სიახლეები

პროფესიად ქცეული სიყვარული

25.02.2013 • 5113
პროფესიად ქცეული  სიყვარული

კინოლოგი რუსლან გოგმაჩაძე ძაღლებზე ისე საუბრობს, როგორც ადამიანებზე. თავის დროზე მისი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ კინოლოგი გამხდარიყო, თუმცა სიყვარული იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ რუსლანმა საკუთარი ინტერესი და ჰობი პროფესიად აქცია. პირველი ძაღლი – „ტეხასა“ – 13 წლის ასაკში ჰყავდა. ამბობს, რომ ძაღლების ბუნების სწავლა და მათთან საერთო ენის გამონახვა სწორედ „ტეხასათი“ დაიწყო. 

 

„ტეხასა“ იყო, ასე ვთქვათ, ჩამოწერილი ძაღლი. „პაგრანიჩნიკებმა“ ჩამოწერეს და გამოაგდეს. ჩვენთან, ბენზეში, იყო „პაგრან ზასტავა“, იქიდან გამოგდებული. ალბათ იყო გაწვრთნილი, მას მე შევუყვარდი, მე – ის. ძალიან დამჯერი იყო, მეხმარებოდა ფეხბურთში, დამალობანას  ვთამაშობდით ერთად. „ტეხასა“ იყო პირველი, რომელსაც ვითომ ვასწავლე, არადა, იმან უფრო მეტი მასწავლა“, – ამბობს რუსლანი.

 

იმის გამო, რომ საქართველოში კინოლოგიური განათლების მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია, ცოდნა საკუთარი გამოცდილებით, ძაღლების რეაქციაზე დაკვირვებით და ჯარში მსახურობის დროს შეიძინა. 

 

„სასაზღვრო ჯარში მომიწია მსახური და ვაკვირდებოდი, როგორ წვრთნიდნენ სასაზღვრო ძაღლებს. ჯარის დამთავრების შემდეგ სამხედრო ბილეთში ჩამიწერეს –  სასაზღვრო ძაღლების მწვრთნელ-ინსტრუქტორი. თუმცა ახლაც ვსწავლობ. ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია. ეს მანქანა არაა.  ეს არაა ვინდოუსი, ჩაწერო და მორჩა. ყველა ძაღლს, როგორც ადამიანს, ისე უნდა მოექცე. მისი ფსიქოლოგია აქვს, მისი ხასიათი. ახალი მოსწავლე, როგორც მე ვასწავლი მას, ისე მე მასწავლის ის“.

 

საკუთარი ძაღლი ოთხი წლის წინ მოუკვდა. მასზე, როგორც მეგობარზე, ისე ლაპარაკობს.  „იყო ჩემპიონი, მაგრამ მისი ჩემპიონობა მე არ მაინტერესებდა. მაგარი კაი ძმაკაცი იყო, ერთგული იყო. დაჟე, ცოლთან არ მყიდდა. მე დილას გავდივარ სახლიდან  და მოვდივარ ცხრა საათზე. ცოლი აჭმევდა, უვლიდა, ეფერებოდა, მაგრამ რომ მოვიდოდი და ვეტყოდი, ვინ მაწყენინა, ეგრევე უღრენდა. ეს იყო ერთგული ძმაკაცი, რომელიც საჭმლის და მოფერების გამო არ გაგყიდდა“, – ამბობს რუსლანი.

მიუხედავად იმისა, რომ მის სახლში სხვადასხვა სახეობის ძაღლები ცხოვრობენ, საკუთარი ძაღლი აღარ ჰყავს. დრო არ მაქვს იმისთვის, რომ საკუთარი ძაღლი მყავდესო, ამბობს. 

 

„იმისთვის, რომ ძაღლი გენდოს, უნდა დაუმეგობრდე. სიყვარულით უნდა ასწავლო. ჩაჭედილი ბრძანება, როგორც ძალით ნასწავლი გაკვეთილი, ისეა, მასწავლებელს რომ მოუყვები და მეორე დღეს აღარ გახსოვს. მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. ადამიანისაგან ძალიან განსხვავდება ძაღლი. პატარა ჩიხუახუამ, თუ უყვარხარ, შეიძლება შენ გამო თავი მოიკლას. სულ ვამბობ, რაც უფრო მეტად გავიგე ადამიანის ბუნება, უფრო მეტად ძაღლები მიყვარს. თუ უყვარხარ, გიქნევს კუდს, თუ სძულხარ – გკბენს, მაგრამ არასდროს დაგიქნევს კუდს და არ გიკბენს. სახეში რომ გიცინის და ზურგში დანას გარჭობს – ეგ ადამიანის თვისებაა, ძაღლი არ შვრება ასე“.

 

კინოლოგი სკეპტიკურადაა განწყობილი და ამბობს, რომ საქართველოში ცხოველებთან ერთად თანაცხოვრების კულტურა არ არის ჩამოყალიბებული. ხშირად ძაღლების მეპატრონეთა უცოდინარობა, ძაღლისთვის დისკომფორტის შემქმნელი ხდება. 

 

„ყველას უნდა დამცველი, ამბობენ, თუ ძაღლი არ იკბინება, მაშინ რა ჯანდაბად მინდა ეზოშიო. ვუხსნი – ძაღლი არაა დამცველი. ძაღლი არის მეგობარი, ძმაკაცი, ოჯახის წევრი. ეს არაა სპეცნაზელი, რომელიც  თქვენ უნდა გაადებილოთ თქვენი შიშების გამო. იყიდიან ლაბრადორს და მეუბნებიან – დაგეშე. ერთადერთი ნაკლია მაგ ძაღლის აგრესია. გამოფენაზე არ გაუშვებენ, თუ აგრესია შეამჩნიეს. სულ ვცდილობ, მეგობრად გავუზარდო. კულტურა რომ არ გვაქვს კინოლოგიური, ეს ფაქტია. ერთეულებია, რომლებმაც იციან, რისთვის აჰყავთ ძაღლი, არა დასაცავად, არამედ იმიტომ, რომ უყვართ“.

 

რუსლანს ორი შვილი ჰყავს.  ამბობს, რომ  ბავშვები ეხმარებიან და  როცა სახლში არ არის, გასაწვრთნელად მიბარებულ ძაღლებს უვლიან და სასეირნოდ  გაჰყავთ.

 

„დაბადებული არ იყვნენ, მე რომ  ძაღლები მყავდა.  პირველი დღეებიდანვე ძაღლებს ხედავდნენ, ნაირნაირს. გაიზარდნენ ძაღლებში, თევზებში – „მალენკი მაუგლი“ არიან. ძალიან მიყვარს და მომწონს ეს სიტუაცია. იმიტომ, რომ ვიცი, ადამიანს, რომელსაც ცხოველი უყვარს, მას ადამიანიც ეყვარება. იმან იცის უკვე რა არის სიყვარული“.

 

იმ ასეულობით ძაღლს შორის, რომელიც კი ოდესმე გაუწვრთნია რუსლანს, ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სიმბა. „ვიცოდი, თუ არ გავწვრთნიდი, აუცილებლად დააძინებდნენ, მოკვდებოდა. კავკასიელი ნაგაზი იყო სიმბა. როცა მივედი, არავის არ  იკარებდა. რვა თვის იყო, ძალიან აგრესიული. ჩაკეტილი იზრდებოდა, ზრდიდნენ, როგორც დამცველს. რვა თვის რომ გახდა და ვერ დაიმორჩილეს, გამომიძახეს, ასწავლეო. ამ დროს რა უნდა ასწავლო ძაღლს, რომელიც ფიქრობს, როგორ შეგჭამოს. ოთხი დღე დავდიოდი, საჭმელი, მოფერება… საათები ვიჯექი მის გალიასთან და ველაპარაკებოდი. არაფერი არ გასდიოდა…

 

ძაღლს უნდა დააინტერესოს ვინაა, რატომ ზის. არადა,  რეაქცია არ ჰქონდა. ბოლოს ვერ მოვითმინე და გავაღე ვოლიერი. მივედი მასთან, მეთქი რამდენი უნდა ვიარო, რაც იქნება, იქნება. მოკვლით არ მომკლავს. წამოდგა და შემახტა მხარში. ისე შემეშინდა… თუ ძაღლი გწირავს და საკბენად მოიწევს, მაშინ გაილახება ბოლომდე. ეს იგივეა, შვილი გაზარდო, ის ადგეს და გაგლახოს. მაშინ მე და სიმბამ ვიჩხუბეთ. როცა გავჩერდი, სიმბა იწვა და მიყურებდა. მე რომ მოვედი აზრზე, ზემოდან ვიყავი. ნელ-ნელა  ავდექი. გავუსწორე. არაფერი არ ვაჩვენე, არც შიში, არც ემოცია. იწვა, მე ვიდექი. მერე მე ვუთხარი, წამოდი ჩემთან ერთად-მეთქი. მე ავაყენე. ეს იყო გარდატეხის მომენტი. მან უბრალოდ არ იცოდა, რომ ასე ხდება. ის იყო აბლატავებული ლაწირაკი, რომელსაც გაუდის ბირჟაზე. მერე ეს ძაღლი იყო ძალიან კარგი და თბილი. გამოფენაზეც გავიყვანე. ორი გამოფენა მოვიგეთ. და ის გახდა ძაღლი, რომელიც თავისუფლად, ალიკაპის გარეშე დადიოდა ხალხში“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: