„თუ გათოვდა, შეიძლება ვერც ერთი ხე ვერ გადარჩეს”

გარემოს დამცველებს აქვთ ინფორმაცია, რომ ხეები უნდა გადარგონ, თუმცა როგორც ამ დარგის სპეციალისტი ეთერ მაჭუტაძე აცხადებს, თებერვლის თვეში ამოთხრილი ფიჭვების გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. ამ საკითხზე მან „ბათუმელებს“ რამდენიმე განმარტება მისცა.

 

 

ქალბატონო ეთერ კომპანიამ ნებართვის გარეშე დაიწყო ხეების ამოთხრა, ამაზე თქვენ, როგორც ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელმა, რეაგირება მოახდინეთ?

ბულვარი ჩემს კომპეტენციაში არ შედის, აქედან გამომდინარე მე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შევძლებ. 

ამ ხეების გადარჩენა გადარგვით  შესაძლებელია?

ეს არის მრავალწლიანი ფიჭვები. არათუ მრავალწლიანი, სამი და ოთხი წლის ფიჭვიც კი ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გადარგო, სპეციალური ამომღები მანქანა ესაჭიროება პროცესს. ამ ხეს აქვს ფუნჯა ფესვები, მისი წყვეტა იწვევს დაზიანებას. ძალიან სათუთად ამოღების შემთხვევაშიც შეიძლება მათი ნაწილი გადარჩენილიყო. გადარგვის პროცესში, თუ თოვლმა მოუსწრო, შეიძლება ვერც ერთი ხე ვარ გადარჩეს. თუ  თბილი ამინდი დაემთხვა და კარგად  მოუვლიან, შეიძლება რამდენიმე გადარჩეს. 

თქვენ, როგორც სპეციალისტი, როგორ უყურებთ  იმ საკითხს, რობათუმში პროექტებს ასწლოვანი ხეები ეწირება?

ეს არის სამწუხარო ფაქტი. არც კი ვიხედები ახლა ბულვარისკენ, რომ ცუდად არ გავხდე.

ვიცით, რომ ბევრი თანხა იხარჯება ქალაქის გამწვანებისთვის. რა ფინანსური ზარალი შეიძლება მიადგეს ქალაქს რვაასი ძირი ხის გახმობის შემთხვევაში?

მინიმალური ფასებით რომ ვიანგარიშოთ, სანარგე მეურნეობებს შორის ძალიან მაღალი კონკურენციიის პირობებში რომ შეიძინო ერთი ძირი ფიჭვის ნერგი 40 ლარი დაჯდება. მისი მოვლის ჩათვლით, თითოეული ძირი იმ მდგომარეობამდე, რასაც ახლა ანადგურებენ, ანუ 20 წლის ზრდის შემთხვევაში,  70-80 ლარს მიაღწევს ერთეულის ფასი.

არ არის შესაძლებელი პროექტების ისე განხორციელება, რომ ხეები არ დაზიანდეს ან არ გაიჩეხოს?

უმეტეს შემთხვევაში ეს ნამდვილად შესაძლებელია და ეს ამ შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო. ახალი გზა კარგია, მაგრამ გზაგამყოფს ცოტათი შევავიწროვებდი, ველოსიპედის გზას რომ აკეთებენ, იმასაც ცოტათი შევავიწროვებდი და ნარგავებს გადავარჩენდი. ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს პროცესი, იმიტომ, რომ ეს იყო ძალიან ლამაზი ხეივანი და ამისთვის ხელის ხლება სიკვდილის ტოლფასია. სამწუხაროდ ეს ხალხი როგორ მუშაობს იცით? ჯერ ლაპარაკობენ და მერე ფიქრობენ, ყოველთვის ვეუბნები, ნუ გააკეთებთ ისეთს, შემდეგ უკან წაგივიდეთ საქმე. ჯერ უნდა იფიქრო, მოძებნო ალტერნატივა, მოძებნო ადგილი სად დარგავ, სპეცმანქანა იპოვო ამოსაღებად და მერე მოთხარო. მე მოვისმინე ამ ამბავზე პასუხად – აბა რა ვქნა. სამმილიონიან პროექტს ხომ არ ჩავშლიო, ასეთი მოსაზრება ჩემთვის მიუღებელია.  

ბულვარი
ბულვარი

აჭარის სახელმწიფო ანსამბლს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

მანანა ქველიაშვილი

 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის  სახელმწიფო ანსამბლს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ავთანდილ ჭოლაძე ამ თანამდებობაზე გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.  მან ამირან პაიჭაძე შეცვალა.

 

ამირან პაიჭაძის გადადგომას ანსამბლის მსახიობთა ნაწილი ითხოვდა. ამ მოთხოვნით მსახიობები საპროტესტო აქციებს  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მართავდნენ. 

აჭარის მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებულთა შემსწავლელი კომისია შექმნა

აჭარის მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების შესწავლისა და ზარალის აღრიცხვის მიზნით ახალი სამთავრობო კომისია შექმნა. კომისიას სამასამდე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახის სახლების შესწავლა-დასურათებისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მთავრობისათვის წარსადგენად 20 დღიანი ვადა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განუსაზღვრეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განმარტებით წინა სალიკვიდაციო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა მთავრობისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა: „მაგალითად დაზარალებულისთვის შვიდი ათი ან რვა ათასი ლარის გამოყოფის შემთხვევაში კომისიამ ვერ დაასაბუთა, რომ რეალურად ეს თანხა საკმარისია მისი პირობების გასაუმჯობესებლად.“

აჭარის ტერიტორიაზე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების შემსწავლელ კომისიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის მოადგილე რამაზ ჯინჯარაძე უხელმძღვანელებს.

აჭარის მთავრობის სხდომა

გიორგი კირთაძის გადაყენების კვირა

არავის სასარგებლო გეგმებში მეპარება ეჭვი, მაგრამ მაინც, რატომღაც, ჩემდაუნებურად ირაკლი ჩავლეიშვილს ტელეფონზე დავუკავშირდი და დიქტოფონზე ჩავიწერე მისი დაპირება, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება და მასთან ძველებურად შევივლით იმ დოკუმენტების წამოსაღებად, რომლის მიღებაც „სხვა მხრიდან“ ჭირს ან გვიანდება. 

 

 

„მგონი, არ არის ეს კარგი ფაქტი. მაშინ, როცა 2012 წლის პირველ ოქტომბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 18 წევრი ჰყავდა და დღეს 8 ჰყავს. ათმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ქალაქი კი არ გვიშენებია, არამედ გვინგრევია… ამიტომ მწყდება ყველაზე მეტად გული, თორემ მართლა ყველანი ერთად ვაშენებდით ბათუმს და მივიყვანეთ იმ დონემდე, რა დონემდეც არის. დღეს ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ისევ მთავრობაში უნდა იყვნენ, ისევ კომფორტულად უნდა იყვნენ და საერთოდ არა აქვთ ინტერესი, რა მოხდება ბათუმში“, –  მითხრა გასულ კვირას ახალგადაყენებულმა გიორგი კირთაძემ.

 

 

არ ვიცი, რა იგულისხმა მან ისევ კომფორტულად ყოფნაში, მე ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ. ისე კი, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „გადასხვაფერებულებისგან“ განსაკუთრებული აქტიურობა საკრებულოს სხდომებზე  არ მახსენდება.

 

 

საკრებულოს იმ სხდომაზე, სადაც თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დამდგარიყო, ჟურნალისტებიც კი დავიძაბეთ. მოგვიანებით, როცა ისევ საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ვიხსენებდი, ვიფიქრე რამდენი გმირი ჰყავდა ამ ამბავს? –  საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც სასამართლოში იმპიჩმენტის კანონიერების დასადგენად ჩივილს აპირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც მათთვის სხვა მდგომარეობაში, ანუ როცა გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენ, სხდომაზე არგამოცხადება არჩიეს. ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც ახალი თავმჯდომარე გახდა და ისინი, ვის გამოც გიორგი კირთაძეს გული დაწყდა…

 

 

ვისთვის როგორ, მე კი ამ ჩამონათვალს ცოტა ხნის წინ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ წამოსულ ვაჟა ვერულიძესაც დავამატებ: როცა სხდომაზე მომხდარ ფაქტებს ვაანალიზებდი ჩემს ფიქრებში, დიდი დრო დავუთმე იმას, თუ როგორ, რა ფორმით წაიყვანა სხდომა ვაჟა ვერულიძემ. უფრო ფორმებზე ვფიქრობდი, რომელსაც მან იმ დღეს მიმართა, როგორც სხდომის თავმჯდომარემ.

 

 

ცხადია, ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული და ეს იქ არც პატარა ბავშვს გამოეპარებოდა, –  როცა გიორგი კირთაძე, რომლის იმპიჩმენტის საკითხიც საკრებულოს უნდა გადაეწყვიტა, ისე პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე, რომელსაც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომის წარმართვის უფლება აქვს, დარბაზში არ გამოცხადდნენ, ჯერი ვაჟა ვერულიძეზე მიდგა, ის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილეა – წესით სხდომის თავმჯდომარეობის მისია მას უნდა აეღო თავზე და ასეც მოხდა.

 

 

როგორ მოიქცა ვაჟა ვერულიძე? –  მან მანამდე არ დააყენა თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში, ვიდრე ვრცელი განმარტება არ მოისმინა ჯერ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარისგან – ხომ არ ირღვეოდა კანონი – შემდეგ საკრებულოს იურისტ სულიკო შვენთიძისგან, რომელმაც თქვა, რომ იურიდიული სამსახურის დასკვნას საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, გადაწყვეტილებაზე არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნებოდა.

 

შემდეგ კი  ვაჟა ვერულიძეც იმ 14-ს შორის ვიხილე, რომლებმაც გიორგი კირთაძის გადაყენებაზე თანხმობა ხელის აწევით დაადასტურეს.

 

ხმის მიცემა ბათუმის საკრებულოში თამჯდომარის გადასაყენებლად. წყარო: ბათუმის საკრებულოს ვებგვერდი
ხმის მიცემა ბათუმის საკრებულოში თამჯდომარის გადასაყენებლად. წყარო: ბათუმის საკრებულოს ვებგვერდი

  

მაღალმთიან აჭარაში ექიმები დაბალი ხელფასის გამო სამსახურს ტოვებენ

„უნიმედ აჭარის“ შუახევის მუნიციპალური საავადმყოფო გახსნიდან რამდენიმე თვეში პედიატრმა, ანესთეზიოლოგმა, გინეკოლოგმა და ქირურგმა დატოვა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, წასვლის მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა.

 

გინეკოლოგი ზაურ ლომინაძე სხვა კლინიკაში გადასვლას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ საავადმყოფოს დატოვებას ბევრი ექიმი აპირებს. „შესაძლოა საავადმყოფო ექიმების გარეშე დარჩეს. ოთხმა ექიმმა დატოვა საავადმყოფო და სხვა კლინიკებში გადავიდნენ, ცოტა ხანს დაველოდები მდგომარეობის გაუმჯობესებას და თუ არ მოხდა ცვლილება  სახელფასო ფონდის ზრდასთან დაკავშირებით, სხვა კლინიკაში გადავალ, ზამთრის პერიოდში პაციენტთა რაოდენობა ნაკლებია, ჩემი ხელფასი კი პაციენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული“ –  ამბობს ექიმი.

 

ამ საავადმყოფოებში ექიმები ხელფასს გამომუშავებით იღებენ. „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიის „უნიმედ აჭარის“ ქსელის საავადმყოფოებისა და სამედიცინო ცენტრების მედპერსონალი კომპანიის გადაწყვეტილებას საკადრო შემცირებებსა და სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აპროტესტებდა, საპროტესტო აქციებს შუახევის საავადმყოფოს თანამშრომლები ორი კვირის განმავლობაში მართავდნენ. აქციების მიუხედავად მმართველმა კომპანიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დღემდე  ხელფასებს გამომუშავების მიხედვით გასცემს.   

 

საავადმყოფო შუახევში
საავადმყოფო შუახევში

 

საავადმყოფოს ექიმები ხულოშიც ტოვებენ. როგორც საავადმყოფოს დირექტორი  რუსლან აბულაძე ამბობს, საავადმყოფო სამმა ექიმმა და ერთმა ადმინისტრაციულმა მუშაკმა დატოვა, თუმცა აქვე დასძენს, რომ კადრების ჩანაცვლება მოხდა და ამ მხრივ პრობლემა არ არის. დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და წასულებს ახალი მედპერსონალი ჩაენაცვლა. 

 

კითხვაზე, ექიმების წასვლის მიზეზი გახდა თუ არა სახელფასო პოლიტიკა? რუსლან აბულაძე პასუხობს: „ყველა უხელფასობის გამო არ წასულა, ზოგი გადადის საცხოვრებლად ქალაქში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ „ექიმთა დამაგრების“ მიზნით დამატებით ანაზღაურებაც გამოყო, რაც მისასალმებელია“.

 

სამედიცინო მომსახურების პრობლემას აჭარის მაღალმთიანეთში რეფერალური სამსახურის არ არსებობაც ქმნის. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის რეანომობილს ბათუმიდან იძახებენ. რუსლან აბულაძე პრობლემას ვერც ამაში ხედავს: „საჭიროების შემთხვევაში რეანომობილს ვიძახებთ, გამოძახებიდან ორ საათში რეანომობლი ხულოშია, ამ მხრივ პრობლემა არ არის“.

 

მედიასთან საუბარი არ სურს „უნიმედ აჭარის“ ქედის სამედიცინო ცენტრის მენეჯერს, გიორგი მხატვარს, მან სადაზღვევო კომპანიასთან გადაგვამისამართა. „ბათუმელებთან“ ამ თემაზე კომენტარი არც  შუახევის საავადმყოფოს მენეჯერმა, ანზორ მიქელაძემ გააკეთა, მან მოუცლელობა მოიმიზეზა.  

 

სამი მუნიციპალიტეტის საავადმყოფოდან არც ერთს არ ჰყავს ტრამვატოლოგი, რის გამოც ავარიის შემთხვევაში დაზარალებულები სასწრაფო სამსახურს ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაჰყავს, სადაც პირველად დახმარებას უწევენ, შემდეგ კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

 

მუნიციპალური საავადმყოფოების გარდა პრობლემები მედიკოსებს თემის ამბულატორიებსა და სოფლის სამედიცინო პუნქტებშიც აქვთ. ამბულატორიაში დასაქმებულ პერსონალს ხელფასი 50 ლარით  გასული წლის სექტემბრიდან გაეზარდა, მედდის ხელფასი 350 ლარია, ექიმისა კი _ 500 ლარს აღემატება, თუმცა თემის ამბულატორიების ექიმები და ექთნები ხელფასიდან იხდიან საშემოსავლო, ელექტროენერგიისა და გათბობის გადასახადებს და ადმინისტრაციული საქმისწარმოებისთვის საჭირო  ნივთებს ღირებულებას.

 

 ექიმებსა და ექთნებს ყოველთვიურად ანგარიშის წარდგენა მოეთხოვებათ, გარდა ანგარიშებისა, გარდაცვალების შემთხვევაში ცნობა ამბულატორიამ ელექტრონულად ხუთი დღის განმავლობაში უნდა გადააგზავნოს, ამის შესაბამისი აპარატურა კი ადგილზე არ გააჩნიათ: ამბულატორიებში ამბობენ, რომ მთავარ და ძირითად  პრობლემას მაინც კომპიუტერისა და ინტერნეტის არ არსებობა ქმნის. „არ გვაქვს კომპიუტერი, ინტერნეტზე საუბარი ხომ ზედმეტია, თითოეულს ანგარიში გვაქვს ჩასაბარებელი, ამისთვის ქალაქში გვიწევს ჩასვლა, ანგარიშების ამობეჭდვა, დაქსეროქსება და ჩაბარება“ – ამბობს მახუნცეთის ამბულატორიის მედდა ინგა ღოღობერიძე.

 

მახუნცეთის თემის ამბულატორიაში ორი ექიმი და ორი მედდა მუშაობს. როგორც ამბულატორიის ექიმი მაგული ძირკვაძე ამბობს, ხარჯებს ინაწილებენ. გარდა მედიკამენტებისა, ყველა მათგანს გააჩნია ექიმის ჩანთა გარკვეული სახის მედიკამენტების მარაგით: „დაახლოებით 50-60 დასახელებისაა, ყოველთვიურად 30-35 ლარამდე მეხარჯება მედიკამენტების შეძენაზე. გარდა, ამისა 2011 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულებით ყველა პაციენტზე ახალი სამედიცინო ბარათი უნდა გაიხსნას, ერთი სამედიცინო ბარათი 1,50 ღირს და რამდენ ანკეტასაც გახსნი, იმდენი 1,50 უნდა გადაიხადო. უნდა შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა პირველადი ჯანდაცვის სისტემის მიმართ, თორემ ამას ვერც კონკრეტულად „ალდაგი“ გადაწყვეტს და ვერც აჭარის სამინისტრო ვერ შეცვლის “ – ამბობს ექიმი.  

 

ამჟამად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კადრების შესანარჩუნებლად პროგრამას ამუშავებს, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ვიწრო სპეციალობის მქონე ექიმები ხელფასზე დანამატის სახით  – 300, ექთნები კი 150 ლარს მიიღებენ.  

 

„აქცენტი ძირითადად ვიწრო სპეციალისტებზეა გაკეთებული, რომელთა არსებობა აუცილებელია. ძირითადად ანესთეზიოლოგებზე, საოპერაციოს მედდებზე, ნევროპათოლოგებზე და ა.შ. დანამატის ოდენობა კონკრეტულად და ინდივიდუალურად იქნება განხილული, დანამატ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს. რაც შეეხება რეფერალურ სამსახურს, სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებაა ამ კუთხით პრობლემა მოაგვაროს, არსებობს პრობლემები, რომელთან დაკავშირებით საკითხები მუშავდება“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე. 

 

მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ პრობლემა მხოლოდ მაშინ მოგვარდება სრულად, თუ  ჯანდაცვა სახელმწიფოს დაუბრუნდება: „ჩემი აზრით, სანამ პირველადი ჯანდაცვა არ დაუბრუნდება სახელმწიფოს და სახელმწიფო არ იქნება მისი განმკარგავი, მანამდე ეს პრობლემა სრულად არ მოგვარდება“.

`

აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები ღია ცის ქვეშ რჩებიან

ცაგო კახაბერიძე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტების საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შესასწავლად შეპირებული სამთავრობო კომისია არ შექმნილა: „მაგრამ წალკაში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს საცხოვრებლის პრობლემა აღარ აქვთ, ყველაფერი მოგვარდა.“

„არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო. არც კომისია შექმნილა და არც მთავრობა გამოგვხმაურებია. კიდევ ორი ოჯახი გაასახლეს ბერძენმა მეპატრონეებმა სოფელ ავრანლოდან“ – ამბობენ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში ჩასახლებული ეკომიგრანტები „ბათუმელებთან“  სატელეფონო საუბარში.

მაღალმთიანი აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს გასული წლის შემოდგომის მიწურულს საცხოვრებელი სახლისა და მშობლიური მიწა-წყლის დატოვება მეორედ მოუწიათ. ამჯერად მიზეზი სტიქიური უბედურება არ გამხდარა, მათ სახლების დაცლა ბერძენმა მეპატრონეებმა აიძულეს.

2007 წელს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში გადასვლა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ეკომიგრანტებს თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, იმ პირობით, რომ ამ სახლების საფასურს მთავრობა უახლოეს პერიოდში  დაფარავდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მტკიცებით მთავრობამ სახლების საფასური მართლაც დაფარა. წალკის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით  წალკაში 2400-მდე ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული, სამინისტროს ბალანსზე კი მხოლოდ 571 სახლი ირიცხება.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ეკომიგრანტები

მკლავჭიდელი და პრეზიდენტი დოპინგის გამოყენებას უარყოფენ

გოჩა შავაძე
გოჩა შავაძე

გოჩა შავაძე: ჩვენ ახლახან, ინტერნეტით შევიტყვეთ, რომ თითქოსდა მერაბ კაკაბაძემ დოპინგტესტი ვერ ჩააბარა. თუ ეგ სიმართლეა, რატომ არ მივიღეთ ჩვენ, აჭარის მკლავჭიდის ფედერაციამ, ოფიციალური შეტყობინება ამის შესახებ და რატომ უნდა ვიგებდეთ ამას ინტერნეტით?!

 

 

გოჩა, თავიდან მოგვიყევი რა მოხდა

 

 

– როგორც გავარკვიეთ, 2010 წელს, ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე, მერაბმა დალია სასმელი, აი ისეთი, ენერგეტიკულს რომ უწოდებენ. ორი წლის შემდეგ გაარკვიეს, რომ თურმე მასში დოპინგის შემცველი ნივთიერება აღმოჩნდა. კი მაგრამ, რატომ აქამდე არ თქვეს?! დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თავად მერაბს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ამის შესახებ. თუ აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და სპორტსმენისთვის არ შეიძლება, მაშინ რატომ იყიდებოდა იქვე, დარბაზთან ახლოს?! კარგად ვიცნობ მერაბს, არანაირ დოპინგს ის არ იღებს.

 

 

გინდათ თქვათ, რომ გაურკვევლობას აქვს ადგილი?

 

 

– რა თქმა უნდა. გაიხსენეთ ჩვენი ძიუდოისტის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის ირაკლი ცირეკიძის შემთხვევა. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ისიც. მიიღო რაღაც საკვები, რომელიც დოპინგის მაგვარ ნივთიერებას შეიცავდა. ირაკლი უდანაშაულო რომ იყო, ეს დაამტკიცა კიდეც და ჩვენც დავამტკიცებთ, რომ კაკაბაძე დამნაშავე არ არის.

 

 

როდესაც დოპინგის გამოყენებაში სპორტსმენს ამხელენ, დისკვალიფიკაციის გარდა მას ტიტულების ჩამორთმევაც ემუქრება. მერაბი ხომ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია

 

 

– ისევ ცირეკიძის მაგალითს მოვიშველიებ. მან დაამტკიცა, რომ უდანაშაულოა და ტიტულებიც შეინარჩუნა. ასევე დავამტკიცებთ ჩვენ ჩვენს უდანაშაულობას.

 

 

კაკაბაძეს ორწლიან დისკვალიფიკაცია ემუქრება

 

 

– ამბობენ, რომ თითქოსდა დოპინგი მან 2010 წელს მიიღო, შესაბამისად, ორი წელი კი უკვე გასულია. ასე რომ, მერაბი ტურნირებზე გამოსვლას შეძლებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად არ ვიბრძოლებთ.

ჩვენ ველოდებით ოფიციალურ წერილს მკლავჭიდის საერთაშორისო ორგანიზაციიდან და მას შემდეგ სათანადო რეაგირება გვექნება – ჩვენს უდანაშაულობას დავამტკიცებთ.

 

 

სხვა რა სიახლეები გაქვთ?

 

 

– აჭარის ჩემპიონატისთვის ვემზადებით. პირველადგილოსნები კი საქართველოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. იმედია, ჩვენი სპორტსმენების უმრავლესობა ეროვნულ ნაკრებში მოხვდება. ამჟამად გვყავს ისეთი მკლავჭიდელები, რომლებზეც დიდ იმედს ვამყარებთ, კადეტთა შორის თაზო კონცელიძე, ახალგაზრდებში გიგა ჭაღალიძე და გოგიტა ხიმშიაშვილი; გოგონათა შორის მარინა ფუტკარაძე, დარინა ცეცხლაძე და ნინო მახარაძე ლიდერობენ, ასევე სტელა ჯიჯავაძე, რომელიც ახალბედაა, მაგრამ საკმაოდ პერსპექტიული. ასე რომ მათზე, და არა მარტო მათზე, დიდ იმედს ვამყარებთ. რაც ყველაზე სასიხარულოა, აჭარის მკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ორგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი თემურ ლიპარტაშვილი, სავარაუდოდ, მალე დაუბრუნდება დიდ სპორტს, ანუ თავადაც მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრებებზე. ეს კარგი მაგალითი იქნება ყველასთვის.

 

 

დარბაზის პრობლემა გქონდათ, ახლა რა ვითარებაა?

 

 

– სამწუხაროდ, ჩვენთვის დარბაზი არ გამოიძებნა. ბათუმში არსებულ ერთ-ერთ სპორტულ კლუბში ვარჯიშობენ ჩვენი სპორტსმენები, ზოგიერთი თავად იხდის საფასურს, ზოგიერთს ფედერაცია ეხმარება. არადა, ერთი პატარა დარბაზი რომ გვქონდეს, არ მოგვიწევდა მომთაბარეებივით ხეტიალი. წარმოიდგინეთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველ ადგილს ვიკავებთ და საკუთარი დარბაზი არ გვაქვს. ეს პრობლემა რომ არ გვქონდეს, მერწმუნეთ, შედეგი გაცილებით უკეთესი გვექნებოდა.

 

 

დაფინანსების საქმე როგორ გაქვთ?

 

 

– აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი გვაფინანსებს. ჩვენი მუდმივი პარტნიორი, ასე ვთქვათ, სპონსორი შპს „აღმშენებლობა“, მისი დირექტორი მურმან ბაკურიძე და ჩვენი ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი სულიკო ბაკურიძეა. „ბათუმელების“ საშუალებით მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

 

 

მერაბ კაკაბაძე: „ერთ-ერთ ტურნირზე ენერგეტიკული სასმელი დავლიე და როგორც გაირკვა, თან ორი წლის შემდეგ, მასში ყოფილა დოპინგის შემცველობა. ეგ რომ მცოდნოდა, მაგას როგორ გავეკარებოდი?! ცხოვრებაში წამალი არ დამილევია და რა დოპინგზეა საუბარი. მართალი რომ ვარ, მაგას დავამტკიცებ“.

„აკრობუმი წარსულია, აქცენტს ახალ თაობაზე ვაკეთებ“

– ამ გოგონების მომზადებისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, ყველაფერს ვასწავლიდი. სიმართლე გითხრათ, არ მინდა ამ თემაზე დავკონკრეტდე, ამდენწლიან შრომას წყალში რომ ჩაგიყრიან… თითქოს მე მათთვის არაფერი გამეკეთებინოს, უბრალოდ რომ ვთქვა, საწყენია და მეტი არაფერი. ტყუილად არაა ნათქვამი, მწვრთნელობა უმადური პროფესიააო. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და პასუხი საკუთარ თავს გასცეს. მეტს მათზე არაფერს ვიტყვი. ახლა ახალი თაობა მყავს, არანაკლებ ნიჭიერები, რომლებმაც უკვე მოიპოვეს არაერთი გამარჯვება.

 

 

  მაშინ ახლების შესახებ მოგვიყევით

 

 

– ორი გოგონათა წყვილი და ორიც შერეული წყვილი მყავს, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში ასპარეზობენ. ლანა ცეცხლაძისა და ლელა ქამადაძის დუეტმა – ისინი ერთი წელია ვარჯიშობენ – უკვე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. დეკემბერში მარნეულში ჩატარდა ღია პირველობა, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და ჩემმა აღსაზრდელებმა პირველი ადგილი დაიკავეს. დებმა – თამუნა და მარი სიხარულიძეებმაც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს. შერეულ წყვილთა შორის გაიმარჯვეს და-ძმა ლანა და ალეკო ბერიძეებმა. გიგა იმნაძისა და მილენა ჩარგეიშვილის წყვილიც ჩემპიონი გახდა.

 

კარგი თაობა მოდის და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელის ამაგს ისინი მაინც დააფასებენ. 31 წელია მწვრთნელობას ვეწევი, აქედან მხოლოდ 7 წელი გავატარე ტანვარჯიშში, 24 წლის განმავლობაში კი სპორტულ აკრობატიკაში ვავარჯიშებ ბავშვებს და არ მახსოვს თუნდაც ერთი წელი, რომ ჩემი მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონები არ გამხდარიყვნენ. ამის შემდეგ რომ გეტყვიან, ჩვენთვის არაფერი გაგიკეთებიათო…

 

 

ვხედავ, გულნატკენი ხართ ყოფილ მოსწავლეებზე?

 

 

– ეს ბუნებრივი რეაქციაა. თქვენ რა, კმაყოფილი იქნებოდით? მოდით, ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. როგორც გითხარით, საკმაოდ კარგი თაობა წამოვიდა და ამჟამად მთელი ყურადღება მათზე მაქვს გადატანილი. თუმცა კარგი იქნება, ჩვენ მიმართ მეტ ყურადღებას რომ იჩენდნენ.

 

 

რას გულისხმობთ?

 

 

– სპორტის დეპარტამენტი და სპორტსკოლის დირექცია გვეხმარება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ბავშვები ფორმებს საკუთარი ხარჯებით იძენენ. კარგი იქნება, თუ პატარა სპორტსმენებს ხშირად წაახალისებენ შეკრებებით, ფორმებით, მეტ ტურნირზე თუ გაუშვებენ. ეს, პირველ რიგში, სპორტის ამ სახეობის განვითარებას წაადგება.

 

 

მხოლოდ ეს რვა მოსწავლე გყავთ?

 

 

– არა, მათ გარდა არის კიდევ ათი ბავშვი. არიან მსურველები, რომლებსაც ვარჯიში უნდათ. უარს არ ვამბობ, თუმცა მალევე ვხვდები, ვის რა შესაძლებლობა აქვს. ყველას თავისი პროგრამის მიხედვით ვავარჯიშებ. იმედია, ჩემს მოლოდინს ეს თაობა გაამართლებს.

 

 

 

 

 

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

თაკო შოთაძე

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე, მინისტრი გიორგი თავართქილაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოფელ ხუცუბანში, ფილების ქარხანაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრი ამბობს, რომ საწარმო ,,ლეგის“ ფუნქციონირება არ შეუწყვეტია:

 

„ის საწარმო ერთი კვირის წინ მოვინახულე და მილიონის ნაცვლად, რვა მილიონის ინვესტირება აქვთ გაკეთებული. ტელევიზიით როცა  ვნახე, რომ პრეზიდენტი იმ საწარმოს დახურვაზე საუბრობდა, სადაც მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი, გავოგნდი. საწარმო არ გაჩერებულა, უბრალოდ ამ ეტაპისთვის ისვენებს, რადგან მას დამზადებული აქვს მილიონი ლარის პროდუქცია. ეს მხოლოდ სეზონური მოვლენაა და ზამთრის დასრულებისთანავე მუშაობას განაახლებს“.

 

საწარმო „ლეგ-“ში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: ,,ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ვიღაცეებმა სააკაშვილის ხუშტურები უწოდეს, ახლა შეჩერებულია. ობიექტებზე სადაც დასაქმებული იყო 7-8 ათასი ადამიანი, ახლა გაჩერდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უამრავი ადამიანი ლუკმა-პურის გარეშე დარჩა’’.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები უმაღლეს საბჭოზე: „ისინი ლაპარაკობენ, ჩვენ ვუსმენთ”

„ჩვენ ამ შეხვედრებზე დავდივართ, რადგან პროექტი გვაქვს. ჩვენი საკანონმდებლო ჩართულობის პროგრამის ოფიცერი კი მონიტორინგს უწევს უმაღლესი საბჭოს მუშაობას. სხვა არასამთავრობოებმა უარი თქვეს და ვფიქრობ სამართლიანად, იმიტომ, რომ არ ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება. ავთანდილ ბერიძეს შეიძლება მიაჩნია, რომ ეს შეხვედრები არის ჩართულობის და გამჭვირვალობის პიკი, მაგრამ რეალურად ამას არანაირი შედეგი არ აქვს“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ირინე ურუშაძე.

 

ირინე ურუშაძის აზრით მსგავსი შეხვედრები იმ შემთხვევაში იქნება შედეგის მომტანი, თუ  ბრიფინგის სახე არ ექნება: „ბოლო შეხვედრის დროს ყველაფერზე ავთანდილ ბერიძემ ისაუბრა და აზრიც არ ჰქონდა დისკუსიაში შესვლას. ეს შეხვედრები დაახლოებით ორშაბათის ბრიფინგებს ჰგავს და ჩართულობის განცდა არა გვაქვს. უსკოს კანონთად დაკავშირებით რომ მუშაობდნენ, დისკუსია გაიმართა ერთხელ და რატომღაც ჩათვალეს, რომ ჩართულობის ყველა შესაძლებლობები ამოწურეს. როცა შევთავაზეთ, რომ დრო მიეცათ მეორე მხარისთვისაც, სეპარატისტული განცხადებები გააკეთეს: „ჩვენ აჭარა ვართ, თვითონ გადავწყვეტთ და რატომ უნდა ვკითხოთ“ სხვა.

 

გენო გელაძე, „დემოკრატიის ინსტიტუტი“: „არ ვთვლი, რომ მთლად ფორმალური ხასიათისაა ეს შეხვედრები, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც აქვს აზრი. ჩვენს შემთხვევაში ეს თანამშრომლობა შედგა, ვგულისხმობ აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებულ განხილვებს. ინდიფერენტულობა ალბათ ბოლო საკანონმდებლო გადაწყვეტილებამაც გამოიწვია, როცა საერთოდ არ გაითვალისწინეს არასამთავრობოების მოსაზრებები. არასამთავრობოებთან შეხვედრების ჩართულობის მექანიზმები შესამუშავებელია. მარტო პრეზენტაციების ფორმით კი არა, სამუშაო შეხვედრაზე რომ მიიწვიონ, ინტერესიც მეტი იქნება და უფრო ხშირადაც ივლიან. ფორმატი არ არის ეფექტურად განსაზღვრული“.

 

გენო გელაძის თქმით, უმაღლესი საბჭოს ანგარიშების გაცნობა ვებგვერდიდანაც არის შესაძლებელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის გია ქარცივაძის თქმით, შეხვედრები კარგია, თუმცა ფორმატზეც უნდა იფიქრონ: „ისინი ლაპარაკობენ, ჩვენ ვუსმენთ. შეხვედრა შეხვედრისთვის უფრო არის, თუმცა, ჩვენ მაინც დავდივართ ამ შეხვედრებზე“.

გიორგი კირთაძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა

ცაგო კახაბერიძე

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძის საჩივარი საკრებულოს 2 თებერვლის  ადმინისტრაციული აქტის შეჩერების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

 

კირთაძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა მისი იმპიჩმენტისა და  ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს, კანონმდებლობის უხეში დარღვევით ჩატარდა.  „სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩვენი მოთხოვნა არ არის მთლად სამართლიანი და მე ვფიქრობ რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილებ. დღეს მოვიფიქრებთ და გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა საქმეს სხვა ინსტანციაში“- განაცხადა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში ორი ფრაქცია ექნება

ცაგო კახაბერიძე

 

დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ ნოდარ დუმბაძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში  ორ ფრაქციად გაიყოს, მათ შორის ერთ-ერთს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე უხელმძღვანელებს. 

ზაურ ფატლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან გარიცხეს

ცაგო კახაბერიძე

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან  ზაურ ფატლაზე  გარიცხეს.  ამის მიზეზი 2 თებერვალს საკრებულოს რიგგარეშე სდომაზე დასწრება და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძის იმპიჩმენტის  საკითხზე ხმის მიცემა გახდა.  ზაურ ფატლაძემ კი განმარტა, რომ  ფრაქციიდან წავლაზე მან განცხადება დღეს დილით თავად დაწერა.

ნოდარ დუმბაძე

„წინა დღით შეიკრიბა „ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია, ჩატარდა სხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს სხდომაზე, სადაც გიორგი კირთაძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დასმულიყო, დავრჩებოდი მხოლოდ მე და დავაფიქსირებდი ჩვენს საპროტესტო მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რიგგარეშე სხდომა იყო არაკანონიერი. ამის შემდეგ ვაპირებდი საკრებულოს სხდომის დატოვებას პროტესტის ნიშნად. როდესაც უკვე ჩემი სიტყვა დავამთავრე და უკან მოვბრუნდი დავინახე, რომ ჩემი უკვე ყოფილი ფრაქციის წევრი ესწრებოდა სხდომას. შემდეგ კი როდესაც მე საკრებულოს სხდომა დავტოვე, მან არ დატოვა.  მისი ამ საქციელით დაირღვა ფრაქციის ქესდება.“ – ასეთი  განუმარტება გააკეთა დღეს საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარემ ნოდარ დუმბაძემ ფატლაძის გარიცხვასთან დაკავშირებით.

ზაურ ფატლაძე

ზაურ ფატლაძის განმარტებით კი ფრაქციამ მისი განმარტებების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება: „კარგი  იყო ჩემთვის მოესმინათ, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, მე არ ვაპროტესტებ ამას, მაგრამ ამავე დროს მინდა გაცნობოთ, რომ დღეს დილით მე დავწერე განცხადება და ფრაცია დავტოვე. ამის შესახებ ვაცნობე ფრაქციის თავმჯდომარეს, მაგრამ ვაგრძელებ მუშაობას საკრებულოში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით.“

„ცესკოს უფლება არ აქვს რაიმე მოგვთხოვოს“

„ეს კანონი მიღებულია არა კანონის გაუმჯობესების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ მოქმედი წევრები ახლით ჩაანაცვლონ. მე პირადად 2016 წლამდე მაქვს ვადა და უსკოს წევრების გადაყენების წესიც კანონით არის განსაზღვრული“- აცხადებს აჭარის უსკოს თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე.

 

არჩილ მიქელაძის განცხადებით, მიუღებელია უსკოს წევრთა დაკომპლექტების წესიც: „კომისიის წევრებს წარადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები ან პოლიტიკურ პარტიები. ახლანდელი წევრები კი პროფესიული ნიშნით არიან შერჩეული. არჩევნების დროს კომისიის შემადგენლობა ცამეტამდე იზრდება და გამოდის რომ ცამეტკაციანი შემადგენლობა სულ პარტიული ნიშნით იქნება შერჩეული. ეს ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს“. 

 

 

არჩილ მიქელაძე ამბობს, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და მას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ამ კანონის ნაჩქარევად მიღება არ იყოს საჭირო, რადგან ქვეყანაში მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე მუშაობა და ერთიანობაში მოხდებოდა ეს ცვლილება“. – ამბობს მიქელაძე.

 

უმაღლესი საბჭის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე ცესკოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შემდეგნაირად პასუხობს:

 

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში წერია, „მოვითხოვთ“,- აი ეს არის ზეწოლა. ცესკო თავს უფლებას აძლევს, არჩეული ლეგიტიმური ორგანოდან რაღაც მოითხოვოს. ეს ხარატიშვილის არაკომპეტენტურობის ბრალია. იმიტომ, რომ მან არ იცის რა არის აჭარის უმაღლესი საბჭო, კონსტიტუცია და ის, რაზე ვართ უფლებამოსილი“.

 

ავთანდილ ბერიძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექსების წესი, შესაძლებელია განსხვავებული იყოს ქვეყნის ძირითადი კანონისგან: „იმიტომ, რომ ამ არჩვენებს ჩვენ ვატარებთ“. თუ ვინმე ეჭვს შეიტანს ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, ამისთვის არსებობს სასამართლო და თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ არაკონსტიტუციურია ჩვენს მიერ მიღებული კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით.“

„ბათუმი ყველაზე ნაკლებად სეისმური რეგიონია“

რა იწვევს მიწისძვრას და რა პროცესები მოჰყვება მას; რა ინტერვალია მიწისძვრიდან მიწისძვრამდე? – ამ თემაზე „ბათუმელები” სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს ესაუბრა.

 

ზურაბ ჯავახიშვილი, სეისმოლოგი
ზურაბ ჯავახიშვილი, სეისმოლოგი

 


ბატონო ზურაბმოსახლეობა განსაკუთრებით შეაშფოთა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მიწისძვრა დაფიქსირდა შავ ზღვაში, შეგიძლიათ აგვიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?

 

 

მთლიანად კავკასია, შავი ზღვის ტერიტორია,  ტექტონიკურად აქტიური რეგიონია. ეს არის ეგრეთწოდებული კონტინენტური შეჯახების ზოლი, ალპებიდან დაწყებული ჰიმალაებამდე. ამ ზოლში ხვდება მთლიანად კავკასია და მათ შორის საქართველო, ასევე შავი ზღვაც.  მიწისძვრა ხდება შავ ზღვაშიც, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს სანაპიროსთან ახლოს ასეთი ძლიერი მიწისძვრა იშვიათია. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ რაც ინსტრუმენტული დაკვირვება არსებობს, აქ ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ ყოფილა. მიწისძვრები დაფიქსირდა 1935, 1949, 1953 წლებშიც, ოღონდ უფრო სუსტი ან საშუალო სიძლიერის, რომელთა მაგნიტუდა 4, 6, 8 მეათედი იყო.

 

ეპიცენტრების  რუკას რომ დავაკვირდეთ, ზღვაზე მიწისძვრა ფიქსირდებოდა, თუმცა გაცილებით  უფრო სუსტი.  23 დეკემბერს კი ექვსი მაგნიტუდა დაფიქსირდა. 25 დეკემბრიდან – 26 დეკემბრამდე ღამით მოხდა განმეორებით მიწისძვრა.  საერთოდ, მომდევნო ბიძგები ასეთ ძლიერ  მიწისძვრას თან ახლავს. მათ „აფთერშოკებს“ ვუწოდებთ, ანუ ეს არის შემდგომი ბიძგები.

 

 

მარტივად რომ აგვიხსნათ, რა არის მიწისძვრა, რა პროცესია და რა იწვევს მას?

 

 

მიწისძვრა უკავშირდება აქტიურ რღვევებს, შავი ზღვის ტექტონიკურ რუკაზე ნახავთ, რომ შავ ზღვაში ორი ქვაბულია, აღმოსავლეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთის ქვაბული საქართველოს სანაპიროსთან ახლოს არის და მას მოსდევს წყალქვეშა მთები. დაახლოებით იქ მოხდა  მიწისძვრა, რომელზეც ვსაუბრობთ. ეს იყო დაახლოებით  ფოთიდან ოდნავ ჩრდილო აღმოსავლეთით, 40 კილომეტრზე, სადაც ზღვის სიღრმე დაახლოებით კილომეტრნახევარია. ზოგადად მიწისძვრას იწვევს დედამიწის ქერქის მოძრაობა, ლითოსფერო (დედამიწის ქერქი), ასე ვთქვათ, დამსხვრეულია და ეს ნამსხვრევები მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ, აი ეს იწვევს მიწისძვრას.

 

 

საქართველო სეისმურად აქტიური რეგიონია?

 

 

კავკასია საერთოდ სეისმურია, მაგრამ ყველა რეგიონი ერთნაირად არა. თუ მარტო საქართველოს ავიღებთ, აქაც გაცილებით უფრო აქტიურია კავკასიონი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები და ჯავახეთის ზეგანი. აქ გაცილებით უფრო ხშირად ხდება მიწისძვრა. შავი ზღვა, როგორც გითხარით, ნაკლებად აქტიურია.

 

 კავკასია მიიჩნევა საშუალო სეისმოლოგიიური აქტივობის მქონე რეგიონად, ძლიერი მიწისძვრა ხდება, მაგრამ იშვიათად. მთავარია ასევე ძლიერ მიწისძვრებს შორის ინტერვალი, რაც საქართველოში საკმაოდ დიდია. კავკასიაში ხშირად ხდება ისეთ ადგილზე მიწისძვრა, სადაც თითქოს არ მომხდარა ან ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და ჩვენ  არ გვაქვს ცნობები მასზე. ზუსტად ასევეა შავ ზღვაშიც, გარკვეული სეისმური აქტივობა იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სეისმური დაკვირვება არსებობს, იმ პერიოდში იქ ასეთი მიწისძვრა არ მომხდარა.

 

 

რა განაპირობებს რეგიონის სეისმურობას?

 

 

დედამიწის ქერქის მოძრაობა, აი მაგალითად, არაბეთის ნახევარკუნძული მოძრაობს ჩრდილოეთისკენ და აწვება ევრაზიის ფილაქანს. წარმოიდგინეთ, რუსეთის ფილაქანს ქვემოდან არაბეთის ფილა აწვება, მათ შორის მოქცეული ტერიტორია განიცდის დეფორმაციას, აი ეს მოძრაობა იწვევს მიწისძვრას. მარტივად და უხეშად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ ხის ჯოხი რომ გავღუნოთ, ბოლოს ხომ გატყდება?! აი ეს არის მიწისძვრაც. დაახლოებით ასეა დედამიწის ქერქი, ის განიცდის დეფორმაციას და როცა დაძაბულობა მიაღწევს  ზღვარს – გატყდება.

 

 

ამის შემდეგ რა პროცესი მიდის?

 

 

შემდეგ ეს პროცესი გარკვეული დროით გრძელდება და წონასწორობის მდგომარეობას უბრუნდება. მაგალითად, ასეთი მიწისძვრის შემდეგ, ეს „აფთერშოკები“ გაგრძელდება რამდენიმე კვირას, ან  ერთი-ორი თვე და შემდეგ ჩაცხრება ყველაფერი. ახლა ისეთი მიწისძვრები ხდება, რომელსაც მარტო აპარატურა აფიქსირებს, ანუ მიილია ეს პროცესი და ნელ-ნელა ჩაწყნარდება. რა თქმა უნდა, თუ მიწისძვრა უფრო ძლიერია, პროცესი შეიძლება წლობით გაგრძელდეს, მაგალითად, 1991 წელს რაჭა-იმერეთში მომხდარი მიწისძვრა უფრო ძლიერი იყო და „აფთერშოკებიც“ დიდხანს გრძელდებოდა.

 

 

  ძლიერ მიწისძვრებს შორის ინტერვალი რაზეა  დამოკიდებული?

 

 

ამისი პროგნოზირება შეუძლებელია. არასტაციონალური პროცესია მიწისძვრა, ამიტომ ინტერვალი ზუსტი არ არის.

 

 

როგორ ხდება პროცესის შესწავლა?

 

 

მიწისძვრას მოყვება მთელი გუნდი მომდევნო მიწისძვრებისა, როგორც ამ შემთხვევაშიც მოხდა. შემდგომ მიწისძვრებზე დაკვირვება გვაძლევს ძალიან დიდ ინფორმაციას. მიწისძვრა ხდება დაახლოებით 15-20 კილომეტრ სიღრმეზე. 23 დეკემბრიდან დღემდე ამ ადგილას ასზე მეტი მიწისძვრა მოხდა. სამი დღის შემდეგ შავი ზღვის სანაპიროზე დამატებით სეისმური სადგურები გავხსენით და ახლა დამუშავდება ეს ყველაფერი, რომელიც აი ამ ადგილში, ანუ ზღვაში დედამიწის ქერქის და ამ რღვევის შესახებ მოგვცემს ინფორმაციას, რის შემდეგაც უფრო ზუსტად შევძლებთ ვთქვათ, რა სახის მოძრაობებია, რა იწვევს ამ მიწისძვრას.

 

 

ადამიანებს დღემდე დღემდე აქვთ შიში მიწისძვრის გამეორების…

 

 

ვინც შფოთავს, მათ მინდა ვუთხრა, რომ საქართველო და კავკასია სეისმურად აქტიური რეგიონია, აქ მიწისძვრები ხდებოდა წარსულშიც. არსებობს ამის ისტორიული მონაცემები. ცნობილია, რომ  ტაძრები და ციხესიმაგრეებიც დაუნგრევია მიწისძვრას საქართველოში, ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც მიმდინარეობდა და მომავალშიც გაგრძელდება, ამიტომ ნუ ექნებათ ასეთი დამოკიდებულება. საბედნიეროდ ეს არის საშუალო სეისმოლოგიის მქონე ტერიტორია.

 

 

თუ განსაკუთრებით აჭარაზე, ბათუმზე, ვისაუბრებთ, შემიძლია უფრო დაგამშვიდოთ – ის ყველაზე ნაკლებად სეისმური რეგიონია საქართველოში.

 

 

 

 

ახალი ველოტერმინალები ბათუმში

ქალაქის ქუჩებში 12 ახალი ველოტერმინალი დაიდგა.
მუნიციპალური ველოსიპედებისთვის ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე 12 ველოტერმინალი დაიდგა. ახალი ტერმინალები ბენზესა და აეროპორტის დასახლებებში, გორგილაძის, ხიმშიაშვილის (იუსტიციის სახლთან) და მელიქიშვილის (6 მაისის პარკთან) ქუჩებზე გადანაწილდა. 12-ვე ტერმინალის სამონტაჟო სამუშაოები დასრულებულია და სრული დატვირთვით მოქმედებს.

 

დღემდე ქალაქში მხოლოდ 10 ველოტერმინალი მოქმედებდა, რომლებიც ზღვისპირა პარკის გასწვრივ იყო დამონტაჟებული.
სამომავლოდ, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე კიდევ 8 ტერმინალი დაიდგმება.

 

მომზადებულია ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ პრესრელიზზე დაყრდნობით.

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა

რამსარის კონვენცია ერთადერთი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ეკოსისტემას განსაზღვრავს  ეროვნულ ქმედებებს  და საერთაშორისო  თანამშრომლობის საკითხებს ჭარბტენიანი ტერიტორიების რესურსების კონსერვაციისა და გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად.

1997 წლის შემდეგ,  ყოველწლიურად, სახელმწიფო სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში მონაწილეობენ, რაც ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და ზოგადად რამსარის კონვენციის მნიშვნელობას ეხება.

 

 

ჭარბტენიანი ტერიტორიები ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების წყაროებს სახეობების, გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე; გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით; ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის; მისი მზარდი ხელყოფა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს და ეკოსისტემას; უნდა მოხდეს  მისი აღდგენა სადაც ეს შესაძლებელი; საჭიროა მოხდეს  მისი კონსერვაცია გონივრული გამოყენების მიზნით

 

 

 

საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია:  ცენტრალური კოლხეთის ჭაობები (მოიცავს იმნათის, ნაბადასა და ჭურიის ჭაობებს, პალიასტომის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიებს);  ისპანის ჭაობი (მოიცავს ქობულეთის აღკვეთილსა და ნაკრძალს).

 

 

 

თუ არ იქნება სამართალი, ვერ იქნება მშვიდობა!

ზურაბ ცისკარაძე, ბიზნესმენი

 

ზურაბ ცისკარაძე
ზურაბ ცისკარაძე

კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. მან ხალხის მხარდაჭერა და პოლიტიკური დივიდენდები ამ დაპირებით მიიღო. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენა მისი პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილი უნდა გახდეს.

 

2004 წლიდან ვიბრძვი წართმეული ქონებისა და ბიზნესის დაბრუნებისათვის. წინა ხელისუფლების დროს არ დამიტოვებია არც ერთი ორგანო, სადაც არ მიმემართოს, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტი  სამ წელზე მეტია არაფრის მთქმელი მიმოწერით არის დაკავებული.

 

შპს „აირი“, რომლის  დამფუძნებელი  და დირექტორი ვიყავი, აზერბაიჯანიდან თხევადი გაზის იმპორტს და მის საცალო-საბითუმო რეალიზაციასა ეწეოდა. 2003 წლის 5 სექტემბერს აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის დროებითი მოწმობის საფუძველზე დაიწყო შპს „აირის“ კომპლექსური შემოწმება. სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმებაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის ინსპექტორები და აჭარის უშიშროების სამინისტროს თამანშრომლები.

 

საგადასახადოს ინსპექტორი ა. კახიძე თავის ჩვენებაში წერს: „აღვნიშნავ, რომ ჩემთან ერთად შემოწმებაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის უშიშროების სამინინისტროს წარმომადგენლები და ყველა ციფრი, რომელიც ფიქსირდებოდა, მათ მიერ კონტროლზე იყო აყვანილი“.  შემოწმების შედეგად საურავებისა და ჯარიმების სახით, გადასახდელად 666 878 ლარი დაგვარიცხეს. ეს დავალიანება გამოიწვია იმან, რომ შემმოწმებელმა საბითუმო ფასად გაყიდული გაზი საცალოდ რეალიზებულად ჩაგვითვალა, რადგანაც მყიდველებზე არ გვქონდა გამოწერილი ანაგრიშ-ფაქტურები  და   ვერც გამოვწერდით,  რადგანაც  2002-2003 წლებში აჭარაში რეგისტრირებული გადამხდელები აქციზური საქონლის ანგარიშ-ფაქტურებს ვერ იღებდნენ.

 

 

ამ ფაქტის დადასტურება მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი. 2012 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მივიღე წერილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 2002 წელს აჭარაში რეგისტრირებულ გადამხდელებზე დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა  გაცემულია ერთი ცალი, ხოლო 2003 წელს – არც ერთი.

 

ეს ფაქტი კარგად იყო ცნობილი აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის, ჯუმბერ გოგიტიძისთვის, მაგრამ შემოწმების აქტი მან მაინც გადასცა აჭარის პროკურატურას. მისი პირდაპირი მოვალეობა იყო ანგარიშ-ფაქტურებით ჩვენი მომარაგება. თუმცა რადგანაც ის უკანონოდ, შეთავსებით ს.ს. „აჭარგაზის“ მმართველიც იყო, კონკურენტის ჩაძირვის უმოკლესის გზა აირჩია. სამართალი ურმით დადისო და იმედი მაქვს, აჭარის პროკურატურის ახალი შემადგენლობა, რომელსაც განცხადებით მივმართე, ამ „ურემს“ სწრაფად შეაჩერებს სამართლიანობის კარიბჭესთან. 

 

ვთვლი, რომ სამართლიანობის აღდგენის აუცილებელი პირობაა დამნაშავეების გამოვლენა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ასევე რეპრესირებულთა უფლებებისა აღდგენა. თუ ახალი ხელისუფლება დამნაშავეებს დაუსჯელად დატოვებს, ის ვერ მოიპოვებს ხალხის ნდობას და მის თვალში უსუსტეს და უპრინციპო ხელისუფლებად დარჩება. უნდა დადგეს დრო, როდესაც ყოველ მომდევნო ხელისუფალს ეცოდინება, რომ ნებისმიერი სერიოზული გადაცდომისთვის უმკაცრესად აგებს პასუხს მართლმსაჯულების წინაშე. 

 

სამართლიანობის აღდგენასთან ერთად არა ნაკლებ მტკივნეულ საკითხად მიმაჩნია, ახალი ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურებში კადრების დასაქმების პოლიტიკა. გამარჯვებულ კოალიციაში შემავალი პარტიები თავისი აქტივისა და ნათესავ-მეგობრების დასაქმებით არიან დაკავებული.  მათ მინდა შევახსენო, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5% გაერთიანებული და დარწმუნებით ვამბობ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს. ასეთ პოლიტიკას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა – „ნადავლის გადანაწილება“.

 

ქართული პოლიტიკა აუცილებლად საჭიროებს ახალ სახეებს, არა ათას პარტია გამოცვლილი ე.წ. „პარტიული აქტივის“ სახით, არამედ თუნდაც ისეთ პიროვნებებს, ვინც წარმატებული იყო და არის კერძო სტრუქტურებში. საქმის მკეთებელი ხალხი უნდა დასაქმდეს და არა მხოლოდ პარტიული აქტივი. ხელისუფლების უმთავრეს მოვალეობად კი მიმაჩნია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, დასაქმების ყველა მსურველთათვის თანაბარი პირობების შექმნას.

ბულვარში ფიჭვის ხეებს თხრიან

ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნარგავებისთვის ახალი ტერიტორია უკვე გამოიყო, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ამოგლეჯილი ხეების დიდი ნაწილი განადგურდება. „ეს საკმაოდ დიდი ხეებია, გადარგვას ალბათ ვეღარ გაუძლებს და გახმება“-ამბობს, მშენებლობაზე მომუშავე ერთ-ერთი პირი.

ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელის, თემურ ბერიძის განცხადებით კი, ამოგლეჯილი ნარგავებისთვის მერიამ ახალი ტერიტორია უკვე გამოყო, „თუმცა იქ ალბათ ასამდე ნარგავი თუ დაეტევა“. თემურ ბერიძის თქმით, ზუსტად არ იციან, ადგილმონაცვლეობის გამო, რამდენი ფიჭვისა თუ ნაძვის ხე შეიძლება გახმეს.

ახალი კოლექტორის მშენებლობაზე თურქული კომპანია „ტეკევ ინშაათი“ მუშაობს, მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კოლექტორის პროექტი მერიაშია შედგენილი და დაზიანებული ნარგავების გამო პასუხიც მათგან უნდა მივიღოთ.

როგორც მერიაში აცხადებენ, ბულვარის ადმინისტრაციას ხეების ამოღების თაობაზე ოფიციალური ნებართვა ჯერ არ გაუცია, თუმცა სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. „როგორც მერიაში გვითხრეს, თითოეულ დაზიანებულ ხეზე პასუხისმგებელი არის მერია. ის ხეები რომელიც გადარგვას ექვემდებარება, დაახლოებით 40-მდე ხეა ასეთი, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაირგვება, დანარჩენზე ვერ გეტყვით“-ამბობს, ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, გია ბაღოშვილი.

ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პაატა აცინბა აცხადებს: „ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ბულვარის ადმინისტრაციას, მაგრამ ნებართვა ვერ მივიღეთ. სამ მილიონნახევრიან პროექტს ათი ძირი ხის გამო ვერ გავაჩერებ, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და რა ვქნა“.

ბათუმში ახალი რეფერალური კლინიკა გაიხსნა

ახალი კლინიკა
ახალი კლინიკა


სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეს ბათუმში, ბაგრატიონის #125 ნომერში ახალ საავადმყოფო გაიხსნა. 

„ალდაგის ბისიაის“ შვილობილი კომპანიის მიერ გახსნილი საავადმყოფო, როგორც კლინიკის მესაკუთრეები აცხადებენ, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, აღჭურვილია უახლესი აპარატურით და გათვლილია 110 საწოლზე. 

 

კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, „საავადმყოფო დაკომპლექტებულია 350-ზე მეტი კვალიფიციური მედპერსონალით, მოსახლეობას ადგილზე შეუძლია ნებისმიერი სახის ჰოსპიტალური, ამბულატორიული და პრეჰოსპიტალური სერვისების მიღება. ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს შესაქმნელად 18 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება“.

საავადმყოფოს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

მირზას ჩვენი დახმარება სჭირდება

ეთერ თურაძე

 

0901500513 – ეს მირზას ანგარიშის ნომერია. მირზა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, ბათუმში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ, ოქტომბერში, ექიმებმა დაადგინეს, რომ მას ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდება. დიაგნოზი თბილისში დაუსვეს. ინფორმაცია მშობლებისთვის შოკის მომგვრელი იყო და გაუჭირდათ ამის დაჯერება. ბიჭი სასწრაფოდ სტამბულში წაიყვანეს.

 

 

თურქი ექიმების დიაგნოზიც იგივე აღმოჩნდა.

 

 

 

თურქეთში მირზას მშობლებს უთხრეს, რომ ოპერაციას, დონორის ჩათვლით, 300 ათასი ევრო სჭირდება. მირზა მშობლებთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა.

 

 

თბილისში მათ განუმარტეს, რომ იტალიის შესაბამის კლინიკასთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და იქ უფრო იაფად შეიძლება ოპერაციის გაკეთება. მირზას ოპერაციისთვის იტალიაში, დონორის ჩათვლით, 150 ათასი ევროა საჭირო.

 

 

ჯანდაცვის სამინისტრომ მირზასთვის 20 ათასი დოლარი გამოყო. მათ სხვებიც დაეხმარნენ. მირზას დედა ამბობს, რომ ახლა 30 ათას დოლარამდე აქვთ მირზას ანგარიშზე. აპირებენ გაყიდონ ბინაც, სადაც ახლა ცხოვრობენ და ჯამში შეიძლება 60 ათასი დოლარი გამოუვიდეთ.

 

 

მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც 11 წლის ბიჭის გადარჩენას სჭირდება.

 

 

მირზას დედამ გასულ ორშაბათს დამირეკა. ითხოვა, როგორმე მივაწვდინო მისი ხმა საზოგადოებას.

 

 

მგონი ღირს ეს ნომერი – 0901500513 – თქვენც იცოდეთ. თუ მაგთის, ბილიანის ან ჯეოსელი-ლაილაის ტელეფონებიდან ამ ნომერზე ზარს გაუშვებთ, 1 ლარი მირზას ანგარიშზე ჩაირიცხება. აქვე ვწერ მირზას დედის ტელეფონის ნომერსაც – ვისაც 1 ლარზე მეტით შეგიძლიათ შეეწიოთ, მას დაუკავშირდით ტელეფონზე – 593 42 70 55;

 

 

მგონი, სხვისი გასაჭირის გაზიარებას, სოლიდარობას, საქართველოში ნელ-ნელა ვსწავლობთ. სალიდარულობის მაგალითია ის, რაც დიტო ცინცაძესთან დაკავშირებით მოხდა. ჩემმა კოლეგამ, მერაბ მეტრეველმა, დიტოს დახმარების თხოვნით საზოგადოებას „მაესტროს“ ეთერით ახალ წლამდე მიმართა. დიტოს 150 ათასი ევრო სჭირდებოდა. თანხის ნაწილი შეგროვდა და დიტო ახლა გერმანიაშია. დიტოს ანგარიშზე თანხა მიხეილ სააკაშვილმაც გაიღო. სოლიდური თანხა შესწირა ბიძინა ივანიშვილის ფონდმაც. 

 

 

მეუბნებიან, რომ დიტოს შემთხვევა არ შეიძლება განვიხილო, როგორც საზოგადოების სოლიდარობის მაჩვენებელი, რადგან მას ბევრი გავლენიანი თუ არა ცნობილი მეგობარი ჰყავს – მისი მხარდაჭერის კამპანიაში ბევრმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. მოამზადეს კლიპი, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, ანუ საზოგადოების ემოციებზე იმოქმედეს და მხოლოდ ამიტომ გაიღვიძა საზოგადოებაში სოლიდარობამ. მირზას ოჯახი კი ამ შესაძლებლობას მოკლებულია.

 

 

მაგრამ იმას თუ გავიხსენებთ, რომ „საქართველოს ვარსკვლავის“ ფინალურ კონკურსზე 175 ათასზე მეტი სმს შევიდა, რომელიც ასევე 1 ლარი ღირდა, სულაც არ მგონია წარმოუდგენელი, რომ საზოგადოება მისთვის უცნობი მირზას მიმართაც არ დარჩეს გულგრილი. მართალია, გზავნილი „საქართველოს ვარსკვლავში“ პირადი სიამოვნებისთვის გაღებული თანხა იყო, რომელიც ადამიანებმა ამ შოუსგან მიიღეს, მაგრამ 11 წლის ბიჭის გადარჩენაში მონაწილეობა, მგონი ნებისმიერ შოუზე უფრო მეტად სასიამოვნო იქნება.

 

 

მირზას  ჩვენი სოლიდარობა სჭირდება – 0901500513

ბათუმის მერობის გამოცხადებული კანდიდატი

 

ზურაბ პატარაია

 

 

ბატონო ზურაბ, თქვენი თქმით, მერის თანამდებობაზე თქვენი დანიშვნის საკითხი გადაწყვეტილია, კონკრეტულად რომელმა ჯგუფმა დაგასახელათ კანდიდატად?  

„რესპუბლიკელებმა“, რადგან წინა არჩევნებზე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში. ბევრი საუბარი იყო, საერთო მსჯელობა. კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებისთვისაც მისაღები ვიყავი.

 როგორც ვიცით, მერობის კანდიდატად „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატიც განიხილებოდა. თქვენი უპირატესობა რა იყო?

რა ვიცი, მე მგონი კარგი ადამიანი ვარ, სანდო… როცა მაგიდაზე ბევრი ვაშლი დევს, რატომ ირჩევ იმ ერთს? არის რაღაც ნიუანსები.

 ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიცაა ქუჩების რეაბილიტაცია. როგორც მერიაში გვითხრეს, „ჭაობის“ უბნის რეაბილიტაცია მინიმუმ ერთი წლით მაინც გადაიდო, როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხზე?

ის პროექტები, რომლებიც ბათუმის განვითარებაზე იყო ორიენტირებული, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მათ შორის წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია. სანამ ეს არ დასრულდება, ისე ქუჩებს ვერ დავაგებთ. მქონდა შეხვედრა გერმანულ კომპანიასთან და ვთხოვე კიდეც, რომ რეაბილიტაციის დროს მოსახლეობის დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირებული იყოს.

თქვენ მუშაობთ „ბათუმის წყალში“. ეს ის კომპანიაა, რომლის მიმართ მოსახლეობას ხშირად აქვს პრეტენზიები უწყლობასა და წყლის ხარისხთან დაკავშირებით.  რამდენად სამართლიანია ეს პრეტენზიები და როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

ეს იმიტომ, რომ სისტემაა მოძველებული, ამას ობიექტური მიზეზი აქვს, მაგრამ იცვლება სისტემა და წყლის ხარისხიც გაუმჯობესდება. მე პირადად ამ წყალს ვსვამ.

ამჟამინდელი მერის, ჯემალ ანანიძის საქმიანობას როგორ შეაფასებთ, არის იმის აუცილებლობა, რომ თანამდებობიდან გადადგეს? 

როგორც პიროვნებაზე, არ არის აქ საუბარი. მე ამ საკითხს პოლიტიკური კუთხით განვიხილავ. არჩევნები ჩატარდა, შეიცვალა ძალთა თანაფარდობა და შეიცვალა მიმართულებაც. მერი უნდა გამოხატავდეს არჩევნების შედეგს.

 ხომ არ სჯობდა არჩევნებს გადაეწყვიტა თვითმმართველობის საკითხიც და არა „ქართულ ოცნებას“?

ხალხმა შეცვალა ხელისუფლება, თვითმმართველობაც ხომ ხალხის რჩეულია.

 ბიუროში რა რეჟიმში მუშაობთ – ძირითადად რის თაობაზე მოდიან მურმან დუმბაძესთან შესახვედრად ადამიანები, გადაუწყვიტა თუ არა რომელიმე მოქალაქეს პრობლემა? 

არჩევნების შემდეგ რვა ათასამდე ადამიანმა მოგვმართა. ზოგიერთი განცხადებით მოდის, ზოგიც სიტყვიერად მოგვმართავს. ძირითადად დასაქმების პრობლემასა და უსამართლობაზე. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებს ვაძლევთ.

მურმან დუმბაძის რეკომენდაციით დასაქმდა რომელიმე პირი?

მე არ მინახავს, რომ მურმან დუმბაძეს რომელიმე განცხადებაზე რეზოლუცია დაეწეროს. თქვენც გყავთ ახლობელი ხომ, შეიძლება სიტყვიერად სთხოვოთ, რომ თუკი სჭირდება ესა თუ ის კადრი, გაითვალისწინოს, აი ამ დონეზე ხდება. აქ ტოვებენ „სივებს“ სპეციალობის მიხედვით და თუ ვინიცობაა რამე გამოჩნდება, რეკომენდაციას ვაძლევთ.

თქვენი ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან?

მეუღლე პორტში მუშაობს, მებაჟეა. უფროსი შვილი ნოდარ ხადურთან მუშაობდა, უფროსი ინსპექტორია, მეორე შვილი სტუდენტია. სხვათა შორის, მეც კონკურსით ვიყავი მიღებული „ბათუმის წყალში“ და ჩემი შვილიც. მოკლედ, მთელი ოჯახი გამოცდებს ვაბარებდით.

 

ბათუმი ახალი მერის მოლოდინში

ირაკლი ჩავლეიშვილი ადასტურებს  ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ საკრებულო ამ პოსტზე ზურაბ პატარაიას წარდგენას გეგმავს: „ის მართლაც კარგი მეურნე და პროფესიონალია იმ  მნიშვნელოვან საკითხებში, რაც ბათუმს უფრო აწუხებს. ეს არის კომუნიკაციები: წყალი, კანალიზაცია –  სადაც ის შეუდარებელ პროფესიონალად წარმოჩნდა როდესაც ქალაქში მუშაობდა, სხვათაშორის  მან თავის დროზე მერიაში მუშაობა კონკურსით დაიწყო. მე მას წარვუდგენ საკრებულოს მერობის კანდიდატად და  გადაწყვეტილებას საკრებულო მიიღებს.“   

 

 

რაც შეეხება ჯემალ ანანიძეს, ირაკლი ჩავლეიშვილი არ აზუტებს, თუმცა აცხადებს, რომ ის როგორც თავისი საქმის პროფესიონალი და მეურნე კაცი, შესაძლოა სხვა თანამდებობაზე ვიხილოთ.

14 ხმა ერთის წინააღმდეგ – ბათუმში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს

გიორგი კირთაძე საკრებულოს თავმჯდომარე აღარ არის. 14 ხმა ერთი წინააღმდეგ – ასე განაწილდა ხმები საკრებულოში.

 

რიგგარეშე სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები. კირთაძის გადაყენების წინააღმდეგი მხოლოდ გენო თებიძე იყო, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა” რამდენიმე თვის წინ დატოვა და საკრებულოს ოპოზიციას შეურთდა. 

დღესვე ცნობილი გახდა ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა. ამ ადგილს საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური” პარტიიდან, ირაკლი ჩავლეიშვილი დაიკავებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებს ვერ შეძლებს”

 

თუ დღეს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა გიორგი კირთაძის იმპიჩმენტის საკითხის გატანა შეძლეს, გიორგი კირთაძე სასამართლოს მიმართავს.

 

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ  სასამართლო გადაწყვეტილებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებას შეძლებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გია ქარცივაძე განმარტავს, რომ  საკრებულოს საკმარისი ხმების შეგროვების შემთხვევაში მისი გადაყენების კანონიერი უფლემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩივილის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებს ვერ შეძლებს.   

გიორგი კირთაძე საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლებს

დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში თავჯდომარის გამოჩენამდე იყო კერძო საუბარი იმის შესახებაც, რომ მოსალოდნელი იყო საკრებულოს წევრების უმრავლესობას მხარი არ დაეჭირა დღის წესრიგის დამტიკიცებისათვის და მოეთხოვა იმპიჩმენტის საკითხის დაყენება.  თუმცა საკრებულოს წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელმაც  სიტყვით გამოსვლა  სხდომის დაწყებამდე ითხოვა, განმარტა, რომ სდომა დღის წესრიგის მიხედვით ჩატარდებოდა, მან გამოსვლაში გიორგი კირთაძის, როგორც თავმჯდომარის მუშაობის დადებით მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება:

„დღეს არის ძალიან დიდი დაძაბულობა, საკრებულოს თავმჯდომარემ გამოგვიგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ   სამთვიანი ვადის გასვლამდე არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ რიგგარეშე სდომის დანიშვნა თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გავაიარეთ კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზიებთან, იურისტებთან და მინდა გითხრათ, რომ  საკითხს ვაყენებთ  კანონიერად.  მინდა ვთქვა, ასევე, რომ ეს არის კომპეტენტური საკრებულო   და მე მეამაყება, რომ ამ საკრებულოს  წევრი ვარ და  ეს ბევრ საკითხში განაპირობა იმანაც რომ გიორგი კირთაძე, როგორც თავმჯდომარე მყარად იდგა და იმედს ვიტოვებ, რომ ის ითანამშრომლებს საკრებულოსთან.“ –  განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

მან გიორგი კირთაძისგან დადებითი პასუხი და თანამშრომლობის პირობა მიიღო: „დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ვითანამშრომლებ ნამდვილად. არსად წასვლას და მითუმეტეს პენსიაში გასვლას არ ვაპირებ.“

ამის შემდეგ  საკრებულომ სდომაზე საბიუჯეტო ცვლილებებთან ერთად სულ 22 საკითხი განიხილა. საკითხების განხილვისას გიორგი კირთაძემ ირაკლი ჩავლეიშვილს პასიურობის გამო უსაყვედურა და აქტიურობისკენ მოუწოდა.

თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების მიზნით  საკრებულოს წევრები დღეს კიდევ  დღის 4 საათზე შეიკრიბებიან.  23 წევრიან საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობაში“ , რომლის მხარდაჭერითაც გიორგი კირთაძე  სარგებლობს საკრებულოს 11 წევრი ერთიანდება. ამიტომ მის გადაყენებას დანარჩენი 12 წევრის ერთსულოვანი მხარდაჭერა დასჭირდება.

„თუ დღეს საკრებულოს  სხდომაზე ვერ მოხერხდა თავმჯდომარის გადაყებისათვის საჭირო ხალხის მოყვანა, იქნებ ამიხსნას ვინმემ, ეს  ავტომატურად ხომ ნიშნავს იმას, რომ საკრებულომ ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყება?- სამთვიანი ვადის თემა კანონში ლოგიკურად არის ჩადებული იმისთვის, რომ თვითმმართველობა მუდმივად არ იყოს გადაყენება  – არ გადაყენების საკითხის წინაშე.

ბოდიშს ვიხდი ყველა იურისტთან, მაგრამ რასაც ახლა გელაპარაკებით, არ არის მხოლოდ ჩემი ნააზრევი. იურისტების განმარტებებით ვსაუბრობ მეც, ასევე ვსაუბრობ იმ კანონის განმარტებებით და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, რომლებიც ლექციებს მიკითხავდნენ თვითმმართველობის საკითხებზე. ვარ თუ არა  მართალი  – ამას გადაწყვეტს სასამართლო.  მაგრამ მე სხვა კითხვებს ვსვამ. რეალურად რატომ ვერ მოხერხდა ორი კვირა მოთმენა? – ამ კითხვებზე პასუხი გუშინწინ გავიგე:  საკუთარი გუნდის წევრებს არ ინდობენ და სხვაზე რა უნდა ვთქვათ, ნათლად გამოჩნდა რაც უქნეს გია ემირიძეს და  ალბათ ბევრისთვის კიდევ გაგრძელდება იგივე.“ – ეს განცხადება გიორგი კირთაძემ დღეს საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის მსვლელობისას ჟურნალისტებისთვის გააკეთა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებას შეძლებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გია ქარცივაძე განმარტავს, რომ საკრებულოს საკმარისი ხმების შეგროვების შემთხვევაში მისი გადაყენების კანონიერი უფლემა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩივილის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კირთაძე თანამდებობის შენარჩუნებს ვერ შეძლებს.

აღმოჩნდება თუ არა საკრებულოს დღევანდელი სდომა ბოლო კირთაძის თავმჯდომარეობით ეს 2 საათში გაირკვევა.

მორიგი წერილი გიორგი კირთაძეს – შედგება თუ არა იმპიჩმენტი ხვალ

„გაცნობებთ, რომ 2013 წლის 23 იანვარს მოგმართეთ წერილით, რომელიც ეხებოდა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას და დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების განხილვას: 1. გიორგი კირთაძის თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება. 2.  საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილის თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა.

 

 

ვინაიდან, საკრებულოს თავმჯდომარემ დაარღვია კანონით მინიჭებული ერთკვირიანი ვადა რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. ადგილობირივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 მუხლის პუნქტის შესაბამისად ვიყენებთ შეკრების უფლებას. 

 

 

საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩასატარებლად მოვითხოვთ 31 იანვარს, გთხოვთ ხუთშაბათს 4 საათზე უზრუნვეყოთ სხდომის  ჩატარების ორგანიზება“ – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს  საკრებულოს რვა წევრი აწერს.

 

 

ცნობისთვის: რეგლამეტით გათვალიწინებული  სხდომა საკრებულოს ხვალ 11 საათზე აქვს ჩანიშნული. ამის შესახებ განცხადება და სამუშაო დღის წესრიგი საკრებულოს ოფიციალურ საიტზე ორი დღის წინ გამოქვეყნდა.  

 

 

 

 

 

არასამთავრობების მიმართვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს

„ჩვენ მიგვაჩნია კონტექსტიდან ამოგლეჯილად უსკოს დაკომპლექტების წესის განსაზღვრა ეს არის პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის მცდელობა საარჩევნო ადმინისტრაციაზე და არანაირად არ უწყობს  ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლებას,“ – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამართლიანი არჩევნების რეგიონალურმა კოორდინატორმა აჭარაში მადონა ბერიძემ.

 

საკანონმდებლო ცვლილება,  რომელსაც არასამთავრობოები აპროტესტებენ, 29 იანვარს მიიღო აჭარის უმაღლესმა საბჭომ. 

 

„ჩვენ გავაპროტესტეთ ის კანონი, რომელიც მიიღო უმაღლესმა საბჭომ გუშინ, კერძოდ ეს ეხება უსკოს დაკომპლექტების წესის შეცვლას  და დღევანდელი შემადგენლობის გათავისუფლებას. ეს კანონპროექტი არის პოლიტიკური მიზნით მიღებული. ის არ ისახავს მიზნად საარჩევნო რეფორმას. არამედ მთავარი მიზანი რომელიც ინიციატორებმა გაცხადებულად დაასახელეს, იყო ის, რომ დღევანდელი შემადგენლობა  გაეთავისუფლებინათ  თანამდებობებიდან და ახალი შემადგენლობა მოეყვანათ.  რაც შეეხება ჩვენს რეკომენდაციას, პირველი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, მთავრობის თავმჯდომარემ არ მოიწონოს ეს პროექტი, არ მოაწეროს მას ხელი და შენიშვნებით დაუბრუნოს უმაღლეს საბჭოს. მას აქვს ამის უფლება. ამასთან არაერთი პროცედურული დარღვევაც იყო,  კანონპროექტის მიღებისას შესაბამისად საკმაოდ სამართლიანი იქნება მთავრობის თავმჯდომარის ასეთი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ირინა ურუშაძემ.  

ღია წერილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს

ბატონო გიორგი,

 

 

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღე, გავმიჯნოდი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც აშკარად მოსახლეობის დაპირისპირებულობასა და სოციალურ-პოლიტიკური ვითარების სტაბილურობის დარღვევას ცდილობს, აღარ მეგონა, თუ კიდევ მომიხდებოდა თქვენთან საუბარი, მაგრამ ჩემდამი თქვენი ა/წ 29 იანვრის წერილზე (#კოლ 30) პასუხი არ მომეწერა და იგნორირება გამეკეთებინა, ვერ შევძელი; ამიტომაც გადავწყვიტე, ზოგიერთი საკითხის თაობაზე საჯაროდ, ღია წერილით, მეპასუხა; ვინძლო, ურთიერთობის ასეთმა ფორმამ თქვენ, უდავოდ ნიჭიერ ახალგაზრდას, ცხოვრების შემდგომი წლებისათვის უფრო მეტი სარგებელი მოგიტანოთ.

 

 

 კარგა ხანს მეტრაბახებოდა კიდეც, რომ ჩემი შვილის ყოფილი სტუდენტი, ძალიან ახალგაზრდა ყმაწვილი ქალაქის საკრებულის წევრი, შემდეგ კი, 25 წლის ასაკში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრის – ჩვენი ქალაქ ბათუმის უპირველესი პირი გახდით. მართალია, იყო ისეთი დადგენილებები და განკარგულებები, რომლებიც არც თუ ისე კარგ მოგონებებად შეიძლება დარჩეს, მაგრამ ისიც კი შემინიშნავს, რომ თქვენც პირადად არ მოგწონდათ და შინაგანად არც კი თანაუგრძნობდით ამა თუ იმ საკითხის ზემოდან “რეკომენდაციის” შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებას… ვხვდებოდი, თუ როგორი წნეხის ქვეშ გიხდებოდათ თქვენი საქმიანობის წარმართვა.

 

 

 ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო და განსაკუთრებით იმიტომ, რომ თქვენდამი ჩემი თავდაპირველი სიმპათიები ისევ ცხოველი იყო, მსურდა, თქვენთვის თვალი ამეხილა და, დამემოწმებით, არაერთგზის მამაშვილურად გირჩიეთ, მშვიდობიანად გადამდგარიყავით, გადაგეფასებინათ ყოველივე და თქვენი ახალგაზრდული ენერგია და გარკვეული (თითქმის 7 წლიანი სადეპუტატო) გამოცდილებაც, რაც უდავოდ გაგაჩნიათ, ქვეყნის და თქვენივე სასიკეთოდ  დაგეხარჯათ. სამწუხაროდ, არ ისურვეთ… და არც ძველ, საერთონაციონალურ, ტრადიციას უღალატეთ – განაგრძობთ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება-მოღვაწეობას, რაც თქვენნაირ ახალგაზრდას კი არა, გამოცდილ და ჭარმაგ პიროვნებასაც კი გადააცდენდა ჭეშმარიტების გზიდან. აი, სავალალო შედეგიც!-სიცრუე, სიცრუე და ისევ სიცრუე! – ეს გახდა თქვენი ბოლოდროინდელი “თავდასაცავი”, რაც უაღრესად თვალშისაცემი და თეთრი ძაფებით ნახლართია.

 

 

 დიახ, ბევრი იცრუეთ და ზემოხსენებულ წერილშიც უტიფრად ცრუობთ, ოღონდაც ახლა ამ სიცრუის კვალიფიკაცია ძალზე მაღალ რეგისტრშია და ვეღარ გავჩუმდი; აი, რატომ:

 

 

თქვენ ცდილობთ, ცალსახად გააყალბოთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დოკუმენტი – “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის #9 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი, სადაც შავით თეთრზე წერია: “თუ …. საკრებულომ ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყენებაო”. ბატონო გიორგი! აბა, საიდან “დგინდება”, როგორც თქვენ მიუთითებთ, “რომ იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით საკრებულოს სხდომა ვერ შედგა, (სხვათა შორის, იჩქარეთ და აქ ყოვლად ჩიქორთული ქართულით წერთ) საკრებულოს სხდომამ კენჭისყრით ვერ დაგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა და ა. შ.”

 

 

 

მთელმა საკრებულომ (და არა მხოლოდ საკრებულომ) იცის, რომ ოპოზიციას არ დაუყენებია თქვენი გადაყენების საკითხი, ეს ისევ თქვენეული ინსცენირება იყო და არც სხდომა გამართულა! თქვენ კი გინდოდათ და ბევრიც ეცადეთ, მაგრამ ეგ ფანდები აღარ გაგივიდათ, რადგან “მიგიხვდით, “ჩვენო” გიორგი, რა ნესტარითაც ხარ ნაჩხვლეტი” და არ მივიღეთ მონაწილეობა თქვენს მიერ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში. თქვენ კი, როგორც თქვენი მოძრაობის მესვეურებს სჩვევიათ, სასურველს რეალობად აცხადებთ და ყელამდე ეფლობით სიცრუის ჭაობში.

 

 

გულისტკივილით მოგმართავთ, ღმერთმანი!.. როგორ მეამაყებოდა, რომ შვილის ყოფილი სტუდენტი, მშვენიერი აღნაგობისა და, როგორც მეგონა, სულით მდიდარი ახალგაზრდა იყო ჩემი და მთელი ქალაქის უფროსი! ალბათ, დამემოწმებით, ყოველთვის ვცდილობდი, გვერდით დაგდგომოდით, მაგრამ იმასაც კარგად ვგრძნობდი, რომ სიცრუისა და სიჯიუტის ტალღა თანდათან გვაშორებდა; ამიტომაც გირჩევდით დაჟინებით, გადამდგარიყავით, გადაგვერჩინა თქვენი პოტენციალი… არ ინებეთ, სამწუხაროდ… მე და ჩემისთანებმა კი “სადაც არ სჯობდა, გაცლა ვამჯობინეთ”, ბოლომდე ვეღარ წაგყვებოდით სიცრუის ქვეყნისაკენ მიმავალ მრუდ გზაზე.

 

 

 

ასე რომ, ამ ბოლოდროინდელმა თქვენმა სიცრუემ ყველაფერს გადააჭარბა და მინდა გირჩიოთ: ნებით არ ისურვეთ მშვიდობიანად წასვლა და ახლა მაინც ვაჟკაცურად შეხვდით უმრავლესობის სურვილით გადაყენებას! განა ყოველივე ამად გიღირთ ეგ სკამი?! გონება მოიკრიბეთ, კრიტიკულად გააანალიზეთ ბოლო დროის ნამოქმედარი, მათ შორის – თქვენს ირგვლივ მყოფი კოლეგებისა და აპარატის თანამშრომლების მიმართაც; გადააფასეთ ყოველივე და, თუკი ისურვებთ, ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ უნდა იყოს, რადგან ჩვენი თანაქალაქელები მიმტევებლები არიან, საზოგადოებრიობა თქვენს საქციელს დაუღვინებლობითა და ყოფილ ძლიერთა ამა სოფლისათა ძალდატანებით, მავანთა მიმართ გაუგებარი ერთგულებით ახსნის და ვფიქრობ, გაგიგებთ… ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩემზე გაცილებით დიდხანს უნდა იცოცხლოთ და ამ მადლიან ქალაქში თავაწეულმა უნდა იაროთ!

 

 

 

                  

                                                                                                                                                                                               

სამი ელჩი და ერთ კონსული ბათუმში

„დელეგაცია ჩამოვიდა ირანიდან იმისათვის, რომ გაეცნოს ამ კუთხეს, ჰქონდეს შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან და თვითონ არაქის მერს სურვილი აქვს გაფორმდეს დაძმობილების ხელშეკრულება ბათუმსა და არაქს შორის  და რომ განვითარდეს სამომავლო ურთიერთობები კულტურის დარგში, რომელიც  ისტორიულად  საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის,“ – განაცხადა აჰმად რეზა არზჯანმა.

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფერეიდანისა და ბათუმის დაძმობილების საკითხიც. ბათუმის მერის თქმით ირანელები დაინტერესებული არიან ბათუმის პიაცას მსგავსი პროექტი ფერეიდანშიც განახორციელონ.

 

კიდევ ერთი შეხვედრა ბათუმის მერს  საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  საქართველოში რენო სალენსთან ჰქონდა.  შეხევდრაზე ნიცისა და ბათუმის დაძმობილების საკითხი განიხილეს.

 

 „დღეს განვიხილეთ ბათუმის ნიცასთან დამეგობრების საკითხი. პირველ რიგში კულტურის, ხელოვნების მიმართულებით. ასევე ტურიზმის კუთხით. მწვანე ქალაქის განვითარების  კუთხით რაღაც დავსახეთ, დიდი სურვილი გვაქვს ბათუმი იყოს მწვანე ქალაქი,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ.  

 

მისივე განცხადებით უახლოეს ორ თვეში ბათუმს ნიცადან დელეგაცია ეწვევა.

 

ბათუმის მერიიდან საფრანგეთის ელჩმა აჭარის მთავრობაში გადაინაცვლა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

 

დღესვე აჭარის  არჩილ ხაბაძე დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში  დეივიდ მორანის შეხვდა. შეხვედრა ამ შემთხვევაშიც გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის  დეტალები განიხილეს.

 

დღის მეორე ნახევარში კიდევ ერთი შეხვედრა მთავრობის თავმჯდომარეს შვეიცარიის ელჩთან ექნება. 

სატვირთო მანქანების მძღოლების აქცია

ცაგო კახაბერიძე

 

ამ წუთებში ბათუმის პორტის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების მძღოლები პარკირების საფასურის შემოღებას აპროტესტებენ: „დღეს გაგვაფრთხილეს, რომ ორშაბათს გადახდილი უნდა გვქონდეს პარკირების გადასახადი. თუ არ გადაიხდით დაჯარიმდებითო. როცა პარკირების საფასურს ითხოვენ, შესაბამისად მოწესრიგონ გარემოც. მარტო პარკირების ნიშნის დაყენებაში ითხოვენ ფულს? – ტერიტორიაზე სიბინძურეა, კანალიზაციიდან წყალი გამოდის. ასეთ გარემოში მანქანის დაყენებითვის ყოველთვიურად 45 ლარი უნდა გადავიხადოთ “.

 

 

„ბათუმის პარკინგის“ ხელმძღვანელი ზაზა ნაჭყებია განმარტავს, რომ  „ბათუმის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანების გასაჩერებლად გამოყოფილია სპეციალური ადგილები. სხვა ადგოლებზე მათ გაჩერება ეკრძალებათ ამ დადგენილების მიხედვით. იმ ადგილებზე კი, რომლებიც სპეც-ტექნიკის პარკირებისთვის არის გამოყოფილი. არის მოსაკრებელი დღიური სამი ლარი ან ყოველთვიურად 45 ლარი. “

 

 

პარკირების წესებს „ ბათუმის პარკინგი“ ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილების მიხედვით არეგულირებს. ამ დადგენილებით კომპანიას მხოლოდ პარკინგის ორგანიზება ევალება, ტერიტორიის მოწესრიგება მის მოვალეობებში არ შედის. 

ბათუმის საკრებულოს დილემა

„თუ გიორგი კირთაძემ არ დანიშნა სხდომა, მაშინ საკრებულო თვითონ იკრიბება და სხდომას წარმართავს თავმჯდომარის მოადგილე. თუ არც მოადგილე გამოცხადდა, მაშინ სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ჩაატარებს” – აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი. თუ საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდა 12 დეპუტატი და მიიღო თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, მაშინ გიორგი კირთაძე თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. თუ 12-დან ერთი დეპუტატი მაინც არ მისცემს ხმას გიორგი კირთაძის გადადგომას, მაშინ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და იმავე საკითხის გატანა მხოლოდ სამი თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ჩავლეიშვილი დარწმუნებული არ არის, რომ რიგგარეშე სხდომაზე ის თორმეტი დეპუტატი, რომლებმაც წერილობით დაუჭირეს მხარი გიორგი კირთაძის გადადგომას, საკრებულოს სხდომაზეც იმავე პოზიციაზე იქნება: „ვერ გეტყვით, როცა შეიკრიბება საკრებულო, იმ წუთში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი, ამის გარანტია არავის აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხდომაზე თორმეტი კაცი მოვა. დანარჩენი წევრებიც მოვლენ და მათი ხმაც იქნება გადამწყვეტი.“

საკრებულოს წევრთა პოზიციის მიუხედავად, გიორგი კირთაძე ირწმუნება, რომ მისი გადადგომის საკითხი საკრებულომ ერთი თვის წინ ჩატარებულ რიგგარეშე სხდომაზე ჩააგდო, „შესაბამისად, მათ აღარ აქვთ უფლება, ჩემი გადადგომის საკითხი კვლავ დააყენონ“ _ აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, მთვარისა ცივაძის განცხადებით, პირველი სხდომა, რომელზეც გიორგი კირთაძე საუბრობს, კვორუმის არარსებობის გამო არ ჩატარებულა. შესაბამისად, საკითხი არ ჩაითვლება ჩავარდნილად და საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ (33-ე მუხლი), ითვალისწინებს ამ საკითხის ხელმეორედ დაყენებას. „საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხს მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტი“ – განმარტავს იურისტი.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე კი დარწმუნებულია, რომ საკრებულოს მისი გადადგომა 16 თებერვლამდე მაინც არ შეუძლია: „19 ნოემბრის სხდომაზე მათ მიეცათ ჩემი გადადგომის შესაძლებლობა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. კანონში წერია, „თუ საკრებულომ ვერ შეძლო გადაყენებაო“. კვორუმი რომ არ შედგა, ეს ნიშნავს, რომ საკრებულომ ვერ შეძლო გადაყენება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ამ საკითხის გამოტანა შეუძლიათ 19 თებერვალსაც. უბრალოდ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხელი უნდა აწიონ ჩემ გადადგომაზე, ალბათ მეტი კითხვა უნდა დაუსვან საკუთარ თავს“.

საკრებულოში ამჟამად 23 წევრია, აქედან 12-მა წევრმა გიორგი კირთაძის გადადგომას წერილობით უკვე დაუჭირა მხარი.
ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, საკრებულოს ნაციონალ წევრებს, რომლებიც სულ 14 იყო დარჩენილი, სამი დეპუტატი კიდევ გამოაკლდა. ესენი არიან: ბესო ჭოხონელიძე, თამაზ გორგილაძე და გია გაბაიძე. „რამდენადაც მე ვიცი, წინა ხელისუფლების პირობებში ისინი იყვნენ წნეხის ქვეშ, ახლა გათავისუფლდნენ და უნდათ თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღონ, ამიტომ დატოვეს ნაციონალური მოძრაობა“ – ამბობს ჩავლეიშვილი.

ირაკლი ჩავლეიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი კირთაძის გადადგომის შემთხვევაში თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა იქნება განხილული.

ამ თემას გიორგი კირთაძე გუშინ, 29 იანვარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

გიორგი კირთაძე განცხადებას აქვეყნებს

„ მოგეხსენებათ, რომ თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 19 ნოემბერს საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდენ საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა, რის გამოც საკრებულოს რიგარეშე სხდომა ვერ შედგა და საკრებულომ ვერ შეძლო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის – საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადაყენება.

 

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის N 9 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ თუ საკრებულომ  ვერ შეძლო  საკრე­ბულოს თავმჯდომარის გადაყენება დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება. აღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი მიზეზით (საკრებულოს სხდომა ვერ შედგა, საკრებულოს სხდომამ კენჭისყრით ვერ  დაგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა და ა.შ.)საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურების დაწყება.

 

 

ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით:


ვინაიდან გასული არ არის კანონით განსაზღვრილი აკრძალვის 3 თვიანი ვადა, თვითმმართველ ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის გადაყენების  საკითხთან დაკავშირებით  საკრებულოს წევრთა 2013 წლის 23 იანვარის  წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე განმეორებით პროცედურების დაწყება და საკრებულოს სხდომის მოწვევა დაუშვებელია.

 

 

  ვინაიდან  საკრებულოს წევრთა  2013 წლის 23 იანვარის   წერილობითი მოთხოვ­ნით განსაზღვრული მე-2 საკითხი  (საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი ჩავლეიშვილის არჩევა) გამომდინარებს პირველი საკითხიდან ამდენად შეუძლებელია ასევე ამ საკითხის განხილვა.

 

ამასთან თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ივნისის N 9 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (გადაყენება, გადადგომა და ა.შ.) საკრებულოს თავმჯდომარე არჩეული უნდა იქნეს მომდევნო უახლოეს სხდომაზე და არა იმავე სხდომაზე, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება.

 

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია თქვენს მიერ დასმულ საკითხებზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა.“

„ბათუმის არქიტექტურული ძეგლები“ ერთ წიგნად

„ ბოლო პერიოდში, როცა ჩვენ ვთქვით, რომ უნდა დაგვეწყო კულტურული ძეგლების რესტავრაცია, ბევრი არ გვეთანხმებოდა. მაგრამ ეს იყო საჭირო და ეს მაინც გავაკეთეთ, რადგან ჩვენ ჩვენი ქალაქი გვიყვარს.“ – ეს განცხადება ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ დღეს საკრებულოს დარბაზში გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მერიის მორიგი გამოცემა „ბათუმის არქიტექტორული ძეგლები“ ბათუმში არსებული 196 – მდე ძეგლის აისტორიულ -არქიტექტურულ დახასიათებასა და ფოტოალბომს აერთიანებს.

ნანი გუგუნავა

წიგნის გამოცემაზე ბათუმის  საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის  კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე, პროფესორი რამაზე სურმანიძე, არქიტექტორი გია ბაღოშვილი, ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი და სხვები ორი წლის მანძილზე მუშაობდნენ.

„ბათუმის არქიტექტურული ძეგლების“  გამოცემა ბათუმის მერიას 25 000 ლარი დაუჯდა.  წიგნი 1000 ცალიანი ტირაჟით გამოიცა.

პრეზენტაციას ბათუმის საკრებულოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობა მერიის წინააღმდეგ

მოსახლეობა მერიასთან

რამდენიმე წლის წინ დაგვირიგეს მემორანდუმები სადაც მითითებული იყო, რომ ბარაკები, სადაც ვცხოვრობთ, უნდა დაშლილიყო და დასრულდებოდა თუ არა ბინები, დავკმაყოფილდებოდით. მშენებლობა დასრულდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ აღარავის ვახსოვართ.  ეკომიგრანტებს ეკუთვნისო – გვითხრეს. ჩვენს ბარაკებში უკვე ცხოვრება შეუძლებელია,  ზოგს ჭერი აქვს ჩამოვარდნილი, ზოგს იატაკი აქვს ჩავარდნილი. ზოგიერთს კი ეს ყველაფერი ერთად -“  უთხრა შორენა დუმბაძემ „ბათუმელებს“.

მერიასთან გაფორმებულ მემორანდუმში, რომელშიც 2008 წლით თარიღდება და რომელსაც ხელს ბათუმის ყოფილი მერი რობერტ ჩხაიძე აწერს ნათქვამია, რომ მერია ამ მემორანდუმზე ხელმოწერით ადასტურებს მზადყოფნას  ბათუმის 330 -ე კვარტალში მცხოვრებ იმ პირთა საბინაო პირობების გაუმჯობესება უზრუნველყოს, რონმელთაც კომპაქტურად, თვითნებურად აქვთ დაკავებული  თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. მემორანდუმის მიხედვით  ამ მიზნით მერია იღებდა ვალდებულებას, რომ გამოაცხადებდა პირობიან აუქციონს  მრავალბინიანი სახლების ასაშენებლად. ერთერთი სააუქციონო პირობით კი  ბარაკისა და მიმდებარე ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ ამ ბინებში თითოეული ოჯახი 50 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდებოდა.

გიორგი კირთაძესთან შეხვედრის შემდეგ მოქალაქეებმა „ბათუმელებს“  უთხრეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მათ პრობლემის მოგვარებაში დახმარებას შეპირდა სანაცვლოდ კი მათგან მემორაბდუმის ჩაბარება მოითხოვა.

გიორგი კირთაძე: „რამდენიმე დღის წინ საკრებულოში შემოვიდა წერილი თამარის დასახლებაში, ბარაკებში მცხოვრები მოქალაქეებიდან. ისინი ითხოვდნენ, რადგან სოციალური სახლი ვეღარ შენდება, მის ნაცვლად გაგვიფორმეთ ნაკვეთები, რომლებზეც ვცხოვრობთო. ვინც ამ კატეგორიაში გადიოდა, გავუშვი იურისტებთან რათა დაგვეწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა. მათ აქვთ საკმაოდ ლოგიკური მოთხოვნა.  დღეს იყო მეორე კატეგორიის ხალხიც მოსული, თამარის დასახლებაში არის ასევე სამი ბარაკი, სადაც ერთსახურავქვეშ დაახლოებით სამოცამდე ოჯახი ცხოვრობს. მათთან მიმართებაში განხვავებული მიდგომები იქნება აუცილებლად, იმიტომ, რომ იმ ოჯახებისათვის, რომლებიც ბარაკებში ცხოვრობენ,  შესაძლებელია სახლისა და ნაკვეთის გაფორმება მემორანდუმზე უარის თქმის სანაცვლოდ, ანუ თუ გავაუქმებთ მემორანდუმს, მიწა  უნდა დავუკანონოთ.

 

პირველ ადგილზე თურქეთი, მეორეზე – რუსეთი

 2012 წელს რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა აჭარაში?

 

თუკი განვიხილავთ წმინდა ციფრობრივ მაჩვენებლს, 2012 წელს ინვესტიციები მთლიანობაში განხორციელდა 152 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. შესაბამისად, წინა წელთან შედარებით ეს გახლავთ 2%-იანი ზრდა. თუ კი გადავხედავთ გასული წლების დინამიკას, საშუალოდ 2,5%-იანი ზრდა ფიქსირდება. ყველაზე მაღალი საინვესტიციო აქტიურობა დაფიქსირდა 2007 წელს _ 170 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, 2008 წელს კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ქვეყანაში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო, მკვეთრად დაეცა ინვესტიციების დონე.

2012 წლისათვის გვაქვს შემდეგი სურათი: მშენებლობის სექტორზე მოდის ინვესტიციების 62 %, ტურიზმზე _ 32 %, სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 3%-ს, მრეწველობაზე მოდის 2%, ხოლო სხვა დარგებსა და სექტორებზე _ დარჩენილი 1%. ამასთან, საინვესტიციო პროექტების განხორციელება პირდაპირ კავშირშია ქონების პრივატიზებასა და ეფექტურ მართვასთან. ამ თვალსაზრისით 2012 წელს სულ დაიდო 185 საინვესტიციო-საპრივატიზებო ხელშეკრულება, მათ შორის, 119 ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ფორმით, 41 პირდაპირი მიყიდვის წესით, 14 უპირობო აუქციონის, ხოლო 11 _ პირობიანი აუქციონის ფორმით.

 რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ყველაზე მეტი ინვესტიცია რეგიონში?

 

2012 წლისათვის ინვესტიციების 65% მოდის თურქეთზე, 21% _ რუსეთზე, 4-4% _ უკრაინასა და ყაზახეთზე, 3% სომხეთის რესპუბლიკაზე, თითო პროცენტი იტალიასა და აშშ-ზე. 2011 წელს ყაზახური ინვესტიციების წილი შეადგენდა 75%-ს, 14 % მოდიოდა თურქულ ინვესტიციაზე, 5% _ სომხეთის რესპუბლიკაზე, 4 % _ უკრაინაზე და 2% _ რუსეთზე. 2011 წელს ყაზახური ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წონა განპირობებული იყო სასტუმრო `რედისონის~ მშენებლობის დასრულებით, 2012 წლისათვის გაიზარდა ინვესტიციები სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში თურქეთის რესპუბლიკიდან, ასევე საკუთრივ 2012 წელს დაწყებული პროექტების ინვესტირების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების შედარებას, ინვესტიციების დაახლოებით 60% მოდის ადგილობრივ კომპონენტზე, ხოლო 40% _ უცხოურ ინვესტიციებზე. თუკი გავაანალიზებთ ბოლო წლების დინამიკას _ ადგილობრივი ინვესტიციების ხვედრითი წონა უცხოურ საინვესტიციო ნაკადებთან შედარებით იზრდება. ეს ტენდენცია თვალშისაცემია 2008 წლიდან. ამას თავისი ახსნა აქვს, კერძოდ, ადგილობრივი კომპონენტი იმიტომ იზრდება, რომ მშენებლობის სექტორში ძირითადი ადგილობრივ ინვესტორები არიან, ამ სექტორის წილი კი ყველაზე მაღალია მთლიან საინვესტიციო პორტფელში. აქ არ იგულისხმება სასტუმროების მშენებლობა, ასეთი კაპიტალდაბანდება მიეკუთვნება ტურიზმის სექტორის.

 

სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით
სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

 საინვესტიციო გარემო როგორი იყო 2012 წლის ოქტომბრამდე და რა შეიცვალა ბოლო სამ თვეში?

 

ამ კუთხით შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მიმართულება. უპირველესად ეს არის საინვესტიციო მარკეტინგის მიმართულება, რაც გულისხმობს ონლაინსაინფორმაციო სისტემების მეშვეობით რეგიონის საინვესტიციო ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობას, საპრეზენტაციო მასალების განახლებას და ტირაჟირებას, ასევე რეგიონისათვის მნიშვნელოვან საინვესტიციო ტურებში, ბიზნესფორუმებსა და გამოფენებში მონაწილეობის მიღებას, მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მეორე მიმართულება გახლავთ საინვესტიციო კვლევები, რაც, ფაქტობრივად, ნოვაციაა. ჩვენი საინვესტიციო მიდგომა ეყრდნობა პრინციპს _ რეაქტიულიდან პროაქტიული საინვესტიციო პოლიტიკისაკენ. ეს ნიშნავს, რომ გავაანალიზოთ, შევაჯეროთ და განვსაზღვროთ განსახორციელებელი აქტივობები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, რათა მაქსიმალურად დავაზღვიოთ საინვესტიციო რისკები. ამ მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ კვლევებს, რაც დაუკავშირდება რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ანალიზს, ეკონომიკის ცალკეული დარგებისა და სექტორების საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასებას, უძრავი ქონების ბაზრის კვლევას, პოსტპრივატიზაციული და პოსტსაინვესტიციო შეფასებებს, აქტივების რუკისა და ბიზნესპორტფელების ფორმირებას. ყოველივე კი დაგვეხმარება იმაში, რომ ერთი მხრივ საინვესტიციო პორტფელი გავხადოთ დივერსიფიცირებული, ხოლო მეორე მხრივ მოვახდინოთ საპრივატიზაციო და იჯარით გადასაცემი ობიექტების ე.წ. საინვესტიციო შეფუთვა, რაც ხელს დაეხმარება პოტენციურ ინვესტორს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში.

ვგეგმავთ საინვესტიციო ციკლის სრულყოფას: თითოეული პოტენციური ინვესტიცია უნდა შეფასდეს გულმოდგინეთ, _ კომერციული, ფისკალური, სოციალური, ეკონომიკური და ინტეგრირებული საინვესტიციო ეფექტების მხედველობაში მიღებით. ასევე მნიშვნელოვანია არსებული და პოტენციური ინვესტორების, შესაბამისად, საინვესტიციო პროექტების საინფორმაციო ბანკის ფორმირება და მუდმივი განახლება. ვმუშაობთ იმაზე, რომ საინვესტიციო პროცესი გავხადოთ გამჭვირვალე.

შემდეგ მიმართულებას შეიძლება პოსტსაინვესტიციო აქტიურობა ვუწოდოთ. ეს ნიშნავს უკვე არსებული საინვესტიციო პროექტის შეფასებას, იმის დადგენას, ნამდვილად მივიდა თუ არა ბოლომდე კონკრეტული საინვესტიციო პროექტი და რამდენად შეესაბამება წინასწარ შეფასებულ ეფექტიანობას, ასევე თუ როგორ აფასებენ არსებული ინვესტორები რეგიონის საინვესტიციო და ზოგადად ბიზნესგარემოს თვალსაზრისით.

 2013 წელს, წინასწარი პროგნოზით, რა ოდენობის ინვესტიციას ელოდებით?

თუკი პროგნოზირების საბაზისო ელემენტებად ავიღებთ რამდენიმე ფაქტორს: 1. მოქმედი საინვესტიციო პროექტების მოცულობა, რომლებიც გრძელდება 2013 წელს; 2. პროექტებს, რომელთა დაწყებაც ხელშეკრულებით უკვე გათვალისწინებულია 2013 წლისთვის; 3. იმ პოტენციური საინვესტიციო პროექტების მოცულობას, რასაც ვამუშავებთ ან წლის განმავლობაში შემოვა საინვესტიციო წინადადებების სახით; 4. ჯერ კიდევ მოლოდინისა პროცესში მყოფი სენსიტიურ ინვესტორთა პროექტები, რომლებიც გააქტიურდება კონიუნქტურის შესაბამისად. ამ პარამეტრებზე დაყრდნობით, 2013 წლისათვის უნდა ველოდოთ საინვესტიციო ნაკადების ზომიერად ზრდად დინამიკას, თუმცა არის რამდენიმე მსხვილი პროექტი და საინვესტიციო აქტიურობაც შეიძლება იყოს მკვეთრად აღმავალი. ციფრობრივად ამის განსაზღვრა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია.

რა პროექტებია დაგეგმილი 2013 წელს?

 

გვაქვს მიმდინარე და დამუშავების პროცესში მყოფი, ანუ პოტენციური საინვესტიციო პროექტების ბაზა, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ტურიზმთან, სოფლის მეურნეობასთან, მშენებლობასთან, გადამამუშავებელ მრეწველობასთან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ინვესტიციისათვის, ნებისმიერი ინვესტორისათვის, რომელიც იქნება რეალური და შემოგვთავაზებს რეალურ საინვესტიციო პროექტს. უმთავრესი მაინც ის არის, რომ ამ პროცესში სახელმწიფოსა და ინვესტორის, სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობა უნდა იყოს მაქსიმალურად სტერილური და კრისტალიზებული, რადგან საინვესტიციო გარანტიებს უნდა ქმნიდეს საკანონმდებლო ბაზა და არა კონკრეტული პიროვნებები ან ინსტიტუციები. ხოლო ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და საინვესტიციო–საპრივატიზაციო პროცესის გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმართვა, ისევე როგორც აღებული ვალდებულებების შესრულება, სახელმწიფოს საიმედოობის უპირველესი საინვესტიციო ბარომეტრია.

Exit mobile version