მიზანი – 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა

ირაკლი ფანცხავა: სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მინდა აღვნიშნო, რომ მე აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლავართ, თუმცა მარტო ვერას გავხდებოდი, რომ არა ჩემი მეგობრების, ვეტერანი წყალბურთელებისა და კეთილი ადამიანების დახმარება. გასული საუკუნის 1990-იანი წლებიდან წყალბურთი, როგორც სპორტის სახეობა, თანდათან გაქრა. 2009 წელს კი ჩვენ, მე, კაპიტონ კაზიევმა, ირაკლი ვოლკოვმა, ზურაბ გორდაძემ და ლაშა დიაკონიძემ გადავწყვიტეთ მისი აღდგენა. დავაარსეთ ფედერაცია, რომელსაც სათავეში სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ხელმძღვანელი ზაზა გოგოტიშვილი ჩაუდგა. მისი დახმარებით ჩვენმა გუნდმა უკვე პირველივე წელს შეძლო მონაწილეობის მიღება საქართველოს ჩემპიონატში. მაშინ, 2009 წელს, 9 გუნდს შორის მეექვსე ადგილი დავიკავეთ, თუმცა, საპრიზო ადგილის პრეტენზია არც გვქონდა. პირველი სეზონი იყო და გუნდის ჩამოყალიბებაზე უფრო ვზრუნავდით, ვიდრე – შედეგზე.

 

 

 

ახლა რა ვითარებაა?

 

 

– ამჟამად სამი ასაკობრივი ნაკრები გვყავს, 1995-1996-1997 წლებში დაბადებულების, 1998-1999-წლიანები და 2000-2001 წელს დაბადებულები, რომლებიც 16-წლამდელთა კატეგორიაში გამოდიან. საქართველოს წლევანდელ პირველობაზე პირველი შეხვედრა თბილისის „აკადემიას“ 14:3 მოვუგეთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობამ ჩვენს მოთამაშეს, თორნიკე დიასამიძეს დაადგა თვალი და ნაკრებში მიიწვია, თორნიკე მცველია და კარგი პერსპექტივები აქვს. თუმცა, მის გარდა ნაკრების ხელმძღვანელთა სიმპათია დაიმსახურეს გიორგი ბარაბაძემ, ილო მჟავანაძემ და რეზო ჩავლეიშვილმა. ჩვენი მთავარი ამოცანაც ხომ ესაა, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი წყალბურთელები გავუზარდოთ. მინდა აღვნიშნო ჩვენი მწვრთნელების _ ზურაბ გორდაძისა და ლაშა დიაკონიძის ღვაწლი, რომლებიც ძალას არ იშურებენ სპორტსმენთა მომზადებისთვის.

 

 

გარდა საქართველოს პირველობისა, თქვენ საერთაშორისო ტურნირსაც მასპინძლობთ

 

 

– დიახ. წარსულში ცნობილი წყალბურთელის ვლადიმერ მამჩინის სახელობის ტურნირს ვატარებთ. პირველ შეჯიბრზე მეორე ადგილი დავიკავეთ, ეს რესპუბლიკური მასშტაბის ტურნირია. გარდა ამისა, ორჯერ ჩავატარეთ გარი მერკვილაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, სადაც მოწვეული გვყავდა გუნდები უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა რეგიონიდან. ორივეჯერ პირველი ადგილი დავიკავეთ. წელს გვინდა ტურნირის მასშტაბები გავზარდოთ და პოსტსაბჭოური სივრციდან სხვა ქვეყნებიც მოვიწვიოთ. აქვე აღვნიშნავ, რომ წელს ვაპირებთ მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელის, ბათუმელი პეტრე ბრეუსის სახელობის ტურნირის ჩატარებას, სადაც მოვიწვევთ გუნდებს ირანიდან, თურქეთიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან, უკრაინიდან, სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, ვფიქრობ, კარგი ასპარეზობა ჩატარდება.

 

 

როგორც ვიცი, ჩაქვში მდებარე სასტუმრო ოაზისის აუზზე ვარჯიშობთ, ტურნირებსაც იქ მასპინძლობთ?

 

 

– საზაფხულო ტურნირებს ბათუმის იახტკლუბის ტერიტორიაზე ვატარებთ, ისე კი „ოაზისის“ აუზში ვთამაშობთ. მადლობას ვუხდი „ოაზისის“ დირექციას თანადგომისათვის.

 

 

ვარჯიში ფასიანია?

 

 

– არა, ვარჯიში უფასოა. სპორტსმენებს მხოლოდ მგზავრობის ხარჯის გადახდა უწევთ, დანარჩენი ყველაფერი ჩვენზეა, თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ დიდ დახმარებას გვიწევს ქალაქ ბათუმის მერია და საკრებულო, რომლებიც გვაფინანსებენ, აგრეთვე აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი. აქვე გეტყვით, რომ ფედერაციის გარდა ჩვენთან ფუნქციონირებს (აიპ) „ქალაქ ბათუმის წყალბურთის კლუბი“, რომლის დირექტორიც ასტამურ ჩამბა გახლავთ და ისიც ძალიან გვეხმარება.

 

 

ძირითად პრობლემად მაინც აუზის არქონა რჩება

 

 

– ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა, ვარჯიშის მსურველი ბევრია, თუმცა ყველას არა აქვს საშუალება ვარჯიშზე ჩაქვში იაროს. კარგი იქნება, თუ ქალაქში გამოგვიყოფენ ადგილს და 35X25-ზე აუზს აგვიშენებენ, ეს ზომები წყალბურთელთათვის სავსებით საკმარისია. იყო ამის შესახებ საუბარი შესაბამის სტრუქტურებთან და ვნახოთ, რა გამოვა.

 

 

წყალბურთი სპორტის ოლიმპიური სახეობაა და არის თუ არა რეალური პერსპექტივა იმისა, რომ ოდესმე ქართველი წყალბურთელები ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილოთ?

 

 

– ეს ჩვენი მთავარი მიზანია. როგორც უკვე გითხარით, ამ ეტაპზე ასაკობრივი ნაკრებები გვყავს, სწორედ ამიტომ ჯერჯერობით აქცენტს თბილისის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ოთხი სპორტსმენი, რომლებიც ჩამოგითვალეთ, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებში მოხვდებიან.

 

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ასლან აბაშიძის ქონებასთან დაკავშირებით

ასლან აბაშიძისა და მისი ახლო ნათესავებისთვის ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს:

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 6 და 14 სექტემბრის გადაწყვეტილებებით, ჩამორთმეული იქნა ასლან აბაშიძისა და მისი ახლო ნათესავების საკუთრებაში არსებული უკანონო, დაუსაბუთებელი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც შემდგომში მიქცეულ იქნა სახელმწიფო საკუთრებაში.

 

დღეისათვის აღნიშნული უძრავ-მოძრავი ქონების გარკვეული ნაწილი პრივატიზაციის შედეგად წარმოადგენს კერძო საკუთრებას, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ რჩება სახელმწიფო საკუთრებაში და გადაცემულია სხვადასხვა უწყებების სარგებლობაში. იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომელთაგანკარგის უფლებაც  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა, ყველა ღონისძიება გატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“. 

 

 

 

ბათუმში სანდასუფთავების გადასახადი მცირდება

„ვფიქრობ რომ ჩვენი ეს ნაბიჯი დაფასდება და მოქალაქეებიც შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამენ. თუ ადრე იყო 25 %იანი ამოღება, ახლა ვვარაუდობთ რომ ამოღება შეიძლება იყოს 40-50 %- ის ფარგლებში. თუ ჩვენ გვაქვს იმის ვალდებულება, რომ გადავიხადოთ მოსაკრებელი, აუცილებლად უნდა გადავიხადოთ. და იმ მოქალაქეების ხარჯზე არ უნდა ვიცხოვროთ, რომლებიც არიან პატიოსანი გადამხდელები,“ – განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა.


საკრებულოს მიერ მიღებული ტარიფი გავრცელდება დავალიანების მქონე პირებზეც, რომლებიც არსებულ დავალიანებას ახალი ტარიფის მიხედვით გადაიხდიან.

 

საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ორგანიზაციების, დაწესებულებების და სხვა იურიდიული პირებისათვის დასუფთავების არსებული ტარიფების შემცირებაზე. 

შს სამინისტრო ხელვაჩაურის გამგებლის დაკავებაზე

შს სამინისტრომ გამაქვეყნა ინფორმაცია ხელვაჩაურის გამგებლისა და მისი პირველი მოადგილის დაკავების შესახებ. შს სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია შემდეგ ინფორმაცია:

 

„შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე და მისი მოადგილე ნოდარ შარაბიძე დააკავეს. მათ  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა  ედებათ ბრალად. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ლორთქიფანიძემ და ნოდარ შარაბიძემ  ერთ-ერთ მეწარმეს მიანიჭეს უპირატესობა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი გამოიწვია.

 

კერძოდ, ერთ-ერთი კომპანიისგან, რომელიც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარსა და ჭალნარში აწარმოებდა კულტურის ცენტრისა და ბაგა-ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს,  დაუსრულებელი სამუშაოები ძველი რიცხვით ჩაიბარეს.  მიღება-ჩაბარების დოკუმენტებში  კი დააფიქსირეს როგორც დასრულებული სამუშაო და კომპანიას მთლიანი თანხა ჩაურიცხეს.

 

ხელვაჩაურის გამგებელმა  და მისმა მოადგილემ საქართველოს სისხლის სამართლის  კოდექსის 332-ე  მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული  ჩაიდინეს. გამოძიებას  შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“.

ბათუმის ახალი არქიტექტორი

გია რამიშვილი

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმს ახალი მთავარი არქიტექტორი ჰყავს. „რესპუბლიკელი“ გია რამიშვილი ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ, ქალაქის მთავარ არქიტექტორად მიმდინარე წლის 4 მარტს დანიშნა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და „რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, გია რამიშვილის კანდიდატურა ქალაქის მერს თვითონ შესთავაზა:

„კი, ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო ყოველთვის, რომ გია რამიშვილი დაენიშნათ არქიტექტორად. ამიტომ, ბათუმელებს ვულოცავ, შეიცვალა ქალაქის მთავარი არქიტექტორი, ის აღარ არის მიხეილ სააკაშვილი და არის ცნობილი არქიტექტორი გია რამიშვილი“.

ახალი არქიტექტორის განცხადებით, პირველ რიგში წესრიგშია მოსაყვანი მშენებლობის რეგულირების წესები. მისი განცხადებით, ამას დასჭირდება დრო, ფართო განხილვები და საზოგადოების ჩართულობა. „რეზულტატი კი უნდა იყოს ისეთი, რომ მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოს საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარე“, – აცხადებს გია რამიშვილი, რომელიც ბათუმის მერიაში არქიტექორებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, არქიტექტორებს და, ზოგადად, საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ხედვები, თუ როგორ შეიძლება ბათუმის ურბანული განვითარება, რა ფორმით. ამასთან, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოვისმინოთ არტიქტერორების მოსაზრებები. ვფიქრობ, მათი მოსაზრებები აქტიურად იქნება განხილული“.

აჭარის მთავრობის წერილი თვითნებურად ჩასახლებულებს

„გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად დაკავება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 16 ნოემბრის №402 ბრძანების საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაში არსებული უძრავი  ქონების მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის 2013 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად გთხოვთ, 2013 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოთ თქვენს მიერ თვითნებურად დაკავებული უძრავი ქონების გამოთავისუფლება.

 

ამასთან, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ან/და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო სახელმწიფო (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაში არსე­ბული უძრავი ქონების თვითნებურად დამკავებელი  მოქალაქეების მიმართ გაატარებს მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

 

აქვე გაცნობებთ, რომ თუ თქვენ იმყოფებით მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რეგისტრირებული ხართ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში  და არ გაგაჩნიათ თავშესაფარი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ შესაბამის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც დამატებით შეისწავლის თქვენს  მდგომარეობას და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაგეწევათ შესაძლო დახმარება“.

 

თვითნასწავლი ხელოვანის პერსონალური გამოფენა

 

დღეს ხარიტონ ახვლედიანის ხელოვნებათმცოდნეობის მუზეუმში თვითნასწავლი ხელოვანის ვარდო დიასამიძის ხელნაკეთი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

 

გამოფენის ავტორმა სტუმრებს 40-მდე ნამუშევარი წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, ყოველგვარი დამხმარე ინსტრუმენტების გარეშე, საქსოვი ძაფითა და ჩხირებითაა შესრულებული.

როგორც ხელოვანი იხსენებს, მისი ნამუშევრები საზოგადოებამ პირველად პროექტ „ნიჭიერის“ კასტინგზე ნახა. მართალია, ის პროექტში არ მიიღეს, მაგრამ ავტორის თქმით, კასტინგზე მისვლა მისთვის მაინც წარმატებული გამოდგა, რადგან საზოგადოება მისი ნამუშევრებით დაინტერესდა.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ, ნამუშევრების პრეზენტაცია ბათუმის „პრესკაფეში“ გამართა, თუმცა იქ ნამუშევრების მცირე ნაწილი იყო წარდგენილი, სწორედ ამ დღეს ბათუმის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლის ინგა დიასამიძისგან მიიღო შეთავაზება, რომ პერსონალური გამოფენა გაემართათ.

როგორც მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი ინგა დიასამიძე აცხადებს, მას შემდეგ რაც ვარდო დიასამიძის ნამუშევრებს გაეცნო, გაუჩნდა იდეა, რომ „მუზეუმში, რომელიც ძალიან დიდ ისტორიას ინახავს, ყოფილიყო ქალბატონი ვარდოს ნამუშევრების გამოფენა“.

 

 

 

მთავრობამ უკანონოდ ჩასახლებულებს ვადები დაუწესა

 

კითხვაზე სპეცრაზმის გამოყენება თუ იგეგმება ამ ხალხის გამოსახლების პროცესში? – რამაზ ჯინჭარაძე პასუხობს, რომ „ამის გადაწყვეტა მისი პრეროგატივა არ არის“.

 

 

რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ თავიანთი მუნიციპალიტეტებს: „ყველა გამგეობას აქვს დავალება, რომ  შეისწავლონ ამ ადამიანების მდგომარეობა და აიყვანენ კონტროლზე, ანუ დასახონ შესაბამისი ღონისძიებები. ამით იმის თქმა მინდა, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩება მხარდაჭერის გარეშე“. 

 

 

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, „ამ დასახლებებში ღამის საათებში თუ გახვალ, იქ არავინ დაგხვდება“. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხის მოსაგვარებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 4500 განცხადებაა შესული. „ბორჯღალოს“ კვლევის მიხედვით კი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, თვითნებურად შესახლებულებს რეალურად სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა:


2012 წლის შემოდგომაზე საქართველოში გახშირდა მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად დაკავების ფაქტები. აღნიშნული ფაქტების განსაკუთრებული სიხშირე დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

 

2013 წლის 21 თებერვალს ორგანიზაცია „ბორჯღალის” წარმომადგენლებმა მოინახულეს ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე თვითნებური შესახლების სხვადასხვა ობიექტი და გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას.

 

ზოგადი სურათი ყველა ობიექტზე მსგავსია – მოსახლეობას არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი ელემენტარული პირობები – გაზი, წყალი, შუქი; მოუწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა, ობიექტებთან მისასვლელი გზა. ეს პრობლემები აწუხებს არა მარტო იმ ოჯახებს, რომელთაც მიწების ან/და ბინების დაკანონების სურვილი აქვთ, არამედ იმათაც, ვისაც სახელმწიფომ უკვე გადასცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი. ობიექტებში მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებში თვითნებურად შესახლების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ესენია: სტიქიური უბედურება, მცირემიწიანობა, საცხოვრებელი სახლის არ ქონა და სოციალურად გაუსაძლისი მდგომარეობა.

 

უკანონო დასახლება
უკანონო დასახლება


თვითნებური შესახლების ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთან ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მისულა და არც თვითნებური შესახლების ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის შესახებ სმენიათ რაიმე.

 

ერთადერთი ობიექტი, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ არის ყოფილი სატანკო ბატალიონის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია. ეს ტერიტორია ყველაზე დიდია მოცულობით, სადაც უკანასკნელ პერიოდში თვითნებურად შესახლდნენ. აქ მცხოვრები ოჯახები „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოქალაქეთა მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტების შემსწავლელმა სამთავრობო კომისიამ“ შეისწავლა და იქ მცხოვრები ოჯახების  სია შეადგინა. ობიექტზე არის როგორც შენობები, სადაც ოჯახები არიან შესახლებული, ასევე პატარა ხის კოტეჯები, რომელთა მშენებლობა დღემდე გრძელდება.

 

იაშა ფარტენაძე მრავალშვილიანი ოჯახის უფროსია. მის ოჯახს დაბა ხელვაჩაურში მდებარე ყოფილი სტამბის შენობაში ფართი აქვს დაკავებული. როგორც თავად აცხადებს, ფართის დაკანონების საკითხი მისი ოჯახისთვის მტკივნეული თემაა და თითქმის ყოველკვირეულად აკითხავს აჭარის მთავრობასა და ქალაქ ბათუმის მერიას; წერს წერილებს; ითხოვს დახმარებას, პასუხი კი ყველგან ერთნაირია – განვიხილავთ და გადავწყვეტთ.

 

„ჩემი სახლი ისეთ ადგილას არის, სადაც ქვათაცვენაა განვითარებული. გეოლოგებმა მითხრეს, სანამ სახლი არ დაზიანდება, კატეგორიას ვერ მოგანიჭებთო. რა ვქნა ველოდო უბედურების დადგომას? ათი შვილი მყავს, აქედან 5 მცირეწლოვანი. პატარებს ეზოში გასვლა როგორ ავუკრძალო, ხან სად დარბიან, ხან სად. სულ იმის შიშში ვიყავი, რამე უბედურება არ მომხდარიყო. მე ძლივს გადავურჩი ერთხელ – კინაღამ ჩამიტანა ქვამ. ჩემს შვილებს და ოჯახს საფრთხეს ვერ შევუქმნი. თორემ ისე აქ რა მინდა, მშვენიერი სახლი მაქვს, აქ კიდე უწყლოდ, უშუქოდ და ელემენტარული პირობების გარეშე ვცხოვრობ. დავუთმობ სახელმწიფოს და რაც უნდა ის უყოს იმ კარ-მიდამოს, მე ელემენტარული პირობები შემიქმნას გინდა ქალაქში და გინდა სოფლად, მთავარია მუდმივ შიშში და დაძაბულობაში არ გავატარო ცხოვრება. ბოლო მისვლისას მითხრეს, თქვენი ფართების დაკანონების საკითხი გადაწყვეტილია და თბილისიდან დასტურს რომ მივიღებთ მაშინ გადაწყდებაო“, – განაცხადა იაშა ფარტენაძემ.

 

როგორც აქ მცხოვრები ოჯახები აცხადებენ, ყოფილი გამგებელი მათ ფართების დაკანონებას და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდა, თუმცა ახალ გამგებელს სხვა პოზიცია აქვს – მან ოჯახებს განუცხადა, რომ წინა ხელისუფლების დაპირებების შესრულებას საკუთარ თავზე ვერ აიღებს, შეისწავლის მათ პრობლემებს და მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს. თუმცა მანამდე გამგებლის განცხადებით, მათ ყოფილი სტამბის შენობის დატოვება მოუწევთ.

 

 

ყოფილი სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე 450-მდე ოჯახამდე ცხოვრობს. მათ საკუთარი ინიციატივით აღწერეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები და აქვთ ერთიანი მონაცემთა ბაზა. მოსახლეობა „ბორჯღალის“ წარმომადგენლებთან აცხადებს, რომ ტელევიზიების გარდა, მათთან არავინ ყოფილა და საინფორმაციო ვაკუუმში არიან. რუსუდან ყიფიანი, რომელიც 7 თვის ორსულია და ერთ-ერთ ხის სახლში მეუღლესთან და დედამთილთან ერთად ცხოვრობს, ამბობს:

 

„არავინ მოსულა და არ უკითხავს, რატომ აშენებთ, რა პრობლემა გაქვთ, იქნება ჩვენ დაგეხმაროთ, ამ პირობებში როგორ იცხოვრებთო. უფრო მეტიც, ისიც კი არ უთქვამს არავის უკანონობას ჩადიხართ და აღარ გააგრძელოთ სახლების მშენებლობაო. მე პროფესიით იურისტი ვარ, მართალია უსახსრობის გამო ვერ მოვახერხე სწავლის დასრულება, მაგრამ ვიცი, რომ ეს უკანონობაა. თუმცა, რთულია გლეხს, რომელიც წლებია სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილ უკანონობას უყურებს, იმას კანონის დაცვა მოსთხოვო. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს. ჯერ საკუთარ რიგებში აღმოფხვრან უკანონობა და მერე მოგვადგნენ ჩვენ.

 

აქ სახლების დაკანონების სურვილი არავის არ აქვს, თქვენი თვალით შეხედეთ, ასე ახლო მდებარე სახლებში როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა. ეს ალბათ ხალხის პროტესტია, რომ ყურედღება მივიქციოთ, ჩვენს პრობლემებზეც იფიქროს ვინმემ. თურმე ჩვენზე ამბობენ სახლი აქვთ, შემოსავალიც და გამორჩენას ელიან სახელმწიფოსგანო. მოვიდნენ ბატონო, რაც გვაქვს წაიღონ და ელემენტარული პირობები დაგვიკმაყოფილონ. მოვიდა კი ვინმე და მოიკითხა ან გაარკვია ვის რა აქვს და რამდენი აქვს შემოსავალი? ჩვენ გვაქვს მონაცემები ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების, წაიღონ და გვითხრან ვის რა აქვს. დამერწმუნეთ, ამდენი ხანია აქ ვარ და დალხენილი მე აქ არავინ მინახავს. წყალი, გაზი, შუქი, ტუალეტი, გზა არ არის და ვის ესიამოვნება აქ ცხოვრება. ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ხალხზე ბატონო ხელისუფლების წარმომადგენლებო. კომფორტულ ცხოვრებას არავინ გაცვლის აქ ცხოვრებაზე და მათხოვრული დახმარების მოლოდინით აქ არ გაჩერდება“.

 

 

დაბა ხელვაჩაურის პირველი სკოლის უკან, მიმდებარე ტერიტორიაზე 200 ოჯახამდე ცხოვრობს, აქედან 80 ოჯახს უკვე დაკანონებული აქვს მის მიერ აშენებული ქვისა თუ ხის მცირე სახლები.

 

ლაშა ხალვაში, რომელიც აქ 2012 წლის სექტემბრიდან ცხოვრობს, აცხადებს: „ხელისუფლებას, გინდ ძველი იყოს, გინდ ახალი მხოლოდ არჩევნების წინ ვახსოვართ. ორივე მხარე მოდიოდა არჩევნებამდე და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გვპირდებოდა. მე ვიცი, რომ აქ უკანონოდ ვიმყოფები და ამას არც ვუარყოფ. მაგრამ ხელისუფლება ხომ უნდა იქცეოდეს კანონიერად. რატომ მოხდა წინასაარჩევნოდ აქ უკანონოდ აშენებული სახლების დაკანონება? ეს რა უკანონობა არ იყო? ან რაში სჭირდებათ ეს დარჩენილი ტერიტორია. გადახედეთ, ვისაც დაუკანონეს, იმათ ხომ ვერ შეეხებიან, ხოდა დანარჩენების დაკავებული ფართი რაღაში ჭირდებათ. მე მაგათ ადგილას ამ ფართობს დიდი მშენებლობისთვის გამოვიყენებდი. აქ ბევრი კორპუსის აშენება შეიძლება და ბევრი გაჭირვებულის დაკმაყოფილება. რომ იძახიან გავუშვებთო, სად გვიშვებენ, ღია ცის ქვეშ? აქ მყოფთაგან უმრავლესობას საკუთარი ჭერი არ აქვს. ეს ქვეყანა მხოლოდ იმათთვისაა, ვინც ხელისუფლებაშია თუ ხალხსაც ეკუთვნის რაიმე, გაგვარკვიონ და მერე გაგვიშვან. ამ კითხვაზე გაგვცენ ოღონდ პასუხი“.

 

ფატი ტოგონიძე აღნიშნულ ტერიტორიაზე 2007 წლიდან ცხოვრობს. მას 2012 წლის შემოდგომაზე საცხოვრებელი სახლი დაუკანონეს, თუმცა მას ძალიან აღელვებს იმ ოჯახების ბედი, რომელთა სახლები ჯერ არ დაუკანონებიათ. „მე თუ დაკანონებული მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს ოჯახს პრობლემები არ აქვს, წყალი არაა, გაზი არაა – როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. თუ პირობები არ იყო, რატომ დაგვიკანონეს. მაგათთვის მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს არჩევნებში, რამდენ ხმას აიღებენ. ნორმალურ პასუხსაც არ გაგცემენ, სადაც არ უნდა მიხვიდე – გინდ ჩვენთან და გინდაც თბილისში. რას სწავლობენ ამდენს საინტერესოა. უკანასკნელ თეთრებს ვაგროვებთ, რომ ვინმე თბილისში გავუშვათ და ჩვენი მდგომარეობა გავარკვევინოთ, იქ გვეუბნებიან აჭარის მთავრობა სწავლობს თქვენს საკითხს და ის მიიღებს გადაწყვეტილებასო, აჭარაში გვეუბნებიან თქვენი საბუთები თბილისშია გაგზავნილი. მე ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ ვხედავ“.

 

 

ყოფილი კავშირგაბმულობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებური შესახლების ფაქტები 2008 წლიდან დაიწყო. თუმცა, უმრავლესობა 2012 წლიდან ჩასახლდა. ფართების ნაწილი 2012 წლის ივნისში დააკანონეს, მათ ამხანაგობაც აქვთ შექმნილი, სახელად „გორდა“, რომელსაც ნარგიზ აბაშიძე ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით, „2012 წლის შემოდგომადე ამ ტერიტორიაზე 20 ოჯახი ცხოვრობდა, ბოლო თვეებში მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. დღემდე მიმდინარეობს შესახლების პროცესი და კოტეჯების მშენებლობა. აქ სხვადახვა პრობლემები აქვს ხალხს – მცირემიწიანობა, სტიქია, გაყოფილი ოჯახები. ჩვენი მხარე მრავალშვილიანობით გამოირჩევა და რა ქნას ხალხმა, სად წავიდეს ამ პატარა მიწაზე, თან შესაძლებლობაც არ აქვს ბევრს. თუ არ უნდათ ჩვენი გამრავლება, შემოიღონ კანონი და აკრძალონ შვილების გაჩენა… საინტერესო ისაა, რომ არავის უთქვამს უკანონობას ჩადიხართო ამ ხალხისთვის. ასე ვიყავით ჩვენც თავის დროზე, 2008 წელს. მაშინ გვითხრეს, უკანონობაა რასაც აკეთებთ, თქვენ აქ მაინც არავინ დაგტოვებთო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ უკანონობის დაკანონება შეიძლება. არჩევნები იყო და სჭირდებოდათ ჩვენი ხმები. ეხლაც მასე იქნება. ამდენ ოჯახს რა უნდა უყონ. ადამიანები არიან აქ და ადამიანურად მოექცნენ“.

 

სასოფლო-სამეურნეო ბარათებს ბათუმს შემოერთებული კომლებიც მიიღებენ

 

ვაუჩერების დარიგებასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს დეპუტატის ნოდარ დუმბაძის განცხადებას, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე გამოეხმაურა.


როგორც მან „ბათუმელებს“ განუცხადა, ამ ეტაპზე სასოფლო სამეურნეო ბარათი მოსახლეობის იმ ნაწილს გადაეცა, ვინც 2500 კვადრატულ მეტრზე მეტ სახნავ-სათეს მიწას ფლობს.

მისივე თქმით, მომავალი კვირიდან სამინისტრო აპირებს სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელ მოსახლეობას ინვენტარისა და სასუქების შესაძენად გადასცეს სასოფლო-სამეურნეო ბარათი, რომელიც 100 ლარით იქნება განსაზღვრული.


მინისტრის მოადგილის თქმით, ვაუჩერს მიიღებს მოსახლეობის ის ნაწილიც, ვინც ფლობს მრავალწლიან სახნავ-სათეს მიწებს. ამ კატეგორიის მფლობელებს, 2500 კვადრატულ მიწაზე  5100 ლარი გადაეცემა.

ვინ სარგებლობს ასლან აბაშიძის ქონებით?

აჭარის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამჟამად პატიმართა უფლებების დამცველია, ახალი ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ დადგინდეს ასლან აბაშიძის ქონების ადგილსამყოფელი, რომელიც თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ე.წ აჭარის რევოლუციის შემდეგ,სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გადაინაწილეს.

 

„საუბარია რვა ერთეულ ბრონირებულ ჰამერზე და მერსედესის მარკის ავტომობილებზე, ძვირადღირებულ ბიბლიოთეკაზე, იარაღების კოლექციასა და ხელოვნების ნიმუშებზე, რომელიც 2004 წლის მაისში, მიხეილმა სააკაშვილმა მაშინდელი სტადიონის ტერიტორიაზე გამოფინა და განაცხადა რომ ეს ქონება გაიყიდებოდა, შემოსავალი კი ხალხს მოხმარდებოდა“.

 

თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენაში თავადაც მონაწილეობდა, „შესაბამისად, ჩემთვის ცნობილია ამ ავტომობილების ღირებულებაც. თითოეული ჰამერების ფასი 200 ათას დოლარზე მეტია, მერსედესების კი 300 ათას დოლარზე მეტი“.

 

თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ასლან აბაშიძის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ ქონებას ამჟამინდელი თბილისის მერი გიგი უგულავა, ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და აჭარის ყოფილი მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე განაგებდნენ.

 

„დღემდე ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავტომანქანებით ყოფილი მაღალჩინოსნები და მათი ცოლები სარგებლობდნენ, სხვა ქონების ადგილსამყოფელი კი დაუდგენელია. ამიტომ, ვითხოვთ რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ ქონების ადგილსამყოფელის დადგენაზე იმუშავებს. კომისიაში კი საზოგადოების წარმომადგენლებიც უნდა შევიდნენ, რადგან არსებობს იმის საფრთხე, რომ ქონების შესახებ ინფორმაცია ისევ მიუწვდომელი დარჩეს საზოგადოებისთვის და ამით ახალი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ისარგებლონ“

დარჩება თუ არა ბათუმს შემოერთებული სოფლები ვაუჩერის გარეშე

 

ნოდარ დუმბაძე
ნოდარ დუმბაძე

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქ ბათუმის ახლადშემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებას მოითხოვს.

 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმის „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივანმა და ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ნოდარ დუმბაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიებს კვლავ აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი. შესაბამისად, გაუმართლებელია მათ ვაუჩერები რომ ვერ მიიღონ.

 

მისი თქმით, შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 11 ათასი ოჯახი იხდის სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადს, ამიტომ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მათ ვაუჩერები უნდა მიიღონ.

 

ამასთან, როგორც დუმბაძემ აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს არაერთხელ გადასცეს სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ვაუჩერი. შესაბამისად, მთავრობამ აუცილებლად უნდა განმარტოს თუ რატომ არ მისცეს მათ ვაუჩერები.

 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელები“ მოგვიანებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციას გამოაქვეყნებს.

 

 

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის სოფლები, რომლებიც ბათუმს ესაზღვრებოდა, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, 2011 წელს ბათუმს შემოუერთდა. 

ღია კარის დღე და კონცერტი მე-12 კლასელებისთვის


დღეს 2 სათზე ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ბათუმის რუსთველის უნივერსიტეტი ატარებს ღია კარის დღეს მე-12 კლასელებისთვის. ეს ამ აქციის დასკვნითი ეტაპია, მანამდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვედრებს სკოლებში მართავდნენ. „ჩვენ შევხვდით აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ყველა მე-12 კლასელს. გავაცანით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სოციალური, ასევე გაცვლითი პროგრამები და ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს“, – ამბობს ნინო დოლიძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ნინო დოლიძის ინფორმაციით, დღეს ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში მე-12 კლასელებისთვის ლუკა ზაქარიაძე, თამუნა მიქელაძე, სოფო პაპუაშვილი და სხვები, ანუ ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი და ამჟამინდელი სტუდენტები იმღერებენ.

ექიმი „ალდაგისა“ და ჯანმრთელობით მანიპულირების შესახებ

სწორედ ამის გამო სამედიცინო სფეროში შეიქმნა არანორმალური სიტუაცია. „ალდაგის“ საავადმყოფო მთლიანად ვერ უმკლავდება პაციენტებს – არ ჰყოფნის აპარატურა თუ სპეციალისტები, მთლიანად რომ შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა. მაშინ, როცა წლების განმავლობაში კარგად აღჭურვილი კლინიკები, რომლებსაც სათანადო გამოცდილებაც აქვთ, უქმად არიან.  

 

რატომ შეიქმნა ასეთი მდგომარეობა? – იმიტომ, რომ რატომღაც ყველა პენსიონერი და უმწეო დაზღვეულია „ალდაგში“. არ ჰყავთ კონკურენტი და ისე იყენებენ ბიუჯეტიდან ხალხისთვის გადარიცხულ თანხას, როგორც მათ მოესურვებათ.~

 

ამ მხრივ ჩვენ დიდი ხანია გვქონდა პრობლემა სადაზღვევო კომპანიებთან, მაგრამ ახლა რაც ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცდება! უკმაყოფილოა ხალხი, უკმაყოფილოა ჯანდაცვის სამინისტრო, უკმაყოფილოები ვართ ექიმები. კმაყოფილი მხოლოდ „ალდაგია“. 

 

არსებობს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, სადაც წერია: „პაციენტს უფლება აქვს აირჩიოს და ნებისმიერ დროს შეიცვალოს სამედიცინო მომსახურების გამწევი“. თუმცა, საქართველოს მთავრობამ ამ კანონის საწინააღმდეგო დადგენილება 2009 წელს მიიღო, სადაც წერია, რომ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია პაციენტი გააგზავნოს იმ კლინიკაში, სადაც მოესურვება. შექმნილია ისეთი სიტუაცია, როცა კანონი ირღვევა, მაგრამ ამას არაუშავს.

 

თითქმის ყველა ჩემი კოლეგა საუბრობს ამ უსამართლობაზე კულუარებში და გმობს „ალდაგის“ ამ ქმედებას. თუმცა უმეტესობა გაურბის საჯაროდ ამ თემაზე საუბარს. ისინი ფიქრობენ, რომ ნებსით თუ უნებლიედ შეიძლება აწყენინონ „ალდაგის“ საავადმყოფოში მომუშავე კოლეგებს.

 

ჩემი აზრით, იმ საავადმყოფოში მომუშავე ბევრ ჩემს კოლეგას სულაც არ სჭირდება ძალით მიყვანილი პაციენტი. მათ კვალიფიკაციაშიც არავის შეაქვს ეჭვი. დამერწმუნეთ, არსებული ვითარება მათ უმრავლესობასაც აწუხებს.

 

მაშ სად არის გამოსავალი და რა ეშველება ამ საქმეს?

 

მე ხშირად ვსაუბრობ კოლეგებთან ამ თემაზე – ერთადერთი, რაზეც არავინ დავობს, არის ის, რომ უნდა შესრულდეს ზემონახსენები კანონი. პაციენტმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ვისთან მივიდეს. ვერავინ უნდა გაბედოს წაართვას მას ეს უფლება. ეს კანონი არის მედიცინის განვითარების მთავარი სტიმული – ყველა ექიმი და კლინიკა ეცდება გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი და ამით მიიზიდოს პაციენტი.

 

თუ პაციენტს არჩევანის უფლება არ ექნა, მაშინ კლინიკასაც აღარ ექნება ხარისხის გაუმჯობესებისკენ სწრაფვა და ისევ მივიღებთ დანგრეულ, დაბალი ხარისხის სამედიცინო დაწესებულებებს. 

 

კონკურენტებს ხარისხით უნდა ეჯიბრებოდე და არა კვანტის დადებით. დღეს „ალდაგმა“ და, საერთოდ, ამ სისტემამ მთელს ქართულ მედიცინას დაუდო კვანტი. 

 

დღევანდელი მთავრობის გეგმა სახელმწიფო დაზღვევის შესახებ თითქმის მთლიანად ცვლის არსებულ პრობლემას უკეთესობისკენ. მთავარია, შესრულდეს ის, რასაც მინისტრი დავით სერგიენკო გვპირდება.

 

იმედია, საღი აზრი გაიმარჯვებს და ყველაფერი მოგვარდება.

 

ჩემს პაციენტებს კი, რომლებიც უმეტესად ასაკოვანი ადამიანები არიან და მოუთმენლად ელიან მხედველობის გასაუმჯობესებელ ოპერაციას, ვუსურვებ მოთმინებას. მართალია, მათთვის ერთ დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ არაფერი დაშავდება, თუ ისინი რამდენიმე თვეში გაიკეთებენ ოპერაციას. 

 

ვიმედოვნებ, ძალიან მალე ამ „ვიღაცას“ აღარ ექნება თქვენი ჯანმრთელობით მანიპულირების უფლება!

 

ცხენოსნობა აჭარაში

ირაკლი ნაცვალაძე (აიპ) ბათუმის საცხენოსნო კლუბის დირექტორი: შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ცხენოსნობით დავინტერესდი. ყოფილი გორკის ქუჩის ბოლოში იყო თავლა, იქ გვყავდა 5-6 ცხენი, მართალია, სამოყვარულო დონეზე, მაგრამ მაინც ვიღებდით მონაწილეობას რეგიონალური მასშტაბის შეჯიბრებებში, თუმცა მხოლოდ დოღში ვმონაწილეობდით.

როგორც ვიცი, სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის ქალაქის საკრებულოს მიმართეთ თხოვნით

 

გიორგი ძინძიბაძე და ირაკლი ნაცვალაძე

– დიახ, მე და გიორგიმ შევადგინეთ პროექტი, რომელიც საკრებულოს წარვუდგინეთ, მოგვიწონეს, დაგვიმტკიცეს და ფინანსებიც გამოგვიყვეს. პროექტში ასახული იყო სპორტის ამ სახეობის განვითარების პერსპექტივა. გარდა ამისა, ცხენოსნობა მიმზიდველია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ასევე შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაცაა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აჭარის ისტორიაში პირველად მონაწილეობა მივიღეთ შეჯიბრში, რომელიც კლასიკურ ცხენოსნობას განეკუთვნება, ეგრეთწოდებულ კონკურსს ანუ ბარიერების გადალახვას გულისხმობს. თბილისში ჩატარდა ქალაქის მერიის თასის გათამაშება და გიორგიმ, რომელიც ამასთანავე კლუბის მთავარი მწვრთნელ-ინსტრუქტორია, მერვე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ცხენოსნობა ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი და დარწმუნებული ვართ, მას აჭარაში კარგი მომავალი ექნება.

სამოყვარულო თუ პროფესიონალურ დონეზე?

  – ჩვენ ვავარჯიშებთ მოყვარულებს, ეს თავიდან, თუმცა, თუ ნიჭი აღმოაჩნდა ვინმეს, პროფესიონალებშიც გადავა…

საკმაოდ ძვირადღირებული სპორტია, თან განსაკუთრებულ მოდგომას საჭიროებს

 – კი, სპორტის ეს სახეობა მართლა ძვირადღირებული სიამოვნებაა. თუმცა, ყველანაირად ვეცდებით, ხელმისაწვდომი გავხადოთ. ჩვენ ვაპირებთ სააბონენტო სისტემის დანერგვას, 12 წლამდე ბავშვი თვეში დაახლოებით 70 ლარამდე გადაიხდის, დიდებისთვის კი აბონემენტის ღირებულება 100-150 ლარი იქნება.

ბაზა თუ გაგაჩნიათ?

 – ბაზა გვაქვს მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ სამწუხაროდ პირობები ცუდია, პირველი რიგში მანეჟის გრუნტის საკითხია მოსაწესრიგებელი, ქვიშა უნდა დაიყაროს, გრუნტი რბილი უნდა იყოს. გარდა ამისა, ინვენტარიც შესაძენი გვაქვს.

საკრებულომ ხომ დაგაფინანსათ?

 – დიახ, 2013 წლისთვის 150 ათასი ლარი გამოგვიყო, რაც პირველი ეტაპისთვის საკმარისია.

კი მაგრამ, როგორც მე ვიცი, ეს თანხა ერთი კარგი ცხენის შეძენას სჭირდება

– ასე რომ მივუდგეთ საკითხს, არის ცხენები, რომლებიც რამდენიმე მილიონი ღირს.

ამჟამად რამდენი ცხენი გყავთ?

 – ამჟამად 12 ცხენი გვყავს თავლაში, ერთი წელს შევიძინეთ ქალაქის საკრებულოს დახმარებით, 5000 დოლარი გადავიხადეთ, `ზაგრები~ ჰქვია, სწორედ მაგ ცხენით იასპარეზა გიორგიმ თბილისში და ისეთ ცხენებს გაეჯიბრა, რომელთა ფასი 20 ათას ევროზე მეტია.

გიორგი ძინძიბაძე, ბათუმის საცხენოსნო კლუბის მთავარი მწვრთნელი: 15 წელია სპორტის ამ სახეობას მივსდევ. ბავშვობაში სანქტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი. ჩვენი სახლის გვერდით საცხენოსნო კლუბი იყო, იქ დავდიოდი ხშირად და ცხენების მოვლაში ვეხმარებოდი, შემდეგ მწვრთნელმა, სამწუხაროდ მისი გვარი არ მახსოვს, ვარჯიშის საშუალება მომცა, მოგვიანებით ბელორუსში გადავედი, ექვსი თვე იქ დავყავი, საკლუბო შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი, ბოლოს კი თურქებმა შემომთავაზეს მათთან გადასვლა, რათა მათი ცხენები გამეწვრთნა.

იქაც მონაწილეობდი შეჯიბრებებში?

 – რა თქმა უნდა, თუმცა მხოლოდ კლუბის სახელით, ვინაიდან საქართველოს მოქალაქე ვარ, უფლება არ მქონდა იქაურ ჩემპიონატში ან თასის გათამაშებაზე მიმეღო მონაწილეობა, თან მაგას საგანგებო ლიცენზია სჭირდებოდა. ჩამოვედი საქართველოში, სადაც ვაპირებდი ამ ლიცენზიის აღება და სწორედ მაშინ გავიცანი ირაკლი, თურქეთში უნდა გავბრუნებულიყავი, მაგრამ აქ დარჩენა ვამჯობინე. ისე კი, თურქეთში ყოფნისას, საკლუბო დონის ტურნირებზე სხვადასხვა სინჯის 30-ზე მეტი მედალი მაქვს მოპოვებული კლასიკურ სახეობაში ანუ ბარიერების დაძლევაში.

ვარჯიშის მსურველები ბევრი გყავთ?

 – კი, ძალიან ბევრნი არიან. ჩვენც ვარჯიშის ჩვენეული სისტემა გვაქვს, ახალბედებს თანდათან ვაჩვევთ ცხენზე ჯდომას, პირველი ვარჯიშები 20 წუთი გრძელდება. შემდეგ თანდათან იმატებს, პირადად მე 40-45 წუთი ვვარჯიშობ, ამაზე მეტად ცხენის დატვირთვა არ შეიძლება.

უახლოეს მომავალში რამე ტურნირზე თუ აპირებთ გასვლას?

 – ფოთში, ერთ კერძო პირს ჰყავს ცხენები და 28 მარტს აპირებს შეჯიბრის ჩატარებას, ბათუმის სახელით ვიასპარეზებ, ეს რაც შეეხება ბარიერების გადალახვას, თუმცა, არ არის გამორიცხული, მარულაშიც (რბოლა) გავიყვანოთ ერთი ცხენი. შემდეგ თბილისში კავკასიის თასის გათამაშება ჩატარდება, სადაც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.

როგორც გავიგე, კონკურსი გაქვს გამოცხადებული კლუბის სახელის შერჩევაზე

 – სოციალური ქსელის საშუალებით გავავრცელეთ, ვინც კლუბს კარგ სახელს შეურჩევს და ჩვენ მოგვეწონება, აბონემენტით დავაჯილდოვებთ, რომლითაც უფასოდ რვა ვარჯიშის საშუალება ექნება. ამ ეტაპზე ირაკლის მიერ შერჩეული სახელი „კვიცი“ „ლიდერობს“.

ბათუმში თუ აპირებთ ტურნირის გამართვას?

 – როგორც აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ამის სათანადო ბაზა არ გაგვაჩნია, თუმცა საქმე ისე მიდის, სავარაუდოდ, ერთ ტურნირს ბათუმში ზაფხულში აუცილებლად ჩავატარებთ.

მინისტრის მოადგილეები ექიმების ხელფასების შესასწავლად სოფლებში


დღეს დილიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაემგზავრნენ. მათი მიზანი, სოფლებში იმ ექიმებისა და ექთნების რაოდენობის დადგენაა, რომლებსაც დაბალი ხელფასები აქვთ. საპარლამეტო არჩევნების შემდეგ კვირას სოფლებში დასაქმებულმა ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ აღარ აპირებენ მიზერული ხელფასის პირობებში მუშაობის გაგრძელებას.



აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში სამედიცინო პერსონალის მატერიალურ წახალისებას ითვალისწინებს. ამ მიზნით  სამინისტროს ბიუჯეტიდან 120 ათასი ლარი გამოიყო.


პროგრამის ფარგლებში 27 ექიმი, ვისაც დაბალი ანაზღაურება აქვს (ძირითადად ვიწრო სპეციალობის ექიმები), ხელფასზე დანამატის სახით 300 ლარს მიიღებენ. „დაბალ ხელფასში იგულისხმება 200-250 ლარი. მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთ დაბალ ხელფასზე თითქმის არავინ მუშაობს, რადგან, ჯერჯერობით, სამინისტროში არც ერთი განცხადება არ შემოსულა“, – ამბობს „ბათუმეელბთან“ სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე.

 

სოფლებში დასაქმებული ექიმების გადინების ფაქტი დაფიქსირდა ბათუმში ახლახან გახსნილ რეფერალურ საავადმყოფოში.

 

იგივე პროგრამის მიხედვით, ხელფასზე 120 ლარია დანამატს მიიღებენ ექთნებიც. ლელა სურმანიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში პროგრამას თანხა დაემატება.

ეპისკოპოსის ქალიშვილის ცხოვრება დიდ ბრიტანეთში

მოკლედ, ჩახვედი ლონდონში, პირველად რამ მიიქცია შენი ყურადღება?

ყველაფერი ძალიან, ძალიან მაგარი დამხვდა. სიმართლე ითქვას, ასეც ველოდი. უდიდესი სიამოვნებაა იმ ულამაზესი ქუჩების, სახლების, სკვერების დანახვა.

 როგორი იყო სკოლაში შენი პირველი დღე?

ის დღე რაღაცნაირად ცივი იყო. იყო თვალების ტრიალი და შენზე მზერის შეჩერება იმიტომ, რომ შენ ახალი ხარ. პრინციპში პირველი დღე არაფრით გამოირჩეოდა დანარჩენი სამი თვისაგან. ისინი ისეთივე ცივები დარჩნენ.

 ანუ ინგლისელები ცივები არიან?

ოო, რაც შეეხება ხალხს, ისინი ძალიან კონსერვატიულები არიან. ხშირად იცინიან, თუმცა რთულია მათთან კონტაქტში შესვლა. აქვთ ერთი უდიდესი პლუსი, ქართველებისგან განსხვავებით, უდიდეს პატივს სცემენ თავიანთ ტრადიციებსა და კულტურას.

 იქ ყოფნისას შენთვის მთავარ სირთულეს რა წარმოადგენს?

ალბათ უფრო ენის ფაქტორი და ახლობლებისგან შორს ყოფნა. კიდევ ხალხის სიცივეც.

 ოჯახისა და მეგობრების გარდა ყველაზე ძალიან რა გენატრება?

რა თქმა უნდა, ქართული საჭმელი.

 სად ცხოვრობ და რომელ სკოლაში დადიხარ?

სწავლას განვაგრძობ ქალაქ კენტში, რომელიც საათნახევრის სავალზეა ლონდონიდან. ეს არის ინტერნაციონალური სკოლა, რომელსაც აქვს თავისი საერთო საცხოვრებელი.

 აქამდე სად სწავლობდი და რატომ გადახვედი სხვა სკოლაში?

ქალაქ სიფორდის ნიულენდსის სკოლაში. ეს სკოლა ჩემთვის არ იყო შესაფერისი. მე მჭირდებოდა უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი სკოლა, რასაც ისინი “A დონეს” ეძახიან.

 აგვიწერე შენი ერთი ჩვეულებრივი დღე იქ ყოფნისას…

დილით, როცა ვიღვიძებთ, ჯერ კიდევ ღამეა. მერე ვემზადებით და 8-ზე ვსაუზმობთ. 9-ზე გვეწყება სკოლა. სკოლაში ყოველი მეორე გაკვეთილის შემდეგ 30-წუთიანი შესვენებაა. სკოლა 5 საათზე მთავრდება, შემდეგ ერთი საათი ე.წ. “ფანჯარა” გვაქვს. ამ დროს ან სპორტჰოლში მივდივართ ან ფილმს ვუყურებთ. მერე სადილი გვაქვს, თან წიგნებიც უნდა წავიღოთ, ბიბლიოთეკაში მივდივართ და ვმეცადინეობთ. 10 საათზე ვიძინებთ. შაბათ-კვირას ლონდონსა და ლონდონის შემოგარენში ვსეირნობთ.

 ალბათ იქ ცხოვრებას ბევრი დადებითიც აქვს. ხომ არ ჩამოგვითვლიდი რამდენიმე მათგანს?

რა თქმა უნდა აქვს. ჯერ მხოლოდ ის რამდენს ნიშნავს, რომ ენის ბარიერი გადავლახე. თან დამოუკიდებლად ცხოვრებასაც ეჩვევი.

გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლა.

ბათუმის სამშობიარო სახლი ანგისაში აღარ გადავა

 

სამშობიარო სახლის ტექნიკა 600 000 ლარად კომპანია „ნიუ ლაიფმა“ 2011 წელს შეიძინა, რომელსაც იმავე წელს აჭარის მთავრობამ ანგისაში არსებული „დედათა და ბავშვთა საავადმყოფო“ 1,5 მილიონ ლარად მიყიდა. ხელშეკრულების თანახმად, ახალ მფლობელს, ანგისაში 2012 წლამდე უნდა აეშენებინა 100 საწოლიანი სამშობიარო სტაციონარი, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე, ასევე ასსაწოლზე გათვლილი მრავალპროფილიანი ბავშვთა სტაციონარი. თუმცა, ბათუმის სამშობიარო სახლის მედპერსონალი ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მფლობელი ახალ საავადმყოფოში, სამშობიარო სახლის ყველა თანამშრომლის დასაქმებას ვერ უზრუნველყოფდა.

 

ბათუმის სამშობიარო სახლში 290 ადამიანი მუშაობს. თანაშრომლებმა წერილობით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსა და ხელისუფლებას, თხოვნით, შეენარჩუნებინათ ბათუმის სამშობიარო სახლი.

 

„ბათუმის სამშობიარო სახლი სააქციო საზოგადოებამ ჩამოყალიბდა, მათ ექნებათ დამოუკიდებელი მენეჯმენტი და ის ტექნიკა, რომელიც ხელისუფლებამ 600 ათას ლარად მიყიდა კომპანია „ნიუ ლაიფს“. 300 000 ლარის სანაცვლოდ ეს ტექნიკა ისევ სამშობიარო სახლს დაუბრუნდება. როგორც ვიცით ამაზე თანახმაა ინვესტორიც და სამშობიარო სახლის მედპერსონალიც“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ. მისივე ინფორმაციით, რადგან სამშობიარო სახლის შენობა სახელმწიფო საკუთრებაა და ირიცხება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, შენობას სახელმწიფო სამშობიარო სახლს არა უზურფრუქტით, არამედ იჯარით გადასცემს: „საიჯარო თანხა იქნება თვეში 20 ათასი ლარი. ამით მოიგებს სახელმწიფოც და დაკმაყოფილებული იქნება სამშობიარი სახლის მედპერსონალის მოთხოვნაც“.

 

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, კომპანია „ნიუ ლაიფის“ ვალდებულებაში აღარ იქნება ასსაწოლიანი სამშობიარო სტაციონარის ფუნქციონირება და ის მხოლოდ ბავშვთა პროფილით იმუშავებს.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება: „ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ სახელმწიფო საკუთრება, საქციო საზოგადოების საკუთრებაში გადასულიყო. ბათუმის სამშობიარო სახლი არის ბათუმის ისტორიული სახე და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია“.

რემონტი მკურნალობის პარალელურად


საავადმყოფოს დირექტორი მიშა ართმელაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. პირად საუბარში კი აღნიშნავს, რომ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, მუშაობის შეჩერება არც თუ ისე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. მისივე თქმით, პაციენტები იზოლირებულნი არიან და სარემონტო სამუშაოები თანდათანობით მიმდინარეობს, რათა პაციენტებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ „ბათუმელებთან” აღნიშნა, რომ მისთვის დეტალურად უცნობია, თუ რა ნორმები არეგულირებს სტაციონარში რემონტის პარალელურად ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მიღებას.

 

კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია აღნიშნული ფაქტი, მინისტრი აცხადებს: „ეს ნამდვილად არაადეკვატურია. ამ ყოველივეს არეგულირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, რომელიც თბილისში მდებარეობს. შესაბამისად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შედის  სამინისტროს კომპეტენციაში. ბოლო წლებში, რასაც მე ვაკვირდები, მკურნალობის პარალელურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი პაციენტთა უსაფრთხოება, სამედიცინო თვალსაზრისით მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, არ უნდა იყოს მტვერი, ხმაური, სხვა ხელშემშლელი პირობები და პაციენტები სრულიად იზოლირებულნი უნდა იყვნენ სარემონტო სამუშაოებისაგან“.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იმაზეც საუბრობს, რომ თუ კი პაციენტთა მიღება შეწყდებოდა, ამ შემთხვევაში დაზარალდებოდნენ პაციენტები: „როგორც წესი, ონკოლოგიური პაციენტების უმრავლესობას იმის თანხაც არ აქვს, რომ თბილისში წავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სხვა საავადმყოფოებსაც აქვთ ონკოლოგიური პაციენტების მიღების ლიცენზია, იქ არ კეთდება ის, რაც კეთდება ონკოლოგიურ საავადმყოფოში. აქ არის ოპერაციული მკურნალობა, სხივური თერაპია, რომლებიც სხვა დაწესებულებებს არ გააჩნიათ და პაციენტებიც მოკლებულნი იქნებოდნენ ამ სერვისებს“.

 

ბათუმში ონკოლოგიურ პაციენტებს სხვა სამედიცინო დაწესებულებაშიც შეუძლიათ მომსახურების მიღება, მაგრამ სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეული პაციენტები ამ არჩევანს მოკლებულნი არიან, სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი კლინიკა ონკოლოგიური საავადმყოფოა და ყველაზე ხშირად სწორედ აქ ამისამართებენ პაციენტს. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-ში აცხადებენ, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება გაუჭირდებათ: `მაშინ უნდა მოხდეს ამ საავადმყოფოს შეფასება, მედპერსონალის ფასების შედარება და ა.შ. გამიჭირდება ზუსტად თქმა და არ ვთვლი, რომ სწორი იქნება ჩემი მხრიდან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. მე პირადად არ ვარ ნამყოფი ონკოლოგიურ საავადმყოფოში“, – განაცხადა „ბათუმელებთან” მაია ივჩენკომ, „ალდაგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

 

ამ საკითხზე საუბრისას კრიტიკულია „წელფარე ფოუნდატიონ“-ის აღმასრულებელი მდივანი, ჯანდაცვის სპეციალისტი სიმონ გაბრიჭიძე, მისი თქმით, თუ სარემონტო სამუშაოების შედეგად პაციენტის მდგომარეობა უარესდება და გარემო მისი ჯანმრთელობისათვის საზიანო ხდება, მაშინ ირღვევა პაციენტის უფლებები.

 

„რემონტი რომ დერეფანში მიმდინარეობდეს, ეს ჰიგიენური წესრიგის დარღვევად ჩაითვლებოდა, რაც აკრძალულია. თუმცა გარე რემონტის დროსაც უარესდება პაციენტების მდგომარეობა, მაგრამ კანონში ამის შესახებ ზუსტად არაფერი წერია. ჯანდაცვისა და პაციენტის უფლებების კანონმდებლობა ძალიან ცუდადაა შედგენილი. პაციენტთა შესახებ კანონი, რომელიც მიიღეს 2000 წელს, შევარდნაძის დროს, მას შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა, როცა ყველაფერი შეიცვალა ჯანდაცვაში. აუცილებელია, რომ პაციენტის შესახებ კანონი გახდეს რეალური და არსებულ რეალობაზე მორგებული“, – ამბობს სიმონ გაბრიჭიძე.

 

ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფო გასულ წელს გაიყიდა, იგი ამჟამად კერძო საკუთრებაა.

 

 

გაძვირდება თუ არა სიგარეტი და თამბაქოს „შავი ბაზრის“ საფრთხე

„თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის მომატება უდავოდ გამოიწვევს პროდუქციის გაძვირებას“, – ამბობს ლევან აღდგომელაშვილი, თამბაქოს კომპანიის, „ოჯთ“-ის გენერალური მენეჯერი.

 

 

მოიმატებს თუ არა თამბაქოს აქციზის ფასი და გაუძვირდება თუ არა ის მომხმარებელს, ეს ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ აქტიური კამპანიის წამოწყების მიუხედავად, თამბაქოს მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებთან ამაზე საუბარი არ დაწყებულა. შესაბამისად, 2013 წელს კომპანიები თამბაქოს ფასის მატებას არ ვარაუდობენ.

 

 

„მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რომ აქციზის ფასი იზრდება“, – ამბობს, თამბაქოს კომპანიის „ჯეი თი აი კავკასუს“-ის კორპორაციული საკითხებისა და კომუნიკაციების დირექტორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

საქართველოში არსებული თამბაქოს მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების ინტერესში აქციზის ფასის ზრდა და შესაბამისად, თამბაქოს პროდუქციის გაძვირება არ შედის.

 

 

„ზოგადად, როდესაც აქციზი უსაშველოდ იზრდება და სხვა ქვეყნებთან, იგივე მეზობელ ქვეყნებთან შეუსაბამო ფასი გაქვს, არალეგალური პროდუქციის შემოტანის რისკები ჩნდება.  მაგალითად, თურქეთში, სადაც „ვინსტონის“ ფასი, დაახლოებით, 3 აშშ დოლარზე მეტია, ბევრად ძვირი, ვიდრე იგივე პროდუქცია საქართველოში (დაახლოებით, 1.20$), შესაბამისად, ფასთა სხვაობის გამო, თამბაქოს პროდუქცია ქვეყანაში გადადის. ჩვენთან, საბედნიეროდ, 2005 წლის შემდეგ „შავი ბაზრის“ პრობლემა არ დამდგარა. აქციზის ფასი ადეკვატურია. საერთოდ, როდესაც აქციზზე ვსაუბრობთ, რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. ძალიან კარგად მესმის მთავრობის პოზიცია და ამაში არაბუნებრივი არაფერია. მაგრამ ყველა მხარემ კარგად იცის, რომ აქციზის ფასის გაზრდა რისკებს იწვევს. შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტმაც დაკარგოს შემოსავალი და თამბაქოს კომპანიებმაც“, – ამბობს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

„შავი ბაზრის“ გაჩენის რისკებზე საუბრობს ლევან აღდგომელაშვილიც, თამბაქოს კომპანიის, „ოჯთ“-ის გენერალური მენეჯერი.

 

 

„ფასის მომატება გამოიწვევს მეზობელი რეგიონებიდან იაფი პროდუქციის შემოდინებას და შესაბამისად, ბიუჯეტში შენატანების შემცირებას.  გარდა ამისა, ფასის მომატება ძირითადად დააზარალებს ადგილობრივ მრეწველობას და შესაბამისად გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას აქციზის მომატებასთან დაკავშირებით – გადასახადის (რა გადასახადიც არ უნდა იყოს) გაზრდა ბუნებრივია სასიამოვნო პროცესი არ არის მოქალაქეებისათვის“, – ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

 

 

თამბაქოს „შავი ბაზარი“ საქართველოში 2004 წლამდე არსებობდა. 2004 წლამდე თამბაქოს კონტრაბანდის წილი საქართველოში, დაახლოებით, 75 პროცენტი იყო. თამბაქო  არალეგალურად, ძირითადად,  რუსეთიდან შემოდიოდა. 2004 წლიდან ეს რიცხვი 15 პროცენტამდე შემცირდა.

 

 

„როდესაც კარგი ადმინისტრირება ხდება, შავი ბაზრის რისკები აღარ არსებობს. ამ რიცხვის შემცირება სწორედ ამან გამოიწვია. აღნიშნულ რისკებზე კი, კომპანიების მხრიდან საუბარი გავლილი სკოლაა. ყოველთვის ამ საფრთხეზე საუბრობენ, როცა საქმე აქციზზე ფასის მატებას შეეხება“, – ამბობს თამბაქოს კონტროლის ალიანსის, ასევე, საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე. 

 

 

ბახტურიძის თქმით, არათუ უნდა გაძვირდეს თამბაქოს აქციზი, თამბაქოს მწარმოებლებმა, ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაში, კომპენსირების თანხებიც უნდა შეიტანონ სახელმწიფო ბიუჯეტში იმ ჯანმრთელობის ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელსაც თამბაქოს მწეველებისთვის მოაქვს.

 

 

ბახტურიძე ამბობს, რომ აქამდე აქციზის დაბალი ფასი (90 თეთრი ფილტრიანი თამბაქოს და 15 თეთრი უფილტრო თამბაქოსთვის) წინა მთავრობის ინტერესს წარმოადგენდა.

 

 

„ხელისუფლება უშუალო კავშირში იყო თამბაქოს ინდუსტრიასთან, რომელსაც სასათბურე პირობები შეუქმნა. ახლაც ექნება ადგილი ფაქტებს, რომ კომპანიებმა მოინდომონ გარიგებაში შესვლა და გადაწყვეტილების შემუშავების პროცესზე გავლენა იქონიონ. როგორ მოეკიდება ამ საქმეს ახალი ხელისუფლება, მისი პოლიტიკით გამოჩნდება“.

 

 

შეამცირებს თუ არა თამბაქოზე ფასის გაზრდა მის მოხმარებას, რასაც სამინისტრო ვარაუდობს, ცალსახა პასუხი ბახტურიძეს არ აქვს.

 

 

„თუ ფასი გაიზარდა და ამავე დროს ღერებით გაყიდვა აიკრძალა (რასაც ჯანდაცვის სტრატეგიაც ითვალისწინებს), მასზე ხელმისაწვდომობა შემცირდება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია, ვინაიდან, სწორედ ბავშვებით იმატებს თამბაქოს ინდუსტრიის ბაზარი“.

 

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც თამბაქოს ფასის ზრდაზე იქონიებს გავლენას, ეს ქვეყანაში შემოსული ნედლეულის ხარისხის კონტროლია – თუ მაღალი ხარისხის ნედლეული შემოვიდა, თამბაქოს ფასი ავტომატურად მოიმატებს.

 

 

მას შემდეგ, რაც საქართველომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიკაცია განახორციელა და ქვეყანამ საერთაშორისო ვალდებულება აიღო განეხორციელებინა კონვენციით ნაკისრი ყველა მოთხოვნა, საქართველომ ძალიან მცირედი გააკეთა.

 

 

ერთ-ერთი ვალდებულება – ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტით შემოტანილი თამბაქოს აქციზის ფასის გათანაბრება იყო და ისიც იმიტომ შესრულდა, რომ სხვა შემთხვევაში საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხავდნენ.

 

 

ამ ეტაპზე კი, კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონის სრულფასოვანი აღსრულებისათვის საჭიროა, პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში მიიღოს შესაბამისი შესწორება, რომელიც ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის პერიოდულ ზრდას. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თამბაქოს ნედლეულის, შემოტანილი და ადგილზე წარმოებული პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობის მონიტორინგი უნდა აწარმოოს. არასრულწლოვანთათვის სიგარეტის  მიყიდვის, უფასოდ დარიგების, ასევე ცალკეული ღერებით გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით კი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი პროცედურების გამარტივება და საჯარიმო სანქციების გაზრდა უნდა დაიგეგმოს. 

ცივი და ცხელი მატარებელი

„ზაფხულში ზღვაზე მივდიოდი და არც კი მიფიქრია რამე თბილი წამეღო. კუპეში ზედა სართულზე ვიწექი, როგორც კი მატარებელი დაიძრა, კონდიცირება ჩაირთო, თავიდან სასიამოვნო იყო ცივი ჰაერი ზაფხულის სიცხეში, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ვიყინებოდი. ჩასაცმელი რომ ვერაფერი ვიპოვე, გამცილებელთან გავედი და ვთხოვე გამოერთოთ ან ტემპერატურა აეწიათ, მაგრამ მითხრეს, შენ გარდა აქ სხვა კუპეებშიც არის ხალხი და რომ გავთიშოთ, ყველგან გამოირთვება, ამიტომ დილამდე მოითმინეო. ბათუმში რომ ჩავედი, კარგა ხანს ცუდად ვიყავი, შემდეგ გავიგე, რომ ფილტვების ანთება მქონდა გადატანილი“, – იხსენებს ერთ-ერთი მგზავრი ხათუნა კობახიძე.

 

იმავეს ამბობს სალომე აფხაზიშვილი, მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილო მგზავრებმა პერსონალს დახმარება სთხოვეს, პასუხად მიიღეს, რომ გაგრილების ერთიანი სისტემა ვერ გაითიშებოდა. „სიცივისგან ისეთი შოკი მივიღე, კარგა ხანი მეგონა, რომ ბათუმშიც ყინვა დამხვდებოდა, აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა. მეორე შოკი მახინჯაურის ბაქანზე მივიღე, მატარებლიდან ფეხი ჩავდგი თუ არა საშინელი სიცხე დამეტაკა. მეტი მიზეზი რად გინდა ცუდად გახდომისთვის, მაცივრიდან უცბად სათბურში რომ შეგაგდებენ. ესაა მომსახურება და ტურიზმი?“, – ამბობს სალომე აფხაზიშვილი.

 

ზამთარში კი მგზავრებს პრობლემას ზედმეტი სიცხე უქმნით. სალომე ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მთელი ღამე დერეფანში ფანჯარასთან გაატარა, რადგან კუპეში გაუსაძლისი სიცხე იყო. ხოლო ნანი კაპანაძეს სიცხისგან გული წაუვიდა და პირველივე სადგურზე მატარებელში ექიმის აყვანა გახდა საჭირო. 

 

 

თუმცა „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ერთეული შემთხვევების გარდა ვაგონებში კონდიცირების სისტემა გამართულად მუშაობს. „გამცილებლის სამომსახურეო კუპეში დამონტაჟებულია კონდიცირების სისტემის მართვის ორსაფეხურიანი ფარი, ანუ გარე ტემპერატურის გათვალისწინებით ვაგონის გაგრილების სისტემას გამცილებელი მართავს. ვაგონებში არის გათბობის კომბინირებული სისტემაც: 1. ნახშირი და წყალი 2. მაღალი ძაბვა და წყალი 3. კუპეებში დაყენებული 110 ვ მუდმივი დენის ელექტროტენები, რომლებსაც ასევე გამცილებელი მართავს“, – ამბობენ საქართველოს რკინიგზაში.

 

მათივე ინფორმაციით, დღეისათვის რკინიგზაზე მოქმედი ინსტრუქციების თანახმად სამგზავრო ვაგონში ტემპერატურული რეჟიმი მკაცრადაა განსაზღვრული და  20-დან 24 გრადუსამდე მერყეობს.

 

 

პრეტენზიების შემთხვევაში რკინიგზაში მგზავრებს „ქოლ ცენტრის“ ცხელ ხაზზე დარეკვას ურჩევენ (ნომერი 1331). მათი განცხადებით ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით რკინიგზა ოპერატიულად ახორციელებს რეაგირებას და შედეგების შესახებ მგზავრების ინფორმირებას.

 

 

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, საკლასო ვაგონებს მოდერნიზაცია 2005-2006 წლებში ჩაუტარდა. აქ ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ახალი მატარებლების გაშვებაც იგეგმება, რომელთა ინფრასტრუქტურაც  ამჟამად მოქმედ ვაგონებზე უკეთესი იქნება. „დღეისათვის ჩამოსულია და  იმყოფება თბილისის სალოკომოტივო დეპოში ერთი ოთხვაგონიანი ახალი ელექტრომატარებელი, ხოლო მიმდინარე თვის ბოლოსათვის ველოდებით კიდევ ახალ ოთხ ელექტრომატარებელს. აღნიშნულ ახალ მატარებლებზე დამონტაჟებულია კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე სისტემები“, – განაცხადეს „საქართველოს რკინიგზაში“.

 

 

რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, საქართველოს რკინიგზაში ამბობენ, რომ ფასების გადახედვა ჯერჯერობით არ იგეგმება.

 

 

თბილისი-მახინჯაური-თბილისის მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიის ვაგონებისგან შემდგარი მატარებლების ორი შემადგენლობა მოძრაობს. იმ ვაგონებში, სადაც კონდიცირების სისტემა მუშაობს, ბილეთის ფასი 14-დან 40 ლარამდე მერყეობს. 

 

 

 

 

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ბათუმის უნივერსიტეტში

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სულხან დუმბაძე ამბობს, რომ ცესკოს ხუთივე წევრის შერჩევისას კრიტერიუმად მოითხოვდნენ გამოცდილებას და აქტიურობას: „ჩვენ გვინდოდა აგვერჩია ისეთი სტუდენტები, რომლებიც არ ასოცირდებიან უკვე გამოკვეთილ კანდიდატებთან. რამდენიმე მხარდამჭერს სურდა კომისიის წევრობა, ჩვენ ეს არ დავუშვით, სტუდენტების შერჩევა მოხდა მათი აქტიურობის მიხედვით, შევარჩიეთ ის სტუდენტები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება ჰქონდათ, ორი წევრის წარდგენის უფლება კი თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატებს ექნებათ“.

 

  

სულხან დუმბაძე ამბობს, რომ საარჩევნო კომისიას უკვე დაწყებული აქვს წინასაარჩევნო სამზადისი. მისი თქმით, არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, ფაკულტეტები აირჩევენ თვითმმართველობის წევრებს, თავად წევრები კი აირჩევენ თვითმმართველობის თავმჯდომარეს. „კონსულტაციები გვქონდა, სტუდენტებსაც დავეკითხეთ, აზრი გაიყო, ნაწილს პირდაპირი არჩევნები სურდა, ნაწილი კი – პროპორციულის მომხრე იყო. ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი უნივერსიტეტი პირდაპირი წესით არჩევნების ჩასატარებლად მზად არ იყო,

 

მოსამზადებლად დიდი დრო სჭირდება, დებულებაც კი შესაცვლელი იყო, თან იმ ადამიანებსაც, რომლებსაც დღეს გამოკვეთილად სურთ თავმჯდომარეობა, სტუდენტთა დიდი ნაწილი არ იცნობს. ვინმეს თუ უნდა გახდეს თვითმმართველობის თავმჯდომარე, ის აუცილებლად უნდა გახდეს თვითმმართველობის წევრი. არჩევნების ჩატარების შემდეგ გაიცემა მანდატები, ფაკულტეტების მიხედვით, დაახლოებით 78 მანდატი, მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნება თავმჯდომარეობის არჩევნები“, – ამბობს სულხან დუმბაძე.   

 

 

ამ დრომდე სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეობის სურვილი ხუთმა სტუდენტმა – გულო თურმანიძემ, გოჩა სურგულაძემ, ლევან დუაძემ, ზურა მესხიძემ და ირაკლი კინწურაშვილმა – გამოთქვა.

 

მეწყერს გადარჩენილების ამბავი


ამ ოჯახის პრობლემები 1989 წელს წაბლანაში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაიწყო. მაშინ დატრიალებულმა ტრაგედიამ დავითაძეების ბევრი ნათესავი შეიწირა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. წაბლანიდან ჩამოსახლებული დაზარალებულები პანსიონატ „ნარინჯის“ შენობაში შეასახლეს.

 

პანსიონატში ალექსანდრე და დინარა დავითაძეები ექვს შვილთან ერთად ცხოვრობდნენ. „ვაჟები დაოჯახდნენ და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვიც აქ იზრდება“. ოჯახის პრობლემები 2006 წელს განახლდა, როდესაც ხელისუფლებამ სასტუმროების გაყიდვა და დევნილების სპეცრაზმით გამოსახლება დაიწყო. „დევნილებმა და ეკომიგრანტებმაც ხელისუფლებისგან შემოთავაზებული შვიდი ათასი დოლარი აიღეს და სასტუმრო დაცალეს, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით, რადგან ხუთი ოჯახი ვიყავით და შვიდი ათასით ვერსად წავიდოდით“, – ამბობენ დავითაძეები.  

 

 

„სპეცრაზმი და სასწრაფოს მანქანა ყოველდღე თავზე გვადგა. ბოლოს ერთი კვირის ვადა მოგვცეს შენობის დასაცლელად, მაგრამ შემდეგ აღარ გამოჩენილან. მაშინ ჩემი ქალიშვილებიც აქ ცხოვრობდნენ. წარმოიდგინეთ 18 სული ვიყავით და შვიდი ათას დოლარს გვთავაზობდნენ“, – გვეუბნება დინარა დავითაძე, რომელიც მისი ოჯახის პრობლემებზე საუბარს: – „ჩემი ერთი შვილი, რამაზი, ინვალიდია.აა სახლში ჩვილი გვყავდა, რადგან არც შუქი გვქონდა და არც სითბო, სოფელში შეშის დასამზადებლად წავიდა, მანქანა გადავარდა და ჩემი შვილი დაზიანდა“.

 

 შვილის ოპერაციისთვის დახმარება ხელისუფლებასაც სთხოვეს და ბიზნესმენებსაც: „სამი დღე ვიდექით ჯანდაცვის სამინისტროში ჭიაბერაშვილის კართან, მაგრამ დახმარება ვერ მივიღეთ. თურქეთში ვაპირებდით ოპერაციის გაკეთებას, ბოლოს გვითხრეს სამი ათასი გადავრიცხეთო, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. ნაწოლები დაუჩირქდა და ხორცები ამოაჭრეს, ჭრილობებს ყოველდღე დამუშავება სჭირდება, ახლაც ახლობელთანაა გასული, უთხრეს სახლში ამზადებს ვიღაც მალამოსო და იმის მოსატანად წავიდა. ეტლით დადის გაჭირვებით“. 

 

მაყვალა, რამაზის მეუღლე, ხელისუფლების გულგრილობაზე საუბრობს: „რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც მაშინ დევნილთა სამინისტროში მუშაობდა, გვეუბნებოდა, აიღეთ შვიდი ათასი, მაგით გაუკეთეთ ოპერაცია და შენობა დაცალეთო. ახლა ჯანდაცვის სამინისტროშია და ახლაც მაგან გვითხრა უარი სოციალურ სახლზე. ორჯერ დასჭირდა ჩემს მეუღლეს ოპერაცია,  40-გრადუსიანი სიცხით გვეწვა სახლში და სანამ გონება არ დაკარგა, საავადმყოფოში არ გადაიყვანეს“. 

 

დევნილთა გასახლების შემდეგ შენობას სახურავი გადახადეს, სახლს არც ერთი კარი და ფანჯარა აღარ შერჩა. ჩაჭრილია შუქი და წყალი. „რამდენიმე თვის წინ ცოლ-ქმარი დასახლდა ეკლესიის გვერდით და ერთი ფაზა მოგვცეს. მანამდე სანთლის შუქზე ვიყავით“, – ამბობს მაიკო შანიძე. 

 

სოციალურად დაუცველ ოჯახს სხვა უსიამოვნებაც შეემთხვა: „გახსოვთ ალბათ, 2009-ში შტორმმა თურქული გემი რომ გამორიყა. მთელი წელი ეგდო ნაპირზე, დაჟანგდა და არავინ მოიკითხა. ხალხს ჯართად გაჰქონდა. ბავშვი რომ ავად გაგვიხდა და წამლის ფული გვჭირდებოდა, ბიჭებმაც ჯართისთვის ცოტაოდენი რკინის ნაგლეჯები აიღეს გემიდან, რის გამო ჩემი ორი შვილი დააპატიმრეს და მხოლოდ 4 000-ლარიანი გირაოს შემდეგ გაათავისუფლეს. ვერ წარმოიდგენთ, რა გაჭირვებით შევაგროვეთ ეგ თანხა, ვის აღარ ვთხოვეთ“.

  

ავადაა ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რუსლანიც.  ის 2004 წელს ერაყში წავიდა და ერთი წლის შემდეგ დაავადებული დაბრუნდა: „რაღაც ვირუსი შეეყარა, ხერხემალზეც პრობლემები ჰქონდა და შემდეგ აღარ გაიწვიეს. ოთხ კილოგრამზე მეტი სიმძიმის აწევა არ შეუძლია, ისიც წამლებითაა“.

 

სანამ დავითაძეების ოჯახს მახინჯაურში მოვინახულებდით, ალექსანდრე დავითაძის ოჯახის მდგომარეობას რედაქციაში დატოვებულ წერილში გავეცანით.  „ბევრნი ხართ და ბინებს ვერ მოგცემთო გვეუნებიან, ჩემი დანაშაული ის არის, რომ ზვავში არ დავიღუპე“, – ვკითხულობთ მის წერილში. სოციალური პრობლემების გარდა ალექსანდრე დავითაძე ახლობელთა საფლავებზეც წუხს: „წაბლანის ტრაგედიის დროს, ზვავმა ჩემი მშობლების და დედმამიშვილების საფლავები გაგლიჯა. საფლავები საბაჟო ზონასთანაა და ახლა ჩვენი მიცვალებულების ძვლებზე მანქანები დადიან. რამდენჯერ ვემუდარეთ ხელისუფლებას, გზა სხვა მიმართულებით გადაეტანათ, მაგრამ არა“. 

 

„ნარინჯი“ სიმწვანეშია ჩაფლული, თუმცა ირგვლივ სიცარიელე და უიმედობაა. ეზოში ატმის და ტყემლის პატარა ხეები იკვირტებიან, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ეს აქ არავის ახარებს: „არც ბავშვებს, ისინი საშინლად მოწყენილები არიან. მხოლოდ აქედან წასვლაზე და თავიანთ ბინაზე ოცნებობენ“.

 

შემოძარცულ „ნარინჯს“ გავხედე, შენობის მეორე სართულზე, ფანქრით მიხატული წითელჯვრიანი დროშების ქვემოთ, ორ სვეტზე დიდი ასოებით აწერია – „მიშა“. შესასვლელის ორივე მხარეს კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ფლაიერებია გაკრული, წარწერით – „წარმატებისთვის“. 




ხუთი ახალი ფრაქცია – კაბინეტები, მანქანები და ხარჯები

ქალბატონო ლიანა, ვინ სად გადანაწილდა საკრებულოში?

ბათუმის საკრებულოში კიდევ ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციას `ბათუმის მომავლისათვის~, რომელშიც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე, განათლების კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე გაერთიანდნენ, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე უხელმძღვანელებს.

 

მეორე ფრაქცია – `ერთობა~  საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრებმა: ალექსანდრე ჩხარტიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ვერულიძემ და საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარემ ზაურ ფატლაძემ შექმნეს. ფრაქციას `ბათუმისათვის~ კი, რომელსაც თავმჯდომარედ არჩევამდე ირაკლი ჩავლეიშვილი ხელმძღვანელობდა, საკრებულოს წევრი `ქრისტიან-დემოკრატიული~ მოძრაობიდან ნაზიბროლა ქობულაძე უხელმძღვანელებს. ამ ფრაქციაში ირაკლი ჩავლეიშვილი და მამული ჟღენტი ერთიანდებიან.

 

`ნაციონალური მოძრაობის~ ფრაქციას, რომელშიც მანანა ილურიძე, გოდერძი ტოტოჩავა და გიორგი კავაზაშვილი რჩებიან, კვლავ ნოდარ დუმბაძე უხელმძღვანელებს.

 

ამ დროისათვის საკრებულოს მრავალრიცხოვან ფრაქციას `მაჟორიტარი~, რომელშიც იურიდიული და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარე  გენო თებიძე, საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე დავით კასრაძე, საკრებულოს წევრები: ბესო ჭოხონელიძე, გიორგი გაბაიძე, თამაზ გორგილაძე, მარიზა აბაშიძე და კობა ზაქარია შედიან, ადლიის მაჟორიტარი ნუკრი დოლიძე უხელმძღვანელებს. 

რა ხარჯებს უკავშირდება  ფრაქციების მუშაობა საკრებულოში?

ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი დარიცხვის გარეშე 1350 ლარია, რაც მთლიანობაში, ანუ ხუთი ფრაქციის თავმჯდომარის სახელფასო თანხა თვეში (დარიცხვის გარეშე) მთლიანობაში 6750 ლარია. ამას ემატება იმავე ოდენობის თანხა პრემიის სახით, კვარტალურად. თითოეული ფრაქციის თავმჯდომარისთვის ასევე, თვეში 150 ლარი, საწვავის ლიმიტის ხარჯია გათვალისწინებული, რაც ჯამში თვეში  750 ლარს შეადგენს.

 

რაც შეეხება სატელეფონო ხარჯებს?

სატელეფონო ხარჯი არა ფრაქციებისთვის, არამედ საკრებულოს თითოეული წევრისთვის თვეში 80 ლარია. დამატებით ფრაქციისთვის ამ კუთხით თანხა გამოყოფილი არ არის.  

 

როგორც ვიცი, საკრებულომ ფრაქციისთვის სამუშაო კაბინეტი და გადაადგილებისთვის ავტომანქანით მომსახურებაც უნდა უზრუნველყოს

დიახ, ამაზე უკვე ვფიქრობთ. ნაზიბროლა ქობულაძეს ადრე ჰქონდა თავისი მანქანა, მაგრამ რამდენადაც დავაზუსტეთ, აღარ აქვს. მისთვის და ალეკო ჩხარტიშვილისათვისაც გამოიძებნება მანქანა, რისი საშუალებაც საკრებულოს აქვს, ახლის ყიდვა არ დაგვჭირდება. რაც შეეხება გიორგი კირთაძეს, მას საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ შესთავაზა, რომ ესარგებლა იმავე მანქანით, რომლითაც მანამდე სარგებლობდა, მაგრამ კირთაძემ თავი შეიკავა, რადგან შეძენას გეგმავს და თავისი მანქანით ისარგებლებს, ოღონდ საკრებულოდან ექნება საწვავი. ნოდარ დუმბაძეს აქვს თავისი მანქანა. ფრაქცია `მაჟორიტარის~ თავმჯდომარეს ნუკრი დოლიძესაც აქვს თავისი მანქანა. ასე, რომ  დაგვჭირდება მხოლოდ ორი მანქანა ახალი ფრაქციების თავმჯდომარეებისათვის. თუმცა, მე ვიცი ალეკო ჩხარტიშვილის პოზიცია, ის არ ითხოვს მანქანას, ამბობს, რომ გააგრძელებს მუშაობას ისე, როგორც მუშაობდა. 

 

ფრაქციას აქვს უფლება აიყვანოს სპეციალისტი. ვარაუდობთ, რომ დაბრუნდებიან აპარატში ადამიანები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ, რომ გიორგი კირთაძესთან მეგობრობის გამო გაათავისუფლეს?

დიახ, ფრაქციას აქვს უფლება მოითხოვოს სპეციალისტი, მაგრამ ვფიქრობთ, ამ ეტაპზე სპეციალისტებს ვერ ავიყვანთ, ფრაქციებს კი შევთავაზებთ წინადადებას, რომ კომისიების სპეციალისტები დაიხმარონ, მათ ორმაგად დავტვირთავთ. 

 

დიდი ხანია აპარატის უფროსი ხართ, თქვენი დაკვირვებით, ფრაქციათა რაოდენობის გაზრდა საკრებულოს მუშაობის ხარისხზე აისახება?

კი, აისახება, საკრებულო უფრო აქტიურდება. ეს უფრო საკითხების ინიცირების წესით შემოტანაზე აისახება. მათი რაოდენობა იზრდება. ჩვენ ძირითადად ორი ფრაქცია გვქონდა, „ნაციონალური მოძრაობიდანაც“ მოდიოდა საკითხები და ხშირად ამას აკეთებდა ფრაქცია „ბათუმიც“. ბოლო პერიოდში ცოტა უფრო მეტად გააქტიურდნენ საკრებულოს წევრები, ამის მიზეზი კი ალბათ ისაა, რომ უფრო თავისუფლები არიან, ისეთი ვერტიკალი აღარ არის, როგორიც არჩევნებამდე იყო. 

დავით სერგეენკოს ვიზიტი აჭარაში

დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს 17:00 საათზე  სამინისტროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეწვევა.

პრეს-რელიზის თანახმად, „მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და მათ ინფორმაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ მიაწვდის.


სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსი თემურ ქარცივაძე და რეგიონის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელები დაესწრებიან. 


შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირები ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიდინარეობას.

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, წელს 28 თებერვალს ამოქმედდა. ახალი სადაზღვევო პაკეტი ქვეყნის მასშტაბით იმ 2 მილიონზე მეტი ადამიანის დაზღვევას ითვალისწინებს, რომლებიც დღემდე არანაირი სადაზღვევო მომსახურებით არ სარგებლობდნენ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ოჯახის ექიმთან შეუზღუდავ ვიზიტს, გადაუდებელ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას ითვალისწინებს.


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას სახელმწიფო ახორციელებს და მასში არ არის ჩართული რომელიმე სადაზღვევო კომპანია, მოქალაქეს ეძლევა საშუალება თავად აირჩიოს სამედიცინო დაწესებულება, სადაც სურს მომსახურების მიღება.        

კამათი ბათუმის მერის კანდიდატურის გარშემო

ბათუმის ამჟამინდელი მერი ჯემალ ანანიძე შვებულებიდან 2 მარტს დაბრუნდება. საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ მერის გადადგომის საკითხს მის სამსახურში დაბრუნებისთანავე დააყენებს და საკრებულოს მერის პოსტზე ზურაბ პატარიას კანდიდატურას წარუდგენს. ამჟამინდელი მერის გადასაყენებლად საკრებულოს ხმათა უმრავლესობაა საჭირო, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ საკრებულომ მერის გადადგომას მხარი არ დაუჭიროს. მაგრამ თუკი საკრებულო ჯემალ ანანიძეს გადაირჩევს, ირაკლი ჩავლეიშვილი აცხადებს, რომ საკონკურსო კომისიის შექმნას ვერ დაელოდება. „არავინ მალავს, რომ ეს არის პოლიტიკური ნება. სასწრაფო ცვლილებები რომ არ ყოფილიყო საჭირო, არც კირთაძე შეიცვლებოდა“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. 


„დისკუსიაზე, სადაც მერის დანიშვნის საკითხი განიხილებოდა, იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია ქარცივაძეც. მან თქვა, რომ ასეთი კომისიის დებულების შემუშავებას და ჩამოყალიბებას პროცედურები და დრო სჭირდება. იგივე თქვეს ჩვენმა იურისტებმა. კომისიის წევრების მიმართაც ხომ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ნდობის ფაქტორი, ხომ უნდა ჩამოყალიბდეს კომისიის წევრების შერჩევის პრინციპებზეც. ნაჩქარევი კომისია და მისი გადაწყვეტილება შეიძლება სავალალო გახდეს ქალაქისთვის. საბოლოოდ მაინც საკრებულომ უნდა აირჩიოს მერი. არც მე მომწონს მერის ასე არჩევა, მაგრამ რა ვქნა, ასეა კანონმდებლობით გათვალისწინებული“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.


საკრებულოს თავმჯდომარის ამ პოზიციას არადემოკრატიულად აფასებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მერობის ჰიპოთეტური კანდიდატებიც.


არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის“ ხელმძღვანელი ნინო გაბუნია, რომელიც ქალაქის მერის საკონკურსო წესით არჩევის ინიციატორია, ამბობს, რომ თუკი საკრებულოს მხოლოდ ერთი, თავმჯდომარის მიერ შერჩეული კანდიდატი წარედგინება, ეს არ იქნება ჯანსაღი პროცესი: „საზოგადოება ელოდება ცვლილებებს, მაგრამ არა ისეთს, როცა ერთი პარტიის სახეებს ანაცვლებს მეორე. რადგან მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ გვაძლევს, კონკურსის ფორმა დემოკრატიულობის საუკეთესო გზაა. თავმჯდომარის მიერ შეთავაზებული „უალტერნატივო“ კანდიდატის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და პროცესები ისევ არ არის ღია“. 


აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სულხან ღლონტის განცხადებით, რომელიც ბათუმის მერობის კანდიდატურად განიხილებოდა კოალიციაში, უალტერნატივო კანდიდატურები არ არსებობენ.


მისი აზრით, არსებულ სიტუაციაში კონკურსის ფორმა არის კარგი, თუმცა ის მერის არჩევნებში ამ ფორმით მონაწილეობას არ მიიღებს: „ჩემთვის მიმზიდველი არის მერის პირდაპირი წესით არჩევა, ამიტომ მე არ მივიღებ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კანდიდატურა განხილული იყო პრემიერ-მინისტრის დონეზე. არც იმის მჯერა, რომ უალტერნატივო კანდიდატები არსებობენ.


მიუხედავად იმისა, რომ არის გარდამავალი პერიოდი, მოსახლეობას სხვადასხვა ფორმით უნდა ჰკითხონ, ვის ისურვებდა ქალაქის მერად. არ არის სწორი, როცა წარმომადგენლობით ორგანოში ირჩევა ქალაქის მერი, რადგანაც ვთვლი, რომ ის ადამიანები, ვინც საკრებულოში არიან წარმოდგენილი, გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით იღებენ, რა სჭირდება პოლიტიკურ კარიერას“.  

 

სულხან ღლონტის აზრით, ის ვერ იქნება ისეთი კანდიდატის მომხრე, ვისი მისამართითაც ქალაქის 98 პროცენტს აქვს კითხვა – „ვინ არის ეს ადამიანი?“


„როცა მე ჩემი ქალაქის ბიუჯეტს და მომავალს ვანდობ ამა თუ იმ ადამიანს, მე მას უნდა ვიცნობდე. მაინტერესებს მისი წარსულიც, მისი პოლიტიკური პოზიციები ამა თუ საკითხთან დაკავშირებით.


ხშირად მესმის სიტყვა – „კარგი მეურნეა“, ამაზე უფრო იდიოტური განსაზღვრება არ მომისმენია ქალაქის მერთან დაკავშირებით, ეს ტიპიური კომუნისტური განცხადებაა“, – ამბობს სულხან ღლონტი. მისი აზრით, მერისთვის მთავარია საზოგადოების მაღალი სანდობაა და პროფესიონალიზმი. „ბათუმი მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქალაქია, ამიტომ ეს ადამიანი უნდა ერკვეოდეს ეთნიკურ და რელიგიური თავისუფლების საკითხებში  და არ მჭირდება მერი, რომელიც კარგად ერკვევა მხოლოდ კანალიზაციაში“.  

 

მერის დანიშვნის წესთან პრეტენზიები აქვს წინა მოწვევის საკრებულოს წევრს, ბაჩუკი ჩხეიძეს.


მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ისიც სახელდება, თუმცა ამბობს, რომ ამ პროცესებში მონაწილეობა საკონკურსო კომისიის შექმნის შემთხვევაშიც კი აღარ სურს: „არ მინდა, რომ ჩემი კანდიდატურა ფონად გამოიყენონ. საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ პატარაიას კანდიდატურას ღიად უჭერს მხარს, ეს არის გარკვეული ტიპის ზეწოლა. ოქტომბერში პროცესები შეიცვალა, მაგრამ „უალტერნატივოების“ პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, ხოლო იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც ახლახან დატოვეს ნაციონალური მოძრაობა, შეიძლება უხერხულობასაც წარმოადგენდეს, რომ კოალიციის შერჩეულ კანდიდატს ხელი არ აუწიონ. ამიტომ, თუ დემოკრატია უნდათ, კენჭისყრა მაინც უნდა იყოს ფარული. ამის პრეცედენტი საკრებულოში იყო და შეიძლება ახლაც ასე იყოს“.  

 

ბაჩუკი ჩხეიძე პარტია „ქართული  ოცნების“ წევრია. იგი ამბობს, რომ მისი კანდიდატურა კოალიციას არ განუხილია, თუმცა ღია პროცესე-ბის პირობებში მას საკრებულოში მხარდაჭერები ეყოლებოდა.


რაც შეეხება ამჟამინდელ ქალაქის მერს, ჯემალ ანანიძეს, მას კონკურსთან დაკავშირებული გეგმები არ აქვს. „შევხვდები ირაკლის და დავაზუსტებ, რას აპირებენ. თუმცა, რაც მალე მოშორდები ადამიანი საჯარო სამსახურს, მით უკეთესი, რადგან დამღლელია. ძნელია მთელი ქალაქის პრობლემაზე შენ აგო პასუხი, ასე რომ დიდი სიამოვნებით დავუთმობთ“, – უთხრა ჯემალ ანანიძემ „ბათუმელებს”.


მერის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღებას „ლეიბორისტული პარტიის“ რეგიონალური ხელმძღვანელი დავით რობაქიძეც გეგმავდა, თუმცა ამბობს, რომ უკვე გადაიფიქრა: „კი, ვაპირებდი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ჩავლეიშვილმა და დუმბაძემ უკვე გადაწყვიტეს, რომ მერი პატარაია იქნება. თუ შეიცვლება რამე, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას“. 


საკრებულოში არსებული ფრაქცია „მაჟორიტარის“ წევრებიც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე აკეთებენ აქ ცენტს: „ნაციონალური მოძრაობის მართვის სტილი გულისხმობდა ერთ გადაწყვეტილებაზე დამორჩილებას. ჩვენთვის, როგორც არჩეული წევრებისთვის, მიუღებელია მერის პოსტზე ერთადერთი და უალტერნატივო კანდიდატის წარდგენა. მოვუწოდებთ მმართველ კოალიციას, არასამთავრობო სექტორს და ბათუმის საზოგადოებას, გაითვალისწინონ საკითხის მნიშვნელობა“. მათი განცხადებით, ამ პროცესში საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს.

ბიზნესმენ გელა ობოლაშვილის ღია წერილი პრემიერ-მინისტრს


„2012 წლის 01 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა იმედი მომცა, რომ საბოლოოდ დასრულდება ბიზნესის შევიწროვება საქართველოში.  ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბატონო ბიძინა, თქვენ მოუწოდეთ ბიზნესის წართმევაში მონაწილე პირებს, რომ ნებაყოფლობით მოლაპარაკების გზით, სასამართლო დავის გარეშე დაებრუნებინათ  კანონიერი მფლობელებისთვის ბიზნესი, აღნიშნული განცხადების შემდეგ  მომეცა საშუალება, აქტიურად დამეწყო 2009 წელს ჩემთვის ჩამორთმეული ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის დაბრუნება. მოკლედ მოგახსენებთ ჩემს ისტორიას.

შპს ,,ბათფარმა“-ს შექმნა

 

საქართველოში ჩემი ბიზნეს-საქმიანობის დაწყება უკავშირდება შპს ,,ბათფარმას“ შექმნას, რომელიც 2006 წლის 13 ივლისს დარეგისტრირდა. ბათფარმა დააფუძნეს შპს ,,ლემისე კომპანიმ“ (67% წილი საწესდებო კაპიტალში) და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ეკატერინე გიგოლაშვილმა (33% წილი საწესდებო კაპიტალში). შპს ,,ბათფარმას“ კაპიტალი დაფუძნების მომენტში იყო 1 665 000 (ერთი მილიონ ექვსას სამოცდა ხუთი ათასი) ლარი, აქედან შპს ,,ლემისე კომპანიმ“ საწესდებო კაპიტალში შემოიტანა პრივატიზებული ბათუმის ყოფილი ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის უძრავ-მოძრავი ქონება (მის: ბათუმი, ნონეშვილის #65) ღირებულებით 1 111 000 (ერთი მილიონ ასთერთმეტი ათასი) ლარი, ხოლო ეკატერინე გიგოლაშვილმა საწესდებო კაპიტალში შეიტანა 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების მანქანა-დანადგარები. 33%-ის წილის შეძენის დროს ჩემი ვალდებულება მოიცავდა საწარმოში თანამედროვე მენეჯმენტის დანერგვას, ინოვაციური პროდუქტების შექმნას და სარეალიზაციო ბაზრების მოძიებას.

 

ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზე, რომ შპს ,,ლემისე კომპანის’’ მიერ ბათუმის ყოფილი ქიმიურ ფამაცევტული ქარხნის პრივატიზებაში მონაწილეობა საერთოდ არ მიმიღია. ყველა ინფორმაცია ამის შესახებ მე მივიღე შპს ,,ლემისე კომპნისაგან’’ პრივატიზების დასრულების შემდეგ, შპს ,,ბათფარმას’’ დაფუძნებისას. კერძოდ ის, რომ ქარხნის 1 ლარად შეძენის შემთხვევაში, უნდა დასაქმებულიყო მინიმუმ 150 კაცი და 3 წლის განმალობაში უნდა განხორციელებულიყო 3 მილიონი ლარის ინვესტიცია, მაგრამ ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის  ყველა ვალდებულება გადმოყვებოდა ახლადშექმნილ საწარმოს. იმის გამო, რომ ვალდებულებები არ გადმოყოლილიყო, ქარხანა შპს ,, ლემისე კომპანიმ’’ შეიძინა გაკოტრების რეჟიმში, აუქციონზე, მილიონ ას თერთმეტი ათას ლარად.

  

დაფუძნების დღიდან (13.07.2006წ) 2009 წლის ბოლომდე ბათფარმას დირექტორი გახლდით მე, გელა ობოლაშვილი (ყოფილი გიგოლაშვილი).

 

 სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება მედიის საშუალებებით ჩემი გვარის შეცვლასთან დაკავშირებით. გვარის შეცვლას უკვაშირებენ ჩემს საქმანობას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. განვმარტავ, რომ დაბადებიდან 2000 წლამდე მე ვიყავი მამის გვარზე ობოლაშვილზე, 2000-2010 წლებში ვიყავი დედის გვარზე გიგოლაშვილზე, ხოლო 2010 წლიდან დავიბრუნე ისევ მამის გვარი ობოლაშვილი. ჩემს მიერ გვარის შეცვლა არ უკავშირდება ბიზნეს-საქმიანობას და საფუძვლად უდევს მხოლოდ პირადი, ოჯახური ისტორია.

 

ბათფარმაში ჩემი დირექტორობის პერიოდში მოხდა საწარმოს განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, ძირითადი საქმიანობის ექსპორტზე ორიენტირება. მოგეხსენებათ, მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ქარხანაში საწყის ეტაპზე ნაცვლად 200 მუშა-პერსონალისა იძულებული გახლდით დამესაქმებინა 700-800 ადამიანი, რაც პირდაპირ აისახა მუშა-პერსონალის ხელფასების სიმცირეზე.

 

2009 წლის ბოლოსათვის, როცა აეწყო საწარმოო პროცესი, დაიწყო პროდუქციის რეალიზაცია და მთელი კოლექტივის თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოვახერხეთ ,,ბათფარმას’’ სახელზე რამდენიმე მედიკამენტის სასაქონლო ნიშნის ,,საქპატენტში’’ დარეგისტრირება (,,მექსიბათი’’, ,,ბათაბოლილი’’, ,,ანოდინ-დუალი’’ და სხვა) ჩემს წინააღმდეგ წამოიწყეს ბინძური კამპანია. კერძოდ, იმის ფონზე, რომ საწარმოში გვიანდებოდა ხელფასების გაცემა, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატებმა’’ გამივრცელეს ინფორმაცია და ისე წარმოაჩინეს, თითქოს ბათფარმაში შექმნილი იყო მძიმე პირობები მუშებისათვის. რითაც ისარგებლეს ჩემმა ყოფილმა პარტნიორებმა და იძულებული გამხადეს დაგვეთმო წილი საწესდებო კაპიტალში და დამეტოვებინა დირექტორის თანამდებობა.

 

ჩემს შემდეგ შპს ,,ბათფარმაში“ დირექტორად დაინიშნა სოსო (სიმონ) ზაზაშვილი, რომელმაც სამი წლის განმავლობაში მოახერხა, რომ ბათფარმას აქტივები სრულად და პასივები  ნაწილობრივ გადაეტანა მისი მეგობრის ავთანდილ ჯანგავაძის მიერ 2010 წლის 06 ოქტომბერს დაფუძნებულ შპს ,,ბიოპოლუს“-ზე. ზემოთაღნიშნული პრეპარატების სასაქონლო ნიშნები უკანონოდ გადაიტანეს მათ მიერვე შექმნილ შპს ,,ვეისმარკ“-ზე (რომელიც დღემდე მათ საკუთრებაშია). დღეის მდგომარეობით შპს ,,ბათფარმას“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე აქვს სამ მილიონ ლარამდე, ხოლო კერძო კრედიტორების წინაშე მილიონნახევარი ლარის დავალიანება. რაც შეეხება შპს ,,ბიოპოლუსს“, იმავე პერიოდში მან გადაიწერა შპს ,,ბათფარმას’’ ვალდებულებები სს ,,ბანკი რესპუბლიკა“-ს და სხვა კრედიტორების მიმართ დაახლოებით თხუთმეტი მილიონი  ლარის ოდენობით.

 

საპარლამენტო არჩევნების მერე მე დავიწყე აქტიური მოქმედება ჩემთვის წართმეული ბიზნესის დასაბრუნებლად. დავუკავშირდი ჩემს ყოფილ პარტნიორებს და მოვითხოვე იმავე ფასში წართმეული 33%-ის დაბრუნება. რამოდენიმედღიანი დაძაბული მოლაპარაკებების შედეგად, მივაღწიე წართმეული წილის დაბრუნებას. იმის გამო, რომ შპს ,,ბათფარმა“ იყო ფაქტობრივად გაკოტრების მდგომარეობამდე მიყვანილი, ხოლო ბათუმის ფარმაცევრული ქარხნის აქტივები იყო შპს ,,ბიოპოლუსზე“, ჩემს ინტერესს წარმოადგენდა დამებრუნებინა შპს ,,ბიოპოლუსის“ 33%.

  

ამის შემდეგ, მე ხელახლა დავუკავშირდი ჩემს ყოფილ პარტნიორებს და განვუცხადე, რომ ჩვენი ერთობლივი მომავალი პარტნიორობა, გამომდინარე წარსული მძიმე ურთიერთობებიდან, შეუძლებელი იყო და შევთავაზე საერთო ბიზნესის შეწყვეტა: ან ისინი ყიდულობდნენ ჩემს 33%-ს და  საწარმოდან 3 წლიანი გაძევების გამო მინაზღაურებდნენ ზიანს, ან ჩემთვის უნდა დაეთმოთ 67%. ლუხუმ კაპანაძემ მე გადმომიფორმა 57% იმ პირობით, რომ მე უნდა ამეღო ვალდებულება ბიოპოლუსის ყველა ვალზე, მენეჯმენტის დაბრუნების შემდეგ შემესწავლა ქარხანაში არსებული ფინანსური მდგომარეობა და წარმომედგინა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის 2-წლიანი გრაფიკი.  ამავდოროულად სოსო ზაზაშვილმა ნაცვლად ჩემზე გადმოცემისა, მოახდინა 10%-ის ავთანდილ ჯანგავაძეზე გადაფორმება (უნდა აღინიშნოს, რომ ა.ჯანგავაძეს ხსენებული 10% უკანონოდ აქვს გაფორმებული და მე ყველა კანონიერი საშუალებით ვცდილობ მათ დაბრუნებას). გამოსყიდვის პროცესში ჩემს მიერ წილებში გადახდილი თანხა სრულად შეესაბამება საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც დღეისათვის არც თუ ისე სახარბიელოა. ფაქტობრივად საწარმოს პასივები მნიშვნელოვნად აღემატება აქტივებს. ვაგრძელებ დავას ზაზაშვილთან და ჯანგავაძესთან, რომ დავიბრუნო ჩემს კოლექტივთან ერთად წლობით მუშაობის შექმნილი სასაქონლო ნიშნები (პატენტები) და მათ ავანაზღაურებინო ქარხნისათვის მიყენებული ყველა ის ზარალი, რომელიც ქარხნიდან ჩემი უკანონო ჩამოშორების პერიოდში მიადგა საწარმოს (2009 წლის ბოლოს,  ჩემს მიერ საწარმოს იძულებით დატოვების დროს საწყობები იყო სავსე ნედლეულით, დამხმარე საშუალებებითა და პრეპარატებით. 2012 წლის ბოლოს კი, საწარმოში ჩემი დაბრუნების დროს ყველაფერი დაცარიელებული დამხვდა და საწარმოო პროცესი ფაქტობრივად პარალიზებული იყო).

 

 უნდა მოგახსენოთ, რომ მე 2006 წლამდე ვმოღვაწეობდი რუსეთის ფედერაციაში და საქართველოში ჩემი ჩამოსვლა დაკავშირებული იყო მაშინდელი ჩემი პარტნიორების წინადადებასთან, რომ სათავეში ჩავუდგებოდი ბათუმში განადგურების პირას მისულ ყოფილ სახელმწიფო ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანას და ჩემი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე ავაღორძინებდი მას. რაც ვერ მოვახერხე სამწლიანი იძულებითი გაძევების გამო, ვაპირებ ახლა განვახორციელო, ავაწყო სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმო რეგიონში (მუდმივად საწარმოში დასაქმებულია  300-350 ადამიანი, ხოლო სეზონური სამუშაოების დროს – 2000 ადგილობრივი მკვიდრი  მომავალში ვაპირებ აღნიშნული რიცხვის გაორმაგებას). დიდი იმედი მაქვს ერთხელ და სამუდამოდ  საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება ბიზნესის თავისუფლება.

 

საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ჩემი სახელი მუდმივად ასოცირდებოდა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. ამბობდნენ, ვითომდა ნათესაობა გვაკავშირირებდა ერთმანეთს. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მე მასთან არანაირი ნათესაური ან სხვაგვარი მეგობრული (ამხანაგური) კავშირი არ გამაჩნია. მარტივი ლოგიგკით, ასეთი კავშირის არსებობის შემთხვევაში 2009 წელს ჩემი ქარხნიდან გაძევება და ბიზნესის ჩამორთმევა არ მოხდებოდა.

 

 იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც არჩევნების შემდეგ მიეტმასნა ახალ ხელისუფლებას და წარმოდგენა არ აქვს კონკურენციასა და თავისუფალ მეწარმეობაზე. ბოლო პერიოდში ბევრს გაუჩნდა სურვილი, რომ ხელში ჩაიგდოს ჩემი ბიზნესი. ვაცხადებ, რომ მე არ ვაპირებ ჩემი ბიზნესის ნებაყოფლობით დათმობას და ნურავინ ნუ ეცდება, ინფორმაციის დამახინჯების გზით გამაიგივოს ყოფილ ხელისუფლებასთან და აღნიშნული საბაბით მოითხოვოს ჩემგან ბიზნესის დათმობა.

 

გაზეთ ,,ბათუმელებში” ღია წერილის გამოქვეყნება და ასევე თქვენთან შეხვედრა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ნათელი მოვფინო ჩემთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას, ღიად ვითანამშრომლო როგორც საზოგადოებასთან, ისე ხელისუფლებასთან და კეთილსინდისიერად განვახორციელო ჩემი ბიზნეს საქმიანობა (ამჟამად აქტიურად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან ჭეშმარიტების დადგენის მიზნით).

 

 ბატონო ბიძინა, დიდი იმედი მაქვს თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორც თავისუფალმა მეწარმემ განვავითარო ჩემი ბიზნესი. თქვენთან შეხვედრა საშუალებას მომცემს გაგაცნოთ ჩემი ხედვა ქარხნის მომავალთან დაკავშირებით. ქარხნის, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა რეგიონში, ორიენტირებულია ექსპორტზე და დიდი პოტენციალი გააჩნია. მომავალში საწარმოს გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია არა მარტო ჩემი ბიზნესის ბედი, არამედ საწარმოში დასაქმებული იმ 350 ადამიანის პირადი კეთილდღეობა, რომლებიც საწარმოს შექმნის დღიდან ჩემს გვერდით  იდგნენ და თავიანთი დაუღალავი შრომით მიიღეს მონაწილეობა საქართველოსთვის სტრადეგიული მნიშვნელობის მქონე საწარმოს შექმნაში.

 

მე მჯერა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოში შეიქმნება ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები და სახელმწიფო იქნება  კერძო საკუთრების და კერძო ბიზნესის ხელშეუხებლობის გარანტი“.

 

პატივისცემით,

ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის შპს ,,ბიოპოლუსის“

90% წილის მფლობელი გელა ობოლაშვილი

 

ქალაქის და სოფლის სკოლა

 

რა თქმა უნდა, ქალაქში მეტი გასაქანია, მეტი შესაძლებლობაა, გაცილებით მეტი საშუალებაა გამოავლინო საკუთარი შესაძლებლობები, ვიდრე სოფელში.

 

ინფორმაციის მოძიება, თუნდაც ინტერნეტიდან, გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენთვის ყოველდღიურობას ნამდვილად არ წარმოადგენს. როცა პრეზენტაციებზეა საუბარი, ამას ხშირად უყურადღებოდ ვტოვებთ, უბრალოდ არ ვიცით. ქალაქში კი ამისათვის ბევრი წყარო მოიძებნება. როცა ტარდება რაიმე კონკურსი, ამის შესახებ ინფორმაციას ან საერთოდ ვერ ვგებულობთ, ან დაგვიანებით, ამიტომ, წესიერად მომზადებასაც კი ვერ ვასწრებთ.

 

არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივია. რა თქმა უნდა, ქალაქს თავისი პრივილეგიები აქვს, მაგრამ ისეთი დაწესებულება, როგორიც სკოლაა, ყველგან ერთნაირ პირობებში უნდა ფუნქციონირებდეს. სწავლების დონე შეიძლება მკვეთრად არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ – მოსწავლეებს, რომლებიც სოფელში ვსწავლობთ, გაცილებით მეტი მუშაობა გვჭირდება სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. მიზეზი აქაც იგივეა – შეზღუდული შესაძლებლობები. 

 

ქალაქის სკოლაში მეტის გაკეთების საშუალებაა, შესაბამისად, იქ მოთხოვნაც მეტია. სოფელში კი ასე არ არის. ამიტომაც, სოფლის სკოლაში შეიძლება კარგ მოსწავლედ ითვლებოდე, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, კონკურენცია გაუწიო შენს ქალაქელ თანატოლს.

 

ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება და იტყვის, რომ ვისაც სწავლა უნდა, იმისთვის არა აქვს მნიშვნელობა ქალაქში ისწავლის თუ სოფელში. გეთანხმებით. ეს მართლაც ასეა, თუ მართლა იბრძვი წარმატებისა და მიზნის მისაღწევად, აუცილებლად გამოგივა, სადაც არ უნდა სწავლობდე. მაგრამ, მე, როგორც ერთ ჩვეულებრივ მოსწავლეს, მაინტერესებს – რატომ? რატომ არის, რომ სოფელსა და ქალაქში მოსწავლეები, ასე ვთქვათ, არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით? რატომაა, რომ არ გვაქვს ერთნაირი შესაძლებლობები განათლების მისაღებად?

 

მე ვფიქრობ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს.

 

გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას სამინისტროში არ ადასტურებენ

გიორგი თავართქილაძე
გიორგი თავართქილაძე



სამაგიეროდ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, გიორგი თავართქილაძის გადადგომას ადასტურებენ აჭარის მთავრობაში. როგორც გაირკვა, არჩილ ხაბაძემ დღეს დააკმაყოფილა ყოფილი მინისტრის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით.

 

ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, იური ფენის განმარტებით, მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გიორგი თავართქილაძე სამსახურეობრივი მივლინებით თბილისში იმყოფება.

 

რამდენიმე თვიანი საქმიანობის შემდეგ გიორგი თავართქილაძემ საზოგადოებას თავი სკანდალური განცხადებით დაამახსოვრა, როცა მან თქვა, რომ წელს აჭარაში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

გიორგი თავართქილაძის მიერ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის თაობაზე ინფორმაცია ორი კვირის წინ გავრცელდა. თუმცა, მაშინ ყოფილი მინისტრი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა.

 

ამ ეტაპზე გიორგი თავართქილაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

 

დღემდე მედიაში არაერთხელ დაიწერა გიორგი თავართქილაძისა და არჩილ ხაბაძის ახლო ურთიერთობაზეც – არჩილ ხაბაძე ყოფილი მინისტრის მეჯვარე იყო.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ბალაძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც უკვე შეუდგა მოვალების შესრულებას.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პასუხი, ქალაქის მერს

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა, პრეზიდენტის მიერ საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით ოფიციალური ბრძანება გამოსცა, სადაც ნათქვამია:

 

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე საზაფხულო თეატრი შენდება, ქ. ბათუმის ბიუჯეტის სახსრებით და შესაბამისად მის გახსნაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. მოცემულ ეტაპზე საზაფხულო თეატრის გახსნა ვერ მოხდება, რადგანაც მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ობიექტი არ არის ექპლუატაციაში მიღებული და მისი გახსნა გაუმართლებელია ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.ზემოათნიშნულიდან გამომდინარე ადგილობივი თვითმმართველობის შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ვბრძანებ:

 

 

შეჩერებულ იქნეს ქ. ბათუმში ბულვარის ტერიტორიაზე მშენებარე საზაფხულო თეატრის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიებები;
დაევალოს ქ. ბათუმის მერიას (ჯ. ანანიძე) ბრძანების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელება მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად;

 

დაევალოს საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილებას წინამდებარე ბრძანების შინაარსის მასობრივი ინფორმაციის საშუალებისათვის დროული გაცნობა.

ბათუმის ყოფილი მერის პრეტენზიები აჭარის მთავრობას

რობერტ ჩხაიძე
რობერტ ჩხაიძე


ბათუმის ყოფილმა მერმა, ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რობერტ ჩხაიძე, აჭარის მთავრობა იმაში დაადანაშაულა, რომ გუშინ, 3 მარტს გამართულ შეხვედრაზე, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ 4 თვის ანგარიშის წარადგინა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიწვია.

ქალაქის ყოფილი მერის განცხადებით, აჭარის მთავრობას არ სურდა, რომ შეხვედრაზე მწვავე კითხვები დაესვათ, სწორედ ამიტომ შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულად არ მიიწვიეს.

როგორც რობერტ ჩხაიძემ აღნიშნა, ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია იყო, თუმცა, მისი თქმით, ეს დაპირება, ისევე როგორც სხვა დაპირებები არ სრულდება.

როგორც „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სირაბიძემ განუცხადა, გუშინდელ შეხვედრაზე რობერტ ჩხაიძის მიწვევა ტექნიკურად ვერ მოხერხდა, რადგან შეხვედრის მონაწილეებს ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ, რობერტ ჩხაიძის ტელეფონი კი გამორთული იყო.

შეგახსენებთ, გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საზოგადოებას ოთხი თვის საქმიანობის ანგარიში ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში წარუდგინა.

შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბიზნესმენები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მეცნიერები, ჯანდაცვის სფეროსა და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის გაწეული საქმიანობა, პრიორიტეტები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამები და რეგიონში განსახორციელებელი აქტივობების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

ჩემი საყვარელი წიგნების ათეული

 

X ადგილი: „ბიძია თომას ქოხი” –  პატარა ვიყავი, ეს ნაწარმოები რომ წავიკითხე. მაშინ მივხვდი, რაოდენ უსამართლოდ და არაადამიანურად ექცეოდნენ შავკანიანებს და ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა, ძალიან სევდიანი და სულში ჩამწვდომი წიგნია.

 

IX ადგილი: ერიკ-ემანუელ შმიტის „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”. ეს არის ათი წლის ბიჭუნას იმედითა და იუმორით აღსავსე წერილები, რომელსაც იგი ღმერთს თავისი სიცოცხლის ბოლო თორმეტი დღის განმავლობაში წერს.

 

VIII ადგილი: ო’ჰენრის მოთხრობები. ძალიან მიყვარს ო’ჰენრი და მისი შემოქმედება. მისი მოთხრობები იუმორით, სიყვარულით, ორიგინალობითა და მოულოდნელი ფინალით სხვებისგან გამორჩეულია, ვფიქრობ, ამიტომაცაა ეს მწერალი მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი.

 

VII ადგილი: „ანა ფრანკის დღიური” – ვფიქრობ ახსნაც არ სჭირდება იმას, თუ რატომ შევიტანე ანას შესანიშნავი დღიურები ჩემს ტოპათეულში. ანას წერის ნიჭით აღტაცებულს, ძალიან მომინდა, რომ ოდესმე მეც შემძლებოდა ასე წერა. დღიურს მეც ვაწარმოებ, თუმცა ამ ბოლო დროს რატომღაც მივივიწყე.

 

VI ადგილი: „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. აღტაცებული ვარ ამ წიგნით და კვაზიმოდოსა და ესმერალდას ტრაგიკული სიყვარულის ისტორიით.

 

V ადგილი: „ბინდის საგა“. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა თანამედროვე მწერლის ნაწარმოები წავიკითხე და ძალიან შემიყვარდა კიდეც, მგონი არც ერთ გოგოს არ გაუკვირდება ის ფაქტი, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ ედუარდზე ყურებამდე შეყვარებული დავდიოდი.

 

IV ადგილი: „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ – ალბათ დამეთანხმებით, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ დეტექტივზე სიტყვები ზედმეტია.

 

III ადგილი: მესამე ადგილი მთლიანად ნოდარ დუმბაძეს დავუთმე, იგი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალია, არც კი ვიცი რა ვთქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მწერლის შემოქმედება საუკუნეებს გაუძლებს.

 

II ადგილი: „ჯეინ ეარი”. სიტყვები არ მყოფნის ამ ნაწარმოების დასახასიათებლად. აღტაცებული ვარ ჯეინით, მისი შეუპოვრობით, მიზანდასახულობით, სიკეთით, სულიერი სილამაზით, თუმცა მე პირადად ჯეინი გარეგნულადაც არაამქვეყნიური სილამაზის მქონე გოგონად წარმომიდგება. დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ ვფიქრობ იმას, რომ ეს წიგნი მსოფლიო დონის შედევრია.

 

I ადგილი: „უთავო მხედარი“. არც კი შევყოყმანებულვარ, ისე მივანიჭე ამ წიგნს პირველი ადგილი. რომანტიკული, დეტექტიური, სათავგადასავლო, ცხოვრებისეული – ყველა ეს ჟანრი ამ წიგნშია თავმოყრილი და მკითხველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ ნაწარმოებმა ძალიან შემაყვარა თავი, შემიძლია კიდევ ბევრჯერ წავიკითხო და დარწმუნებული ვარ, არასდროს მომბეზრდება. 

 

გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლა 

ქალის ფასი



სამი შვილის დედაა. ახლა ბანკში მუშაობს, მაგრამ როცა უმუშევარი იყო, მამამთილისა და ქმრის უჩუმრად კონკურსში მონაწილეობა მიიღო. გაიმარჯვა და დაიწყო მომქანცველი 6-თვიანი გამოსაცდელი პერიოდი. თან პერიოდულად ტესტები უნდა ჩაებარებინა. მას კი მუცელი ნელ-ნელა ეზრდებოდა. ხელშეკრულების დადებამდე თავის მდგომარეობას თუ არ დამალავდა, მაშინვე გამოუშვებდნენ. ყოველკვირეულად ისეთ ტანსაცმელს თხოულობდა, მუცელი რომ არ დამჩნეოდა. ამდენი ჯაფის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ნანატრი შრომის ხელშეკრულება ხელთ ჰქონდა. მან მშობიარობის წინა დღეებიც კომპიუტერთან, სამსახურში გაატარა. დეკრეტში არ გავიდა, იმიტომ, რომ ხელფასს უფრო მეტს იღებდა, ვიდრე დეკრეტული ანაზღაურება იყო.

 

 

როგორც იქნა, დააწინაურეს. განყოფილებაში მთელი სისტემა თავიდან უნდა აეწყო.   ფიქრობდა, ხელფასი მომიტეს, ახალ კადრებს მუშაობას ვასწავლი, საქმეს გადავანაწილებ და ამოვისუნთქავ, საკუთარი თავისთვის მეტი დრო დამრჩება და პირად ცხოვრებასაც მივხედავო. იმ განყოფილების მართვის ჩაბარება მისთვის გამოწვევა იყო. მამაკაცები ყურსმიღმა ქილიკობდნენ, საქმეს თავს ვერ გაართმევსო. მათგან თავის დაცვა და „კეთილი“ რჩევების ასხლეტვა პირადი დაპირისპირების ხარჯზეც კი უწევდა. ახალი თანამშრომლების მიღებამდე მთელი განყოფილების საქმეს შეეჭიდა. ოჯახი არ ჰყავდა და შაბათ-კვირასაც არ ისვენებდა. ეგონა, ასეთი დატვირთვა დროებითი იყო. უფროსობა კი ახალი კადრებისთვის ფულის გამოყოფას აჭიანურებდა. რამდენიმე თვის გასვლის  შემდეგ დასვენების დღისა და შემცვლელის ყოლის აუცილებლობაზე ტაქტიანად საუბარი წამოიწყო. ხელმძღვანელმა კი განუცხადა: შენც კვირაობით ნუ მოხვალ სამსახურში, სახლში გააკეთე და იქიდან გამოაგზავნეო.  მისი უფროსი ქალი იყო, შვილებიც ჰყავდა.

 

დიდი მარხვა იდგა და აღსარების მსურველთა რიგი უსაშველოდ გაიზარდა. ყველას ეჩქარებოდა, ბავშვები ცმუკავდნენ და კრუსუნებდნენ, ფეხმძიმეები ძლივს სუნთქავდნენ, მოხუცები ჩამოსაჯდომს ეძებდნენ. მამაკაცები საათზე იხედებოდნენ…  შორიდან მომავალმა მოძღვარმაც შემოაბიჯა. მრევლი მაშინვე წელში გაიმართა და გაიტრუნა. მოძღვარმა ოლარი გაიკეთა და მრევლი გაანაწილა: ჯერ ფეხმძიმეები, მერე ბავშვები, მერე მათი დედები, მერე მოხუცები და კაცები. დასამორჩილებად მომზადებული მრევლიდან მოულოდნელად ქალის განწირული კივილი მოისმა:  მე რა ვქნა მამაო, მე?! არც შვილი მყავს, არც ქმარი და არც ფეხმძიმედ ვარ! კაციც არ ვარო, – ჩაიბუტბუტა ბოლოსკენ გონსმოსულმა. აღსარების მისაღებად გამზადებული მოძღვარი შეყოვნდა, თითქოს  წამიერად, მაგრამ ამ წამების სიმძიმე სახეზე დაკიდებოდა. მოღუშული ქალი თვალებით იპოვა და დააიმედა: შენ ისიც გეყოფა, სასუფეველში პირველი რომ შეხვალო. 

 

აქციები გაგრძელდება მთავრობის დაპირების მიუხედავად

მორჩაძის თქმით, მართალია არჩილ ხაბაძისგან პირობა მიიღეს, რომ მთავრობა მათი პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს, მაგრამ ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და შეეცდებიან თავიანთი პრობლემის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიაწოდონ. მისივე თქმით, მომავალ კვირას იპოთეკარები საქართველოს პარლამენტთან და მთავრობის კანცელარიასთან გამართავენ აქციას. ამასთან, როგორც მორჩაძემ დასძინა, მსგავსი დაპირებები უკვე მეხუთე თვეა გაისმის, მაგრამ კონკრეტული შედეგი დღემდე არ დამდგარა.

იპოთეკარები აქციას დღეს დილიდან აჭარის მთავრობის სახლთან მართავდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა დაბალპროცენტიანი კრედიტებია, რათა ბანკის ვალების გადახდა და საკუთარი სახლების დაბრუნება შეძლონ.

 

იპოთეკარების აქციაც მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ
იპოთეკარების აქციაც მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ

 

იპოთეკარების აქცია აჭარის მთავრობასთან

თამარ ჯაყელი

 

 

„ბატონო ბიძინა, თქვენი იმედი გვაქვს“, შეგვიჩერეთ გამოსახლებები“, დაბალროცენტიანი გრძელვადიანი კრედიტები“ – ამ ლოზუნგებით დღეს იპოთეკური სესხებისგან დაზარალებულებმა აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენელი მივიდა, რომელიც მოქალაქეებს არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას დაჰპირდა. შეხვედრა დღეს 18:00 საათზე გაიმართება.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, აქციაზე მყოფ მოქალაქეთა უმრავლესობამ, იპოთეკური სესხების გამო სახლები უკვე დაკარგა, მეორე ნაწილს კი უახლოეს პერიოდში იგივე ემუქრება.

როგორც „ბათუმელებთან“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ლილი მორჩაძემ განაცხადა, ისინი უკვე შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერს მურმან დუმბაძეს, თუმცა პასუხს დღემდე ელოდებიან.

მისივე თქმით, მათ ეჭვი აქვთ, აჭარის მთავრობა დროის გაყვანას ცდილობს და ცენტრალურ ხელისუფლებასა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სრულ ინფორმაციას არ აწვდის.

ამ ჯგუფის ძირითადი მოთხოვნა გრძელვადიანი დაბალპროცენტიანი კრედიტებია, რათა ბანკების ვალის გადახდა და საკუთარი სახლების დაბრუნება შეძლონ.

ხაბაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ქვეყნებს შორის დღემდე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს.

 

მთავრობის თავმჯდომარემ პიტერ იან ლანგერბერგს რეგიონის პრიორიტეტები, დაგეგმილი პროგრამები და აჭარაში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. თავის მხრივ ელჩმა რეგიონის პირველ პირს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეფუთვისა და ლოჯისტიკის საკითხებში დახმარება აღუთქვა.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, პიტერ იან ლანგერბერგი აჭარაში არსებული პოლიტიკურ- ეკონომიკური ვითარებით დაინტერესდა. ელჩის შეფასებით აჭარაში, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, კოჰაბიტაციის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

მთავრობის თავმჯდომარემ ნიდერლანდების ელჩს აჭარის სივრცითი მოწყობის პროექტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია , რომ გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ აჭარის სივრცითი მოწყობის სქემის პროექტი წარადგინა, რომელიც სწორედ ჰოლანდიის დიპლომატიურ უწყებასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. აჭარის მთავრობის შეფასებით, აღნიშნული პროექტი დადებითად იმოქმედებს რეგიონის განვითარებაზე, რადგან ის ავტონომიური რესპუბლიკის გრძელვადიანი განვითარების ძირითადი მიმართულებების სექტორების მიხედვით განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ინოვაციური პროექტის ღირებულება 250 ათას ევროს შეადგენს.

Exit mobile version