხვდი, რომლისგანაც ცენტრის სამომავლო გეგმებზე მივიღე ინფორმაცია: „ადგილობრივი მაყურებლისთვის ვდგამთ საოპერო სპექტაკლს „კარმენი“, გეგმაში გვაქვს ასევე ლეონ კავალოს „ჯამბაზების“ დადგმაც. ახალგაზრდულ თეატრს ექნება მინიმუმ ერთი სპექტაკლი ახალ ფორმატში, ისეთივე, როგორიც ჩვენ მაყურებელს უკვე ვაჩვენეთ, ეს არის როკოპერა, ანუ თანამედროვე ფორმა.
ოქტომბერში გაიმართება ქეთი დოლიძის ფესტივალი „საჩუქარი“, არის ასეთი ფესტივალი, თუმანიშვილის სახელობისაა. ჩვენ გავხსნით ამ ფესტივალს ოქტომბერში ბათუმში. არის მისი საზღვარგარეთ გატანის იდეაც. გვინდა ბავშვების როკოპერის გატანაც, ამ ბავშვებს ძალიან კარგი ვოკალური მონაცემები აქვთ. ანუ წლის განმავლობაში იქნება სამი ახალი სპექტაკლი და კლასიკური მუსიკის საღამოები. ასევე ოქტომბერში ჩვენს თეატრს უსრულდება 20 წელი, რასთან დაკავშირებითაც იგეგმება გრანდიოზული საიუბილეო კონცერტი“, – ამბობს გიორგი მიქელაძე.
კულტურის ცენტრი ბათუმის მუსიკალური ცენტრის ბაზაზე შეიქმნა და ის სიმფონიურ ორკესტრს, კაპელას, საოპერო სტუდიას, ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრს და კვარტეტ „ნოტას“ აერთიანებს. ამ დროისათვის ბათუმის კულტურის ცენტრში 350-მდე ადამიანია დასაქმებული.
„ალდაგის“ მონოპოლია აჭარაში
თუ თქვენ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო სამედიცინო დახმარება გეკუთვნით, ანუ, ხართ საპენსიო ასაკის, ხართ „ალდაგის“ მიერ დაზღვეული პედაგოგი, გაქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, გყავთ 0-დან 6 წლამდე ბავშვი, რომელიც უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობს – ამიერიდან თქვენ ახლო მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში უფასოდ ვეღარ მოგემსახურებიან. სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ ბათუმში არსებულ პოლიკლინიკებს ხელშეკრულება შეუწყვიტა და სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარების მომსახურება ამ კვირიდან ბათუმში კომპანია „ალდაგის“ კერძო კლინიკებში უნდა განხორციელდეს. რამდენიმე პოლიკლინიკის ნაცვლად პაციენტებს „ალდაგის“ მხოლოდ ორი კლინიკა მიიღებს.
ამ გადაწყვეტილებას პაციენტები უკვე აპროტესტებენ. „რატომ უნდა ვიარო ბენზედან ქალაქში ჩვილი ბავშვით ხელში? ესაა უკეთესი მომსახურება? ამდენი ხანია რიგში ვდგავარ, ძველმა ექიმმა ჩემს ბავშვს რაც სჭირდა, ყველაფერი იცოდა, ახალი კარგიც რომ იყოს, მომისმენს ამდენს?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა დევაძე. იგი თამარის დასახლებიდან გადმოამისამართეს ერას ქუჩაზე, „ჩემი ოჯახის“ კლინიკაში.
„ჩვენ ამ კონტინგენტს ვემსახურებოდით წლების განმავლობაში. ეს ხომ მხოლოდ ექიმის მიერ პაციენტის გასინჯვა არ არის, აქ ვაქცინაციაა, საბუთების მოწესრიგება, ავადმყოფის ისტორია, მონიტორინგი… პირველადი ჯანდაცვა არის მთელი სფერო. ორ დაწესებულებაში მიიღო ის პაციენტები, რომელიც მიდიოდნენ 4-5 დაწესებულებაში, ეს ძალიან რთულია. მაგრამ დამკვეთი არის სადაზღვევო კომპანია, ის წყვეტს ხელშეკრულებას, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიზამთ“, – ამბობს კობა კუნჭულია, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი.
„წარმოიდგინეთ, თამარის დასახლებიდან ადამიანი უნდა მივიდეს გორკის ბოლოში, ან ალდაგის რეფერალული საავადმყოფოში და გარდა იმისა, რომ მათთვის ეს გზა უფრო გაგრძელდება, არ ვიცით როგორი იქნება გამტარიანობა ამ კლინიკების, რა რიგები იქნება… ვნახოთ, შეიძლება ისე დახვეწონ ეს სისტემა, რომ ასე არ მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე მე სრულფასოვანი სამედიცინო სერვისის მიწოდება შეუძლებლად მიმაჩნია“, – ამბობს თამაზ ირემაძე, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი.

პოლიკლინიკების ხელმძღვანელების პოზიციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რომან ბოლქვაძეც იზიარებს. იგი ამბობს, რომ „ალდაგი“ ავტომატურად გახდა მონოპოლისტი და ამით პირველ რიგში პაციენტის უფლებები ირღვევა: „გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით იქმნება გარკვეული სირთულეები და ამ პაციენტების უმრავლესობა რეგისტრირებულია უმწეოთა ბაზაში. მათთვის ის თანხა, რაც გადასაადგილებლად სჭირდებათ, საკმაოდ მნიშვნელოვანია, გარდა იმისა, რომ ავადმყოფ ადამიანს უფრო დიდი გზის გავლა მოუწევს, ვიდრე აქამდე უწევდა.
ოთხი პოლიკლინიკა ემსახურებოდა ამ ადამიანებს, შესაბამისი აღჭურვილობით, ვგულისხმობ ლაბორატორიებსა და სხვა ტექნიკურ რესურსს. უბრალოდ წარმოუდგენელია ორმა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს იმავე ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევა.
მე არ ვამბობ, რომ ალდაგის რომელიმე კლინიკაში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი არ არის, პირიქით, საკმაოდ კარგად ვიცნობ კოლეგებს და ისინი არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მაგრამ ადამიანური რესურსი ალდაგის არის ძალიან მცირე იმ უზარმაზარი რაოდენობის პაციენტებისთვის, ვინც საჭიროებენ სამედიცინო სერვისის მიწოდებას“.
რატომ შეუწყვიტა „ალდაგმა“ ხელშეკრულება ბათუმის პოლიკლინიკებს? მაია ივჩენკო, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი განმარტავს: „სამედიცინო დაწესებულებებმა მოგვაწოდეს გაზრდილი ფასები და მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა. ათი დღის წინ ბათუმში გაიხსნა რეფერალური საავადმყოფო, ასევე არის ჩვენი კლინიკა ერას ქუჩაზე და იქ მიიღებენ ჩვენი დაზღვეულები სამედიცინო მომსახურებას“. მისი თქმით, კომპანიის ორი სამედიცინო დაწესებულება შეუფერხებლად შეძლებს პაციენტთა მომსახურებას, იმის მიუხედავად, რომ ამ დაწესებულებებთან რიგები უკვე გამოჩნდა.
„ალდაგი“ ერთი პაციენტის მომსახურებისთვის სამედიცინო დაწესებულებას 95 თეთრს უხდიდა. სწორედ ამ თანხის გაზრდა სთხოვეს პოლიკლინიკების ხელმძღვანელებმა სადაზღვევო კომპანიას. მათი თქმით, ეს თანხა მიზერულია და საკმარისი არ არის. თხოვნის პასუხად „ალდაგმა“ ხელშეკრულება შეწყვიტა.
„ესენი ადრეც აპირებდნენ ამას, ჩვენ წამოვეგეთ ამ თამაშს და მათ ისარგებლეს. კომპანიას ჩაგდებული აქვს ხელში მონოპოლია და სარგებლობს ამით“, – ამბობს ბათუმის #4 პოლიკლინიკის ხელმძღვანელი ციცო ბაკურაძე. იგი ამბობს, რომ გასულ კვირას უფასოდ მოემსახურნენ პაციენტებს: „ვერ გავუშვით 39 სიცხით ბავშვები და მივიღეთ, ადამიანები ვართ და სხვაგვარად არ შეგვეძლო. ჩვენ ვმუშაობთ ტერიტორიული პრინციპით, 15 წუთის სავალი უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულებამდე საცხოვრებელი ადგილიდან“.
სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ იმ პაციენტებს, რომელთაც არ ისურვეს „ალდაგის“ კლინიკაში წასვლა, უფასოდ ემსახურებოდნენ სხვა პოლიკლინიკებიც. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სამინისტრო მადლობას უხდის სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალს ამისათვის: „მაგრამ სამწუხაროდ ასე ვეღარ გაგრძელდება, ისინი უფასოდ პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებენ და დაწესებულების შიდა სტანდარტით გათვალისწინებული თანხის გადახდა მოუწევთ პაციენტებს, თუ „ალდაგის“ სამედიცინო დაწესებულებებში არ წავლენ.
მე უკვე მოვისმინე რამდენი პაციენტის პრეტენზია, რომლებიც სამინისტროში იყვნენ მოსული, ისინი მშობლიურ პოლიკლინიკებს უწოდებენ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც მათ უბანში მდებარეობს და ორი-სამი თაობა დადიოდა ამ პოლიკლინიკებში“, – ამბობს რომან ბოლქვაძე.
რა ბერკეტი აქვს სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს ამ შემთხვევაში? მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიას იურიდიული მხარე მოწესრიგებული აქვს და გარდა მორალური პასუხისმგებლობისა, მათთან პრეტენზია ვერ ექნებათ. „სამინისტრო იწყებს ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ირღვევა პაციენტის ან ექიმის უფლებები. თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ისინი უნდა დარჩნენ იმ პოლიკლინიკებში, რომელშიც ტრადიციულად დადიოდნენ, მათ უნდა დაწერონ დაწესებულებების ხელმძღვანელების სახელზე განცხადება თხოვნით, რომ მათ მიეცეთ საშუალება აქვე გააგრძელონ მომსახურების მიღება. თუ მოგროვდება ასეთი განცხადება მნიშვნელოვანი რაოდენობით, ეს იქნება ბერკეტი ჯანდაცვის სამინისტროს ხელში, მინიმუმ სამართლებრივი მიმართულება მისცეს ამ ამბავს“, – განმარტავს რომან ბოლქვაძე.
„ალდაგი“ აჭარაში, ბათუმში მდებარე პოლიკლინიკების გარდა მაღალმთიან რეგიონებშიცაა წარმოდგენილი. კერძოდ, „უნიმედ აჭარა“, რომელიც საავადმყოფოებს ფლობს ქედაში, ხულოსა და შუახევში, „ალდაგის“ შვილობილი კომპანიაა. ამ საავადმყოფოებში შექმნილ პრობლემებზე „ბათუმელები” გასულ ნომრებშიც წერდა, აქ ექიმები „ალდაგის“ საკადრო და სახელფასო პოლიტიკას აპროტესტებენ.
“შენ აფრენ?!” – ბათუმში მეფე გაიხსენეს
“შენ აფრენ?!” ამ სახელწოდებით გაიმართა ბათუმის პრესკაფეში ირაკლის ჩარკვიანის საღამო. შეხვედრას ორგანიზება ბათუმელმა ახალგაზრდებმა, მარიამ მუთიძემ და სალომე მჟავანაძემ გაუწიეს. “რეაქტიული კლუბის” შეკრება – ასე დაასათაურა შეხვედრის ორგანიზატორებმა საღამო. შეხვედრაზე შესრულდა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები, ასევე წაიკითხეს მისი ლექსები.

ახალი გადასახადი იურიდიული პირებისთვის

დღეს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: ადგილობრივი მოსაკრებელი – სანდასუფთავების ტარიფები და მისი ადმინისტრირების წესი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწვეული არიან ქალაქ ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებიც შხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხებენ.
ბათუმის მერიამ, იურიდიული პირებისთვის, დაწესებულებებისთვის და ორგანიზაციებისთვის სანდასუფთავების მოსაკრებელზე კონკრეტული ტარიფები დააწესა.
სანდასუფთავების მოსაკრებელი, მაგალითად, რესტორნებისთვის, კაფეებისთვის, ბარებისთვის, 1 დასაჯდომი ადგილზე 3 ლარია, სასტუმროებისთვის 1 საწოლი 2.5 ლარი იქნება, საავადმყოფოებისათვის – 1 საწოლი 1,19 ლარი, ხოლო ოფისები, სააგენტოები და სხვა ორგანიზაზიები 1 კვ.მეტრზე 0,25 ლარს გადაიხდიან.
ბათუმის მერიამ იურიდიულ პირებს მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირების ბოლო ვადა 28 მარტამდე დაუწესა. ის იურიდიული პირები, რომლებიც ამ დრომდე არ გაივლიან რეგისტრაციას დაჯარიმდებიან 500 ლარით. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 5 000 ლარი იქნბა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იურიდიული პიერებისათვის მოსაკრებლის გადასახადის დაწესებაზე იმსჯელებენ.
დასწრება თავისუფალია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ფიქტიური და რეალური მფლობელების შესახებ

1 მარტს, 12 :00 საათზე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უახლესი ანგარიშების პრეზენტაციას გამთავს.
ახალი ანგარიში სახელწოდებით „ინტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს?”, 2012 წლის პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში წარმოდგენილი იქნება სატელეკომუნიკაციო კომპანიების ფიქტიური და რეალური მფლობელები, ასეთი კომპანიების აბონენტთა შესახებ პირადი ინფორმაციის დაუცველობის შესახებ ინფორმაცია და ასევე ინტერნეტის მოხმარების გაზრდის დინამიკას ბოლო წლებში.
ამასთან, ორგანიზაცია პრეზენტაციაზე წარმოადგენს წიგნს “ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში”, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და ჟურნალისტ პოლ რიმპლის ერთობლივი ნაშრომია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, წიგნში იმ ბიზნესმენებისა და კომპანიების შესახება მოთხრობილი, რომლებიც მნიშვნელოვან წილებს ფლობდნენ ან ამ დრომდე ფლობენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ტელემაუწყებლობა, კომუნიკაციები, სარეკლამო ბაზარი, ფარმაცევტული ბაზარი, სასარგებლო წიაღისეული, ნავთობის იმპორტი და დისტრიბუცია. წიგნში ასევე საუბარია ამ კომპანიების კავშირებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათთან დაახლოებულ პირებთან.
საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქის საჩივარს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს იმ კერძო პირის საჩივრის განხილვა დაიწყო, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცესკოში დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად გაიარა რეგისტრაცია. მაშინ მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ ვერ შეძლო, რომ შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნდა.
კონსტიტუციური საჩივრის მიხედვით, მოქალაქე ბესიკ ადამია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის ოლქში იყრიდა კენჭს, თუმცა საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი ნაწილით გათვალისწინებული თანხა – 5000 ლარი ვერ გადაიხადა. ამის გამო მან არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო.
კონსტიტუციური საჩივრის ავტორების მტკიცებით, კანონის ეს მუხლი არღვევს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც თანასწორობას გულისხმობს. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი კი ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მათ შორის არჩევის წესით დაიკავოს საჯარო თანამდებობა. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კანონში არსებული ჩანაწერი საარჩევნო სუბიექტის მიერ თანხის გადახდის შესახებ, უნდა შეეხებოდეს როგორც საინიციატივო ჯგუფის, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი მოქალაქეებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
„მოქმედი საარჩევნო კოდექსით, ამ კატეგორიის ადამიანთათვის, გათვალისწინებულია 5000-ლარიანი დეპოზიტის შეტანა ცესკოს ანგარიშზე. თუ კანდიდატი არჩევნებში ხმების 10%-ს მიიღებს, მას აღნიშნული თანხა უკან უბრუნდება. ამას საარჩევნო თავდებობას უწოდებენ. ჩვენ ვასაჩივრებთ არა იმას, რომ ეს ინსტიტუტი არსებობს, არამედ იმას, რომ ის გამოყენებულია მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ადვოკატი მიხეილ შარაშიძე.
მისივე თქმით, მოსარჩელე მხარეს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს კანონის აღნიშნულ ნორმას, რომელიც სპეციალურად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიიღეს.
კანონის ეს ნორმა 2011 წლის 27 დეკემბერს მიიღეს.
საკრებულომ ბათუმის მერიას უფლებები ჩამოართვა

ბათუმის მერიას უფლებები ჩამოერთმევა, – ამის შესახებ ბათუმის ვიცე-მერმა გელა დეკანაძემ განაცხადა.
როგორც ვიცე-მერმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა საკრებულოს განცხადებით მიმართა, იმსჯელონ საკრებულოსათვის იმ უფლებების დაბრუნების შესახებ, რომელიც 2006 წელს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მერიას გადასცა.
დეკანაძის შეფასებით, თუ ქალაქის საკრებულო ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, მაშინ ქალაქს უუფლებო მერი ეყოლება და მას მხოლოდ სარეზერვო ფონდის განკარგვის უფლება ექნება.
„თუ ინიციატივას საკრებულოს წევრები მხარს დაუჭერენ, მაშინ ქალაქის მერს მხოლოდ სარეზერვო ფონდის განკარგვის შესაძლებლობა ექნება. ეს, ფაქტობრივად, მერიის უფუნქციოდ დატოვებას ნიშნავს. ვფიქრობ, ეს არასწორია და უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლება-მოვალეობების გონივრულად დანაწილება“, – აცხადებს გელა დეკანაძე.
მისი თქმით, დღემდე ქალაქის მერს ჰქონდა შესყიდვებზე ნებართვის გაცემის უფლება, ზედამხედველობის, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შეყვანის, ასევე გარე რეკლამების განთავსების უფლება და ა.შ. სწორედ ამიტომ დღევანდელი ბრიფინგის მიზანია, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა არა მერიას, არამედ საკრებულოს რომ მიმართონ.
ჯუმბერ თავართქილაძე საპარლამენტო უმრავლესობას ინიციატივით მიმართავს

გამგებლები და მერები პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, ამ ინიციატივით „საქართველოს ერთიანობის კავშირის“ კოორდინატორი ჯუმბერ თავართქილაძე გამოდის. როგორც ჯუმბერ თავართქილაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გაუმართლებელია, რომ მოქალაქეებს ქალაქის მერის არჩევა პირდაპირი წესით არ შეუძლიათ.
მისივე თქმით, მერის არჩევასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია შეიცვალოს მაჟორიტარების არჩევის წესიც.
„მნიშვნელოვანია შეიცვალოს მაჟორიტარების არჩევნების წესი და ის 50+1 გახდეს. ეს ნიშნავს, რომ კანდიდატს გამარჯვებისათვის არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების 50% მეტმა უნდა დაუჭიროს მხარი“, – აღნიშნავს ჯუმბერ თავართქილაძე.
თავართქილაძე ასევე მოითხოვს მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა შეეძლოთ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფს, იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს არ შეასრულებს, პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფს მისი უკან გამოწვევის უფლება უნდა ჰქონდეთ.
დღეს ჯუმბერ თავართქილაძემ საარჩევნო ბარიერის დაწევის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბარიერის დაწევა პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს, რაც დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს შეუწყობს.
როგორც ერთიანობის კავშირის კოორდინატორი განმარტავს, ამ შემთხვევაში, თუ კოალიციაში შემავალი რომელიმე პარტია, მის ინიციატივას პარლამენტში არ შეიტანს, მაშინ ისინი კანონპროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
პროფესიად ქცეული სიყვარული
კინოლოგი რუსლან გოგმაჩაძე ძაღლებზე ისე საუბრობს, როგორც ადამიანებზე. თავის დროზე მისი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ კინოლოგი გამხდარიყო, თუმცა სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ რუსლანმა საკუთარი ინტერესი და ჰობი პროფესიად აქცია. პირველი ძაღლი – „ტეხასა“ – 13 წლის ასაკში ჰყავდა. ამბობს, რომ ძაღლების ბუნების სწავლა და მათთან საერთო ენის გამონახვა სწორედ „ტეხასათი“ დაიწყო.
„ტეხასა“ იყო, ასე ვთქვათ, ჩამოწერილი ძაღლი. „პაგრანიჩნიკებმა“ ჩამოწერეს და გამოაგდეს. ჩვენთან, ბენზეში, იყო „პაგრან ზასტავა“, იქიდან გამოგდებული. ალბათ იყო გაწვრთნილი, მას მე შევუყვარდი, მე – ის. ძალიან დამჯერი იყო, მეხმარებოდა ფეხბურთში, დამალობანას ვთამაშობდით ერთად. „ტეხასა“ იყო პირველი, რომელსაც ვითომ ვასწავლე, არადა, იმან უფრო მეტი მასწავლა“, – ამბობს რუსლანი.
იმის გამო, რომ საქართველოში კინოლოგიური განათლების მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია, ცოდნა საკუთარი გამოცდილებით, ძაღლების რეაქციაზე დაკვირვებით და ჯარში მსახურობის დროს შეიძინა.
„სასაზღვრო ჯარში მომიწია მსახური და ვაკვირდებოდი, როგორ წვრთნიდნენ სასაზღვრო ძაღლებს. ჯარის დამთავრების შემდეგ სამხედრო ბილეთში ჩამიწერეს – სასაზღვრო ძაღლების მწვრთნელ-ინსტრუქტორი. თუმცა ახლაც ვსწავლობ. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია. ეს მანქანა არაა. ეს არაა ვინდოუსი, ჩაწერო და მორჩა. ყველა ძაღლს, როგორც ადამიანს, ისე უნდა მოექცე. მისი ფსიქოლოგია აქვს, მისი ხასიათი. ახალი მოსწავლე, როგორც მე ვასწავლი მას, ისე მე მასწავლის ის“.
საკუთარი ძაღლი ოთხი წლის წინ მოუკვდა. მასზე, როგორც მეგობარზე, ისე ლაპარაკობს. „იყო ჩემპიონი, მაგრამ მისი ჩემპიონობა მე არ მაინტერესებდა. მაგარი კაი ძმაკაცი იყო, ერთგული იყო. დაჟე, ცოლთან არ მყიდდა. მე დილას გავდივარ სახლიდან და მოვდივარ ცხრა საათზე. ცოლი აჭმევდა, უვლიდა, ეფერებოდა, მაგრამ რომ მოვიდოდი და ვეტყოდი, ვინ მაწყენინა, ეგრევე უღრენდა. ეს იყო ერთგული ძმაკაცი, რომელიც საჭმლის და მოფერების გამო არ გაგყიდდა“, – ამბობს რუსლანი.
მიუხედავად იმისა, რომ მის სახლში სხვადასხვა სახეობის ძაღლები ცხოვრობენ, საკუთარი ძაღლი აღარ ჰყავს. დრო არ მაქვს იმისთვის, რომ საკუთარი ძაღლი მყავდესო, ამბობს.
„იმისთვის, რომ ძაღლი გენდოს, უნდა დაუმეგობრდე. სიყვარულით უნდა ასწავლო. ჩაჭედილი ბრძანება, როგორც ძალით ნასწავლი გაკვეთილი, ისეა, მასწავლებელს რომ მოუყვები და მეორე დღეს აღარ გახსოვს. მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. ადამიანისაგან ძალიან განსხვავდება ძაღლი. პატარა ჩიხუახუამ, თუ უყვარხარ, შეიძლება შენ გამო თავი მოიკლას. სულ ვამბობ, რაც უფრო მეტად გავიგე ადამიანის ბუნება, უფრო მეტად ძაღლები მიყვარს. თუ უყვარხარ, გიქნევს კუდს, თუ სძულხარ – გკბენს, მაგრამ არასდროს დაგიქნევს კუდს და არ გიკბენს. სახეში რომ გიცინის და ზურგში დანას გარჭობს – ეგ ადამიანის თვისებაა, ძაღლი არ შვრება ასე“.
კინოლოგი სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს, რომ საქართველოში ცხოველებთან ერთად თანაცხოვრების კულტურა არ არის ჩამოყალიბებული. ხშირად ძაღლების მეპატრონეთა უცოდინარობა, ძაღლისთვის დისკომფორტის შემქმნელი ხდება.
„ყველას უნდა დამცველი, ამბობენ, თუ ძაღლი არ იკბინება, მაშინ რა ჯანდაბად მინდა ეზოშიო. ვუხსნი – ძაღლი არაა დამცველი. ძაღლი არის მეგობარი, ძმაკაცი, ოჯახის წევრი. ეს არაა სპეცნაზელი, რომელიც თქვენ უნდა გაადებილოთ თქვენი შიშების გამო. იყიდიან ლაბრადორს და მეუბნებიან – დაგეშე. ერთადერთი ნაკლია მაგ ძაღლის აგრესია. გამოფენაზე არ გაუშვებენ, თუ აგრესია შეამჩნიეს. სულ ვცდილობ, მეგობრად გავუზარდო. კულტურა რომ არ გვაქვს კინოლოგიური, ეს ფაქტია. ერთეულებია, რომლებმაც იციან, რისთვის აჰყავთ ძაღლი, არა დასაცავად, არამედ იმიტომ, რომ უყვართ“.
რუსლანს ორი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ბავშვები ეხმარებიან და როცა სახლში არ არის, გასაწვრთნელად მიბარებულ ძაღლებს უვლიან და სასეირნოდ გაჰყავთ.
„დაბადებული არ იყვნენ, მე რომ ძაღლები მყავდა. პირველი დღეებიდანვე ძაღლებს ხედავდნენ, ნაირნაირს. გაიზარდნენ ძაღლებში, თევზებში – „მალენკი მაუგლი“ არიან. ძალიან მიყვარს და მომწონს ეს სიტუაცია. იმიტომ, რომ ვიცი, ადამიანს, რომელსაც ცხოველი უყვარს, მას ადამიანიც ეყვარება. იმან იცის უკვე რა არის სიყვარული“.
იმ ასეულობით ძაღლს შორის, რომელიც კი ოდესმე გაუწვრთნია რუსლანს, ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სიმბა. „ვიცოდი, თუ არ გავწვრთნიდი, აუცილებლად დააძინებდნენ, მოკვდებოდა. კავკასიელი ნაგაზი იყო სიმბა. როცა მივედი, არავის არ იკარებდა. რვა თვის იყო, ძალიან აგრესიული. ჩაკეტილი იზრდებოდა, ზრდიდნენ, როგორც დამცველს. რვა თვის რომ გახდა და ვერ დაიმორჩილეს, გამომიძახეს, ასწავლეო. ამ დროს რა უნდა ასწავლო ძაღლს, რომელიც ფიქრობს, როგორ შეგჭამოს. ოთხი დღე დავდიოდი, საჭმელი, მოფერება… საათები ვიჯექი მის გალიასთან და ველაპარაკებოდი. არაფერი არ გასდიოდა…
ძაღლს უნდა დააინტერესოს ვინაა, რატომ ზის. არადა, რეაქცია არ ჰქონდა. ბოლოს ვერ მოვითმინე და გავაღე ვოლიერი. მივედი მასთან, მეთქი რამდენი უნდა ვიარო, რაც იქნება, იქნება. მოკვლით არ მომკლავს. წამოდგა და შემახტა მხარში. ისე შემეშინდა… თუ ძაღლი გწირავს და საკბენად მოიწევს, მაშინ გაილახება ბოლომდე. ეს იგივეა, შვილი გაზარდო, ის ადგეს და გაგლახოს. მაშინ მე და სიმბამ ვიჩხუბეთ. როცა გავჩერდი, სიმბა იწვა და მიყურებდა. მე რომ მოვედი აზრზე, ზემოდან ვიყავი. ნელ-ნელა ავდექი. გავუსწორე. არაფერი არ ვაჩვენე, არც შიში, არც ემოცია. იწვა, მე ვიდექი. მერე მე ვუთხარი, წამოდი ჩემთან ერთად-მეთქი. მე ავაყენე. ეს იყო გარდატეხის მომენტი. მან უბრალოდ არ იცოდა, რომ ასე ხდება. ის იყო აბლატავებული ლაწირაკი, რომელსაც გაუდის ბირჟაზე. მერე ეს ძაღლი იყო ძალიან კარგი და თბილი. გამოფენაზეც გავიყვანე. ორი გამოფენა მოვიგეთ. და ის გახდა ძაღლი, რომელიც თავისუფლად, ალიკაპის გარეშე დადიოდა ხალხში“.
ვუჩივლო თუ არ ვუჩივლო?
ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე ჩემმა მეგობარმა ახალი გაზქურის ყიდვა გადაწყვიტა, ბათუმში თითქმის ყველა ტექნიკის მაღაზია შემოვიარეთ. თანდათან ამ ამბით ისე გავერთეთ და შერჩევის პროცესიც ისე მოგვეწონა, რომ გადაწყვეტილება დროში მაქსიმალურად გავაჭიანურეთ. სამაგიეროდ უკვე ზეპირად ვიცოდით სად, როგორი, რა ბრენდის, რა შესაძლებლობებისა და ღირებულების გაზქურა იყიდებოდა. საბოლოოდ კი საახალწლო ფასდაკლებამდე მივედით და არჩევანი „არაი თუმოროუს“ ერთ-ერთ მაღაზიაში „კარინოს“ ფორმის გაზქურაზე შევაჩერეთ.
თეთრი ფერის შავი ლითონის დეტალებით გაფორმებული გაზქურა დიზაინითაც მოგვეწონა და ფუნქციური დატვირთვითაც გამოირჩეოდა. არჩევანი კონსულტანტებმაც შეგვიქეს და ისიც განგვიმარტეს, რომ პროდუქტს თან სამწლიანი „გარანტია“ ჰქონდა, რაც მე და ჩემმა მეგობარმა ასე გავიგეთ: მაღაზია იღებდა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მინიმუმ სამი წლის განმავლობაში გაზქურის მოხმარებისას პრობლემა არ შეგვექმნებოდა. გამყიდველების ენაზე კი თურმე ამ ამბავს სულ სხვა შინაარსი აქვს, რაც ნივთის შეძენიდან სულ მალე, ერთ თვეში გავიგე.
ვიდრე ნაყიდ ნივთს მაღაზიიდან გავიტანდით, კონსულტანტებმა დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ მისი ადგილზე დამონტაჟება შემოგვთავაზეს. ამას ისიც დაამატეს, რომ თუ ამ საქმეს არასპეციალისტებს მივანდობდით, შეიძლებოდა პრობლემები შეგვქმნოდა, ნივთი ცუდად იმუშავებდა, მალე გამოვიდოდა მწყობრიდან და ასე შემდეგ, ამაზეც დავთანხმდით, გაზქურა ადგილზე „არაის“ ხელოსნებმა დაამონტაჟეს.
ექსპლუატაციაში შესვლიდან 20 დღეში გაზქურის მთავარი ქურა, რომელსაც საშუალოზე მაღალი ალი ასდის და უფრო ხშირად მოხმარებადია, თანდათან ჩამოდნა, დეფორმირდა და მწყობრიდან გამოვიდა.
ნივთის შეძენიდან ერთ თვეში ჩემმა მეგობარმა დეფორმირებული საცეცხლურით მაღაზიას მიაკითხა. ნივთი დაიტოვეს, ვიმსჯელებთ და დაგირეკავთო. ათი დღის შემდეგ კი უთხრეს, რომ გაზქურის საცეცხლური მწყობრიდან არასწორმა მოხმარებამ გამოიყვანა, ამიტომ მაღაზია პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. საიდან, როგორ და რა საშუალებებით დაადგინეს მაღაზიის კონსულტანტებმა, ან ვინმე სხვამ ეს, ამაზე ვერაფერს გეტყვით.
ამის შემდეგ „არაის“ ცენტრალურ ოფისს დავუკავშირდი. ამბის გასარკვევად ერთი დღე ითხოვეს, მეორე დღეს კი მითხრეს, რომ „საცეცხლური“, რომელიც შეძენიდან 20 დღეში დეფორმირდა, გაზქურის აქსესუარია, რომელზეც გარანტია არ ვრცელდებოდა. საიას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია ქარცივაძემ კი განმიმარტა, რომ დეტალი, რომლის მოხსნის შემთხვევაშიც ნივთი ვერ იმუშავებს, აქსესუარი არ არის.
ერთი საცეცხლურის ფასი, რომლის მწყობრიდან გამოსვლის გამოც გაზქურას პრობლემა შეექმნა, 30-დან 40 ლარამდეა. „არაის“ მაღაზიაში ხელახლა, პრეტენზიით მისულებს შემოგვთავაზეს კიდევაც, ეს დეტალი ისევ შეგვეკვეთა და თითოეულში 30 ლარი გადაგვეხადა. იმის თქმა მინდა, რომ გაზქურის მწყობრიდან გამოსული დეტალი არ არის დიდ თანხასთან დაკავშირებული. გაცილებით ძვირადღირებულ ნივთებთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები იმ მომხმარებლებს, რომელთა შესახებაც გაზეთის მეცხრე გვერდზე წაიკითხავთ, თუმცა მათ სასამართლოს არ მიმართეს, რაც ვფიქრობ, არასწორი მიდგომაა, თუმცა ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი, რომ არა კომპანიის წარმომადგენლის პასუხი, რომელსაც „არაის“ ფეისბუკის გვერდზე პრობლემის შესახებ დაწვრილებით მივწერე და პასუხის გამოგზავნა ვთხოვე. სამი კვირის ლოდინის და რამდენჯერმე შეხსენების შემდეგ, კომპანიის სახელით მომწერეს: `მოგახსენებთ, რომ ასეთ შემთხვევებზე საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება და ეს ის ფორსმაჟორული სიტუაციაა, როდესაც თქვენ ვერ გათვალეთ ქურის შესაძლებლობები და სავარაუდოდ ძალიან დიდი გაბარიტების ჭურჭელი დადგით გაზზე, რამაც გამოიწვია მისი დეფორმირება, ძალიან ვწუხვარ, რომ ვერაფრით შევძელი თქვენი დახმარება“.
ასეა, კომპანია წუხს, მე კი გაკვირვებული და ცოტაც გაღიმებული დავრჩი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქურაზე ჭურჭელი როდის აქით იდგმება? – მას ხომ ე.წ რკინის „რეშოტკა“ იცავს, რომელიც ჯერ კიდევ ახალივითაა. ან რა შუაშია საგარანტიო მომსახურება? – ამ ბარათის გვერდის ავლითაც რომ ვიმსჯელოთ, მე შევიძინე ნივთი, რომელიც 20 დღეში მწყობრიდან გამოვიდა და ჩემი როგორც მომხმარებლის უფლება დაირღვა. თუ ჩემმა მონაყოლმა მსგავსი თქვენი ამბავი გაგახსენათ, მომწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: tsago.kaxaberidze@gmail.com და მირჩიეთ, ვუჩივლო თუ არ ვიჩივლო?
სტუდენტები ოკუპაციის შესახებ
სტუდენტების შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ოკუპაციის დაგმობა. „ალტერნატივას” წარმომადგენლები თვლიან, რომ საჭიროა ამ თემის პოპულარიზაცია და სტუდენტებში სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ამაღლება.
შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დღეს შეხვედრაზე სტუდენტურმა მოძრაობამ თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „პირველი რესპუბლიკა” აჩვენა.
„იმიტომ გავმართეთ ეს ღონისძიება, რომ ავღნიშნოთ, გვახსოვს ჩვენი ისტორია, სტუდენტები მაშინაც და ეხლაც გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ და ასრულებენ. 25 თებერვალი გლოვის დღეა, საქართველოს მაშტაბით დროშები ჩამოშვებულია, ჩვენც ვუერთდებით ამ ღონისძიებებს.” – გვითხრა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ ბაუჟაძემ.
„ნაცმოძრაობის“ წევრები პროექტების დაფინანსებას ითხოვენ
„ეს პროექტები ბათუმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად ნაპირგამაგრებითი სამუშაოები, რომლის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ლარია. აპელირება იმაზე, რომ ეს პროექტი გულისხმობს ოქროს ქვიშების შემოზიდვას, ტყუილია, რადგან ოქროს ქვიშების წილი ამ პროექტში არის ხუთიდან ათ პროცენტამდე. ჭოროხზე ხიდის მშენებლობას კი 40 მილიონი ლარი სჭირდება და მისი მშენებლობა აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან ათვისებული იქნას ჭოროხის გადაღმა ტერიტორიები. მნიშვნელოვანია ფეხბურთის სტადიონიც. მთლიანად ამ სამ პროექტს 170 მილიონი ლარი სჭირდება, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს რომ გაითავისოს ამ პროექტების მნიშვნელობა და დააფინანსოს მათი მშენებლობა“.
ჯუმბერ კახიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტები გაცილებით მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, ვიდრე ის, რაც უნდა დაფინანსდეს: „საუბარია რკინიგზის დეპოს გადატანაზე. ეს პროექტის მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია აღნიშნული სამი პროექტი, რადგან ამ პროექტებით ხუთი ათასამდე ბათუმელი დასაქმდებოდა“.
სტადიონი ბათუმში ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა აშენებულიყო, თუმცა შეთანხმება Project Development Adjara-სა და სახელმწიფოს შორის ჩაიშალა. სტატია ამ თემაზე: „სტადიონი, რომელიც არ აშენდა“ .
ფრაქცია „მაჟორიტარის” განცხადება
„კიდევ ერთხელ გვინდა განვუმარტოთ საზოგადოებას, რატომ დავტოვეთ ნაციონალური მოძრაობა.
თითოეული ჩვენთაგანისთვის მიუღებელი იყო მართვის ის სტილი, რომელიც ახასიათებდა და ახასიათებს ნაციონალურ მოძრაობას, იგი გულისხმობდა ერთი კაცის გადაწყვეტილებებს დამორჩილებოდა ყველა, მათ შორის არჩეული ინსტიტუციები. ჩვენთვის, როგორც არჩეული წევრებისათვის, მიუღებელია ქალაქ ბათუმის მერის პოსტზე ერთადერთი და უალტერნატივო კანდიდატის წარდგენა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში. თითოეული ჩვენთაგანი მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ განხორციელდეს ჩვენი ქალაქის ეფექტური მართვა, რომელიც სარგებელს მოუტანს ბათუმს და ბათუმელებს.
ამიტომაც მოვუწოდებთ მმართველ კოალიციას, არასამთავრობო სექტორს და ბათუმის საზოგადოებას, გაითვალისწინონ საკითხის მნიშვნელობა, ინტერესი და ფართო ჩართულობით უზრუნველყონ პროცესი, რომლის შედეგიც განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის მომავალს თვითმმართველობის არჩევნებამდე.
ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მზად ვართ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე ვითანამშრომლოთ ყველა ფრაქციასთან, სამოქალაქო სექტორთან და რაც მთავარია ბათუმელებთან ბათუმის საკეთილდღეოდ.” – ნათქვამია განცხადებაში.
ფრაქცია „მაჟორიტარის“ წევრები არიან: გენადი თებიძე, დავით კასრაძე, ბესარიონ ჭოხონელიძე, გიორგი გაბაიძე, თამაზ გორგილაძე, კობა ზაქარაია და მარიზა აბაშიძე. ფრაქციის თავმჯდომარეა ნუკრი დოლიძე.
დაგვიანებული ვაუჩერები და მინისტრის ბიზნეს ინტერესი
ლელა დუმბაძე

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ბარამიძემ, დაგვიანებულ ვაუჩერებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა. მისი განცხადებით, აჭარაში ვაუჩერების გაცემა გვიანდება, რაზეც მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს.
„მთელ საქართველოში დაწყებულია მინერალური სასუქების გაცემა, გარდა ჩვენი რეგიონისა. აქ ჯერ სიებიც კი არ არის შედგენილი თუ ვის უნდა გადაეცეს ვაუჩერები. მოსახლეობა კი პრეტენციებს გამოთქვამს. მთავარი პრობლემა რაც არის, რომ ამ საკითხში თვითონ მინისტრის ბიზნეს ინტერესი იკვეთება. მას აქვს მინერალური სასუქები დიდი რაოდენობით შემოტანილი და ცდილობს რომ ჯერ მის მიერ შემოტანილი სასუქების რეალიზაცია მოხდეს“-განაცხადა ირაკლი ბარამიძემ.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ავთანდილ მესხიძის განცხადებით კი, მინერალური სასუქების გაცემა დაგვიანებული არ არის: „ჯერ არც უნდა დაწყებულიყო გაცემა. ვაუჩერების გაცემის კონკრეტული რიცხვი მითითებული არ არის და ჯერ არც ბარათები მიგვიღია, მაგრამ არ გვიანდება გაცემა. ვაუჩერების გაცემა დაიწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იმ რაიონებიდან, სადაც აუცილებლობა იყო და აგროვადები იწურებოდა. ეს შეეხება სახნავ-სათეს ფართობებს რომელიც არის აღმოსავლეთ საქართველოში“.
რაც შეეხება მინისტრის ბიზნეს ინტერესებს, ავთანდილ მესხიძე აცხადებს: „მაგას შეიძლება პირადი ინტერესები აქვს და იმიტომ ახსენა მინისტრის ბიზნესი. ეს ვაუჩერები მოქმედებს ყველა მაღაზიაში და მინერალური სასუქებიც ყველგან იყიდება“.
ბოლშევიზმის ბაცილა ჩვენში
ეს განცდა ჩვენთვის არცთუ ისე უცხო გახლდათ. ჩვენ მასზე გადმოცემითა და წაკითხულით ვიცოდით, მაგრამ ამჯერად უშუალოდ განვიცადეთ, მისი ტკივილის სურნელით გავიჟღენთეთ. ერთი სიტყვით, ფაქტობრივად, კულტურული ფენომენი ჩვენ თვალწინ, ბუნებრივად, ყოველდღიურობად ჩამოყალიბდა. ამ საზარელ მოვლენას ბოლშევიზმი ჰქვია. ის არ დასრულებულა… გაყინული ვირუსივით არის მოკალათებული ნებისმიერ უმრავლესობაში. საკუთარი სისუსტის დამალვის მიზნით, აღმოცენებული ეჭვების საფუძველზე ქმნის მტრის არტეფაქტებს და ასე ხელაღებით უსწორდება განსხვავებულ აზრს.
ბოლშევიზმის დამღუპველმა ბაცილამ ყველა ჩვენგანში შეაღწია და თვალის დახამხამებაში განვითარდა. ჯერ შეიქმნა პრედიკატული ველი, რომლის მეშვეობითაც დაიწყო ძალადობა ჩვენს აზროვნებაზე. კარგად გვახსოვს სსრკ, სადაც ინდივიდი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენდა. მაშინდელი ხელმძღვანელი პირები არასოდეს არ ამბობდნენ: „მე ვფიქრობ“, „ჩემი აზრია“, სამაგიეროდ სასურველი შედეგის მიღწევისათვის წარმატებით იყენებდნენ: „პარტიამ გადაწყვიტა“, „ბელადმა გვიანდერძა“ და ა.შ. მოკლედ, ტირანული სისტემა ყალიბდება მეტყველებით საფეხურზე და შემდგომ მისი ნეგატიური გავლენა ყველა დონეზე აისახება. თავდაპირველად ლინგვისტურ სიბრტყეზე მოხდა ბოლშევიზმის რეანიმირება საქართველოში. პრედიკატები: „ბელადი“ და „პარტია“ ჩაანაცვლა „მიშამ“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
და დაიწყო… შეურიგებელი ბრძოლა სინამდვილესთან. ტირანიის მორიგი საფეხური ვირტუალური რეალობაა. შეიქმნა აბსოლუტური წესრიგისა და სიმშვიდის ილუზია, რომლის მიღმა ინერგებოდა ადამიანის სიძულვილი, ილახებოდა ღირსება, იდევნებოდა სიმართლე. ჩვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ ძალები მიგვემართა ადამიანის მთავარი მიზნის – თვითდამკვიდრების განხორციელებისკენ, მითოსური მიზნებით შემოვსაზღვრეთ სინამდვილე და თვითმორჩილების ინსტინქტმაც იმძლავრა. ეს აუცილებელი და საკმარისი პირობა იყო ბოლშევიზმის რეანიმაციისათვის. დაიწყო ნეირო-ლინგვისტური ტერორი საზოგადოებაზე.
კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ვიხდიდი სასჯელს ქართულ პენიტენციალურ სისტემაში. ყოველდღიურად გვეუბნებოდნენ მედიის საშუალებებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გატარებული ე.წ. ჯანდაცვის რეფორმის გენიალურობაზე. ამას ვისმენდი მაშინ, როცა პატიმრებს შეგნებულად აფერხებდნენ 15 წუთით თავსხმა წვიმაში. მათ შორის იყო ბევრი ტუბერკულოზით დაავადებული. შემდეგ კი სამედიცინო პუნქტში გადაყვანა ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა. სხვა უმსგავსობაზე რომ აღარაფერი ვთქვა, მხოლოდ ეს მღრღნიდა და მხრწნიდა, რადგან უშუალოდ ჩემს პიროვნულ იდენტობას ანადგურებდა.
ამ ხნის მანძილზე მაჯერებდნენ კახა მიქელაძე კი არა, ვიღაც სხვა ხარო.
აზროვნებაზე ძალადობა ძალადობის ყველაზე საშინელი ფორმაა. ასე ვიცხოვრეთ უკიდეგანო გაუცხოებაში. ჩვენ ნაცვლად სხვა ფიქრობდა, აზროვნებდა, მეტყველებდა. ჩვენ ამ აქტების დამოუკიდებლად შესრულება გვეკრძალებოდა…
ეს ყველაფერი თითქმის დასრულდა, ერთი შეხედვით დავძლიეთ ტირანია, თუმცა ბოლშევიზმი გრძელდება. მისი ბაცილა ჩასაფრებულია და ნოყიერ ნიადაგს ელოდება აღმოცენებისთვის. ის სწორედ მაშინ იწყებს განვითარებას, როცა არავინ ელის. ამიტომ ვეძიოთ ჩვენში ეს ბაცილა და მისგან თავის დაღწევაზე ვიზრუნოთ. ჯერ ჩვენ უნდა დავიცალოთ და განვთავისუფლდეთ ამ სენისაგან, რათა ნებსით თუ უნებლიედ არ ვიქცეთ მავანი ამხანაგების უგუნური და კაცთმოძულე ჩანაფიქრების უპირობო აღმსრულებლებად.
საკადრო პოლიტიკა „ერთი ფუთი მარილით“
მურმან დუმბაძის ამ ფრაზას გასულ დღეებში ბევრი იხსენებდა, – ეს როგორ თქვა, იქნებ პროფესიონალი ვარ და არ მიცნობსო… თუმცა მაყურებელთა დიდ ნაწილს არც ამ ფრაზაზე და არც იმაზე, რომ მურმან დუმბაძის „ნაცნობები“ და ნათესავები ინიშნებიან თანამდებობებზე, კრიტიკული დამოკიდებულება არ ჰქონია. ფაქტია, რომ „უცნობი“ ჯერ კიდევ საშიშია ჩვენს საზოგადოებაში და ეს მიდგომა ბევრისთვის სავსებით მისაღებია, მარილი თუ აქვს ნაჭამი, მისთვის მით უმეტეს.
„ერთხმად აირჩიეს“ – როცა ეს ფრაზა წავიკითხე „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ფეისბუქის გვერდზე, მაშინ გავიფიქრე, მარტო მარილის დაგემოვნება არ ყოფილა საკმარისი-მეთქი. თურმე განსხვავებული აზრიც არ უნდა გაგიჩნდეს, როგორც, მაგალითად, ეს ზოგიერთ მეოცნებეს მოუვიდა და ბიძინა ივანიშვილს წერილი მისწერეს: – მურმან დუმბაძის მორჩილი კანდიდატი ჩვენ არ გვინდა ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელადო…
„ეს ადამიანები მოვიდნენ და ბოდიში მოიხადეს“ – გვითხრა ეთერში მურმან დუმბაძემ. შევედავე, ჯანსაღი იყო ეს პროცესი-მეთქი? მაგრამ მურმანი რისი მურმანია, ემოციურად, პედაგოგიკის მეთოდებით იქეთ თუ არ სცადა შენი დარწმუნება და იმის ახსნა, რომ ლაშა სირაბიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ნათესავია და ეს ძალიან, ძალიან კარგია.
ცუდად მაინც მურმან დუმბაძისგან ყველაფერზე კანონის მოშველიება მეჩვენა. აქამდე ხშირად მსმენია მისგან, რომ კანონზე მაღლა სამართლიანობა დგას და უნდა იდგეს. ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურმე „ერთი ფუთი მარილის“ წინააღმდეგი დებულება არ არსებობს.
ნაცნობობაზე გამახსენდა: იმ საღამოს მურმან დუმბაძეს სურდა მაყურებელიც არ დარჩენილიყო უცნობი და თითოეულს სთხოვდა, ვინაობა დაესახელებინა. ერთმა მაყურებელმა ბოლოს იკითხა: სახელისა და გვარის დასახელება ბუნებრივად უნდა მოუნდეს ადამიანს, ასე დაჟინებით რომ მოითხოვთ, რა ხდება, რეჟიმი ხომ არ გრძელდებაო. სხვა მაყურებელს არც ვინაობის დასახელებასა და ვიცე-სპიკერის არც სხვა პასუხზე პროტესტი არ ჰქონია…
იმ დღეს მაყურებელს ჩემს შეკითხვებზე ჰქონდა პროტესტი. გადაცემის შემდეგ ფეისბუქში დამხვდა ნაცნობი ადვოკატის მონაწერი: პირველი შემოტევა ყოველთვის ჟურნალისტებმა უნდა აიტანოთ, ყველაფერი მართლა შეკითხვით იწყებაო.
დემოკრატიის, ანუ ხალხის მმართველობის განვითარება
თამთა დანელია
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი IVკურსის სტუდენტი
სიტყვა „დემოკრატია“ მომდინარეობს ბერძნულიდან. „დემოს“ ნიშნავს „ხალხს“, ხოლო „კრატოს“ „მმართველობას“. დემოკრატიის შესახებ ბევრი დაწერილა და ალბათ მომავალშიც დაიწერება. იგი როგორც ძველი ბერძენი სწავლულების, ისე თანამედროვე პოლიტიკური თეორიტიკოსების განხილვის და კვლევის საგანია. და მაინც, ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დემოკრატიის თემა არა თუ არ ამოწურულა, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ის დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არც არასოდეს ყოფილა.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ დემოკრატიის გაგება ყოველთვის ერთნაირი, სწორხაზოვანი არ ყოფილა. ისტორიის სვლასთან ერთად დემოკრატიისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ძველი ბერძნებისათვის იგი მმართველობის მანკიერ ფორმასთან ასოცირდებოდა და ერთგვარად გაიგივებული იყო „ბრბოს მმართველობასთან“.
არისტოტელე მაგალითად აღნიშნავდა, რომ საუკეთესოა მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. ასეთად მას მიაჩნდა პოლიარქია, ხოლო დემოკრატია მისი აზრით ითვალისწინებს არა მთელი საზოგადოების, არამედ მხოლოდ ღარიბების ინტერესებს. ამდენად, ის მმართველობის არასწორ ფორმას წარმოადგენს. დემოკრატიას მმართველობის არასწორ ფორმად დღესაც განიხილავენ მისი კრიტიკოსები. უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ ხუმრობით თქვა, რომ დემოკრატია არის მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა თუ არ ჩავთვლით მმართველობის ყველა სხვა ცნობილ ფორმებს. უნდა აღინიშნოს, რომ მმართველობის სამი ძირითადი ფორმიდან: ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი და დემოკრატია ისტორიულად ყველაზე მეტად ავტორიტარული მმართველობა იყო გავრცელებული. XX საუკუნის 90-იანი წლებისთვის მსოფლიოში სახელმწიფოთა აბსოლიტურ უმრავლესობაში ავტორიტარული რეჟიმი იყო გავრცელებული. ლათინური ამერიკის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1980-იან წლებში ავტორიტარიზმი იყო მმართველობის ჩვეულებრივი ფორმა, დემოკრატია კი ჯერ კიდევ „გამონაკლის მოვლენას“ წარმოადგენდა.
თუ XX საუკუნე შეიძლება ერთგვარად დახასიათდეს როგორც ავტორიტარიზმის ხანა, იგივეს ვერ ვიტყვით XXI საუკუნეზე. დღეს სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ საზომს წარმოადგენს ის, თუ რამდენად დემოკრატიულია ის, რამდენად დაცულია მასში ადამიანის როგორც მოქალაქის ძირითადი უფლებები. ავტორიტარული სახელმწიფოს იმიჯი დღეს არ არის სასარგებლო საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი სახელმწიფო განიხილება როგორც არასანდო პარტნიორი. ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი პირდაპირ მოითხოვენ დემოკრატიული ფასეულობების დაცვას სახელმწიფოებისაგან. აუცილებელია, რომ სახელმწიფოები აკმაყოფილებდნენ მთელ რიგ კრიტერიუმებს, რათა გახდნენ მათი სრულფასოვანი წევრები.
ევროკავშირის რეგულაციების შესრულება სავალდებულოა არა მარტო წევრი სახელმწიფოებისათვის, არამედ იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.
„ცივი ომის“ პერიოდში არსებული დაპირისპირება საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის არსებითად შეიძლება შევაფასოთ როგორც დაპირისპირება ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. იგი აშშ-ს ერთპიროვუნლი გამარჯვებით დასრულდა. სწორედ ამან უბიძგა ფრენსის ფუკუიამას თავის „ისტორიის დასასრულში“ იმის თქმისკენ, რომ დემოკრატიას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ მხოლოდ ამერიკული სტილის ლიბერალური დემოკრატია გვთავაზობს სიცოცხლისუნარიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებს.
XX საუკუნის ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების ნგრევით ერთგვარად გამართლდა ფუკუიამას წინასწარმეტყველება. ავტორიტარული რეჟიმების ნგრევა ჩვენი ისტორიის თანმდევ მოვლენად იქცა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ XXI საუკუნეში ასეთი რეჟიმებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა. საერთაშორისო საზოგადოება არ არის შემწყნარებელი მათ მიმართ. იგი აღიქმება, როგორც საერთაშორისო სისტემისთვის, მსოფლიოსთვის არა სასურველი და საჭიროა მისი რეფორმირება და ეს არ წარმოადგენს, მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს მოსახლეობის საზრუნავს, საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულებას იღებს ჩაერიოს ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში რათა აღკვეთოს ის უსამართლობა, რომელასც სახელმწიფო იჩენს თავისი მოქალაქეების მიმართ.
მაგრამ აქ დგება მეორე საკითხი რამდენად მართებულია სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა? ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩამრევი სახელმწიფო არ გადაამეტებს თავის ფუნქციებს და დაკმაყოფილდება, მხოლოდ დაძაბული მდგომარეობის განმუხტვით? ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია. ლიბერალური დემოკრატია როგორც დასავლური ფენომენი დაფუძნებულია სწორედ დასავლურ კულტურაზე და ღირებულებებზე, სწორედ ეს არის ერთ -ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა რომ იგი ვერ იმკვიდრებს ფეხს ისლამურ სამყაროში. ისლამურ სახელმწიფოებში უფრო მეტია რელიგიის გავლენა დასავლურ სამყაროსთან შედარებით. რომ ავიღოთ იგივე ადამიანის უფლებები, ვნახავთ, რომ ისლამურ სამყაროში ქალთა უფლებები არ არის იმ დონეზე განვითარებული, როგორც დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროში. დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ჯერ საჭიროა სათანადო ნიადაგის მომზადება. ის სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ დემოკრატიის გამოცდილება, აწყდებიან რიგ პრობლემებს მისი დამყარების პროცესში. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ სათანადო პოლიტიკური კულტურა, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ პროცესებში. საჭიროა ამ საზოგადოების პოლიტიკური ცნობიერების გარდაქმნა. ყოველივე ამას კი საკმაოდ დიდი დრო სჯირდება.
იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგანან, საჭიროა რეფორმები განახორციელონ ნაბიჯ-ნაბიჯ და არა ერთბაშად. ზოგ შემთხვევაში დემოკრატიაზე გადასვლის დროს სახელმწიფოები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ დემოკრატიას შესაბამისი საფუძვლის მომზადება სჭირდება და ისეთ პოლიტიკურ კურსებს ახორციელებენ, როგორსაც განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოები. მაგრამ ვინაიდან მას არ აქვს მყარი საფუძველი არ არის ეფექტური. შედეგად კი ვიღებთ მოჩვენებით, ფასადურ დემოკრატიას.
ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ყალბი და ჭეშმარიტი დემოკრატიის ერთმანეთისგან გამიჯვნას. ხშირად ავტორიტარული რეჟიმები დემოკრატიის სახელით ინიღბებიან ეს მათ სჭირდებათ საერთაშორისო იმიჯისათვის ასევე იმისთვის, რომ მოსახლეობასაც შეუქმნან დემკრატიის ილუზია. ნაპოლეონ III საფრანგეთში არ გააუქმა არჩევნები, ის არსებობდა ფორმალურად, რადგან გარკვეული მექანიზმების მეშვეობით მისი ფუნქციონირება არაფრის მომცემი იყო. როცა დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტები იზღუდება, რჩება მხოლოდ დემოკრატიის ცნება. თვით ფაშისტებიც კი ემხრობოდნენ დემოკრატიას. ოღონდ მათი რწმენით ნამდვილი დემოკრატია აბსოლიტურ დიქტატურას ნიშნავდა.
არსებობს შეხედულება, რომ დემოკრატია განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რომელ სახელმიწფოში არის ის დამყარებული, მიიჩნევენ, რომ დემოკრატია უნდა მიესადაგოს იმ კულტურას და ტრადიციებს, რაც სახელმწიფოშია დამკვიდრებული, მაგრამ ასეთი მიდგომა მცდარია. დემოკრატიას თავისი ფასეულობები აქვს, ამიტომ დემოკრატია კი არ უნდა მიესადაგოს სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფომ უნდა მიიღოს ის.
დემოკრატია ეფექტურია იმდენად, რამდენადც უზრუნველყოფილია სულიერი და მატერიალური პირობებით. მისი დამყარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების მხრიდან გაცნობიერებული იყოს როგორც დემოკრატიის აუცილებლობა, ასევე მისი განხორციელების შესაძლებლობაც.
ქურდობის ფაქტი ბათუმში
პოლიცია აცხადებს, რომ ქურდობა სავარაუდოდ ღამის პირველი საათიდან დილის 6 საათამდე მოხდა. დამნაშავის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა.
მორიგე პატრულის მტკიცებით მსგავსი შემთხვევა მის სამოქმედო ტერიტორიაზე დიდი ხანია არ დაფიქსირებულა.


ორი ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში
ახალი ფრაქცია „ბათუმის მომავლისათვის“ საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ შექმნა და მასთან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე, განათლების კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე გაწევრიანდნენ.
მეორე ფრაქცია „ერთობა“ საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ალექსანდრე ჩხარტიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ვერულიძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარემ ზაურ ფატლაძემ შექმნეს, ფრაქციას ალექსანდრე ჩხარტიშვილი უხელმძღვანელებს.
საკრებულოს უკვე არსებულ სამ ფრაქციაშიც არის ცვლილებები, ფრაქცია „ბათუმისათვის“ რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ხელმძღვანელობდა, დღეიდან საკრებულოს წევრი „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან“ ნაზი ქობულაძე უხელმძღვანელებს და მასთან ირაკლი ჩავლეიშვილი და მამული ჟღენტი გაწევრიანდნენ.
ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“–ს კვლავ ნოდარ დუმბაძე უხელმძღვანელებს, რომელშიც საკრებულოს წევრები მანანა ილურიძე, გოდერძი ტოტოჩავა და გიორგი კავაზაშვილი ერთიანდებიან.
ამ დროეისათვის საკრებულოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია „მაჟორიტარი“–ა, რომელიც ძირითადად მაჟორიტარებით არის დაკომპლექტებული და მას ადლიის მაჟორიტარი დეპუტატი ნუკრი დოლიძე ხელმძღვანელობს, მასთან ერთად ფრაქციაში იურიდიულ–საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე გენო თებიძე, საფინანსო–ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე დავით კასრაძე, საკრებულოს წევრები ბესო ჭოხონელიძე, გიორგი გაბაიძე, თამაზ გორგილაძე, მარიზა აბაშიძე და კობა ზაქარაია შედიან.
მომზადებულია საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საქველმოქმედო აქცია ნეირორეაბილიტაციის ცენტრში

საერთაშორისო ორგანიზაცია, „სამარიტელთა ქისა“ საქართველოში რამდენიმე წელია საქველმოქმედო საქმიანობას, რელიგიური ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებს. ყოველ წელს, ამერიკელი და ევროპელი ბავშვები საშობაო საჩუქრებს სწორედ ამ ორგანიზაციის მეშვეობით უგზავნიან მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებს. საჩუქრები 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. დღეს ეს საჩუქრები ბათუმის პროტესტანტული ეკლესიის მეშვეობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეირორეაბილიტაციის 50-მა პატარა პაციენტმაც მიიღო.
„ქველმოქმედებითა და ყურადღებით ეს პატარები არ არიან განებივრებული, თითქმის არავინ მოდის მათ სანახავად, წელს პირველად მიიღეს ეს საჩუქრები“- ამბობს პატარა ლუკას დედა, გვრიტუნა ჯაფარიძე. მას ბავშვი სარეაბილიტაციო კურსზე ქობულეთიდან დაჰყავს.
„წელიწადში სამი კურსი უტარდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამიტომ კერძოდ დამყავს. ერთი კურსი 400 ლარამდე ჯდება, რომ შევუწყვიტო წინა კურსიც ეფექტს კარგავს, ამიტომ ვცდილობთ კერძოდ ვატარო სავარჯიშოდ“.
ლია ფუტკარაძე სოციალურ სახლში ცხოვრობს, სარეაბილიტაციო კურსებზე ტყუპი გოგონები მეხუთე წელია დაჰყავს: „აქ მკურნალობით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს კურსები არ არის საკმარისი, ძნელია ორ ბავშვთან სახსრების გამონახვა, მაგრამ ვცდილობ, რომ დამატებითი კურსი მაინც ჩავუტარო, მკურნალობა 18 წლამდე სჭირდებათ“.
მშობლების აზრით, მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება, თუკი დაფინანსებაში სახელმწიფოს გარდა საქველმოქმედო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
ნეირორეაბილიტაციის ცენტრში ამ ეტაპზე ასზე მეტი ბავშვი მკურნალობს.
სპეციალური შეტყობინება ქალაქში მოქმედ ორგანიზაციებს
ბათუმის მერიამ ქალაქში მოქმედ ყველა ორგანიზაციას სპეციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინება ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის #1-5 დადგენილების შესაბამისად არის შემუშავებული.
შეტყობინების თანახმად, ქალაქში მოქმედი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირდნენ საქმიანობის დაწყებისთანავე. დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 28 თებერვალს იწურება.
გარდა ამისა, ორგანიზაციებმა, დავალიანების თანხების დაზუსტების მიზნით, მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები ბათუმის მერიის ეკონომიკის სამსახურში უნდა წარადგიგნონ.
ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა დაჯარიმდება 500 ლარის, ხოლო განმეორებით შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით.
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით
აზიის განვითარების ბაკნის წარმომადგენლების შეხვედრა ბათუმის მერიაში
დღეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოადგილე აზიის განვითარების ბაკნის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე, რომლებიც შესაძლოა აზიის განვითარების ბანკის მხრიდან დაფინანსდეს.
ბანკის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანია ურბანული სექტორის განვითარების შეფასება და თანამშრომლობის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება.
მსგავს შეხვედრებს აზიის განვითარების ბანკი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გამართავს.
მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით
აჭარის კონსტიტუცია ხუთი წლისაა
ახალი კონსტიტუცია აჭარის ა/რ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის შემდეგ არის პირველი ძირითადი კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
„ეს დოკუმენტი სრულად პასუხობს დღეს იმ მოთხოვნებს რაც არის საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს კონსტიტუციურ კანონში. ჩვენი რეგიონისთვის განვითარებისთვის და მოწყობისთვის ყველაფერია ამ დოკუმენტში,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე, რომელიც კონსტიტუციის მიღების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
საქართველოს კონსტიტუციისგან განსხვავებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება შევიდა. ცვლილება უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის სამით გაზრდას ეხებოდა.
ნოდარ დუმბაძე საკრებულოს თავმჯდომარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
დუმბაძის განცხადებით ე.წ. „ჟილინის არხის“ რეკონსტრუქციისათვის ბიუჯეტში საჭირო თანხა 6 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული და ამ თანხის განკარგვაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. არხმა ბათუმში აღმაშენებლისა და ე.წ. ჭაობის დასახლება სანიაღვრე წყლისგან უნდა განტვირთოს.
„მე ხელთ მაქვს ინფორმაცია საჯარო ინფორმაცია – spa.ge ზე თქვენც შეგიძლიათ ნახოთ. 5 თებერვალს არის გამოცხადებული ტენდერი 6 მილიონ 108 ათას ლარზე, ჟილინის არხის მთლიანი რეკონსტრუქციისათვის. ირაკლი ჩავლეიშვილმა შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა, მან ვერ გააცნობიერა, რომ ის რომ აღარ არის ოპოზიციაში და აღარ უნდა გააკეთოს, მე ვიტყვი და თქვენ ამტკიცეთ ტიპის განცხადებები. მიკვირს, რომ ამ ყველაფერს დაეთანხმა პარტიიდან გარიცხული ზაურ ფატლაძე, რომელიც დიდი ხანი მუშაობდა ამ პროექტზე და საქმის კურსშია,“ – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.
თავის მხრივ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს რომ ნოდარ დუმბაძე არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას.
„ამ წუთას ჟილინის არხისთვის 2 მილიონ 700 ათასი არის გამოყოფილი. წელს ამ სამუშაოებისთვის ეს თანხა იქნება ათვისებული, თუმცა დანარჩენი თანხა მოსაძიებელია. მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ დონორი ორგანიზაციებიდან ამ თანხას ავითვისებთ, ეს პირიქით უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ის თანხა, რომელიც პროექტის დასასრულებლადაა საჭირო, გამოგვითავისუფლდება და სხვა პროექტებს მოვახმართ,“ – განუცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ „ბათუმელებს“.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ბათუმის მერიამ პლაგიატში დაადანაშაულა
ბათუმის 2012-2015 წლების ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე დისკუსია დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უნდა გამართულიყო. დისკუსია არ შედგა. მას შემდეგ რაც „საქართველოს ეროვნულ თვითმმართველობათა ასოციაციის( NALAG) “ წარმომადგენელმა 10 წუთიანი პრეზენტაცია ჩაიკითხა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს კახა გურგენიძეს, რომელიც შეხვედრას როგორც ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, ერთადერთი კითხვა დაუსვეს – ვის მიერ იყო შემუშავებული სტრატეგია. კახა გურგენიძეს ამ კითხვაზე პასუხი პირდაპირ არ გაუცია. ამის შემდგომ ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ტიტე აროშიძემ იგი პლაგიატში დაადანაშაულა.
„სამი წელი მზადდებოდა ეს სტარატეგია. ორი წელი მხოლოდ სტარტეგიულ ინფორმაციის მოპოვებას დასჭირდა. თუმცა გარკვეული ინფორმაციები კიდევ ვერ მოვიპოვეთ ამიტომ საჭირო გახდა სხვა ორგანიზაციის დახმარება და ექსპერტების ჩართვა. დღეს განსახილველად გამოიტანეს დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ ჩვენს კაბინეტში დმაუშავდა, რომელიც არ გასულა არსად, არც საკრებულოში არ დამტკიცებულა, არანაირი განხილვის სტადიაშიც კი არ გადასულა. მე შემიძლია ეს დოკუმენტი გადმოგცეთ და ნახავთ რომ ის კორექტული შეცდომებიც კი გადატანილია. იმიტომ რომ რეალურად ეს დოკუმენტი წაკითხულიც კი არ აქვთ იმ პიროვნებებს, ვინც დღეს გამოიტანა განსახილველად. ამიტომ პირდაპირ ვამბობ, ეს არის დანაშაული,“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ.
„ჩვენ უნდა ავღნიშნოთ, რომ დღეს ვიხილავთ ბათუმის სტარტეგიული განვითარების გეგმას. ასოციაცია ჩვენი სახით ჩართულია პარტნიორად და არა მხარედ, ყველაზე მთავარი ეს გახლავთ, იმიტომ რომ ჩვენს მიმართ კითხვები ისმოდა, როგორც მხარის მიმართ. ეს დოკუმენტი არის ბათუმის დოკუმენტი და ეს არ არის რომელიმე ექსპერტის საკუთრება. თუმცა აქვე უნდა ვთქვა ღიად, რომ ასოციაციის მხრიდან ექსპერტების ჩართულობის ნაკლებობა დაფიქსირდა,“ – განაცხადა ბრალდების პასუხად კახა გურგენიძემ.
კითხვაზე იყო თუ არა პროექტი ბათუმის ეკონომიკური სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტის ასლი, კახა გურგენიძემ უპასუხა:
„დღევანდელი შეხვედრა ცვლილებების შეტანას ემსახურებოდა, ეს არის მთავარი. როგორც ჩანს გაუგებრობა გამოიწვია და სამწუხაროდ კომუნიკაციის ბრალია. ის ადამიანები, ეკონომიკური სამსახურიდან… უმჯობესი იქნებოდა მათ გაეკეთებინათ ეს პრეზენტაცია, ვინაიდან მათი ნამუშევარია ეს“.
შეხვედრაზე საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც დისკუსიის ნაცვლად პროექტის ავტორზე დაიწყო დავა, მათ შეხვედრა დატოვეს. მუნიციპალური განვითარების პროექტი პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში G3”-ის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს ათი თვითმმართველობის/მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას.
საჯარო მოხელეები აჭარის ტელევიზიასა და რადიოში
ლელა დუმბაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მრჩეველს, მაკა ივანიშვილს აჭარის რადიოს ეთერში საავტორიო გადაცემა „საუბრები მაკა ივანიშვილთან“ მიჰყავს. ზვიად სირაბიძე კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, აჭარის ტელევიზიაში პროდიუსერად სამი დღის წინ დაინიშნა. მას ტელევიზიაში საავტორო გადაცემაც აქვს.
აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის დირექტორის, სოსო სტურუას განცხადებით, მაკა ივანიშვილი რადიოში სტაჟიორადაა აყვანილი და ჯერჯერობით ანაზღაურებას არ იღებს: „ეს არის საცდელი გადაცემა, ანაზღაურების გარეშე მუშაობს, სტაჟიორია და ცოტა ხანში განვიხილავთ რა ვქნათ. მოველაპარაკებით, რომ უსასყიდლოდ დარჩეს. გადავხედავთ კანონს, არის თუ არა შესაძლებელი ანაზღაურების მიცემა, თუ არა – დავტოვებთ უსასყიდლოდ. რაც შეეხება ზვიად სირაბიძეს, როგორც ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლოდან უნდა წამოვიდეს. არ ვიცი განცხადება აქვს თუ არა დაწერილი“.
კითხვაზე, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები პარალელურად მედიაშიც მუშაობენ, მაკა ივანიშვილი პასუხობს: „მთავრობის აპარატში 1000 ლარი მაქვს ხელფასი, მაგრამ ამ გადაცემას ანაზღაურების გარეშე ვაკეთებ. კანონსაც გადავხედე – საჯარო მოხელეს შეუძლია კულტურის დარგში იმუშაოს და ჰონორარიც ჰქონდეს“.
ზვიად სირაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში მხოლოდ კონსულტანტის მოვალეობას ასრულებს, თუმცა ამაში ანაზღაურებას იღებს: „რამდენიმე თვეა პრეს-სპიკერი აღარ ვარ, კონსულტანტი ვარ მხოლოდ. ანაზღაურება მაქვს. კანონის მიხედვით, გამომდინარე იქედან, რომ ტელევიზიაში შემოქმედებითი სამუშაო მაქვს, ანაზღაურების უფლებაც მაქვს. ტელევიზიაში ჯერ არ ამიღია ხელფასი, მაგრამ 700 ლარი მექნება, სასამართლოში 900 ლარი მაქვს“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მედია ანალიტიკოსი მამუკა ანდღულაძე: „პიროვნება, რომელიც მუშაობს ადმინისტრაციულ ორგანოში და პარალელურად აქვს საავტორო გადაცემა, კითხვები ჩნდება მის ობიექტურობასთან დაკავშირებით. წინა და დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ქართული მედია არის ძალიან პოლარიზებული, მფლობელები ასოცირდებიან მათ მედიასაშუალებებთან და სენსიტიური მდგომარეობის პირობებში ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რომელსაც ითვალისწინებს ეთიკის ქარტია ან მაუწყებელთა ქცევის კოდექსი.
რაც შეეხება ანაზღაურებას, დამატებითი კითხვები აქაც ჩნდება, რადგან ტელევიზიის სტატუსის საკითხი გადასაწყვეტია, ეს საკითხიც არის შესასწავლი“.

რეგიონალიზმი და თვითმმართველობა – ბიოლის ფონდის დისკუსია
პარასკევს, 2013 წლის 22 თებერვალს, 18:00 საათზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე ბათუმში:
„ცენტრიდან თუ ცენტრისკენ: რეგიონალიზმი და თვითმმართველობა”
ძირითადი მომხსენებლები:
• გენო გელაძე, დემოკრატიის ინსტიტუტის თავმჯდომარე
• მედეა ვასაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი
• დავით ლოსაბერიძე, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი
• ნინა ხატისკაცი, საარჩევნო საკითხების სპეციალისტი
მოდერატორი: რუსუდან (ნატა) იმედაიშვილი, რადიო „თავისუფლება“
დებატები ჩატარდება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
დასწრება თავისუფალია. (მის.: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62-64)
როგორ უნდა შეირჩეს ბათუმის მერი – დისკუსია პრესკაფეში
ქალაქის მერის დანიშვნასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა ბევრი კითხვის ნიშანი, როგორც კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებთან, ასევე ამ პროცესების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
21 თებერვალს 16:00 საათზე პრესკაფეს სადისკუსიო კლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესი” გამართავს დისკუსიას თემაზე: უნდა მოაწყონ თუ არა მერობის კანდიდატებმა თავიანთი სამოქმედო გეგმის საჯარო მოსმენები; უნდა იყოს თუ არა ბათუმის საზოგადოებისათვის ღია და გამჭვირვალე ქალაქის მერის კანდიდატურების შერჩევის პროცესი; უნდა მოხდეს თუ არა მერობის კანდიდატის შერჩევა კონკურსის გზით თუ უნდა მოხდეს მისი დანიშვნა.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ქარცივაძე.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: მელაშვილის და საბაჟოს შესახვევი 2-1 („ჭაჭის კოშკის” წინ)
მალე – ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე?!
– ჯაბა, როგორც ვიცი, მიმდინარე წლის დასაწყისში ციურიხში იმყოფებოდი, საპლაჟო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით ფიფა-ს ცენტრალურ ოფისში ფეხბურთის უმაღლესი ორგანოს ხელმძღვანელებს შეხვდი. ამ ვიზიტის შესახებ გვიამბეთ…
– საქართველოს საპლაჟო ფეხბურთის ოფიციალური წარმომადგენლები და მათ შორის მეც, მიწვეული ვიყავით შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ფიფა-ს ცენტრალურ ოფისში მსოფლიო საპლაჟო ფეხბურთის ორგანიზაციის მიერ მოწყობილ შეხვედრა-სემინარზე, სადაც გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოში საპლაჟო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, განხილული იქნა საპლაჟო ფეხბურთის უახლესი ტენდენციები და სამომავლო გეგმები, რომლებიც 2013 წლს მსოფლიო ჩემპიონატსა და 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას უკავშირდება.
– ნაადრევი ხომ არ არის საქართველოსთვის მსოფლიო ჩემპიონატზე, თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი?
– არა, რატომ?! საქართველოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, წელს, პირველად ისტორიაში, გაიმართება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორისაც, გამარჯვებულ გუნდებს კი ფიფა-ს, უეფა-ს და საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტურნირში მიიწვევენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ჩემპიონთა ლიგის 2013 წლის გათამაშება პირველი იქნება სპორტის ამ სახეობის ისტორიაში და იმედი მაქვს, მასში ქართული გუნდი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ფედერაციასა და საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციას შორის გაიმართა მოლაპარაკება საქართველოში ამ ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ოფიციალური შეჯიბრის ერთ-ერთი ეტაპის, ან სარეიტინგო ტურნირის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციისგან თანხმობა უკვე მივიღეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი დაფინანსების მოძიების შემთხვევაში, საქართველოში, სავარაუდოდ ბათუმში, უკვე ზაფხულში ჩატარდება მსოფლიო ორგანიზაციის სარეიტინგო ტურნირი ან საერთაშორისო „ჩელენჯ კაპი“.
– ციურიხიდან ბათუმში დავბრუნდეთ. საიდან და როგორ დაიწყეთ?
– გასული წლების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრების მცდელობა, თუმცა ის უიღბლო აღმოჩნდა. მას შემდეგ ნაკრები აღარ შეკრებილა. 2010-2012 წლებში კი, აჭარის ფუტზალისა და საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციების ინიციატივით, აგრეთვე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო საკლუბო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს კლუბებმა. სამწუხარო ისაა, რომ მაშინ ტურნირს ოფიციალური სტატუსი, ან საერთაშორისო, ან სარეიტინგო, არ ჰქონდა. ამ შემთხვევაში საშუალება გვექნებოდა ცნობილი კლუბები მოგვეწვია, როგორებიცაა: „რეალი“, „ბარსელონა“, „მილანი“, „ინტერი“ და ასე შემდეგ, თუმცა, ციურიხში ვიზიტის შემდეგ, ვითარება დადებითისკენ შეიცვალა. ამჟამად საქართველოში, კერძოდ ბათუმში, ქობულეთსა და ანაკლიაში ათამდე ქვიშის სტადიონია, რომლებსაც გამოვიყენებთ საპლაჟო ფეხბურთში ჩემპიონატებისა თუ სხვადასხვა ტურნირების ჩასატარებლად.

– ამ ეტაპზე ბათუმს გუნდი თუ ჰყავს?
– სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გუნდი არ გვყავს. ქვიშის ფეხბურთს ფუტზალის ბიჭები თამაშობდნენ, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო დროებით მათი დაშლა მოგვიხდა, თუმცა, აპრილის დასაწყისიდან უკვე ვიწყებთ საპლაჟო ფეხბურთის გუნდის შერჩევას. მწვრთნელი ნიკოლოზ თოდაძე იქნება. გამოცდილი სპეციალისტია. ასევე ვაპირებთ, საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქტორების მოწვევას და სემინარების ჩატარებას, ვგეგმავთ როგორც მწვრთნელების, ასევე მსაჯების გადამზადებას და მათთვის კვალიფიკაციის ამაღლებას.